საქართველოს საკანონმდებლო მაცნესა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს საკანონმდებლო მაცნესა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა.

ურთიერთთანამშრომლობის დოკუმენტის ფარგლებში თსუ-ს მეორე კორპუსში საკანონმდებლო მაცნეს თვითმომსახურების აპარატი განთავსდა.

სიახლე სტუდენტებსა და საკანონმდებლო აქტებით დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობას მისცემს, მარტივად, უნივერსიტეტის შენობიდან გაუსვლელად, შეიძინონ საკანონმდებლო მაცნეს ბეჭდური გამოცემები.

საუნივერსიტეტო წრეებთან აქტიური თანამშრომლობა იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი ერთეულების საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებაა. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები უკვე მოქმედებს საქართველოში ავტორიზებულ არაერთ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან.

მაცნეს თვითმომსახურების აპარატის თსუ-ში განთავსება ხელს შეუწყობს იუსტიციის სამინისტროს კიდევ ერთი პრიორიტეტული მიზნის რეალიზაციას - კანონმდებლობაზე ხელმისაწვდომობის გაზრდას.

მემორანდუმს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს თავმჯდომარე ნათია ჩირიკაშვილმა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ და ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ლაშა საღინაძემ მოაწერეს ხელი.