მონოპოლიური საქმიანობისა და კონკურენციის შესახებ

  • Word
მონოპოლიური საქმიანობისა და კონკურენციის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 288
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 25/06/1996
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი პარლამენტის უწყებანი, 22-23, 30/07/1996
ძალის დაკარგვის თარიღი 11/07/2005
სარეგისტრაციო კოდი 240.100.000.05.001.000.146
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
288
25/06/1996
პარლამენტის უწყებანი, 22-23, 30/07/1996
240.100.000.05.001.000.146
მონოპოლიური საქმიანობისა და კონკურენციის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)

საქართველოს კანონი

მონოპოლიური საქმიანობისა და კონკურენციის შესახებ

კანონში გამოყენებული ძირითადი ცნებები

ეკონომიკური აგენტი (მეწარმე სუბიექტი) – იურიდიული და ფიზიკური პირი, რომელიც ეწევა სამეწარმეო საქმიანობას, განურჩევლად საწარმოს ორგანიზაციულ-სამართლებრივი და საკუთრების ფორმისა და საქმიანობის ხასიათისა;

ურთიერთშენაცვლებადი საქონელი – საქონელთა ჯგუფი, რომლებიც ფუნქციური დანიშნულების, გამოყენების, ხარისხის, ტექნიკური მახასიათებლების, ფასის ან სხვა პარამეტრების მიხედვით იმდენად მსგავსია, რომ მყიდველი ცვლის ან მზადაა შეცვალოს ერთი საქონელი მეორით მოხმარების (მათ შორის საწარმოო) პროცესში;

კონკურენცია – ბაზარზე დამოუკიდებლად მოქმედი ეკონომიკური აგენტების მეტოქეობა, რის პროცესშიც თითოეული მათგანის ქმედება ზღუდავს მეტოქის შესაძლებლობას უპირატესობა მოიპოვოს ბაზარზე და ხელს უწყობს მომხმარებლისათვის საჭირო საქონლის წარმოებას.

კონკურენცია წარმოიშობა მაშინ, როდესაც ბაზარზე ერთდროულად გამოდის რამდენიმე ეკონომიკური აგენტი, ხდება ურთიერთშენაცვლებადი საქონლის მიწოდება და მოხმარების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ფასის, ხარისხის, შეფუთვის, სერვისის და სხვა ეკონომიკური პარამეტრების გათვალისწინებით.

მონოპოლიური მდგომარეობა – ეკონომიკური აგენტის, სახელმწიფო ორგანოს განსაკუთრებული მდგომარეობა, რომელიც მას საშუალებას აძლევს არსებითი გავლენა მოახდინოს ბაზარზე და შეზღუდოს კონკურენცია;    

მონოპოლიური საქმიანობა- საქმიანობა, რომელიც ეკონომიკურ აგენტს საშუალებას აძლევს არსებითი გავლენა მოახდინოს სასაქონლო ბაზარზე ურთიერთშენაცვლებადი (კონკურენტული) საქონლის საბაზრო ფასზე და შეზღუდოს კონკურენცია;

ბუნებრივი მონოპოლია – სასაქონლო ბაზრის მდგომარეობა, როდესაც ამ ბაზარზე მოთხოვნილების დაკმაყოფილება წარმოების ტექნოლოგიური თავისებურებებიდან გამომდინარე (წარმოების მასშტაბების გაფართოების შესაბამისად პროდუქციის ერთეულზე საწარმოო დანახარჯების არსებით შემცირებასთან დაკავშირებით) უფრო ეფექტურია კონკურენციის არარსებობის პირობებში, ხოლო ბუნებრივი მონოპოლიის სუბიექტების მიერ წარმოებული საქონელი შეუძლებელია მოხმარებისას შეიცვალოს სხვა საქონლით, რის გამოც მოთხოვნილება ბუნებრივი მონოპოლიის პროდუქციაზე, სხვა სახის საქონელზე მოთხოვნილებასთან შედარებით, ნაკლებად არის დამოკიდებული ამ საქონლის ფასის ცვლილებაზე.

თავი 1

ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1

1. ამ კანონის მიზანია საქართველოში სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობისა და კონკურენტული გარემოს შექმნისათვის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ბაზის შექმნა და მომხმარებელთა უფლებების დაცვა.

2. ეს კანონი განსაზღვრავს ეკონომიკური აგენტის (მეწარმე სუბიექტის) პასუხისმგებლობას მის მიერ მონოპოლიური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების, არაკეთილსინდისიერი კონკურენციისა და სხვა ქმედებისათვის, რაც იწვევს ან შეუძლია გამოიწვიოს კონკურენციის შეზღუდვა ან აღკვეთა ბაზარზე.

3. ეკონომიკურ აგენტს ეკრძალება მონოპოლიური საქმიანობა.

4. ბუნებრივი მონოპოლიების სახელმწიფო რეესტრს ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.

    მუხლი 2

საქართველოს ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა შედგება საქართველოს კონსტიტუციის, ამ კანონისა და სხვა შესაბამისი საკანონმდებლო აქტებისაგან.

    მუხლი 3

ამ კანონის შესრულებისადმი სახელმწიფო კონტროლი ეკისრება საქართველოს ანტიმონოპოლიურ სამსახურს, ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებსა და სხვა ტერიტორიულ ერთეულებში – ამ კანონით უფლებამოსილ ანტიმონოპოლიური ორგანოს შესაბამის სამსახურებს.

თავი 2

კანონის მოქმედების სფერო

    მუხლი 4

1. ეს კანონი ვრცელდება იმ ურთიერთობებზე, რომლებიც ქვეყნის სასაქონლო (პროდუქცია, სამუშაო, მომსახურება) ბაზარზე გავლენას ახდენენ კონკურენციაზე და რომლებშიც მონაწილეობენ იურიდიული და ფიზიკური (მათ შორის უცხოელი) პირები, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოები: სამინისტროები, სხვა სახელმწიფო უწყებები და დაწესებულებები, ყველა დონის ტერიტორიული ერთეულების აღმასრულებელი და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები.

2. კანონი ვრცელდება იმ შემთხვევებზეც, როდესაც აღნიშნული პირების მიერ საქართველოს ფარგლებს გარეთ განხორციელებული ქმედება ან დადებული შეთანხმება ზღუდავს (შეიძლება შეზღუდოს) კონკურენციას ან უარყოფით გავლენას ახდენს ქვეყნის სასაქონლო ბაზარზე.

    მუხლი 5

1. ეს კანონი არ ვრცელდება საავტორო და გამომგონებელთა უფლებებთან, სავაჭრო ნიშნებთან და სამრეწველო ნიმუშებთან დაკავშირებულ ურთიერთობებზე.

2. საქართველოს პარლამენტს, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, უფლება აქვს ნაწილობრივ ან მთლიანად არ გაავრცელოს ამ კანონის მოქმედება მონოპოლიური საქმიანობის ცალკეულ სახეობებზე.

3. მხოლოდ დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი კომისიები და ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტო არიან უფლებამოსილნი, შესაბამისი კანონით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში განახორციელონ რეგულირება და კონტროლი.

საქართველოს 2002 წლის 21 ივნისის კანონი №1553 - სსმ I, №26, 30.09.2002 წ., მუხ.123

    მუხლი 6

ფასიანი ქაღალდებისა და საფინანსო მომსახურების ბაზარზე მონოპოლიურ მდგომარეობასა და არაკეთილსინდისიერ კონკურენციასთან დაკავშირებული ურთიერთობები რეგულირდება შესაბამისი საკანონმდებლო აქტებით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს ურთიერთობები გავლენას ახდენს ქვეყნის სასაქონლო ბაზარზე არსებულ კონკურენციაზე.

    მუხლი 7

თუ ანტიმონოპოლიური საქმიანობის სფეროში საქართველოს საერთაშორისო შეთანხმებით დადგენილია ამ კანონისაგან განსხვავებული წესები, უპირატესობა ენიჭება საერთაშორისო შეთანხმებით გათვალისწინებულ წესებს.

თავი 3

კონკურენციის შეზღუდვის აკრძალვა

    მუხლი 8

ეკონომიკურ აგენტს ეკრძალება დადოს ისეთი ხელშეკრულება ან მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ იწვევს კონკურენციის შეზღუდვას, კერძოდ:

ა) ზღუდავს ერთ-ერთ მხარეს ბაზრის, მომარაგების წყაროების, მიმწოდებლების ან მომხმარებლების შერჩევაში;

ბ) ხელშეკრულების მონაწილე ერთ-ერთ პარტნიორს აკისრებს ვალდებულებას, ხელშეკრულებით განსაზღვრული საქონლის სანაცვლოდ ან დამატებით მიაწოდოს, შეისყიდოს ისეთი საქონელი, რომელიც არც საგნობრივად და არც ვაჭრობის წესით დაკავშირებული არ არის ხელშეკრულებით განსაზღვრულ საქონელთან;

გ) არსებითად ზღუდავს კონკურენციას ურთიერთშენაცვლებადი საქონლის ბაზარზე.

  მუხლი 9

1. იკრძალება არაკეთილსინდისიერი კონკურენცია.

2. არაკეთილსინდისიერი კონკურენციის გამოვლინებად ითვლება:

ა) კომუნიკაციის ნებისმიერი საშუალების გამოყენებით საქონლის შესახებ ისეთი ინფორმაციის გადაცემა, რომელიც ადრესატს უქმნის არასწორ წარმოდგენას და ამით უბიძგებს გარკვეული სამეურნეო ქმედებისაკენ;

ბ) ეკონომიკური აგენტის მიერ კონტრაგენტის შეცდომაში შეყვანის მიზნით გარიგების ნამდვილი მიზნის დამალვა და ამით კონკურენციაში უპირატესობის მოპოვება;

გ) კონკურენციაში უპირატესობის მიღწევა დემპინგური ფასების გამოყენებითა და მომხმარებლის შეცდომაში შეყვანის გზით;

დ) ეკონომიკური აგენტის მიერ კონკურენტის რეპუტაციის შელახვა (საწარმოზე, პროდუქციაზე, სამეწარმეო და სავაჭრო საქმიანობაზე არასწორი შეხედულების შექმნა), მისი უსაფუძვლო კრიტიკა ან დისკრედიტირება;

ე) კონკურენტის ან მესამე პირის სასაქონლო ნიშნისა და საფირმო დასახელების თვითნებური გამოყენება;

ვ) კონკურენტის ან მესამე პირის საქონლის ფორმის, შეფუთვის ან გარეგნული გაფორმების მითვისება;

ზ) სამეცნიერო-ტექნიკური, საწარმოო, სავაჭრო ინფორმაციისა და კომერციული საიდუმლოების მიღება, მოპოვება, გამოყენება ან გავრცელება მისი მფლობელის თანხმობის გარეშე.

    მუხლი 10

სახელმწიფო ხელისუფლების ყველა ორგანოს ეკრძალება:

ა) სახაზინო საწარმოების გაერთიანება, შერწყმა, კავშირების, ასოციაციების, კონცერნების, კონსორციუმების, მართვის შუალედური რგოლების, დარგთაშორისი და რეგიონალური გაერთიანებების შექმნა, თუ ეს იწვევს კონკურენციის შესუსტებასა და შეზღუდვას;    

ბ) დააწესოს ეკონომიკური აგენტისათვის ისეთი საგადასახადო ან სხვა შეღავათები, რომლებიც კონკურენტებთან (პოტენციურ კონკურენტებთან) შედარებით უპირატესობას ანიჭებს მას და იწვევს კონკურენციის შეზღუდვას;

გ) აკრძალოს, შეაჩეროს ან სხვაგვარად შეაფერხოს ეკონომიკური აგენტის სამეწარმეო საქმიანობა და დამოუკიდებლობა, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

დ) საქონლის წარმოების ან რეალიზაციის მონოპოლიზაციის მიზნით შექმნას სახელმწიფო სტრუქტურები ან უკვე არსებულ სტრუქტურებს მიანიჭოს ისეთი უფლებამოსილება, რომელიც გამოიწვევს კონკურენციის შეზღუდვას;

ე) მიიღოს გადაწყვეტილება, თუ ეს უკანასკნელი იწვევს ეკონომიკური აგენტისათვის მონოპოლიური მდგომარეობის მინიჭებას, რაც არსებითად ზღუდავს კონკურენციასა და თავისუფალ ფასწარმოქმნას, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

თავი 4

მონოპოლიური მდგომარეობა

    მუხლი 11

1. ეკონომიკური აგენტი ჩაითვლება მონოპოლიური მდგომარეობის მქონედ, თუ მისი წილი კონკრეტულ სასაქონლო ბაზარზე პირდაპირ ან არაპირდაპირ (ფილიალის, შვილობილი საწარმოს მეშვეობით ან სხვაგვარად) აღემატება ანტიმონოპოლიური სამსახურის მიერ დადგენილ ზღვრულ ოდენობას.

2. ანტიმონოპოლიური სამსახურის მიერ დადგენილი ზღვრული ოდენობის მაჩვენებლები ძალაში შედის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში გამოქვეყნების შემდეგ.

    მუხლი 12

იკრძალება შეთანხმება (კოორდინირებული მოქმედება) არაკონკურენტ ეკონომიკურ აგენტებს შორის, რომელთაგან ერთს უკავია მონოპოლიური მდგომარეობა, ხოლო მეორე მისი მიმწოდებელი ან მომხმარებელია, რაც იწვევს ან შეუძლია გამოიწვიოს კონკურენციის არსებითი შეზღუდვა.

    მუხლი 13

მონოპოლიური მდგომარეობის მქონე ეკონომიკურ აგენტს ეკრძალება თავისი მდგომარეობის ბოროტად გამოყენება ბაზრის სხვა მონაწილეთა დისკრიმინაციის მიზნით. მონოპოლიური მდგომარეობის ბოროტად გამოყენებად ჩაითვლება ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ან შეუძლია გამოიწვიოს სხვა ეკონომიკური აგენტის თუ მომხმარებლის ინტერესების შელახვა, როგორიცაა:

ა) წარმოების შემცირება ან შეწყვეტა, საქონლის ამოღება სამეურნეო ბრუნვიდან და მისი დაგროვება დეფიციტის შექმნის ან შენარჩუნების, აგრეთვე ფასებზე ზემოქმედების მიზნით;

ბ) სხვა ეკონომიკური აგენტისათვის ბაზარზე შეღწევის ან ბაზრიდან გამოსვლის, აგრეთვე ბაზარზე უკვე მოქმედი ეკონომიკური აგენტის საქმიანობისათვის ხელშემშლელი პირობების შექმნა;

გ) ბაზრის მონაწილისათვის დისკრიმინაციული პირობების შექმნა, რომლებიც მას თავს ახვევენ შესყიდვის ან გაყიდვის შეუსაბამოდ დაბალ ან მაღალ ფასებს, აგრეთვე როდესაც ხელშეკრულების დადებას უკავშირებენ ისეთი დამატებითი პირობების შესრულებას, რომლებიც არც საგნობრივად და არც ვაჭრობის წესებით არ არის დაკავშირებული ხელშეკრულებასთან;

დ) ხელშეკრულების დადების მიზნით ნებისმიერი სახის იძულება;

ე) მონოპოლიურად მაღალი ან დაბალი ფასის დაწესება, რომელიც გარკვეული დროის განმავლობაში მნიშვნელოვნად განსხვავდება პროდუქციის წარმოებასა და რეალიზაციაზე გაწეული დანახარჯებისაგან;

ვ) საქონლის წარმოების შემცირება ან შეწყვეტა, რომელზეც არის მოთხოვნილება ან მომხმარებელთა დაკვეთა, თუკი არსებობს მისი ზარალის გარეშე წარმოების შესაძლებლობა;

ზ) დემპინგური ფასების გამოყენება;

თ) სხვა ქმედება, რომელიც იწვევს კონკურენციის შეზღუდვას ან ეკონომიკური აგენტისა თუ მომხმარებლის კანონიერი ინტერესების შელახვას.

    მუხლი 14

1. მონოპოლიური მდგომარეობის მქონე ეკონომიკური აგენტი, სხვა ეკონომიკურ აგენტთან გაერთიანებისას (შერწყმისას), ვალდებულია რეგისტრაციისათვის გაიაროს ანტიმონოპოლიური ექსპერტიზა.

2. ანტიმონოპოლიური სამსახურის მიერ უარყოფითი დასკვნის გაცემის შემთხვევაში სასამართლო უარს ეუბნება ეკონომიკურ აგენტს რეგისტრაციაში გატარებაზე.

    მუხლი 15

მონოპოლიური მდგომარეობის მქონე ეკონომიკური აგენტის მიერ ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის არაერთგზის დარღვევისას სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახური უფლებამოსილია დასვას საკითხი შესაბამისი ორგანოების წინაშე მისი იძულებითი დაყოფის (დაწვრილერთეულების) შესახებ, თუ არსებობს საწარმოს ორგანიზაციული და ტერიტორიული განცალკევების შესაძლებლობა ან განახორციელოს ანტიმონოპოლიური ზემოქმედების სხვა ღონისძიებები (ფიქსირებული ფასების, რენტაბელობის ზღვრული ნორმის დაწესება და სხვა).

თავი 5

ანტიმონოპოლიური სამსახური

    მუხლი 16

საქართველოს სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახური არის საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროსთან არსებული საჯარო სამართლის სუბიექტი. სამსახურს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც, საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.

    მუხლი 17

ანტიმონოპოლიური პოლიტიკის განხორციელების მიზნით ანტიმონოპოლიურ სამსახურთან 5 წლის ვადით იქმნება ანტიმონოპოლიური საბჭო თავმჯდომარისა და 10 წევრის შემადგენლობით. საბჭოს წევრებს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი, რომელთაგან 3 მომხმარებელთა, მეწარმეთა და სამეცნიერო ორგანიზაცია-დაწესებულებათა წარმომადგენელია.

ანტიმონოპოლიური საბჭოს თავმჯდომარე იმავდროულად არის ანტიმონოპოლიური სამსახურის უფროსი.

ანტიმონოპოლიური საბჭოს დებულებას ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.

    მუხლი 18

აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებსა და სხვა ტერიტორიულ ერთეულებში ფუნქციონირებენ შესაბამისი ანტიმონოპოლიური სამსახურები, რომელთა უფროსებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს ანტიმონოპოლიური სამსახურის უფროსი ავტონომიური რესპუბლიკებისა და სხვა ტერიტორიული ერთეულების აღმასრულებელ ორგანოებთან შეთანხმებით.

    მუხლი 19

საქართველოს ანტიმონოპოლიური სამსახურისა და მისი ტერიტორიული სამსახურების უფლებამოსილება განისაზღვრება ამ კანონით და ანტიმონოპოლიური სამსახურის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.

    მუხლი 20

ანტიმონოპოლიური სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია:

ა) კონკურენციის განვითარებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა;

ბ) მონოპოლიური საქმიანობისა და მონოპოლიური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების აღკვეთა;

გ) არაკეთილსინდისიერი კონკურენციის თავიდან აცილების მიზნით წინასწარი ღონისძიებების გატარება;

დ) მომხმარებელთა უფლებების დაცვა;

ე) სარეკლამო საქმიანობის რეგულირება;

ვ) კონკურენციის შეზღუდვისა და არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ფაქტების გამოვლენის მიზნით სასაქონლო და საფინანსო ბაზრების ანალიზი;

ზ) წარმოების, მიმოქცევის, საფინანსო სფეროების დემონოპოლიზაციის ღონისძიებათა შემუშავება;

თ) აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებისათვის განსახილველად სავალდებულო წინადადებების წარდგენა კონკურენციის განვითარებისა და მონოპოლიური საქმიანობის შეზღუდვის ღონისძიებათა გატარების მიზნით;

ი) ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების განხილვა და თავისი კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება;

კ) თანამშრომლობა აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებთან, აგრეთვე საერთაშორისო ორგანიზაციებთან ანტიმონოპოლიური კანონმდებლობისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის ორგანიზაციულ-სამართლებრივი, ტექნიკური და ფინანსური უზრუნველყოფის პრობლემების გადაჭრის მიზნით.

    მუხლი 21

1. ანტიმონოპოლიური სამსახური უფლებამოსილია:

ა) დასვას საკითხი შესაბამისი ორგანოს წინაშე იმ ორგანიზაციის საქმიანობის შეჩერების ან აკრძალვის შესახებ, რომელიც დაარღვევს ანტიმონოპოლიურ კანონმდებლობას;

ბ) მოსთხოვოს ამ კანონის დამრღვევ ორგანოს, მის მიერ მიღებული კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილების გაუქმება, წინააღმდეგ შემთხვევაში, დასვას საკითხი შესაბამისი ზემდგომი ორგანოს ან თანამდებობის პირის წინაშე;

გ) მოსთხოვოს ეკონომიკურ აგენტს ამ კანონის დარღვევით დადებული ხელშეკრულებისა და მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობა. მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში კი სარჩელით მიმართოს სასამართლოს და მონაწილეობა მიიღოს საქმის განხილვაში;

დ) ეკონომიკური აგენტისაგან მოითხოვოს ცნობები მისი სამართლებრივი, ორგანიზაციული და სამეურნეო ურთიერთობების შესახებ;

ე) გაეცნოს ეკონომიკური აგენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას;

ვ) სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე შეამოწმოს და ამოიღოს ეკონომიკური აგენტის საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია; ამოღებული დოკუმენტები არ შეიძლება გამოქვეყნდეს და გამოიყენება მხოლოდ საქმის განხილვისას.

თუ დოკუმენტების და საქმესთან დაკავშირებული ფაქტების შემოწმების შედეგად არ დადასტურდა ანტიმონოპოლიური სამსახურის ეჭვი, იგი ვალდებულია ეკონომიკურ აგენტს მთლიანად აუნაზღაუროს მიყენებული ზარალი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ოდენობით;

ზ) დააყენოს ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის დამრღვევი თანამდებობის პირის ადმინისტრაციული ან სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი;

თ) სამინისტროებს, სხვა სახელმწიფო უწყებებსა და დაწესებულებებს, ტერიტორიული ერთეულების აღმასრულებელ ორგანოებს მოსთხოვოს ნებისმიერი, მისთვის საჭირო ინფორმაცია. მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში დააყენოს ამ ორგანოების თანამდებობის პირთა დისციპლინარული ან ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის საკითხი;

ი) გადაწყვეტილების მიღების მიზნით, შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს თუ ეკონომიკური აგენტის თანამდებობის პირს, მოსთხოვოს ინფორმაცია აღძრულ საქმესთან დაკავშირებით და ამისთვის წინასწარ გაუგზავნოს წერილობითი შეტყობინება დაშვებული დარღვევისა და საკითხის მოსმენის თარიღის შესახებ;

ეკონომიკურ აგენტს ოფიციალური მოსმენის საჭიროების წარმოქმნისას უნდა მიეცეს საშუალება გაეცნოს ანტიმონოპოლიური სამსახურის მიერ მისი საქმის შესახებ შექმნილ დოკუმენტაციას.

თუ ანტიმონოპოლიური სამსახურის მიერ მოთხოვნის წარდგენიდან 30 დღეში შესაბამისი სახელმწიფო ორგანო ან ეკონომიკური აგენტი არ მიაწოდებს საჭირო ინფორმაციას აღნიშნულ სამსახურს, ეს უკანასკნელი აღძრულ საკითხთან, საქმესთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს მის ხელთ არსებული ფაქტებისა და მონაცემების საფუძველზე;

კ) განსაზღვროს სამეურნეო საქმიანობის კონკრეტულ სფეროში ეკონომიკური ანალიზის საფუძველზე სასაქონლო-საფინანსო ბაზარზე ეკონომიკური აგენტების წილის ზღვრული ოდენობა, რომელიც ძალაში შედის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში გამოქვეყნების შემდეგ.

2. ამ მუხლის „დ“ და „ე“ პუნქტებით გათვალისწინებულ უფლებამოსილებათა განხორციელება ანტიმონოპოლიურ სამსახურს შეუძლია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს დასაბუთებული ეჭვი ეკონომიკური აგენტის მიერ არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ფაქტების და მონოპოლიური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების შესახებ.

    მუხლი 22

თუ ანტიმონოპოლიური სამსახური დაადგენს ეკონომიკური აგენტის მიერ მონოპოლიური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ფაქტს, მას შეუძლია დაავალდებულოს ეკონომიკური აგენტი აღკვეთოს არსებული მდგომარეობა.

    მუხლი 23

მონოპოლიური მდგომარეობის მქონე ეკონომიკური აგენტის მიერ სხვა ეკონომიკური აგენტის (მისი შვილობილი საწარმოს) აქციების ან წილის (პაის) შეძენისას საჭიროა ანტიმონოპოლიური სამსახურის საექსპერტო დასკვნა.

    მუხლი 24

ანტიმონოპოლიური სამსახურის მიერ თავისი კომპეტენციის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა, როგორც ეკონომიკური აგენტისათვის, ისე შესაბამისი სახელმწიფო ორგანოსათვის.

    მუხლი 25

1. ანტიმონოპოლიური სამსახური ვალდებულია:

ა) დაიცვას ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა;

ბ) განიხილოს შემოსული განცხადებები და შუამდგომლობები და განმცხადებელს აცნობოს პასუხი წერილობითი ფორმით განცხადების შემოსვლის დღიდან არა უგვიანეს 30 დღისა;

გ) დაიცვას და არ გაავრცელოს სახელმწიფო და კომერციული საიდუმლოება.

საიდუმლოების შემცველი მონაცემების გამჟღავნებისას მიყენებული ზარალი ანაზღაურდება ანტიმონოპოლიური ორგანოს მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ოდენობით.

    მუხლი 26

ანტიმონოპოლიური სამსახური ვალდებულია წელიწადში ერთხელ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში წარუდგინოს საქართველოს პრეზიდენტს.

თავი 6

პასუხისმგებლობა „მონოპოლიური საქმიანობისა და კონკურენციის შესახებ“ კანონის დარღვევისათვის

    მუხლი 27

ამ კანონის დამრღვევ პირს ეკისრება მატერიალური, ადმინისტრაციული ან სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.

    მუხლი 28

ჯარიმების ოდენობა ამ კანონის დარღვევისათვის განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

თავი 7

ანტიმონოპოლიური სამსახურის გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი

    მუხლი 29

ეკონომიკურ აგენტს, აგრეთვე სხვა დაინტერესებულ პირს უფლება აქვს უშუალოდ მიმართოს სასამართლოს, შესაბამის ორგანოს ან თანამდებობის პირს ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის დარღვევის აღკვეთისა და ამის შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურების შესახებ, აგრეთვე სასამართლოში გაასაჩივროს ანტიმონოპოლიური სამსახურის გადაწყვეტილება.

    მუხლი 30

ეკონომიკურ აგენტს უნაზღაურდება სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახურის მიერ არაკანონიერი ქმედებით მიყენებული ზარალი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

 

საქართველოს პრეზიდენტი ე.შევარდნაძე

თბილისი

1996 წლის 25 ივნისი.

№288–Iს

 

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს 2000 წლის 11 მაისის კანონი №295 - სსმ I, №17, 12.05.2000 წ., მუხ.41

2. საქართველოს 2002 წლის 21 ივნისის კანონი №1553 - სსმ I, №26, 30.09.2002 წ., მუხ.123

3. ძალადაკარგულია - საქართველოს 2005 წლის 3 ივნისის კანონი №1550 - სსმ I, №31, 27.06.2005 წ., მუხ.188