„თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2159-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 21/03/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/03/2014
ძალაში შესვლის თარიღი 31/03/2014
სარეგისტრაციო კოდი 240140000.05.001.017370
2159-IIს
21/03/2014
ვებგვერდი, 27/03/2014
240140000.05.001.017370
„თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 25.05.2012, სარეგისტრაციო კოდი: 240140000.05.001.016710) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. კანონის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კონკურენციის შესახებ“.

2. პირველი მუხლის:

ა) მე­-3 და მე­-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ეს კანონი ვრცელდება:

ა) ეკონომიკური აგენტის, სახელმწიფო ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ან/და მისი თანამდებობის პირის ქმედებასა და გადაწყვეტილებაზე, რომლებიც, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს ან/და შეუძლია გამოიწვიოს ქვეყნის სასაქონლო და მომსახურების ბაზრებზე თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შეზღუდვა, დაუშვებლობა და აღკვეთა;

ბ) ქვეყნის საზღვრების გარეთ განხორციელებულ ქმედებაზე, რომელიც გავლენას ახდენს ქვეყნის შიდა ბაზარზე არსებულ კონკურენციაზე და ზღუდავს მას ან/და არსებითად აუარესებს კონკურენტულ გარემოს.

4. ეს კანონი არ ვრცელდება:

ა) შრომით ურთიერთობებზე;

ბ) ინტელექტუალური საკუთრების უფლებებთან დაკავშირებულ ურთიერთობებზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს უფლებები კონკურენციის შეზღუდვისა და აღკვეთისათვის გამოიყენება;

გ) „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ურთიერთობებზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს ურთიერთობები გავლენას ახდენს ქვეყნის სასაქონლო ბაზარზე არსებულ კონკურენციაზე ან/და ზღუდავს მას ან შეუძლია გამოიწვიოს მისი არსებითი შეზღუდვა.“;

ბ) მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

3. მე­-3 მუხლის:

ა) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) შესაბამისი ბაზარი – საქონლის, ურთიერთჩანაცვლებადი საქონლის ან მომსახურების მიმოქცევის სფერო გარკვეულ ტერიტორიაზე, რომლის საზღვრებიც დგინდება საქონლის/მომსახურების შეძენის ეკონომიკური შესაძლებლობებისა და მიზანშეწონილობის გათვალისწინებით და შეიძლება მოიცავდეს საქართველოს მთელ ტერიტორიას, საქართველოს ტერიტორიის ნაწილს ან საქართველოს მთელ ტერიტორიას ან მის ნაწილს სხვა ქვეყნის ტერიტორიასთან ან მის ნაწილთან ერთად;“;

ბ) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) დომინირებული მდგომარეობა – შესაბამის ბაზარზე მოქმედი ეკონომიკური აგენტის/აგენტების ისეთი მდგომარეობა, რომელიც მას/მათ საშუალებას აძლევს, იმოქმედოს/იმოქმედონ კონკურენტი ეკონომიკური აგენტების, მიმწოდებლების, კლიენტებისა და საბოლოო მომხმარებლებისაგან დამოუკიდებლად, არსებითი გავლენა მოახდინოს/მოახდინონ ბაზარზე საქონლის მიმოქცევის საერთო პირობებზე და შეზღუდოს/შეზღუდონ კონკურენცია. თუ სხვა მტკიცებულებები არ არსებობს, ეკონომიკური აგენტი/აგენტები არ ჩაითვლება/ჩაითვლებიან დომინირებული მდგომარეობის მქონედ, თუ შესაბამის ბაზარზე მისი/მათი წილი 40 პროცენტს არ აღემატება. ორი ან მეტი ეკონომიკური აგენტიდან თითოეული ჩაითვლება დომინირებული მდგომარეობის მქონედ, თუ ის არ განიცდის მნიშვნელოვან კონკურენციას სხვა ეკონომიკური აგენტებისაგან მათი ნედლეულის წყაროებსა და გასაღების ბაზრებზე შეზღუდული ხელმისაწვდომობის, ბაზარზე შესვლის ბარიერებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით და იმავდროულად:

ი.ა) არაუმეტეს 3 ეკონომიკური აგენტის ერთობლივი წილი 50 პროცენტს აღემატება, ამასთანავე, თითოეულის საბაზრო წილი არანაკლებ 15 პროცენტია;

ი.ბ) არაუმეტეს 5 ყველაზე მნიშვნელოვანი წილის მქონე ეკონომიკური აგენტის ერთობლივი წილი 80 პროცენტს აღემატება, ამასთანავე, თითოეულის საბაზრო წილი არანაკლებ 15 პროცენტია;“;

გ) „კ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

დ) „ლ“–„ს“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) ურთიერთდამოკიდებული პირები – პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი ან/და მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე. ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან:

ლ.ა) პირი, რომელიც არის ერთი ეკონომიკური აგენტის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ან ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი და იმავდროულად სხვა ეკონომიკური აგენტის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ან ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირია, რაც მას საშუალებას აძლევს, განახორციელოს ამ ეკონომიკური აგენტის პირდაპირი ან არაპირდაპირი კონტროლი;

ლ.ბ) პირი, რომელიც არის ერთი ეკონომიკური აგენტის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი და იმავდროულად ფლობს სხვა ეკონომიკური აგენტის ხმის უფლების მქონე აქციების/წილის ისეთ ოდენობას, რომელიც მას საშუალებას აძლევს, განახორციელოს ამ ეკონომიკური აგენტის პირდაპირი ან არაპირდაპირი კონტროლი;

ლ.გ) პირი, რომელიც ფლობს ერთი ეკონომიკური აგენტის მნიშვნელოვან ხმის უფლებას და იმავდროულად – სხვა ეკონომიკური აგენტის მნიშვნელოვან ხმის უფლებას, რაც მას საშუალებას აძლევს, განახორციელოს ამ ეკონომიკური აგენტის პირდაპირი ან არაპირდაპირი კონტროლი;

ლ.დ) საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული ურთიერთდამოკიდებული პირები;

მ) კონტროლი – ისეთი მდგომარეობა, როდესაც პირს შეუძლია პირდაპირ ან არაპირდაპირ არსებითი გავლენა მოახდინოს ეკონომიკური აგენტის გადაწყვეტილებაზე და იმავდროულად:

მ.ა) პირი ფლობს ეკონომიკური აგენტის ხმის უფლების მქონე აქციების/წილის ისეთ ოდენობას, რომელიც მას საშუალებას აძლევს, დანიშნოს მმართველი ორგანოს წევრთა უმრავლესობა;

მ.ბ) პირი ფლობს საოპერაციო აქტივებს მთლიანად ან მათ მნიშვნელოვან ნაწილს;

მ.გ) პირი არის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ან ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი;

მ.დ) პირს აქვს მნიშვნელოვანი ხმის უფლება გარიგებებზე;

ნ) განმცხადებელი – პირი, რომელსაც აქვს ინფორმაცია ან მტკიცებულება, რომ არსებითად ირღვევა კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონმდებლობა, თუმცა ამის შედეგად მას უშუალოდ არ ადგება ქონებრივი ზიანი, რაზედაც შესაბამისი განცხადებით მიმართავს კონკურენციის სააგენტოს;

ო) მომჩივანი – ეკონომიკური აგენტი, რომელსაც მიაჩნია, რომ კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის შედეგად მას უშუალოდ ადგება ქონებრივი ზიანი, რაზედაც შესაბამისი საჩივრით მიმართავს კონკურენციის სააგენტოს;

პ) ჰორიზონტალური შეთანხმება – ფაქტობრივ ან პოტენციურ კონკურენტებს შორის შეთანხმება;

ჟ) ვერტიკალური შეთანხმება – წარმოებისა და დისტრიბუციის სხვადასხვა საფეხურზე მოქმედ ორ ან მეტ ეკონომიკურ აგენტს შორის შეთანხმება, რომელიც ეხება იმ პირობებს, რომელთა მიხედვითაც, მხარეებს შეუძლიათ იყიდონ, გაყიდონ ან გადაყიდონ გარკვეული საქონელი ან მომსახურება;

რ) ეკონომიკის რეგულირებადი სფერო – „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“, „საინვესტიციო ფონდების შესახებ“, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“, „მაუწყებლობის შესახებ“ და „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონებით დადგენილი სფეროები, აგრეთვე მუნიციპალური მომსახურების სფეროები, რომლებშიც თავისუფალი ფასწარმოქმნა და კონკურენცია შეზღუდულია და რომლებიც საქართველოს მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება რეგულირებად ეკონომიკურ სფეროებად და ექვემდებარება სატარიფო რეგულირებას;

ს) სახელმწიფო დახმარება (სუბსიდია) – ეკონომიკური აგენტის მიმართ მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც მოიცავს გადასახადისაგან გათავისუფლებას, გადასახადის შემცირებას ან გადავადებას, ვალის ჩამოწერას, რესტრუქტურიზაციას, სესხის ხელსაყრელი პირობებით გაცემას, საოპერაციო აქტივების გადაცემას, ფულადი დახმარების გაწევას, მოგების მიღების გარანტიის მიცემას, შეღავათების მინიჭებას და სხვა;“.

4. მე-­4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

მუხლი 4. უფლებამოსილი ორგანო

ამ კანონის მოთხოვნათა დაცვისა და შესრულების უფლებამოსილების მქონე ორგანოა ამ კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – კონკურენციის სააგენტო (შემდგომ – სააგენტო).“.

5. მე-5–მე­-10 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

მუხლი 5. დომინირებული მდგომარეობა და მისი განსაზღვრის კრიტერიუმები

1. ეკონომიკური აგენტის დომინირებული მდგომარეობა განისაზღვრება შესაბამის ბაზარზე მისი საბაზრო წილის, კონკურენტი ეკონომიკური აგენტების ფინანსური მდგომარეობის, ბაზარზე შესვლის ან წარმოების გაფართოების ბარიერების, მყიდველის საბაზრო ძალაუფლების, ნედლეულის წყაროების ხელმისაწვდომობის, ვერტიკალური ინტეგრაციის ხარისხის, ქსელური ეფექტებისა და საბაზრო ძალაუფლების განმსაზღვრელი სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. 

2. შესაბამის ბაზარზე ეკონომიკური აგენტის საბაზრო წილს განსაზღვრავს სააგენტო ბაზრის ანალიზის მეთოდური მითითებების გამოყენებით, რომლებსაც იგი ამტკიცებს შესაბამისი სამართლებრივი აქტით.

 

მუხლი 6. დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენება

1. ერთი ან რამდენიმე (ჯგუფური დომინირების შემთხვევაში) ეკონომიკური აგენტის მიერ დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენება დაუშვებელია.

2. დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენებად შეიძლება ჩაითვალოს შემდეგი ქმედებები:

ა) შესყიდვის ან გაყიდვის არასამართლიანი ფასების ან სხვა არასამართლიანი სავაჭრო პირობების პირდაპირ ან არაპირდაპირ დადგენა;

ბ) წარმოების, ბაზრების ან ტექნოლოგიური განვითარების მომხმარებელთა ინტერესების საზიანოდ შეზღუდვა;

გ) გარკვეული სავაჭრო პარტნიორებისთვის იდენტურ ტრანზაქციებზე დისკრიმინაციული პირობების დაწესება, რითაც ხდება მათი არაკონკურენტულ მდგომარეობაში ჩაყენება;

დ) ხელშეკრულების წინაპირობად გარიგების იმგვარი პირობის დაწესება, რომელიც გარიგების მეორე მხარეს ისეთ დამატებით ვალდებულებას აკისრებს, რომელიც დაკავშირებული არ არის გარიგების საგანთან, და სხვა.

 

მუხლი 7. კონკურენციის შემზღუდველი ხელშეკრულება, გადაწყვეტილება და შეთანხმებული ქმედება

1. აკრძალულია, ეკონომიკურ აგენტებს შორის დაიდოს ისეთი ხელშეკრულება, მიღებულ იქნეს ისეთი გადაწყვეტილება ან განხორციელდეს ისეთი შეთანხმებული ქმედება (შემდგომ – შეთანხმება), რომლის მიზანია ან რომლის შედეგია შესაბამის ბაზარზე კონკურენციის შეზღუდვა, დაუშვებლობა ან/და აკრძალვა, კერძოდ:

ა) შესყიდვის ან გაყიდვის ფასების ან სხვა სავაჭრო პირობების პირდაპირ ან არაპირდაპირ დადგენა (ფიქსირება);

ბ) წარმოების, ბაზრების, ტექნოლოგიური განვითარების ან ინვესტიციების შეზღუდვა;

გ) ბაზრების ან მიწოდების წყაროების მომხმარებლის, ტერიტორიული ან სხვა ნიშნით განაწილება;

დ) გარკვეული სავაჭრო პარტნიორების მიმართ იდენტურ ტრანზაქციებზე განსხვავებული/დისკრიმინაციული პირობების გამოყენება, რითაც ხდება მათი კონკურენციულად წაგებიან მდგომარეობაში ჩაყენება;

ე) გარიგების პირობად გარიგების მხარისთვის ისეთი დამატებითი ვალდებულების დაკისრება, რომელიც არც საგნობრივად და არც კომერციულად დაკავშირებული არ არის გარიგების საგანთან;

ვ) მატერიალური გამორჩენის ან უპირატესობის მისაღებად სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე ურთიერთშეთანხმებული ეკონომიკური აგენტებისთვის ან სხვისთვის სატენდერო წინადადების შეთანხმებული პირობების დაწესება, რაც არსებითად ლახავს შემსყიდველი ორგანიზაციის კანონიერ ინტერესებს.

2. ამ მუხლით გათვალისწინებული აკრძალული შეთანხმება ბათილია, თუ მასზე არ ვრცელდება ამ კანონით დადგენილი გამონაკლისები.

 

მუხლი 8. კონკურენციის უმნიშვნელოდ შემზღუდველი ხელშეკრულება

1. ამ კანონის მე-7 მუხლით გათვალისწინებული აკრძალვა არ ვრცელდება ეკონომიკურ აგენტებს შორის დადებულ ხელშეკრულებაზე, თუ:

ა) შესაბამის ბაზარზე ჰორიზონტალური ხელშეკრულების მხარეთა ერთობლივი წილი 10 პროცენტს არ აღემატება;

ბ) შესაბამის ბაზარზე ვერტიკალური ხელშეკრულების თითოეული მხარის საბაზრო წილი 15 პროცენტს არ აღემატება;

გ) ეს ხელშეკრულება მოიცავს როგორც ჰორიზონტალური, ისე ვერტიკალური ხელშეკრულების მახასიათებლებს, რის გამოც რთულია მისი ჰორიზონტალურ ან ვერტიკალურ ხელშეკრულებად კლასიფიკაცია, და შესაბამის ბაზარზე ამ ხელშეკრულების თითოეული მხარის საბაზრო წილი 10 პროცენტს არ აღემატება.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულებები არ გამოიყენება ამ კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

 

მუხლი 9. კონკურენციის შემზღუდველი ხელშეკრულების აკრძალვიდან გამონაკლისები

1. საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი ინტერესების გათვალისწინებით, ამ კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის დებულებები შესაძლებელია არ იქნეს გამოყენებული იმ ხელშეკრულებების, გადაწყვეტილებებისა და შეთანხმებული ქმედებების მიმართ, რომლებიც ხელს უწყობს წარმოების ან/და მიწოდების გაუმჯობესებას, ტექნიკურ-ეკონომიკურ პროგრესს, ამასთანავე, უზრუნველყოფს მომხმარებელთა კეთილდღეობის ზრდას, თუ ისინი: 

ა) შეთანხმების მონაწილე ეკონომიკურ აგენტებს არ უწესებენ შეზღუდვებს, რომლებიც დაკავშირებული არ არის ზემოაღნიშნული მიზნების მიღწევასთან;

ბ) ეკონომიკურ აგენტებს საშუალებას არ აძლევენ, აღკვეთონ კონკურენცია შესაბამისი ბაზრის მნიშვნელოვან ნაწილზე.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების დასაბუთება ევალებათ შესაბამის ეკონომიკურ აგენტებს.

3. ამ მუხლით გათვალისწინებული გამონაკლისები დგინდება განსაზღვრული ვადით, საქართველოს მთავრობის შესაბამისი ნორმატიული აქტით, რომელშიც მითითებულია აღნიშნული ვადა და ის გარემოებები, რომელთა გათვალისწინებითაც დგინდება ეს გამონაკლისები.

 

მუხლი 10. სახელმწიფო ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ კონკურენციის შეზღუდვის დაუშვებლობა

სახელმწიფო ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს ეკრძალებათ:

ა) სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოების შერწყმა, კავშირების, ასოციაციების, გაერთიანებების ან სხვა სახის სამეწარმეო სტრუქტურების შექმნა, თუ ეს იწვევს კონკურენციის შესუსტებასა და შეზღუდვას, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

ბ) ეკონომიკური აგენტისათვის ისეთი საგადასახადო ან სხვა შეღავათების დაწესება, რომლებიც მას კონკურენტებთან (პოტენციურ კონკურენტებთან) შედარებით უპირატესობას ანიჭებს და ზღუდავს კონკურენციას, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

გ) ეკონომიკური აგენტის სამეწარმეო საქმიანობისა და დამოუკიდებლობის აკრძალვა, შეჩერება ან/და სხვაგვარად შეფერხება, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

დ) საქონლის წარმოების ან რეალიზაციის მონოპოლიზაციისათვის სახელმწიფო სტრუქტურების შექმნა, ან არსებული სტრუქტურებისათვის ისეთი უფლებამოსილების მინიჭება, რომელიც შეზღუდავს კონკურენციას, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

ე) ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც იწვევს ეკონომიკური აგენტისათვის მონოპოლიური მდგომარეობის შექმნას, რაც არსებითად ზღუდავს თავისუფალ ფასწარმოქმნას და კონკურენციას, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“.

6. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 101 მუხლი:

 

მუხლი 101. მარეგულირებელი ქმედების კონკურენციული ეფექტის შეფასება

 კონკურენციის პროცესის ადვოკატირების უზრუნველსაყოფად სააგენტო საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე აფასებს ეკონომიკის სფეროსთან დაკავშირებულ მისაღებ გადაწყვეტილებებსა და სამართლებრივ აქტებს, განსახორციელებელ საპრივატიზებო და საინვესტიციო პროექტებს მათი ამ კანონთან შესაბამისობის დადგენისათვის.“.

7. მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

მუხლი 11. კონცენტრაცია

1. კონცენტრაცია გულისხმობს:

ა) ორი ან მეტი დამოუკიდებელი ეკონომიკური აგენტის შერწყმას, რის შედეგადაც ერთი ეკონომიკური აგენტი წარმოიქმნება;

ბ) ფასიანი ქაღალდების ან აქტივების წილის შეძენით, ხელშეკრულებით ან სხვა საშუალებით ეკონომიკურ აგენტზე ან მისი ბიზნესის ნაწილზე პირდაპირი ან ირიბი კონტროლის მოპოვებას იმ პირის მიერ, რომელიც უკვე აკონტროლებს სულ მცირე 1 ეკონომიკურ აგენტს;

გ) ერთი და იმავე პირის სხვადასხვა ეკონომიკური აგენტის მმართველ ორგანოებში მონაწილეობას.

2. ერთობლივი საწარმოს შექმნა, თუ იგი ხანგრძლივად ასრულებს დამოუკიდებელი ეკონომიკური აგენტის ყველა ფუნქციას, ჩაითვლება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ კონცენტრაციად.

3. ამ მუხლის მიზნებისათვის კონტროლი გამოიხატება უფლებებით, ხელშეკრულებებით ან სხვა საშუალებებით, რომლებიც ცალ­­­-­ცალკე ან ერთად ქმნის საწარმოზე ან მის ნაწილზე არსებითი გავლენის მოხდენის შესაძლებლობას, კერძოდ:

ა) საწარმოს ფლობა ან/და მისი აქტივების სრულად ან ნაწილობრივ გამოყენების უფლება;

ბ) უფლება (მათ შორის, ხელშეკრულებით გათვალისწინებული), რომელიც იძლევა ეკონომიკური აგენტის მმართველი ორგანოების შემადგენლობაზე, ხმის უფლებაზე, გადაწყვეტილებაზე არსებითი ზემოქმედების შესაძლებლობას.

4. კონცენტრაცია, რომელიც არსებითად არ ზღუდავს ეფექტიან კონკურენციას საქართველოს ან მისი მნიშვნელოვანი ნაწილის სასაქონლო ან მომსახურების ბაზარზე და რომლის შედეგია დომინირებული მდგომარეობის მოპოვება ან გაძლიერება, თავსებადია ნორმალურ კონკურენტულ გარემოსთან.

5. კონცენტრაცია, რომელიც არსებითად ზღუდავს ეფექტიან კონკურენციას საქართველოს ან მისი მნიშვნელოვანი ნაწილის სასაქონლო ან მომსახურების ბაზარზე და რომლის შედეგია დომინირებული მდგომარეობის მოპოვება ან გაძლიერება, დაუშვებელია.

6. იმ ეკონომიკური აგენტების შერწყმის/გაერთიანების რეგისტრაციისათვის, რომელთაც ეკისრებათ ამ კანონის 111 მუხლით გათვალისწინებული შეტყობინების ვალდებულება, აუცილებელია სააგენტოს დასკვნა მოსალოდნელი შერწყმის/გაერთიანების კონკურენციული ეფექტის თაობაზე. სააგენტოს მიერ უარყოფითი დასკვნის გაცემა საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ეკონომიკური აგენტის რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველია.

7. სააგენტო უფლებამოსილია ეკონომიკურ აგენტს, რომელიც კონცენტრაციის შედეგად დომინირებულ მდგომარეობას მოიპოვებს, მოსთხოვოს გარკვეული პერიოდულობით იმ გარიგების თაობაზე ინფორმაციის მიწოდება, რომელმაც შეიძლება მნიშვნელოვნად შეზღუდოს კონკურენცია შესაბამის ბაზარზე.“.

8. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 111 და 112 მუხლები:

 

მუხლი 111. კონცენტრაციის შესახებ შეტყობინება

1. სააგენტოსთვის წინასწარ წერილობით შეტყობინებას ექვემდებარება კონცენტრაცია, რომლის მონაწილე ეკონომიკური აგენტის/აგენტების (გარდა ეკონომიკის რეგულირებადი სფეროს ეკონომიკური აგენტებისა) როგორც ინდივიდუალური, ისე ერთობლივი აქტივების ღირებულება ან წლიური ბრუნვა (კონცენტრაციის წინა ფინანსური წლის მონაცემებით) საქართველოს ტერიტორიაზე აღემატება „კონცენტრაციის შესახებ შეტყობინების წარდგენისა და განხილვის წესით“ დადგენილ ზღვრულ ოდენობას.

2. „კონცენტრაციის შესახებ შეტყობინების წარდგენისა და განხილვის წესი“ მტკიცდება სააგენტოს შესაბამისი სამართლებრივი აქტით.

3. სააგენტო ვალდებულია 1 თვის ვადაში განიხილოს შეტყობინება და აცნობოს განმცხადებელს მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე. საქმის სირთულიდან გამომდინარე, ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 2 კვირისა. დადგენილ ვადაში პასუხის გაუცემლობა დადებით პასუხად ჩაითვლება.

 

მუხლი 112. კონცენტრაციის შესახებ შეტყობინების ვალდებულებისაგან გათავისუფლება 

საბაზრო ძალაუფლების კონცენტრაციად არ ჩაითვლება ამ კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებული ქმედებები და შესაბამის ეკონომიკურ აგენტებს არ დაეკისრებათ სააგენტოსთვის წინასწარ შეტყობინების ვალდებულება, თუ:

ა) ხდება ამ კანონის 111 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წესით დადგენილ ზღვრულ ოდენობაზე ნაკლები საბაზრო ძალაუფლების მქონე ეკონომიკური აგენტების შერწყმა/გაერთიანება;

ბ) კონცენტრაცია გადახდისუუნარობის შედეგია და ხორციელდება „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პროცედურების შესაბამისად, აგრეთვე ლიკვიდაციის პროცესში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამ პროცესში კონტროლს მოიპოვებს კონკურენტი საწარმო ან ის ჯგუფი, რომელსაც ვალაუვალი საწარმოს კონკურენტები მიეკუთვნებიან;

გ) კონტროლი მოიპოვება დროებით, სესხის უზრუნველსაყოფად, იმ პირობით, რომ არ გამოიყენება აქტივების ფლობით მინიჭებული უფლებები, გარდა გაყიდვის უფლებისა;

დ) კონცენტრაცია ურთიერთდამოკიდებული პირების მონაწილეებს ეხება;

ე) ფინანსური ინსტიტუტი ჩვეულებრივი საწესდებო საქმიანობის ფარგლებში საკუთარი ან კლიენტის სახსრებით იძენს სხვა საწარმოს წილებს ან აქციებს სხვა საწარმოში და დროებით მოიპოვებს მასზე კონტროლს, ან იძენს აქტივებს მათი შემდგომი გაყიდვისათვის, იმ პირობით, რომ ეს ტრანზაქცია განხორციელდება მათი შეძენიდან/მასზე კონტროლის მოპოვებიდან არაუგვიანეს 1 კალენდარული წლისა, ამასთანავე:

ე.ა) ამ ინსტიტუტს არ აქვს აქციების ან წილების ფლობასთან დაკავშირებული უფლებები, გარდა დივიდენდის მიღების უფლებისა;

ე.ბ) ეს ინსტიტუტი უფლებებს იყენებს მხოლოდ საწარმოს, მისი აქტივების ან აქციებისა და წილების სრულად ან ნაწილობრივ გასაყიდად მომზადებისათვის.“.

9. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის II1 თავი:

თავი II1

 არაკეთილსინდისიერი კონკურენცია

 

მუხლი 113. ეკონომიკური აგენტების არაკეთილსინდისიერი ქმედებების აკრძალვა

1. არაკეთილსინდისიერი კონკურენცია დაუშვებელია. 

2. ამ მუხლის მიზნებისათვის არაკეთილსინდისიერ კონკურენციად ითვლება ეკონომიკური აგენტის ქმედება, რომელიც ეწინააღმდეგება საქმიანი ეთიკის ნორმებს და ლახავს კონკურენტთა და მომხმარებელთა ინტერესებს, კერძოდ:

ა) კომუნიკაციის ნებისმიერი საშუალების გამოყენებით საქონლის შესახებ ისეთი ინფორმაციის გადაცემა (მათ შორის, არასათანადო, არაკეთილსინდისიერი, არასარწმუნო ან აშკარად ყალბი რეკლამის საშუალებით), რომელიც მომხმარებელს არასწორ წარმოდგენას უქმნის და ამით გარკვეული ეკონომიკური ქმედებისაკენ უბიძგებს;

ბ) ეკონომიკური აგენტის მიერ მხარის შეცდომაში შესაყვანად გარიგების ნამდვილი მიზნის დამალვა და ამით კონკურენციაში უპირატესობის მიღწევა;

გ) ეკონომიკური აგენტის მიერ კონკურენტის რეპუტაციის შელახვა (საწარმოზე, პროდუქციაზე, სამეწარმეო და სავაჭრო საქმიანობაზე არასწორი შეხედულების შექმნა), მისი უსაფუძვლო კრიტიკა ან დისკრედიტაცია;

დ) კონკურენტის ან მესამე პირის საქონლის ფორმის, შეფუთვის ან გარეგნული იერსახის მითვისება;

ე) სამეცნიერო-ტექნიკური, საწარმოო ან სავაჭრო ინფორმაციის ან კომერციული საიდუმლოების მისი მფლობელის თანხმობის გარეშე მიღება, მოპოვება, გამოყენება ან გავრცელება;

ვ) შემსყიდველის, მიმწოდებლის, მისი თანამშრომლის ან გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილების მქონე პირის მოსყიდვა, რომ მან დამქირავებლის ინტერესების საწინააღმდეგოდ ან მომხმარებლის ინტერესების უგულებელყოფით იმოქმედოს;

ზ) ბოიკოტისაკენ მოწოდება.“.

10. მე-12 და მე-­13 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

მუხლი 12. სახელმწიფო დახმარება

1. აკრძალულია ეკონომიკური აგენტისათვის ან კონკრეტული სახის საქმიანობისათვის სახელმწიფო დახმარება ნებისმიერი ფორმით, რომელიც აფერხებს კონკურენციას ან ქმნის მისი შეფერხების საშიშროებას, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისებისა.

2. შეიძლება დაშვებულ იქნეს სახელმწიფო დახმარება, რომელიც არ საჭიროებს სააგენტოსთან შეთანხმებას, თუ ის:

ა) გაიცემა ინდივიდუალური მომხმარებლისათვის სოციალური დახმარების სახით, იმ პირობით, რომ დახმარება არ გამოიწვევს შესაბამისი საქონლის/მომსახურების მწარმოებლის დისკრიმინაციას;

ბ) მიზნად ისახავს სტიქიური მოვლენის ან ფორსმაჟორული გარემოების შედეგების აღმოფხვრას;

გ) მიზნად ისახავს გარემოსდაცვითი ღონისძიების განხორციელებას;

დ) მიზნად ისახავს საქართველოს საკანონმდებლო აქტით ან საქართველოს საერთაშორისო შეთანხმებით გათვალისწინებული უფლების განხორციელებას ან მოვალეობის შესრულებას; 

ე) გაიცემა ინდივიდუალური სახელმწიფო დახმარების სახით, უმნიშვნელო ოდენობით. ინდივიდუალური სახელმწიფო დახმარების უმნიშვნელო ოდენობა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით;

ვ) მიზნად ისახავს მნიშვნელოვანი სახელმწიფო პროექტის განხორციელებას, თუ ამის თაობაზე საქართველოს მთავრობას მიღებული აქვს გადაწყვეტილება.

3. სააგენტოსთან შეთანხმებით შეიძლება დაშვებულ იქნეს სახელმწიფო დახმარება, რომელიც მნიშვნელოვნად არ ზღუდავს კონკურენციას ან არ ქმნის მისი მნიშვნელოვნად შეზღუდვის საშიშროებას და რომელიც გაიცემა:

ა) გარკვეული რეგიონების ეკონომიკური განვითარებისათვის;

ბ) კულტურისა და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების ხელშეწყობისათვის.

 

მუხლი 13. სახელმწიფო დახმარების გაცემის ზოგადი წესი

1. ამ კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო დახმარებისათვის სახელმწიფო დახმარების გაცემის ზოგად წესს შეიმუშავებს და ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

 2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული წესის საფუძველზე სახელმწიფო ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები შეიმუშავებენ და სააგენტოს შესათანხმებლად წარუდგენენ სახელმწიფო დახმარების გაცემის პროცედურას, რომლითაც განისაზღვრება მისი გაცემის მიზნები, სახელმწიფო დახმარების ფორმები და მიმღები სუბიექტები.

3. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული წესის საფუძველზე სახელმწიფო დახმარების გამცემი სააგენტოს წარუდგენს განცხადებას, რომელიც შეიცავს ინფორმაციას სახელმწიფო დახმარების გაცემის მიზნის, სახელმწიფო დახმარების ფორმისა და მიმღების თაობაზე.

4. სახელმწიფო დახმარების გამცემი ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ განცხადებასთან ერთად სააგენტოს წარუდგენს შესაბამის დასაბუთებას, რომ გასაცემი სახელმწიფო დახმარება მნიშვნელოვნად არ ზღუდავს კონკურენციას.

5. სახელმწიფო დახმარების გამცემი სააგენტოს აცნობებს სახელმწიფო დახმარების გაცემის პირობების, მათი არსებითი ცვლილებისა და გაცემული სახელმწიფო დახმარების შესახებ.“.

11. მე-14 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სააგენტო მისთვის წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე ადგენს გასაცემი სახელმწიფო დახმარების ამ კანონის დებულებებთან შესაბამისობას და არაუგვიანეს 14 სამუშაო დღისა გასცემს სამართლებრივ დასკვნას, თუ აღნიშნული სახელმწიფო დახმარება არ შეესაბამება ამ კანონის დებულებებს. ცალკეულ შემთხვევებში ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს 2 თვემდე. დადგენილ ვადაში სამართლებრივი დასკვნის გაუცემლობა თანხმობად ჩაითვლება.“.

12. მე-16 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

მუხლი 16. უფლებამოსილი ორგანო და მისი ორგანიზება

1. კონკურენციის პოლიტიკის განსახორციელებლად იქმნება სააგენტო.

2. სააგენტოს მიზნები, ამოცანები, უფლებამოსილებები და ორგანიზაციული საკითხები განისაზღვრება ამ კანონითა და სააგენტოს დებულებით.

3. სააგენტო ანგარიშვალდებულია საქართველოს პრემიერ­-მინისტრის წინაშე.

4. სააგენტოს ძირითადი ამოცანაა კონკურენციის პოლიტიკის განხორციელება, საქართველოში კონკურენციის განვითარების ხელშემწყობი პირობების შექმნა, დაცვა და ამ მიზნით ყველა ტიპის ანტიკონკურენციული შეთანხმებისა და ქმედების დაუშვებლობა, გამოვლენა და აღკვეთა.

5. სააგენტოს გადაწყვეტილებების, ინსტრუქციებისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესრულება სავალდებულოა სახელმწიფო ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და ეკონომიკური აგენტებისათვის.

6. სააგენტო თავისი საქმიანობის განხორციელებისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო შეთანხმებებით, ამ კანონით, სააგენტოს დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით და პასუხისმგებელია საკუთარი ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებისათვის.

7. სააგენტოს დებულებასა და სტრუქტურას ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

8. სააგენტოს დაფინანსების წყაროა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემოსავლები. 

9. სააგენტო არაუგვიანეს ყოველი წლის 1 მაისისა ამზადებს და საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და საზოგადოებას წარუდგენს წლიურ ანგარიშს გაწეული მუშაობისა და საქართველოს სასაქონლო და მომსახურების ბაზრებზე კონკურენციული გარემოს მდგომარეობის შესახებ.

10. სააგენტო თავისი საქმიანობის განხორციელებისა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში დამოუკიდებელია.“.

13. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 17და 172 მუხლები:

 

მუხლი 171. სააგენტოს თავმჯდომარე

1. სააგენტოს თავმჯდომარეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-­მინისტრი.

2. სააგენტოს თავმჯდომარე დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს სააგენტოს კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხებზე, მოქმედებს სააგენტოს სახელით, წარმოადგენს მას სხვა ორგანოებთან და ორგანიზაციებთან ურთიერთობაში, წყვეტს სააგენტოს ამოცანებით, ფუნქციებითა და უფლებამოსილებებით განსაზღვრულ საკითხებს.

3. სააგენტოს თავმჯდომარე განსაზღვრავს სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილეების, სააგენტოს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და რეგიონებში წარმომადგენელთა უფლებამოსილებებს.

4. სააგენტოს თავმჯდომარე თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოსცემს ნორმატიულ და ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს (ბრძანებებს, ინსტრუქციებსა და მეთოდურ მითითებებს).

5. სააგენტოს თავმჯდომარედ ინიშნება პირი, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს: 

ა) არის საქართველოს მოქალაქე;

ბ) აქვს ეკონომიკის, სამართლის ან ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული ხარისხი;

გ) აქვს სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 10 წლის გამოცდილება;

დ) აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა მოთხოვნებს.

6. სააგენტოს თავმჯდომარეს უფლებამოსილება უწყდება პირადი განცხადების საფუძველზე ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

 

მუხლი 172. სააგენტოს ფუნქციები

სააგენტოს ფუნქციებია:

ა) კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პოლიტიკის განხორციელება და ამ მიზნით შესაბამისი ნორმატიული აქტების შემუშავებისა და გამოყენების სრულყოფისათვის წინადადებების მომზადება;

ბ) კონკურენციის შეზღუდვისა და არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ფაქტების გამოსავლენად სასაქონლო და მომსახურების ბაზრების მონიტორინგი და ანალიზი;

გ) ამ კანონის 111 მუხლით განსაზღვრული კონცენტრაციის შემთხვევაში კონკურენციული ეფექტის სავალდებულო შეფასება, დასკვნის მომზადება და გაცემა;

დ) კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დაცვის კონტროლი, ამ კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების გამოვლენა, განხილვა და თავისი კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება;

ე) მიღებული გადაწყვეტილებების შესრულების მონიტორინგი;

ვ) საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სხვა ქვეყნების კონკურენციის პოლიტიკის დაცვის უფლებამოსილების მქონე ორგანოებთან თანამშრომლობა;

ზ) საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებების ორგანოებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონმდებლობისა და კონკურენციის პოლიტიკის სრულყოფის, აგრეთვე ორგანიზაციულ-სამართლებრივი, ტექნიკური და ფინანსური უზრუნველყოფის პრობლემების გადაჭრის მიზნით;

თ) კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონმდებლობისა და კონკურენციის პოლიტიკის მიზნებსა და ამოცანებში საზოგადოების გათვითცნობიერება, სააგენტოს საქმიანობის საჯაროობის უზრუნველყოფა;

ი) სააგენტოს დებულებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების შესრულება.“.

14. მე-18 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის:

ა.ა) „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) აწარმოოს საქმის მოკვლევა წარდგენილი განცხადების ან/და საჩივრის საფუძველზე, ან საკუთარი ინიციატივით;

ბ) საქმესთან დაკავშირებით შესაბამის ეკონომიკურ აგენტს, სხვა დაინტერესებულ მხარეს მოსთხოვოს ინფორმაცია, მათ შორის, მისი სამართლებრივი, ორგანიზაციული და სამეურნეო ურთიერთობების შესახებ, გაეცნოს ეკონომიკური აგენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ შესაბამის დოკუმენტაციას;“;

ა.ბ) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) ამ კანონის მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში დააკისროს შესაბამისი ჯარიმა ამ კანონის 33-ე მუხლის შესაბამისად;“;

ა.გ) „კ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ“–„ნ“ ქვეპუნქტები:

„ლ) დომინირებული მდგომარეობის მქონე ეკონომიკური აგენტის მიერ საქართველოს კანონმდებლობის არაერთგზის დარღვევისას შესაბამისი ორგანოების წინაშე დასვას მისი იძულებითი დაყოფის საკითხი, თუ არსებობს საწარმოს ორგანიზაციული და ტერიტორიული განცალკევების შესაძლებლობა, ან განახორციელოს კონკურენციის პოლიტიკით გათვალისწინებული სხვა ღონისძიებები;

მ) შესაბამისი ორგანოების წინაშე დასვას საქართველოს კანონმდებლობის დამრღვევი ეკონომიკური აგენტის ხელმძღვანელი პირის პასუხისმგებლობის საკითხი;

ნ) სასამართლოს მიმართოს შუამდგომლობით ეკონომიკური აგენტის გარკვეული ქმედების დროებით, სააგენტოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერების თაობაზე, თუ არსებობს აშკარა მტკიცებულება, რომ ეს ქმედება მნიშვნელოვნად ზღუდავს ამ კანონის მე-6 და მე-7 მუხლებით გათვალისწინებულ კონკურენციას.“;

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სააგენტო სახელმწიფო ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსთან მიმართებით უფლებამოსილია:

ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოსთხოვოს მას ამ კანონის შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია;

ბ) ამ კანონის დარღვევის შემთხვევაში წარუდგინოს მას დასაბუთებული წერილობითი დასკვნა და შესაბამისი რეკომენდაცია ამ ორგანოს მიერ მიღებული კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილების თაობაზე, მათ შორის, მოსთხოვოს კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილების გაუქმება, ხოლო მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში აღნიშნული საკითხი დასვას შესაბამისი ზემდგომი ორგანოს ან თანამდებობის პირის წინაშე;

გ) წარუდგინოს მას განსახილველად სავალდებულო წინადადებები ან/და რეკომენდაციები საქართველოს სასაქონლო და მომსახურების ბაზრებზე კონკურენციული გარემოს გაჯანსაღებისათვის, მათ შორის:

გ.ა) შესაბამის ბაზარზე შესვლის საკანონმდებლო და ადმინისტრაციული ბარიერების არსებობის და მათი აღმოფხვრის საჭიროების თაობაზე;

გ.ბ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვაჭრობის ტექნიკური ბარიერების გაუქმების თაობაზე, თუ ისინი ზღუდავენ კონკურენციას;

დ) საქართველოს მთავრობას მიმართოს დასკვნით და საჭიროების შემთხვევაში – რეკომენდაციით, თუ გაცემული სახელმწიფო დახმარება მნიშვნელოვნად ზღუდავს კონკურენციას;

ე) უფლებამოსილებათა განსახორციელებლად, საჭიროების შემთხვევაში, ამ ორგანოსაგან გამოითხოვოს შესაბამისი ინფორმაცია, ხოლო მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში დასვას მისი თანამდებობის პირის დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხი;

ვ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის საფუძველზე საგადასახადო ორგანოსაგან გამოითხოვოს და მიიღოს იდენტიფიცირებული ინფორმაცია ცალკეულ გადასახადის გადამხდელთა თაობაზე.“;

გ) მე­-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-­3 და მე-4 პუნქტები:

„3. სააგენტო უფლებამოსილია თავისი კომპეტენციის ფარგლებში გასცეს სარეკომენდაციო განმარტება კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის გამოყენებასთან დაკავშირებით.

4. სააგენტო უფლებამოსილია განახორციელოს სააგენტოს დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებანი.“.

15. მე-19 მუხლი ამოღებულ იქნეს.

16. 21-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

„5. პირი, რომლის საქმეც იხილება, უფლებამოსილია აცილება მისცეს სააგენტოს შესაბამის უფლებამოსილ პირს, თუ ეს პირი დაინტერესებულია განსახილველი საკითხით.“.

17. 23-ე მუხლის:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სააგენტო ვალდებულია საჩივარი აცნობოს მოპასუხე ეკონომიკურ აგენტს. მოპასუხე ეკონომიკური აგენტი უფლებამოსილია სააგენტოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში წარუდგინოს საკუთარი შენიშვნები და მოსაზრებები საჩივრის თაობაზე.“;

ბ) მე-8 და მე-9 პუნქტები ამოღებულ იქნეს.

18. 24-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

მუხლი 24. საქმის მოკვლევის დაწყებაზე უარის თქმის საფუძვლები

სააგენტო უარს ამბობს განცხადების ან/და საჩივრის საფუძველზე საქმის მოკვლევის დაწყებაზე, თუ:

ა) საჩივარი არ წარმოუდგენია უფლებამოსილ პირს;

ბ) არ არსებობს ამ კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი საფუძველი;

გ) ამ კანონის 23-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრულ ვადაში არ არის წარმოდგენილი გამოთხოვილი ინფორმაცია ან/და მტკიცებულება;

დ) მოპასუხე ეკონომიკური აგენტის მიმართ დაწყებულია გადახდისუუნარობის საქმის წარმოება.“.

19. 25-ე მუხლის:

ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სააგენტო მის მიერ საქმის მოკვლევის დაწყების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემდეგ იწყებს საქმის მოკვლევას და იღებს გადაწყვეტილებას არაუგვიანეს 3 თვისა.

2. საქმის მოკვლევა, მისი მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, შეიძლება გაგრძელდეს სააგენტოს მიერ განსაზღვრული ვადით, მაგრამ არაუმეტეს 10 თვისა.“;

ბ) მე-12 და მე-13 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. სააგენტოს გადაწყვეტილება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჩივრდება სასამართლოში.

13. საქმის მოკვლევის წესსა და პროცედურას შეიმუშავებს და ამტკიცებს სააგენტო.“.

20. 26-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

21. 29-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

22. VI თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

თავი VI. სააგენტოს თანამშრომლობა ეკონომიკის რეგულირებადი სფეროს მარეგულირებელ ორგანოებთან

 

მუხლი 30. თანამშრომლობა ეკონომიკის რეგულირებად სფეროში კონკურენციის დარღვევის შემთხვევათა შესწავლისა და აღკვეთისათვის

 სააგენტო და შესაბამისი ეკონომიკის რეგულირებადი სფეროს მარეგულირებელი ორგანო თანამშრომლობენ ეკონომიკის რეგულირებად სფეროში კონკურენციის დარღვევის შემთხვევათა შესწავლისა და აღკვეთისათვის.

 

მუხლი 31. თანამშრომლობის ფორმები

1. თუ სააგენტოს წარედგინა საჩივარი ეკონომიკის რეგულირებად სფეროში კონკურენციის შესაძლო დარღვევის თაობაზე, იგი ამ საჩივარს გადაუგზავნის შესაბამისი ეკონომიკის რეგულირებადი სფეროს მარეგულირებელ ორგანოს.

2. ეკონომიკის რეგულირებადი სფეროს მარეგულირებელი ორგანო შესაბამის სფეროში კონკურენციის დარღვევის შემთხვევის შესწავლისათვის საქმის წარმოების დაწყების თაობაზე აცნობებს სააგენტოს.

3. სააგენტო უფლებამოსილია ეკონომიკის რეგულირებადი სფეროს მარეგულირებელი ორგანოს მოთხოვნის საფუძველზე შეიმუშაოს საექსპერტო მოსაზრებები ეკონომიკის რეგულირებად სფეროში კონკურენციის დარღვევის შემთხვევების თაობაზე შესაბამისი მარეგულირებელი ორგანოსათვის წარსადგენად.

4. ეკონომიკის რეგულირებადი სფეროს მარეგულირებელ ორგანოს უფლება აქვს, კონკურენციასთან დაკავშირებულ საკითხებზე კონსულტაციისათვის მიმართოს სააგენტოს.

5. ეკონომიკის რეგულირებად სფეროში კონკურენციის დარღვევის შემთხვევათა შესწავლისათვის შეიძლება შეიქმნას სააგენტოს და შესაბამისი მარეგულირებელი ორგანოს თანამშრომლებით დაკომპლექტებული ერთობლივი სამუშაო ჯგუფი.

6. ეკონომიკის რეგულირებადი სფეროს შესაბამისი მარეგულირებელი ორგანო უფლებამოსილია მიმართოს სააგენტოს ეკონომიკის რეგულირებად სფეროში კონკურენციის დარღვევის შემთხვევათა შესწავლაში სააგენტოს მონაწილეობის მიზნით.

7. შესაბამის ეკონომიკის რეგულირებად სფეროში მესამე მხარის ქსელში დაშვებასა და ურთიერთჩართვასთან დაკავშირებული ურთიერთობები რეგულირდება საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობით.

8. ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში წინასწარ რეგულირებას, აგრეთვე ავტორიზებულ პირთა მიერ მათთვის საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ დაკისრებულ სპეციფიკურ ვალდებულებათა შესრულების მონიტორინგს ახორციელებს და მათ შესრულებას უზრუნველყოფს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. კომისია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით არეგულირებს, განიხილავს და წყვეტს ავტორიზებულ პირთა შორის წარმოშობილ დავებს, მათ შორის, ავტორიზებული პირებისათვის დაკისრებულ შესაბამის სპეციფიკურ ვალდებულებათა შესრულებასთან დაკავშირებულ დავებს.

9. ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მოქმედი ეკონომიკური აგენტების ქმედებები, რომელთა მიზანია ან რომელთა შედეგია კონკურენციის შეზღუდვა ან აღკვეთა (გარდა ფასწარმოქმნისა, ურთიერთჩართვისა და მომსახურების სტანდარტული პირობებისა), რეგულირდება ამ კანონით.“.

23. 33-­ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

მუხლი 33. ჯარიმა

1. ამ კანონის მე-6 და მე-7 მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ეკონომიკურ აგენტს (გარდა ეკონომიკის რეგულირებადი სფეროს ეკონომიკური აგენტებისა) დაეკისრება ჯარიმა, რომლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს წინა ფინანსური წლის განმავლობაში მისი წლიური ბრუნვის 5 პროცენტს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დარღვევის სამართლებრივი საფუძვლის აღმოუფხვრელობის ან განმეორების შემთხვევაში სააგენტო უფლებამოსილია ეკონომიკურ აგენტს დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს წინა ფინანსური წლის განმავლობაში მისი წლიური ბრუნვის 10 პროცენტს.

3. ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის ოდენობის დადგენისას გათვალისწინებული უნდა იქნეს დარღვევის შედეგად დამდგარი ზიანი, დარღვევის ხანგრძლივობა და სიმძიმე.“.

24. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 331 და 332 მუხლები:

 

მუხლი 331. თანამშრომლობის პროგრამა

1. პირი სრულად ან ნაწილობრივ გათავისუფლდება ამ კანონით დადგენილი პასუხისმგებლობისგან, თუ იგი ერთდროულად დააკმაყოფილებს შემდეგ პირობებს:

ა) აღიარებს ამ კანონის მე-­7 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“ ან „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შეთანხმებაში მონაწილეობას;

ბ) სააგენტოს ზეპირად ან/და წერილობით მიაწვდის მისთვის ცნობილ ინფორმაციას და, თუ შესაძლებელია – მტკიცებულებასაც, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეთანხმების შესახებ, მანამ, სანამ ეს ინფორმაცია სააგენტოსთვის სხვა წყაროდან გახდება ცნობილი;

გ) საქმის მოკვლევის პროცესში უწყვეტად და შეუზღუდავად ითანამშრომლებს სააგენტოსთან.

2. ამ მუხლით გათვალისწინებული შეღავათები არ ვრცელდება შეთანხმების ერთადერთ ორგანიზატორზე ან/და ინიციატორზე, აგრეთვე იმ პირზე, რომელმაც სხვა პირებს შეთანხმებაში მონაწილეობა აიძულა.

 3. თანამშრომლობის პროგრამის გავრცელებისა და პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების გამოყენების წესი დგინდება სააგენტოს სამართლებრივი აქტით.

 

მუხლი 332. სააგენტოს გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი

 ეკონომიკურ აგენტს, სხვა დაინტერესებულ პირს უფლება აქვს, პირდაპირ მიმართოს სასამართლოს, შესაბამის ორგანოს ან თანამდებობის პირს კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის აღკვეთისა და დარღვევის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით, აგრეთვე სასამართლოში გაასაჩივროს სააგენტოს გადაწყვეტილება.“.

25. 34-­ე მუხლის:

ა) პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტები ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. 2014 წლის 15 აპრილამდე საქართველოს მთავრობამ დაამტკიცოს სააგენტოს დებულება და სტრუქტურა და საქართველოს პრემიერ-­მინისტრმა დანიშნოს სააგენტოს თავმჯდომარე.

6. 2014 წლის 1 სექტემბრამდე საქართველოს მთავრობამ დადგენილებით განსაზღვროს ინდივიდუალური სახელმწიფო დახმარების უმნიშვნელო ოდენობა, კონკურენციის შემზღუდველი ხელშეკრულების აკრძალვიდან გამონაკლისები და სახელმწიფო დახმარების გაცემის ზოგადი წესი.“;

გ) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 პუნქტი:

„61. 2014 წლის 1 ოქტომბრამდე სააგენტომ შეიმუშაოს და დაამტკიცოს ამ კანონით გათვალისწინებული შესაბამისი სამართლებრივი აქტები.“;

დ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. ამ კანონით განსაზღვრული სააგენტოს ის უფლებამოსილებანი, რომელთა განსახორციელებლადაც აუცილებელია ამავე კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტების დამტკიცება/მიღება, სრულად ამოქმედდეს შესაბამისი სამართლებრივი აქტის დამტკიცებისთანავე/მიღებისთანავე.“.

 

მუხლი 2. კონკურენციის სააგენტომ სააგენტოს მიერ ამ კანონის შესაბამისად დასამტკიცებელი სამართლებრივი აქტების პროექტები 2014 წლის 1 ოქტომბრამდე შეუთანხმოს საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს.

 

მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს 2014 წლის 31 მარტიდან.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

21 მარტი 2014 წ.

N2159-IIს