საქართველოს საპატენტო კანონი

საქართველოს საპატენტო კანონი
დოკუმენტის ნომერი 1791
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 05/02/1999
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 5(12), 24/02/1999
სარეგისტრაციო კოდი 050.040.000.05.001.000.485
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
1791
05/02/1999
სსმ, 5(12), 24/02/1999
050.040.000.05.001.000.485
საქართველოს საპატენტო კანონი
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (11/05/2000 - 04/05/2010)

საქართველოს საპატენტო კანონი

თავი I. ზოგადი დებულებანი

მუხლი 1

ეს კანონი აწესრიგებს ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების _ გა­მო­­გონებების, სასარგებლო მოდელებისა და სამრეწველო ნიმუშების შექმ­­ნას­თან, მათ გამოყენებასა და სამართლებრივ დაცვასთან დაკავშირე­ბით წარ­მოქმნილ ქონებრივ და პირად არაქონებრივ ურთიერთობებს.

     მუხლი 2

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) „საქპატენტი“ _ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვ­ნუ­ლი ცენტრი;

 ბ) საერთაშორისო ბიურო _ ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორ­გა­­­­ნიზაციის საერთაშორისო ბიურო;

 გ) პარიზის კონვენცია _ 1883 წლის 20 მარტს ხელმოწერილი სამრეწველო საკუთრების დაცვის პარიზის კონ­­ვენცია (გადასინჯულია სტოკ­ჰოლმში 1967 წლის 14 ივლისს, შესწორებულია 1979 წლის 28 სექტემბერს);

 დ) საპატენტო კოოპერაციის ხელშეკრულება _ 1970 წლის 19 ივნისს ხელმო­წერილი, მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულება (შესწორებულია 1979 წლის 28 სექტემბერს, ცვლი­ლე­ბე­ბი შეტანილია 1984 წლის 3 თებერვალს);

ე) სამრეწველო საკუთრების ობიექტი _ გამოგონება, სასარგებლო მოდელი, სამრეწველო ნიმუში;

ვ) პატენტი _ ამ კანონის შესაბამისად გაცემული დამცავი დოკუმენტი;

 ზ) შემოტანილი პატენტი _ უცხოეთში დაპატენტებულ გამოგონებაზე ამ კანონის შესაბამისად გაცემული პატენტი;

 თ) განმცხადებელი _ ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც მოითხოვს პატენტის მიღებას;

ი) განაცხადი _ დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად გაფორმებული, პატენტის გასაცემად აუცილებელი საბუთების ერთობ­ლიო­ბა;

კ) საერთაშორისო განაცხადი _ საპატენტო კოოპერაციის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის მოთხოვნით გაფორმებული და შეტანილი განაცხადი;

 ლ) ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა _ საგანაცხადო მასალების სისრულის, გაფორმებისა და მათში აღწერილი ობიექტის ერთიანობის შემოწმება;

 მ) პრიორიტეტი _ უპირატესობა, რომლითაც სარგებლობს ადრე შეტანილი განაცხადი უფრო გვიან შეტანილის მიმართ;

 ნ) საკონვენციო პრიორიტეტი _ პრიორიტეტი, რომლითაც შეუძლია ისარგებლოს განმცხადებელმა პარიზის კონვენციის სხვა მონაწილე ქვეყა­ნაში პატენ­ტის მიღების მიზნით განაცხადის მიწოდების შემთხვევაში და რომელიც დგინდება პირველი განაცხადის შეტანის თარიღით, ამ კონვენციის მე-4 მუხლის თანახმად;

ო) საგამოფენო პრიორიტეტი _ პრიორიტეტი, რომლითაც შეუძლია ისარგებლოს განმცხადებელმა პარიზის კონვენციის სხვა მონაწილე ქვეყა­ნაში პატენ­ტის მიღების მიზნით განაცხადის მიწოდების შემთხვევაში და რომელიც დგინდება ზემოაღნიშნული კონვენციის წევრ ქვეყანაში მოწყობილ ოფიციალურ ან ოფიციალურად მიჩნეულ გამოფენაზე გამოგონების, სასარგებლო მოდელის ან სამრეწველო ნიმუშის ექსპონირების თარიღით, ამ კონვენციის მე_ 11 მუხლის თანახმად;

პ) პატენტრწმუნებული _ სამრეწველო საკუთრების სფეროში სხვისი სახელით მოქმედი „საქპატენტში“ რეგისტრი­რე­ბუ­ლი პირი;

ჟ) დეპოზიტარიუმი _ უფლებამოსილი ორგანიზაცია, სადაც ინახება ბიოლოგიური რეპროდუცირებადი მასალა.

     მუხლი 3

გამოგონებაზე, სასარგებლო მოდელსა და სამრეწველო ნიმუშზე გაი­ცე­მა პატენტი, რომელიც ადასტურებს ავტორობას და ანიჭებს პა­ტენტის მფლობელს განსაკუთრებულ უფლებას გამოგონებაზე, სასარგებ­ლო მოდელ­სა ან სამრეწველო ნიმუშზე.

     მუხლი 4

1. გამოგონების უცხოური პატენტის მფლობელის სახელზე შე­იძ­ლება გაიცეს შე­მოტანილი პატენტი.

2. შემოტანილი პატენტი გაიცემა უცხოეთში დაპატენტებულ იმ გამო­გო­­ნებაზე, რომელზედაც ჩატარებულია ექსპერტიზა პატენტუნარიანობის ყველა კრი­ტერიუმის გათვალისწინებით.

3. შემოტანილი პატენტი პატენტმფლობელს ანიჭებს განსაკუთრებულ უფ­ლე­­ბას გამოიყენოს, აწარმოოს, ან გაყიდოს პროდუქცია, მაგრამ არ აძლევს უფ­­­ლებას აუ­კრძალოს მესამე პირს ასეთი პროდუქციის საზღ­ვარ­გა­რეთიდან შემოტანა.

    მუხლი 5

1. გამოგონების პატენტის მოქმედების ვადა განისაზღვრება 20 წლით „საქპატენტში“ განაც­ხა­დის შეტანის დღიდან.

2. შემოტანილი პატენტის მოქმედების ვადა განისაზღვრება უცხო ქვეყნის ძირითადი პატენტის მოქმე­დე­ბის ვადით, მაგრამ არაუმეტეს 10 წლისა „საქ­პა­ტენ­ტში“ განაცხადის შეტანის დღიდან.

3. სასარგებლო მოდელის პატენტის მოქმედების ვადა განისაზღვრება 8 წლით „საქპატენტში“ განაცხადის შეტანის დღიდან.

4. სამრეწველო ნიმუშის პატენტის მოქმედების ვადა განისაზღვრება 15 წლით „საქპატენტში“ განაცხადის შეტანის დღიდან.

     მუხლი 6

1. გამოგონების სამართლებრივი დაცვის ფარგლებს განსაზღვრავს გა­მო­­გონების ფორმულა.

2. სასარგებლო მოდელის სამართლებრივი დაცვის ფარგლებს გან­საზ­ღვრავს სასარგებლო მოდელის ფორმულა.

3. სამრეწველო ნიმუშის სამართლებრივი დაცვის ფარგლებს განსაზღვრავს საკუთრივ ნიმუშის ან მის გამოსახულებაში წარმოდგენილი დამახა­სი­ა­­თე­ბელი არსებითი ნიშნების ერთობლიობა.

     მუხლი 7

1. გამოგონებასა და სასარგებლო მოდელზე, რომლებიც შესაბამისი კომ­პე­ტენ­­ტური ორგანოს მიერ გასაიდუმლოებულია ქვეყნის თავდაცვისუნა­რია­ნობის თვალსაზრისით, პატენტი გაიცემა მხოლოდ მათი განსაიდუმ­ლოების შემდეგ, ამ კომპეტენ­ტუ­რი ორგანოს გადაწყვე­ტი­ლების საფუძველზე.

2. გასაიდუმლოება დასაშვებია ორი წლის ვადით, რაც პატენტის მო­ქ­მედების ვადის განმავლობაში შეიძლება გაგრძელდეს ყოველი შემდ­გომი ორი წლით.

3. საიდუმლო გამოგონებისა და სასარგებლო მოდელის სამარ­თლებ­რივი დაც­­ვისა და გამოყენების წესი განისაზღვრება საქართველოს კანონ­მდებ­ლობით.

თავი II.  „საქპატენტი“

მუხლი 8

„საქპატენტი“ არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც ინტელექტუალური საკუთ­რე­ბის დაცვის სფეროში სამართლებრივად უზრუნ­ველ­ყოფს ფიზიკური და იურიდიული პირების უფლებებს.

    მუხლი 9

„საქპატენტთან“ ფუნქციონირებს სააპელაციო პალატა, რომელიც იხი­ლავს ინტელექტუალური საკუთრების ობიექტზე უფლე­ბის მოპო­ვების პროცედურასთან დაკავშირებულ დავას.

     მუხლი 10

1. „საქპატენტის“ ფუნქციები და უფლებამოსილება განისაზღვრება მისი დებულებით, რომელსაც ამტ­კი­­ცებს საქართველოს პრეზიდენტი.

2. „საქპატენტს“ ხელმძღვანელობს გენერალური დირექტორი, რომელსაც თა­ნამ­დე­ბობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.

       მუხლი 11

1 „საქპატენტის“ ფინანსური წყაროებია ინტელექტუალური საკუთრების ობიექტებზე განაცხადების ფორმალურ მოთხოვნებსა და არსობრივ ექსპერტიზასთან, დამცავი დოკუმენტების გაცემასთან, რეგისტრაციასთან და ძალაში შენარჩუნებასთან, აპელაციასთან და ძირითად საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა პროცედურების დადგენილი წესით განსაზღვრული საფასურები, აგრეთვე საინფორმაციო, საკონსულტაციო-კვლევითი და სხვა სახის მომსახურებით მიღებული შემოსავლები.

2. საფასური და სხვა შემოსავალი ირიცხება „საქპატენტის“ ანგარიშზე, რომლებსაც განკარგავს მხოლოდ „საქპატენტი“. „საქპატენტის“ მიერ წლის განმავლობაში გამოუყენებელი თანხები გადადის მომავალი წლის ანგარიშზე.

3. დასაშვებია „საქპატენტისათვის“ სახსრების, მათ შორის, გრანტების დადგენილი წესით გამოყოფა სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

4. „საქპატენტი“ ყოველი წლის 1 დეკემბრისათვის ამზადებს მომავალი წლის ბიუჯეტს, რომელშიც ასახული უნდა იყოს „საქპატენტის“ ყველა ხარჯი და მისი დაფარვის წყარო.

5. „საქპატენტის“ ბიუჯეტს ამტკიცებს „საქპატენტის“ გენერალური დირექტორი.

თავი III.  პატენტუნარიანობა

 მუხლი 12

 1. პატენტით შეიძლება დაცულ იქნეს ისეთი გამოგონება, რომელიც პატენტუნარიანია და აკმაყოფილებს სიახლის, სა­გა­მომ­გონებლო დონისა და სამ­­რეწველო გამოყენებადობის კრიტერიუმებს.

2. გამოგონება ახალია, თუ იგი ცნობილი არ არის ტექნიკის არსებული დონით.

3. გამოგონებას აქვს საგამომგონებლო დონე, თუ განაცხადის შეტანის თარიღისათვის ან, თუ მოითხოვება საკონვენ­ციო პრიო­რიტეტი, ამ პრიორი­ტეტის თარიღისათვის, იგი სპეციალის­ტი­სათ­­ვის ცხადად არ გამომ­დი­ნარეობს ტექნიკის არსებული დონიდან.

4. გამოგონების სამრეწველო გამოყენებადობა ნიშნავს მისი დამ­ზა­­დე­ბის ან მისით სარგებლობის შესაძლებლობას მრეწველობის, სოფლის მეურ­ნეობის, ჯან­­მრ­თე­ლობის დაცვისა და საქმიანობის სხვა სფეროებში.

5. ტექნიკის არსებულ დონეს განსაზღვრავს ყველა ის მონაცემი, რომელიც საყო­ველ­­­თაოდ გახდა ცნობილი წერილობით, ზეპირი აღწერით, საჯარო გამოყე­ნე­ბით ან სხვა გზით განაცხადის შეტანის თა­რი­ღამდე ან, თუ მოით­ხო­ვება საკონვენციო პრიორიტეტი, ამ პრიორიტეტის თა­რი­ღამდე.

6. გამოგონების სიახლის დადგენისას ტექნიკის დონეს, სხვა საინფორ­მა­ციო წყაროს გარდა, მიეკუთვნება „საქპატენტში“ გამო­გო­­ნებასა და სასარგებლო მო­დე­ლზე შეტანილი ყველა განაცხადი, თუ მათ აქვთ უფრო ადრინ­დე­ლი პრიო­რიტეტი. სიახლე დგინდება მხოლოდ ერთი საინფორმაციო წყაროს გან­ხილ­ვის საფუძველზე.

7. საგამომგონებლო დონის დადგენისას ტექნიკის დონეს არ მიეკუთვნება „საქ­პა­ტენტში“ განსახილველად წარდგენილი განაცხადები გამოგონებასა და სა­სარ­გებლო მოდელზე.

8. ტექნიკის არსებული დონით ცნობილი ნივთი­ერე­ბები და ნარევები შე­იძლება მიჩ­ნეულ იქნეს პატენტუნარიანად, თუ ისინი გამოიყენება აქამდე უცნობი დანიშნულებით.

        მუხლი 13

1. პატენტით შეიძლება დაცულ იქნეს ისეთი სასარგებლო მოდელი, რომელიც წარმოადგენს გაუმჯობესებულ მოწ­ყობილობას, ნივთიერებას ან ხერხს და რომელიც აკმაყოფილებს სიახლისა და სამრეწველო გამოყენებადობის კრიტერიუმებს.

2. სასარგებლო მოდელი ახალია, თუ იგი ცნობილი არ არის ტექნიკის არსებული დონით.

3. სასარგებლო მოდელის სამრეწველო გამოყენებადობა ნიშნავს მისი დამზადების ან მისით სარგებლობის შესაძლებლობას მრეწველობის, სოფლის მე­ურ­ნეობის, ჯანმრთელობის დაცვისა და საქმიანობის სხვა სფე­როებში.

4. ტექნიკის არსებულ დონეს განსაზღვრავს ყველა ის მონაცემი, რომელიც სა­ყო­ველ­თაოდ გახდა ცნობილი წერილობით, ზეპირი აღწერით, აგრეთვე, საქარ­თველოში გამოყენებით და რომელიც შეეხება იმავე დანიშ­ნულების მოწ­ყო­ბილობებს, ნივთიერებებსა და ხერხებს განაცხადის შეტანის თარიღამდე ან, თუ მოითხოვება საკონვენციო პრიორიტეტი, ამ პრიორი­ტეტის თარიღამდე.

5. სასარგებლო მოდელის სიახლის დადგენისას, ტექნიკის დონეს სხვა საინფორმაციო წყაროს გარდა, მიეკუთვნება „საქპატენტში“  გამოგონებასა და სასარგებ­ლო მოდელზე შეტანილი ყველა განაცხადი, თუ მათ აქვთ უფრო ადრინდელი პრიორიტეტი. სიახლე დგინდება მხოლოდ ერ­თი საინფორმაციო წყაროს განხილვის საფუძველზე.

     მუხლი 14

1. პატენტით შეიძლება დაცულ იქნეს ისეთი სამრეწველო ნიმუში, რო­­­მე­ლიც წარმოადგენს ნაკეთობის მხატვრულ-კონ­სტრუქ­­ციულ გარეგან სა­ხეს და რომელიც აკმაყოფილებს სიახლისა და სამრეწველო გამოყენე­ბადობის კრი­ტერიუმებს.

2. სამრეწველო ნიმუში ახალია, თუ მისი არსებითი ნიშნების ერთობ­ლი­­ო­ბა, რომელიც განსაზღვრავს ნაკეთობის ესთეტიკურ თა­ვისებურებებს, საყოველთაოდ არ არის ცნობილი წერილობით, ზეპირი აღწერით, საჯარო გამო­­ყე­ნებით ან სხვა გზით „საქპატენტში“ განაცხადის შეტანის თარიღამდე ან, თუ მოითხოვება საკონვენციო პრიორიტეტი, ამ პრიორიტეტის თარიღამდე.

3. სამრეწველო ნიმუშის სიახლის დადგენისას მხედველობაში მიიღება „საქპატენტში“ შე­ტა­­­ნილი ყველა განაცხადი, თუ მათ აქვთ უფრო ადრინდელი პრიორიტეტი.

4. სამრეწველო ნიმუში სამრეწველოდ გამოყენებადია, თუ შესაძლე­ბე­ლია მი­სი მრავალჯერადი დამზადება.

     მუხლი 15

ინფორმაციის გახსნა გამოგონების, სასარგებლო მოდელის, ან სამრეწ­ვე­ლო ნიმუშის ავტორის მიერ (ან სხვა პირის მიერ, რომელსაც განაცხადის შეტანის თარიღისათვის პატენტის მიღების უფლება აქვს, ან მესამე პირის მიერ, რომლისთვისაც ეს ინფორმაცია ავტორისაგან პირდაპირი ან არა­პირდაპირი გზით ხელმი­საწვდომი გახდა), რაც სხვა შემთხვევაში იმოქ­მედებდა განაცხადში წარმოდგენილი ობიექტის პატენტუნარიანობაზე, არ მოახდენს გავლენას:

ა) გამოგონების პატენტ­უნა­რიანობაზე, თუ ინფორმაცია გახსნილია 12 თვის განმავლობაში მასზე განაცხადის შეტანის თარიღამდე ან, თუ მოითხოვება საკონვენციო პრიორიტეტი, ამ პრიორიტეტის თარიღამდე;

ბ) სასარგებლო მოდელის ან სამრეწველო ნიმუშის პატენტ­უნარია­ნო­ბა­ზე, თუ ინფორმაცია გახსნილია 6 თვის განმავლობაში მათზე განაც­ხადის შეტა­ნის თარიღამდე ან, თუ მოითხოვება საკონვენციო პრიო­რიტეტი, ამ პრიო­რი­ტეტის თარიღამდე.

     მუხლი 16

გამოგონებად ან სასარგებლო მოდელად არ მიიჩნევა:

ა) აღმოჩენა, სამეცნიერო თეორია, ან მათემატიკური მეთოდი;

ბ) მხატვრული კონსტრუირების შედეგი;

გ) ალგორითმები და პროგრამები გამომთვლელი მანქანებისათვის;

დ) აღზრდის, სწავლების მეთოდი და სისტემა, ენის გრამატიკული სის­ტემა, აგრეთვე, გონებრივი ოპერაციების შესრულების მეთოდები, თამაშობე­ბის, გათამაშების წესები;

ე) მეურნეობრიობის ორგანიზაციისა და მართვის მეთოდი;

ვ) ნაგებობათა, შენობათა, ტერიტორიათა დაგეგმარების პროექტი და სქე­მა;

ზ) ინფორმაციის წარდგენა,

თუ განაცხადში წარმოდგენილია ამ მუხლის „ა- ზ“ ქვეპუნქტებში ჩამოთვლილი ობიექტები.

     მუხლი 17

პატენტი არ გაიცემა:

 ა) გამოგონებაზე, სასარგებლო მოდელსა ან სამრეწველო ნიმუშზე, რო­მე­­ლიც იწ­ვევს არაჰუმანურ, ამორალურ და/ან ანტისაზოგა­დო­ებ­რი­ვ ქმედებას;

     ბ) გამოგონებაზე ან სასარგებლო მოდელზე, რომელიც ეხება ადამია­ნე­ბისა და ცხოველებისათვის გათვალისწინებული მკურ­ნა­ლო­ბის ქირურ­გიულ, თერაპიულ და დიაგნოსტიკურ ხერხებს. ეს წესი არ ვრცელ­დება მოწყო­ბი­ლო­ბებზე, ნივთიერებებზე, რომ­ლე­ბიც გამოი­ყე­ნე­ბა აღნიშნულ ხერხებში;

     გ) გამოგონებაზე, რომელიც ეხება მცენარეთა და ცხოველთა ჯიშებს, აგ­რეთვე მცენარეთა და ცხო­ველ­თა ჯიშის გა­მოყვანის უპირატესად ბიო­ლო­გიურ ხერხებს. ეს წესი არ ვრცე­ლდე­ბა მიკრობიოლოგიურ ხერხებსა და ამ ხერ­ხებით მიღებულ პროდუქ­ტებზე;

     დ) სასარგებლო მოდელზე, რომელიც ეხება მცენარეთა და ცხოველთა ჯი­შებს, აგრეთვე მცენარეთა და ცხო­ველ­­­თა ჯი­შის გა­მოყვანის უპირატესად ბიო­ლოგიურ ხერხებს, მიკრო­ორ­გა­ნიზმ­თა შტა­მებს, მცენარეთა და ცხოველ­თა უჯრედების კულტურებს, ბიო­ტექ­ნო­ლო­­გიისა და გენური ინჟინერიის ობიექ­ტებს, ქიმიური ხერხით მიღებულ ნივთიერებებს;

     ე) სამრეწველო ნიმუშზე, რომელიც ეხება:

     ე.ა) შენობათა ან სხვა უძრავ ნაგებობათა გარეგან სახეს, გარდა მცირე არქიტექტურული ფორმებისა;

     ე.ბ) თხევადი, აირისებრი, ფხვიერი და სხვა არამდგრადი ფორმის მქონე ობიექტებს;

     ე.გ) ნაკეთობებს, რომელთა გარეგანი სახე განპირობებულია არსებითი ნიშნების მხოლოდ ტექნიკური ან ფუნქციური დანიშნულებით;

     ე.დ) უშუალოდ ნაბეჭდ პროდუქციას.

თავი IV.  ავტორი და პატენტმფლობელი

    მუხლი 18

     1. გამოგონების, სასარგებლო მოდელის, სამრეწველო ნიმუშის ავ­ტო­რად მიიჩნევა ფიზიკური პირი, რომლის ინტელექტუალური და შემოქმედებითი შრომის შედეგად შე­იქმნა გამოგონება, სასარგებლო მოდელი ან სამრეწველო ნიმუში.

     2. ავტორობა უვადოდ დაცული განუსხვისებელი უფლებაა.

     3. თუ ავტორი მოითხოვს, „საქპატენტი“ ვალდებულია არ გამოაქვეყ­ნოს მისი სახელი.

     4. თუ გამოგონება, სასარგებლო მოდელი, სამრეწველო ნიმუში შეი­ქმ­ნა რა­მდენიმე პირის ერთობლივი შემოქმედებითი შრომის შედეგად, თი­თოეული მათგანი მიიჩნევა თანაავტორად.

     5. ურთიერთობანი თანაავტორთა შორის განისაზღვრება მათ შორის დადებული ხელშეკრულებით.

         მუხლი 19

     1. პატენტის მიღების უფლება აქვს ავტორს ან მის უფლებამო­ნა­ცვლეს.

     2. რამდენიმე პირის შემოქმედებითი შრომის შედეგად შექმნილ გამოგო­ნე­ბა­ზე, სასარგებლო მოდელსა და სამრეწველო ნიმუშზე პატენტის მიღების უფ­ლება აქვს როგორც ყველა ავტორს ერთობლივად, ასევე ცალკეულ მათგანს სხვა დანარჩენი ავტორების მიერ პატენტის მიღებაზე უარის თქმის შემთხვევაში.

         მუხლი 20

     1. მუშაკის მიერ შექმნილ გამოგონებაზე, სასარგებლო მოდელ­სა ან სამ­­­რეწველო ნიმუშზე, რომელიც დაკავშირებულია სამსახურებრივი მო­ვა­ლეო­­­ბის ან სპეციალური დავალების შესრულებასთან და რომელიც ით­ვალის­­წი­ნებს საგამომგონებლო საქმიანობას, პატენტის მიღების უფლება ეკუთ­ვნის სამუშაოს მიმცემს, თუ ხელშეკრულებით სხვა რა­მ არ არის გა­თვა­ლისწი­ნე­ბული. თუ პატენტი სამუშაოს მიმცემს ეკუთვნის, მაშინ მუშაკს უფლე­ბა აქვს, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, სამუშაოს მიმცემისაგან და­მა­­ტებით მიიღოს გამოგონების გამოყენების ფარდი გასამრჯელო.

     2. თუ გამოგონების, სასარგებლო მოდელის ან სამრეწველო ნიმუშის შექ­მ­ნა დაკავშირებული არ არის მუშაკის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის ან სპე­ცი­ა­­ლუ­რი დავალების შესრულებასთან, პატენტის მიღების უფლება ეკუთვ­­ნის მუშაკს. ამ შემთხვევაში სამუშაოს მიმცემს განაც­ხადის შეტანის დღი­დან ეკუ­თ­ვნის ლიცენზიისა და პა­ტენტის შე­ს­ყიდვის უპირატესი უფლება.

     3. თუ გამოგონება, სასარგებლო მოდელი, სამრეწველო ნიმუში შექმ­ნი­ლია სა­ხელმწიფო დაკვეთით ან ორგანიზაციათა შორის დადებული ხელშეკ­რუ­ლებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულების პროცესში, პატენტის მი­ღების უფლება განისაზღვრება დაკვეთის ან ხელშეკრულების პირობით.

        მუხლი 21

     1. მუშაკი ვალდებულია სამუშაოს მიმცემს დაუყონებლივ შეატყობინოს წერილობით მის მიერ შე­ქმნილი გამოგონების, სასარგებლო მოდელის ან სამრეწველო ნიმუ­შის შესა­ხებ.

     2. თუ სამუშაოს მიმცემი, რომელსაც მუშაკმა აცნობა სამ­სა­ხუ­რებრი­ვი მოვალეო­ბის შესრულებასთან ან დავალებასთან დაკავშირე­ბით შექმნილი გამოგო­ნე­ბის, სასარგებლო მოდელის ან სამრეწველო ნიმუშის შესა­ხებ, შეტყობინების მი­ღების დღიდან სამი თვის განმავლობაში „საქპატენტში“ არ წარადგენს გა­ნაც­ხადს, მაშინ მუშაკს უფლება აქვს თვითონ მიიღოს პატენტი.

        მუხლი 22

     1. თუ „საქპატენტში“ ერთსა და იმავე გამოგონებაზე, სასარგებლო მო­დელსა ან სამრეწველო ნიმუშზე სხვადასხვა დროს არის წარდგენილი ორი ან რამ­დე­ნიმე განაცხადი, პატენტი გაიცემა პირველ განმცხადებელზე.

     2. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათ­ვალის­წი­ნე­ბუ­­ლი გა­ნ­აცხადები „საქპატენტში“ ერთსა და იმავე დღეს არის წარდგენილი, პატენტი გაიცემა გან­მ­ცხა­­დე­ბელთა შეთანხმებაში მითითებულ პირზე (პირებზე). თუ შეთანხმების მიღ­წე­ვა ვერ მოხერხდა, პატენტის გაცემის საკითხს გადაწყვეტს სასამართლო.

თავი V. განაცხადის წარდგენა

    მუხლი 23

     1. განაცხადს „საქპატენტში“ წარადგენს ავტორი, სამუშაოს მიმცემი ან მათი უფლება­მონაცვლე.

     2. თუ გამოგონება, სასარგებლო მოდელი ან სამრეწველო ნიმუში ორი ან მეტი პირის ერთობლივი (თანაზიარი) შემოქმედებითი შრომის შედეგად არის შექმნილი, ისინი განაცხადს ურთიერთშეთანხმების საფუძ­ველ­ზე ერ­თობ­­ლივად წარადგენენ იმ შემთხვევაშიც კი, როცა თითოეული მათ­გა­ნის შემოქმედებითი წი­ლი გამოგონების შექმნაში განსხვავებულია.

     3. თუ რომელიმე ავტორი უარს ამბობს განაცხადის შეტანაზე, გა­ნა­ც­ხა­დის წარდგენის უფლება ენიჭება დანარჩენ ავტორებს.

     4. განაცხადი შეიძლება წარდგენილ იქნეს პატენტრწმუნებულის მეშ­ვე­ო­­­ბით.

     5. განაცხადის წარდგენა ხდება „საქპატენ­ტ­ში“ საგა­ნაცხადო მა­­სა­­­ლების უშუალოდ შეტანით ან სხვა გზით.

         მუხლი 24

     1. განაცხადი გამოგონების ან სასარგებლო მოდელის პატენტის მისაღებად უნდა შეიცავდეს:

     ა) განცხადებას პატენტის მიღების თაობაზე, რომელშიც მითითებულია გამოგონების ან სასარგებლო მოდელის ავტორი და ის პირი, რომელიც მოითხოვს პატენტის მიღებას;

     ბ) გამოგონების ან სასარგებლო მოდელის აღწერილობას;

     გ) გამოგონების ან სასარგებლო მოდელის ფორმულას;

     დ) ნახაზებს, თუ ისინი აუცილებელია გამოგონების ან სასარგებლო მოდელის არსის ასახსნე­ლად;

     ე) რეფერატს, რომელიც არ გამოიყენება ტექნიკის დონის დასადგენად და გააჩნია მხოლოდ საინფორმაციო ხასიათი;

     ვ) სხვა დოკუმენტებს, თუ ისინი აუცილებელია გამოგონების ან სასარგებლო მოდე­ლის ასახსნელად.

     2. განაცხადი სამრეწველო ნიმუშის პატენტის მისაღებად უნდა შე­იცავდეს:

     ა) განცხადებას პატენტის მიღების თაობაზე, რომელშიც მითითებულია სამრეწველო ნიმუშის ავტორი და ის პირი, რომელიც მოითხოვს პატენტის მიღებას;

     ბ) სამრეწველო ნიმუშის გამოსახულებას ან თვით ნიმუშის ნაკეთობას;

     გ) აუცილებლობისას სამრეწველო ნიმუშის აღწერილობას, ნახაზებს და სხვა მასალებს.

         მუხლი 25

     1. ყოველ განაცხადს „საქპატენტში“ წარდგენის დღიდან ერთი თვის განმავლობაში უნდა დაერთოს ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზისათვის დადგენილი საფა­სუ­­რის გადახ­დის დამადასტუ­რე­ბელი საბუთი.

     2. თუ განაცხადი წარდგენილია პატენტრწმუნებულის მეშვეობით, სა­გა­ნაცხადო მასალებს განაცხადის შეტანის დღიდან ერთი თვის გან­მავ­ლო­­­ბაში უნდა დაერთოს განმცხადებლის მიერ გაცემული მინდობილობა.

     3. თუ განაცხადი წარდგენილია ავტორის უფლებამონაცვლის მიერ, სა­განაცხადო მასალებს განაცხადის შეტანის დღიდან ერთი თვის გან­მავ­ლო­ბაში უნდა დაერთოს უფლებამონაცვლეობის დამადას­ტურებელი საბუთი.

        მუხლი 26

     1. განცხადება პატენტის მიღების თაობაზე წარდგენილი უნდა იყოს სახელმწიფო ენაზე, სხვა საგანაცხადო მასალები  ნებისმიერ ენაზე.

     2. „საქპატენტში“ საგანაცხადო მასალების სხვა ენაზე წარდგენის შემ­­თ­­­ხვე­­ვაში განმცხადებელმა მიწოდების დღიდან ორი თვის განმავლობაში უნდა უზრუნველყოს ქართული თარგმა­ნის წარდგენა.

     3. გამოგონებისა და სასარგებლო მოდელის აღწერილობა წარდგენილი უნ­­და იყოს დადგენილი წესით და ისეთი სისრულით, რომ შესაბამისი დარ­გის სპეციალისტისათვის შესაძლებელი იყოს მისი განხორციელება.

     4. თუ განაცხადი ეხება ბიოლოგიურ რეპროდუცირებად მასალას, რომელიც შეუძლებელია აღიწეროს განაცხადში ისეთი სისრულით, რომ სპე­ციალისტისათვის ცხადი იყოს მისი განხორციელების შესაძლებლობა, ან, თუ ეს ბიო­ლო­გიური მასალა არ არის საყოველთაოდ ხელმისაწვდომი, განაცხადს თან უნდა ერთვოდეს დეპოზიტორიუმის მიერ გაცემული ბიოლოგიური მასალის დეპო­ნირების დამადასტურებელი დოკუმენტი.

     5. გამოგონებისა და სასარგებლო მოდელის ფორმულა შედგენილი უნდა იყ­ოს დადგენილი წესით, ასახავდეს მის არსს და ეფუძნე­ბოდეს აღწე­რი­ლო­ბას. გამოგონების ფორმულა შეიძლება შედგებოდეს ერთი ან რამ­დე­ნიმე მუხ­ლისაგან. სასარგებლო მოდელის ფორმულა უნდა შედგე­ბო­დეს ერთი მუხლი­საგან.

     6. სამრეწველო ნიმუშის გამოსახულება უნდა იძლეოდეს გარეგანი სა­ხის სრულ და დეტალურ წარმოდგენას.

     7. სამრეწველო ნიმუშის აღწერილობა უნდა შეიცავდეს მისთვის დამახა­სია­თე­­ბელ არსებით ნიშნებს.

        მუხლი 27

     განაცხადი „საქპატენტში“ შეტანილად ჩაითვლება იმ დღიდან, რო­დე­საც წარდგენილია შემდეგი მასალები:

     ა) გამოგონებასა და სასარგებლო მოდელზე _ გან­­ცხა­დება პატენტის მისაღებად, აღწერილობა, ფორმულა და ნახაზები, თუ ისინი აუცილე­ბელია გამო­გო­ნებისა და სა­სარგებლო მოდელის არსის ასახსნელად;

     ბ) სამრეწველო ნიმუშზე _ განცხადება პატენტის მისაღებად, სამ­რეწ­ვე­ლო ნიმუშის გამოსახულება ან ნაკეთობა.

         მუხლი 28

     1. განაცხადი გამოგონებასა და სასარგებლო მოდელზე პატენტის მისა­ღე­ბად უნდა ეხებოდეს ერთ გამოგონებას ან სასარგებლო მოდელს, მაგრამ შეიძლება მოიცავდეს ერთი საგამომ­გონებლო იდეით გაერ­თია­ნე­ბულ გამოგონებათა ჯგუფს.

     2. განაცხადი სამრეწველო ნიმუშზე პატენტის მისაღებად უნდა ეხებოდეს ერთ სამრეწველო ნიმუშს, მაგრამ შეიძლება მოიცავდეს ერთ ან რამ­დე­ნი­მე ნაკეთობას (ვარიანტს), ნაკეთობათა ნაკრებს (კომპლექტს), თუ ისინი გაერთიანებულია ერთი მხატვრულ-კონსტრუქციული იდეით.

        მუხლი 29

     1. განმცხადებელს უფლება აქვს:

     ა) დაყოს წარდგენილი განაცხადი მასში შემავალ ნაწილებად და წარადგინოს გამო­ცალკევებული განაცხადი;

     ბ) შეცვალოს წარდგენილი განაცხადის აღწერილობა, ფორმულა და ნა­ხა­ზები;

     გ) გარდაქმნას განაცხადი გამოგონებაზე განაცხადად სასარგებლო მო­დელზე და პირიქით.

     2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“-„ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გამოცალკევებული გა­ნაც­­ხადის საგანსა და ცვლილებებს უნდა შეიცავდეს ადრე წარდგენილი გა­ნაც­ხა­დი. ამ პირობით მას უნარ­­­ჩუნდება ადრე შეტანილი განაცხადის შე­ტა­ნის თა­რი­ღი.

     3. გამოცალკევებული განაცხადის წარდგენა, ცვლილების შეტანა და გა­ნაც­­ხა­დის გარდაქმნა დასაშვებია პატენტის გაცემის თაობაზე გადაწყვე­ტი­­ლე­ბის გამოტანამდე.

         მუხლი 30

     1. განმცხადებელი, რომელსაც სურს ისარგებლოს საკონვენციო პრიო­რი­ტე­ტით, ვალდებულია განაცხადი გამოგო­ნე­ბა­სა ან სა­სარგებლო მოდელზე წარად­გინოს „საქპატენტში“ პარიზის კონ­ვენციის წევრ ქვეყანაში ადრე შეტანილი განაცხადის შეტანის თარიღიდან თორმეტი, ხოლო სამ­რეწ­ველო ნიმუშზე _ ექვსი თვის გან­მავლობაში.

     2. განმცხადებელმა, რომელსაც სურს ისარგებლოს საგამოფენო პრიო­რი­ტე­ტით, ვალდებულია განაცხადი გამოგონებაზე, სასარგებლო მოდელსა ან სამრეწველო ნიმუშზე წარადგინოს „საქპატენტში“ პარიზის კონ­ვენ­ციის წევრ ქვეყანაში მოწყობილ ოფიციალურ ან ოფიციალურად მიჩნეულ გამოფენაზე გამოგონების, სასარგებლო მოდელის ან სამრეწველო ნიმუშის ექსპონირების თარიღიდან ექვსი თვის განმავლობაში. საგამოფენო და საკონვენციო პრიორიტეტი ერთმანეთის ვადას არ აგრძელებს.

     3. თუ განმცხადებელმა მისგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო აღნიშ­ნულ ვადებში ვერ შეძლო განაცხადის შეტანა „საქპატენტში“ საკონვენციო ან საგამოფენო პრიო­რი­­­ტეტის მოთხოვნით, ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ვადა შეიძლება გაგრძელდეს არა უმეტეს ორი თვით.

     4. განმცხადებელმა, რომელსაც სურს ისარგებლოს საკონვენციო ან საგამოფენო პრიორი­­ტე­ტის უფლებით, ამის შესახებ უნდა მიუთითოს „საქპატენტში“ განაც­ხა­დის წა­რდგენისთანავე ან განაცხადის წარდგენიდან ორი თვის განმავ­ლო­ბა­ში და თან დაურთოს ასეთი მოთხოვნის უფლების დამადასტურებელი საბუთი, ან წარადგინოს იგი „საქპატენტში“ საკონვენციო ან საგამოფენო პრიორიტეტის მოთხოვნიდან არა უგვიანეს სამი თვისა.

     5. პრიორიტეტი შეიძლება დადგინდეს:

     ა) დამატებითი მასალების წარდ­გენის თარიღით, თუ განმცხადებელმა ისინი გააფორმა დამოუკი­დებელი განაც­ხა­დის სახით და წარადგინა „საქ­პა­ტენტ­­ში“ სამი თვის განმავლობაში მას შემ­დეგ, რაც მიიღო შეტყობინება, რომ დამა­ტებითი მასალები არ მიიღება მხედ­­ველობაში, რადგან ისინი ცვლიან განც­ხადებული ობიექტის არსს;

     ბ) „საქპატენტში“ იმავე განმცხადებლის უფრო ადრინდელი განაც­ხა­დის შეტანის თარიღით, რომელშიც გახსნილია ამ გამოგონების, სასარ­გებ­ლო მოდელის ან სამრეწველო ნიმუშის არსი, თუ განა­ცხადი, რომლითაც მოით­ხოვება ასეთი პრიორიტეტი, შევიდა გამო­გონე­ბაზე ან სასარგებლო მოდელზე უფ­რო ადრინდელი განაც­ხადის შეტანის თარიღიდან თორმეტი თვის განმავ­ლობაში, ხოლო სარეწველო ნიმუშზე უფრო ადრინ­დელი განაც­ხადის შეტანის თარიღიდან ექვსი თვის განმავლობაში. ამასთან, უფრო ადრინდელი განაც­ხა­დი გატანილად ითვლება;

     გ) ადრე შეტანილი რამდენიმე განაც­ხა­დის საფუძველზე, ყოველი მათ­გა­ნისათვის ამ მუხლის მე-5 პუნქტის    „ბ“ ქვეპუნქტის პირობების და­ც­ვით.

     6. პრიორიტეტი არ დადგინდება იმ განაცხადის შეტანის თარიღით, რო­მელზედაც უკვე მოთხოვნილია უფრო ადრინდელი პრიორიტეტი და რომელზედაც საქმის წარმოება შეწყდა.

        მუხლი 31

     1. საქართველოში შექმნილ გამოგონებაზე ან სასარგებლო მოდელზე განა­ცხადის უცხო ქვეყნის საპატენტო უწყებაში წარდგენამდე, გან­მცხა­დე­ბელი ვალდებულია შეიტანოს განაცხადი „საქპატენტში“ და სთხოვოს მას უც­ხო ქვეყანაში დაპატენტების ნებართვა.

     2. „საქპატენტი“ ვალდებულია ექვსი თვის განმავლობაში აცნობოს განმცხადებელს თავისი გადაწყვეტილება გამოგონების ან სასარგებლო მო­დელის უცხო ქვეყანაში დაპატენტების თაობაზე. თუ ამ ვადაში გან­მცხადებელს გა­­დაწყვე­ტილება არ ეცნობა, მას შეუძლია წარადგინოს განაცხადი უცხო ქვეყანაში დასაპატენტებლად.

თავი VI. საპატენტო ექსპერტიზა და პატენტის გაცემა

    მუხლი 32

     1. „საქპატენტი“ ატარებს საპატენტო ექსპერტიზას, რის საფუძველზედაც გა­მოაქვს გადაწყვეტილება პატენტის გაცემის თაობაზე.

     2. ექსპერტიზის მსვლე­ლობისას „საქპატენტს“ შეუძლია მოითხოვოს განმც­ხა­­დებლისაგან დამატებითი მასალების წარდგენა ან განაცხადში ცვლი­­­ლე­ბის შეტანა, რომელთა გარეშეც შეუძლე­ბელია განაცხადის განხილვის გაგრ­ძე­ლე­ბა.

         მუხლი 33

     1.„საქპატენტი“ წარდგენილი განაცხადის შეტანის თარიღს ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის საფასურის გადახდის დამა­დასტუ­რე­ბელი საბუთის წარდგენის შემთხვევაში ადასტურებს ერთი თვის ვადაში.

     2. თუ გამოვლინდა, რომ წარდგენილ განაცხადს აკლია ამ კანონის 27_ ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე საგანაცხადო მასალა, „საქპატენტი“ განმცხადებელს სთხოვს აღნიშნული მასალების წარდგენას შეტყობინების მიღების დღიდან ერთი თვის განმავლობაში.

     3. თუ განმცხადებელი შეასრულებს ამ მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნას, მაშინ განაცხადის შეტანის თარიღად ჩაითვლება აღნიშნული მოთხოვნის შესრულების თარიღი. თუ განმცხადებელი ვერ შეასრულებს ამ მოთხოვნას, განაცხადი შეტანილად არ ჩაითვლება.

     4. თუ გამოგონების ან სასარგებლო მოდელის აღწერილობაში მითითე­ბუ­ლია ნახაზები, რომლებიც არ იყო წარდ­გე­ნილი განაცხადში, „საქ­პატენ­ტი“ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინელ ვადაში მოითხოვს გან­მცხადებ­­ლი­საგან მათ წარდ­გენას. თუ განმცხადებელი ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწირებულ ვადაში შეასრუ­ლებს ამ მოთხოვნას, მაშინ გა­ნაცხადის შეტა­ნის თარიღად ჩაითვლება აღნიშნული ნახაზების მიღების დღე. თუ განმც­ხადებელი ვერ შეას­რულებს ამ მოთხოვნას, განაცხა­დის შეტა­ნის თარი­ღად ჩაითვლება განაცხადის მიღების თარიღი, ხოლო ნებისმიერი აღნიშვნა ნახა­ზებ­ზე ამოღებულად ჩაითვლება.

         მუხლი 34

     1. ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა ტარდება განაცხადის შე­­­ტანის თარიღის დადასტურების დღიდან ერთი თვის განმავლობაში.

     2. განაცხადზე საქმის წარმოება წყდება, თუ განაცხადი არ აკმა­ყო­ფი­ლებს ფორმალური ექსპერტიზის მოთხოვნებს.

         მუხლი 35

     1. თუ დადასტურდა, რომ განაცხადი გამოგონებაზე აკმაყო­ფი­ლებს ფორ­­მალური მოთხოვნების ექსპერტიზას, „საქპატენტი“ აწარმოებს კვლევას განაც­ხადში აღწერილი გამოგონების ტექნიკის დონის და­სადგენად, რის საფუძველზედაც ატარებს სიახლის ექსპერტიზას და ადგენს დოკუმენტურ დასკვნას.

     2. „საქპატენტი“ დადგენილი წესით განსაზღვრული საფასურის გადახდისას უზრუნველყოფს კვლევის ჩატარებას ექვსი თვის გან­მავ­ლო­­­­ბაში.

     3. განაცხადი გამოგონებაზე, რომელზედაც განმცხადებელმა არ გადაი­ხა­და კვლევისათვის დადგენილი წესით განსაზღვრული საფასური, განიხილება როგორც გა­ნაცხადი სასარ­გებ­ლო მო­დელზე.

          მუხლი 36

     1. „საქპატენტი“ უგზავნის განმცხადებელს დოკუმენტურ დასკვნას ტექ­ნი­კის დონის შესახებ. განმცხადებელს შეუძლია დასკვნის მიღებიდან ორი თვის განმავლობაში წარადგინოს „საქპატენტში“ გამოგონების ფორმულის ახა­ლი რედაქცია, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს გამოგონების აღწერი­ლობის არსობ­რივ ფარგლებს, ან წარადგინოს წერილობითი პასუხი.

     2. თუ დოკუმენტური დასკვნის მიღებიდან ორი თვის განმავლობაში გან­­­მ­­ცხა­დე­ბელმა არ წარადგინა შესწორება ან დასაბუთებული შეპასუხება და განაცხადი აკმაყოფილებს სიახლის კრიტერიუმის მოთხოვნებს, „საქ­პა­ტენტს“ გამოაქვს წინასწარი გადაწყვეტილება გამოგონების პატენ­ტის გაცე­მის თაობაზე.

         მუხლი 37

     1. გამოგონების პატენტის გაცემის თაობაზე წინასწარი გადა­წყვე­ტი­ლე­ბის საფუძველზე დადგენილი წესით განსაზღვრული საფასურის გა­დახდისას „საქპატენტი“ აქვეყნებს მონაცემებს საქართველოს სამრეწველო სა­­კუთ­­რების ოფიციალურ ბიულეტენში (შემდგომში-ბიულეტენი) და გამოფენს საგა­ნა­ცხადო მასა­ლებს გასაცნობად.

     2. ბიულეტენში მონაცემების გამოქვეყნებიდან სამი თვის განმავლობაში დაინტერესებულ პირს, დადგენილი წესით განსაზღვრული სა­ფასურის გადახ­დის შემთხვევაში, შეუძლია „საქპატენტში“ შეიტანოს პატენტ­უნა­­რიანობის კრიტერიუმების უარყოფასთან დაკავშირებული დასაბუთებული შედავება პატენტის გაცემის თაობაზე.

     3. „საქპატენტი“ მესამე პირის მიერ ამ ვადაში წარდგე­ნილ შედა­ვების მასალებს უგზავნის განმცხადებელს, რომელსაც შეუძლია ორი თვის განმავლობაში წარუდგინოს „საქპატენტს“ წერილო­ბითი პასუხი ან შეც­ვა­­­ლოს გამოგონების ფორმულა.

     4. თუ განმცხადებელმა ამ ვადაში არ წარადგინა „საქპატენტში“ და­საბუ­თე­ბუ­ლი შეპასუხება ან არ შეიტანა ცვლილება გამოგონების ფორ­მუ­ლაში, „საქ­­პა­ტენტი" ორი თვის ვადაში განიხილავს მესამე პირის შედავებას და გამოაქვს შესაბამისი გადაწყვეტილება პატენტის გაცემის თაობაზე.

        მუხლი 38

     1. თუ დადასტურდა, რომ განაცხადი სასარგებლო მოდელზე აკ­მა­ყო­ფი­ლებს ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზას, „საქპატენტი“ ერთი თვის განმავლობაში ატარებს ექსპერტიზას სიახლეზე მის მიერ რეგისტრირებული განაცხადებისა და გაცემული პატენტების გათვალისწინებით.

     2. თუ დადასტურდა, რომ განაცხადი სასარგებლო მოდელზე აკ­მა­ყო­ფი­ლებს სიახლის ექსპერტიზის მოთხოვნებს, „საქპატენტს“ გა­მოაქვს გა­დაწყ­ვე­ტილება სასარგებლო მოდელის პატენტის გაცემის თაო­ბაზე.

         მუხლი 39

     თუ დადასტურდა, რომ განაცხადი სამრეწველო ნიმუშზე აკმა­ყო­ფი­ლებს ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზას, მაშინ ­„საქპატენტს“ გა­მო­აქვს გა­­დაწყვეტილება პატენტის გაცემაზე.

         მუხლი 40

     „საქპატენტი“ გამოგონების, სასარგებლო მოდელისა და სამრეწველო ნიმუშის პატენტის გაცემის თაობაზე მიღებული გადაწყვე­ტი­ლების სა­ფუძ­ველ­ზე, დად­გენილი წესით განსაზღვრუ­ლი საფასურის გადახდის შემთხვე­ვაში, აქვეყნებს მონაცემებს ბი­ულ­ეტენში. გარდა ამისა, „საქპატენტი“ აქვეყნებს გამოგონებისა და სასარგებლო მოდელის აღწერილობას.

         მუხლი 41

     1. პატენტის გაცემის თაობაზე მონაცემების გამოქვეყნების შემდეგ, დადგენილი წესით განსაზღვრული საფასურის გა­დახ­დის შემთხვე­ვაში, “საქ­პა­­­­ტენტი“ ახორციელებს გამოგონების, სასარგებლო მოდელის ან სამ­რეწველო ნიმუშის რეგისტრაციას სამრეწველო საკუთრების რე­ესტრ­ში (შემდგომში - რეესტრი) და გასცემს პატენტს.

     2. პატენტის ფორმას და რეესტრში შესატან მონაცემებს ად­­გენს „საქპატენტი“.

     3. ნებისმიერ პირს უფლება აქვს დად­გე­ნი­ლი წესით გაეცნოს რეესტრს.

     4. პატენტის ძალაში შესანარჩუნებლად გადაიხდება დად­გე­­ნილი წესით განსაზღვრული წლიური საფასური.

         მუხლი 42

     1. „საქპატენტს“ გამოაქვს უარყოფითი გადაწყვეტილება გამო­გო­­ნებისა და სასარგებლო მოდელის პატენ­ტის გა­ცემის თაობაზე მთლიანად ან მათ ნაწილზე, თუ განაცხადი:

     ა) ეხება ისეთ ობიექტებს, რომლებიც ამ კანონის მე- 16 მუხლის შესა­ბა­მი­სად არ მიიჩნევა გამოგონებად და სასარგებლო მოდელად;

     ბ) ეხება გამოგონებასა და სასარგებლო მოდელს, რომლებზედაც ამ კანონის მე- 17 მუხლის შესაბამისად პატენტი არ გაიცემა;

     გ) არ აკმაყოფლებს სიახლეზე პატენტუნარიანობის მოთხოვნების კრი­ტე­რიუმს;

     დ) არ აკმაყოფილებს ამ კანონის 26- ე მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნებს;

     ე) შეიცავს ფორმულას, რომელიც არ გამომდინარეობს აღწერი­ლობი­დან;

     ვ) თავისი აღწერილობითა და ფორმულით არ იძლევა ამ კანონის 35-ე მუხლით გათვალისწინებული კვლევის ჩატარების შესაძლებლობას;

     ზ) შეიცავს ერთი დამოუკიდებელი მუხლით წარმოდგენილი გამო­გო­ნე­ბის ფორმულას, რომელშიც აღწერილია ერთზე მეტი გამოგონება და რომელიც არ იქნა და­ყოფილი „საქპატენტის“ მოთხოვნით ან განმცხადებლის ინიციატივით;

     თ) ეხება გამოგონების პირველადი აღწერილობიდან გამოცალკევებულ გა­ნაცხადს, რომლის არსი არ არის მოცემული პირველად აღწერილობაში.

     2. თუ უარყოფითი გადაწყვეტილება ეხება მხოლოდ განაცხადის ნა­წილს, მაშინ ფორმულის შესაბამისი მუხლები ამოიღება.

         მუხლი 43

     „საქპატენტს“ გამოაქვს უარყოფითი გადაწყვეტილება სამრეწველო ნი­მუშ­ის პატენტის გაცემის თაობაზე, თუ განაცხადი ეხება ისეთ ნიმუშს, რო­მელ­ზედაც ამ კანონის მე-17 მუხლის შესაბამისად პატენტი არ გაიცემა.

        მუხლი 44

     განაცხადზე საქმის წარმოება წყდება დადგენილი წესით გან­საზღვ­რუ­ლი საფასურების გადაუხდელობის შემთხვევაში.

       მუხლი 45

     განმცხადებელს უფლება აქვს გამოქვეყნებამდე გამოითხოვოს გა­ნა­ცხა­­დი.

         მუხლი 46

     1. განმცხადებელს უფლება აქვს მოითხოვოს პროცედურული ვადების გაგრ­ძელება დადგენილი წესით.

     2. განმცხადებელს, მის მიერ პროცედურული ვადების დარღვევის შემ­თხვე­­ვაში, უფლება აქვს მოითხოვოს  „საქპა­ტენტისაგან“ ამ ვადების აღდგენა დადგენილი წესით.

         მუხლი 47

     1. პატენტზე განაცხადის ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის, საპა­ტენ­­ტო ექსპერტიზის პროცე­დუ­რული, პატენტის გაცემის, ძალაში შესანარ­ჩუ­ნე­­ბელი წლიური და სხვა იურიდიული მნიშვნელობის ქმედებებისათვის გადაიხდება საფასური. საფასურის ოდენობა და მისი გადახდის პი­რო­ბები განი­საზღვ­რება დადგენილი წესით.

     2. დასაშვებია საფასურების გადასინჯვა საერთაშორისო ნორმების, ეროვნული ვალუტის კურსის ცვლილებისა და ინფლაციის გათვალისწი­ნე­ბით.

თავი VII. საპატენტო უფლებებით სარგებლობის ფარგლები

    მუხლი 48

     1. პატენტმფლობელს აქვს განსაკუთრებული უფლება თა­­­ვისი შეხე­დუ­­ლე­ბი­სამებრ გამოიყე­ნოს გა­მო­გონება, სასარგებლო მოდელი, სამრე­წველო ნიმუში, დაამზადოს პატენტით დაცული პრო­დუქტი, ჩართოს ობიექტი სამოქალაქო ბრუნვაში, მისი გამოყენებით მიიღოს შემოსავალი, ან აკრძალოს აღნიშნული ქმედებები.

     2. პატენტმფლობელი თავისი შეხედულებისამებრ განკარგავს გამოგო­ნე­­ბას, სასარგებლო მოდელს, სამ­რე­წ­ველო ნიმუშს. მას შეუძლია გაყიდოს ან სხვა გზით გაასხვისოს პატენტი, დადგენილი წესით გასცეს ლიცენზია.

       მუხლი 49

     თუ პატენტმფლობელის განსაკუთრებული უფლება ვრცელდება პატენტ­ზე, რომლის საგანია ახალი პროდუქტის მიღების ხერხი, მაშინ საწი­ნა­აღ­მდე­გოს დამტკიცებამდე სხვა პირის მიერ დამზა­დე­ბული ნებისმიერი მსგავსი პროდუქტი ითვლება ამ ხერხით მიღებულად.

         მუხლი 50

     თუ პატენტის მფლობელი რამდენიმე პირია, მაშინ:

     ა) პატენტის გასხვისება ან ლიცენზიის გაცემა ნებადართულია მხო­ლოდ ყველა პატენტმფლობელის თანხმობით;

     ბ) პატენტმფლობელს უფლება აქვს პატენტით დაცული ობიექტი გა­მოიყენოს საკუთარ წარმოებაში სხვა პატენტმფლობელთა თანხმობის გარეშე.

          მუხლი 51

     განაცხადის გამოქვეყნების დღიდან პატენტის გაცემამდე განმცხა­დე­ბელს პირობითად ენიჭება იგივე უფლებები, რაც მას მინიჭებული ექნებოდა პა­­ტენტით. თუ პატენტი არ იქნა გაცემული, მაშინ აღნიშნული უფლებები წარ­მოქმნილად არ მიიჩნევა.

        მუხლი 52

     პატენტიდან გამომდინარე განსაკუთრებული უფლების დარ­ღვე­ვად არ მიიჩნევა:

     ა) პატენტმფლობელის მიერ ან მისი ნებართვით დამზადებული ნაწარ­მის სამოქალაქო ბრუნვაში ჩართვის შემდგომ გავრცელება ან სხვა­გვარად გამოყენება;

     ბ) გამოგონების, სასარგებლო მოდელის ან სამრეწველო ნიმუშის კერძო წესით გა­მო­­ყენება პირადი სარ­გებლობისათვის, როდესაც ამგვარი ქმე­დება არ ისახავს კომერციულ მიზ­ნებს;

     გ) გამოგონების, სასარგებლო მოდელისა ან სამრეწველო ნიმუშის გა­მო­ყენება რომელიმე ქვეყნის საზღვაო ხომალ­დზე, საფრენ ან სახ­მე­­ლეთო სატრანსპორტო საშუალებაზე, მათი სა­ქართველოს ტერიტორიაზე შემ­თხვე­ვით ან დროებით ყოფნის დროს. ასეთ შემთხვევაში გამოგონება, სასარგებლო მოდელი და სამრეწველო ნიმუში უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ ამგვარ სატრან­სპორტო საშუალებაზე და არა მეწარ­მეობისათვის;

     დ) გამოგონების, სასარგებლო მოდელის ან სამრეწველო ნიმუშის გა­მო­ყენება სტიქიური უბედურების, კატასტროფის, ეპიდემიისა და სხვა სა­გან­გე­­ბო ვითარების დროს.

        მუხლი 53

     თუ რომელიმე პირი გამოგონებაზე, სასარგებლო მოდელსა ან სამ­რეწველო ნიმუშზე „საქპატენტში“ განა­ცხა­დის შეტანის თარიღამდე, ან იმ პირ­ვე­ლი განაცხადის შეტანის თარიღამდე, რომელიც პარიზის კონვენციით დად­გე­ნილი პრიორიტეტის მოთხოვნის საფუძველია, კეთილსინდისიერად სარ­გებ­ლობ­და ამ გამოგონებით, სასარგებლო მოდელით ან სამრეწველო ნიმუ­შით, ან განახორციელა მოსამზადებელი სამუშაოები მისი გამოყენებისათვის, მას უფლე­ბა აქვს ინდი­ვიდუალურად გამოიყენოს იგი პატენტის მოქმედების მიუხედავად (წინათ­სარგებლობის უფლება).

         მუხლი 54

     1. პატენტმფლობელის მიერ წლიური საფასურის გადაუხდელობა იწ­ვევს პატენტის მოქმედების შეწყვეტას.

     2. თუ პატენტმფლობელმა საპა­ტიო მიზეზით არ გადაიხადა წლიური საფასური, მას უფლება აქვს შუამდგომლობა აღძრას „საქპატენტის“ წი­ნა­­შე პატენტის მოქმედების აღ­დგე­ნის თაობაზე.

     3. შუამდგომლობა აღიძვრება სამი თვის განმავლობაში, დადგენილი საშე­­ღა­­ვათო ვადის გასვლის შემდეგაც და გადაწყვეტილება აღდგენის შესა­ხებ შე­ი­ტანება რეესტრში.

     4. პატენტის მოქმედების აღდგენის შესახებ დადებითი გა­და­წ­ყვე­ტილების გამოტანისას პატენტი აღდგენილად ჩაითვლება, თუ აღნიშნული გადაწ­ყვე­ტი­ლების გამოტანიდან სამი თვის განმავლობაში გადახ­დილი იქნება წლიური სა­ფა­­სური.

        მუხლი 55

     ნებისმიერ პირს, რომელმაც საქართველოს ტერიტორიაზე პა­ტენ­ტის ძალის დაკარგვის დღიდან მის აღდგენამდე კეთილ­სინ­დი­სიერად გამო­იყენა ან განახორციელა მოსამზადებელი სამუშაოები იმ გამოგონების, სასარგებლო მოდელის ან სამრეწველო ნიმუშის გამოყენებისათვის, რომელიც პატენტის საგანს შეად­გენს, უფლება აქვს განაგრძოს მისი გამოყენება მეწარმე­ობისათვის. ამ უფ­ლე­ბის გადაცემა დასაშვებია მხოლოდ საწარმოსთან ერთად (შემდგომ­სარ­გებ­ლობის უფლება).

         მუხლი 56

     პატენტი ძალას კარგავს „საქპატენტში“ პატენტმფლობელის მიერ სა­კუთარ პატენტზე წერილობითი უარის შეტანის შემთხვევაში.

        მუხლი 57

     1. პატენტი უქმდება, თუ დადგინდა, რომ:

     ა) პატენტის საგანი არ არის პატენტუნარიანი;

     ბ) პატენტი არ აღწერს გამოგონებას, სასარგებლო მოდელსა და სამ­რეწ­­ვე­ლო ნიმუშს ისეთი სისრუ­ლით, რომ შესაძლებელი იყოს მისი განხორ­ციელება;

     გ) პატენტის საგანი განეკუთვნება ისეთ ობიექტებს, რომლებზედაც ამ კა­ნო­ნის თანახმად პატენტი არ გაიცემა;

     დ) პატენტის საგანი სცილდება იმ განაცხადის შინაარსის ფარგლებს, რომლის მიხედვითაც დადგინდა პრიორიტეტი, ან პატენტი გა­ცე­მულია გა­მოცალკევებული განაცხადის საფუძველზე და მისი საგანი სცილ­დება პი­რ­ვე­­ლი განაცხადის შინაარსის ფარგლებს;

     ე) თუ პატენტმფლობელს არ ჰქონდა უფლება პატენტზე ამ კანონის მე-20 ან 21-ე მუხლების შესაბამისად.

     2. პატენტმფლობელის მიერ შემოტანილი პატენტით დაცული გამოგო­ნე­ბის გამოუყენებლობა საქართველოს ტერიტორიაზე პატენტის გაცე­მი­დან სამი წლის განმავლობაში იწვევს შემოტანილი პატენტის გაუქმებას. ამასთან, გა­მო­­­ყენებად არ ჩაითვლება შემოტანილი პატენტით დაცული გამოგონების საფუძველზე დამ­ზადებული პროდუქციის იმპორტი საქართველოში.

    მუხლი 58

პატენტის სრულ ან ნაწილობრივ ბათილად ცნობას უკუქცევითი ძალა აქვს პატენტზე განაცხადის შეტანის თარიღიდან.

 

თავი VIII. ლიცენზია გამოგონების, სასარგებლო მოდელის, სამრეწველო ნიმუშის გამოყენებაზე

         მუხლი 59

     1. პატენტის მფლობელს ან მის უფლებამონაცვლეს (ლიცენზიარი) უფ­ლე­ბა აქვს გასცეს სხვა პირ­ზე (ლიცენზიატი) ლიცენ­ზია.

     2. ლიცენზია შეიძლება იყოს მარტივი ან განსაკუთ­რე­ბული.

     3. მარტივი ლიცენზია ლიცენზიარს უტოვებს პატენტიდან გამომდინარე ყვე­­ლა უფლებას.

     4. განსაკუთრებული ლიცენზია ლიცენზიარს უკარგავს ანა­ლო­­გი­ური პირობებით სხვა ლიცენზიების გაცემის უფლებას.

        მუხლი 60

     1. პატენტმფლობელს ან მის უფლება­მო­ნა­ც­ვლეს შეუძლია გამოაც­ხა­დოს ღია ლიცენ­ზი­­რების რეჟიმი და თხოვნით მიმართოს „საქპატენტს“ რე­ესტრ­ში შესაბამისი ჩა­ნა­­წერის შეტანის თაობაზე იმ შემთხვევაში, თუ პა­ტენტზე, რო­მელ­ზედაც ცხადდება ღია ლიცენზია, არ არის გაცემული განსაკუთ­რე­ბული ლი­ცენზია.

     2. ღია ლიცენზია შეიძლება იყოს მხოლოდ მარტივი.

     3. ღია ლიცენზირების რეჟიმი უფლებას აძლევს ნე­ბისმიერ პირს გა­მო­ი­ყენოს პატენტი პატენტ­მფლობელთან შეთანხმებული პი­რობებით. თუ შე­თანხ­მების მიღწევა არ ხერხდება, გამოყე­ნე­ბის პირობებს ადგენს სასა­მართ­ლო.

     4. ღია ლიცენზირების რეჟიმის გამოცხადებისას საპროცედურო საფა­სურის თანხა ორჯერ მცირდება.

     5. პატენტმფლობელს შეუძლია ნებისმიერ დროს მიმართოს „საქპატენტს“ ღია ლიცენზირების რეჟიმის გაუქმების თაობაზე. თუ სა­ლი­ცენზიო ხელშეკ­რუ­ლე­ბა არ დადებულა ან აღარ მოქმედებს, ან ლი­ცენზიის ყველა მფლო­ბე­ლი თანახმაა, მაშინ „საქპატენტი“ აკმაყოფილებს აღნიშნულ თხოვნას.

         მუხლი 61

     1. გამოგონებასა და სასარგებლო მოდელზე შეიძლება გაიცეს იძუ­ლე­ბი­თი ან ოფიციალური ლიცენზია. იძულებითი ან ოფიციალური ლიცენ­ზია გაი­ცემა საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროსთან არსებული იძულებითი ლიცენზიების კომი­სიის გადაწყვეტი­ლე­ბით.

     2. იძულებითი ლიცენზია შეიძლება იყოს მხოლოდ მარტივი. იგი გაი­ცემა პატენ­ტის გაცემის თარიღიდან ოთხი წლის შემდეგ, ნებისმიერი დაინ­ტერე­სებული პირის მოთ­ხოვნით.

     3. იძულებითი ლიცენზიის მოთხოვნა, რაც აუცილებელია საზოგადოებ­რი­ვი საჭიროებისათვის, შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ ზემოთ აღნიშ­ნული ვადის განმავლობაში გამოგონება ან სასარგებლო მოდელი არ გამოიყენებოდა სა­ქარ­­­თველოს ტერიტორიაზე ან გამოიყენებოდა არასაკ­მა­რისად, აგრეთვე თუ შეუძლებელია მათი გამოყენება სხვა, უფრო ადრინ­დელი პატენტის დარღვევის გარეშე.

     4. იძულებითი ლიცენ­ზია შეიძლება გაცემულ იქნეს მხოლოდ იმ შემთ­ხვევაში, თუ მანამდე დაინტერესებული პირი ცდი­ლობდა ნებართვის მიღებას პატენტ­მფლობელისაგან ან მისი უფლებამონაცვლისაგან გონივრული პირობე­ბით და გონივრულ ვადაში, მაგრამ მისი მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა.

     5. ოფიციალური ლიცენზია, იძულებითი ლიცენზიის ნაირსახეობაა და გაი­ცე­მა შესაბამისი სახელმწიფო ორგა­ნოს მოთ­ხოვ­ნით, თუ დასაბუთებულ იქნა ეროვ­ნუ­ლი თავდაცვის, ადამიანის ჯანმრთე­ლო­ბის დაცვის ან ქვეყნის ეკონომიკის ინტერესებისათვის პატენტის გამოყე­ნე­ბის აუცილებლობა. ოფიციალური ლი­ცენ­­ზია შეიძლება გაიცეს ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული ოთხ­წლია­ნი ვადის გასვლამდე.

     6. ოფიციალური ლიცენზიის გაცემა პატენტმფლობელის ან მისი უფლე­ბამონაცვლის თხოვნით შე­იძ­­­­ლება გადაიდოს, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლით, იმ პირობით, რომ პა­ტენტ­­მფლობელი იკისრებს საკუთარი წარმოებით დააკმა­ყოფილოს სახელმ­წი­ფოსა და საზოგადოების მოთხოვნილება.

     7. პატენტის გამოყენება ოფიციალური ლიცენზიის საფუძველზე შეიძ­ლე­ბა განახორციელოს როგორც სახელმწიფომ, ისე კერძო პირ­მა, რომელსაც და­ასახელებს ლიცენზიის გაცემის მომთხოვნი კომპეტენტური სახელმწიფო ორ­გა­ნო ან სასამართლო.

     8. ოფიციალური ლიცენზიის გაცემის თაობაზე გადა­წყვე­­­ტილებით დგინ­­­­­­­­დე­ბა გამოყენების სფერო, მოქმედების ვადა, ლი­ცენ­ზიარი­სა და ლი­ცენ­ზიატის უფლება-მოვალეობანი და ანაზღაურების ოდენობა.

საქართველოს 2000 წლის 11 მაისის კანონი №295 - სსმ I, №17, 12.05.2000 წ., მუხ.41

         მუხლი 62

     1. სალიცენზიო ხელშეკრულება უნდა გაფორმდეს წერილობით. იგი მხა­რეთა შეთანხმებით შეიძლება დადგე­ნი­­ლი წესით რეგისტრაციაში გატარდეს „საქპატენტში“ ხელშეკრულების დადე­ბი­დან არა უგვიანეს ორი თვისა.

     2. ლიცენზიაში შეტანილი არსებითი ცვლილებები მხარეთა სურვილით შეიძლება დადგენილი წესით რეგისტრაციაში გატარდეს „საქპატენტში“ ამ ცვლილებების შეტანიდან არა უგვიანეს ერთი თვისა.

     3. მონაცემები გაცემული ლიცენზიისა და მათში ცვლილებების შეტანის შესახებ ქვეყნდება ბი­უ­ლე­ტენში.

თავი IX. გამომგონებელთა შეღავათები და პრივილეგიები

    მუხლი 63

     1. გამოგონების ავტორს განაცხადის განხილვის ნებისმიერ ეტაპ­ზე უფ­ლე­­ბა აქვს გამოგონებას მიაკუთვნოს თავისი სახელი ან სპეციალური და­სა­ხე­ლება.

     2. საქართველოს გამომგონებელთა საზოგა­დოების შუამდგომლობის სა­ფუძ­­ველზე განმცხადებელი შეიძლება გათავი­სუფლდეს საფასურის გა­დახდისაგან, გარდა პატენტის ძა­ლაში შესანარჩუნებელი წლიური საფა­სური­სა.

          მუხლი 64

     გამოგონების, სასარგებლო მოდელის ან სამრეწველო ნიმუშის ავტო­რე­­ბისათვის სხვა შეღავათები და პრივილეგიები დგინდება საქარ­თვე­ლოს კანონმდებლობით.

თავი X. პატენტრწმუნებული

    მუხლი 65

     1. პირი, რომელსაც საქართველოს ტერიტორიაზე არ გააჩნია მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, ან უცხო ქვეყნის იურიდიული პირი, ან მისი წარ­მომად­გე­ნელი „საქპატენტთან“ ურთიერთობას წარმართავს რე­გისტრი­რე­ბული პატენტ­რწმუნებულის მეშვეობით.

     2. პატენტრწმუნებულის უფლებამოსილება დასტურდება განმცხადებ­ლის მიერ გაცემული მინდობილობით.

          მუხლი 66

     მოთხოვნებს პატენტრწმუნებულის მიმართ, ატესტაციისა და რე­გისტ­რა­ციის პირობებს ადგენს დებულება პატენტრწმუნებულთა შესახებ, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.

          მუხლი 67

     მონაცემები პატენტრწმუნებულის შესახებ „საქპატენ­ტს“ შეაქვს რეესტრში. ნების­მიერ პირს უფლება აქვს დადგენილი წესით გაეცნოს რეესტრს.

თავი XI. საპატენტო დავა და პასუხისმგებლობა

    მუხლი 68

     განმცხადებელს, დაინტერესებულ პირს „საქპა­ტენტის“ მიერ გადა­წყვე­ტი­ლე­­ბის გამოტანის დღიდან 3 თვის განმავლობაში უფლება აქვს სა­პატენტო ექს­­პერტიზის გადაწყვეტილება გა­ასაჩივროს „საქპატენტის“  სააპე­ლა­ციო პალა­ტაში.

         მუხლი 69

     1. პატენტმფლობელს უფლება აქვს პატენტიდან გამომდინარე უფლებების დარღვევის თაობაზე წარადგინოს სარჩე­ლი.

     2. განსაკუთრებული ლიცენზიის მფლობელს უფლება აქვს პატენტიდან გამომდინარე უფლებების დარ­ღვევის თაობაზე აღძრას სარ­­ჩელი, თუ პა­ტენტმფლობელი პა­ტენ­ტის დარღვევის შესახებ შეტ­ყო­ბინების მიღე­ბიდან გო­ნივ­რული ვადის გან­მავ­ლო­ბაში თვითონ არ წარადგენს სარჩელს სა­სა­მართლოში.

          მუხლი 70

     დაპატენტებული გამოგონების, სასარგებლო მოდელის, სამრე­წველო ნი­მუ­შის პატენტმფლობელის ნებართვის გარეშე დამზადება, გამო­ყენება, ჩართვა სა­მო­ქალაქო ბრუნვაში ან სხვაგვარად სარგებლობა, მათი არსის განზრახ გა­მჟღავნება (გარდა ავტორისა) „საქპატენტის“ მიერ გამო­გო­ნების, სასარ­გებ­ლო მო­დელის, სამრეწველო ნიმუშის შესახებ მონაცემების გა­მოქვეყნებამდე, საი­­დუმ­ლო გამოგონების, სასარგებლო მოდელის გამ­ჟღავ­ნება, ავტორობის მით­­­­ვი­სება იწვევს პასუხისმგებლობას კანონ­მდებ­ლობით დადგენილი წესით.

         მუხლი 71

     გასაიდუმლოებულ გამოგონებაზე საზღ­ვარ­­გარეთ დასაპატენტებლად განაცხადის წარდგენა იწვევს პა­სუ­ხისმგებლობას საქართველოს კანონმდებ­ლო­ბით დადგენილი წესით.

თავი XII. საერთაშორისო განაცხადი

    მუხლი 72

     1. ამ თავის წესები გამოიყენება იმ საერთაშორისო განაცხადების მი­მართ, რომ­ლებიც „საქ­პა­ტენტ­ში“ წარდგენილია საპატენტო კოოპერაციის ხელშეკრულების შესა­ბა­მი­სად.

     2. საერთაშორისო განაცხადზე „საქპატენტი“ საქმეს აწარმოებს სა­პატენტო კოოპერაციის ხელშეკრულების, ამ კანონისა და სხვა ნორმატიული აქტებისა და დებულებების გათ­­ვა­ლის­წინებით.

         მუხლი 73

     1. საერთა­შორისო განაცხადი, რომელშიც გამოგონებაზე ან სასარ­გებ­ლო მოდელზე ეროვნული პატენტის მისაღებად აღნიშნულია საქართველო, ტოლ­ფასია „საქპატენტში“ შეტანილი განაცხადისა და საერთაშორისო განაც­ხადის შეტანის დღიდან განიხილება, როგორც ეროვ­­ნული განაცხადი.

     2. საერთა­შორისო განაცხადი, რომელშიც აღნიშნულია საქართველო და რომელიც გამოქვეყნებულია საპატენტო კოოპერაციის ხელშეკრულების 21- ე მუხლის თანახმად, იმავე უფლე­ბე­ბის მქონეა, რასაც ითვალისწინებს ამ კანონის 51- ე მუხლი.

         მუხლი 74

     1. საქართველოს მოქალაქეებისათვის ან საქართველოში საცხოვრებე­ლი ადგი­ლის მქონე პირთათვის „საქპატენტი“ მოქმედებს, როგორც საერთა­შო­რისო განაცხადების „მიმ­ღე­ბი უწყება".

     2. „საქპატენტში“, როგორც „მიმღებ უწყებაში“, საერთაშორისო განაც­ხა­­დის შეტანა ხდება ინგლისურ ან რუსულ ენაზე. ამასთან, უფლებამოსილ საერ­­თა­შორისო ორგა­ნიზაციებში ან უწყებებში გადაგზავნის საფასური გადახ­­დილი უნდა იქნეს „საქპა­ტენტ­ში" საერთაშორისო განაცხადის შეტა­ნი­დან ერთი თვის განმავლობაში.

         მუხლი 75

     1. „საქპატენტი“ მოქმედებს, როგორც „აღნიშნული უწყება“ იმ საერ­თა­შორისო განაც­ხა­დების მიმართ, რომლებშიც გამოგონების ან სასარგებლო მოდელის ეროვნული პატენტის მისაღებად აღნიშნულია საქარ­თვე­ლო.

     2. „საქპატენტი“ მოქმედებს როგორც „არჩეული უწყება“ იმ საერ­თა­შო­რი­სო განაცხადების მიმართ, რომლებშიც გამოგონების ან სასარგებლო მოდე­ლის ეროვნული პატენტის მისაღებად აღნიშნულია საქარ­თვე­ლო, იმ შემთხვე­ვა­ში, თუ გამომგონებელი საპატენტო კოოპერაციის ხელშეკრულების მეორე თავის პირობების თანახმად ირჩევს საქართველოს.

თავი XIII.  გარდამავალი დებულებანი

    მუხლი 76

განაცხადებზე, რომლებზედაც ამ კანონის ამოქმედების მომენ­ტი­სათ­ვის მიმდინარეობს საპატენტო ექსპერტიზა, საქმის წარმოება პატენტის გა­ცე­მის ჩათვლით გაგრძელდეს „გამოგონების შესახებ დებულების დამტკიცებისა და სამოქმედოდ შემოღების თაობაზე“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბი­ნე­ტის 1992 წლის 16 მარტის # 302 და „სამრეწველო ნიმუშების შესახებ დებულების დამტკიცებისა და სამოქმედოდ შემოღების თაობაზე“ 1992 წლის 15 მარტის # 303 დადგენილებების მიხედვით.

თავი XIV.  დასკვნითი დებულებანი

    მუხლი 77

1. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 3 თვის გასვლისთანავე.

2. ამ კანონის ამოქმედებასთან ერთად, გარდამავალი დებულებების გათ­ვალისწინებით, ძალადაკარგულად ჩაითვა­ლოს „გამოგონების შესახებ დებულების დამტკიცებისა და სამოქმედოდ შემოღების თაობაზე“ და „სამრეწველო ნიმუშების შესახებ დებულების დამტკიცებისა და სამოქმედოდ შემოღების თაობაზე“ საქართველოს რესპუბ­ლი­კის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 16 მარტის # 302 და 1992 წლის 15 მარ­ტის # 303 დადგენილებები.

3. საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროსთან შეიქმნას იძულებითი ლიცენზიების კომისია.

 4. დაევალოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის ინსპექციასა და „საქპატენტს“ შეიმუშაონ ნორმატიული აქტი საიდუმ­ლო გამოგონებისა და სასარგებლო მოდელის სამართლებრივი დაცვისა და გა­მო­ყენების წესის შესახებ.

5. დაევალოს  „საქპატენტს“:

ა) შეიმუშაოს და დადგენილი წესით დაამტკიცოს დებულება სააპელაციო პალატის შესახებ;

ბ) შეიმუშაოს დებულება პატენტრწმუნებულების შესახებ და დასამტკიცებლად წარუდგინოს საქართველოს პრეზიდენტს.

საქართველოს 2000 წლის 11 მაისის კანონი №295 - სსმ I, №17, 12.05.2000 წ., მუხ.41

         მუხლი 78

ამ კანონის ამოქმედებამდე გაცემული პატენტები უთანაბრდება ამ კანონის მიხედვით გაცე­მულ პა­ტენ­ტებს.

 

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

1999 წლის 5 თებერვალი

# 1791-IIს

9. 15/12/2023 - საქართველოს კანონი - 3968-XIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 25/12/2023 8. 16/05/2023 - საქართველოს კანონი - 2883-XIმს-Xმპ - ვებგვერდი, 01/06/2023 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 7. 20/07/2018 - საქართველოს კანონი - 3235-რს - ვებგვერდი, 13/08/2018 6. 23/12/2017 - საქართველოს კანონი - 1918-რს - ვებგვერდი, 11/01/2018 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 5. 20/09/2013 - საქართველოს კანონი - 1257-Iს - ვებგვერდი, 01/10/2013 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 4. 26/10/2010 - საქართველოს კანონი - 3741-IIს - სსმ, 62, 05/11/2010 3. 02/07/2010 - საქართველოს კანონი - 3278 - სსმ, 37, 14/07/2010 2. 04/05/2010 - საქართველოს კანონი - 3031 - სსმ, 27, 24/05/2010 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 1. 11/05/2000 - საქართველოს კანონი - 295 - სსმ, 17, 12/05/2000 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას