საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ონლაინმაღაზია ამოქმედდა!

საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ონლაინმაღაზია (http://matsnebooks.gov.ge/Book) ამოქმედდა. ონლაინმაღაზიას აქვს ადგილზე მიტანის სერვისი.

ბოლო წლების განმავლობაში მაცნე საკანონმდებლო აქტებს მხოლოდ  ელექტრონულ ფორმატში აქვეყნებდა, არ არსებობდა მათი ბეჭდური, ე.წ. „ფურცლის ვერსია“. ბეჭდური გამოცემის ტრადიცია 2013 წელს აღდგა. დღეს მომხმარებელს შეუძლია თავად გააკეთოს არჩევანი − ისარგებლოს იურიდიული ლიტერატურით ციფრულ ფორმატში, რომელიც უწყების ვებგვერდზეა განთავსებული, ან მიანიჭოს უპირატესობა ნაბეჭდ წიგნს და სახლიდან გაუსვლელად შეიძინოს მაცნეს ონლაინმაღაზიაში.

ონლაინმაღაზიას აქვს გამოკითხვის ფუნქცია − რისი შეძენა სურს მკითხველს. თუკი ესა თუ ის ნორმატიული აქტი გამოკითხვის ლიდერი იქნება, მკითხველთა მოთხოვნით მაცნე მას დაბეჭდავს. მაცნეს ონლაინმაღაზიაში ფასები კონკურენტულია.

საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს კიდევ ერთი ახალი პროექტი − მაცნეს კლუბი − ახალგაზრდებისთვისაა განკუთვნილი. კლუბი იმ დამწყებ სპეციალისტებსა თუ იურისპრუდენციით დაინტერესებულ ახალგაზრდებს გააერთიანებს, რომელთაც სურთ შეხვდნენ წარმატებულ იურისტებს და მათთან ერთად საინტერესო და აქტუალურ საკითხებზე იმსჯელონ, დაუსვან კითხვები და სხვ.

საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, საქართველოს შრომის კოდექსი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, საქართველოს კანონი „მეწარმეთა შესახებ“ − ეს იმ ლიტერატურის ჩამონათვალია, რომელიც მაცნეს სტამბაშია დაბეჭდილი და რომლის შეძენაც მაცნეს მაღაზიაში უკვე სახლიდან გაუსვლელად არის შესაძლებელი.