„საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ახალი პროექტის − ონლაინმაღაზიის − პრეზენტაცია გაიმართა

იუსტიციის სამინისტროს სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ახალი პროექტის − ონლაინმაღაზიის − პრეზენტაცია 20 იანვარს საქართველოს ეროვნული არქივის გალერეაში გაიმართა. ღონისძიებას იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, მინისტრის მოადგილეებმა ალექსანდრე ბარამიძემ და გიორგი პატარიძემ, „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ თავმჯდომარე ნიკა ახალბედაშვილმა უმასპინძლეს.

„საქართველოს კონსტიტუცია“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“, „საქართველოს სამოქალაქო კოდექსი“, „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი“, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი“, „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი“, „საქართველოს შრომის კოდექსი“, „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“, „საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი“, „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი“, საქართველოს კანონი „მეწარმეთა შესახებ“ − ეს იმ ლიტერატურის ჩამონათვალია, რომელიც „მაცნეს“ სტამბაშია დაბეჭდილი და რომლის შეძენაც „მაცნეს“ მაღაზიაში უკვე სახლიდან გაუსვლელად არის შესაძლებელი. წიგნების კატალოგი სპეციალურად ამ მიზნისათვის შექმნილ ელექტრონულ გვერდზეა (http://matsnebooks.gov.ge/Book) განთავსებული. ონლაინმაღაზიას აქვს ბინაზე მიტანის სერვისი. „მაცნეს“ ამ სერვისს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ის ფაქტი, რომ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“ საქართველოში ერთადერთი ოფიციალური ბეჭდვითი ორგანოა, რომლის მიერ გამოცემული საკანონმდებლო  ლიტერატურა სანდოობის მაღალი ხარისხით გამოირჩევა და თითოეული წიგნის (კოდექსი თუ სხვა) ფასი სტუდენტებისთვისაც ხელმისაწვდომია.    

წლების განმავლობაში „მაცნე“ საკანონმდებლო აქტებს მხოლოდ ე.წ. ელექტრონულ ფორმატში აქვეყნებდა, არ არსებობდა მათი ბეჭდური, „ფურცლის“ ვერსია. ბეჭდური გამოცემების ტრადიცია 2013 წელს იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის ინიციატივით   აღდგა. დღეს „მაცნეს“ მომხმარებელს შეუძლია, თავად გააკეთოს არჩევანი − ისარგებლოს იურიდიული ლიტერატურით ციფრულ ფორმატში, რომელიც უწყების ვებგვერდზეა განთავსებული,  ან მიანიჭოს უპირატესობა ნაბეჭდ წიგნს და სახლიდან გაუსვლელად შეიძინოს ის „მაცნეს“ ონლაინმაღაზიაში. ონლაინმაღაზიას აქვს გამოკითხვის ფუნქცია − რისი შეძენა სურს მკითხველს. თუკი ესა თუ ის ნორმატიული აქტი გამოკითხვის ლიდერი იქნება, მკითხველთა მოთხოვნით „მაცნე“ მას დაბეჭდავს. „მაცნეს“ ონლაინმაღაზიაში ფასები კონკურენტულია.

 „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირია, რომელიც აქვეყნებს საქართველოს ყველა უწყების მიერ მიღებულ ნორმატიულ აქტებს, საერთაშორისო ხელშეკრულებებს, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებს, ადგილობრივი თვითმმართველობის აქტებს და საჯარო განცხადებებს როგორც ელექტრონული, ისე ბეჭდური ფორმატით. სწორედ „მაცნეში“ გამოქვეყნების შემდეგ იძენს ნებისმიერი ნორმატიული აქტი ოფიციალურ იურიდიულ ძალას.