იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ მთარგმნელობითი ცენტრის 25 თანამშრომელს საერთაშორისო დონის კემბრიჯის ILEC სერტიფიკატი გადასცა.

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“  მთარგმნელობითი ცენტრის 25 თანამშრომელს საერთაშორისო დონის კემბრიჯის ILEC სერტიფიკატი გადასცა (ILEC საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატია იურიდიულ ინგლისურში). ღონისძიებას ბრიტანეთის საბჭოს დირექტორი და თანამშრომლები ესწრებოდნენ.

 

მთარგმნელობითი ცენტრის თანამშრომლებმა სპეციალურად მათთვის შემუშავებული 6-თვიანი ტრენინგების კურსი გაიარეს. კურსის მიზანი იყო, „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ მთარგმნელობით ცენტრში შექმნილიყო  იურიდიული ლიტერატურის მაღალკვალიფიციური მთარგმნელებისა და  თარგმანში ექსპერტი ტრენერების ადგილობრივი ჯგუფი. ასეთი ჯგუფის არსებობა მნიშვნელოვანია ინგლისურენოვანი საკანონმდებლო ბაზის შექმნისა და ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგის წარმატებით განხორციელებისთვის.

 

ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა ევროინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა, მათ შორის, საქართველო-ევროკავშირის კანონმდებლობის ჰარმონიზაციის კუთხით.

 

2014 წლის 9 დეკემბერს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნესა“ და საქართველოში ბრიტანეთის საბჭოს შორის გაფორმდა ინსტიტუციონალური მნიშვნელობის შეთანხმება, რომელიც ითვალისწინებდა  სპეციალურ პროგრამას. პროგრამის  ფარგლებში საკანონმდებლო მაცნემ გამოაცხადა მთარგმნელობითი ცენტრის მთარგმნელთა შესარჩევი კონკურსი, რომლის გამარჯვებულმა 25-მა კანდიდატმა სპეციალურად მათთვის შემუშავებული ტრენინგების კურსი  გაიარა და  მოემზადა გამოცდისათვის. წარმატებულ კანდიდატებს სწორედ დღეს გადაეცათ სერტიფიკატები. აღნიშნული 25 კანდიდატიდან ათს მიეცა ტრენერობის უფლება. ისინი სამომავლოდ თავად გადაამზადებენ ახალ თანამშრომლებს.