„საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“ ევროპულ ფორუმში მონაწილეობს

„საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ თავმჯდომარე გიორგი პატარიძე პარიზში გამართულ  ევროპის ოფიციალური გამომცემლების  ფორუმს დაესწრო.  ღონისძიებას  ევროპის 35 ქვეყნის წარმომადგენელი ესწრებოდა.

ფორუმის მონაწილეებმა საგამომცემლო ორგანოს სამომავლო განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრეს, გაეცნენ ოფიციალური საგამომცემლო ორგანოს   მუშაობის სპეციფიკას,  ერთმანეთს გაუზიარეს  გამოცდილება და  განიხილეს ურთიერთთანამშრომლობის საკითხები.

სამუშაო შეხვედრაზე დიდი ყურადღება დაეთმო ელექტრონულ პროგრამას, რომელშიც თავმოყრილი იქნება ერთი მხრივ, ევროპის ქვეყნების სამართლებრივ აქტები, მეორე მხრივ, ევროპის სასამართლოების გადაწყვეტილებები. პროგრამა,  დაინტერესებულ პირებს დაეხმარება დოკუმენტაციის მოძიებაში, გაზრდის მართლმსაჯულების სფეროში მიღებულ გადაწყვეტილებებზე წვდომას და  უფრო მოქნილს გახდის ოფიციალური საგამომცემლო ორგანოების ელექტრონულ სერვისებს.

ფორუმის მონაწილეთა გადწყვეტილებით პროგრამის გამართულად და ეფექტიანად მუშაობისათვის აუცილებელია შეხვედრების ორგანიზება, რაც ხელს შეუწყობს ევროპული ოფიციალური საგამომცემლო ორგანიზაციების ერთობლივ და კოორდინირებულ მუშაობას.