საქართველოში ბრიტანეთის საბჭოს მხარდაჭერით საქართველოს საკანონმდებლო მაცნემ მთარგმნელთა შესარჩევი კონკურსი გამოაცხადა

მას შემდეგ, რაც 2014 წლის 27 ივლისს ხელი მოეწერა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა ევროინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა, რაც ჩვენი ქვეყნის პრიორიტეტს წარმოადგენს და იუსტიციის სამინისტროს განსაკუთრებული როლი ეკისრება ქვეყნის დემოკრატიულ საწყისებზე მოწყობასა და ევროინტეგრაციის პროცესის დაჩქარებაში.

სწორედ ამ პროცესის ხელშეწყობას ემსახურება 2014 წლის 9 დეკემბერს “საქართველოს საკანონმდებლო მაცნესა” და საქართველოში ბრიტანეთის საბჭოს შორის გაფორმებული ინსტიტუციონალური მნიშვნელობის შეთანხმება, რომელიც ითვალისწინებს სპეციალურ პროგრამას, რომლის ფარგლებშიც საკანონმდებლო მაცნემ გამოაცხადა მთარგმნელობითი ცენტრის მთარგმნელების შესარჩევი კონკურსი. კონკურსში გამარჯვებული კანდიდატები გაივლიან ტრენინგების სპეციალურად მათთვის შემუშავებულ კურსს და ასევე მოემზადებიან „ILEC“-ის (საერთაშორისო სერტიფიკატი იურიდიულ ინგლისურში) გამოცდისათვის. წარმატებული კანდიდატები მიიღებენ საერთაშორისო დონეზე აღიარებულ ოფიციალურ კვალიფიკაციას და კემბრიჯის „ILEC“-ის სერტიფიკატს.

ჩვენი მიზანია „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ მთარგმნელობით ცენტრში, როგორც ინგლისური, ასევე პირიქით, ქართული ენიდან იურიდიული ლიტერატურის მაღალკვალიფიციური მთარგმნელებისა და თარგმანში ექსპერტი ტრენერების ადგილობრივი ჯგუფის შექმნა, რაც ძალზე მნიშვნელოვანია ინგლისურენოვანი საკანონმდებლო ბაზის შექმნისა და ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგის წარმატებით განხორციელებისათვის.