,,საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ”

,,საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ”
დოკუმენტის ნომერი 562
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 30/06/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 78, 30/06/2005
ძალის დაკარგვის თარიღი 20/12/2013
სარეგისტრაციო კოდი 010.210.040.08.002.003
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (30/06/2005 - 15/07/2005)

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №562

2005 წლის 30 ივნისი

ქ. თბილისი

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ

1. საქართველოს კონსტიტუციის 77-ე მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანდართული დებულება.

2. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საშტატო რიცხოვნობა განისაზღვროს 182 ერთეულით.

3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს:

ა) „საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საშტატო რიცხოვნობისა და მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 26 ივლისის №289 ბრძანებულება;

ბ) „საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 13 თებერვლის №60 ბრძანებულების (სსმ III, 2004 წ., №17, მუხ. 167) პირველი პუნქტით დამტკიცებული დებულება.

4. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს 2005 წლის 1 ივლისიდან.

მ. სააკაშვილი

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია (შემდგომში – ადმინისტრაცია) არის საქართველოს პრეზიდენტის საქართველოს კონსტიტუციითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა განხორციელების ხელშემწყობი კონსტიტუციური ორგანო.

2. ადმინისტრაცია თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებით და საქართველოს პრეზიდენტის სხვა სამართლებრივი აქტებით.

3. ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულების დებულებებს, ადმინისტრაციის საშტატო რიცხოვნობასა და მოსამსახურეთა თანამდებობრივ სარგოებს ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი, ხოლო ადმინისტრაციის საშტატო ნუსხას – ადმინისტრაციის უფროსი.

4. ადმინისტრაციის ზოგად ხელმძღვანელობას ახორციელებს საქართველოს პრეზიდენტი.

5. ადმინისტრაციას აქვს ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით, საკუთარი ბლანკი და ანგარიში ხაზინაში.

6. ადმინისტრაციის ადგილსამყოფელია: ქ. თბილისი, ინგოროყვას ქ. №7.

    მუხლი 2. ადმინისტრაციის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები

საქართველოს პრეზიდენტის კონსტიტუციურ უფლებამოსილებათა განხორციელებაში ხელის შეწყობის მიზნით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ადმინისტრაცია უზრუნველყოფს:

ა) საქართველოს პრეზიდენტის მიერ ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის წარმართვის უზრუნველსაყოფად სათანადო პირობების შექმნას;

ბ) საქართველოს პრეზიდენტის ურთიერთობის კოორდინაციას საქართველოს პარლამენტთან, საქართველოს მთავრობასთან და სხვა სახელმწიფო ორგანოებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მოქალაქეთა პოლიტიკურ და საზოგადოებრივ გაერთიანებებთან და სხვა ინსტიტუტებთან;

გ) საქართველოს პრეზიდენტის ინფორმირებას ქვეყნის საშინაო და საგარეო მდგომარეობის შესახებ;

დ) საქართველოს პრეზიდენტის საკანონმდებლო ინიციატივის და საქართველოს პარლამენტთან ურთიერთობისას მის სხვა კონსტიტუციურ უფლებამოსილებათა შეუფერხებელ და სრულყოფილ განხორციელებას;

ე) საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებასა და ექსპერტიზას;

ვ) წინადადებების მომზადებას კანონმდებლობით დადგენილი წესით მთავრობისა და აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებათა აქტების შეჩერების ან გაუქმების თაობაზე;

ზ) საქართველოს პრეზიდენტის საქმიანობის ინფორმაციულ-ანალიტიკურ უზრუნველყოფას;

თ) საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს კონსტიტუციითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული საკადრო გადაწყვეტილებების მიღებაში ხელშეწყობას;

ი) საქართველოს პრეზიდენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ საპროტოკოლო ღონისძიებათა განხორციელებას და კოორდინაციას;

კ) ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე პარლამენტში წარსადგენად საქართველოს პრეზიდენტის მოხსენების პროექტის მომზადებას;

ლ) საკონსტიტუციო სასამართლოსა და საერთო სასამართლოებში საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენლობას;

მ) ეკონომიკური, სოციალური და სამართლებრივი პოლიტიკის საკითხებზე წინადადებების შემუშავებას;

ნ) საქართველოს პრეზიდენტისათვის დასკვნების მომზადებას შემდეგ საკითხებზე: თვითმმართველობის ან ტერიტორიული ერთეულის სხვა წარმომადგენლობითი ორგანოების საქმიანობის შეჩერების და დათხოვნის შესახებ; მოქალაქეობის და თავშესაფრის მიცემის შესახებ, სახელმწიფო ჯილდოების, პრემიების, იარაღით დაჯილდოების, უმაღლესი სამხედრო, სამხედრო-სპეციალური და სხვა სპეციალური, საპატიო წოდებების და უმაღლესი დიპლომატიური რანგების მინიჭების შესახებ; აგრეთვე, მასალების მომზადებას შეწყალების თაობაზე;

ო) საქართველოს პრეზიდენტისათვის რეკომენდაციების მომზადებას ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განხორციელების თაობაზე;

პ) საქართველოს პრეზიდენტისათვის წინადადებების შემუშავებას ეროვნებათაშორისი ურთიერთობებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებზე;

ჟ) საქართველოს პრეზიდენტის დაქვემდებარებაში არსებული დაწესებულებების საქმიანობის თაობაზე ინფორმაციის მიღებას და პრეზიდენტისათვის ანგარიშის წარდგენას;

რ) საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტებისა და დავალებების შესრულების საერთო კონტროლს;

ს) საქართველოს პრეზიდენტის გამგებლობის სფეროს კანონმდებლობით მიკუთვნებული სხვა საკითხების რეგულირების ხელშეწყობას.

    მუხლი 3. ადმინისტრაციის ხელმძღვანელობა

1. ადმინისტრაციის საქმიანობას ხელმძღვანელობს ადმინისტრაციის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.

2. ადმინისტრაციის უფროსს ჰყავს პირველი მოადგილე და მოადგილე, რომელთაც თანამ­დებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი ადმინისტრაციის უფროსის წარდგინებით.

3. ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილისა და მოადგილის უფლება-მოვალეობებს და მათი საქმიანობის წესს განსაზღვრავს ადმინისტრაციის უფროსი.

4. ადმინისტრაციის უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს ადმინისტრაციის საქმიანობას და უზრუნველყოფს ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის კოორდინაციას;

ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს საერთაშორისო მოლაპარაკებებსა და ოფიციალურ მიღებებში;

გ) იღებს საზღვარგარეთის ქვეყნების ოფიციალურ დელეგაციებს;

დ) საქართველოს პრეზიდენტის მიერ განსაზღვრული საშტატო რიცხოვნობის ფარგლებში ამტკიცებს ადმინისტრაციის საშტატო ნუსხას;

ე) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ადმინისტრაციის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ მოსამსახურეებს, გარდა საქართველოს პრეზიდენტის კომპეტენციას მიკუთვნებული თანამდებობის პირებისა;

ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სამსახურებრივ ზედამხედველობას ადმინისტრაციის მოსამსახურეთა საქმიანობაზე, ახორციელებს მათ წახალისებასა და მათთვის დისციპლინური სახდელების შეფარდებას;

ზ) კანონმდებლობით დადგენილი წესით განკარგავს ადმინისტრაციის ფინანსურ სახსრებს;

თ) საქართველოს პრეზიდენტს თანამდებობაზე დასანიშნად წარუდგენს ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილისა და მოადგილის კანდიდატურებს;

ი) გამოსცემს ადმინისტრაციულ აქტებს;

კ) ამტკიცებს ადმინიტრაციის თანამშრომელთა თანამდებობრივ ინსტრუქციებს და ადმინისტრაციის შინაგანაწესს;

ლ) ახორციელებს საქართველოს პრეზიდენტის აქტებისა და დავალებების შესრულების კონტროლის კოორდინაციას;

მ) ხელს აწერს სამსახურებრივ დოკუმენტაციას და სხვა პირებთან ურთიერთობაში გამოდის ადმინისტრაციის სახელით;

ნ) მონაწილეობს მთავრობისა და საქართველოს პრეზიდენტთან არსებული ორგანოების სხდომებში;

ო) თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს საქართველოს პრეზიდენტის მიერ დასანიშნი თანამდებობის პირების კანდიდატურების შეთანხმებას საქართველოს პრეზიდენტთან;

პ) ახორციელებს კანონმდებლობით მის კომპეტენციას მიკუთვნებულ სხვა უფლებამოსილებებს.

5. ადმინისტრაციის უფროსი კანონმდებლობით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს ახორციელებს უშუალოდ ან დელეგირების საფუძველზე, მის მიერ უფლებამოსილი პირების მეშვეობით.

    მუხლი 4. ადმინისტრაციის სხვა თანამდებობის პირები

1. ადმინისტრაციაში თანამდებობრივად შედიან: ადმინისტრაციის უფროსი, მისი პირველი მოადგილე და მოადგილე, საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლები, სა­ქარ­თველოს პრეზიდენტის თანაშემწეები, საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, რომელთაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამ­დებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქარ­თველოს პრეზიდენტი.

2. ადმინისტრაციის შემადგენლობაში შედის ანალიტიკური ჯგუფი, რომელიც შედგება მთავარი მრჩევლებისაგან საგარეო, ეკონომიკურ, სოციალურ, საგანმანათლებლო-კულტურულ, რელიგიურ, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამართალდაცვის ორგანოებთან ურთიერთობების საკითხებში. ანალიტიკური ჯგუფის მთავარ მრჩევლებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ადმინისტრაციის უფროსი.

    მუხლი 5. ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულები

ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულებია:

ა) საქართველოს პრეზიდენტის სამდივნო (სამსახური);

ბ) ადმინისტრაციის უფროსის სამდივნო (სამსახური);

გ) საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის სამსახური;

დ) საქართველოს პრეზიდენტის მთავრობასთან და სხვა სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობისა და იურიდიულ საკითხთა სამსახური;

ე) მასმედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური;

ვ) პროტოკოლის სამსახური;

ზ) შიდა პოლიტიკისა და ინსტიტუციური მოწყობის სამსახური;

თ) ეროვნებათაშორისი ურთიერთობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამსახური;

ი) მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებების უზრუნველყოფის სამსახური;

კ) კადრების სამსახური;

ლ) საორგანიზაციო სამსახური;

მ) მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახური;

ნ) საფინანსო სამსახური.

    მუხლი 6. ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულების კომპეტენცია

1. საქართველოს პრეზიდენტის სამდივნოს ფუნქციებია:

ა) პრეზიდენტის ცალკეულ დავალებათა შესრულების უზრუნველყოფა;

ბ) პრეზიდენტის მოხსენებების, საჯარო გამოსვლებისა და ანგარიშების მომზადება;

გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სახელმწიფო დაწესებულებებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან პრეზიდენტის ურთი­ერთობის კოორდინაცია;

დ) საქართველოს პრეზიდენტის არქივის წარმოება.

2. ადმინისტრაციის უფროსის სამდივნოს ფუნქციებია:

ა) ადმინისტრაციის უფროსის ცალკეულ დავალებათა შესრულების უზრუნველყოფა;

ბ) ადმინისტრაციის უფროსის მიერ ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის კოორდინაციის მიზნით თავისი კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;

გ) ადმინისტრაციის უფროსის მიერ კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელების უზრუნველყოფა.

3. საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის სამსახურის ფუნქციებია:

ა) ქვეყანაში საკანონმდებლო ბაზის სრულყოფის საკითხებზე საქართველოს პრეზიდენტისათვის წინადადების წარდგენა;

ბ) საქართველოს პრეზიდენტისათვის საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული საკანონმდებლო აქტების ხელმოსაწერად წარდგენა და მის მიერ ხელმოწერილი საკანონმდებლო აქტების გამოსაქვეყნებლად გადაცემის უზრუნველყოფა;

გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს პარლამენტში საქართველოს პრეზიდენტის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარსადგენი კანონპროექტებისა და სხვა საკითხების მომზადების სფეროში სამთავრობო დაწესებულებების საქმიანობის კოორდინაცია;

დ) საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, ასევე, სახელმწიფო საგარეო კრედიტის აღებასთან ან კრედიტისათვის სახელმწიფო გარანტიის გაცემასთან დაკავშირებით ხელშეკრულებების საქართველოს პარლამენტში რატიფიკაციისათვის წარდგენა;

ე) საქართველოს პარლამენტთან საქართველოს პრეზიდენტის საქართველოს კონსტიტუცით გათვალისწინებულ სხვა ურთიერთობების ორგანიზება;

ვ) საქართველოს პრეზდენტის დავალებით სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

4. საქართველოს პრეზიდენტის მთავრობასთან და სხვა სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობისა და იურიდიულ საკითხთა სამსახურის ფუნქციებია:

ა) საქართველოს პრეზიდენტის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა;

ბ) საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება და ექსპერტიზა;

გ) მთავრობისა და აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებათა აქტების შეჩერებისა და/ან გაუქმების თაობაზე საქართველოს პრეზიდენტისათვის წინადადებების წარდგენა და შესაბამისი დასკვნების მომზადება;

დ) საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენლობის უზრუნველყოფა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და საქართველოს საერთო სასამართლოებში;

ე) საქართველოს პრეზიდენტის საქართველოს მთავრობასთან და სხვა სახელმწიფო ორგანოებთან ადმინისტრაციული და სამართლებრივი ურთიერთობების უზრუნველყოფა;

ვ) ადმინისტრაციის უფროსის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა;

ზ) საქართველოს პრეზიდენტისა და ადმინისტრაციის უფროსის სხვა დავალებების შესრულება.

5. მასმედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ფუნქციებია:

ა) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან, არასამთავრობო და სხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან საქართველოს პრეზიდენტისა და ადმინისტრაციის ურთიერთობის უზრუნველყოფა და ხელშეწყობა;

ბ) საზოგადოების ინფორმირება საქართველოს პრეზიდენტისა და ადმინისტრაციის საქმიანობის შესახებ.

6. პროტოკოლის სამსახურის ფუნქციებია:

ა) საქართველოს პრეზიდენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ საპროტოკოლო ღონისძიებათა განხორციელებისა და კოორდინაციის უზრუნველყოფა;

ბ) საქართველოს პრეზიდენტისა და მისი მეუღლის ოფიციალური ვიზიტების, მიღებების მომზადებისა და ორგანიზების მიზნით საჭირო ღონისძიებების განხორციელება;

გ) საქართველოს პრეზიდენტისა და ადმინისტრაციის უფროსის სხვა დავალებების შესრულება.

7. შიდა პოლიტიკისა და ინსტიტუციური მოწყობის სამსახურის ფუნქციებია:

ა) სახელმწიფოს შიდა პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შემუშავებისა და შესაბამისი ინსტიტუციური გარდაქმნების მიზნით წინადადებების მომზადება;

ბ) შიდა პოლიტიკის სფეროში სახელმწიფოს აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ადგილობრივი ორგანოების საქმიანობის კოორდინაცია;

გ) კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად ქვეყნის რეგიონალური და მუნიციპალური განვითარების სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად მიმართულებათა შემუშავებაში, შესაბამისი სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური პროგრამების მომზადებასა და მათი განხორციელების უზრუნველყოფაში მონაწილეობა, შესაბამისი დასკვნებისა და წინადადებების მომზადება;

დ) ეროვნულ უმცირესობებთან ურთიერთობისა და კონფლიქტების რეგულირების პროცესის კოორდინაცია;

ე) მოქალაქეთა სამხედრო გაწვევის საკითხებზე პრეზიდენტის სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება და სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი­სა­თვის შე­სა­ბა­მისი და­სკვნე­ბის, რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი­სა და წი­ნა­და­დე­ბე­ბის წარდგენა;

ვ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

8. ეროვნებათაშორისი ურთიერთობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამსახურის ფუნქციებია:

ა) ეროვნებათაშორისი ურთიერთობების, ეროვნული თანხმობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებზე საქართველოს პრეზიდენტისათვის წინადადებების წარდგენა, შესაბამისი დასკვნებისა და სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;

ბ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

9. მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებების უზრუნველყოფის სამსახურის ფუნქციებია:

ა) საქართველოს მოქალაქეობის, უცხოელთათვის თავშესაფრის მიცემის, საქართველოს საპატიო მოქალაქეობის მინიჭებისა და ჩამორთმევის, სახელმწიფო ჯილდოებისა და საპატიო წოდებების მინიჭების თაობაზე, აგრეთვე, საქართველოს პრეზიდენტის მიერ იარაღის ჯილდოდ გადაცემასთან დაკავშირებით წარმოდგენილი მასალების განხილვა და საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;

ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საპატიო მოქალაქეობის, სახელმწიფო ჯილდოების, პრემიებისა და საპატიო წოდებების დამადასტურებელი დოკუმენტებისა და სხვა ატრიბუტიკის მომზადების უზრუნველყოფა, საქართველოს საპატიო მოქალაქეობის მინიჭების და სახელმწიფო ჯილდოების საზეიმო ვითარებაში გადაცემის ორგანიზება;

გ) შეწყალების საკითხებზე შესაბამისი კომისიის მიერ შემუშავებული წინადადებების შესაბამისად საქართველოს პრეზიდენტისთვის წარსადგენად სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება, მათი შესრულების კონტროლი;

დ) საქართველოს პრეზიდენტისა და ადმინისტრაციის უფროსის სხვა დავალებების შესრულება.

10. კადრების სამსახურის ფუნქციებია:

ა) საქართველოს პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლებამოსილების განხორციელების უზრუნველყოფა საკადრო საკითხებში, საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;

ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მოსამსახურეთა თანამდებობაზე დანიშვნისა და თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის სამართლებრივი აქტების მომზადება;

გ) ადმინისტრაციაში ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის მოწყობისა და ატესტაციის ჩატარების უზრუნველყოფა; ადმინისტრაციის თანამშრომელთა პირადი საქმეების წარმოება;

დ) ადმინისტრაციის თანამშრომელთა პროფესიული მომზადების დონის ანალიზი, მათი გადამზადებისა (კვალიფიკაციის შეცვლის) და კვალიფიკაციის ამაღლების ორგანიზება; ადმინისტრაციაში შრომის ორგანიზაციისა და მართვის თანამედროვე მეთოდების დანერგვის უზრუნველყოფა;

ე) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.

11. საორგანიზაციო სამსახურის ფუნქციებია:

ა) საქმისწარმოების (მათ შორის საიდუმლო) ორგანიზაცია;

ბ) ადმინისტრაციის სტრუქტურულ ქვედანაყოფებში საქმისწარმოებისათვის პასუხისმგებელი თანამშრომლების საქმიანობის კოორდინაცია და მეთოდური ხელმძღვანელობა;

გ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნ­ველყოფა;

დ) საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტების პროექტების ადმინისტრაციის შიგნით შეუფერხებელი მიმოქცევის კოორდინაცია;

ე) საქართველოს პრეზიდენტის თავმჯდომარეობით გამართული მთავრობის სხდომების ორგანიზაციული უზრუნველყოფა;

ვ) საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტების, ოფიციალური წერილების პროექტების რედაქტირება, კორექტირება, კომპიუტერული დამუშავება, ხელმოსაწერად მომზადება;

ზ) ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულების ინფორმაციული უზრუნველყოფა;

თ) ადმინისტრაციის არქივის წარმოება;

ი) ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულების კომპიუტერული უზრუნველყოფა და კომპიუტერული ქსელის ადმინისტრირება; ინფორმატიზაციის პროგრამის მომზადება, ერთიანი სისტემის ფორმირება, კოორდინაცია და ფუნქციონირების უზრუნველყოფა;

კ) საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტების, რეზოლუციების, ასევე, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თანამდებობის პირების დავალებათა შესრულების კონტროლი;

ლ) საქართველოს პრეზიდენტისა და ადმინისტრაციის სახელზე წარმოდგენილი მოქალაქეთა თხოვნების, შუამდგომლობების, განცხადებების მიღება, აღრიცხვა და სისტემატიზაცია, კომპეტენციის ფარგლებში მათი განხილვა, ანალიზი, მათში დასმულ პრობლემათა განზოგადოება და ადმინისტრაციის ხელმძღვანელობისათვის შესაბამისი დასკვნების წარდგენა;

მ) სახელმწიფო ორგანოების საქმიანობის კოორდინაცია საქართველოს პრეზიდენტისა და ადმინისტრაციის სახელზე წარმოდგენილი მოქალაქეთა თხოვნებზე, შუამდგომლობებსა და განცხადებებზე რეაგირების მიზნით;

ნ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.

12. მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის ფუნქციებია:

ა) ადმინისტრაციის ფუნქციონირების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა;

ბ) ადმინისტრაციის ქონების აღრიცხვა, შენობების საინჟინრო სისტემების ტექნიკური მომსახურება და ექსპლუატაცია;

გ) დაპროექტების, მშენებლობის, მიმდინარე კაპიტალური შეკეთებისა და სარეკონსტრუქციო სამუშაოების ორგანიზება და მათი ტექნიკური ზედამხედველობა.

13. საფინანსო სამსახურის ფუნქციებია:

ა) ადმინისტრაციის ბიუჯეტის პროექტის შემუშავება;

ბ) საბუღალტრო აღრიცხვის წარმართვა და ხარჯთა ნუსხის შედგენა;

გ) ადმინისტრაციის მატერილურ-ტექნიკური უზრუნველყოფის მიზნით სახელმწიფო შესყიდვებისა და მათი განხორციელების ორგანიზაცია.

    მუხლი 7. ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულის უფროსი

1. ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულის უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ადმინისტრაციის უფროსი.

2. ადმინიტრაციის სტრუქტურული ერთეულის უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას და პასუხისმგებელია ადმინისტრაციის უფროსის წინაშე დაკისრებული მოვალეობების ჯეროვანი შესრულებისათვის;

ბ) განსაზღვრავს დაქვემდებარებული თანამშრომლების სამსახურებრივ უფლებამოსილებებს;

გ) ადმინისტრაციის უფროსს თანამდებობაზე დასანიშნად წარუდგენს სტრუქტურული ერთეულის თანამშრომლების კანდიდატურებს;

დ) ხელს აწერს სტრუქტურული ერთეულის კომპეტენციაში შემავალ სამსახურებრივ დოკუმენტაციას;

ე) ანაწილებს სამსახურებრივ კორესპონდენციას დაქვემდებარებულ თანამშრომლებზე და უზრუნველყოფს მათი შესრულების კონტროლს;

ვ) უფლებამოსილია სტრუქუტურული ერთეულის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია და დოკუმენტაცია კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ზ) წარუდგენს ადმინისტრაციის უფროსს თანამშრომელთა კანდიდატურებს მათი წახალისების ან მათთვის დისციპლინური სახდელის შეფარდების მიზნით;

თ) ახორციელებს კანონმდებლობით, ამ დებულებითა და ადმინისტრაციის უფროსის სამართლებრივი აქტებით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებებს.

    მუხლი 8. ადმინისტრაციის თანამშრომლები

ადმინისტრაციის თანამშრომლები არიან საჯარო მოსამსახურეები, რომლებიც უზრუნველყოფენ ამ დებულებითა და მოქმედი კანონმდებლობით მათზე დაკისრებული ამოცანების შესრულებას.

    მუხლი 9. კომისიები და საბჭოები

1. ცალკეულ საკითხთა შესწავლისა და საქართველოს პრეზიდენტისათვის შესაბამისი რეკომენდაციებისა და დასკვნების წარდგენის მიზნით საქართველოს პრეზიდენტს შეუძლია შექმნას კომისიები და საბჭოები.

2. კომისიისა და საბჭოს წევრებს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი. კომისიისა და საბჭოს წევრები, გარდა სახელმწიფო მოსამსახურეებისა, ინიშნებიან თავიანთი თანხმობით.

3. კომისიებისა და საბჭოების შემადგენლობა, უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი სამართლებრივი აქტით.

24. 19/12/2013 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 963 - ვებგვერდი, 19/12/2013 23. 05/06/2013 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 392 - ვებგვერდი, 05/06/2013 22. 17/04/2013 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 250 - ვებგვერდი, 17/04/2013 21. 16/01/2013 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 21 - ვებგვერდი, 16/01/2013 20. 16/07/2012 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 576 - ვებგვერდი, 16/07/2012 19. 11/07/2012 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 561 - ვებგვერდი, 11/07/2012 18. 07/09/2011 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 496 - ვებგვერდი, 110907023, 07/09/2011 17. 27/07/2010 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 560 - სსმ, 91, 27/07/2010 16. 27/04/2010 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 259 - სსმ, 48, 27/04/2010 15. 10/07/2009 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 393 - სსმ, 86, 14/07/2009 14. 03/07/2009 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 377 - სსმ, 82, 03/07/2009 13. 24/12/2008 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 618 - სსმ, 183, 25/12/2008 12. 11/03/2008 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 133 - სსმ, 38, 11/03/2008 11. 06/03/2008 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 119 - სსმ, 36, 07/03/2008 10. 05/02/2008 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 67 - სსმ, 20, 08/02/2008 9. 16/08/2007 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 475 - სსმ, 117, 20/08/2007 8. 10/04/2007 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 242 - სსმ, 49, 10/04/2007 7. 27/12/2006 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 768 - სსმ, 175, 28/12/2006 6. 12/12/2006 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 735 - სსმ, 167, 13/12/2006 5. 19/10/2006 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 617 - სსმ, 143, 19/10/2006 4. 02/06/2006 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 343 - სსმ, 74, 02/06/2006 3. 16/01/2006 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 24 - სსმ, 6, 17/01/2006 2. 01/11/2005 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 914 - სსმ, 130, 04/11/2005 1. 15/07/2005 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 603 - სსმ, 84, 18/07/2005
ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.