ნიადაგის დაცვის შესახებ

  • Word
ნიადაგის დაცვის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 490
დოკუმენტის მიმღები საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტი
მიღების თარიღი 12/05/1994
დოკუმენტის ტიპი საქართველოს რესპუბლიკის კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს პარლამენტის უწყებები, 18, 12/05/1994
სარეგისტრაციო კოდი 370.010.000.05.001.000.080
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
490
12/05/1994
საქართველოს პარლამენტის უწყებები, 18, 12/05/1994
370.010.000.05.001.000.080
ნიადაგის დაცვის შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (12/05/1994 - 16/09/1997)

საქართველოს რესპუბლიკის კანონი

ნიადაგის დაცვის შესახებ

    მუხლი 1. ზოგადი დებულებები

ნიადაგის დაცვის პრობლემა დიდ მნიშვნელობას იძენს მცირემიწიანი საქართველოს რესპუბლიკისათვის, სადაც ეროზიული პროცესების, ნიადაგის გაჭუჭყიანებისა და დანაგვიანების, მეორადი დაჭაობების და დამლაშების, სასარგებლო წიაღისეულისა და საშენი მასალების ღია წესით მოპოვების, ადამიანის არასწორი სამეურნეო მოქმედების შედეგად დიდია ნიადაგის დანაკარგები.

ნიადაგის დაცვა სახელმწიფოებრივი პრობლემაა, რადგან რესპუბლიკაში გავრცელებული ყველა ტიპის ნიადაგის, მათ შორის მწირი, მლაშე, დაჭაობებული, ბიცობი, მჟავე და ძლიერ დატენიანებული ნიადაგების სწორი და რაციონალური გამოყენება საქართველოს რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და საერთოდ ეკონომიკის დინამიკური განვითარების მთავარი რეზერვია.

    მუხლი 2. კანონის მიზნები

ამ კანონის მიზნებია:

უზრუნველყოს ნიადაგის საფარის მთლიანობა, ნაყოფიერების ზრდა და შენარჩუნება;

განსაზღვროს მიწათმოსარგებლეთა, მიწათმესაკუთრეთა და სახელმწიფოს მოვალეობა და პასუხისმგებლობა ნიადაგის დაცვისა და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოების პირობების შესაქმნელად;

აღკვეთოს ნიადაგის ნაყოფიერების ზრდის საშუალებათა გამოყენებისას უარყოფითი შედეგები, რომლებიც საფრთხეს შეუქმნის თვით ნიადაგს, ადამიანის ჯანმრთელობას, ფლორასა და ფაუნას.

ადამიანის ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად, მცენარეთა საფარისა და ცხოველთა სამყაროს, საერთოდ ბუნებრივი გარემოს, დაცვის მიზნით ამ კანონით წესდება ნიადაგში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები კონცენტრაციების ნორმები და სტანდარტები.

ნიადაგდაცვითი სამუშაო სტანდარტები და ნორმატიული დოკუმენტები უნდა შეესაბამოს ამ კანონს.

    მუხლი 3. ნიადაგის დაცვის ღონისძიებები და საშუალებები

ნიადაგდაცვითი ღონისძიებები და საშუალებებია:

ნიადაგის პასპორტიზაცია შესაბამისი პერიოდულობის დაცვით და ნიადაგის ნაყოფიერების ასამაღლებლად ეკოლოგიურად უსაფრთხო ტექნოლოგიების შემუშავება-დანერგვა;

ნიადაგის გამოფიტვის მიზეზების, სამელიორაციო, მიკრობიოლოგიური, აგროქიმიური და გეობოტანიკური კვლევა, ბონიტირება და კადასტრის პერიოდულად შედგენა;

ეროზიისაგან ნიადაგის დაცვისათვის ორგანიზაციულ-სამეურნეო, აგროტექნიკური, სატყეო-სამელიორაციო, ჰიდროტექნიკური, ნიადაგდაცვითი ღონისძიებების კომპლექსური შერჩევა;

დამლაშების, დაჭაობების, ასევე ნიადაგის გამჟავების თავიდან აცილების მიზნით აგროსამელიორაციო და აგროტექნიკურ ღონისძიებათა სწორი შერჩევა;

ნიადაგის რესურსების დაცვა სტიქიური მოვლენებისაგან (წყალდიდობა, წყალმოვარდნა, ღვარცოფი, ზვავი, მეწყერი) სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში;

სათიბ-საძოვრების ნიადაგის დაცვის, მათი ნაყოფიერების ამაღლებისა და მცენარეული საფარის გაუმჯობესების კულტურულ-ტექნიკური ღონისძიებების განხორციელება;

სასარგებლო წიაღისეულის და საშენი მასალების კარიერული წესით მოპოვების შედეგად დაზიანებული ნიადაგის რეკულტივიცია;

რადიონუკლიდებით, ტოქსიკური ნივთიერებებით და წარმოების სხვადასხვა ნარჩენებით გაჭუჭყიანებისაგან ნიადაგის დაცვა,

ნიადაგის ეტალონური ტიპების შენარჩუნება და აღკვეთილების მოწყობით მონიტორინგის ორგანიზაცია;

ნიადაგურ-კლიმატური პირობების შესაბამის სასოფლო-სამეურნეო კულტურათა განლაგების სწორი სტრუქტურა;

ნიადაგის დამუშავების პროგრესიული აგროტექნოლოგიებისა და ეკოლოგიურად სრულყოფილი სასოფლო-სამეურნეო მანქანა-იარაღების, რწყვის, ნიადაგის მელიორაციის ეფექტიანი მეთოდებისა და ჰუმუსის ბალანსის რეგულირებისათვის თესლბუნვის დანერგვა, ორგანული და მინერალური სასუქების, მელიორანტების გამოყენება.

    მუხლი 4. ნიადაგის დაცვის მიზნით დაწესებული აკრძალვები

ნიადაგის დაცვის მიზნით იკრძალება:

ნაყოფიერი ნიადაგის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით გამოყენება;

არასასოფლო-სამეურნეო ხასიათის ნებისმიერი საქმიანობა ნიადაგის ნაყოფიერი ფენის მოუხსნელად, მის დაუკონსერვებლად და დანიშნულებისამებრ გამოუყენებლად;

ტერიტორიის ღია კარიერული წესით დამუშავება, რომელიც არ ითვალისწინებს დარღვეული ნიადაგის რეკულტივაციას;

ნიადაგის ნაყოფიერი ფენის მოხსნა ანგარებით ან პირადი სარგებლობის მიზნით;

ფერდობების დატერასება ნიადაგის შერჩევისა და სათანადო დაპროექტების გარეშე;

საძოვრების გამწირება უწესრიგო ძოვებით;

ტყით სარგებლობის დროს ნიადაგის საფარის დაზიანება;

მინდორსაცავი ტყის ზოლების გაკაფვა-გადაკეთება, ნიადაგდამცავ ნაგებობათა დაზიანება;

ყოველგვარი ქმედება, რომელიც გააუარესებს ნიადაგის თვისებებს;

სასუქების, ქიმიური მელიორანტების და სხვა საშუალებების გამოყენება, რომელიც არ არის გამოცდილი რესპუბლიკის პირობებში, არა აქვს გავლილი შესაბამისი ნიადაგურ-ეკოლოგიური ექსპერტიზა და არ არის შემოწმებული, რეგისტრირებული და ნებადართული შესაბამისი სახელმწიფო უწყების მიერ;

ნიადაგების ყოველგვარი გაჭუჭყიანება და დანაგვიანება.

    მუხლი 5. ნიადაგის დაცვის სფეროში მართვის ორგანოების ამოცანები

საქართველოს ტერიტორიაზე ნიადაგს იცავენ სპეციალურად ამისათვის უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოები, რომლებიც უზრუნველყოფენ:

ამ კანონის მეორე მუხლით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელებას;

ნიადაგის ნაყოფიერების ამაღლების საშუალებათა წარმოებას, რესპუბლიკაში მათი შემოტანისა და გამოყენების ორგანიზაციას;

ნიადაგის დაცვის დარგში სამეცნიერო-კვლევითი და საპროექტო-საძიებო სამუშაოების განხორციელებას და ნიადაგის მონიტორინგის ორგანიზაციას;

ნიადაგის დაცვის კონცეფციის და პროგრამების შემუშავებას, ამ დარგში საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობას.

    მუხლი 6. ნიადაგის დაცვის სფეროში მმართველობის ადგილობრივი ორგანოები

ნიადაგის დაცვის კანონმდებლობის შესაბამისად საჭირო ღონისძიებებს რაიონებში ახორციელებენ შესაბამისი ადგილობრივი სახელმწიფო ორგანოები, რომლებიც უფლებამოსილნი არიან:

მოითხოვონ და უზრუნველყონ მიწათმესაკუთრისა და მიწათმოსარგებლის მიერ ნიადაგის დაცვის კანომდებლობით გათვალისწინებული სამუშაოების აუცილებელი შესრულება;

განახორციელონ ნიადაგის დაცვის ღონისძიებები და კონტროლი გაუწიონ, რათა მიწათმოსარგებლენი და მიწათმესაკუთრენი იცავდნენ ნიადაგს და ასრულებდნენ დაწესებულ რეგლამენტს.

    მუხლი 7. ნიადაგის დაცვის სამუშაოთა დაფინანსება

ნიადაგის დაცვის სამუშაოები დაფინანსდება სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში რესპუბლიკის ბიუჯეტის სახსრებით მიწათმესაკუთთრეებთან და მიწათმოსარგებლეებთან პირდაპირი ხელშეკრულების საფუძველზე.

სახელმწიფო პროგრამითა და უშუალო ხელშეკრულებით განსახორციელებელი სამუშაოების სახეებსა და დაფინანსების წყაროებს განსაზღვრავს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი.

    მუხლი 8. ნიადაგის დაცვის კონტროლი

ნიადაგის დაცვის შესახებ კანონმდებლობის შესრულებას აკონტროლებენ შესაბამისი სახელმწიფო ორგანოები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში.

    მუხლი 9. პასუხისმგებლობა ნიადაგის დაცვის შესახებ საქართველოს რესპუბლიკის კანონით დადგენილი წესების დარღვევისათვის

ნიადაგის დაცვის შესახებ საქართველოს რესპუბლიკის კანონით დადგენილი წესების დარღვევა გამოიწვევს შესაბამის ადმინისტრაციულ, სამოქალაქო-ქონებრივ ან სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.

    მუხლი 10. უცხოეთის კანონებისა და საერთაშორისო ხელშეკრულებების გამოყენება

თუ საქართველოს რესპუბლიკის საერთაშორისო ხელშეკრულებებით დადგენილია ნიადაგის დაცვის შესახებ საქართველოს რესპუბლიკის კანომდებლობით დადგენილი წესებისაგან განსხვავებული წესები, მაშინ გამოიყენება ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესები.

    მუხლი 11. კანონში მოცემული ტერმინების განმარტება

ნიადაგი – დედამიწის ფხვიერი ზედა ნაწილი, რომელიც შექმნილია ქანების, კლიმატის, ბიოსფეროს, რელიეფის ხნოვანების და ადამიანის სამეურნეო საქმიანობის ურთიერთქმედებით.

ნიადაგის ეროზია – ნიადაგის ზედა ნაყოფიერი ფენების დაშლა, გაფანტვა და წყლით ჩამორეცხვა.

დაჭაობება – პროცესი, რომელიც მიმდინარეობს ნიადაგში ტენიანობის გაზრდის შედეგად, თან სდევს მცენარეულობის, მიკროფლორის, ჟანგვა-აღდგენის რეჟიმის შეცვლა, რკინის ქვეჟანგისა და დაუშლელი ორგანული ნივთიერების დაგროვება.

დამლაშებული ნიადაგი – წყალში ხსნადი მარილებით მდიდარი ნიადაგი, რომელიც აბრკოლებს კულტურული მცენარეების განვითარებას.

ბიცობი – ნიადაგის ტიპი, რომელსაც პროფილში ნატრიუმიანი ჰორიზონტი გამოსახული აქვს ზედაპირიდან 100 სმ ფარგლებში.

მჟავე ნიადაგი – ნიადაგი, რომელსაც ახასიათებს ფუძეებით ნიადაგის მაძღრობის დაბალი ხარისხი და მჟავე აქვს რექცია (PH 60-ზე).

ძლიერი ქვიანობა – ნიადაგის ზედაპირის 20-40%-ით დაფარულობა 5 სმ და მეტი ზომის ქვებით.

ნიადაგის ბონიტირება – ნიადაგის, როგორც სოფლისა და სატყეო მეურნეობის წარმოების საშუალებების, ხარისხის შედარებითი შეფასება, გამოხატული რაოდენობრივი მაჩვენებლებით დაფუძნებული ნიადაგისა და მოსავლის დონის აღრიცხვაზე.

ნიადაგის ტიპი – ნიადაგის კლასიფიკაციის ძირითადი ტაქსონომიური ერთეული, მასში გაერთიანებული ნიადაგები ვითარდება ერთ ტიპურ ბიოლოგიურ, კლიმატურ და ჰიდროლოგიურ პირობებს.

ჰუმუსი – ნიადაგის სპეციალური და არასპეციალური ორგანული ნივთიერებების ერთობლიობა, მუქად შეფერილი უფორმო მასა, რომელიც არ შეიცავს ცოცხალ ორგანიზმებსა და მათი ნარჩენების ისეთ მინარევებს, რომლებსაც შენარჩუნებული აქვთ უჯრედული აგებულება.

რადიონუკლიდები – ატომური იარაღის აფეთქების შედეგად ნიადაგში მოხვედრივი სხვადსხვა ქიმიური ელემენტები: Sr, Zn, J და სხვა.

ბიოსფერო – bios – სიცოცხლე, sphaiza – სფერო, აქტიური ცხოველმყოფელობის არეალი, რომლის შედგენილობა, სტრუქტურა და ენერგეტიკა განპირობებულია ცოცხალი ორგანიზმების ცხოველმყოფელობით.

რეკულტივაცია – re – განმეორებითი, cultivo – მიწების ნაყოფიერებისა და სასოფლო-სამეურნეო თვისებების აღდგენის კომპლექსური სამუშაოები.

მონიტორინგი – ნიადაგში მიმდინარე პროცესების ცვლილებებზე დაკვირვება დროსა და სივრცეში.

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე  –

სახელმწიფოს მეთაური                                                          ედუარდ შევარდნაძე

საქართველოს პარლამენტის სპიკერი                                   ვახტანგ გოგუაძე

თბილისი,

1994 წლის 12 მაისი.

№490–IIს