საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ

  • Word
საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 354
დოკუმენტის მიმღები საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტი
მიღების თარიღი 07/12/1993
დოკუმენტის ტიპი საქართველოს რესპუბლიკის კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს პარლამენტის უწყებები, 12-13, 31/12/1993
სარეგისტრაციო კოდი 010.130.000.05.001.000.076
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
354
07/12/1993
საქართველოს პარლამენტის უწყებები, 12-13, 31/12/1993
010.130.000.05.001.000.076
საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (28/12/2005 - 21/03/2008)

საქართველოს  კანონი 

    საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან  დროებითი გასვლის და საქართველოში  შემოსვლის წესების შესახებ

თავი I. ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან დროებითი გასვლის და საქართველოში  შემოსვლის შესახებ

     1. საქართველოს მოქალაქეს აქვს საქართველოდან დროებითი გასვლის და საქართველოში შემოსვლის უფლება.

     2. ეს უფლება არ შეიძლება შეიზღუდოს, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

    მუხლი 2. კანონის დანიშნულება

     1. საქართველოს მოქალაქეთა საქართველოდან   დროებითი გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ საქართველოს  კანონის დანიშნულებაა საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპების შესაბამისად უზრუნველყოს საქართველოს მოქალაქის უფლება დროებით დატოვოს თავისი ქვეყანა და თავისუფლად დაბრუნდეს უკან. განსაზღვროს საქართველოს მოქალაქეთა სხვა სახელმწიფოში დროებითი წასვლისა და საქართველოში   შემოსვლის წესი და პირობები, აგრეთვე დაარეგულიროს ამასთან დაკავშირებით წარმოშობილი სხვა ურთიერთობანი.

     2. ეს კანონი არ არეგულირებს საქართველოს მოქალაქის საქართველოდან სამუდამოდ წასვლის (ემიგრაციის) წესს, აგრეთვე საქართველოს მოქალაქეთა დიპლომატიური ან სამსახურებრივი მიზნით მოგზაურობისა და შესაბამისი პასპორტების გაცემის წესს.

    მუხლი 3. საქართველოს მოქალაქეთა საქართველოდან დროებითი გასვლის და საქართველოში  შემოსვლის  მარეგულირებელი საკანონმდებლო აქტები

1. საქართველოს მოქალაქეთა საქართველოდან დროებითი გასვლის და საქართველოში   შემოსვლის მარეგულირებელი საკანონმდებლო აქტებია, საქართველოს კონსტიტუცია, ეს კანონი და საქართველოს  სხვა საკანონმდებლო აქტები.

2. თუ საერთაშორისო ხელშეკრულებით, რომელშიც საქართველო მონაწილეობს, დადგენილია ამ კანონისაგან განსხვავებული წესები, გამოიყენება საერთაშორისო ხელშეკრულების წესები.

საქართველოს 1997 წლის 16 ოქტომბრის კანონი №922-პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997წ., გვ.12

    მუხლი 4. საქართველოს მოქალაქის მიერ ქონების საზღვარგარეთ  გატანის უფლება

     საქართველოს მოქალაქეს, რომელიც დროებით გადის საქართველოდან   უფლება აქვს საზღვარგარეთ გაიტანოს ნებისმიერი მოძრავი ქონება, რომელიც მას აქვს საკუთრების უფლებით ან კანონიერ საფუძველზე გადაცემულია მის მფლობელობაში ან (და) სარგებლობაში, თუ ეს აკრძალული არ არის საქართველოს  კანონმდებლობით.

 

 

თავი II. საქართველოდან   დროებითი გასვლისა

და საქართველოში   შემოსვლისათვის საჭირო დოკუმენტები

    მუხლი 5. საქართველოს მოქალაქის პასპორტი

1. საქართველოს მოქალაქე საქართველოდან დროებით გადის და საქართველოში შემოდის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად გაცემული საქართველოს მოქალაქის პასპორტით, საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობითა და პასპორტის შემცვლელი სხვა სამგზავრო დოკუმენტებით.

2. პასპორტი ერთიანი ნიმუშისაა და ძალა აქვს საქართველოდან მსოფლიოს ყველა ქვეყანაში გასვლისა და საქართველოში შემოსვლისათვის.

3. პასპორტი საქართველოს კუთვნილებაა.

4. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების შესაბამისად შეიძლება გაიცეს პასპორტის შემცვლელი სხვა სამგზავრო დოკუმენტი.

5. საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობა გაიცემა საქართველოს პრეზიდენტის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად, საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქის, აგრეთვე იმ პირთა საქართველოში დაბრუნების მიზნით, რომელთა მიღების ვალდებულებაც საქართველოს ნაკისრი აქვს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების შესაბამისად.

6. საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაფორმებისა და გაცემის წესს ადგენს საქართველოს კანონმდებლობა.

საქართველოს 1997 წლის 16 ოქტომბრის კანონი №922-პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997წ., გვ.12

საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №190-სსმI, №19, 15.07.2004წ., მუხ.87

საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2630-სსმI, №3, 16.01.2006წ., მუხ.24

    მუხლი 6. საქართველოს მოქალაქის პასპორტის მოქმედების ვადა

1. საქართველოს მოქალაქის პასპორტს ძალა აქვს გაცემის დღიდან 10 წლის განმავლობაში.

2.(ამოღებულია).

საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №190-სსმI, №19, 15.07.2004წ., მუხ.87

საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2630-სსმI, №3, 16.01.2006წ., მუხ.24

    მუხლი 7. შუამდგომლობა საქართველოდან  დროებითი გასვლისათვის პასპორტის გაცემის შესახებ

     1. საქართველოდან   დროებითი გასვლისათვის პასპორტის გაცემის თაობაზე შუამდგომლობის აღძვრის უფლება აქვს საქართველოს სრულწლოვან და ქმედუნარიან მოქალაქეს. პასპორტის მისაღებად პირმა უნდა წარმოადგინოს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა და სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი.

2. საქართველოდან დროებითი გასვლისათვის პასპორტის გაცემის თაობაზე შუამდგომლობა დაინტერესებულ პირს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეაქვს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში.

     3. შუამდგომლობაში მითითებული უნდა იყოს ყველა ის მონაცემი, რომლებიც შეიტანება პასპორტში.

     4. შუამდგომლობას უნდა დაერთოს სანოტარო ან მასთან გათანაბრებული წესით დამოწმებული შემდეგი საბუთები:

     ა). (ამოღებულია).

    ბ). თუ შუამდგომლობის აღმძვრელ კანონიერ წარმომადგენელს თან მიჰყვებიან არასრულწლოვანი ბავშვები, ხოლო მეორე კანონიერი წარმომადგენელი რჩება საქართველოში, – ამ უკანასკნელის თანხმობა არასრულწლოვანი ბავშვების საქართველოდან დროებით გასვლაზე.

საქართველოს 1997 წლის 16 ოქტომბრის კანონი №922-პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997წ., გვ.12

საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №190-სსმI, №19, 15.07.2004წ., მუხ.87

საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2630-სსმI, №3, 16.01.2006წ., მუხ.24

    მუხლი 8. საქართველოდან  16 წლამდე ბავშვების და ქმედუუნარო პირების დროებითი გასვლა

     1. დაუშვებელია საქართველოდან   16 წლამდე ბავშვის, აგრეთვე ქმედუუნარო პირის დროებითი გასვლა მისი კანონიერი წარმომადგენლის უნებართვოდ და სრულწლოვანი ქმედუნარიანი პირის თანხლების გარეშე.

     2. 16-დან 18-წლამდე არასრულწლოვანის, თუ იგი არ იმყოფება რეგისტრირებულ ქორწინებაში, საქართველოდან   დროებითი გასვლისათვის საჭიროა მისი კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა.

     3. არასრულწლოვანს, აგრეთვე ქმედუუნარო პირს, რომელსაც საზღვარგარეთ დროებით გამგზავრებისას თან არ ახლავს კანონიერი წარმომადგენლები, ამ უკანასკნელთა შუამდგომლობის საფუძველზე მიეცემა პასპორტი.

     4. არასრულწლოვანი ან ქმედუუნარო პირის საქართველოდან დროებითი გასვლის საკითხზე კანონიერ წარმომადგენელთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში დავა გადაწყდება სასამართლოს წესით.

    მუხლი 9. საქართველოდან დროებითი გასვლისათვის პასპორტის გაცემის თაობაზე შუამდგომლობის განხილვის ვადა

საქართველოდან დროებითი გასვლისათვის პასპორტის გაცემის თაობაზე შუამდგომლობა განიხილება ყველა საჭირო საბუთის წარდგენიდან 10 დღის ვადაში, ხოლო თუ დროებითი გასვლა დაკავშირებულია მკურნალობასთან ან საქართველოს მოქალაქის საზღვარგარეთ სასამართლო პროცესში მონაწილეობასთან – 3 დღის ვადაში.

საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №190-სსმI, №19, 15.07.2004წ., მუხ.87

საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2630-სსმI, №3, 16.01.2006წ., მუხ.24

    მუხლი 10. საქართველოდან დროებითი გასვლის უფლების შეზღუდვის საფუძვლები

საქართველოს მოქალაქეს შეიძლება უარი ეთქვას საქართველოდან დროებითი გასვლისათვის საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემაზე ან პასპორტის მოქმედების ვადის გაგრძელებაზე, აგრეთვე საზღვრის გადაკვეთაზე:

ა) თუ იძებნება სამართალდამცავი ორგანოების მიერ;

ბ) თუ წარმოადგენს ყალბ ან ძალის არმქონე საბუთებს;

გ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2630-სსმI, №3, 16.01.2006წ., მუხ.24

    მუხლი 11. (ამოღებულია).

საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2630-სსმI, №3, 16.01.2006წ., მუხ.24

    მუხლი 12. სახელმწიფო ბაჟი

     საქართველოდან   დროებითი გასვლისათვის პასპორტის გაცემის თაობაზე შუამდგომლობის შეტანისას განმცხადებელი იხდის სახელმწიფო ბაჟს საქართველოს  კანონმდებლობით დადგენილი ოდენობითა და წესით.

საქართველოს 1997 წლის 16 ოქტომბრის კანონი №922-პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997წ., გვ.12

    მუხლი 13. საქართველოდან დროებითი გასვლისათვის პასპორტის გაცემაზე, პასპორტის მოქმედების ვადის გაგრძელებასა და საზღვრის გადაკვეთაზე უარის თქმის გასაჩივრება

დაინტერესებულ პირს, რომელსაც უარი ეთქვა საქართველოდან დროებითი გასვლისათვის პასპორტის გაცემაზე, პასპორტის მოქმედების ვადის გაგრძელებაზე და საზღვრის გადაკვეთაზე, უფლება აქვს სასამართლოში გაასაჩივროს აღნიშნული გადაწყვეტილება, გარდა ამ კანონის მე-10 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2630-სსმI, №3, 16.01.2006წ., მუხ.24

    მუხლი 14. საქართველოდან   დროებითი გასვლისათვის  პასპორტის გაცემის თაობაზე შუამდგომლობის განმეორებითი განხილვა

     დაინტერესებულ პირს, რომელსაც უარი ეთქვა პასპორტის გაცემაზე,ამავე საკითხზე შუამდგომლობის ხელმეორედ წარდგენის უფლება აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღარ არსებობს მიზეზი, რომლის გამოც მას უარი ეთქვა პასპორტის გაცემაზე.

    მუხლი 15. საქართველოდან   გასვლისას საზღვრის გადაკვეთისათვის სავალდებულო დოკუმენტები

     1. საქართველოს მოქალაქეები საქართველოდან   გასვლისას საზღვრის გადაკვეთისას გადიან საპასპორტო კონტროლს და პასპორტში ან მის შემცვლელ დოკუმენტში აღინიშნება საზღვრის გადაკვეთის თარიღი.

     2. საქართველოდან   დროებითი გასვლისას საზღვრის გადასაკვეთად მოქალაქეს უნდა ჰქონდეს იმ სახელმწიფოში შესასვლელი ვიზა, სადაც უშუალოდ მიემგზავრება.

     3. საქართველოს  საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე საქართველოდან   დროებითი გასვლა შესაძლებელია უვიზოდაც.

    მუხლი 16. საქართველოში  შემოსვლა

     საქართველოს მოქალაქეს ნებისმიერ დროს უფლება აქვს შემოვიდეს საქართველოში, რისთვისაც ნებართვა არ სჭირდება.

თავი III. საქართველოდან   გასვლის უფლების

რეგულირების განსკუთრებული შემთხვევები

    მუხლი 17. საქართველოდან  გასვლის შეზღუდვა  მოქალაქეთა უსაფრთხოების თვალსაზრისით

     სხვა სახელმწიფოში საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში საქართველოს მინისტრთა კაბინეტს უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეს, მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, შეუზღუდოს ამ ქვეყანაში გასვლა გარკვეული ვადით. საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება . ასეთი შეზღუდვის შემოღებისა და გაუქმების თაობაზე უნდა გამოქვეყნდეს.

საქართველოს 1997 წლის 16 ოქტომბრის კანონი №922-პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997წ., გვ.12

    მუხლი 18. საქართველოდან  სამხედრო მოსამსახურეების გასვლა

     1. საქართველოდან   დროებით გასული საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც კანონის შესაბამისად ექვემდებარებიან ნამდვილი ვადიანი სამხედრო სამსახურის გავლას, გაწვევის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე ვალდებულნი არიან დაუყოვნებლივ ჩამოვიდნენ საქართველოში   ვადიანი სამხედრო სამსახურის გასავლელად. ზევადიანი სამსახურის სამხედრო მოსამსახურეები და ოფიცერთა შემადგენლობის პირები პირად საქმეებზე საქართველოდან მიემგზავრებიან საქართველოს  კანონმდებლობით დადგენილი წესით გაფორმებული ნებართვით.

     2. საქართველოში   საომარი მდგომარეობის, ომის გამოცხადების ან საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში  პრეზიდენტს უფლება აქვს შეზღუდოს წვევამდელთა, რეზერვისტთა და სამხედრო მოსამსახურეთა საქართველოდან   გასვლა.

     3. საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება ასეთ შეზღუდვათა შემოღებისა და გაუქმების თაობაზე უნდა გამოქვეყნდეს.

საქართველოს 1997 წლის 16 ოქტომბრის კანონი №922-პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997წ., გვ.12

საქართველოს პარლამენტის თავჯდომარე

სახელმწიფოს მეთაური                                          ედუარდ შევარდნაძე.

საქართველოს პარლამენტის სპიკერი                ვახტანგ გოგუაძე.

თბილისი, 1993 წლის 7 დეკემბერი.

№354

შეტანილი ცვლილებები:

1.საქართველოს 1997 წლის 16 ოქტომბრის კანონი №922-პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997წ., გვ.12

2.საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №190-სსმI, №19, 15.07.2004წ., მუხ.87

3.საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2630-სსმI, №3, 16.01.2006წ., მუხ.24

19. 21/09/2023 - საქართველოს კანონი - 3528-XIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 12/10/2023 18. 30/03/2021 - საქართველოს კანონი - 422-IVმს-Xმპ - ვებგვერდი, 13/04/2021 17. 02/09/2020 - საქართველოს კანონი - 7069-Iს - ვებგვერდი, 04/09/2020 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 16. 10/06/2020 - საქართველოს კანონი - 6056-IIს - ვებგვერდი, 19/06/2020 15. 04/03/2016 - საქართველოს კანონი - 4844-IIს - ვებგვერდი, 22/03/2016 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 14. 12/06/2015 - საქართველოს კანონი - 3700-IIს - ვებგვერდი, 15/06/2015 13. 20/03/2015 - საქართველოს კანონი - 3396-IIს - ვებგვერდი, 31/03/2015 12. 20/09/2013 - საქართველოს კანონი - 1152-Iს - ვებგვერდი, 01/10/2013 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 11. 25/05/2012 - საქართველოს კანონი - 6317-Iს - ვებგვერდი, 19/06/2012 10. 24/06/2011 - საქართველოს კანონი - 4938-რს - ვებგვერდი, 110714016, 14/07/2011 9. 15/12/2010 - საქართველოს კანონი - 4050-რს - სსმ, 76, 29/12/2010 8. 06/07/2010 - საქართველოს კანონი - 3356 - სსმ, 41, 21/07/2010 7. 15/12/2009 - საქართველოს კანონი - 2320 - სსმ, 46, 22/12/2009 6. 11/07/2009 - საქართველოს კანონი - 1389 - სსმ, 21, 03/08/2009 5. 19/12/2008 - საქართველოს კანონი - 804 - სსმ, 40, 29/12/2008 4. 21/03/2008 - საქართველოს კანონი - 5975 - სსმ, 9, 04/04/2008 3. 28/12/2005 - საქართველოს კანონი - 2630 - სსმ, 3, 16/01/2006 2. 24/06/2004 - საქართველოს კანონი - 190 - სსმ, 19, 15/07/2004 1. 16/10/1997 - საქართველოს კანონი - 922 - პარლამენტის უწყებანი, 44, 11/11/1997