დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 354 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტი |
მიღების თარიღი | 07/12/1993 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს რესპუბლიკის კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს პარლამენტის უწყებები, 12-13, 31/12/1993 |
სარეგისტრაციო კოდი | 010.130.000.05.001.000.076 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
პირველადი სახე (31/12/1993 - 16/10/1997)
საქართველოს რესპუბლიკის კანონი
საქართველოს მოქალაქეების საქართველოს რესპუბლიკიდან დროებითი გასვლის და საქართველოს რესპუბლიკაში შემოსვლის წესების შესახებ
თავი I. ზოგადი დებულებანი
მუხლი 1. საქართველოს მოქალაქეების საქართველოს რესპუბლიკიდან დროებითი გასვლის და საქართველოს რესპუბლიკაში შემოსვლის შესახებ
საქართველოს მოქალაქეს აქვს საქართველოს რესპუბლიკიდან დროებითი გასვლის და საქართველოს რესპუბლიკაში შემოსვლის უფლება.
ეს უფლება არ შეიძლება შეიზღუდოს, გარდა საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
მუხლი 2. კანონის დანიშნულება
საქართველოს მოქალაქეთა საქართველოს რესპუბლიკიდან დროებითი გასვლისა და საქართველოს რესპუბლიკაში შემოსვლის წესების შესახებ საქართველოს რესპუბლიკის კანონის დანიშნულებაა საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპების შესაბამისად უზრუნველყოს საქართველოს მოქალაქის უფლება დროებით დატოვოს თავისი ქვეყანა და თავისუფლად დაბრუნდეს უკან. განსაზღვროს საქართველოს მოქალაქეთა სხვა სახელმწიფოში დროებითი წასვლისა და საქართველოს რესპუბლიკაში შემოსვლის წესი და პირობები, აგრეთვე დაარეგულიროს ამასთან დაკავშირებით წარმოშობილი სხვა ურთიერთობანი.
ეს კანონი არ არეგულირებს საქართველოს მოქალაქის საქართველოს რესპუბლიკიდან სამუდამოდ წასვლის (ემიგრაციის) წესს, აგრეთვე საქართველოს მოქალაქეთა დიპლომატიური ან სამსახურებრივი მიზნით მოგზაურობისა და შესაბამისი პასპორტების გაცემის წესს.
მუხლი 3. საქართველოს მოქალაქეთა საქართველოს რესპუბლიკიდან დროებითი გასვლის და საქართველოს რესპუბლიკაში შემოსვლის მარეგულირებელი საკანონმდებლო აქტები
საქართველოს მოქალაქეთა საქართველოს რესპუბლიკიდან დროებითი გასვლის და საქართველოს რესპუბლიკაში შემოსვლის მარეგულირებელი საკანონმდებლო აქტებია ეს კანონი და საქართველოს რესპუბლიკის სხვა საკანონმდებლო აქტები.
თუ საერთაშორისო ხელშეკრულებით, რომელშიც საქართველოს რესპუბლიკა მონაწილეობს, დადგენილია ამ კანონისაგან განსხვავებული წესები, გამოიყენება საერთაშორისო ხელშეკრულების წესები.
მუხლი 4. საქართველოს მოქალაქის მიერ ქონების საზღვარგარეთ გატანის უფლება
საქართველოს მოქალაქეს, რომელიც დროებით გადის საქართველოს რესპუბლიკიდან, უფლება აქვს საზღვარგარეთ გაიტანოს ნებისმიერი მოძრავი ქონება, რომელიც მას აქვს საკუთრების უფლებით ან კანონიერ საფუძველზე გადაცემულია მის მფლობელობაში ან (და) სარგებლობაში, თუ ეს აკრძალული არ არის საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობით.
თავი II. საქართველოს რესპუბლიკიდან დროებითი გასვლისა
და საქართველოს რესპუბლიკაში შემოსვლისათვის საჭირო დოკუმენტები
მუხლი 5. საქართველოს მოქალაქის პასპორტი
საქართველოს მოქალაქეები საქართველოს რესპუბლიკიდან დროებით გადიან და საქართველოს რესპუბლიკაში შემოდიან პასპორტით, რომელსაც გასცემენ შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოები.
პასპორტი ერთიანი ნიმუშისაა და ძალა აქვს საქართველოს რესპუბლიკიდან მსოფლიოს ყველა ქვეყანაში გასვლისა და საქართველოს რესპუბლიკაში შემოსვლისათვის.
პასპორტი საქართველოს რესპუბლიკის კუთვნილებაა.
საქართველოს რესპუბლიკის საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად, პასპორტის ნაცვლად შეიძლება გაიცეს მისი შემცვლელი დოკუმენტი.
საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაფორმებისა და გაცემის წესს ადგენს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი.
მუხლი 6. საქართველოს მოქალაქის პასპორტის მოქმედების ვადა
საქართველოს მოქალაქის პასპორტს ძალა აქვს გაცემის დღიდან 5 წლის მანძილზე.
საქართველოს მოქალაქის პასპორტის მოქმედების ვადის გაგრძელებით დაინტერესებულმა პირმა უნდა მიმართოს საქართველოს რესპუბლიკის დიპლომატიურ ან საკონსულო წარმომადგენლობას, ხოლო საქართველოში ყოფნისას – შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებს.
მუხლი 7. შუამდგომლობა საქართველოს რესპუბლიკიდან დროებითი გასვლისათვის პასპორტის გაცემის შესახებ
საქართველოს რესპუბლიკიდან დროებითი გასვლისათვის პასპორტის გაცემის თაობაზე შუამდგომლობის აღძვრის უფლება აქვს საქართველოს სრულწლოვან და ქმედუნარიან მოქალაქეს. პასპორტის მისაღებად პირმა უნდა წარმოადგინოს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა და სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი.
საქართველოს რესპუბლიკიდან დროებითი გასვლისათვის პასპორტის გაცემის თაობაზე შუამდგომლობა დაინტერესებულ პირს შეაქვს საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა ორგანოებში საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის მიერ დადგენილი წესით.
შუამდგომლობაში მითითებული უნდა იყოს ყველა ის მონაცემი, რომლებიც შეიტანება პასპორტში.
შუამდგომლობას უნდა დაერთოს სანოტარო ან მასთან გათანაბრებული წესით დამოწმებული შემდეგი საბუთები:
1. თუ შუამდგომლობის აღმძვრელ პირს თან მიჰყვებიან 14-დან 18 წლამდე არასრულწლოვანი ბავშვები, – მათი წერილობითი თანხმობა კანონიერ წარმომადგენლებთან ერთად გამგზავრებაზე.
2. თუ შუამდგომლობის აღმძვრელ კანონიერ წარმომადგენელს თან მიჰყვებიან არასრულწლოვანი ბავშვები, ხოლო მეორე კანონიერი წარმომადგენელი რჩება საქართველოში, – ამ უკანასკნელის თანხმობა არასრულწლოვანი ბავშვების საქართველოს რესპუბლიკიდან დროებით გასვლაზე.
მუხლი 8. საქართველოს რესპუბლიკიდან 16 წლამდე ბავშვების და ქმედუუნარო პირების დროებითი გასვლა
დაუშვებელია საქართველოს რესპუბლიკიდან 16 წლამდე ბავშვის, აგრეთვე ქმედუუნარო პირის დროებითი გასვლა მისი კანონიერი წარმომადგენლის უნებართვოდ და სრულწლოვანი ქმედუნარიანი პირის თანხლების გარეშე.
16-დან 18-წლამდე არასრულწლოვანის, თუ იგი არ იმყოფება რეგისტრირებულ ქორწინებაში, საქართველოს რესპუბლიკიდან დროებითი გასვლისათვის საჭიროა მისი კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა.
არასრულწლოვანს, აგრეთვე ქმედუუნარო პირს, რომელსაც საზღვარგარეთ დროებით გამგზავრებისას თან არ ახლავს კანონიერი წარმომადგენლები, ამ უკანასკნელთა შუამდგომლობის საფუძველზე მიეცემა პასპორტი.
არასრულწლოვანი ან ქმედუუნარო პირის საქართველოს რესპუბლიკიდან დროებითი გასვლის საკითხზე კანონიერ წარმომადგენელთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში დავა გადაწყდება სასამართლოს წესით.
მუხლი 9. საქართველოს რესპუბლიკიდან დროებითი გასვლისათვის პასპორტის გაცემის თაობაზე შუამდგომლობის განხილვის ვადა
საქართველოს რესპუბლიკიდან დროებითი გასვლისათვის პასპორტის გაცემის თაობაზე შუამდგომლობა განიხილება ერთი თვის ვადაში ყველა საჭირო საბუთის წარდგენის დღიდან, ხოლო თუ დროებითი გასვლა დაკავშირებულია ქორწინებასთან, მკურნალობასთან, ახლო ნათესავის მძიმე ავადმყოფობასთან ან გარდაცვალებასთან, საქართველოს მოქალაქის საზღვარგარეთ სასამართლო პროცესში მონაწილეობასთან, ან სხვა მნიშვნელოვან გარემოებებთან, – 3 დღის ვადაში.
მუხლი 10. საქართველოს რესპუბლიკიდან დროებითი გასვლის უფლების შეზღუდვის საფუძვლები
საქართველოს მოქალაქეს შეიძლება უარი ეთქვას საქართველოს რესპუბლიკიდან დროებითი გასვლისათვის საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემაზე ან პასპორტის მოქმედების ვადის გაგრძელებაზე, აგრეთვე საზღვრის გადაკვეთაზე იმ შემთხვევაში, თუ:
1. მის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე;
2. არ მოუხდია სასამართლოს განაჩენით გათვალისწინებული სასჯელი;
3. მის მიმართ აღძრულია სამოქალაქო სამართლის სარჩელი;
4.შესრულებული აქვს სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული ვალდებულება;
5. წარმოადგენს ყალბ ან ძალის არმქონე საბუთებს;
6. საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
მუხლი 11. სახელმწიფო ორგანოების, ორგანიზაციების, დაწესებულებების და უწყებების მონაცემები საქართველოს მოქალაქის საქართველოს რესპუბლიკიდან დროებით გასვლასთან დაკავშირებით
საქართველოს მოქალაქის საქართველოს რესპუბლიკიდან დროებით გასვლასთან დაკავშირებით საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა ორგანოების მოთხოვნის შესაბამისად სახელმწიფო ორგანოები, ორგანიზაციები, დაწესებულებები და უწყებები ვალდებული არიან წარმოადგინონ ამ კანონის მე-10 მუხლში მითითებულ გარემოებათა დამადასტურებელი მონაცემები.
მუხლი 12. სახელმწიფო ბაჟი
საქართველოს რესპუბლიკიდან დროებითი გასვლისათვის პასპორტის გაცემის თაობაზე შუამდგომლობის შეტანისას განმცხადებელი იხდის სახელმწიფო ბაჟს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის მიერ დადგენილი ოდენობითა დაწესით.
მუხლი 13. საქართველოს რესპუბლიკიდან დროებითი გასვლისათვის პასპორტის გაცემაზე, პასპორტის მოქმედების ვადის გაგრძელებასა და საზღვრის გადაკვეთაზე უარის თქმის გასაჩივრება
დაინტერესებულ პირს, რომელსაც უარი ეთქვა საქართველოს რესპუბლიკიდან დროებითი გასვლისათვის პასპორტის გაცემაზე, პასპორტის მოქმედების ვადის გაგრძელებაზე, საზღვრის გადაკვეთაზე, უფლება აქვს სასამართლოში გაასაჩივროს აღნიშნული გადაწყვეტილება, გარდა ამ კანონის მე-10 მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
მუხლი 14. საქართველოს რესპუბლიკიდან დროებითი გასვლისათვის პასპორტის გაცემის თაობაზე შუამდგომლობის განმეორებითი განხილვა
დაინტერესებულ პირს, რომელსაც უარი ეთქვა პასპორტის გაცემაზე,ამავე საკითხზე შუამდგომლობის ხელმეორედ წარდგენის უფლება აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღარ არსებობს მიზეზი, რომლის გამოც მას უარი ეთქვა პასპორტის გაცემაზე.
მუხლი 15. საქართველოს რესპუბლიკიდან გასვლისას საზღვრის გადაკვეთისათვის სავალდებულო დოკუმენტები
საქართველოს მოქალაქეები საქართველოს რესპუბლიკიდან გასვლისას საზღვრის გადაკვეთისას გადიან საპასპორტო კონტროლს და პასპორტში ან მის შემცვლელ დოკუმენტში აღინიშნება საზღვრის გადაკვეთის თარიღი.
საქართველოს რესპუბლიკიდან დროებითი გასვლისას საზღვრის გადასაკვეთად მოქალაქეს უნდა ჰქონდეს იმ სახელმწიფოში შესასვლელი ვიზა, სადაც უშუალოდ მიემგზავრება.
საქართველოს რესპუბლიკის საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე საქართველოს რესპუბლიკიდან დროებითი გასვლა შესაძლებელია უვიზოდაც.
მუხლი 16. საქართველოს რესპუბლიკაში შემოსვლა
საქართველოს მოქალაქეს ნებისმიერ დროს უფლება აქვს შემოვიდეს საქართველოს რესპუბლიკაში, რისთვისაც ნებართვა არ სჭირდება.
თავი III. საქართველოს რესპუბლიკიდან გასვლის უფლების
რეგულირების განსკუთრებული შემთხვევები
მუხლი 17. საქართველოს რესპუბლიკიდან გასვლის შეზღუდვა მოქალაქეთა უსაფრთხოების თვალსაზრისით
სხვა სახელმწიფოში საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტს უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეს, მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, შეუზღუდოს ამ ქვეყანაში გასვლა გარკვეული ვადით. მინისტრთა კაბინეტის დადგენილება ასეთი შეზღუდვის შემოღებისა და გაუქმების თაობაზე უნდა გამოქვეყნდეს.
მუხლი 18. საქართველოს რესპუბლიკიდან სამხედრო მოსამსახურეების გასვლა
საქართველოს რესპუბლიკიდან დროებით გასული საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც კანონის შესაბამისად ექვემდებარებიან ნამდვილი ვადიანი სამხედრო სამსახურის გავლას, გაწვევის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე ვალდებულნი არიან დაუყოვნებლივ ჩამოვიდნენ საქართველოს რესპუბლიკაში ვადიანი სამხედრო სამსახურის გასავლელად. ზევადიანი სამსახურის სამხედრო მოსამსახურეები და ოფიცერთა შემადგენლობის პირები პირად საქმეებზე საქართველოს რესპუბლიკიდან მიემგზავრებიან საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის მიერ დადგენილი წესით გაფორმებული ნებართვით.
საქართველოს რესპუბლიკაში საომარი მდგომარეობის, ომის გამოცხადების ან საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტს უფლება აქვს შეზღუდოს წვევამდელთა, რეზერვისტთა და სამხედრო მოსამსახურეთა საქართველოს რესპუბლიკიდან გასვლა.
მინისტრთა კაბინეტის დადგენილება ასეთ შეზღუდვათა შემოღებისა და გაუქმების თაობაზე უნდა გამოქვეყნდეს.
საქართველოს პარლამენტის თავჯდომარე
სახელმწიფოს მეთაური ედუარდ შევარდნაძე.
საქართველოს პარლამენტის სპიკერი ვახტანგ გოგუაძე.
თბილისი, 1993 წლის 7 დეკემბერი.
№354
დოკუმენტის კომენტარები