დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1401 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 29/05/1998 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | პარლამენტის უწყებანი, 21-22, 14/06/1998 |
სარეგისტრაციო კოდი | 210.020.010.05.001.000.360 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
კონსოლიდირებული ვერსია (09/12/1998 - 23/07/1999)
საქართველოს კანონი
ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ
ეს კანონი, საქართველოს კონსტიტუციისა და „მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, განსაზღვრავს ადგილობრივი მოსაკრებლების სახეს, ოდენობას, შემოღების წესსა და მოსაკრებლების გადამხდელთა უფლება-მოვალეობებს.
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1. ადგილობრივი მოსაკრებლის ცნება
ადგილობრივი მოსაკრებელი არის ადგილობრივ ბიუჯეტში ერთჯერადი სავალდებულო გადასახდელი, რომელსაც ფიზიკური და იურიდიული პირები იხდიან ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოს მიერ განსაზღვრული ვადით ან უამისოდ, კანონით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელების და/ან სარგებლობის უფლების მინიჭებისათვის.
მუხლი 2. კანონმდებლობა ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ
საქართველოს კანონმდებლობა ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ შედგება „მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ” საქართველოს კანონისაგან, ამ კანონისა და სხვა ნორმატიული აქტებისაგან.
მუხლი 3. ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და ბიუჯეტში ჩარიცხვის წესი
1. ამ კანონით დადგენილი წესით ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, გაუქმებისა და მათზე შეღავათების დაწესების უფლება აქვს ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) წარმომადგენლობით ორგანოს – საკრებულოს.
2. ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, გაუქმებისა და მათზე შეღავათების დაწესების შესახებ საკრებულოს გადაწყვეტილება მოქმედებს მხოლოდ მისდამი დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე და ვრცელდება ყველა იქ მცხოვრებ ფიზიკურ და განლაგებულ იურიდიულ პირზე, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
3. ადგილობრივი მოსაკრებლები გადაიხდევინება წინასწარ, ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოს მიერ გადამხდელისათვის კანონით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელების და/ან სარგებლობის უფლების მინიჭებამდე. პასუხისმგებლობა გადახდევინებაზე ეკისრება ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოს შესაბამის სამსახურს.
4. კონტროლს ადგილობრივი მოსაკრებლების გაანგარიშებასა და შესაბამის ბიუჯეტში მათ სრულ და დროულ ჩარიცხვაზე ახორციელებენ სახელმწიფო საგადასახადო დეპარტამენტის შესაბამისი ტერიტორიული ორგანოები.
5. სახეების მიხედვით ადგილობრივი მოსაკრებლების გადახდის პერიოდულობა და ვადა დგინდება ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) წარმომადგენლობითი ორგანოს გადაწყვეტილებით.
6. ადგილობრივი მოსაკრებლების გადახდა ხდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან და საგადასახადო დეპარტამენტთან შეთანხმებული და ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოს მიერ დამტკიცებული ინსტრუქციების შესაბამისად.
7. ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ შემოღებული მოსაკრებლები მთლიანად ჩაირიცხება ადგილობრივ ბიუჯეტში.
საქართველოს 199 8 წლის 13 ოქტომბრის კანონი № 1623 -სსმ I, №2, 26 . 1 0.199 8 წ; მუხ. 2 2
მუხლი 4. შეღავათები ადგილობრივი მოსაკრებლების გადახდაზე
1. შეღავათები ადგილობრივი მოსაკრებლების გადახდაზე დგინდება ამ კანონით.
2. ადგილობრივი მოსაკრებლების გადახდაზე საკრებულოს მიერ შეღავათების დადგენა (გადახდისაგან სრული ან ნაწილობრივი განთავისუფლება) დაიშვება გადამხდელთა კატეგორიების მიხედვით.
3. დაუშვებელია ადგილობრივი მოსაკრებლების გადახდაზე ინდივიდუალური სახის შეღავათების დადგენა.
მუხლი 5. ადგილობრივი მოსაკრებლები
1. ადგილობრივი სალიცენზიო მოსაკრებლებია:
ა) მოსაკრებელი მშენებლობის დაწყების ნებართვისათვის;
ბ) მოსაკრებელი ვაჭრობის ნებართვისათვის;
გ) მოსაკრებელი გარე რეკლამის გავრცელების ნებართვისათვის;
დ) მოსაკრებელი საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის ნებართვისათვის;
ე) მოსაკრებელი ადგილობრივი სამგზავრო-სატრანსპორტო გადაზიდვის ნებართვისათვის;
ვ) მოსაკრებელი არქიტექტურული ობიექტის სტრუქტურულ-ფუნქციური წყობისა და იერსახის შეცვლის ნებართვისათვის;
ზ) მოსაკრებელი ავტოტრანსპორტის პარკირების ნებართვისათვის.
2. სატენდერო მოსაკრებელი.
საქართველოს 199 8 წლის 9 დეკემბრის კანონი № 1727 -სსმ I, № 7 , 31 . 12 .199 8 წ; მუხ. 55
მუხლი 6. მოსაკრებელი მშენებლობის დაწყების ნებართვისათვის
1. მშენებლობის დაწყების ნებართვისათვის მოსაკრებლის გადამხდელია მშენებარე ობიექტის მესაკუთრე ფიზიკური და/ან იურიდიული პირი.
2. მოსაკრებელის შემოღების უფლება აქვს რაიონის და/ან იმ ქალაქის საკრებულოს, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში.
3. საკრებულოს მიერ დაწესებული მოსაკრებლის ოდენობა ახლად ასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ფართის თითოეული კვადრატული მეტრისათვის არ უნდა აღემატებოდეს ერთ ლარს, ხოლო საკურორტო ზონაში სამრეწველო ობიექტის მშენებლობისათვის – ხუთ ლარს.
4. საკრებულოს გადაწყვეტილებით მოსაკრებლის გადახდისაგან შეიძლება განთავისუფლდეს ან დაუწესდეს შეღავათი სტიქიური უბედურების შედეგად დაზიანებული ობიექტის მშენებლობას.
მუხლი 7. მოსაკრებელი ვაჭრობის ნებართვისათვის
1. ვაჭრობის ნებართვისათვის მოსაკრებლის გადამხდელია ფიზიკური და/ან იურიდიული პირი, რომელიც ეწევა სავაჭრო საქმიანობას შესაბამის ტერიტორიაზე.
2. მოსაკრებელის შემოღების უფლება აქვს სოფლის, დაბის, თემის, ქალაქის საკრებულოს.
3. მოსაკრებლის ოდენობას ადგენს საკრებულო გასაყიდი საქონლის სახეობის, სავაჭრო ობიექტის ფართობისა და ადგილმდებარეობის (ზონის) მიხედვით.
4. საკრებულოს მიერ დაწესებული მოსაკრებლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს:
ა) ვაჭრობის წლიური ნებართვისათვის - 500 ლარს;
ბ) გარე ვაჭრობისათვის (ვაჭრობა დროებითი სადგომიდან, ავტომანქანიდან, შენობის გარეთ განლაგებული დახლიდან) – ერთ სავაჭრო ადგილზე ყოველ დღეზე 2 ლარს;
გ) ალკოჰოლიანი სასმელებით (გარდა საკუთარი წარმოებისა), თამბაქოს ნაწარმით ვაჭრობისათვის – ამ პუნქტის „ა” და „ბ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მოსაკრებლის გაორმაგებულ ოდენობას.
მუხლი 8. მოსაკრებელი გარე რეკლამის განთავსების ნებართვისათვის
1. გარე რეკლამის განთავსების ნებართვისათვის მოსაკრებლის გადამხდელია რეკლამის გამავრცელებელი ფიზიკური და/ან იურიდიული პირი, რომელიც განათავსებს რეკლამას ადგილობრივი თვითმმართველობისადმი (მმართველობისადმი) დაქვემდებარებული ტერიტორიის შენობა-ნაგებობებზე, აგრეთვე საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, რომელიც განეკუთვნება ამავე ტერიტორიაზე მცხოვრებ ფიზიკურ და/ან იქ განლაგებულ იურიდიულ პირს.
2. მოსაკრებლის შემოღების უფლება აქვს სოფლის, დაბის, თემის, ქალაქის საკრებულოს.
3. მოსაკრებლის ოდენობას ადგენს საკრებულო სარეკლამო საშუალებების განთავსების ადგილის მიხედვით.
4. საკრებულოს მიერ დაწესებული მოსაკრებლის ოდენობა სტაბილური გარე რეკლამის განთავსებისათვის არ უნდა აღემატებოდეს რეკლამის ერთ კვადრატულ მეტრზე წლიურად 300 ლარს, ხოლო საზოგადოებრივ ტრანსპორტზე რეკლამის განთავსებისათვის – წლიურად 100 ლარს.
5. გარე რეკლამის განთავსების მოსაკრებლის გადახდისაგან თავისუფლდება:
ა) სოციალური რეკლამა;
ბ) საქველმოქმედო ღონისძიების რეკლამა;
გ) სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოთა მიერ გაკეთებული განცხადებები, მიმართვები და შეტყობინებები;
ე) გამაფრთხილებელი აბრები და განცხადებები, რომლებიც შეიცავენ ინფორმაციას ცალკეულ ტერიტორიაზე საქმიანობის ან მოძრაობის შეზღუდვის შესახებ;
ვ) საარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებით მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების, საარჩევნო ბლოკებისა და დეპუტატობის კანდიდატთა პლაკატები.
მუხლი 9. მოსაკრებელი საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის ნებართვისათვის
1. საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის ნებართვისათვის მოსაკრებლის გადამხდელია სამშენებლო და/ან სარემონტო სამუშაოების დამკვეთი პირი, თუ მათი ჩატარება ზღუდავს ქუჩით, მოედნით, პარკით, სკვერით ან დასასვენებელი ზონით სარგებლობას.
2. მოსაკრებლის შემოღების უფლება აქვს სოფლის, დაბის, თემის, ქალაქის საკრებულოს.
3. საკრებულოს მიერ დაწესებული მოსაკრებლის ოდენობა სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების ჩატარებისათვის თითოეულ დღეზე არ უნდა აღემატებოდეს 10 ლარს.
4. მოსაკრებლის გადახდისაგან თავისუფლდება ავარიებისა და კატასტროფების სალიკვიდაციო ღონისძიებები, ასევე სახელმწიფო ორგანიზაციების მიერ ჩატარებული კომუნალური მეურნეობისა და გზის საფარის აღდგენა-შეკეთების სამუშაოები.
მუხლი 10. მოსაკრებელი ადგილობრივი სამგზავრო-სატრანსპორტო გადაზიდვის ნებართვისათვის
1. ადგილობრივი სამგზავრო-სატრანსპორტო გადაზიდვის ნებართვისათვის მოსაკრებლის გადამხდელია ადგილობრივი სამგზავრო-სატრანსპორტო გადაზიდვის განმახორციელებელი ფიზიკური და/ან იურიდიული პირი.
2. მოსაკრებლის შემოღების უფლება აქვს რაიონის და/ან იმ ქალაქის საკრებულოს, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში.
3. მოსაკრებლის ოდენობას სამგზავრო-სატრანსპორტო საშუალებათა კატეგორიებისა და მგზავრთა რაოდენობის შესაბამისად ადგენს საკრებულო.
4. საკრებულოს მიერ დაწესებული მოსაკრებლის ოდენობა თითოეულ სამგზავრო-სატრანსპორტო საშუალებაზე თვეზე გაანგარიშებით არ უნდა აღემატებოდეს 50 ლარს.
მუხლი 11. მოსაკრებელი არქიტექტურული ობიექტის სტრუქტურულ-ფუნქციური წყობისა და იერსახის შეცვლის ნებართვისათვის
1. არქიტექტურული ობიექტის სტრუქტურულ-ფუნქციური წყობისა და იერსახის შეცვლის ნებართვისათვის მოსაკრებლის გადამხდელია არქიტექტურული ობიექტის მესაკუთრე (მფლობელი), რომელსაც განზრახული აქვს ობიექტის სტრუქტურულ-ფუნქციური წყობისა და იერსახის შეცვლა.
2. მოსაკრებლის შემოღების უფლება აქვს რაიონის და/ან იმ ქალაქის საკრებულოს, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში.
3. საკრებულოს მიერ დაწესებული მოსაკრებლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ერთ ლარს ობიექტის ფასადის 1კვ მეტრზე.
მუხლი 12. მოსაკრებელი ავტოტრანსპორტის პარკირების ნებართვისათვის
1. ავტოტრანსპორტის პარკირების ნებართვისათვის მოსაკრებლის გადამხდელები არიან ფიზიკური და/ან იურიდიული პირები, რომლებიც ახდენენ საკუთარი სარგებლობის ტრანსპორტის პარკირებას ქუჩებში ან საზოგადოებრივ ადგილებში ადგილობრივი თვითმმართველობისადმი (მმართველობისადმი) დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე.
2. მოსაკრებლის შემოღების უფლება აქვს შესაბამისი სოფლის, დაბის, თემის, ქალაქის საკრებულოს.
3. მოსაკრებლის ზღვრული ოდენობა განისაზღვრება პარკირების ადგილმდებარეობისა და დროის მიხედვით, მაგრამ არაუმეტეს საათში 20 თეთრისა.
4. პარკირების მოსაკრებელი არ გადაიხდევინება სამეწარმეო საქმიანობისას ტრანსპორტის პარკირებისათვის სპეციალურად გამოყოფილი ადგილების ფუნქციონირებისათვის.
თავი III
პასუხისმგებლობა ამ კანონის დარღვევისათვის
მუხლი 13. სატენდერო მოსაკრებელი
1. სატენდერო მოსაკრებელს იხდის ის პრეტენდენტი, რომელიც ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებისას იღებს სატენდერო დოკუმენტაციას.
2. სატენდერო მოსაკრებლის შემოღების უფლება აქვს რაიონის და/ან იმ ქალაქის საკრებულოს, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში.
3. საკრებულოს მიერ დაწესებული სატენდერო მოსაკრებელი არ უნდა აღემატებოდეს:
ა) ღია ტენდერის ჩატარების შემთხვევაში – 500 ლარს;
ბ) დახურული ტენდერის ჩატარების შემთხვევაში – 150 ლარს.
საქართველოს 199 8 წლის 9 დეკემბრის კანონი № 1727 -სსმ I, № 7 , 31 . 12 .199 8 წ; მუხ. 55
მუხლი 14. პასუხისმგებლობა ამ კანონის დარღვევისათვის
პასუხისმგებლობა ამ კანონის დარღვევისათვის განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 15. ადგილობრივ მოსაკრებლებთან დაკავშირებულ სადავო საკითხთა გადაწყვეტის წესი
1. ადგილობრივ მოსაკრებლებთან დაკავშირებულ დავას წყვეტს სასამართლო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. სასამართლოში სარჩელის შეტანა არ ათავისუფლებს გადამხდელს ადგილობრივი მოსაკრებლების გადახდისაგან.
3. უკანონოდ ან კანონის დარღვევით შემოღებული ადგილობრივი მოსაკრებლების სახით გადახდილი თანხა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადამხდელს უბრუნდება ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) შესაბამისი ბიუჯეტიდან ერთი თვის განმავლობაში.
თავი IV
გარდამავალი დებულებანი
მუხლი 16. ამ კანონთან დაკავშირებით მისაღები ნორმატიული აქტები
ამ კანონთან დაკავშირებით მიღებულ უნდა იქნეს:
ა) საქართველოს კანონი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ “;
ბ) საქართველოს კანონი „საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ “;
გ) საქართველოს კანონი „სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ";
დ) საქართველოს კანონი „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ “.
მუხლი 17. სახელმწიფო მმართველობის ადგილობრივი ორგანოების უფლებამოსილება ადგილობრივი მოსაკრებლების სფეროში
იმ ტერიტორიულ ერთეულებში, სადაც არჩეულნი არ არიან ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) წარმომადგენლობითი ორგანოები, ამ კანონით დაწესებული ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების უფლება მათ არჩევამდე გადაეცეთ “საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ” საქართველოს კანონის თაობაზე” საქართველოს პარლამენტის 1996 წლის 29 მაისის დადგენილების მე-5 პუნქტით განსაზღვრულ ორგანოებს.
თავი V
დასკვნითი დებულება
მუხლი 18. კანონის ამოქმედება
1. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. მოსაკრებლების გადამხდელებს უფლება მიეცეთ ამ კანონით დაწესებული და კანონის მე-16 მუხლით განსაზღვრული ორგანოების მიერ შემოღებული 1998 წლის მოსაკრებლები გადაიხადონ 1999 წლის 1 იანვრამდე.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.
თბილისი,
1998 წლის 29 მაისი.
№1401–IIს
შეტანილი ცვლილებები:
1 . საქართველოს 1998 წლის 13 ოქტომბრის კანონი №1623 -სსმ I, №2, 26 .1 0.1998 წ; მუხ.2 2
2. საქართველოს 1998 წლის 9 დეკემბრის კანონი №1727 -სსმ I, №7 , 31 .12 .1998 წ; მუხ.55
დოკუმენტის კომენტარები