საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ

საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1361
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 29/04/1998
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი პარლამენტის უწყებანი, 19-20, 29/04/1998
სარეგისტრაციო კოდი 490.000.000.05.001.000.349
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
1361
29/04/1998
პარლამენტის უწყებანი, 19-20, 29/04/1998
490.000.000.05.001.000.349
საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)

საქართველოს კანონი

საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ

 

თავი I. ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. გამოყენების სფერო

ეს კანონი განსაზღვრავს, თუ რომელი სამართლებრივი წესრიგი გამოიყენება უცხო ქვეყნის სამართალთან დაკავშირებული საქმის ფაქტობრივი გარემოებების არსებობისას, აგრეთვე საპროცესო სამართლის იმ ნორმებს, რომლებიც გამოიყენება ასეთი საქმის წარმოებისას.

    მუხლი 2. საერთაშორისო ხელშეკრულებები

საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ წესებს აქვთ უპირატესი იურიდიული ძალა ამ კანონით განსაზღვრულ წესებთან შედარებით.

    მუხლი 3. უცხო ქვეყნის სამართლის ნორმების არსის დადგენა

1. უცხო ქვეყნის სამართლის გამოყენებისას საქართველოს სასამართლო იღებს საჭირო ზომებს მისი ნორმების არსის დასადგენად, შესაბამის ქვეყანაში მათი ოფიციალური განმარტების, გამოყენების პრაქტიკისა და დოქტრინის გათვალისწინებით.

2. თუ უცხო ქვეყნის სამართლის ნორმების არსის დადგენა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელების მიუხედავად უშედეგოა ან მოითხოვს გაუმართლებელ ხარჯებს, ხოლო პროცესის არც ერთ მხარეს არ შეუძლია ნორმების არსის დადგენა და მათი გამოყენების დასაბუთება, სასამართლო იყენებს საქართველოს სამართალს.

    მუხლი 4. მითითება

1. სხვა ქვეყნის (იგულისხმება მესამე ქვეყანაც) სამართალზე მითითება გულისხმობს ამ ქვეყნის საერთაშორისო კერძო სამართლის გამოყენებასაც, თუ ეს მითითება მითითების აზრს არ ეწინააღმდეგება ან თუ ეს მითითება არ გულისხმობს მხოლოდ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებული ნორმების გამოყენებას.

2. საქართველოს სამართალზე უკუმითითებისას გამოიყენება კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებული საქართველოს სამართლის ნორმები.

3. თუ მხარეებს შეუძლიათ აირჩიონ ერთ-ერთი ქვეყნის სამართალი, ასეთი არჩევანი გულისხმობს მხოლოდ ამ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებული ნორმების გამოყენებას.

    მუხლი 5. საჯარო წესრიგი

საქართველოში უცხო ქვეყნის სამართლის ნორმები არ გამოიყენება, თუ ეს ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს.

    მუხლი 6. იმპერატიული ნორმების გამოყენება

ამ კანონის დებულებები არ ვრცელდება საქართველოს სამართლის იმპერატიული ნორმების მოქმედებაზე, მიუხედავად იმისა, თუ რომელი ქვეყნის სამართალი გამოიყენება ურთიერთობათა მოწესრიგებისას.

    მუხლი 7. რამდენიმე სამართლებრივი სისტემის მქონე სახელმწიფოს სამართლის გამოყენება

იმ ქვეყნის სამართლის გამოყენებისას, სადაც მოქმედებს რამდენიმე ტერიტორიული ან განსხვავებული სამართლებრივი სისტემა, გამოიყენება ის სამართლებრივი სისტემა, რომლის გამოყენებასაც მოცემულ შემთხვევაში ითვალისწინებს ამ ქვეყნის სამართალი. თუ ასეთი წესი არ არსებობს, გამოიყენება იმ ტერიტორიის სამართალი, რომელთანაც კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობა ყველაზე მჭიდროდაა დაკავშირებული.

 

თავი II. საქართველოს სასამართლოების საერთაშორისო კომპეტენცია

    მუხლი 8. საერთაშორისო კომპეტენციის პრინციპი

საქართველოს სასამართლოებს აქვთ საერთაშორისო კომპეტენცია, თუ მოპასუხეს საქართველოში აქვს საცხოვრებელი ადგილი, რეზიდენცია ან ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი.

    მუხლი 9. საერთაშორისო კომპეტენციის შემთხვევები

საქართველოს სასამართლოებს საერთაშორისო კომპეტენცია აქვთ იმ შემთხვევაში, თუ:

ა) მოპასუხე რამდენიმე პირია და ერთ-ერთ მათგანს საცხოვრებელი ადგილი, რეზიდენცია ან ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი საქართველოში აქვს;

ბ) ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების ადგილი საქართველოა;

გ) სარჩელი ეხება მართლსაწინააღმდეგო ან მასთან გათანაბრებული ქმედებით მიყენებულ ზიანს და ასეთი ქმედების ჩადენა ან ზიანის მიყენება საქართველოში მოხდა;

დ) დავა ეხება იმ საწარმოს ფილიალს, რომლის რეზიდენციაც საქართველოშია;

ე) მამობის დადგენის ან ალიმენტის გადახდის საქმეებზე ბავშვის ან ალიმენტის მიმღების საცხოვრებელი ადგილი ან ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი საქართველოშია;

[ე) მამობის დადგენის ან ალიმენტის გადახდის საქმეზე ბავშვის ან ალიმენტის მიმღების საცხოვრებელი ადგილი ან ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი საქართველოშია ან პირმა სასამართლოს მიმართა „ბავშვის სასარგებლოდ ალიმენტის საერთაშორისო გადახდევინებისა და ოჯახის რჩენის სხვა ფორმების შესახებ“ ჰააგის 2007 წლის 23 ნოემბრის კონვენციის ფარგლებში წარმოშობილ მოთხოვნასთან დაკავშირებით; (ამოქმედდეს 2024 წლის 1 მაისიდან)]

ვ) სარჩელის საგანია სამემკვიდრეო უფლების დადგენა, სამკვიდრო ქონების გაყოფა და მამკვიდრებელს გარდაცვალებისას საცხოვრებელი ადგილი, ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი ან სამკვიდრო ქონება საქართველოში ჰქონდა.

საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №3946 – ვებგვერდი, 25.12.2023წ.

    მუხლი 10. განსაკუთრებული საერთაშორისო კომპეტენცია

საქართველოს სასამართლოებს განსაკუთრებული საერთაშორისო კომპეტენცია აქვთ მხოლოდ იმ სარჩელებზე, რომლებიც ეხება:

ა) უძრავ ქონებას, თუ ეს ქონება საქართველოშია;

ბ) იურიდიული პირის ან მისი ორგანოს გადაწყვეტილებათა ნამდვილობას ან შეწყვეტას, როცა ამ იურიდიული პირის ან მისი ორგანოს რეზიდენცია საქართველოშია;

გ) საქართველოს სასამართლოების ან სხვა ორგანოების მიერ იურიდიული პირების რეგისტრაციას;

დ)  პატენტის,  სავაჭრო  ნიშნის  ან  სხვა  უფლების  რეგისტრაციას (გარდა „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კვალიფიციური ფინანსური ხელშეკრულებიდან წარმოშობილი რეგისტრირებული უფლებისა), როდესაც ამ უფლების რეგისტრაცია ან მისი რეგისტრაციის მოთხოვნა საქართველოში განხორციელდა;

ე) იძულებითი აღსრულების ღონისძიებებს, როცა მათი მოთხოვნა ან განხორციელება საქართველოში მოხდა.

საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის კანონი №5676 – ვებგვერდი, 31.12.2019წ.

    მუხლი 11. უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება და გარდაცვლილად გამოცხადება

უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარებისა და გარდაცვლილად გამოცხადების საქმეებზე საქართველოს სასამართლოებს საერთაშორისო კომპეტენცია აქვთ, თუ:

ა) უგზო-უკვლოდ დაკარგული საქართველოს მოქალაქეა;

ბ) უგზო-უკვლოდ დაკარგულს ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი საქართველოში აქვს;

გ) უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარებისა და გარდაცვლილად გამოცხადებისათვის შუამდგომლობის აღმძვრელ მხარეს აქვს დასაბუთებული ინტერესი.

    მუხლი 12. ქორწინებასთან დაკავშირებული საქმეები

1. ქორწინებასთან დაკავშირებულ საქმეებზე საქართველოს სასამართლოებს საერთაშორისო კომპეტენცია აქვთ, თუ:

ა) ერთ-ერთი მეუღლე საქართველოს მოქალაქეა ან ქორწინებისას საქართველოს მოქალაქე იყო;

ბ) მეუღლეს, რომლის წინააღმდეგაც აღძრულია საქმე, ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი საქართველოში აქვს;

გ) ერთ-ერთი მეუღლე მოქალაქეობის არმქონე პირია და ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი საქართველოში აქვს.

2. ქორწინებასთან დაკავშირებულ საქმეებში იგულისხმება განქორწინება, ქორწინების შეწყვეტა ან ბათილად ცნობა, ქორწინების ან მეუღლეთა თანაცხოვრების ფაქტის დადგენა.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კომპეტენცია ვრცელდება განქორწინების დამატებით შედეგებზეც.

    მუხლი 13. მშობლებსა და შვილებს შორის პირადი ურთიერთობები, შვილების წარმოშობა, მამობის დადგენა და მათთან დაკავშირებული დავები

მშობლებსა და შვილებს შორის პირადი ურთიერთობების, შვილების წარმოშობის, მამობის დადგენის და მათთან დაკავშირებული დავების საქმეებზე საქართველოს სასამართლოებს საერთაშორისო კომპეტენცია აქვთ, თუ პროცესის ერთ-ერთი მხარე საქართველოს მოქალაქეა ან ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი საქართველოში აქვს.

    მუხლი 14. შვილად აყვანა

შვილად აყვანის საქმეებზე საქართველოს სასამართლოებს საერთაშორისო კომპეტენცია აქვთ, თუ მშვილებლები, ერთ-ერთი მშვილებელი ან ბავშვი საქართველოს მოქალაქეა ან ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი საქართველოში აქვს.

    მუხლი 15. ქმედუნარიანობის შეზღუდვა

პირის ქმედუნარიანობის შეზღუდვის საქმეებზე საქართველოს სასამართლოებს საერთაშორისო კომპეტენცია აქვთ, თუ ეს პირი საქართველოს მოქალაქეა ან ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი საქართველოში აქვს.

    მუხლი 16. მეურვეობა და მზრუნველობა

1. მეურვეობისა და მზრუნველობის საქმეებზე საქართველოს სასამართლოებს საერთაშორისო კომპეტენცია აქვთ, თუ მეურვე, მზრუნველი ან პირი, რომელსაც მეურვეობა ან მზრუნველობა ესაჭიროება, საქართველოს მოქალაქეა ან ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი საქართველოში აქვს.

2. საქართველოს სასამართლოებს საერთაშორისო კომპეტენცია აქვთ იმ შემთხვევაშიც, თუ მეურვე, მზრუნველი ან მეურვეობის ან მზრუნველობის ქვეშ მყოფი პირი ამას საქართველოს სასამართლოს მეშვეობით მოითხოვს.

    მუხლი 17. უცხო ქვეყანაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები

თუ საქართველოს კანონმდებლობა საქმის წარმოების შიდა კომპეტენციას არ ითვალისწინებს და ამავე დროს შეუძლებელია საქმის აღძვრა უცხო ქვეყანაში, ან საქმის გარემოებებიდან გამომდინარე პროცესის იქ წარმოებას აზრი არა აქვს, კომპეტენტურია საქართველოს იმ ტერიტორიაზე არსებული სასამართლო, სადაც უცხო ქვეყანაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეს ჰქონდა საბოლოო საცხოვრებელი ადგილი ან ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი.

    მუხლი 18. შეთანხმებები საერთაშორისო კომპეტენციის თაობაზე

1. მხარეებს შეუძლიათ შეთანხმდნენ საქართველოს სასამართლოს საერთაშორისო კომპეტენციაზე იმ შემთხვევაშიც, როცა ამ კანონის მე-8, მე-9 და მე-10 მუხლების მიხედვით იგი კომპეტენტური არ არის. ასეთი შეთანხმება უნდა დაიდოს:

ა) წერილობით ან სიტყვიერად, წერილობითი დადასტურებით;

ბ) საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობებისას იმ ფორმით, რომელიც შეესაბამება საერთაშორისო სავაჭრო ჩვეულებებს და რაც მხარეებისათვის ცნობილია ან ცნობილი უნდა ყოფილიყო.

2. საქართველოს სასამართლოებს აქვთ საერთაშორისო კომპეტენცია, თუ მოპასუხე სასამართლოს კომპეტენტურობაზე პროტესტის გარეშე თანხმდება პროცესში მონაწილეობაზე, მიუხედავად იმისა, რომ:

ა) მოპასუხე წარმოდგენილია ადვოკატის მიერ;

ბ) მოსამართლემ შეატყობინა მოპასუხეს პროტესტის განცხადების შესაძლებლობაზე და ეს შეტყობინება დაფიქსირებულია საქმის წარმოების ოქმში.

3. მხარეებს შეუძლიათ შეთანხმდნენ უცხო ქვეყნის სასამართლოს საერთაშორისო კომპეტენციაზე, თუ ერთ-ერთ მათგანს საცხოვრებელი ადგილი, რეზიდენცია ან ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი უცხო ქვეყანაში აქვს. ასეთ შეთანხმებაზე შესაბამისად ვრცელდება ამ მუხლის მე-2 პუნქტი.

4. შეთანხმებები ამ კანონის მე-10–16 მუხლებით გათვალისწინებული კომპეტენციის თაობაზე ბათილია. ასეთ შემთხვევაში ამ მუხლის მე-2 პუნქტი არ გამოიყენება.

    მუხლი 19. სამართალწარმოება ერთდროულად რამდენიმე ქვეყანაში

1. თუ ერთი და იმავე სარჩელის თაობაზე ერთსა და იმავე მხარეებს შორის მიმდინარეობს სამართალწარმოება საქართველოსა და უცხო ქვეყანაში და ეს სარჩელი პირველად უცხო ქვეყნის სასამართლოს ექვემდებარებოდა, საქართველოს სასამართლო აჩერებს საქმის წარმოებას. საქმის წარმოება არ შეჩერდება, თუ არსებობს შესაძლებლობა, რომ უცხო ქვეყნის სასამართლო შესაბამის ვადაში გადაწყვეტილებას არ მიიღებს ან საქართველოში ასეთი გადაწყვეტილების ცნობა არ მოხდება.

2. საქართველოს სასამართლო საქმეს წარმოებაში არ მიიღებს, თუ არსებობს უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც შეიძლება ცნობილ იქნეს საქართველოში.

    მუხლი 20. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები

სარჩელის უზრუნველყოფისას საქართველოს სასამართლო კომპეტენტურია, თუ უზრუნველყოფის ღონისძიებები საქართველოშია აღსასრულებელი ან საქართველოს სასამართლოებს აქვთ საერთაშორისო კომპეტენცია.

 

თავი III. პირები

    მუხლი 21. კანონის წინაშე თანასწორობა

უცხო ქვეყნის ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, აგრეთვე მოქალაქეობის არმქონე პირებს აქვთ ისეთივე უფლებაუნარიანობა და ქმედუნარიანობა, როგორიც საქართველოს მოქალაქეებს. ამ წესიდან გამონაკლისი დაიშვება, თუ უცხო ქვეყანაში მოქმედებს საქართველოს ფიზიკური ან იურიდიული პირების უფლებების შემზღუდველი ნორმები. ამისათვის საჭიროა კანონით ნათლად განსაზღვრული ნორმა.

    მუხლი 22. პიროვნული სტატუსი

1. თუ პირი რამდენიმე ქვეყნის მოქალაქეა, მის მიმართ გამოიყენება იმ ქვეყნის სამართალი, რომელთანაც იგი ყველაზე მჭიდროდაა დაკავშირებული, აქვს ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი ან ეწევა ძირითად საქმიანობას.

2. თუ ფიზიკური პირი მოქალაქეობის არმქონეა ან შეუძლებელია მისი მოქალაქეობის დადგენა, მის მიმართ გამოიყენება იმ ქვეყნის სამართალი, სადაც მას აქვს ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი ან ეწევა ძირითად საქმიანობას, ხოლო თუ ასეთი არ არსებობს – საქართველოს სამართალი.

    მუხლი 23. ფიზიკური პირის უფლებაუნარიანობა და ქმედუნარიანობა

1. ფიზიკური პირის უფლებაუნარიანობა და ქმედუნარიანობა განისაზღვრება იმ ქვეყნის სამართლით, რომელსაც ეს პირი განეკუთვნება. ეს წესი ვრცელდება ქორწინების შედეგად ქმედუნარიანობის გაფართოების შემთხვევებზეც.

2. საქართველოს მოქალაქის სამართლებრივი სტატუსის ცვლილება არ იწვევს ერთხელ შეძენილი უფლებაუნარიანობისა და ქმედუნარიანობის შეზღუდვას.

    მუხლი 24. იურიდიული პირის უფლებაუნარიანობა და ქმედუნარიანობა

იურიდიული პირის უფლებაუნარიანობა და ქმედუნარიანობა განისაზღვრება იმ ქვეყნის სამართლით, სადაც იურიდიული პირის ადმინისტრაციას აქვს ფაქტობრივი ადგილსამყოფელი. ეს წესი გამოიყენება იურიდიული პირის ფილიალის მიმართაც.

    მუხლი 25. სამართლის გამოყენება უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარებისას და გარდაცვლილად გამოცხადებისას

1. უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება და გარდაცვლილად გამოცხადება წესრიგდება იმ ქვეყნის სამართლით, რომელსაც უგზო-უკვლოდ დაკარგული ან გარდაცვლილად გამოცხადებული პირი განეკუთვნებოდა მისი სიცოცხლის შესახებ უკანასკნელი ინფორმაციის მიხედვით. მოქალაქეობის არმქონე პირის მიმართ გამოიყენება მისი ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი ქვეყნის სამართალი, ხოლო თუ ასეთი არ არსებობს – საქართველოს სამართალი.

2. თუ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარებული ან გარდაცვლილად გამოცხადებული პირი საქმის განხილვის პერიოდში უცხო ქვეყნის მოქალაქეა, იგი შეიძლება უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარებული ან გარდაცვლილად გამოცხადებული იქნეს საქართველოს სამართლის მიხედვითაც, თუ ამისათვის არსებობს დასაბუთებული ინტერესი.

    მუხლი 26. სახელი

1. ფიზიკური პირის სახელთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობები წესრიგდება იმ ქვეყნის სამართლით, რომელსაც ეს პირი განეკუთვნება.

2. იურიდიული პირის საფირმო სახელწოდების საკითხი წესრიგდება იმ ქვეყნის სამართლით, სადაც იურიდიული პირის ადმინისტრაციას აქვს ფაქტობრივი ადგილსამყოფელი. ეს წესი გამოიყენება იურიდიული პირის ფილიალის მიმართაც.

 

თავი IV. გარიგებანი

    მუხლი 27. გარიგების ნამდვილობა

1. გარიგების ან მისი ცალკეული დებულების ძალაში შესვლა და ნამდვილობა განისაზღვრება იმ ქვეყნის სამართლით, რომელიც გამოყენებული უნდა ყოფილიყო გარიგების ან მისი რომელიმე დებულების ნამდვილობისათვის.

2. თუ არსებობს ისეთი გარემოებები, რომელთა მიხედვითაც სახელშეკრულებო მოლაპარაკებების დროს ერთ-ერთი მხარის მოქმედების შედეგების განსაზღვრა ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული სამართლის მიხედვით შეიძლება გაუმართლებელი ყოფილიყო, პირს იმის დასამატკიცებლად, რომ მას არ მიუცია თანხმობა ხელშეკრულების დადებაზე, შეუძლია მიმართოს თავისი ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი ქვეყნის სამართალს.

    მუხლი 28. გარიგებაში წარმომადგენლობა

თუ გარიგებაში წარმომადგენლობისას რომელიმე ქვეყნის სამართლის გამოყენება შეთანხმებული არ არის, გამოიყენება იმ ქვეყნის სამართალი, სადაც წარმომადგენელი ეწევა საქმიანობას. წარმომადგენლის საქმიანობის ადგილის არარსებობისას გამოიყენება მისი ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი ქვეყნის სამართალი. თუ არსებობს მჭიდრო კავშირი იმ ქვეყანასთან, სადაც წარმომადგენელმა განახორციელა მოქმედება, განსაკუთრებით, თუ წარმომადგენელს ან მესამე პირს იქ აქვს საქმიანობის ადგილი ან ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი, გამოიყენება იმ ქვეყნის სამართალი, სადაც წარმომადგენელმა განახორციელა მოქმედება.

    მუხლი 29. გარიგების ფორმა

1. გარიგების ფორმა განისაზღვრება იმ ქვეყნის სამართლით, სადაც დაიდო ეს გარიგება ან იმ ქვეყნის სამართლით, რომელიც გამოიყენება გარიგების საგნის მიმართ. გარიგების ფორმა დაცულად ითვლება, თუ ხელშეკრულება დაიდო სხვადასხვა ქვეყანაში მყოფ პირებს შორის და იგი შეესაბამება ერთ-ერთი ქვეყნის სამართლის მოთხოვნებს გარიგების ფორმის შესახებ.

2. თუ ხელშეკრულება დადებულია წარმომადგენლის მეშვეობით, მაშინ ამ მუხლის პირველი პუნქტის გამოყენებისას იგულისხმება ის ქვეყანა, სადაც იმყოფება წარმომადგენელი.

3. გარიგებათა მიმართ, რომელთა საგანია მიწის ნაკვეთზე უფლება, მიუხედავად ხელშეკრულების დადების ადგილისა და ამ ადგილას მოქმედი სამართლისა, გამოიყენება იმ ქვეყნის სამართლის იმპერატიული ნორმები გარიგების ფორმის შესახებ, სადაც არის მიწის ნაკვეთი.

4. გარიგება, რომლითაც წარმოიშობა უფლება ნივთზე ან რომლითაც ხდება ამ უფლების განკარგვა, ითვლება ფორმის დაცვით დადებულად, თუ იგი შეესაბამება გარიგების ფორმის შესახებ იმ ქვეყნის სამართლის მოთხოვნებს, რომელიც გამოიყენება გარიგების საგნის წარმომშობი სამართლებრივი ურთიერთობის მიმართ.

    მუხლი 30. მოთხოვნის ხანდაზმულობა

მოთხოვნის ხანდაზმულობა განისაზღვრება იმ ქვეყნის სამართლით, რომელიც ამ მოთხოვნის მიმართ გამოიყენება.

    მუხლი 31. კეთილსინდისიერების დაცვა

1. თუ ხელშეკრულება დაიდო ერთ ქვეყანაში მყოფ პირებს შორის, მაშინ იმ ფიზიკურ პირს, რომელიც კონკრეტული საქმის გარემოებებთან დაკავშირებული სამართლის ნორმების მიხედვით უფლებაუუნარო და ქმედუუნაროა, მხოლოდ მაშინ შეუძლია მიუთითოს უცხო ქვეყნის სამართლის ნორმების მიხედვით თავის უუნარობაზე, თუ ხელშეკრულების მონაწილე მეორე მხარემ ხელშეკრულების დადებისას იცოდა ან უნდა სცოდნოდა ამის შესახებ.

2. თუ ხელშეკრულების დადებაში მონაწილეობს იურიდიული პირი, მას არ შეუძლია მიუთითოს თავისი ორგანოების ან წარმომადგენლების იმ წარმომადგენლობითი უფლებამოსილებების შეზღუდვაზე, რომლებიც ხელშეკრულების მონაწილე მეორე მხარის საქმიანობის ადგილას ან ჩვეულებრივ ადგილსამყოფელ ქვეყანაში არ არსებობს და რომელთა შესახებაც ხელშეკრულების მხარემ არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა.

 

თავი V. სანივთო სამართალი

    მუხლი 32. უფლებები ნივთზე

1. ნივთზე უფლების წარმოშობა, შეცვლა, გადაცემა და შეწყვეტა წესრიგდება იმ ქვეყნის სამართლით, სადაც ეს ნივთი იმყოფება. ამ ქვეყნის სანივთო-სამართლებრივი ნორმები გამოიყენება იმ შემთხვევაშიც, როცა ამ კანონის მითითებითი (კოლიზიური) ნორმის მიხედვით სხვა ქვეყნის სამართალი უნდა იქნეს გამოყენებული.

2. თუ სხვა ქვეყანაში აღმოჩნდა ნივთი, რომელზედაც წარმოიშვა უფლება, მაშინ ამ უფლების შედეგები ექვემდებარება იმ ქვეყნის სამართალს, სადაც გადაიტანეს ნივთი.

      მუხლი 321. უფლებები ფასიან ქაღალდებზე

1. „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ რეგისტრირებულ ფასიან ქაღალდებზე უფლების წარმოშობა,  შეცვლა,  გადაცემა  და  შეწყვეტა  წესრიგდება  იმ  ქვეყნის სამართლით, სადაც შესაბამისი ფასიანი ქაღალდების ანგარიშია გახსნილი.

2. დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების მიმართ გამოსაყენებელი სამართლის დასადგენად გამოიყენება „დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის დებულებები.

საქართველოს 2023 წლის 16 ნოემბრის კანონი №3719 – ვებგვერდი, 07.12.2023წ.

    მუხლი 33. უფლებები სატრანსპორტო საშუალებებზე და მათში მოთავსებულ ნივთებზე

1. უფლებები საჰაერო, წყლის და სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებებზე ექვემდებარება იმ ქვეყნის სამართალს, რომელსაც ისინი ეკუთვნის.

2. უფლებები ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სატრანსპორტო საშუალებებში მოთავსებულ ნივთებზე ექვემდებარება მისი საბოლოო დანიშნულების ადგილის სამართალს.

    მუხლი 34. არაქონებრივი უფლებები

არაქონებრივი უფლებები ექვემდებარება იმ ქვეყნის სამართალს, სადაც ისინი უნდა იქნეს გამოყენებული.

 

თავი VI. ვალდებულებითი სამართალი. სახელშეკრულებო და კანონისმიერი ვალდებულებითი ურთიერთობები

    მუხლი 35. სამართლის არჩევა მხარეების მიერ

1. სახელშეკრულებო ურთიერთობებიდან გამომდინარე უფლება-მოვალეობების განსაზღვრა, კერძოდ, ხელშეკრულებათა განმარტება, შესრულება, შეწყვეტა, აგრეთვე ბათილობის შედეგები, ვალდებულებათა დარღვევა, წინასახელშეკრულებო და ხელშეკრულების შემდგომი ვალდებულებების დარღვევის ჩათვლით, წესრიგდება მხარეების მიერ არჩეული ქვეყნის სამართლით.

2. არჩეული ქვეყნის სამართალი მხარეთა შეთანხმებით შეიძლება შეიცვალოს სხვა ქვეყნის სამართლით ხელშეკრულების დადების შემდეგაც.

3. სამართლის არჩევა ჩაითვლება ბათილად, თუ იგი უგულებელყოფს ხელშეკრულებასთან ყველაზე მჭიდროდ დაკავშირებული ქვეყნის სამართლის იმპერატიულ ნორმებს.

    მუხლი 36. სამართლის გამოყენება, როცა მხარეებს არ აურჩევიათ რომელიმე ქვეყნის სამართალი

1. თუ მხარეებს არ აურჩევიათ რომელიმე ქვეყნის სამართალი, ხელშეკრულება დაექვემდებარება მასთან ყველაზე მჭიდროდ დაკავშირებული ქვეყნის სამართალს. ივარაუდება, რომ ხელშეკრულება ყველაზე მჭიდროდაა დაკავშირებული იმ ქვეყანასთან, სადაც მხარეს, რომელსაც დამახასიათებელი სახელშეკრულებო ვალდებულება უნდა შეესრულებინა, ხელშეკრულების დადებისას ჰქონდა ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი ან ადმინისტრაციის რეზიდენცია.

2. თუ ხელშეკრულების საგანია მიწის ნაკვეთზე უფლება ან მიწის ნაკვეთით სარგებლობის უფლება, ივარაუდება, რომ ხელშეკრულება ყველაზე მჭიდროდაა დაკავშირებული იმ ქვეყანასთან, სადაც არის მიწის ნაკვეთი.

3. ტვირთის გადაზიდვის ხელშეკრულებისას ივარაუდება, რომ იგი ყველაზე მჭიდროდაა დაკავშირებული იმ ქვეყანასთან, სადაც ხელშეკრულების დადებისას გადამზიდველს აქვს ადმინისტრაციის ძირითადი ადგილსამყოფელი, თუ ამავე ქვეყანაშია დატვირთვის, გადმოტვირთვის ან გამგზავნის ძირითადი ადგილსამყოფელი. სხვა შემთხვევებში მოქმედებს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირობები.

4. დაზღვევის ხელშეკრულებისას ივარაუდება, რომ იგი ყველაზე მჭიდროდაა დაკავშირებული იმ ქვეყანასთან, სადაც დასაზღვევი რისკის ძირითადი ნაწილი არსებობს.

    მუხლი 37. მოთხოვნის გადასვლა სხვა პირზე

1. ძველ და ახალ კრედიტორებს შორის ვალდებულებების მიმართ მოთხოვნის დათმობისას გამოიყენება იმ ქვეყნის სამართალი, რომელსაც ექვემდებარება მათ შორის დადებული ხელშეკრულება.

2. სამართალი, რომელსაც ექვემდებარება გადაცემული მოთხოვნა, განსაზღვრავს, შეიძლება თუ არა ამ მოთხოვნის გადაცემა, აგრეთვე მოვალის უფლება-მოვალეობებს ძველი და ახალი კრედიტორების მიმართ.

    მუხლი 38. სოციალური დაცვის იმპერატიული ნორმები

სამართლის არჩევა ჩაითვლება ბათილად, თუ იგი უგულებელყოფს იმ იმპერატიულ ნორმებს, რომლებიც მიღებულია მომხმარებელთა და მუშა-მოსამსახურეთა დისკრიმინაციისაგან დასაცავად. ეს წესი აგრეთვე გამოიყენება მოძრავი ნივთების მიწოდების, დაფინანსების, შრომის ან მომსახურების ხელშეკრულებების მიმართ, თუ ისინი იმ ქვეყანაში იქნა შეთანხმებული ან დადებული, სადაც მომხმარებლებსა და მუშა-მოსამსახურეებს აქვთ საცხოვრებელი ადგილი და სადაც ასეთი დამცავი ნორმები მოქმედებს.

    მუხლი 39. საზიარო უფლებები

მოწილეთა საზიარო უფლებები წესრიგდება იმ ქვეყნის სამართლით, სადაც ეს უფლებები არსებობს.

    მუხლი 40. დავალების გარეშე სხვისი საქმის შესრულება

1. სხვისი საქმის შესრულებასთან დაკავშირებული პრეტენზიები წესრიგდება იმ ქვეყნის სამართლით, სადაც ეს მოქმედება განხორციელდა.

2. საზღვაო კატასტროფისას დახმარების გაწევიდან წარმოშობილი პრეტენზიების მიმართ გამოიყენება იმ ქვეყნის სამართალი, რომლის ალმითაც დაცურავს გემი და რომელსაც ეს დახმარება ესაჭიროება.

3. სხვისი ვალდებულებების დაფარვიდან წარმოშობილი პრეტენზიების მიმართ გამოიყენება იმ ქვეყნის სამართალი, რომელიც გამოყენებული უნდა იქნეს ამ ვალდებულებების მიმართ.

    მუხლი 41. უსაფუძვლო გამდიდრება

1. უსაფუძვლო გამდიდრებიდან წარმოშობილი პრეტენზიები ექვემდებარება იმ ქვეყნის სამართალს, რომელიც გამოიყენება პრეტენზიების წარმომშობ ქმედებასთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობების მიმართ.

2. უცხო ქვეყნის სამართლით დაცული სიკეთის ხელყოფის გზით უსაფუძვლო გამდიდრებასთან დაკავშირებული პრეტენზიები ექვემდებარება იმ ქვეყნის სამართალს, სადაც ეს ხელყოფა მოხდა.

3. სხვა შემთხვევებში უსაფუძვლო გამდიდრებასთან დაკავშირებული პრეტენზიები ექვემდებარება იმ ქვეყნის სამართალს, სადაც გამდიდრების შედეგები დადგა.

    მუხლი 42. დელიქტები

1. ზიანის ანაზღაურების ვალდებულება ექვემდებარება:

ა) დაზარალებულისათვის უფრო ხელსაყრელი ქვეყნის სამართალს;

ბ) იმ ქვეყნის სამართალს, სადაც ადგილი ჰქონდა იმ მოქმედებას ან გარემოებას, რომელიც საფუძვლად დაედო ზიანის ანაზღაურების მოთხოვნას;

გ) იმ ქვეყნის სამართალს, სადაც სამართლით დაცულ ინტერესს ზიანი მიადგა.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული სამართლის ნაცვლად გამოიყენება:

ა) იმ ქვეყნის სამართალი, სადაც ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებულ პირს და დაზარალებულს ზიანის მიყენებისას ჰქონდათ ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი;

ბ) არაკეთილსინდისიერ კონკურენციასთან დაკავშირებული მოთხოვნებისათვის იმ ქვეყნის სამართალი, რომლის ბაზარზეც ასეთი კონკურენცია გავლენას ახდენს, თუ ეს კონკურენცია არ შემოიფარგლება ბაზრის ცალკეულ მონაწილეთა ინტერესებისათვის სრული ან ნაწილობრივი ზიანის მიყენებით.

3. დაზარალებულს შეუძლია თავისი პრეტენზია წარუდგინოს უშუალოდ პასუხისმგებლობის დამზღვევს, თუ ამას ითვალისწინებს იმ ქვეყნის სამართალი, რომელიც გამოიყენება ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებლობის მიმართ, ან იმ ქვეყნის სამართალი, რომელსაც დაზღვევის ხელშეკრულება ექვემდებარება.

    მუხლი 43. სამართლის არჩევა კანონისმიერი ვალდებულებითი ურთიერთობებისას

კანონისმიერი ვალდებულებითი ურთიერთობების წარმოშობის შემდეგ მხარეებს შეუძლიათ აირჩიონ სამართალი, რომელსაც ეს ურთიერთობები დაექვემდებარება. ამ შემთხვევაში მესამე პირთა უფლებები ხელშეუხებელი რჩება.

 

თავი VII. საოჯახო სამართალი

    მუხლი 44. ქორწინების პირობები

1. ქორწინების პირობები თითოეული დასაქორწინებელი პირისათვის ექვემდებარება იმ ქვეყნის სამართალს, რომელსაც ეს პირი განეკუთვნება.

2. თუ ქორწინების პირობებიდან რომელიმე არ არსებობს და ერთ-ერთი დასაქორწინებელი პირი საქართველოს მოქალაქეა ან ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი საქართველოში აქვს, შესაძლებელია საქართველოს სამართლის გამოყენება, თუ:

ა) სხვა ქვეყნის სამართალი ქართულ ჩვეულებებთან შედარებით ზღუდავს ქორწინების თავისუფლებას;

ბ) წინა ქორწინება ხელს არ უშლის ხელახალ ქორწინებას;

გ) წინა ქორწინება საქართველოს სასამართლოს გადაწყვეტილებით ან საქართველოში ცნობილი გადაწყვეტილებით შეწყვეტილი ან ბათილია;

დ) დასაქორწინებელი პირის ყოფილი მეუღლე გამოცხადებულია გარდაცვლილად.

3. ქორწინების ფორმის საკითხი განისაზღვრება იმ ქვეყნის სამართლით, სადაც განხორციელდა ქორწინება. თუ დასაქორწინებელ პირთაგან ერთ-ერთი საქართველოს მოქალაქე არ არის, ქორწინება საქართველოში შეიძლება განხორციელდეს იმ ქვეყანაში მოქმედი ქორწინების ფორმის შესაბამისად, რომელსაც ეს პირი განეკუთვნება.

    მუხლი 45. ქორწინების შედეგები

1. ქორწინების ზოგადი შედეგები ექვემდებარება იმ ქვეყნის სამართალს:

ა) რომელსაც ორივე მეუღლე ცალ-ცალკე განეკუთვნება ან ქორწინების უკანასკნელ მომენტში განეკუთვნებოდა;

ბ) სადაც ორივე მეუღლეს ცალ-ცალკე აქვს ან ქორწინების უკანასკნელ მომენტში ჰქონდა ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი;

გ) რომელთანაც მეუღლეები ერთობლივად ყველაზე მჭიდროდ არიან დაკავშირებულნი.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტი გამოიყენება აგრეთვე მეუღლეთა ქონებრივი ურთიერთობების მიმართ, თუ მათ სხვა ქვეყნის სამართალი არ აურჩევიათ. სამართლის არჩევა შესაძლებელია, თუ იგი მიუთითებს იმ ქვეყნის სამართალზე:

ა) რომელსაც ერთ-ერთი მეუღლე განეკუთვნება;

ბ) სადაც ერთ-ერთ მეუღლეს აქვს ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი;

გ) სადაც უძრავი ქონება იმყოფება.

3. ქონებრივი ურთიერთობების მოსაწესრიგებლად საერთაშორისო დაცვის მქონე პირებს შეუძლიათ აირჩიონ იმ ქვეყნის სამართალიც, სადაც მათი ახალი ერთობლივი ადგილსამყოფელია.

4. სამართლის არჩევა უნდა გაფორმდეს სანოტარო წესით. 

საქართველოს 2011 წლის 6 დეკემბრის კანონი №5371 - ვებგვერდი, 20.12.2011წ.

საქართველოს 2016 წლის 1  დეკემბრის კანონი  №53  - ვებგვერდი, 15.12.2016წ.

    მუხლი 46. მესამე პირთა კეთილი ნების დაცვა

თუ მეუღლეების ქონებრივი ურთიერთობები ექვემდებარება უცხო ქვეყნის სამართალს და ერთ-ერთ მეუღლეს ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი საქართველოში აქვს ან სამეწარმეო საქმიანობას საქართველოში ეწევა, მაშინ მესამე პირთან დადებული გარიგებების მიმართ პრეტენზიები მხედველობაში არ მიიღება, თუ ამ პირმა იცოდა ან უნდა სცოდნოდა მეუღლეთა ქონების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ.

    მუხლი 47. ქორწინების შეწყვეტა

1. ქორწინების შეწყვეტა ექვემდებარება იმ ქვეყნის სამართალს, რომელიც გამოიყენება ქორწინების ზოგადი შედეგების მიმართ.

2. როდესაც უცხო ქვეყნის სამართლის მიხედვით განქორწინება შეუძლებელია, იგი შეიძლება განხორციელდეს საქართველოს სამართლის შესაბამისად, თუ განქორწინების მსურველი მეუღლე საქართველოს მოქალაქეა ან ქორწინებისას საქართველოს მოქალაქე იყო.

    მუხლი 48. რჩენის მოვალეობა

1. რჩენის მოვალეობის მიმართ გამოიყენება იმ ქვეყნის სამართალი, სადაც პირს, რომელსაც რჩენა ესაჭიროება, აქვს ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი. თუ სარჩენ პირს ამ ქვეყნის სამართლით მარჩენალისაგან სარჩოს მიღება არ შეუძლია, გამოიყენება იმ ქვეყნის სამართალი, რომელსაც ისინი ერთობლივად განეკუთვნებიან. თუ სარჩენ პირს მარჩენალისაგან სარჩოს მიღება არ შეუძლია არც ერთი ამ სამართლის მიხედვით, გამოიყენება საქართველოს სამართალი.

2. არაპირდაპირი ხაზით ნათესავებს შორის რჩენის მოვალეობის არსებობისას მარჩენალს შეუძლია სარჩენი პირის მიმართ გამოიყენოს იმ ქვეყნის სამართალი, რომელსაც ისინი ერთობლივად განეკუთვნებიან. საერთო მოქალაქეობის არარსებობის შემთხვევაში გამოიყენება მარჩენალის ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი ქვეყნის სამართალი.

3. თუ განქორწინება მოხდა საქართველოში, მაშინ განქორწინებულ მეუღლეთა რჩენის მოვალეობის მიმართ გამოიყენება განქორწინების მიმართ გამოყენებული ქვეყნის სამართალი. ეს წესი გამოიყენება ქორწინების შეწყვეტისა და მეუღლეთა დაშორების სხვა ფორმების მიმართაც.

4. თუ სარჩენი პირი და მარჩენალი საქართველოს მოქალაქეები არიან და ამ უკანასკნელს ჩვეულებრივი საცხოვრებელი ადგილი საქართველოში აქვს, გამოიყენება საქართველოს სამართალი.

5. სამართალი, რომელიც გამოიყენება რჩენის მოვალეობის მიმართ, განსაზღვრავს:

ა) შეუძლია თუ არა, რა მოცულობით და ვისგან შეუძლია სარჩენ პირს სარჩოს მოთხოვნა;

ბ) ვინ არის უფლებამოსილი საალიმენტო საქმის წარმოების წარმართვაზე და რა ვადა გამოიყენება ამ საქმის წარმოებისათვის;

გ) მარჩენალის მიერ სახელმწიფო ორგანოებისათვის გადასახდელი ანაზღაურების ოდენობას.

6. სარჩოს ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული სარჩენი პირის მოთხოვნილება და მარჩენალის ეკონომიკური მდგომარეობა, მაშინაც კი, როცა სამართალი, რომელიც ამ შემთხვევაში გამოიყენება, სხვა რამეს განსაზღვრავს.

      [მუხლი 48 1 . „რჩენის ვალდებულების საკითხებზე გამოსაყენებელი სამართლის თაობაზე“ ჰააგის 2007 წლის 23 ნოემბრის ოქმის ფარგლებში არსებული რჩენის ვალდებულებების მიმართ გამოსაყენებელი სამართალი   

„რჩენის ვალდებულების საკითხებზე გამოსაყენებელი სამართლის თაობაზე“ ჰააგის 2007 წლის 23 ნოემბრის ოქმის ფარგლებში არსებული რჩენის ვალდებულებების მიმართ გამოსაყენებელი სამართალი განისაზღვრება იმავე ოქმით დადგენილი წესით.  (ამოქმედდეს 2024 წლის 1 მაისიდან)]

საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №3946 – ვებგვერდი, 25.12.2023წ.

    მუხლი 49. მშობლებსა და შვილებს შორის ურთიერთობები

მშობლებსა და შვილებს შორის არსებული პირადი და ქონებრივი ურთიერთობები, მშობლის მზრუნველობის ჩათვლით, ექვემდებარება იმ ქვეყნის სამართალს, სადაც ბავშვს აქვს ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი. ამავე დროს ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე გამოიყენება იმ ქვეყნის სამართალი, რომელსაც ბავშვი განეკუთვნება.

    მუხლი 50. ბავშვის წარმოშობასთან დაკავშირებული სამართალურთიერთობები

1. ბავშვის წარმოშობასთან დაკავშირებული სამართალურთიერთობები ექვემდებარება იმ ქვეყნის სამართალს, სადაც ბავშვს აქვს ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი. ბავშვის წარმოშობის დადგენა ერთ-ერთი მშობლის მიხედვით ექვემდებარება იმ ქვეყნის სამართალს, რომელსაც ეს მშობელი განეკუთვნება. თუ დედა დაქორწინებულია, ბავშვის წარმომავლობა შეიძლება დადგინდეს იმ ქვეყნის სამართლითაც, რომელსაც ამ კანონის 45-ე მუხლის თანახმად ბავშვის დაბადებისას ქორწინების ზოგადი შედეგები ეფუძნებოდა. თუ ქორწინება შეწყდა ერთ-ერთი მეუღლის გარდაცვალების გამო, ქორწინების შეწყვეტის დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება.

2. თუ მშობლები დაქორწინებულნი არ არიან, მამის ვალდებულებები ფეხმძიმე მეუღლის მიმართ ექვემდებარება იმ ქვეყნის სამართალს, სადაც დედას აქვს ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი.

    მუხლი 51. ბავშვის წარმოშობასთან დაკავშირებული დავა

ბავშვის წარმოშობა შეიძლება სადავო გახდეს იმ ქვეყნის სამართლის მიხედვითაც, სადაც ამ დავის წინაპირობა წარმოიშვა. ბავშვის წარმომავლობა ყველა შემთხვევაში შეიძლება სადავო გახდეს იმ ქვეყნის სამართლით, სადაც ბავშვს აქვს ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი.

    მუხლი 52. სამართლის გამოყენება შვილად აყვანისას

შვილად აყვანა წესრიგდება იმ ქვეყნის სამართლით, რომელსაც განეკუთვნება მშვილებელი შვილად აყვანის დროს. შვილად აყვანა ერთ-ერთი ან ორივე მეუღლის მიერ ექვემდებარება იმ ქვეყნის სამართალს, რომელიც ქორწინების ზოგადი შედეგების მიმართ გამოიყენება.

    მუხლი 53. თანხმობის პირობები

ბავშვის და მასთან საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში მყოფი პირის მიერ თანხმობის მიცემის საკითხი შვილად აყვანაზე, აგრეთვე მამობის აღიარებასა და სახელის დარქმევაზე დამატებით ექვემდებარება იმ ქვეყნის სამართალსაც, რომელსაც ეს ბავშვი განეკუთვნება. თუ ბავშვის ინტერესებისათვის აუცილებელია, ამ ქვეყნის სამართლის ნაცვლად გამოიყენება საქართველოს სამართალი.

    მუხლი 54. მეურვეობა და მზრუნველობა

1. მეურვეობის, მზრუნველობის ან მოვლის სხვა ფორმების წარმოშობა, შინაარსის შეცვლა და შეწყვეტა ექვემდებარება იმ ქვეყნის სამართალს, რომელსაც სამეურვეო პირი განეკუთვნება. უცხოელს, საერთაშორისო დაცვის მქონე პირს, რომელსაც საცხოვრებელი ადგილი საქართველოში აქვს, შეიძლება დაენიშნოს მეურვე/მზრუნველი/მხარდამჭერი საქართველოს სამართლის მიხედვით.

2. თუ მეურვეობის ღონისძიების გატარება აუცილებელია, მაგრამ დადგენილი არ არის, ვინ მონაწილეობს მეურვეობაში, ან თუ მონაწილე სხვა ქვეყანაში იმყოფება, გამოიყენება იმ ქვეყნის სამართალი, რომელიც ყველაზე ხელსაყრელია სამეურვეო პირისათვის. 

3. მეურვეობის, მზრუნველობის ან მოვლის დროებითი ღონისძიებები ექვემდებარება მეურვეობის დამწესებელი ქვეყნის სამართალს.

საქართველოს 2011 წლის 6 დეკემბრის კანონი №5371 - ვებგვერდი, 20.12.2011წ.

საქართველოს 2016 წლის 1  დეკემბრის კანონი  №53  - ვებგვერდი, 15.12.2016წ.

 

თავი VIII. სამემკვიდრეო სამართალი

    მუხლი 55. მემკვიდრეობითი ურთიერთობები

მემკვიდრეობითი ურთიერთობები წესრიგდება იმ ქვეყნის სამართლით, რომელსაც მამკვიდრებელი გარდაცვალებისას განეკუთვნებოდა. მოქალაქეობის არმქონე პირის მიმართ გამოიყენება იმ ქვეყნის სამართალი, სადაც მას ჰქონდა უკანასკნელი ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი. ასეთის არარსებობის შემთხვევაში გამოიყენება საქართველოს სამართალი.

    მუხლი 56. ანდერძის ფორმა

ანდერძი ითვლება ფორმის დაცვით შედგენილად, თუ იგი შეესაბამება იმ ქვეყნის სამართალს:

ა) რომელსაც მამკვიდრებელი გარდაცვალებისას განეკუთვნებოდა;

ბ) სადაც მამკვიდრებელს გარდაცვალებისას ჰქონდა ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი;

გ) სადაც იმყოფება უძრავი ქონება, რომელსაც ეხება ანდერძი.

 

თავი IX. საპროცესო ნორმები

    მუხლი 57. ძირითადი პრინციპი

უცხო ქვეყნის მოქალაქეები და იურიდიული პირები, აგრეთვე მოქალაქეობის არმქონე პირები სამოქალაქო პროცესში საქართველოს ტერიტორიაზე სარგებლობენ ისეთივე სამართლებრივი გარანტიებით, როგორითაც საქართველოს მოქალაქეები და იურიდიული პირები.

    მუხლი 58. სასამართლო ხარჯების ანაზღაურების გარანტიის მიცემა

1. თუ მოსარჩელე უცხო ქვეყნის მოქალაქე, იურიდიული პირი ან მოქალაქეობის არმქონე პირია და საცხოვრებელი ადგილი, ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი ან რეზიდენცია საქართველოს ფარგლებს გარეთ აქვს, მას მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს დადგენილებით შეიძლება დაეკისროს დადგენილ ვადაში სასამართლო ხარჯების ანაზღაურების გარანტიის მიცემა.

2. გარანტია საჭირო არ არის, თუ:

ა) ქვეყანა, რომლის მოქალაქეცაა მოსარჩელე, საქართველოს ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან გარანტიებს არ ითხოვს;

ბ) მოპასუხეს არ შეუძლია დაასაბუთოს მოთხოვნა გარანტიის მიცემის თაობაზე.

3. გარანტიის მოთხოვნის თაობაზე მოპასუხეს შუამდგომლობა შეაქვს საქმის ზეპირი განხილვისას, რომელზეც მას განემარტა ასეთი შუამდგომლობის უფლების შესახებ.

4. გადაწყვეტილება გარანტიის მიცემის თაობაზე მიღებული უნდა იქნეს განჩინებით. შუამდგომლობის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში საქმე განიხილება მხოლოდ გარანტიების ჩაბარების შემდეგ.

[5. მხარისთვის სასამართლო ხარჯების ანაზღაურების გარანტია არ მოითხოვება, თუ დავა განიხილება „ბავშვის სასარგებლოდ ალიმენტის საერთაშორისო გადახდევინებისა და ოჯახის რჩენის სხვა ფორმების შესახებ“ ჰააგის 2007 წლის 23 ნოემბრის კონვენციის ფარგლებში.  (ამოქმედდეს 2024 წლის 1 მაისიდან)]

საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №3946 – ვებგვერდი, 25.12.2023წ.

    მუხლი 59. დიპლომატიური მისიის წევრების იმუნიტეტი

საქართველოში მოქმედი დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები და მათი ოჯახების წევრები, აგრეთვე მისიების მომსახურე პერსონალი თავისუფლდებიან საქართველოს სასამართლოების განსჯადობისაგან “დიპლომატიურ ურთიერთობათა შესახებ” ვენის 1961 წლის 18 აპრილის კონვენციის მიხედვით. ეს წესი მოქმედებს იმ შემთხვევაშიც, თუ მომვლინებელი ქვეყანა ამ კონვენციის მონაწილე მხარე არ არის.

    მუხლი 60. საკონსულო წარმომადგენლობის წევრების იმუნიტეტი

საქართველოში მოქმედი საკონსულო წარმომადგენლობების თანამდებობის პირები და საკონსულოს მოსამსახურეები თავისუფლდებიან საქართველოს სასამართლოების განსჯადობისაგან “საკონსულო ურთიერთობათა შესახებ” ვენის 1963 წლის 24 აპრილის კონვენციის მიხედვით. ეს წესი მოქმედებს იმ შემთხვევაშიც, თუ მომვლინებელი ქვეყანა ამ კონვენციის მონაწილე მხარე არ არის.

    მუხლი 61. ექსტერიტორიალობის სხვა შემთხვევები

1. საქართველოს სასამართლოების განსჯადობა არ ვრცელდება საქართველოში სამსახურებრივი მოწვევით მყოფ უცხო ქვეყნების წარმომადგენლებზე და მათ თანმხლებ პირებზე.

2. საქართველოს სასამართლოების განსჯადობა არ ვრცელდება პირებზე, რომლებიც საერთაშორისო სამართლის ზოგადი წესების ან სამართლის სხვა ნორმების შესაბამისად თავისუფლდებიან საქართველოს განსჯადობისაგან.

    მუხლი 62. შუამდგომლობა სამართლებრივი დახმარებისთვის

1. თუ საქმის გარემოებების გასარკვევად, ფაქტების დასადგენად, დოკუმენტების გადაცემის ან სხვა მიზნით აუცილებელია სასამართლო მოქმედებების განხორციელება საქართველოს ფარგლებს გარეთ, შესაძლებელია აღიძრას შუამდგომლობა უცხო ქვეყნის სათანადო დაწესებულების მიმართ.

2. თუ მოქმედება ხორციელდება საქართველოს დიპლომატიური მისიის ან საკონსულო წარმომადგენლობის მეშვეობით, შუამდგომლობა უნდა აღიძრას მათ მიმართ.

3. შუამდგომლობა სამართლებრივი დახმარებისთვის დასაბუთებული უნდა იყოს და უნდა მოიცავდეს მისი შესრულებისათვის საჭირო მონაცემებს.

    მუხლი 63. სამართლებრივი დახმარების შუამდგომლობის დაკმაყოფილება

1. საქართველოს სასამართლოები აკმაყოფილებენ უცხო ქვეყნების სასამართლოების შუამდგომლობებს სამართლებრივი დახმარების შესახებ.

2. უცხო ქვეყნების სასამართლოების შუამდგომლობა სამართლებრივი დახმარებისათვის ცალკეულ საპროცესო მოქმედებათა შესრულების შესახებ ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

3. თუ შუამდგომლობა სამართლებრივი დახმარების შესახებ ქართულ ენაზე არ არის შედგენილი ან არ ერთვის დამოწმებული ქართული თარგმანი, მისი დაკმაყოფილება დამოკიდებული იქნება იმაზე, გაიღებს თუ არა დაინტერესებული მხარე შესაბამის ავანსს ქართულ ენაზე თარგმანის შესასრულებლად და დასამოწმებლად.

4. შუამდგომლობის აღმძვრელი სასამართლოს თხოვნით, საპროცესო მოქმედების შესრულებისას შეიძლება გამოყენებულ იქნეს უცხო ქვეყნის სამართლის საპროცესო ნორმები, თუ ისინი საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს არ ეწინააღმდეგება.

    მუხლი 64. უარი სამართლებრივი დახმარების შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე

სამართლებრივი დახმარება არ გაიწევა, თუ:

ა) შუამდგომლობის დაკმაყოფილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს;

ბ) შუამდგომლობით გათვალისწინებული მოქმედება არ განეკუთვნება საქართველოს სასამართლოების კომპეტენციას.

    მუხლი 65. დოკუმენტების სხვა ქვეყნისათვის გადაცემა

1. დოკუმენტების სხვა ქვეყნისათვის გადაცემა ხორციელდება ამ კანონით განსაზღვრული სამართლებრივი დახმარების ნორმების შესაბამისად.

2. დოკუმენტების გადაცემა დამოწმებული უნდა იქნეს შუამდგომლობის მიმღები დაწესებულების მიერ.

3. თუ დოკუმენტების გადაცემა სამართლებრივი დახმარების ნორმების ფარგლებში ვერ ხერხდება, იგი შეიძლება განხორციელდეს დაზღვეული წერილით. საერთაშორისო საფოსტო სამართლის შესაბამისად გადაცემა შესრულებულად ითვლება დოკუმენტის ჩაბარების მომენტიდან.

    მუხლი 66. დოკუმენტების გადაცემაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნა

1. თუ ერთ-ერთ მხარეს, რომელსაც საცხოვრებელი ადგილი ან რეზიდენცია საქართველოს ფარგლებს გარეთ აქვს და არ ჰყავს საქართველოში მცხოვრები წარმომადგენელი, მას შეიძლება სასამართლოს განჩინებით დაევალოს განსაზღვრულ ვადაში დანიშნოს საქართველოში მცხოვრები, დოკუმენტების გადაცემაზე უფლებამოსილი პირი.

2. თუ მხარე ამ ვადის განმავლობაში არ დანიშნავს დოკუმენტების გადაცემაზე უფლებამოსილ პირს, დოკუმენტების ყველა შემდგომი გადაცემა დაზღვეული წერილის მეშვეობით განხორციელებულად ჩაითვლება მისი ფოსტისათვის გადაცემიდან ერთი თვის შემდეგ. ეს წესი მოქმედებს იმ შემთხვევაშიც, როცა ადრესატისთვის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი არ არსებობს.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული განჩინებით მხარეს უნდა განემარტოს ის შედეგები, რომლებიც შეიძლება წარმოიშვას ამავე მუხლის მე-2 პუნქტის გამოყენების შემთხვევაში.

    მუხლი 67. უცხო ქვეყნის დოკუმენტების საქართველოსათვის გადაცემა

1. უცხო ქვეყნის დოკუმენტების საქართველოსათვის გადაცემა ხორციელდება ამ კანონით განსაზღვრული სამართლებრივი დახმარების ნორმების შესაბამისად.

2. თუ გადასაცემი დოკუმენტი ქართულ ენაზე არ არის შედგენილი ან არ ერთვის დამოწმებული ქართული თარგმანი, ადრესატს შეუძლია უარი თქვას დოკუმენტის მიღებაზე. ამ შემთხვევაში დოკუმენტი უნდა დაუბრუნდეს შუამდგომლობის აღმძვრელ ორგანოს დაბრუნების საფუძვლის მითითებით. ადრესატს უნდა განემარტოს, რომ მას უფლება აქვს უარი თქვას დოკუმენტის მიღებაზე.

    მუხლი 68. უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობა

1. საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს.

2. გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება, თუ:

ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება;

ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები;

გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში;

დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომპეტენტურად არ ითვლება;

ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს;

ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი;

ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ე” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში შესაძლებელია უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობა, თუ იგი ქონებრივ უფლებებს არ ეხება და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი არ არის მათი ადგილობრივი განსჯადობა.

4. თუ სამართალწარმოება მიმდინარეობს ამ მუხლის მე-2 პუნქტის “ვ” ქვეპუნქტის შესაბამისად, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობა შესაძლებელია საქართველოში ამ საქმის დამთავრების შემდეგ.

5. უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.

    მუხლი 69. გადაწყვეტილება ქორწინების საქმეებზე

1. გადაწყვეტილების ცნობა საჭირო არ არის, თუ გადაწყვეტილების გამოტანისას მეუღლეები იმ ქვეყნის მოქალაქეები იყვნენ, რომლის დაწესებულებამაც ეს გადაწყვეტილება მიიღო.

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობის შესახებ სავალდებულოა.

    მუხლი 70. უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება

1. სამოქალაქო და შრომის სამართლის საქმეებზე უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულება ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ ისინი ექვემდებარება აღსრულებას.

2. აღსრულებაზე გადაწყვეტილება მიიღება დაინტერესებული მხარის მიერ შესაბამისი შუამდგომლობის აღძვრის შემდეგ.

3. შუამდგომლობაზე გადაწყვეტილების მიღების საკითხი საქართველოს უზენაესი სასამართლოს კომპეტენციას განეკუთვნება.

    მუხლი 71. გადაწყვეტილების აღსრულების პროცედურა

1. შუამდგომლობას აღსრულებისათვის თან უნდა დაერთოს სასამართლო გადაწყვეტილების დამოწმებული ასლი და დამოწმებული ქართული თარგმანი, აგრეთვე ცნობა გადაწყვეტილების ძალაში შესვლისა და მისი აღსრულების აუცილებლობის შესახებ, თუ ეს შუამდგომლობის ტექსტიდან არ გამომდინარეობს.

2. შუამდგომლობის განხილვის პროცესში უნდა დადგინდეს, დაცულია თუ არა ამ კანონის 68-ე მუხლით გათვალისწინებული პირობები.

3. საქმის ზეპირი განხილვა არ მოხდება, თუ მხარეები ამას არ მოითხოვენ. მოპასუხეს შუამდგომლობის გადაცემისას უნდა განემარტოს, რომ მას აქვს აზრის გამოთქმის უფლება. მას აგრეთვე უნდა განემარტოს, რომ საქმის ზეპირი განხილვა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ის ამას მოითხოვს.

4. უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებაზე გადაწყვეტილებას საქართველოს სასამართლო იღებს დადგენილების ფორმით.

    მუხლი 72. სასამართლოს მიერ მხარეთა მორიგება და საჯარო ხასიათის დოკუმენტები

1. სასამართლოს მიერ მხარეთა მორიგება და უცხო ქვეყნის საჯარო ხასიათის დოკუმენტები, რომლებიც ექვემდებარება აღსრულებას, შუამდგომლობის საფუძველზე ამ კანონის 70-ე და 71-ე მუხლების შესაბამისად აღსრულდება.

2. შუამდგომლობა შეიძლება დაკმაყოფილებულ არ იქნეს, თუ აღსრულება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს ეწინააღმდეგება.

    მუხლი 73. გასაჩივრება

პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ამ თავის დებულებათა შესაბამისად მიღებული გადაწყვეტილებები (განჩინებები და დადგენილებები) ექვემდებარება გასაჩივრებას კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 731. საქართველოს ფარგლებს გარეთ გამოტანილი საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება

საქართველოს ფარგლებს გარეთ გამოტანილი საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება ხდება „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

საქართველოს 2009 წლის 19 ივნისის კანონი №1283-სსმI, №13, 02.07.2009წ., მუხ.66

[მუხლი 73 2 . „ბავშვის სასარგებლოდ ალიმენტის საერთაშორისო გადახდევინებისა და ოჯახის რჩენის სხვა ფორმების შესახებ“ ჰააგის 2007 წლის 23 ნოემბრის კონვენციის ფარგლებში უცხო ქვეყნის სასამართლოს  ან უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების, აგრეთვე უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაფორმებული ან/და დამოწმებული შეთანხმების ცნობა და აღსრულება

„ბავშვის სასარგებლოდ ალიმენტის საერთაშორისო გადახდევინებისა და ოჯახის რჩენის სხვა ფორმების შესახებ“ ჰააგის 2007 წლის 23 ნოემბრის კონვენციის ფარგლებში უცხო ქვეყნის სასამართლოს ან უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების, აგრეთვე უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაფორმებული ან/და დამოწმებული შეთანხმების ცნობა და აღსრულება განხორციელდება იმავე კონვენციითა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XLIV 17  თავით დადგენილი წესით.  (ამოქმედდეს 2024 წლის 1 მაისიდან)]

საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №3946 – ვებგვერდი, 25.12.2023წ.

 

თავი X. დასკვნითი დებულება

    მუხლი 74. კანონის ამოქმედება

ეს კანონი ამოქმედდეს 1998 წლის 1 ოქტომბრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი ე. შევარდნაძე

თბილისი,

1998 წლის 29 აპრილი

№1361-IIს