„საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე“

  • Word
„საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 3548
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 21/07/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 46, 04/08/2010
სარეგისტრაციო კოდი 080.190.000.05.001.004.157
  • Word
3548
21/07/2010
სსმ, 46, 04/08/2010
080.190.000.05.001.004.157
„საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“   საქართველოს კანონში დამატებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე

 მუხლი 1. „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997, გვ. 86) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატება და ცვლილებები:

1. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 121 მუხლი:

     „მუხლი 121

1. კორუფციის წინააღმდეგ ეფექტიანი და კოორდინირებული ბრძოლის ხელშეწყობის მიზნით იქმნება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო (შემდგომში – საბჭო).

2. საბჭოს ძირითადი ამოცანაა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ზოგადი პოლიტიკის განსაზღვრა, საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიისა და მისი განხორციელების სამოქმედო გეგმის შემუშავება, პერიოდული განახლება და შესრულების მონიტორინგი.

3. საბჭოს შემადგენლობას განსაზღვრავს საქართველოს პრეზიდენტი.

4. საბჭოს შემადგენლობაში სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან ერთად შეიძლება შედიოდნენ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, დამოუკიდებელი ექსპერტები, ასევე შესაბამის სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების წარმომადგენლები და მეცნიერები.

5. საბჭოს მუშაობის ორგანიზაციულ უზრუნველყოფასა და საქმიანობის ადმინისტრირებას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო უფლებამოსილი სტრუქტურული ქვედანაყოფის მეშვეობით.

6. საბჭოს უფლებამოსილებასა და მუშაობის ორგანიზებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები განისაზღვრება საბჭოს დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.“.

2. მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 14

1. პირი ვალდებულია თანამდებობაზე განწესებიდან ორი თვის ვადაში წარადგინოს საჯარო სამსახურის ბიუროში თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია. თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის წესს განსაზღვრავს საქართველოს პრეზიდენტი.

2. თანამდებობის პირი ვალდებულია თანამდებობაზე ყოფნის განმავლობაში ყოველწლიურად, ყოველი წინა დეკლარაციის შევსების დღიდან ერთი წლის გასვლის შემდეგ ერთი კვირის ვადაში შეავსოს და წარადგინოს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია, რომელშიც აისახება თანამდებობის პირის მიერ წინა წელს შევსებულ დეკლარაციაში შეტანილი მონაცემების ცვლილებები.

3. პირი ვალდებულია თანამდებობის დატოვებიდან ორი თვის ვადაში შეავსოს და წარადგინოს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია.

4. პირი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად იმავე დაწესებულების სისტემაში დაკისრებული აქვს არმყოფი მოხელის მოვალეობის შესრულება არა უმეტეს სამი თვის ვადით, თავისუფლდება თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის ვალდებულებისაგან.

5. საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატი ვალდებულია პარლამენტის წევრობის კანდიდატად რეგისტრაციიდან ერთი კვირის ვადაში, საქართველოს პრეზიდენტის მიერ დადგენილი გამარტივებული ფორმით შეავსოს და წარადგინოს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია.

6. თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში ქონებრივი მდგომარეობის ამსახველი მონაცემები შეიტანება მისი შევსების თვის პირველ რიცხვამდე მდგომარეობით, ხოლო შემოსავლები – დეკლარაციის შევსების წლის წინა წლის მდგომარეობით, გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

7. თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში მონაცემები, რომლებიც ეხება საქართველოს ან სხვა ქვეყნის საბანკო ან/და სხვა საკრედიტო დაწესებულებაში არსებულ ანგარიშს ან/და შენატანს, რომლის განკარგვის უფლებაც აქვს თანამდებობის პირს ან მისი ოჯახის წევრს, აგრეთვე მონაცემები თანამდებობის პირის ან მისი ოჯახის წევრის საკუთრებაში არსებული ნაღდი ფულადი თანხის შესახებ, რომლის ოდენობაც აღემატება 4 000 ლარს, შეიტანება დეკლარაციის შევსების დღის მდგომარეობით.  

8. თანამდებობის პირი ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციას ავსებს წელიწადში ერთხელ. თუ პირს შევსებული აქვს დეკლარაცია და, ამ მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად, მიმდინარე წლის განმავლობაში კვლავ წარმოიშვა დეკლარაციის შევსების საფუძველი, თანამდებობის პირი თავისუფლდება დეკლარაციის ხელმეორედ შევსების ვალდებულებისაგან.

9. საჯარო სამსახურის ბიურო თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენისათვის გათვალისწინებული ვადის ამოწურვამდე არა უგვიანეს 20 დღისა აფრთხილებს პირს ამის შესახებ და განუმარტავს მას დეკლარაციის დროულად წარუდგენლობისათვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.

10. შესაბამისი საჯარო დაწესებულების საკადრო სამსახურის ხელმძღვანელი ან საამისოდ უფლებამოსილი პირი ვალდებულია სათანადო ბრძანების გამოცემიდან არა უგვიანეს 7 სამუშაო დღისა საჯარო სამსახურის ბიუროს წერილობით მიაწოდოს ინფორმაცია პირის სადეკლარაციო თანამდებობაზე განწესების ან თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსი აცნობებს შესაბამისი საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელს, რომელიც საკადრო სამსახურის ხელმძღვანელის ან საამისოდ უფლებამოსილი პირის მიმართ გადაწყვეტილებას იღებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 79-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად. დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება არ ათავისუფლებს შესაბამისი საჯარო დაწესებულების საკადრო სამსახურის ხელმძღვანელს  ან საამისოდ უფლებამოსილ პირს პირის სადეკლარაციო თანამდებობაზე განწესების ან თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ინფორმაციის საჯარო სამსახურის ბიუროსთვის მიწოდების ვალდებულებისგან.“.

3. მე-15 მუხლის:

ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) პირის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მუდმივი საცხოვრებელი ადგილის მისამართი და ტელეფონის ნომერი, მობილური ტელეფონის ნომერი და მოქმედი ელექტრონული ფოსტის მისამართი;“;

ბ) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) საქართველოს ან სხვა ქვეყნის საბანკო ან/და სხვა საკრედიტო დაწესებულებაში არსებული ანგარიში ან/და შენატანი, რომლის განკარგვის უფლებაც აქვს პირს ან მისი ოჯახის წევრს, – ანგარიშის ან/და შენატანის განმკარგავი პირის ვინაობა, საბანკო ან/და სხვა საკრედიტო დაწესებულების დასახელება, ანგარიშის ან/და შენატანის სახეობა, ანგარიშზე ან/და შენატანზე არსებული ნაშთი (კრედიტი ან დებეტი);“.

 მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი                                            მ. სააკაშვილი

თბილისი,

2010 წლის 21 ივლისი.

№3548–რს