„საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“

  • Word
„საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 3526
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 21/07/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 46, 04/08/2010
სარეგისტრაციო კოდი 030.000.000.05.001.004.151
  • Word
3526
21/07/2010
სსმ, 46, 04/08/2010
030.000.000.05.001.004.151
„საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ

 მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №39(46), 1999 წელი, მუხ. 190) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-6 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) შესაბამისი ფსიქიატრიული დაწესებულების ან სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციის მიმართვის საფუძველზე არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების შესახებ.“.

2. 2116 მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. შესაბამისი ფსიქიატრიული დაწესებულების ან სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციის მიმართვის საფუძველზე არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების შესახებ ბრძანებას გამოსცემს მაგისტრატი მოსამართლე, ხოლო იმ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში, სადაც არ მოქმედებს მაგისტრატი მოსამართლე, – რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე შესაბამისი ფსიქიატრიული დაწესებულების ან სასჯელაღსრულების დაწესებულების ადგილსამყოფლის მიხედვით.“.

3. 2117 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 2117. არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების შესახებ მოსამართლისათვის ან სასამართლოსათვის მიმართვა

1. არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების შესახებ ბრძანების გამოცემის თხოვნით მაგისტრატ მოსამართლეს ან რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს მიმართავს იმ ფსიქიატრიული დაწესებულების ან სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაცია, რომელშიც მოთავსებულია პაციენტი/მსჯავრდებული.

2. ფსიქიატრიული დაწესებულების ან სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაცია მაგისტრატ მოსამართლეს ან რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს ბრძანების გამოცემის თხოვნით მიმართავს პაციენტის/მსჯავრდებულის სტაციონარში მოთავსებიდან/უფლებამოსილი საექსპერტო დაწესებულებიდან დადებითი დასკვნის მიღებიდან 48 საათის ვადაში.

3. ფსიქიატრიული დაწესებულების ან სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციის მიმართვა დასაბუთებული უნდა იყოს და უნდა ეფუძნებოდეს შესაბამისად ექიმ-ფსიქიატრთა კომისიის ან უფლებამოსილი საექსპერტო დაწესებულების დასკვნას, რომელიც პაციენტის/მსჯავრდებულის საიდენტიფიკაციო დოკუმენტებთან (პასპორტი, პირადობის მოწმობა, ქორწინების მოწმობა და სხვა) ერთად, მათი არსებობის შემთხვევაში, უნდა დაერთოს ფსიქიატრიული დაწესებულების ან სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციის მიმართვას. თუ არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით სტაციონარში მოსათავსებელი პირის ვინაობა (სახელი, გვარი, ასაკი, სქესი, მოქალაქეობა, საცხოვრებელი ადგილის მისამართი) დაუდ-გენელია, რადგან არ არსებობს მისი საიდენტიფიკაციო დოკუმენტები, ფსიქიატრიული დაწესებულების მიმართვას უნდა დაერთოს „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ოქმი, თუ იგი შეადგინა პოლიციის თანამშრომელმა.“.

4. 2118 მუხლის:

ა) მე-2–მე-4 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მოსამართლე არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების შესახებ საქმეს განიხილავს ერთპიროვნულად, დახურულ სასამართლო სხდომაზე. სხდომაზე დასწრების უფლება აქვთ მხოლოდ პაციენტის/მსჯავრდებულის მკურნალობის პროცესში ჩართულ პირებს, აგრეთვე იმ პირებს, რომელთა მონაწილეობაც აუცილებელია ადმინისტრაციული სამართალწარმოების უზრუნველსაყოფად. საქმის განხილვაში უნდა მონაწილეობდნენ შესაბამისად ფსიქიატრიული დაწესებულების ან სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციის წარმომადგენელი, შესაბამისი ექიმ-ფსიქიატრთა კომისიის ერთი წევრი მაინც, პაციენტი/მსჯავრდებული და მისი ადვოკატი. თუ პაციენტს/მსჯავრდებულს არა აქვს ადვოკატის აყვანის შესაძლებლობა, სასამართლო ვალდებულია დაუნიშნოს მას ადვოკატი სახელმწიფოს ხარჯზე. საქმის განხილვაში აგრეთვე მონაწილეობს პაციენტის/მსჯავრდებულის კანონიერი წარმომადგენელი ან ასეთის არარსებობისას – ნათესავი (ამ შემთხვევაში ტერმინი „პაციენტის ნათესავი“ გულისხმობს „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „თ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირთა წრეს). განსაკუთრებულ შემთხვევაში, როდესაც პაციენტის/მსჯავრდებულის სასამართლოში მიყვანა შეუძლებელია მისი ავადმყოფობის გამო ან სხვა ობიექტური მიზეზით, მოსამართლე არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების საკითხის განსახილველად ატარებს გასვლით სასამართლო სხდომას იმ სტაციონარში, რომელშიც იმყოფება პაციენტი/მსჯავრდებული.

3. მოსამართლე სასამართლო სხდომის გახსნის შემდეგ აცხადებს, თუ რა მიმართვა განიხილება, ასახელებს სასამართლო პროცესის მონაწილეებს, არკვევს, არის თუ არა აცილებები. შესაბამისად ფსიქიატრიული დაწესებულების ან სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციის წარმომადგენელი ასაბუთებს თავის მიერ წარდგენილ მიმართვას, რის შემდეგაც უპასუხებს მოსამართლის, პაციენტის/მსჯავრდებულის, მისი ადვოკატის, კანონიერი წარმომადგენლის ან/და ნათესავის შეკითხვებს. პაციენტის/მსჯავრდებულის კანონიერი წარმომადგენლის ან ნათესავის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობა არ არის მიმართვის განხილვის გადადების საფუძველი. 

4. მოსამართლეს უფლება აქვს, გამოიძახოს და დაკითხოს ექიმ-ფსიქიატრთა კომისიის წევრები, რომელთა დასკვნის საფუძველზედაც მიმართა ფსიქიატრიული დაწესებულების ან სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციამ სასამართლოს, აგრეთვე სხვა პირი, რომლის ჩვენებაც (ცნობები) ასაბუთებს მიმართვას. პაციენტი/მსჯავრდებული, მისი ადვოკატი, კანონიერი წარმომადგენელი ან/და ნათესავი უფლებამოსილია მოითხოვოს სხვა პირთა დაკითხვაც, რომელთა ჩვენებას საქმესთან დაკავშირებით შეიძლება არსებითი მნიშვნელობა ჰქონდეს. პაციენტს/მსჯავრდებულს, მის ადვოკატს, კანონიერ წარმომადგენელს ან/და ნათესავს უფლება აქვს, სასამართლოს მისცეს განმარტებები და ჩამოაყალიბოს საპირისპირო მოსაზრებები.“;

ბ) მე-7 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ფსიქიატრიული დაწესებულება ან სასჯელაღსრულების დაწესებულება, რომლის ადმინისტრაციამაც წარადგინა სასამართლოში მიმართვა;“;

გ) მე-8 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ფსიქიატრიული დაწესებულება ან სასჯელაღსრულების დაწესებულება, რომლის ადმინისტრაციამაც წარადგინა სასამართლოში მიმართვა;“.

5. 2120 მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსებასთან დაკავშირებით მოსამართლის ბრძანება (დადგენილება) შეიძლება გაასაჩივროს ფსიქიატრიული დაწესებულების ან სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციამ, პაციენტმა/მსჯავრდებულმა, მისმა ადვოკატმა, კანონიერმა წარმომადგენელმა ან/და ნათესავმა სააპელაციო სასამართლოში ამ მუხლით დადგენილი წესით.“.

 მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი                                            მ. სააკაშვილი

თბილისი,

2010 წლის 21 ივლისი.

№3526–რს