დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 3553 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 21/07/2010 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 46, 04/08/2010 |
სარეგისტრაციო კოდი | 470.230.000.05.001.004.144 |
საქართველოს კანონი
„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №47-48, 31.12.1997, გვ. 126) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. მე-3 მუხლის:
ა) „ჩ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ჩ1) სამედიცინო საქმიანობა – საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია დაავადებათა პროფილაქტიკასთან, დიაგნოსტიკასთან, მკურნალობასთან, რეაბილიტაციასთან, პალიატიურ მზრუნველობასთან, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზასთან, სასამართლო-ფსიქიატრიულ ექსპერტიზასთან და შეესაბამება ქვეყანაში აღიარებულ სამედიცინო მომსახურების პროფესიულ და ეთიკურ სტანდარტებს;“;
ბ) „ჰ4“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ5“ ქვეპუნქტი:
„ჰ5) შერჩევითი კონტროლი – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპეტენტური ორგანოს მიერ დარღვევის რისკის შეფასების შესაბამისად განხორციელებული ადმინისტრაციული ქმედება.“.
2. მე-16 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) ექიმთა სერტიფიცირება, სამედიცინო საქმიანობის ლიცენზირება, სამედიცინო დაწესებულებაზე ნებართვის გაცემა;“.
3. 54-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სამედიცინო საქმიანობის სფეროში შესაბამისი უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს (ლიცენზიას ან/და ნებართვას) გასცემს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.“;
ბ) მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
4. 55-ე და 56-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 55
შესაბამისი სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის/ნებართვის გაუქმების წესი განისაზღვრება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით.
მუხლი 56
სამედიცინო დაწესებულების მიერ ისეთი სამედიცინო საქმიანობის განხორციელება, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით ექვემდებარება ლიცენზიის ან/და ნებართვის მიღებას, არ შეიძლება განხორციელდეს სათანადო ლიცენზიის ან/და ნებართვის გარეშე.“.
5. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 631 მუხლი:
„მუხლი 631
1. სამედიცინო საქმიანობა, რომელიც ამბულატორიულად/დღის სტაციონარის პირობებში ხორციელდება და მაღალ რისკს შეიცავს, რეგულირდება სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტით და ექვემდებარება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთვის სავალდებულო შეტყობინებას.
2. ამბულატორიულად/დღის სტაციონარის პირობებში განსახორციელებელ, მაღალი რისკის შემცველ სამედიცინო საქმიანობას (შემდგომში – მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობა) მიეკუთვნება:
ა) საქმიანობა, რომელიც მოიცავს ინვაზიურ ჩარევას გაუტკივარებით;
ბ) დერმატო-ვენეროლოგია;
გ) სამედიცინო რადიოლოგია (გარდა ულტრაბგერითი დიაგნოსტიკისა);
დ) დიალიზი;
ე) ინფექციურ დაავადებებთან (მათ შორის, აივ ინფექცია/შიდსთან) დაკავშირებული საქმიანობა;
ვ) ფთიზიატრია.
3. მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტი მიიღება მთავრობის დადგენილებით. იგი შეიცავს მოთხოვნებს სამედიცინო აპარატურის, ხელსაწყოების, ჰიგიენური პირობებისა და სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოებასთან დაკავშირებით.
4. მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის შესრულება მოწმდება შერჩევითი კონტროლით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული წესის შესაბამისად. მისი შეუსრულებლობა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
5. მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის შესრულების შემოწმება შერჩევითი კონტროლით ხორციელდება მხოლოდ ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ, შეტყობინებას დაქვემდებარებულ საქმიანობებზე. სტომატოლოგიური საქმიანობა/მომსახურება ექვემდებარება მხოლოდ სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის შესრულებას. ამასთანავე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფილი უნდა იქნეს მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის ხელმისაწვდომობა დაინტერესებული პირებისათვის, მათ შორის, სტომატოლოგიური საქმიანობის/მომსახურების მიმწოდებლებისათვის.
6. მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის შემოწმება შერჩევითი კონტროლით ხორციელდება წელიწადში ერთხელ. ამ შემთხვევაში არ გამოიყენება „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი.
7. თუ სამედიცინო საქმიანობის/მომსახურების მიმწოდებელი ახორციელებს ლიცენზიით/ნებართვით გათვალისწინებულ საქმიანობას, მას უფლება აქვს, შეტყობინების გარეშე აწარმოოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული რომელიმე საქმიანობა იმ შემთხვევაში, თუ მისი სალიცენზიო/სანებართვო პირობები მოიცავს მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და თუ ეს საქმიანობა ხორციელდება ერთ ფაქტობრივ მისამართზე. ამ შემთხვევაში შერჩევითი კონტროლი ხორციელდება მხოლოდ „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად.
8. მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის/მომსახურების მიმწოდებელთათვის დადგენილი სავალდებულო შეტყობინების ფორმა უნდა შეიცავდეს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული სამედიცინო საქმიანობის (საქმიანობების) დასახელებას, პირის საიდენტიფიკაციო მონაცემებს, მისამართს, საკონტაქტო ინფორმაციას.
9. მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის/მომსახურების მიმწოდებელთათვის დადგენილი სავალდებულო შეტყობინების ფორმა შესაძლებელია შეივსოს ელექტრონულად.
10. მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის/მომსახურების მიმწოდებელთათვის სავალდებულო შეტყობინების ფორმას და წესს ამტკიცებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი. ეს წესი უნდა ითვალისწინებდეს მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის/მომსახურების მოქმედი მიმწოდებლებისათვის სავალდებულო შეტყობინების განსხვავებულ ვადას.“.
6. 141-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
7. 145-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
8. 154-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 და მე-8 პუნქტები:
„7. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ 2010 წლის 1 დეკემბრამდე შეიმუშაოს და დაამტკიცოს ამბულატორიულად/დღის სტაციონარის პირობებში განსახორციელებელი, მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის/მომსახურების მიმწოდებელთათვის სავალდებულო შეტყობინების ფორმა და წესი და რეესტრის წარმოების წესი.
8. საქართველოს მთავრობამ 2010 წლის 1 დეკემბრამდე უზრუნველყოს მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის მიღება.“.
მუხლი 2
1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი–მე-7 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი–მე-7 პუნქტები ამოქმედდეს 2010 წლის 1 დეკემბრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2010 წლის 21 ივლისი.
№3553–რს
დოკუმენტის კომენტარები