„სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“

  • Word
„სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 3565
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 21/07/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ორგანული კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 46, 04/08/2010
სარეგისტრაციო კოდი 150.000.000.04.001.004.140
  • Word
3565
21/07/2010
სსმ, 46, 04/08/2010
150.000.000.04.001.004.140
„სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს ორგანული კანონი

„სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

 მუხლი 1. „სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში (პარლამენტის უწყებანი, №13, 7.06.96, გვ. 12) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“.

2. პირველი–მე-3 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 1

ეს კანონი განსაზღვრავს საქართველოს სახალხო დამცველის უფლებამოსილებას, მისი საქმიანობის ძირითად პრინციპებსა და ფორმებს.

    მუხლი 2

საქართველოს სახალხო დამცველი ზედამხედველობას უწევს საქართველოს ტერიტორიისა და მისი იურისდიქციის ფარგლებში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვას.   

    მუხლი 3

1. საქართველოს სახალხო დამცველი ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის სახელმწიფოებრივი  გარანტიების უზრუნველყოფის მიზნით ზედამხედველობას უწევს სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა, საჯარო დაწესებულებათა და თანამდებობის პირთა მხრიდან საქართველოს ტერიტორიის ფარგლებსა და მის იურისდიქციაში მყოფი ყველა პირისთვის სახელმწიფოს მიერ აღიარებულ უფლებათა და თავისუფლებათა დაცვასა და პატივისცემას, განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, სქესისა, ენისა, რელიგიისა, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა თუ სხვა გარემოებისა.

2. საქართველოს სახალხო დამცველი ავლენს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დარღვევის ფაქტებს და ხელს უწყობს დარღვეული უფლებებისა და თავისუფლებების აღდგენას.

3. საქართველოს სახალხო დამცველი ეწევა საგანმანათლებლო საქმიანობას ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა სფეროში.“.

3. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 4

1. საქართველოს სახალხო დამცველი თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებითა და ნორმებით, ამ კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით.

2. საქართველოს სახალხო დამცველზე ნებისმიერი ზემოქმედება ან მის საქმიანობაში ჩარევა დაუშვებელია და ისჯება კანონით.“.

4. მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საქართველოს სახალხო დამცველის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის, დაკავების ან დაპატიმრების შესახებ თანხმობისას მისი უფლებამოსილება შეჩერდება სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. საქართველოს სახალხო დამცველის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის ან მარეაბილიტირებელ საფუძველზე საქმის შეწყვეტის შემთხვევაში საქართველოს სახალხო დამცველის უფლებამოსილება აღდგება.“.

5. მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს სახალხო დამცველის თანამდებობა შეუთავსებელია სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების წევრობასთან, სახელმწიფო სამსახურში ნებისმიერ თანამდებობასთან და ანაზღაურებად საქმიანობასთან, გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური და სახელოვნებო მოღვაწეობისა. არ შეიძლება საქართველოს სახალხო დამცველი იყოს პოლიტიკური პარტიის წევრი ან მონაწილეობდეს პოლიტიკურ საქმიანობაში. გამონაკლისია შემთხვევა, როდესაც საქართველოს სახალხო დამცველს კანონის ან სხვა ნორმატიული აქტის საფუძველზე თანამდებობრივად ევალება სხვა თანამდებობის შეთავსება.“.

6. მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოს სახალხო დამცველის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში საქართველოს პარლამენტი საქართველოს ახალ სახალხო დამცველს ირჩევს საქართველოს მოქმედი სახალხო დამცველის უფლებამოსილების შეწყვეტიდან არა უგვიანეს 30 დღისა. საქართველოს ახალი სახალხო დამცველის არჩევამდე მის მოვალეობას ასრულებს საქართველოს მოქმედი სახალხო დამცველის მოადგილე. ასეთ შემთხვევაში იგი სარგებლობს საქართველოს სახალხო დამცველისათვის მინიჭებული უფლებებით, სამართლებრივი გარანტიებითა და ხელშეუხებლობით.“.

7. მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 11

საგანგებო ან საომარი მდგომარეობის გამოცხადება არ წყვეტს საქართველოს სახალხო დამცველის საქმიანობას და არ ზღუდავს მის უფლებამოსილებას.“.

8. მე-12 და მე-13 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 12

საქართველოს სახალხო დამცველი დამოუკიდებლად ამოწმებს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობას, ასევე მათი დარღვევის ფაქტებს როგორც მიღებული განცხადებისა და საჩივრის საფუძველზე, ისე საკუთარი ინიციატივით.

    მუხლი 13

საქართველოს სახალხო დამცველი განიხილავს საქართველოს მოქალაქეთა, უცხო ქვეყნის მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა, აგრეთვე კერძო სამართლის იურიდიულ პირთა, პოლიტიკურ და რელიგიურ გაერთიანებათა განცხადებებსა და საჩივრებს, რომლებიც ეხება სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა, საჯარო დაწესებულებათა და თანამდებობის პირთა ქმედებებს ან აქტებს საქართველოს კონსტიტუციითა და კანონით დადგენილ უფლებათა და თავისუფლებათა, აგრეთვე იმ საერთაშორისო ხელშეკრულებათა და შეთანხმებებით დადგენილ უფლებათა და თავისუფლებათა დარღვევის შესახებ, რომელთა მონაწილეც არის საქართველო.“.

9. მე-14 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს სახალხო დამცველი განიხილავს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დარღვევის შესახებ განცხადებასა და საჩივარს იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელი სადავოდ ხდის:

ა) საჯარო დაწესებულების გადაწყვეტილებას;

ბ) სასამართლო განხილვის პროცესში საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებებისა და თავისუფლებების შელახვას ან დარღვევას;

გ) დაკავებული, დაპატიმრებული ან სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული პირისთვის საქართველოს კანონმდებლობით უზრუნველყოფილი უფლებების დარღვევას;

დ) ნორმატიული აქტების საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავთან შესაბამისობას;

ე) რეფერენდუმისა და არჩევნების მომწესრიგებელი ნორმების და ამ ნორმების საფუძველზე ჩატარებული ან ჩასატარებელი არჩევნების (რეფერენდუმის) კონსტიტუციურობას.“.

10. მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 15

დაკავების, წინასწარი პატიმრობისა და თავისუფლების შეზღუდვის სხვა ადგილებში მყოფ პირთა მიერ საქართველოს სახალხო დამცველისთვის გაგზავნილი განცხადებები, საჩივრები და წერილები კონფიდენციალურია. მათი გახსნა, შემოწმება და ცენზურა აკრძალულია. ისინი დაუყოვნებლივ უნდა გადაეცეს საქართველოს სახალხო დამცველს.“.

11. მე-17 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების შესახებ საქართველოს სახალხო დამცველი აცნობებს განმცხადებელს.“.

12. მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 18

საქართველოს სახალხო დამცველს უფლება აქვს, შემოწმების ჩატარებისას:

ა) დაუბრკოლებლად შევიდეს სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ნებისმიერ ორგანოში, საწარმოში, ორგანიზაციაში, დაწესებულებაში, მიუხედავად მისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა, მათ შორის, სამხედრო ქვედანაყოფში, დაკავების, წინასწარი პატიმრობისა და თავისუფლების შეზღუდვის სხვა ადგილებში, ფსიქიატრიულ დაწესებულებებში, მოხუცთა თავშესაფრებში, ბავშვთა სახლებში;

ბ) სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, საჯარო დაწესებულებებსა და თანამდებობის პირებს მოსთხოვოს და დაუყოვნებლივ ან არა უგვიანეს 10 დღისა მიიღოს შემოწმებისათვის აუცილებელი ყველა ცნობა, დოკუმენტი და სხვა მასალა;

გ) ნებისმიერ თანამდებობის პირს, მოხელეს, მასთან გათანაბრებულ პირს მოსთხოვოს და მიიღოს წერილობითი ახსნა-განმარტება გამოსაკვლევ საკითხებზე;

დ) სახელმწიფო ან/და არასახელმწიფო დაწესებულებების მეშვეობით ჩაატაროს საექსპერტო გამოკვლევები ან/და მოამზადოს დასკვნები; მოიწვიოს სპეციალისტები/ექსპერტები საექსპერტო ან/და საკონსულტაციო სამუშაოთა შესასრულებლად;

ე) გაეცნოს სისხლის სამართლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებს, რომლებზე მიღებული გადაწყვეტილებებიც კანონიერ ძალაშია შესული.“.

13. 21-ე და 22-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 21

საქართველოს სახალხო დამცველი უფლებამოსილია შემოწმების შედეგების მიხედვით:

ა) ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის უზრუნველყოფის, დაკავებულ, წინასწარ პატიმრობაში მყოფ ან სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდულ პირთა და მსჯავრდებულთა პირობებისა და მათ მიმართ მოპყრობის გაუმჯობესების, აგრეთვე წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სასჯელის თავიდან აცილების მიზნით საქართველოს კანონმდებლობასთან და კანონპროექტებთან დაკავშირებით წინადადებები, შენიშვნები და რეკომენდაციები წარუდგინოს საქართველოს პარლამენტს ან სხვა შესაბამის ორგანოს;

ბ) ადამიანის დარღვეულ უფლებათა და თავისუფლებათა აღსადგენად წინადადებები და რეკომენდაციები გაუგზავნოს იმ სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, საჯარო დაწესებულებებსა და თანამდებობის პირებს, რომელთა მოქმედებამაც გამოიწვია სახელმწიფოს მიერ გარანტირებულ ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დარღვევა;

გ) წინადადებით მიმართოს შესაბამის საგამოძიებო ორგანოებს წინასწარი გამოძიების ან/და სისხლისსამართლებ-რივი დევნის დაწყების მოთხოვნით, თუ საქმის განხილვის შედეგად მივა დასკვნამდე, რომ არსებობს დანაშაულის ნიშნები;

დ) შესაბამის ორგანოებში შეიტანოს წინადადებები იმ პირთა დისციპლინური ან ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის შესახებ, რომელთა მოქმედებამაც გამოიწვია ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დარღვევა;

ე) ცალკეულ შემთხვევებში შეასრულოს სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) ფუნქცია პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოებში;

ვ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს აცნობოს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დარღვევასთან დაკავშირებით ჩატარებული შემოწმების შედეგები;

ზ) მიღებული გადაწყვეტილებები შეიტანოს ყოველწლიურ და სპეციალურ ანგარიშებში;

თ) წერილობით მიმართოს საქართველოს პრეზიდენტს, თუ მიიჩნევს, რომ მის განკარგულებაში არსებული რეაგირების საშუალებები არასაკმარისია;

ი) საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართოს კონსტიტუციური სარჩელით რეფერენდუმისა და არჩევნების მომწესრიგებელი ნორმების და ამ ნორმების საფუძველზე ჩატარებული ან ჩასატარებელი არჩევნების (რეფერენდუმის) კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით, ან თუ ნორმატიული აქტით ან მისი ცალკეული ნორმებით დარღვეულია საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავში აღიარებული ადამიანის უფლებანი და თავისუფლებანი;

კ) განსაკუთრებულ შემთხვევაში მიმართოს საქართველოს პარლამენტს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დარღვევის ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნისა და პარლამენტის მიერ საკითხის განხილვის მოთხოვნით.

    მუხლი 22

1. საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტს წელიწადში ერთხელ, კალენდარული წლის მარტში წარუდგენს ანგარიშს ქვეყანაში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ.

2. საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშში უნდა მიეთითოს სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ის ორგანოები და თანამდებობის პირები, რომლებიც არღვევდნენ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, არ ითვალისწინებდნენ საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაციებს ამ უფლებათა აღდგენის ღონისძიებების შესახებ.

3. საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში უნდა შეიცავდეს ქვეყანაში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის შესახებ ზოგად შეფასებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს.

4. საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტს საგაზაფხულო სესიაზე ყოველწლიურ ანგარიშთან დაკავშირებით წარუდგენს მოხსენებას ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის სფეროში არსებული მდგომარეობის შესახებ.

5. საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში ქვეყნდება პარლამენტის ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში. სპეციალური ანგარიში შეიძლება გამოქვეყნდეს საქართველოს სახალხო დამცველის გადაწყვეტილებით.“.

14. 23-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. მასალა, საბუთი, სხვა ინფორმაცია და ახსნა-განმარტება საქართველოს სახალხო დამცველს უნდა გადაეცეს მოთხოვნის მიღებისთანავე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მასალა, საბუთი და სხვა ინფორმაცია მოთხოვნილია წერილობითი მიმართვის საფუძველზე. ასეთ შემთხვევაში საბუთი და სხვა ინფორმაცია საქართველოს სახალხო დამცველს უნდა გადაეცეს 10 დღის ვადაში.

4. სათანადო მასალები, გარდა ამ კანონის მე-20 მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციისა, მოთხოვნის შემთხვევაში უნდა გაეცნოს განმცხადებელს.“.

15. 24-ე და 25-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 24

სახელმწიფო ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო, საჯარო დაწესებულება, თანამდებობის პირი, რომელიც მიიღებს საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაციებს ან წინადადებებს, ვალდებულია განიხილოს ისინი და 20 დღის განმავლობაში წერილობით აცნობოს საქართველოს სახალხო დამცველს მათი განხილვის შედეგები.

    მუხლი 25

1. ამ კანონით დადგენილი მოვალეობების შეუსრულებლობა, აგრეთვე საქართველოს სახალხო დამცველის საქმიანობისთვის ნებისმიერი ფორმით დაბრკოლების შექმნა ისჯება კანონით, აისახება საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშში და საქართველოს პარლამენტის განსაკუთრებული მსჯელობის საგანი გახდება.

2. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, იმ ოდენობით, რომელიც უზრუნველყოფს მისი ფუნქციების ჯეროვნად შესრულებას.

3. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატისთვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალის-წინებული შრომის ანაზღაურების მუხლის მოცულობის შემცირება წინა წლის შესაბამის მოცულობასთან შედარებით შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს სახალხო დამცველის წინასწარი თანხმობით.“.

16. 26-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს სახალხო დამცველის საქმიანობის უზრუნველსაყოფად იქმნება საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი, რომლის სტრუქტურას, მუშაობის წესს და ორგანიზებას განსაზღვრავს საქართველოს სახალხო დამცველი აპარატის დებულებით. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი მოქმედებს საქართველოს სახალხო დამცველის სახელით და მის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილებით.“;

ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატთან შეიძლება შეიქმნას სპეციალიზებული ცენტრები, რომელთა სტრუქტურას, ორგანიზებას, საქმიანობის მიმართულებებს, მუშაობის წესს და სხვა საკითხებს განსაზღვრავს საქართველოს სახალხო დამცველი.“.

 მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი                                            მ. სააკაშვილი

თბილისი,

2010 წლის 21 ივლისი.

№3565–რს