დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 3452 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 16/07/2010 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 42, 22/07/2010 |
სარეგისტრაციო კოდი | 200.000.000.05.001.004.133 |
საქართველოს კანონი
„საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №6, 09.03.2004, მუხ. 27) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
1. პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ეს კანონი განსაზღვრავს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი საწარმოებისა და ორგანიზაციების ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანებების ან/და სახელმწიფო სესხების დაუბრუნებლობის შედეგად წარმოქმნილი დავალიანებების რესტრუქტურიზაციის, ასევე სასესხო დავალიანების პატიების ზოგად პრინციპებს, ორგანიზაციულ და სამართლებრივ საფუძვლებს, აგრეთვე დავალიანებების რესტრუქტუ-რიზაციის თაობაზე წინადადებების წარდგენის, განხილვის, მათ შესახებ გადაწყვეტილების მიღებისა და განხორციელების წესებს აღნიშნული საწარმოებისა და ორგანიზაციების საფინანსო-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და გადახდისუნარიანობის ამაღლების მიზნით.“.
2. პირველი მუხლის:
ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) საწარმო – საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული საწარმო ან „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ნებისმიერი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მეწარმე სუბიექტი ან საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული და ორგანიზაციად ცნობილი წარმონაქმნი (მათ შორის, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით განსაზღვრული საბიუჯეტო ორგანიზაცია);“;
ბ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) სასესხო დავალიანება:
დ.ა) ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანება – სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრების ხარჯზე გაცემული სესხებისა და სახელმწიფო გარანტიით გაცემული კრედიტის დაუბრუნებლობის შედეგად წარმოქმნილი და დადგენილ ვადაში დაუფარავი ვალდებულება;
დ.ბ) ვადადაუმდგარი სასესხო დავალიანება – საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით განსაზღვრულ საბიუჯეტო ორგანიზაციებზე, აგრეთვე იმ საწარმოებზე, რომელთა აქციათა საკონტროლო პაკეტს ან წილის 50 პროცენტზე მეტს ფლობს სახელმწიფო, სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრების ხარჯზე გაცემული სესხი და სახელმწიფო გარანტიით გაცემული კრედიტი, რომლის დაბრუნების ვადა ჯერ არ დამდგარა;“.
3. მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ვადაგადაცილებული საგადასახადო ან/და სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაცია, მათ შორის, განსაკუთრებულ შემთხვევაში, ასევე სასესხო დავალიანების პატიება ხორციელდება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ამ კანონით დადგენილი წესით.“.
4. მე-3 მუხლის:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვადაგადაცილებული საგადასახადო და სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის, სასესხო დავალიანების პატიების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესები“;
ბ) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ვადაგადაცილებული საგადასახადო ან/და სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის, ასევე სასესხო დავალიანების პატიების მიზანშეწონილობის საკითხს შეისწავლის კომისია.
2. კომისიას უფლება აქვს, ვადაგადაცილებული საგადასახადო ან/და სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის, ასევე სასესხო დავალიანების პატიების საკითხის შესწავლისას მოიწვიოს საწარმოს, შესაბამისი სამინისტროებისა და უწყებების, აგრეთვე აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა წარმომადგენლები.“;
გ) მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) საქართველოს მთავრობას წარუდგინოს წინადადება ცალკეული სასესხო დავალიანების გარკვეული ოდენობით ან სრულად პატიების შესახებ;“;
დ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:
„41. სასესხო დავალიანების პატიების საკითხის შესასწავლად საწარმო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარუდგენს წერილობით განცხადებას სასესხო დავალიანების პატიების შესახებ.“;
ე) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ამ მუხლის მე-4 ან 41 პუნქტით გათვალისწინებული ყველა დოკუმენტის (ან საწარმოს წერილობითი მოთხოვნით – ერთ-ერთი დოკუმენტის არარსებობის შემთხვევაში დანარჩენი დოკუმენტების) მიღების შემდეგ დოკუმენტებსა და შესაბამის ინფორმაციას წარუდგენს კომისიას, რომელიც ორი თვის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას ვადაგადაცილებული საგადასახადო ან/და სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის ან სასესხო დავალიანების პატიების მიზანშეწონილობის თაობაზე.“;
ვ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. კომისიის მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში საქართველოს ფინანსთა სამინისტრო კომისიის ოქმს და ხელშეკრულების/ხელშეკრულებების ასლს/ასლებს წარუდგენს საქართველოს მთავრობას, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას ვადაგადაცილებული საგადასახადო ან/და სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის ან სასესხო დავალიანების პატიების შესახებ.“;
ზ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„9. კომისიის მიერ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში შესაბამისი დასკვნა ეგზავნება საწარმოს. დასკვნა უნდა შეიცავდეს დასაბუთებულ არგუმენტებსა და შენიშვნებს, რომელთა გამოც საწარმოს უარი ეთქვა ვადაგადაცილებული საგადასახადო ან/და სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციაზე ან სასესხო დავალიანების პატიებაზე.“.
5. მე-10 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამ კანონით დარეგულირებული საგადასახადო ან/და სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაცია, ასევე სასესხო დავალიანების პატიება ხორციელდება მხოლოდ იმ საწარმოების მიმართ, რომელთაც რესტრუქტურიზაციის/პატიების შესახებ წერილობითი განცხადებები და ამავე კანონით გათვალისწინებული დოკუმენტები საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სრულად წარუდგინეს (დარეგისტრირებულია შესაბამისი წესით) 2011 წლის 1 იანვრამდე.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2010 წლის 16 ივლისი.
№3452–რს
დოკუმენტის კომენტარები