„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“

„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 3285
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 02/07/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 38, 16/07/2010
სარეგისტრაციო კოდი 140.120.000.05.001.004.090
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
3285
02/07/2010
სსმ, 38, 16/07/2010
140.120.000.05.001.004.090
„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (08/11/2011 - 12/06/2015)

საქართველოს კანონი

„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №14, 3.06.2003, მუხ. 90) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) იარაღი – მოწყობილობა ან საგანი, რომელიც კონსტრუქციულად განკუთვნილია ცოცხალი ან სხვა ობიექტის დასაზიანებლად ან/და გასანადგურებლად, ან სიგნალის მისაწოდებლად;

ბ) ცეცხლსასროლი იარაღი – იარაღი, რომელშიც ჭურვი ან საფანტის ჭურვები მიმართულ მოძრაობას იწყებს დენთის ან სხვა მუხტის წვისას გამოყოფილი ენერგიის შედეგად და რომელიც განკუთვნილია ობიექტის მანძილიდან მექანიკურად დასაზიანებლად ან/და გასანადგურებლად;

გ) ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტები – ლულა, დოლურა, ჩამკეტი, ჩარჩო, ლულის კოლოფი;

დ) სანადირო ცეცხლსასროლი იარაღი – საბრძოლო მდგომარეობაში მოსაყვანი მექანიკური ან ნახევრად ავტომატური მექანიზმის მქონე, ნადირობისათვის განკუთვნილი ხრახნილლულიანი (კარაბინი ან შაშხანა), გლუვლულიანი (თოფი) ან კომბინირებული (ხრახნილლულიანი და გლუვლულიანი თოფი) ცეცხლსასროლი იარაღი;

ე) სპორტული მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღი – სპორტული მოკლე გლუვლულიანი ან მოკლე ხრახნილლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი (პისტოლეტი ან რევოლვერი), რომელიც განკუთვნილია სპორტული საკვალიფიკაციო ნორმატივების შესასრულებლად ან/და სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილეობის მისაღებად;

ვ) სპორტული გრძელლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი –  სპორტული გრძელლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც განკუთვნილია სპორტული საკვალიფიკაციო ნორმატივების შესასრულებლად ან/და სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილეობის მისაღებად;

ზ) საფანტის იარაღი – ლულაში ან დოლურაში ჭურვის გასროლის გამომრიცხავი სპეციალური სტაციონარული მზღუდავის მქონე მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღი (პისტოლეტი ან რევოლვერი), რომელიც ტრავმული დაზიანების საფანტის ჭურვების გასროლის შედეგად არ იწვევს სხეულში შემავალ გამჭოლ დაზიანებებს;

თ) გაზის (აირის) იარაღი – ლულაში ან დოლურაში ჭურვის ანდა საფანტის ჭურვების გასროლის გამომრიცხავი სპეციალური სტაციონარული მზღუდავის მქონე იარაღი (პისტოლეტი ან რევოლვერი), რომელიც განკუთვნილია ცრემლმდენი ან გამაღიზიანებელი ნივთიერებებით ცოცხალი ობიექტის დროებით მწყობრიდან გამოსაყვანად;

ი) პნევმატური იარაღი – იარაღი, რომელშიც ჭურვი მიმართულ მოძრაობას იწყებს შეკუმშული, დაწნეხილი ან გამყარებული აირის მოქმედებით და რომელიც განკუთვნილია ობიექტის მანძილიდან დასაზიანებლად;

კ) მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღი – პისტოლეტი ან რევოლვერი (მათ შორის, საფანტის იარაღი);

ლ) გაზის აეროზოლური მოწყობილობა – მოწყობილობა, რომელიც განკუთვნილია ცრემლმდენი ან გამაღიზიანებელი ნივთიერებებით ცოცხალი ობიექტის დროებით მწყობრიდან გამოსაყვანად და შეესაბამება სახელმწიფო სტანდარტებსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დადგენილ ნორმებს;

მ) საბრძოლო მასალა – მოწყობილობა ან საგანი, რომელიც შედგება მაინიციირებელი ფეთქებადი ნივთიერებისა და ჭურვისაგან (ჭურვებისაგან) და კონსტრუქციულად განკუთვნილია მისი იარაღიდან გასროლის შედეგად ობიექტის დასაზიანებლად ან/და გასანადგურებლად;

ნ) ელექტროშოკური მოწყობილობა – მოწყობილობა, რომელიც განკუთვნილია ელექტრონული მუხტით ცოცხალი ობიექტის დროებით დასაზიანებლად და შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ნორმებს;

ო) ცივი იარაღი – იარაღი, რომლის მოქმედებაც ხორციელდება ადამიანის ფიზიკური ძალით და რომელიც განკუთვნილია უშუალო შეხებით ობიექტის დასაზიანებლად;

პ) ცივი სასროლი იარაღი – იარაღი, რომლის მოქმედებაც ხორციელდება ადამიანის ფიზიკური ძალით ან მექანიკური მოწყობილობით და რომელიც განკუთვნილია ობიექტის მანძილიდან დასაზიანებლად;

ჟ) საკოლექციო იარაღი – იარაღი, რომელსაც აქვს სამეცნიერო, ისტორიული, მხატვრული ღირებულება და რომლის დანიშნულებაა კოლექციის შექმნა და ექსპონირება;

რ) სასიგნალო იარაღი – იარაღი ან მოწყობილობა, რომელიც განკუთვნილია შუქ-ხმოვანი და კვამლური სიგნალის მისაწოდებლად;

ს) ჯილდოდ მიღებული იარაღი – იარაღი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ წახალისების ფორმით გადაეცემა ფიზიკურ პირს სახელმწიფოს წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისათვის, აგრეთვე  სამსახურებრივი ან საბრძოლო დამსახურებისათვის ან/და სპორტული მიღწევებისათვის;

ტ) იარაღის ბრუნვა – იარაღით ვაჭრობა, იარაღის აღრიცხვა, რეგისტრაცია, დამზადება, წარმოება, შეკეთება (მოდერნიზებისა და ადგილზე მომსახურების ჩათვლით), შეძენა, შენახვა, ტარება, გამოყენება, გადატანა-გადაზიდვა, გადაგზავნა, ექსპორტი, იმპორტი, რეექსპორტი, ტრანზიტი, ამოღება, ჩამოწერა, განადგურება, საბაჟო ტერიტორიაზე გადამუშავება, საქართველოს ტერიტორიის გარეთ გადამუშავება, დროებითი შემოტანა ან/და გატანა, კოლექციონირება და ექსპონირება, საქართველოში შემოტანა და საქართველოდან გატანა, ბალისტიკური შემოწმება, ტყვია-მასროთეკის წარმოება;

უ) იარაღის დამამზადებელი – პირი, რომელსაც აქვს ამ კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ლიცენზია;

ფ) იარაღის მესაკუთრე – პირი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიჭებული აქვს იარაღის ფლობის, განკარგვისა და იარაღით სარგებლობის უფლება;

ქ) იარაღით მოსარგებლე – პირი, რომელსაც იარაღი გადაცემული აქვს დროებითი სარგებლობისათვის, სამსახურებრივ მოვალეობათა შესასრულებლად;

ღ) სამხედრო ტექნიკა – ამ კანონის მიზნებისათვის, ცეცხლსასროლი იარაღის როგორც ძირითადი, ისე არაძირითადი ელემენტების ან/და იარაღის წარმოებისათვის განკუთვნილი დანადგარები.“.

2. მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ცივ ან ცივ სასროლ იარაღს მიეკუთვნება იარაღი, თუ იგი შეესაბამება საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტების და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს მიერ დამტკიცებულ შესაბამისი სახის იარაღის ტექნიკურ მახასიათებლებს.“.

3. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:

„ე) სასიგნალო.“.

4. მე-5–მე-7 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 5. თავდაცვის იარაღი

1. თავდაცვისაა იარაღი, თუ იგი განკუთვნილია ფიზიკური პირის მიერ საკუთარი და სხვა პირის სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან/და საკუთრების დასაცავად აუცილებელი მოგერიების ფარგლებში ან უკიდურესი აუცილებლობისას.   

2. თავდაცვის იარაღის სახეებია:

ა) მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღი;  

ბ) გაზის (აირის) იარაღი;  

გ) გაზის აეროზოლური მოწყობილობა;

დ) ელექტროშოკური მოწყობილობა.

    მუხლი 6. სპორტული იარაღი

1. სპორტულია იარაღი, თუ იგი განკუთვნილია სპორტული საკვალიფიკაციო ნორმატივების შესასრულებლად ან/და სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილეობის მისაღებად.

2. სპორტული იარაღის სახეებია:

ა) სპორტული ცეცხლსასროლი იარაღი:

ა.ა) სპორტული მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღი;

ა.ბ) სპორტული გრძელლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი;

ბ) სპორტული ცივი და ცივი სასროლი იარაღი;

გ) სპორტული პნევმატური იარაღი.

    მუხლი 7. სანადირო იარაღი

1. სანადიროა იარაღი, თუ იგი განკუთვნილია სარეწაო, სამოყვარულო ან/და სამეცნიერო ნადირობისათვის.

2. სანადირო იარაღის სახეებია:

ა) სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი (თოფი);

ბ) სანადირო ხრახნილლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი (კარაბინი ან შაშხანა);

გ) სანადირო კომბინირებული ცეცხლსასროლი იარაღი (ხრახნილლულიანი და გლუვლულიანი თოფი);

დ) სანადირო ცივი და ცივი სასროლი იარაღი;

ე) სანადირო პნევმატური იარაღი.“.

5. მე-10 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სამსახურებრივი უფლებამოსილების პერიოდში ამ კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირების საკუთრებაში არსებულ რეგისტრირებულ იარაღს შესაბამისი უფლებამოსილი სამსახურის/თანამდებობის პირის გადაწყვეტილებით შეიძლება მიენიჭოს სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სტატუსი. სამსახურებრივი უფლებამოსილების გასვლის შემდეგ ასეთ იარაღს ეხსნება სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სტატუსი, ხოლო საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში იარაღის მესაკუთრე ვალდებულია განახორციელოს იარაღის ხელახალი რეგისტრაცია.“.

6. მე-12 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. აკრძალულია სამოქალაქო და სამსახურებრივ-საშტატო იარაღად გამოყენებულ იქნეს:

ა) ცეცხლსასროლი იარაღი, რომელსაც აქვს სხვა საგნის იმიტირებული ფორმა;

ბ) კასტეტი და სხვა მსგავსი დასარტყამ-დამაქუცმაცებელი (დამამსხვრეველი) საგნები;

გ) საბრძოლო მასალა, რომელსაც აქვს ჯავშანგამტანი, ცეცხლგამჩენი, აფეთქებითი ან ტრასირებული მოქმედების ძალა;

დ) იარაღი და სხვა მოწყობილობანი, რომელთა მოქმედების ძალა ემყარება ელექტროენერგიას, რადიოაქტიურ გამოსხივებას ან ბიოლოგიურ ფაქტორებს;

ე) გაზის (აირის) იარაღი, რომელიც აღჭურვილია ნერვულ-პარალიტიკური (დამბლადამცემი), მომწამვლელი ან სხვა ძლიერმოქმედი ნივთიერებებით;

ვ) პნევმატური იარაღი, რომლის ტექნიკური მახასიათებლები არ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს;

ზ) მოწყობილობა, რომელიც გამოიყენება სროლის ხმის დასახშობად;

თ) გრძელლულიანი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი;

ი)  მართლსაწინააღმდეგოდ დამზადებული ცეცხლსასროლი ან გაზის (აირის) იარაღი;

კ) იარაღი, რომელიც არ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მახასიათებლებს.“.

7. მე-13 და მე-14 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 13. იარაღის რეესტრი

1. იარაღის რეესტრი არის ამ კანონის მე-19 მუხლის მე-4 პუნქტით  განსაზღვრული იარაღის სახის, ტიპის, მოდელის, ძირითადი მახასიათებლების, იარაღის მესაკუთრის, იარაღით მოსარგებლისა და სხვა სარეგისტრაციო მონაცემების შესახებ ინფორმაცია, რომელიც რეგისტრირდება საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში.

2. იარაღის  რეესტრს აწარმოებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო.

3. იარაღის რეესტრის წარმოების წესს ამტკიცებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.

    მუხლი 14. იარაღის ბალისტიკური შემოწმება

1. იარაღის ბალისტიკური შემოწმებით დგინდება ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების არსებობისას სამოქალაქო და სამსახურებრივ-საშტატო იარაღის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მახასიათებლებთან შესაბამისობა, განისაზღვრება იარაღის სახე, ტიპი, მოდელი, ძირითადი მახასიათებლები და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა მონაცემები. ტყვია-მასროთეკაში განთავსების მიზნით იარაღიდან ხორციელდება ექსპერიმენტული გასროლა.

2. იარაღის ბალისტიკური შემოწმება უნდა ჩატარდეს:

ა) იარაღის რეგისტრაციისას ან ხელახალი რეგისტრაციისას – ამ კანონის მე-19 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ იარაღზე;

ბ) იარაღით და საბრძოლო მასალით ვაჭრობის საქართველოს  კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი ლიცენზიის მქონე პირის მიერ სარეალიზაციოდ განკუთვნილ, ამ კანონის მე-19 მუხლის მე-4  პუნქტით განსაზღვრულ სამოქალაქო იარაღზე (გარდა საქართველოს  კანონმდებლობით განსაზღვრული გამონაკლისებისა);

გ) ამ კანონის მე-17 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირების მიერ სარეალიზაციოდ განკუთვნილ სამოქალაქო თავდაცვის, სპორტულ და სანადირო ცეცხლსასროლ, აგრეთვე გაზის (აირის) იარაღზე;

დ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში.

3. იარაღის პირველადი რეგისტრაციისას ფიზიკური პირი თავისუფლდება სამოქალაქო თავდაცვის, სპორტულ და სანადირო ცეცხლსასროლ, აგრეთვე გაზის (აირის) იარაღზე ბალისტიკური შემოწმების ჩატარებისაგან, თუ მან იარაღი შეიძინა ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირებისაგან.

4. იარაღის ბალისტიკურ შემოწმებას ატარებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო.

5. იარაღის ბალისტიკური შემოწმების წესს ამტკიცებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.“.

8. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 141 მუხლი:

     „მუხლი 14 1 . იარაღის ტექნიკური მახასიათებლები

1. ამ კანონის მე-19 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული სამოქალაქო იარაღის სახისა და კონსტრუქციის ძირითად ტექნიკურ მახასიათებლებს ამტკიცებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტების და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით.

2. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტების და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს ამ კანონის მე-19 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული სამოქალაქო იარაღის დამზადებისა და გადაკეთების წესს.

3. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტების და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო ამტკიცებს სამოქალაქო ბრუნვაში დასაშვები პნევმატური იარაღისა და აეროზოლური მოწყობილობის კონსტრუქციის ძირითად ტექნიკურ მახასიათებლებს.“.

9. მე-17 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. იარაღით და საბრძოლო მასალით ვაჭრობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი ლიცენზიის მქონე პირი ვალდებულია:

ა) უზრუნველყოს შეძენილი და რეალიზებული საქონლის აღრიცხვა, ასევე სააღრიცხვო დოკუმენტაციის შენახვა;

ბ) იარაღისა და საბრძოლო მასალის რეალიზაცია განახორციელოს მხოლოდ შესაბამისი უფლების მქონე პირზე;

გ) მოახდინოს მხოლოდ იმ საქონლის რეალიზაცია, რომელიც შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს;

დ) არ განახორციელოს ამ კანონის მე-19 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული სამოქალაქო იარაღის რეალიზაცია მისი ბალისტიკური შემოწმების გარეშე, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისებისა;

ე) საკომისიო წესით ჩაიბაროს მხოლოდ ის იარაღი, რომელზედაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემულია იარაღის საკომისიო წესით ჩაბარების ცნობა;

ვ) შესაბამისი ლიცენზიის საფუძველზე სარეალიზაციოდ შემოტანილი ან საკომისიო წესით ჩაბარებული იარაღისა და საბრძოლო მასალის სრული ნუსხა (ტიპი, მარკა, მოდელი, სერია, ნომერი, კალიბრი), ასევე ინფორმაცია მყიდველის შესახებ საინფორმაციო ბაზაში განსათავსებლად წარუდგინოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესაბამის  დანაყოფებს;  

ზ) უზრუნველყოს იარაღისა და საბრძოლო მასალის შენახვის უსაფრთხოება;

თ) შემძენ ფიზიკურ პირს შეძენილი იარაღი გადასცეს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ი) დაიცვას იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებით საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა მოთხოვნები.“;

ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3  პუნქტი:

„3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ლიცენზიას არ საჭიროებს:

ა) სასამართლო აღმასრულებელი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ყადაღადადებული იარაღის იძულებით აუქციონზე რეალიზაციისას;

ბ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული იარაღის რეალიზაციისას;

გ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“ ან მისი უფლებამონაცვლე,  სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე.“.

10. მე-19 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 19. იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენის უფლება

1. იარაღისა და მისი ძირითადი ელემენტების შეძენის უფლება აქვს:

ა) პირს, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვს, განახორციელოს იარაღის დამზადება ან/და რეალიზაცია;

ბ) ამ კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ დაწესებულებებს;

გ) ორგანიზაციას, რომელიც ეწევა სარეწაო, სამოყვარულო ან/და სამეცნიერო ნადირობას, აგრეთვე შესაბამისი პროფილის სპორტულ დაწესებულებას და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილ პირებს;

დ) პირს, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახდენს იარაღის კოლექციონირებასა და ექსპონირებას;

ე) საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელიც აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.

2. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საბრძოლო მასალის შეძენის უფლება აქვს:

ა) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ პირებს;

ბ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ პირებს, მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ეს საბრძოლო მასალა განკუთვნილია მათ საკუთრებაში (მფლობელობაში) არსებული რეგისტრირებული ან აღრიცხული იარაღიდან გასროლისათვის.

3. ფიზიკური პირის მიერ ამ კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“–„გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სამოქალაქო იარაღის ან/და მისი ძირითადი ელემენტების შეძენა, აგრეთვე ამ კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“–„ჟ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული დაწესებულებების მიერ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის მოსარგებლე პირზე განპიროვნება დასაშვებია მხოლოდ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ შენახვის ან/და ტარების უფლებით გაცემული ნებართვის საფუძველზე.

4. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო სამოქალაქო და სამსახურებრივ-საშტატო იარაღზე გასცემს:

ა) იარაღის შეძენის (შენახვის უფლებით) ნებართვას:

ა.ა) თავდაცვის მოკლელულიან ცეცხლსასროლ იარაღზე;

ა.ბ) სპორტულ მოკლე ხრახნილლულიან ცეცხლსასროლ იარაღზე;

ბ) იარაღის შეძენის (შე­ნახ­ვისა და ტარების უფლებით) ნებართვას:

ბ.ა) თავდაცვის გაზის (აირის) იარაღზე;

ბ.ბ) სანადირო ცეცხლსასროლ იარაღზე;

ბ.გ) სპორტულ გრძელლულიან ცეცხლსასროლ იარაღზე;

ბ.დ) სპორტულ მოკლე გლუვლულიან ცეცხლსასროლ იარაღზე;

ბ.ე) თავდაცვის ან სპორტულ მოკლე ხრახნილლულიან ცეცხლსასროლ იარაღზე, რომლის მესაკუთრესაც საქართველოს კანონმდებლობის თანახმად სამსახურებრივი უფლებამოსილების გას­ვლის შემდეგ შეუნარჩუნდა იარაღის ტარების უფლება;

ბ.ვ) სამსახურებრივი უფლებამოსილების პერიოდში ამ კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“–„ჟ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული იარაღით მოსარგებლეების საკუთ­რებაში არსებულ იარაღზე, რომელსაც მინიჭებული აქვს სამსახურებრივი-საშტატო იარაღის სტატუსი;

გ)  იარაღის შეძენის (ტარების უფლებით) ნებართვას – ამ კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“–„ჟ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული დაწესებულებების კუთვნილი იარაღით მოსარგებლისთვის სამსახურებრივ-საშტატო სტატუსით გადაცემულ იარაღზე.

5. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით განსაზღვრული ნებართვის გაცემა დასტურდება რეგისტრაციით (ხელახალი რეგისტრაციით) და იარაღის სარეგისტრაციო მოწმობის გაცემით.

6. იარაღის სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის, აგრეთვე გაუქმებული რეგისტრაციის აღდგენის მიზნით სავალდებულოა ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული იარაღის ხელახალი რეგისტრაცია საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საფუძვლის წარმოშობიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.

7. დაუშვებელია სამოქალაქო სპორტული ან სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება კერძო დაცვით საქმიანობაში. 

8. ნებართვას/ლიცენზიას არ საჭიროებს ფიზიკური პირის მიერ  საქართველოს კანონმდებლობით სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული აეროზოლური მოწყობილობისა და პნევმატური იარაღის, აგრეთვე სასიგნალო იარაღის (მოწყობილობის) შეძენა, საქართველოში შემოტანა, საქართველოდან გატანა, ასევე გადატანა, გადაზიდვა ან გადაგზავნა.

9. მოძალადეს დამცავი ორდერის მოქმედების ან დამცავი ორდერით განსაზღვრულ პერიოდში ეკრძალება იარაღის შეძენა.“.

11. მე-20 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემის, საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სისტემის, საქართველოს დაზვერვის სამსახურისა და საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის იარაღი და საბრძოლო მასალა ინახება ამ დაწესებულებათა ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით, ხოლო საქართველოს ეროვნული ბანკის, საბანკო დაწესებულებებისა და სამოქალაქო ავიაციის საავიაციო უშიშროების სტრუქტურული ქვედანაყოფების საკუთრებაში არსებული იარაღისა და საბრძოლო მასალის შენახვის წესი დგინდება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.“;

ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო და საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო, აგრეთვე აღნიშნულ სამინისტროებში შემავალი საქვეუწყებო დაწესებულებები და საჯარო სამართლის იურიდიული პირები ვალდებული არიან უზრუნველყონ კუთვნილი სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ტყვია-მასრების საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოსათვის ტყვია-მასროთეკაში განსათავსებლად გადაგზავნა. ტყვია-მასროთეკის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში გადაგზავნის წესი დგინდება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.“. 

12. 21-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ მუხლით გათვალისწინებულ ნებართვას არ საჭიროებს:

ა) რეგისტრირებული იარაღის მესაკუთრე ფიზიკური პირი – გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის 300 ვაზნამდე, ხრახნილლულიანი ცეცხლსასროლი იარაღისა და გაზის (აირის) იარაღის 50 ვაზნამდე ან ერთ კილოგრამამდე დენთის გადატანა-გადაზიდვის დროს;

ბ) ამ კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირები – კუთვნილი სამსახურებრივ-საშტატო იარაღის, ხოლო ამ კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირები – კუთვნილი სამხედრო-საბრძოლო იარაღის გადატანა-გადაზიდვისა და გადაგზავნის დროს;

გ) სისხლის სამართლის საქმის მწარმოებელი ორგანოს თანამშრომელი – სისხლის სამართლის საქმეზე ამოღებული, ჩამორთმეული ან/და ნივთიერ მტკიცებულებად ცნობილი იარაღისა და საბრძოლო მასალის გადატანა-გადაზიდვისა და გადაგზავნის დროს;

დ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს თანამშრომელი – იარაღის რეგისტრაციისათვის (ხელახალი რეგისტრაციისათვის) ან ჩამოწერისათვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პროცედურების განხორციელებისას იარაღისა და საბრძოლო მასალის  გადატანა-გადაზიდვისა და გადაგზავნის დროს;

ე) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს თანამშრომელი – სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული იარაღისა და საბრძოლო მასალის განკარგვასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელებისას იარაღისა და საბრძოლო მასალის გადატანა-გადაზიდვისა და გადაგზავნის დროს;

ვ) აღსრულების პოლიციის თანამშრომელი – იძულებითი აღსრულების მიზნით ყადაღადადებული იარაღისა და საბრძოლო მასალის გადატანა-გადაზიდვისა და გადაგზავნის დროს;

ზ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირები – საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით განსაზღვრულ შემთხვევებში ჩამორთმეული ან კონფისკებული იარაღისა და საბრძოლო მასალის გადატანა-გადაზიდვისა და გადაგზავნის დროს.“.

13. 22-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

„6. ამ მუხლით გათვალისწინებულ ნებართვას/ლიცენზიას არ საჭიროებს საქართველოს კანონმდებლობით სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული აეროზოლური მოწყობილობა და პნევმატური იარაღი, აგრეთვე სასიგნალო იარაღი (მოწყობილობა).“.

14. 24-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 24. იარაღის საქართველოში შემოტანა და საქართველოდან გატანა

1. საქართველოს მოქალაქის მიერ ამ კანონის მე-19  მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული სამოქალაქო იარაღის, იარაღის ძირითადი ელემენტების ან/და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანა ან საქართველოდან გატანა (გარდა ტრანზიტისა და რეექსპორტისა) ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული შესაბამისი ნებართვის საფუძველზე.

2. შესაბამისი პროფილის სპორტული დაწესებულების მიერ საზღვარგარეთ სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობისათვის სპორტული ან სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის დროებით საქართველოდან გატანა და საქართველოში შემოტანა ხორციელდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული შესაბამისი ნებართვის საფუძველზე.

3. უცხო ქვეყნის და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელთა, აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის აქტით განსაზღვრული რეესტრით გათვალისწინებულ სხვა მნიშვნელოვან პირთა ვიზიტის დროს მათ თანმხლებ პირთა მიერ იარაღისა და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანა და საქართველოდან გატანა ხორციელდება საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ნებართვით, რის შესახებაც ეცნობება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს.

4. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ნებართვა გაიცემა ერთდროულად არა უმეტეს 5 ერთეული სამოქალაქო იარაღის ან იარაღის ძირითადი ელემენტის საქართველოში შემოტანის ან საქართველოდან გატანის ან/და ერთდროულად არა უმეტეს 1000 ერთეული საბრძოლო მასალის (ვაზნის) საქართველოში შემოტანის ან საქართველოდან გატანის შემთხვევაში.

5. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში  სამოქალაქო იარაღის, აგრეთვე მისი ძირითადი ელემენტების  საქართველოში შემოტანისას სავალდებულოა მათი რეგისტრაცია შემოტანიდან ა რა უგვიანეს 10 სამუშაო დღისა. რეგისტრაციას ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო.“.

15. 25-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამოქალაქო იარაღის გამოყენება დაიშვება მხოლოდ მისი დანიშნულებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აგრეთვე საკუთარი და სხვა პირის სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან/და საკუთრების დასაცავად აუცილებელი მოგერიების ფარგლებში ან უკიდურესი აუცილებლობისას.“.

16. 26-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. უცხო ქვეყნის მოქალაქეს უფლება აქვს, საქართველოში შეიძინოს იარაღი ან/და საქართველოში შეძენილი იარაღი საქართველოდან გაიტანოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ შესაბამისი სახელმწიფოს შუამდგომლობის საფუძველზე გაცემული ნებართვით. საქართველოში იარაღის შეძენის წესი დგინდება საქართველოს კანონმდებლობით.“;

ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11  პუნქტი:

„11 . უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ ჯილდოდ მიღებული ცეცხლსასროლი იარაღის საქართველოდან გატანა ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის მიერ დადგენილი წესით.“;

გ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. უცხო ქვეყნის მოქალაქეს უფლება აქვს, საქართველოში შემოიტანოს სანადირო ან სპორტული ცეცხლსასროლი იარაღი, აგრეთვე აღნიშნული იარაღისათვის განკუთვნილი საბრძოლო მასალა (მაგრამ არა უმეტეს 500 ერთეული ვაზნისა), თუ არსებობს შესაბამისი კონტრაქტი (ხელშეკრულება) ნადირობაზე ან სპორტულ ღონისძიებაზე მოწვევა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ნებართვა, ხოლო ექსპონირებაზე – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ნებართვა. შემოტანილი იარაღი საქართველოდან გატანილი უნდა იქნეს იმ ვადებში, რომლებიც გათვალისწინებულია შესაბამისად კონტრაქტით (ხელშეკრულებით) ან მოწვევით.“.

17. 27-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21  და 22  პუნქტები:

„21 . საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებულ ნებართვას გასცემს ნებართვის მაძიებლის ჯანმრთელობის მდგომარეობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის, აგრეთვე ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გარემოებების არარსებობის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენის გარეშე, თუ:

ა) ნებართვის მაძიებელს საკუთრების ან სარგებლობის უფლებით რეგისტრირებული აქვს სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან გაზის (აირის) იარაღი;

ბ) ნებართვის მაძიებელს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიჭებული აქვს მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

22 . ამ მუხლის 21  პუნქტით დადგენილი წესი არ გამოიყენება, თუ:

ა) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ ვიზუალური დაკვირვების შედეგად გამოვლინდა  ნებართვის მაძიებლის აშკარა ფიზიკური ნაკლი, რომელიც შეუძლებელს ხდის მის მიერ ნებართვის მიღებას;

ბ) ნებართვის მაძიებელი უფლების რეალიზებას ახორციელებს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლების აღდგენის შემდეგ;

გ) არსებობს საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით განსაზღვრული სხვა გარემოებები.“.

18. 31-ე მუხლის:

ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:

„გ) უფლებამოსილი პირის ნებართვის გარეშე შეიძინოს მის სახელზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი ან გაზის (აირის) იარაღიდან გასროლისათვის განკუთვნილი საბრძოლო მასალა.“;

ბ) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტები:

„ზ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საფუძვლის წარმოშობიდან 10 სამუშაო დღის ვადაში განახორციელოს იარაღის ხელახალი რეგისტრაცია;

თ) დაიცვას იარაღის შენახვის, გამოყენების, გადატანა-გადაზიდვის და გადაგზავნის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები.“.

19. 35-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.

    მუხლი 2

1. საქართველოს პრეზიდენტმა ამ კანონის ამოქმედებიდან 2 თვის ვადაში უზრუნველყოს ამავე კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ბრძანებულების გამოცემა.

2. ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში:

ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაამტკიცოს:

ა.ა) (ამოღებულია – 08.11.2011, №5201).

ა.ბ) იარაღის ბალისტიკური შემოწმების წესი;

ბ) საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – საქართველოს სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტების და მეტროლოგიის ეროვნულმა სააგენტომ დაამტკიცოს:

ბ.ა) ცივი და ცივი სასროლი იარაღის ტექნიკური მახასიათებლები;

ბ.ბ) ამ კანონის მე-19 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული სამოქალაქო იარაღის სახე და კონსტრუქციის ძირითადი ტექნიკური მახასიათებლები;

ბ.გ) ამ კანონის მე-19 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული სამოქალაქო იარაღის დამზადებისა და გადაკეთების წესი;

ბ.დ) სამოქალაქო ბრუნვაში დასაშვები პნევმატური იარაღისა და აეროზოლური მოწყობილობის ძირითადი ტექნიკური მახასიათებლები. 

2 1 . საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2012 წლის 31 დეკემბრამდე უზრუნველყოს იარაღის რეესტრის წარმოების წესის დამტკიცება.

3. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ და საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრომ, აგრეთვე აღნიშნულ სამინისტროებში შემავალმა საქვეუწყებო დაწესებულებებმა და საჯარო სამართლის იურიდიულმა პირებმა 2010 წლის 31 დეკემბრამდე უზრუნველყონ ამ კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ვალდებულების შესრულებისთვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

საქართველოს 2011 წლის 8 ნოემბრის კანონი №5201 - ვებგვერდი, 14.11.2011წ.

    მუხლი 3

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-11 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-11 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2010 წლის 2 ივლისი.

№3285–რს

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს 2011 წლის 8 ნოემბრის კანონი №5201 - ვებგვერდი, 14.11.2011წ.

ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.