ტყის ფონდის მართვის შესახებ

ტყის ფონდის მართვის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 3345
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 06/07/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 39, 19/07/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2021
სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.05.001.004.097
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
3345
06/07/2010
სსმ, 39, 19/07/2010
040.030.000.05.001.004.097
ტყის ფონდის მართვის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (28/10/2010 - 17/12/2010)

საქართველოს კანონი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სატყეო სააგენტოს შესახებ

თავი I. ზოგადი დებულებები

    მუხლი 1. კანონის მიზანი

ამ კანონის მიზანია საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სატყეო სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) შექმნა და მისი ფუნქციონირების ძირითადი პრინციპების, სააგენტოს ორგანიზაციულ-სამართლებრივი მოწყობის, უფლებამოსილებების, საქმიანობის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა.

    მუხლი 2. სააგენტოს საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები

სააგენტოს საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კანონი, სხვა ნორმატიული აქტები და სააგენტოს დებულება.

    მუხლი 3. კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ტყის ფონდი – სახელმწიფო ტყის ფონდი, გარდა სახელმწიფო ტყის ფონდის დაცული ტერიტორიებისა, ადგილობრივი მნიშვნელობის ტყისა და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიებზე არსებული ტყის ფონდებისა;

ბ) ტყის ფონდის მონიტორინგი – ტყის ფონდის შეფასების, მისი მდგომარეობის დინამიკაზე უწყვეტი დაკვირვების, ანალიზისა და პროგნოზირების სისტემა;

გ) სატყეო პლანტაციური მეურნეობა – გრძელვადიანი ტყითსარგებლობა, რომელიც გულისხმობს ტყის ფონდის ტერიტორიაზე მცენარეთა გაშენებას მერქნის ან მათი პროდუქტების მოპოვების მიზნით. სატყეო პლანტაციური მეურნეობის წარმოებისათვის ფართობები შეირჩევა ტყის ფონდის დაბალი სიხშირის კორომებში და ტყით დაუფარავ ფართობებში. სატყეო პლანტაციური მეურნეობის წარმოების შესაძლო მიზნებია:

გ.ა) ტყის მცენარეული პროდუქტების წარმოების გზით მოგების მიღება;

გ.ბ) გარემოს ეკოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნება და გაუმჯობესება;

დ) სასოფლო-სამეურნეო მიზნით ტყითსარგებლობა – ტყის ფონდის გამოყენება სათიბად, საძოვრად, სახნავად, პირუტყვის დროებითი სადგომებისა და სხვათა მოსაწყობად, მემცენარეობისა და მეცხოველეობის პროდუქტების საწარმოებლად, სატყეო პლანტაციური მეურნეობის, თევზის მეურნეობის მოსაწყობად;

ე) ტყის მოვლა – სატყეო სამეურნეო ღონისძიებათა სისტემა, რომლის მიზანია ტყის მდგრადი და მაღალპროდუქტიული კორომების ჩამოყალიბება, ტყის ბუნებრივი სასარგებლო თვისებებისა და სანიტარიული მდგომარეობის გაუმჯობესება, ტყის ფონდის დაცვა ხანძრებისაგან, ენტომომავნებლებისა და ფიტოდაავა-დებებისაგან;

ვ) ტყის აღდგენა – სატყეო სამეურნეო ღონისძიებათა მრავალწლიანი ციკლი, რომლის მიზანია ტყით დაუფარავ ფართობებზე, დაბალი სიხშირისა და დეგრადირებულ კორომებში ბუნებრივი განახლების ხელშეწყობა, ტყის გაშენება და გაშენებული ნარგაობის მრავალწლიანი მოვლა;

ზ) ტყის რესურსი – ტყის ფონდში არსებული მიწის ნაყოფიერი ფენა, მერქნიანი და არამერქნიანი მცენარეების პროდუქტები, არამერქნული რესურსი, ხის მეორეხარისხოვანი მასალები, გარდა სოჭის გირჩისა, თეთრყვავილას ბოლქვებისა და ყოჩივარდას გორგლებისა;

თ) ხე-ტყე – ტყის ფონდის ტერიტორიაზე არსებული მერქნული რესურსი;

ი) მომსახურების საფასური – ხე-ტყის დამზადების ბილეთისა და ტყის რესურსით სარგებლობის ბილეთის გაცემისათვის, სალიცენზიო ობიექტის მომზადებისა და ტყის ფონდის სარგებლობის უფლებით გაცემის შესახებ დოკუმენტაციის მომზადებისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი, სააგენტოსთვის სავალდებულოდ გადასახდელი თანხა;

კ) ტყითსარგებლობის ხელშეკრულება – საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალის-წინებული ადმინისტრაციული ხელშეკრულება;

ლ) ნადირობას დაქვემდებარებული ცხოველთა სამყაროს ობიექტის (გარდა გადამფრენი ფრინველისა) მოპოვების შესახებ დოკუმენტი – დოკუმენტი, რომლის საფუძველზედაც პირს უფლება აქვს, მოიპოვოს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ბრძანებით განსაზღვრული სახეობისა და რაოდენობის ცხოველთა სამყაროს ობიექტი გარკვეულ ტერიტორიაზე, დადგენილ დროში, დაწესებული საშუალების გამოყენებით.

 

თავი II. ძირითადი დებულებები

    მუხლი 4. სააგენტოს სამართლებრივი სტატუსი

სააგენტო არის ამ კანონით შექმნილი, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

    მუხლი 5. სააგენტოს ძირითადი მიზნები და ამოცანები

1. სააგენტოს ძირითადი მიზნებია:

ა) ტყის მოვლა და აღდგენა;

ბ) ტყის ფონდის ტერიტორიაზე ბიოლოგიური მრავალფეროვნების კომპონენტების მდგრადი გამოყენება.

2. სააგენტოს ძირითადი ამოცანებია:

ა) ტყის ფონდის საზღვრების დადგენა-დაზუსტებისათვის ხელის შეწყობა;

ბ) ტყის ფონდის მართვა;

გ) ტყითსარგებლობის რეგულირება;

დ) ტყის მოვლისა და აღდგენის ღონისძიებების განხორციელება;

ე) ტყის ფონდის ტერიტორიის კონტროლი.

    მუხლი 6. სააგენტოს უფლებამოსილებები

სააგენტოს უფლებამოსილებებია:

ა) ტყის ფონდის საზღვრების დადგენა-დაზუსტების მიზნით შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება და საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთვის (შემდგომში – სამინისტრო) წარდგენა;

ბ) ტყის ფონდის მონიტორინგი და მონიტორინგის შედეგად მიღებულ მონაცემთა ბაზის შექმნა;

გ) ტყის მოვლა – აღდგენა და ამ მიზნით მოვლითი ჭრების განხორციელება;

დ) ტყის ფონდის ტერიტორიაზე სტიქიური მოვლენების დროს საგანგებო ღონისძიებების განხორციელებაში მონაწილეობა;

ე) ხანძარსაწინააღმდეგო წესების დაცვა, ხოლო ხანძრის საფრთხის შემთხვევაში – მის სალიკვიდაციოდ შესაბამისი ზომების მიღება და საფრთხის შესახებ ინფორმაციის დაუყოვნებლივ მიწოდება სათანადო ორგანოებისთვის;

ვ) ხე-ტყის დამზადების ბილეთის გაცემა;

ზ) ტყის რესურსით სარგებლობის ბილეთის გაცემა;

თ) სალიცენზიო ობიექტის მომზადება;

ი) ტყის ფონდის სარგებლობის უფლებით გაცემა და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;

კ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმის შედგენა, ტყის დაცვა უკანონო ჭრებისაგან;

ლ) ნადირობას დაქვემდებარებული ცხოველთა სამყაროს ობიექტის (გარდა გადამფრენი ფრინველისა) მოპოვების შესახებ დოკუმენტის გაცემა;

მ) სააგენტოს დებულებისა და სააგენტოს მიზნების შესაბამისად სხვა მომსახურების გაწევა.

ნ) საშეშე ხე-ტყის დამზადება;

ო) ფიზიკური და იურიდიული პირების საშეშე მერქნით უზრუნველყოფა საქართველოს მთავრობის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული მიზნით და ოდენობით.

საქართველოს  2010 წლის 28 ოქტომბრის კანონი №3789-სსმI,№61,04.11.2010წ.,მუხ.378

    მუხლი 7. სააგენტოს თავმჯდომარე

1. სააგენტოს ხელმძღვანელობს სააგენტოს თავმჯდომარე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

2. სააგენტოს თავმჯდომარე:

ა) წარმოადგენს სააგენტოს;

ბ) იღებს გადაწყვეტილებას (გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტს – ბრძანებას) სააგენტოს კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხზე;

გ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს თანამშრომლებს;

დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განკარგავს სააგენტოს სახსრებსა და ქონებას;

ე) ახორციელებს სააგენტოს დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

3. სააგენტოს თავმჯდომარეს ჰყავს მოადგილეები, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს თავმჯდომარე.

4. სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილეების რაოდენობა და მათი უფლებამოსილებები განისაზღვრება სააგენტოს დებულებით.

    მუხლი 8. სააგენტოს სტრუქტურა

1. სააგენტო თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს სააგენტოს ცენტრალური აპარატის მეშვეობით.

2. სააგენტოს სტრუქტურა და სააგენტოს ცენტრალური აპარატის კომპეტენცია განისაზღვრება სააგენტოს დებულებით.

    მუხლი 9. სააგენტოს ქონება

1. სააგენტოს თავისი მიზნების განსახორციელებლად და ფუნქციების შესასრულებლად აქვს ქონება, რომლის შექმნის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

2. სააგენტოს ქონება შედგება ძირითადი საბრუნავი საშუალებებისაგან, აგრეთვე სხვა მატერიალური ფასეულობებისა და ფინანსური რესურსებისაგან, რომლებიც აისახება სააგენტოს დამოუკიდებელ ბალანსზე.

    მუხლი 10. სააგენტოს დაფინანსება

1. სააგენტოს დაფინანსების წყაროებია:

ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;

ბ) მიზნობრივი გრანტები;

გ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული (შესასრულებელი) სამუშაოდან მიღებული შემოსავალი;

დ) ამ კანონით გათვალისწინებული მომსახურების საფასური და ტყითსარგებლობის წლიური საფასური (აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო ფასი);

ე) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სახსრები და შემოსავლები სრულად ხმარდება სააგენტოს მიზნების განხორციელებას და ფუნქციების შესრულებას.

    მუხლი 11. სააგენტოს სახელმწიფო კონტროლი

სააგენტოს სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სამინისტრო.

 

თავი III. ტყის ფონდით სარგებლობის რეგულირება

    მუხლი 12. ხე-ტყის დამზადების ბილეთი

ხე-ტყის დამზადების ბილეთი გაიცემა სამასალე და საშეშე მერქნის ტყის ფონდის ტერიტორიაზე დამზადებისათვის.

    მუხლი 13. სალიცენზიო ობიექტის მომზადება

სალიცენზიო ობიექტის მომზადება მოიცავს ფართობის აღწერას, ხე-ტყის დამზადების ადგილის, მერქნიანი მცენარეების სახეობების, დასამზადებელი ხე-ტყის სავარაუდო მოცულობის დადგენას, სარგებლობის კონკრეტულ წესს, საქმიანობის სუბიექტისადმი სავალდებულო მოთხოვნებს, ასევე სამონადირეო მეურნეობის მოწყობისა და ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის რაოდენობრივ, თვისებრივ და დროში განსაზღვრულ წესებს, სალიცენზიო ობიექტის საჯარო რეესტრში რეგისტრაციისათვის შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებას.

    მუხლი 14. ტყითსარგებლობის სახეები

1. ტყითმოსარგებლე უფლებამოსილია განახორციელოს:

ა) ხე-ტყის დამზადება;

ბ) ტყის რესურსებით სარგებლობა;

გ) სასოფლო-სამეურნეო მიზნით ტყითსარგებლობა;

დ) არასასოფლო-სამეურნეო მიზნით სარგებლობა;

ე) ნადირობა;

ვ) სამონადირეო მეურნეობის მოწყობა;

ზ) ცხოველთა თავშესაფრებისა და სანაშენეების მოწყობა;

თ) საქართველოს მთავრობის მიერ საქართველოს ტყის კოდექსის შესაბამისად დადგენილებით დამტკიცებული „ტყითსარგებლობის წესით“ (შემდგომში – „ტყითსარგებლობის წესი“) განსაზღვრული სხვა საქმიანობა.

2. დასაშვებია ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საქმიანობების ერთდროულად განხორციელება.

3. ტყის ფონდის ტერიტორიაზე გაცემული ლიცენზიებით განსაზღვრულ ტერიტორიებზე სააგენტოს გადაწყვეტილებით შესაძლებელია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ტყითსარგებლობის უფლების მინიჭება.

4. დაუშვებელია ტყის ფონდის ტერიტორიის ერთსა და იმავე ადგილზე ერთი და იმავე შინაარსის ან/და ისეთი ტყითსარგებლობის უფლების მინიჭება, რომელიც არსობრივად ხელს უშლის ლიცენზიით განსაზღვრული ტყითსარგებლობის უფლების განხორციელებას.

5. სარგებლობის უფლებით გასაცემი ობიექტის მომზადება მოიცავს ფართობის აღწერას, სარგებლობის კონკრეტული წესის, საქმიანობის სუბიექტისადმი სავალდებულო მოთხოვნების დადგენას, სარგებლობის უფლებით გასაცემი ობიექტის საჯარო რეესტრში რეგისტრაციისათვის შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებას.

    მუხლი 15. ტყითმოსარგებლის ვალდებულებები

ტყითმოსარგებლე ვალდებულია:

ა) განახორციელოს მხოლოდ ლიცენზიით, ტყითსარგებლობის ხელშეკრულებით, ხე-ტყის დამზადებისა და ტყის რესურსით სარგებლობის ბილეთებით განსაზღვრული საქმიანობა მათში მითითებულ ადგილებზე, ვადებში და მითითებული მოცულობით;

ბ) თავისი საქმიანობით ხელი არ შეუშალოს ტყის მოვლისა და აღდგენის ღონისძიებების განხორციელებას;

გ) დაიცვას ხანძარსაწინააღმდეგო წესები, ხოლო ხანძრის საფრთხის შემთხვევაში მიიღოს შესაბამისი ზომები მის სალიკვიდაციოდ და საფრთხის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს სათანადო ორგანოებს;

დ) სამუშაოები აწარმოოს ისეთი ფორმებით, მეთოდებითა და საშუალებებით, რომლებიც არ გამოიწვევს ნიადაგის ეროზიას, შეზღუდავს ან გამორიცხავს ტყითსარგებლობის უარყოფით გავლენას გარემოზე, ტყის მდგომარეობასა და აღდგენაზე;

ე) გაუფრთხილდეს ტყეს, დაიცვას მისი რესურსები და ბუნებრივი თვისებები;

ვ) დაიცვას ტყითსარგებლობის უსაფრთხოების წესები;

ზ) შესაძლებლობის ფარგლებში აღკვეთოს უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტები და მათ შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს შესაბამის ორგანოებს;

თ) ხელი არ შეუშალოს მოსახლეობის ტყეში ყოფნას და სხვა პირებს, რომლებსაც კანონით დადგენილი წესით აქვთ მინიჭებული ტყითსარგებლობის უფლება;

ი) გადაიხადოს კანონით გათვალისწინებული ქონებისა და სხვა გადასახადები;

კ) სარგებლობის უფლებით გადაცემული ტყის ფონდი დაიცვას უკანონო სარგებლობისაგან.

 

თავი IV. მომსახურების საფასური

    მუხლი 16. მომსახურების საფასურის სახეები

1. მომსახურების საფასური დგინდება:

ა) ხე-ტყის დამზადების ბილეთის გაცემისათვის:

ა.ა) ერთი კუბური მეტრი საშეშე მერქნის მოპოვებისათვის;

ა.ბ) ერთი კუბური მეტრი სამასალე მერქნის მოპოვებისათვის;

ბ) სალიცენზიო ობიექტის მომზადებისათვის;

გ) სარგებლობის უფლებით გასაცემი ობიექტის შესახებ დოკუმენტაციის მომზადებისათვის;

დ) ნადირობას დაქვემდებარებული ცხოველთა სამყაროს ობიექტის (გარდა გადამფრენი ფრინველისა) მოპოვების დოკუმენტის გაცემისათვის;

ე) ტყის რესურსით სარგებლობის ბილეთის გაცემისათვის.

2. სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სხვა სახეები განისაზღვრება „ტყითსარგებლობის წესით“.

3. სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის საფასური განისაზღვრება „ტყითსარგებლობის წესით“.

4. ამ მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტების გაცემის წესი და ფორმა მტკიცდება „ტყითსარგებლობის წესით“.

    მუხლი 17. ტყის ფონდის სარგებლობის უფლებით გაცემის წესი

1. ტყის ფონდი სარგებლობის უფლებით გაიცემა აუქციონის ჩატარების გზით.

2. ამ კანონით გათვალისწინებულ ტყის ფონდით სარგებლობის უფლებას ანიჭებს სააგენტო. ეს უფლება სააგენტომ შეიძლება მიანიჭოს თავის ტერიტორიულ ორგანოებს.

3. ტყის ფონდი სარგებლობის უფლებით გაიცემა არა უმეტეს 49 წლის ვადით.

    მუხლი 18. აუქციონის წლიური საწყისი ფასი

აუქციონის წლიური საწყისი ფასი საქმიანობის სახეობის მიხედვით დგინდება „ტყითსარგებლობის წესით“.

 

თავი V. ფიზიკური იძულების, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის, სპეციალური საშუალებების გამოყენების უფლება

    მუხლი 19. ფიზიკური იძულების გამოყენების უფლება

1. სააგენტოს თანამშრომელს უფლება აქვს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოიყენოს ფიზიკური იძულება, სამსახურებრივ-საშტატო იარაღი, სპეციალური საშუალებები, რის შესახებაც მან წინასწარ უნდა გააფრთხილოს პირი, მისცეს საკმარისი დრო მისი კანონიერი მოთხოვნის შესასრულებლად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დაყოვნებამ შეიძლება გამოიწვიოს მოქალაქეთა და სააგენტოს თანამშრომლის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხელყოფა, სხვა მძიმე შედეგი ან როდესაც შექმნილ სიტუაციაში შეუძლებელი იყო პირის გაფრთხილება.

2. ფიზიკური იძულების ინტენსივობა, სპეციალური საშუალებების სახეობები განისაზღვრება კონკრეტული სიტუაციის, სამართალდარღვევის ხასიათისა და თავისებურებების გათვალისწინებით.

3. სააგენტოს თანამშრომელი ვალდებულია: პირველადი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინოს ფიზიკური იძულების ან სპეციალური საშუალების გამოყენების შედეგად დაზარალებულ პირს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში დახმარებისათვის მიმართოს ექიმს; ფიზიკური იძულების ან სპეციალური საშუალების გამოყენების შედეგად პირის დაჭრის ან დაზიანების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს თავის უშუალო უფროსს და პროკურორს.

4. აკრძალულია ფიზიკური იძულების ან სპეციალური საშუალებების გამოყენება წინასწარი შეცნობით ორსულობის, მცირეწლოვნობის, ინვალიდობის, ხანდაზმულობის აშკარა ნიშნების მქონე პირთა მიმართ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ისინი შეიარაღებულნი ან ჯგუფურად ესხმიან თავს, შეიარაღებულ წინააღმდეგობას უწევენ სააგენტოს თანამშრომელს, რაც საფრთხეს უქმნის მოქალაქეთა და სააგენტოს თანამშრომლის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, თუ ასეთი თავდასხმის სხვაგვარი ხერხებითა და საშუალებებით მოგერიება შეუძლებელია.

    მუხლი 20. სამსახურებრივ-საშტატო იარაღის გამოყენების უფლება

1. სააგენტოს თანამშრომელს უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეინახოს, ატაროს და გამოიყენოს სამსახურებრივ-საშტატო იარაღი.

2. სამსახურებრივ-საშტატო იარაღის გამოყენებად ითვლება გამიზნული გასროლა.

3. სააგენტოს თანამშრომელს უფლება აქვს, აუცილებელი მოგერიების ან უკიდურესი ღონისძიების სახით გამოიყენოს სამსახურებრივ-საშტატო იარაღი:

ა) მოქალაქის ან/და თავის ისეთი საფრთხისაგან დასაცავად, რომელიც რეალურ საშიშროებას უქმნის მის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას;

ბ) ცეცხლსასროლი იარაღის წართმევის აღსაკვეთად;

გ) განგაშის სიგნალის მისაცემად ან დამხმარე ძალის გამოსაძახებლად.

4. სამსახურებრივ-საშტატო იარაღის გამოყენებას წინ უნდა უძღოდეს სიტყვიერი გაფრთხილება მისი გამოყენების შესახებ; აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება გამაფრთხილებელი გასროლა.

5. გაფრთხილების გარეშე სამსახურებრივ-საშტატო იარაღი გამოიყენება მხოლოდ შეიარაღებული, ნებისმიერი სახის სატრანსპორტო ან მექანიკური საშუალებით მოულოდნელი თავდასხმისას.

6. აკრძალულია სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ისეთ ადგილებში გამოყენება, სადაც შესაძლებელია სხვა პირთა დაშავება, აგრეთვე ცეცხლსაშიშ, აფეთქებასაშიშ ადგილებში, ასევე წინასწარი შეცნობით ორსულთა, მცირეწლოვანთა, ინვალიდთა მიმართ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ისინი შეიარაღებულნი ან ჯგუფურად ესხმიან თავს, შეიარაღებულ წინააღმდეგობას უწევენ სააგენტოს თანამშრომელს, რაც საფრთხეს უქმნის მოქალაქეთა და სააგენტოს თანამშრომელს სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, თუ ასეთი თავდასხმის სხვაგვარი ხერხებითა და საშუალებებით მოგერიება შეუძლებელია.

7. სააგენტოს თანამშრომელი ვალდებულია სამსახურებრივ-საშტატო იარაღის გამოყენების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს საქართველოს პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ორგანოებს, აგრეთვე თავის უშუალო უფროსს.

8. სააგენტოს შეიარაღებაში არსებული სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის ნუსხას ამტკიცებს მინისტრი.

    მუხლი 21. სპეციალური საშუალებების გამოყენების უფლება

1. სააგენტოს თანამშრომელს უფლება აქვს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოიყენოს შემდეგი სპეციალური საშუალებები: ხელბორკილი და შებორკვის სხვა საშუალება, რეზინის ხელკეტი:

ა) ხელბორკილი და შებორკვის სხვა საშუალება – სამართალდარღვევის ჩამდენი იმ პირის მიმართ, რომელიც უძალიანდება ან შეიძლება გაუძალიანდეს სააგენტოს თანამშრომელს ან ცდილობს გაქცევას, ან იმ პირის მიმართ, რომლის მიმართაც გამოიყენება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იძულებითი ღონისძიებები;

ბ) რეზინის ხელკეტი – სააგენტოს თანამშრომელზე თავდასხმის მოსაგერიებლად, სამართალდარღვევის ჩამდენი პირის დაკავებისას, თუ იგი განზრახ არ ემორჩილება სააგენტოს თანამშრომლის კანონიერ მოთხოვნას.

2. სააგენტოს მფლობელობაში არსებული ავტომანქანები აღჭურვილია სპეციალური სიგნალებით.

    მუხლი 22. სააგენტოს თანამშრომელი

1. სააგენტოს თანამშრომელს არანორმირებული სამუშაო რეჟიმის პირობებში მუშაობისას დაუწესდება სამსახურში გამოცხადების სხვა რეჟიმი, რომლის წესსა და პირობებს განსაზღვრავს სააგენტოს თავმჯდომარე.

2. სააგენტოს თანამშრომელს აქვს სპეციალური ტანსაცმელი (უნიფორმა) განმასხვავებელი ნიშნებით, სამსახურებრივი პირადობის მოწმობა და ლუქი, რომელთა ნიმუშებსაც ამტკიცებს მინისტრი.

3. სააგენტოს თანამშრომელი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას იყენებს სატრანსპორტო საშუალებებს, რომლებსაც აქვთ შესაბამისი საიდენტიფიკაციო ნიშნები (მათ შორის, სააგენტოს ლოგო).

 

თავი VI. გარდამავალი და დასკვნითი დებულებები

    მუხლი 23. გარდამავალი დებულებები

1. ეს კანონი ვრცელდება:

ა) ამ კანონის ამოქმედებამდე გაცემული ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიისა და სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიის მფლობელებზე;

ბ) იმ პირზე, რომელიც საქმიანობას ახორციელებს ტყის ფონდის ტერიტორიაზე.

2. ის პირი, რომელსაც ამ კანონის ამოქმედებამდე ტყის ფონდის ტერიტორიაზე განთავსებული აქვს კავშირგაბმულობის საკომუნიკაციო ნაგებობა, ვალდებულია ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში დადოს ტყითსარგებლობის ხელშეკრულება სააგენტოსთან და გადაიხადოს შესაბამისი საფასური.

3. ის პირი, რომელსაც ამ კანონის ამოქმედებამდე სარგებლობაში აქვს მიწის ნაკვეთი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ტყის ფონდის ტერიტორიაზე და რომლის ეს უფლება რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში, ვალდებულია ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში დადოს ხელშეკრულება სააგენტოსთან და ხელშეკრულებით განსაზღვრული სარგებლობის თანხა ჩარიცხოს სააგენტოს ანგარიშზე.

4. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ამ კანონის ამოქმედებიდან 2 თვის ვადაში:

ა) დაამტკიცოს სააგენტოს დებულება და თანამდებობაზე დანიშნოს სააგენტოს თავმჯდომარე;

ბ) უზრუნველყოს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სატყეო დეპარტამენტის რეორგანიზაციასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება.

5. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ სააგენტოს თავმჯდომარის დანიშვნიდან 1 თვის ვადაში უზრუნველყოს სააგენტოს ფუნქციონირებისათვის აუცილებელი ქონების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სააგენტოსთვის გადაცემა.

6. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სატყეო დეპარტამენტი რეორგანიზებულ იქნეს და მის ბაზაზე ჩამოყალიბდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სატყეო სააგენტო.

7. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სატყეო სააგენტო ჩაითვალოს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სატყეო დეპარტამენტის უფლებამონაცვლედ, გარდა ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისისა.

8. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სატყეო დეპარტამენტის უფლებამონაცვლედ ფინანსური ვალდებულებების ნაწილში ჩაითვალოს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო.

    მუხლი 24. კანონის ამოქმედება

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ა“–„დ“ ქვეპუნქტებისა, ამოქმედდეს 2010 წლის 1 აგვისტოდან.

2. ამ კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ა“–„დ“ ქვეპუნქტები ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი  მ. სააკაშვილი

თბილისი,

2010 წლის 6 ივლისი.    

№3345–რს

შეტანილი ცვლილებები:

1.საქართველოს  2010 წლის 28 ოქტომბრის კანონი №3789-სსმI,№61,04.11.2010წ.,

მუხ.378