დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 3015 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 27/04/2010 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 23, 04/05/2010 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 12/10/2023 |
სარეგისტრაციო კოდი | 120.260.020.05.001.003.996 |
საქართველოს კანონი
„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1.
„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №41, 8.10.1997, გვ. 16) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 10. სამხედრო სასწავლებელში სწავლა
1. სამხედრო სასწავლებელში მისაღები გამოცდების ჩაბარების შემდეგ სასწავლებელში ირიცხებიან, სამხედრო მოსამსახურეებად ითვლებიან და მსმენელებად იწოდებიან სამხედრო აღრიცხვაზე მყოფი, სრული ზოგადი ან/და უმაღლესი განათლების მქონე პირები:
ა) რომლებსაც არ გაუვლიათ სამხედრო სავალდებულო სამსახური და იმყოფებიან წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვაზე;
ბ) რომლებიც იმყოფებიან რეზერვში;
გ) რომლებიც არიან საკონტრაქტო (პროფესიული) ან კადრის სამხედრო მოსამსახურეები.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მსმენელებს (გარდა რეზერვში შესაბამისი სამხედრო წოდების მქონე პირისა) სამხედრო სასწავლებლის შესაბამისი კურსის (პროგრამის) დამთავრებამდე ენიჭებათ პირველადი სამხედრო წოდება – რიგითის წოდება, ხოლო ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მსმენელს სამხედრო სასწავლებელში სწავლის შეწყვეტის შემთხვევაში, თუ მან იმსახურა სამხედრო ვალდებულების მოხდისათვის ამ კანონით დადგენილი ვადით, სამხედრო ვალდებულება მოხდილად ჩაეთვლება და რიგითის წოდებით ჩაირიცხება რეზერვის შესაბამის კატეგორიაში. მსმენელი (გარდა კადრის სამხედრო მოსამსახურისა) არის საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო მოსამსახურე.
3. ოფიცრის შესაბამისი კურსის სტუდენტს სამხედრო შეკრების გავლისას აქვს სამხედრო მოსამსახურის სტატუსი სამხედრო წოდების მინიჭების გარეშე და ამ დროს მასზე ვრცელდება სამხედრო მოსამსახურის ყველა უფლება-მოვალეობა.“.
2. 31-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სამხედრო სამსახური არის სახელმწიფო სამსახურის განსაკუთრებული სახე, რომელიც მოიცავს სავალდებულო, საკონტრაქტო (პროფესიულ) და კადრის სამხედრო სამსახურებს, აგრეთვე სარეზერვო სამხედრო სამსახურს სამხედრო შეკრებებისა და სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდში. სამხედრო სამსახურის გავლის წესს განსაზღვრავს ეს კანონი და დებულება სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ, რომელსაც შეიმუშავებს ეროვნული უშიშროების საბჭო და ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი. სამხედრო სამსახურში გაწვევისა და სამხედრო მოსამსახურესთან სამსახურებრივი ურთიერთობების საკითხებზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი დისკრეციული უფლებამოსილებების ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება განისაზღვროს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პერსონალის მართვის პოლიტიკის საკითხები.“.
3. 33-ე მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ყოველი სამხედრო თანამდებობისთვის/წოდებისთვის საქართველოს თავდაცვის მინისტრი ან მის მიერ უფლებამოსილი თანამდებობის პირი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ან სხვა შესაბამისი სამხედრო უწყება აწესებს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.“;
ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:
„3. სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობების ნუსხა, მათი კოდები და საკარიერო გვარეობები, აგრეთვე სამხედრო მოსამსახურისათვის სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობის, ამ სპეციალობის კოდისა და საკარიერო გვარეობების მინიჭების უფლებამოსილების მქონე თანამდებობის პირი განისაზღვრება საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით ან მის მიერ უფლებამოსილი თანამდებობის პირის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“.
4. 35-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 35. სამხედრო სამსახურის ზღვრული ასაკი
1. სამხედრო მოსამსახურეებისათვის სამხედრო სამსახურის ზღვრული ასაკია:
ა) საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის რიგითების, კაპრალების და სერჟანტების (მიჩმანების) შემადგენლობებისათვის – 50 წელი;
ბ) საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის უმცროსი ოფიცრების შემადგენლობისათვის – 45 წელი;
გ) კადრის სამხედრო სამსახურის უფროსი ოფიცრების შემადგენლობისათვის:
გ.ა) პოლკოვნიკამდე – 50 წელი;
გ.ბ) პოლკოვნიკისთვის – 55 წელი;
დ) კადრის სამხედრო სამსახურის უმაღლესი ოფიცრების შემადგენლობისათვის – 60 წელი.
2. სამხედრო სამსახურის ზღვრული ასაკი 5 წლამდე ვადით შეიძლება გაუგრძელდეთ:
ა) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ.ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ სამხედრო მოსამსახურეებს განსაკუთრებულ შემთხვევებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრის ან შესაბამისი სამთავრობო დაწესებულების ხელმძღვანელის ბრძანების საფუძველზე;
ბ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ სამხედრო მოსამსახურეებს აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ეროვნული უშიშროების საბჭოში წარდგინების საფუძველზე, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.
3. სამხედრო სამსახურის ზღვრულ ასაკს მიღწეული სამხედრო მოსამსახურე სამხედრო სამსახურიდან დაითხოვება რეზერვში ჩარიცხვით ან გადადგომით.“.
5. 38-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 38. სამხედრო მოსამსახურეთა შემადგენლობები და სამხედრო წოდებები
1. სამხედრო მოსამსახურეთა შემადგენლობები და სამხედრო წოდებებია:
ა) სამხედრო სავალდებულო და საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურების სამხედრო მომსამსახურეების (გარდა ოფიცრებისა) შემადგენლობები:
ა.ა) რიგითებისა და კაპრალების შემადგენლობა:
ა.ა.ა) საჯარისო (სახმელეთო, საჰაერო) სამხედრო წოდებები: რიგითი, I კლასის რიგითი, კაპრალი, კაპრალ-სპეციალისტი;
ა.ა.ბ) საზღვაო ძალების წოდებები: საზღვაო რიგითი, I კლასის საზღვაო რიგითი, საზღვაო კაპრალი, საზღვაო კაპრალ-სპეციალისტი;
ა.ბ) უმცროსი სერჟანტების (მიჩმანების) შემადგენლობა:
ა.ბ.ა) საჯარისო სამხედრო წოდებები: უმცროსი სერჟანტი, სერჟანტი;
ა.ბ.ბ) საზღვაო ძალების წოდებები: უმცროსი მიჩმანი, მიჩმანი;
ა.გ) უფროსი სერჟანტების (მიჩმანების) შემადგენლობა:
ა.გ.ა) საჯარისო სამხედრო წოდებები: უფროსი სერჟანტი, მასტერ სერჟანტი;
ა.გ.ბ) საზღვაო ძალების წოდებები: უფროსი მიჩმანი, მასტერ მიჩმანი;
ა.დ) მთავარი სერჟანტების (მიჩმანების) შემადგენლობა:
ა.დ.ა) საჯარისო სამხედრო წოდება – მთავარი სერჟანტი;
ა.დ.ბ) საზღვაო ძალების წოდება – მთავარი მიჩმანი;
ბ) საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის უმცროსი ოფიცრების შემადგენლობა:
ბ.ა) საჯარისო სამხედრო წოდებები: ლეიტენანტი, უფროსი ლეიტენანტი, კაპიტანი;
ბ.ბ) საზღვაო ძალების წოდებები: ლეიტენანტი, უფროსი ლეიტენანტი, კაპიტან-ლეიტენანტი;
გ) კადრის სამხედრო სამსახურის უფროსი და უმაღლესი ოფიცრების შემადგენლობები:
გ.ა) უფროსი ოფიცრების შემადგენლობის საჯარისო სამხედრო წოდებები: მაიორი, ვიცე-პოლკოვნიკი, პოლკოვნიკი;
გ.ბ) უფროსი ოფიცრების შემადგენლობის საზღვაო ძალების წოდებები: III რანგის კაპიტანი, II რანგის კაპიტანი, I რანგის კაპიტანი;
გ.გ) უმაღლესი ოფიცრების შემადგენლობის საჯარისო სამხედრო წოდებები: ბრიგადის გენერალი, გენერალ-მაიორი, გენერალ-ლეიტენანტი, არმიის გენერალი;
გ.დ) უმაღლესი ოფიცრების შემადგენლობის საზღვაო ძალების წოდებები: კონტრადმირალი, ვიცე-ადმირალი, ადმირალი.
2. პირველადი სამხედრო წოდება ენიჭებათ:
ა) რიგითის წოდება:
ა.ა) სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვეულ პირს;
ა.ბ) საკონტრაქტო (პროფესიულ) სამხედრო სამსახურში ჩარიცხულ პირს;
ბ) ლეიტენანტის წოდება:
ბ.ა) საკონტრაქტო (პროფესიულ) სამხედრო სამსახურში ჩარიცხულ უმაღლესი განათლების მქონე პირს, თუ იგი აკმაყოფილებს თანამდებობისათვის წაყენებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს;
ბ.ბ) პირს, რომელმაც გაიარა:
ბ.ბ.ა) სამხედრო სასწავლებლის ბაკალავრიატის პროგრამა, რომლის გავლის საკითხები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით;
ბ.ბ.ბ) ოფიცრის საკანდიდატო კურსი, რომლის გავლის საკითხები რეგულირდება საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით;
ბ.ბ.გ) ოფიცრის შესაბამისი კურსი, სტუდენტად ყოფნის პერიოდში, რომლის გავლის საკითხები რეგულირდება საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
3. სამხედრო მოსამსახურეს მორიგი სამხედრო წოდება ენიჭება თანამიმდევრობით, საფეხურის გამოტოვების გარეშე. სამხედრო მოსამსახურეს მორიგი სამხედრო წოდება (გარდა უმაღლესი ოფიცრისა) ენიჭება შემდეგი პირობების ერთდროულად არსებობის შემთხვევაში:
ა) სამხედრო მოსამსახურის სამხედრო წოდებით სამხედრო სამსახურის გავლის ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ვადა (გარდა ამ მუხლის თანახმად მორიგი სამხედრო წოდების ვადამდე მინიჭების შემთხვევისა) გავიდა;
ბ) სამხედრო მოსამსახურე აკმაყოფილებს მისანიჭებელი სამხედრო წოდებისათვის წაყენებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს;
გ) სამხედრო მოსამსახურეს უკავია ისეთი სამხედრო თანამდებობა, რომლისთვისაც შტატით გათვალისწინებულია მისანიჭებელი სამხედრო წოდების თანაბარი ან უფრო მაღალი სამხედრო წოდება.
4. მორიგი სამხედრო წოდების მისანიჭებლად დადგენილია სამხედრო სამსახურის გავლის შემდეგი მინიმალური ვადები:
ა) რიგითიდან (საზღვაო რიგითიდან) I კლასის რიგითამდე (I კლასის საზღვაო რიგითამდე) – 1 წელი;
ბ) I კლასის რიგითიდან (I კლასის საზღვაო რიგითიდან) კაპრალამდე ან კაპრალ-სპეციალისტამდე (საზღვაო კაპრალამდე ან საზღვაო კაპრალ-სპეციალისტამდე) – 2 წელი;
გ) კაპრალიდან ან კაპრალ-სპეციალისტიდან (საზღვაო კაპრალიდან ან საზღვაო კაპრალ-სპეციალისტიდან) უმცროს სერჟანტამდე (უმცროს მიჩმანამდე) – 2 წელი;
დ) უმცროსი სერჟანტიდან (უმცროსი მიჩმანიდან) სერჟანტამდე (მიჩმანამდე) – 2 წელი;
ე) სერჟანტიდან (მიჩმანიდან) უფროს სერჟანტამდე (უფროს მიჩმანამდე) – 3 წელი;
ვ) უფროსი სერჟანტიდან (უფროსი მიჩმანიდან) მასტერ სერჟანტამდე (მასტერ მიჩმანამდე) – 5 წელი;
ზ) მასტერ სერჟანტიდან (მასტერ მიჩმანიდან) მთავარ სერჟანტამდე (მთავარ მიჩმანამდე) – 5 წელი;
თ) ლეიტენანტიდან უფროს ლეიტენანტამდე – 3 წელი;
ი) უფროსი ლეიტენანტიდან კაპიტნამდე (კაპიტან-ლეიტენანტამდე) – 3 წელი;
კ) კაპიტნიდან (კაპიტან-ლეიტენანტიდან) მაიორამდე (III რანგის კაპიტნამდე) – 4 წელი;
ლ) მაიორიდან (III რანგის კაპიტნიდან) ვიცე-პოლკოვნიკამდე (II რანგის კაპიტნამდე) – 5 წელი;
მ) ვიცე-პოლკოვნიკიდან (II რანგის კაპიტნიდან) პოლკოვნიკამდე (I რანგის კაპიტნამდე) – 5 წელი.
5. უმაღლესი ოფიცრის სამხედრო წოდების მისანიჭებლად ვადა არ დგინდება. ამ წოდების მისანიჭებლად უნდა დაკმაყოფილდეს ამ მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნა. არმიის გენერლის და ადმირალის სამხედრო წოდებების მინიჭება დაიშვება მხოლოდ ომის დროს განსაკუთრებული საბრძოლო დამსახურებისათვის.
6. ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული ვადებისაგან განსხვავებით დგინდება, რომ:
ა) სამხედრო მოსამსახურეს (გარდა რიგითებისა და კაპრალების შემადგენლობისა) სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდში სამხედრო წოდება განსაკუთრებული დამსახურებისათვის შეიძლება ვადამდე მიენიჭოს;
ბ) ქვეყნის ფარგლებს გარეთ მშვიდობის აღდგენისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის ოპერაციებში, სხვა სახის სამშვიდობო ოპერაციებსა და საერთაშორისო მისიებში წარგზავნილ ოფიცერს მივლინების პერიოდში დროებით შეიძლება მიენიჭოს უფრო მაღალი სამხედრო წოდება (მათ შორის, საფეხურის გამოტოვებით) იმ თანამდებობის მიხედვით, რომელზედაც იგი დაინიშნება საერთაშორისო მისიაში. წოდების დროებით მინიჭებისათვის შეიძლება დადგინდეს განსხვავებული საკვალიფიკაციო მოთხოვნები.
7. სამხედრო მოსამსახურეებს:
ა) უმაღლესი ოფიცრის და ვადამდე პოლკოვნიკის (I რანგის კაპიტნის) სამხედრო წოდებებს ანიჭებს საქართველოს პრეზიდენტი;
ბ) პოლკოვნიკის (I რანგის კაპიტნის) სამხედრო წოდებას და ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ლეიტენანტის სამხედრო წოდებას ანიჭებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი;
გ) უმცროსი და უფროსი ოფიცრების შემადგენლობების (გარდა ამ პუნქტის „ბ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) სამხედრო წოდებებს და ვადამდე სერჟანტების (მიჩმანების) სამხედრო წოდებებს ანიჭებს საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი;
დ) საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის I კლასის რიგითიდან (I კლასის საზღვაო რიგითიდან) მასტერ სერჟანტის (მასტერ მიჩმანის) ჩათვლით სამხედრო წოდებებს ანიჭებს საქართველოს შეიარაღებული ძალების ჯარის სახეობის სარდალი, ხოლო საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის სტრუქტურულ ქვედანაყოფებში – საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი;
ე) მთავარი სერჟანტის (მთავარი მიჩმანის) სამხედრო წოდებას ანიჭებს საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი;
ვ) სავალდებულო სამხედრო სამსახურის რიგითის (საზღვაო რიგითის) და I კლასის რიგითის (I კლასის საზღვაო რიგითის) სამხედრო წოდებებს ანიჭებს საქართველოს შეიარაღებული ძალების შესაბამისი ნაწილის მეთაური;
ზ) პირველად სამხედრო წოდებას (გარდა ამ პუნქტის „ბ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) ანიჭებს ის თანამდებობის პირი, რომელსაც აქვს პირის სამხედრო სამსახურში გაწვევისა და ჩარიცხვის უფლებამოსილება;
თ) ამ პუნქტის „ბ“–„ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ სამხედრო წოდებებს სხვა სახელმწიფო უწყებაში ანიჭებს ამ უწყების ხელმძღვანელი.
8. სპეციალური წოდების მქონე პირები საქართველოს შეიარაღებულ ძალებში გაიწვევიან სამხედრო რეზერვიდან რეზერვის სამხედრო წოდებით.“.
6. 46-ე მუხლის:
ა) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ყოფილ სტუდენტებს, რომლებმაც ჩააბარეს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სახელმწიფო გამოცდები და 2009 წლის 1 სექტემბრამდე არ მინიჭებიათ სამხედრო წოდება, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის მიერ მიენიჭოთ რიგითის სამხედრო წოდება და ჩაირიცხონ სამხედრო ძალების რეზერვში, თუ:
ა) მათ სამხედრო კათედრის ან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის სამხედრო მომზადების კათედრის გაუქმებამდე გაიარეს სამხედრო კათედრის ან სამხედრო მომზადების კათედრის სრული კურსი და ჩააბარეს სამხედრო კათედრის სახელმწიფო გამოცდები;
ბ) ისინი იმყოფებოდნენ სამხედრო კათედრის ან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის სამხედრო მომზადების კათედრის დამამთავრებელ კურსზე აღნიშნული კათედრის გაუქმების დროისათვის;
გ) მათ სამხედრო კათედრის ან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის სამხედრო მომზადების კათედრის გაუქმებამდე გაიარეს სამხედრო კათედრის ან სამხედრო მომზადების კათედრის სრული კურსი და ვერ ჩააბარეს სამხედრო კათედრის სახელმწიფო გამოცდები კათედრის გაუქმების გამო.“;
ბ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის კურსდამთავრებულებს, რომლებსაც 2009 წლის 1 სექტემბრამდე არ მინიჭებიათ სამხედრო წოდება, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის მიერ მიენიჭოთ რიგითის სამხედრო წოდება და ჩაირიცხონ სამხედრო ძალების რეზერვში, თუ:
ა) მათ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის სამხედრო მომზადების კათედრის გაუქმებამდე გაიარეს სამხედრო მომზადების კათედრის სრული კურსი და ჩააბარეს სამხედრო კათედრის სახელმწიფო გამოცდები;
ბ) ისინი იმყოფებოდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის სამხედრო მომზადების კათედრის დამამთავრებელ კურსზე აღნიშნული კათედრის გაუქმების დროისათვის;
გ) მათ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის სამხედრო მომზადების კათედრის გაუქმებამდე გაიარეს სამხედრო მომზადების კათედრის სრული კურსი და ვერ ჩააბარეს სამხედრო კათედრის სახელმწიფო გამოცდები კათედრის გაუქმების გამო.“.
7. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 464 და 465 მუხლები:
„მუხლი 464. სამხედრო წოდებების გათანაბრება
1. ამ მუხლის ამოქმედების დღისთვის მოქმედი სამხედრო მოსამსახურეებისა და რეზერვში მყოფი პირების სამხედრო წოდებები გაუთანაბრდეს ამ მუხლის ამოქმედებიდან გაუქმებულ (შეცვლილ) სამხედრო წოდებებს:
ა) ეფრეიტორი და II კლასის ეფრეიტორი – რიგითს, ხოლო მატროსი, უფროსი მატროსი და II კლასის მატროსი – საზღვაო რიგითს;
ბ) I კლასის ეფრეიტორი – I კლასის რიგითს, ხოლო I კლასის მატროსი – I კლასის საზღვაო რიგითს;
გ) ბატალიონის სერჟანტი და შტაბის სერჟანტი – მასტერ სერჟანტს, ხოლო ხომალდის მიჩმანი და შტაბის მიჩმანი – მასტერ მიჩმანს;
დ) ბრიგადის სერჟანტი – მთავარ სერჟანტს;
ე) უმცროსი ლეიტენანტი – ლეიტენანტს;
2. შესაბამისმა უწყებებმა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების შესაბამისმა სამსახურებმა უზრუნველყონ მოქმედი სამხედრო მოსამსახურეებისა და რეზერვში მყოფი პირების სააღრიცხვო მონაცემების შეცვლა ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად სამხედრო წოდებების გათანაბრების მიზნით.
3. სამხედრო მოსამსახურეს, რომელსაც წოდება გაუთანაბრდა ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, გათანაბრებული სამხედრო წოდებით ნამსახურობის ვადაში ჩაეთვალოს ის ვადა, რომლის განმავლობაშიც მან იმსახურა ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად გასათანაბრებელი სამხედრო წოდებით.
4. ამ კანონის 38-ე მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ვრცელდება აგრეთვე მის ამოქმედებამდე მინიჭებულ სამხედრო წოდებებზე.
მუხლი 465. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის საშტატო ნუსხების შეცვლა და საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცება
საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ 2010 წლის 1 ივლისამდე უზრუნველყოს:
ა) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის რიგითების, კაპრალების და სერჟანტების (მიჩმანების) შემადგენლობების სამხედრო მოსამსახურეთა საშტატო ნუსხებში ცვლილებების შეტანა საშტატო ნუსხებით განსაზღვრული თანამდებობებისათვის საშტატო-წოდებრივი კატეგორიების შეცვლის მიზნით;
ბ) სამხედრო წოდებებისა და საშტატო ნუსხებით განსაზღვრული თანამდებობებისათვის საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცება.“.
მუხლი 2.
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2010 წლის 27 აპრილი.
№3015–რს
დოკუმენტის კომენტარები