„ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2808
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 23/03/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 15, 31/03/2010
სარეგისტრაციო კოდი 210.000.000.05.001.003.957
  • Word
2808
23/03/2010
სსმ, 15, 31/03/2010
210.000.000.05.001.003.957
„ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41, 30.12.2004, მუხ. 213) მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 6. მოსაკრებლის გადახდის და ბიუჯეტში ჩარიცხვის წესი

1. ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებელი გადაიხდება არა უგვიანეს საანგარიშოს მომდევნო თვის 15 რიცხვისა, გარდა შემდეგი ბუნებრივი რესურსებისა:

ა) ტყის ფონდის მერქნული რესურსებით სარგებლობისათვის – რესურსების ბუნებიდან ამოღების (მოჭრის) მომდევნო თვის 15 რიცხვის ჩათვლით, მაგრამ არა უგვიანეს ტყიდან მათი ტრანსპორტირებისა, გარდა ამავე პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

ბ) ადგილობრივი მოსახლეობის მიერ პირადი მოხმარებისათვის, ასევე საბიუჯეტო ორგანიზაციებისა და საქართველოს საპატრიარქოს მიერ ტყის ფონდის მერქნული რესურსებით სარგებლობისათვის – წინასწარ, რესურსების ბუნებიდან ამოღებამდე (მოჭრამდე);

გ) სპეციალური ჭრის შედეგად ამოღებული მერქნული რესურსებით სარგებლობისათვის, აგრეთვე სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული მერქნული რესურსებით სარგებლობისათვის – საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ მიღებული მერქნული რესურსების შემძენისთვის გადაცემამდე;

დ) მცენარეთა არამერქნული რესურსებითა და მათი პროდუქტებით სარგებლობისათვის – წინასწარ, ლიცენზიის მიღებამდე;

ე) სოფლის მეურნეობაში გამოყენებული წყლით სარგებლობისათვის – შესაბამისი წლის 1 დეკემბრამდე;

ვ) გადამფრენ ფრინველებზე ნადირობისათვის – წინასწარ, ნადირობის დაწყებამდე, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ განსაზღვრული წესით;

ზ) მინერალური წყლებითა და მიწისქვეშა მტკნარი ჩამოსასხმელი წყლებით სარგებლობისათვის – სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების (ან წიაღით სარგებლობის) ლიცენზიის მიღების შემდეგ, არა უგვიანეს ყოველი კვარტალის მომდევნო თვის 15 რიცხვისა, ამ პერიოდის განმავლობაში ლიცენზიით განსაზღვრული წლიური ოდენობის მიხედვით, თანაბარ ნაწილებად;

თ) სასარგებლო წიაღისეულით (გარდა მინერალური წყლებისა და ნახშირორჟანგისა) სარგებლობისათვის – სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების (ან წიაღით სარგებლობის) ლიცენზიის მიღების შემდეგ, 6 თვეში ერთხელ, მაგრამ არა უგვიანეს მე-6 თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა, ლიცენზიით განსაზღვრული მოსაპოვებელი სასარგებლო წიაღისეულის ჯამური ან წლიური მაქსიმალური ოდენობის მიხედვით, თანაბარ ნაწილებად, ან ყოველდღიური ოდენობის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შესაბამისად.

შენიშვნა: ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გადახდის ამ ქვეპუნქტით განსაზღვრული რეჟიმი ვრცელდება მხოლოდ იმ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების (ან წიაღით სარგებლობის) ლიცენზიაზე, რომლითაც პირდაპირ არის განსაზღვრული მოსაპოვებელი სასარგებლო წიაღისეულის ჯამური ან წლიური მაქსიმალური ოდენობა სასარგებლო წიაღისეულის კონკრეტული სახეობის მიხედვით; სხვა შემთხვევაში სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობისათვის ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებელი გადაიხდება ფაქტობრივად მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის ოდენობის მიხედვით, არა უგვიანეს ყოველი მომდევნო თვის 15 რიცხვისა;

ი) ნახშირორჟანგით (გაზი CO2) სარგებლობისათვის – სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების (ან წიაღით სარგებლობის) ლიცენზიის მიღების შემდეგ, ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშოს მომდევნო თვის 15 რიცხვისა, ამ პერიოდის განმავლობაში ლიცენზიით განსაზღვრული ყოველდღიური ლიმიტის ოდენობით;

კ) შავ ზღვაში თევზჭერის ლიცენზიის მფლობელის მიერ თევზის რესურსებით სარგებლობისათვის – არა უგვიანეს ყოველი წლის 15 ივლისისა, თევზჭერის ყოველწლიური კვოტიდან თევზჭერის ლიცენზიით განსაზღვრული პროცენტის შესაბამისად მოსაპოვებელი თევზის რესურსის სრული ოდენობით.

2. ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გადამხდელი ამ მუხლის პირველ პუნქტში მოცემულ ბუნებრივ რესურსებზე, გარდა მისი „ბ“, „დ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულებისა, გაანგარიშებას საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით საგადასახადო ორგანოში წარადგენს ამ მოსაკრებლის გადახდისათვის დადგენილ ვადაში. ამასთანავე, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ზ“, „თ“, „ი“ და „კ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გადამხდელს უფლება აქვს, არ წარადგინოს გაანგარიშება, თუ მის მიერ გაანგარიშება წარდგენილია და მომდევნო საანგარიშო პერიოდების მიხედვით არ იცვლება ლიცენზიით განსაზღვრული მოსაკრებლის ობიექტის ოდენობა.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს 2010 წლის 1 აპრილიდან.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2010 წლის 23 მარტი.

№2808–Iს