პატიმრობის კოდექსი

პატიმრობის კოდექსი
დოკუმენტის ნომერი 2696
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 09/03/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 12, 24/03/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2024
სარეგისტრაციო კოდი 100.030.010.05.001.003.911
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
2696
09/03/2010
სსმ, 12, 24/03/2010
100.030.010.05.001.003.911
პატიმრობის კოდექსი
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (25/02/2011 - 11/11/2011)

საქართველოს კანონი

პატიმრობის კოდექსი

ზოგადი ნაწილი

თავი I. ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მიზანი და პრინციპები

1. პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მიზანია პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულება, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და მსჯავრდებულის რესოციალიზაცია.

2. საქართველოში პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულება ხორციელდება კანონიერების, ჰუმანიზმის, დემოკრატიულობის, კანონის წინაშე თანასწორობისა და სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპებზე დაყრდნობით.

    მუხლი 2. საქართველოს კანონმდებლობა პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების შესახებ

1. საქართველოს კანონმდებლობა პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების შესახებ ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციას, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს, ამ კოდექსს, სხვა კანონებს და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს.

2. საქართველოს კანონმდებლობა პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების შესახებ შეესაბამება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს.

3. საქართველოში პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულებას ახორციელებენ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების სისტემის ორგანოები.

4. საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრს (შემდგომში – მინისტრი) უფლება აქვს, გამოსცეს ბრძანება ამ კოდექსით გათვალისწინებულ საკითხებზე.

    მუხლი 3. კოდექსის მოქმედების სფერო

1. ეს კოდექსი განსაზღვრავს სასამართლოს მიერ სისხლის სამართლის საქმეზე თავისუფლების აღკვეთის სახით დადგენილი განაჩენის აღსრულების წესსა და პირობებს, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამარ-თლებრივი დაცვის გარანტიებს, აწესრიგებს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოთა საქმიანობას, ადგენს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულებაში სახელმწიფო ორგანოთა, საზოგადოებრივ ორგანიზაციათა და მოქალაქეთა მონაწილეობის წესსა და პირობებს.

2. ამ კოდექსით დადგენილი წესით აღსრულდება პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულებასთან დაკავშირებული და კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენი, განჩინება, დადგენილება და მოსამართლის ბრძანება, აგრეთვე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილება.

3. საქართველოში პატიმრობა მოიცავს პატიმრობასა და თავისუფლების აღკვეთას.

    მუხლი 4. პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მოქმედება სივრცეში და პირთა წრის მიხედვით

1. პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მოქმედება ვრცელდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.

2. პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების შესახებ საქართველოს კანონმდებლობა გამოიყენება როგორც საქართველოს მოქალაქეთა, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა მიმართ, საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით დადგენილი წესით.

    მუხლი 5. პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების საფუძვლები

1. პატიმრობის აღსრულების საფუძველია პატიმრობის შეფარდების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება.

2. თავისუფლების აღკვეთის აღსრულების საფუძველია სასამართლოს მიერ სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი, რომლითაც პირს შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა.

თავი II. პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემა

    მუხლი 6. პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოები

1. პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოები არიან სასჯელაღსრულების დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) და მის დაქვემდებარებაში არსებული პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებები.

2. პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დეპარტამენტის თავმჯდომარე მინისტრთან შეთანხმებით.

    მუხლი 7. დეპარტამენტი

1. დეპარტამენტი არის პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანო, რომელიც შედის საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მმართველობის სფეროში სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სახით.

2. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის თავმჯდომარე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

3. დეპარტამენტის დებულებას ამტკიცებს მინისტრი.

4. დეპარტამენტის საშტატო ნუსხას ამტკიცებს დეპარტამენტის თავმჯდომარე მინისტრთან შეთანხმებით.

5. დეპარტამენტის ხარჯთაღრიცხვას, რომელიც არის დეპარტამენტისა და მის დაქვემდებარებაში არსებულ დაწესებულებათა ხარჯთაღრიცხვების ერთობლიობა, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის შესაბამისად, დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს მინისტრი. დეპარტამენტის ხარჯთაღრიცხვა არის სამინისტროს ხარჯთაღრიცხვის ნაწილი.

6. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე. დეპარტამენტის თავმჯდომარე წელიწადში არანაკლებ ორჯერ წარუდგენს მინისტრს ანგარიშს გაწეული საქმიანობის თაობაზე.

7. მინისტრის მოთხოვნის საფუძველზე დეპარტამენტის თავმჯდომარე ვალდებულია წარუდგინოს მას რიგგარეშე ანგარიში თავის მიერ გაწეული მუშაობის თაობაზე.

    მუხლი 8. დეპარტამენტის დაქვემდებარებაში არსებული დაწესებულებები

1. დეპარტამენტის დაქვემდებარებაში არსებული დაწესებულებებია:

ა) პატიმრობის დაწესებულება;

ბ) თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება;

გ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულება.

2. დეპარტამენტის დაქვემდებარებაში არსებულ დაწესებულებას ქმნის და აუქმებს მინისტრი.

3. საჭიროების შემთხვევაში მინისტრი ქმნის შერეული ტიპის დაწესებულებას.

    მუხლი 9. პატიმრობის დაწესებულება

1. პატიმრობის დაწესებულება არის დახურული, განსაკუთრებულად დაცული, სასაკნე ტიპის დაწესებულება, რომლის მიზანია ბრალდებულის იზოლაცია აღკვეთის ღონისძიების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით.

2. პატიმრობის დაწესებულებაში განთავსებული არიან ბრალდებულები, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა ან/და შერეული ტიპის დაწესებულების არსებობის შემთხვევისა. შერეული ტიპის დაწესებულებაში ბრალდებულები იზოლირებული უნდა იყვნენ მსჯავრდებულებისაგან, როგორც მინიმუმი, ერთმანეთისაგან განცალკევებული საცხოვრებელი ფართობებით.

3. პატიმრობის დაწესებულებაში ბრალდებულები განთავსებული არიან სპეციალურ საკნებში, სადაც მათი ან სხვა პირების უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე და დაწესებულების დებულების მოთხოვნათა დაცვის მიზნით შესაძლებელია განხორციელდეს ვიზუალური და ელექტრონული მეთვალყურეობა.

საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3619 - სსმ I, №51, 29.09.2010 წ., მუხ.332

    მუხლი 10. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება

1. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება არის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-40 მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სასჯელის აღსრულების დაწესებულება.

2. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებია:

ა) ნახევრად ღია ტიპის დაწესებულება;

ბ) დახურული ტიპის დაწესებულება;

გ) არასრულწლოვანთა სპეციალური დაწესებულება;

დ) ქალთა სპეციალური დაწესებულება.

    მუხლი 11. ნახევრად ღია ტიპის დაწესებულება

1. ნახევრად ღია ტიპის დაწესებულება არის განსაკუთრებულად დაცული, შეიარაღებული დაცვით უზრუნველყოფილი, სპეციალური დამცავი ზღუდეებით გარშემორტყმული დაწესებულება, რომელშიც უზრუნველყოფილია მსჯავრდებულთა მუდმივი მეთვალყურეობა.

2. ნახევრად ღია ტიპის დაწესებულებაში მსჯავრდებულები განთავსებული არიან საერთო საცხოვრებელში, სადაც მათი ან სხვა პირების უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე და დაწესებულების დებულების მოთხოვნათა დაცვის მიზნით შესაძლებელია განხორციელდეს ვიზუალური ან ელექტრონული მეთვალყურეობა.

3. ნახევრად ღია ტიპის დაწესებულებაში მსჯავრდებულებს შეუძლიათ დამოუკიდებლად გადაადგილდნენ დაწესებულების ტერიტორიაზე.

4. ნახევრად ღია ტიპის დაწესებულებაში ღამის საათებში მსჯავრდებულთა გადაადგილება საერთო საცხოვრებლის გარეთ აკრძალულია.

საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3619 - სსმ I, №51, 29.09.2010 წ., მუხ.332

    მუხლი 12. დახურული ტიპის დაწესებულება

1. დახურული ტიპის დაწესებულება არის განსაკუთრებულად დაცული, როგორც შეიარაღებული დაცვით უზრუნველყოფილი, ისე სასიგნალიზაციო სისტემით აღჭურვილი, სპეციალური დამცავი ზღუდეებით გარშემორტყმული დაწესებულება, რომელშიც უზრუნველყოფილია მსჯავრდებულთა მუდმივი მეთვალყურეობა.

2. დახურული ტიპის დაწესებულებაში მსჯავრდებულები განთავსებული არიან სპეციალურ საკნებში, სადაც მათი ან სხვა პირთა უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე და დაწესებულების დებულების მოთხოვნათა დაცვის მიზნით შესაძლებელია განხორციელდეს ვიზუალური ან ელექტრონული მეთვალყურეობა.

საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3619 - სსმ I, №51, 29.09.2010 წ., მუხ.332

    მუხლი 121. ქალთა და არასრულწლოვანთა სპეციალური დაწესებულება

ქალთა და არასრულწლოვანთა სპეციალური დაწესებულება გათანაბრებულია ნახევრად ღია ტიპის დაწესებულებასთან, ამ კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა.

საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3619 - სსმ I, №51, 29.09.2010 წ., მუხ.332

თავი III. ბრალდებულისა და მსჯავრდებულის სამართლებრივი მდგომარეობა

    მუხლი 13. ბრალდებულისა და მსჯავრდებულის სამართლებრივი მდგომარეობის საფუძვლები

1. სახელმწიფო უზრუნველყოფს ბრალდებულისა და მსჯავრდებულის კანონიერი უფლებებისა და თავისუფლებების, ასევე მათი სამართლებრივი, სოციალური და პირადი უსაფრთხოების დაცვას, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულებას.

2. ბრალდებულს პატიმრობის, ხოლო მსჯავრდებულს თავისუფლების აღკვეთის აღსრულებისას გარანტირებული აქვს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, ამ კოდექსით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით აღიარებული უფლებები და თავისუფლებები.

    მუხლი 14. ბრალდებულისა და მსჯავრდებულის უფლებები

1. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს:

ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფილი იყოს:

ა.ა) საცხოვრებელი სადგომით, კვებით, პირადი ჰიგიენით, ტანსაცმლით, შრომით, შრომისა და პირადი უსაფრთხოებით;

ა.ბ) სამედიცინო მომსახურებით;

ა.გ) ახლო ნათესავებთან შეხვედრით (პაემნით), დამცველთან, საკონსულოს და სხვა დიპლომატიურ წარმომადგენლებთან (უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის) შეხვედრით;

ა.დ) სატელეფონო საუბრებით და მიმოწერით;

ა.ე) ამანათებისა და ფულადი გზავნილების მიღება-გაგზავნით;

ა.ვ) უფასო იურიდიული დახმარებით და სამართლებრივი კონსულტაციებით;

ბ) მიიღოს ზოგადი და პროფესიული განათლება;

გ) მონაწილეობა მიიღოს სპორტულ, კულტურულ, აღმზრდელობით და რელიგიურ ღონისძიებებში;

დ) მიიღოს ინფორმაცია პრესითა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებით, ისარგებლოს მხატვრული და სხვა ლიტერატურით;

ე) ეწეოდეს ინდივიდუალურ საქმიანობას და პატიმრობის/ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ადმინისტრაციის კონტროლით იქონიოს ამისათვის საჭირო ინვენტარი;

ვ) შეიტანოს მოთხოვნა, საჩივარი;

ზ) ყოველდღიურად არანაკლებ 1 საათისა იმყოფებოდეს სუფთა ჰაერზე (ისარგებლოს გასეირნების უფლებით);

თ) განსაკუთრებულ, პირად გარემოებებთან დაკავშირებით დროებით დატოვოს პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება.

2. მსჯავრდებული დამატებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სარგებლობს:

ა) სარეაბილიტაციო პროგრამებით სარგებლობის უფლებით;

ბ) თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უფლებით.

    მუხლი 15. საცხოვრებელი პირობები

1. ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის გამოყოფილი საცხოვრებელი უნდა შეესაბამებოდეს მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით დადგენილ სანიტარიულ-ჰიგიენურ ნორმებს და უნდა უზრუნველყოფდეს ბრალდებულის/მსჯავრდებულის ჯანმრთელობის შენარჩუნებას.

2. 1 მსჯავრდებულზე საცხოვრებელი ფართობის ნორმა ნახევრად ღია ტიპის დაწესებულებაში არ უნდა იყოს 2 კვ. მეტრზე, დახურული ტიპის დაწესებულებაში – 2,5 კვ. მეტრზე, ქალთა სპეციალურ დაწესებულებაში – 3 კვ. მეტრზე, არასრულწლოვანთა სპეციალურ დაწესებულებაში – 3,5 კვ. მეტრზე, ხოლო ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში – 3 კვ. მეტრზე ნაკლები.

3. 1 ბრალდებულზე საცხოვრებელი ფართობის ნორმა პატიმრობის დაწესებულებაში არ უნდა იყოს 2,5 კვ. მეტრზე ნაკლები.

4. ბრალდებულის/მსჯავრდებულის საცხოვრებელს უნდა ჰქონდეს ფანჯარა, რომელიც უზრუნველყოფს ბუნებრივ განათებასა და ვენტილაციას. ბრალდებული/მსჯავრდებული აგრეთვე უზრუნველყოფილი უნდა იყოს გათბობით.

5. ორსულ ქალებს, მეძუძურ დედებს, არასრულწლოვნებს, ავადმყოფებს, მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, ხანდაზმულებს (ქალებს – 60 წლიდან, მამაკაცებს – 65 წლიდან) უნდა ჰქონდეთ სხვა ბრალდებულებთან/ მსჯავრდებულებთან შედარებით გაუმ-ჯობესებული საყოფაცხოვრებო პირობები.

    მუხლი 16. ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმოწერა

1. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, შეუზღუდავი რაოდენობით გაგზავნოს და მიიღოს წერილები ამ კოდექსით დადგენილი წესით.

2. ბრალდებულის/მსჯავრდებულის სახელზე შემოსული წერილების მისთვის ჩაბარებას, აგრეთვე ბრალდებულის/მსჯავრდებულის წერილების ადრესატისთვის გაგზავნას უზრუნველყოფს პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ადმინისტრაცია (შემდგომში – ადმინისტრაცია). პირადი ხასიათის კორესპონდენცია ადრესატს ეგზავნება ბრალდებულის/ მსჯავრდებულის ხარჯით.

3. ადმინისტრაცია ბრალდებულს/მსჯავრდებულს მოთხოვნის შემთხვევაში უზრუნველყოფს საწერი საშუალებებითა და ქაღალდით.

4. ბრალდებულის/მსჯავრდებულის კორესპონდენცია ექვემდებარება შემოწმებას, რაც მოიცავს ვიზუალურ დათვალიერებას, კორესპონდენციის შინაარსის გაცნობის გარეშე, ხოლო უკიდურეს შემთხვევაში, დასაბუთებული ვარაუდისას, თუ შესაძლებელია ისეთი ინფორმაციის გავრცელება, რომელიც საფრთხეს შეუქმნის საზოგადოებრივ წესრიგს, საზოგადოებრივ უსაფრთხოებას ან სხვა პირთა უფლებებსა და თავისუფლებებს, ადმინისტრაცია უფლებამოსილია გაეცნოს კორესპონდენციის შინაარსს და საჭიროებისამებრ შეზღუდოს მისი ადრესატისთვის გაგზავნა, რის თაობაზედაც დაუყოვნებლივ ეცნობება კორესპონდენციის გამგზავნს.

5. დახურული კონვერტით მიღებული კორესპონდენცია უნდა გაიხსნას ბრალდებულის/მსჯავრდებულის თანდასწრებით. აღნიშნული კორესპონდენცია ექვემდებარება ვიზუალურ დათვალიერებას, შინაარსის გაცნობის გარეშე.

6. ადმინისტრაციას ეკრძალება შეაჩეროს ან შეამოწმოს საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, საქართველოს პარლამენტის წევრის, სასამართლოს, ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს, საერთაშორისო ორგანიზაციის, რომელიც შექმნილია საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროს საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე, საქართველოს სამინისტროს, დეპარტამენტის, საქართველოს სახალხო დამცველის, დამცველის, პროკურორის სახელზე გაგზავნილი ბრალდებულის/მსჯავრდებულის განცხადება, მოთხოვნა და საჩივარი.

საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3619 - სსმ I, №51, 29.09.2010 წ., მუხ.332

    მუხლი 17. პაემნის უფლება

1. აკრძალულია ბრალდებულის/მსჯავრდებულის სრული იზოლაცია.

2. ბრალდებულს/მსჯავრდებულს მისი წერილობითი თხოვნის საფუძველზე შეიძლება მიეცეს მის ახლო ნათესავებთან (შვილი, მეუღლე, მშობელი (მშვილებელი), ნაშვილები და მისი შთამომავალი, შვი-ლიშვილი, და, ძმა, დისწული, ძმისწული და მათი შვილები, ბებია და პაპა, ბებიის დედ-მამა და პაპის დედ-მამა (როგორც დედის, ისე მამის მხრიდან), ბიძა (დედის ძმა და მამის ძმა), დეიდა, მამიდა, ბიძაშვილი, დეიდაშვილი და მამიდაშვილი, აგრეთვე ის პირი, რომელთანაც ცხოვრობდა და ეწეოდა საერთო მეურნეობას პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოხვედრამდე ბოლო 2 წლის განმავლობაში) ხანმოკლე პაემნის უფლება. აღნიშნულ პირებთან შეხვედრაზე პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორის თანხმობა/მოტივირებული უარი ბრალდებულს/მსჯავრდებულს წერილობით ეცნობება.

3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ პირებთან ბრალდებულის/მსჯავრდებულის ურთიერთობის კონტროლი უნდა განხორციელდეს მისი პატივისა და ღირსების შეულახავად.

4. ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან შეხვედრა ხორციელდება მისი თანხმობის შემთხვევაში.

5. ხანმოკლე პაემნის მოთხოვნის თაობაზე ადმინისტრაცია წერილობით უნდა იქნეს ინფორმირებული 5 დღით ადრე. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულმა პირმა ადმინისტრაციას უნდა წარუდგინოს ახლო ნათესაობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

6. ადმინისტრაცია ხანმოკლე პაემნის მოთხოვნის თაობაზე განცხადების მიღებიდან არა უგვიანეს 5 დღისა უზრუნველყოფს ხანმოკლე პაემნის ორგანიზებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს უარის თქმის მოტივირებული საფუძველი, რის თაობაზედაც განმცხადებელი  იმავე დღეს უნდა იქნეს ინფორმირებული.

7. ხანმოკლე პაემანი ეწყობა 1-დან 2 საათამდე ვადით. ხანმოკლე პაემანი მიმდინარეობს ადმინისტრაციის წარმომადგენლის მხოლოდ ვიზუალური კონტროლით, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

8. მსჯავრდებულს შეიძლება მიეცეს ხანგრძლივი პაემნის უფლება ამ კოდექსის 172 მუხლის შესაბამისად.

9. (ამოღებულია).

10. ბრალდებული სარგებლობს მხოლოდ ხანმოკლე პაემნის უფლებით, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად.

11. ბრალდებულს მისი წერილობითი თხოვნის საფუძველზე შეიძლება ხანმოკლე პაემანი შეეცვალოს სატელეფონო საუბრით. ხანმოკლე პაემნის შეცვლის წესი განისაზღვრება პატიმრობის დაწესებულების დებულებით.

12. მსჯავრდებულს მისი წერილობითი თხოვნის საფუძველზე შეიძლება თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უფლება შეეცვალოს ხანმოკლე პაემნით, ხოლო ხანმოკლე პაემანი და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უფლება – სატელეფონო საუბრით. პაემნების შეცვლის წესი განისაზღვრება თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დებულებით.

13. ბრალდებულს/მსჯავრდებულს, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეა, უფლება აქვს, შეუზღუდავად შეხვდეს თავისი ქვეყნის საკონსულოს წარმომადგენელს ან იმ ქვეყნის უფლებამოსილ დიპლომატიურ წარმომადგენელს, რომელიც საქართველოში ითავსებს მისი ქვეყნის ინტერესების დაცვას. უცხო ქვეყნის მოქალაქე და მოქალაქეობის არმქონე ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს უფლება აქვთ, ჰქონდეთ ურთიერთობები თავიანთი ქვეყნების დიპლომატიურ დაწესებულებებთან და საკონსულოებთან. იმ სახელმწიფოთა მოქალაქეებს, რომლებსაც საქართველოში დიპლომატიური დაწესებულებები და საკონსულოები არ გააჩნიათ, უფლება აქვთ, ჰქონდეთ ურთიერთობები იმ სახელმწიფოთა დიპლომატიურ დაწესებულებებთან და საკონსულოებთან, რომლებმაც საკუთარ თავზე აიღეს მათი ინტერესების დაცვა, ან სახელმწიფოთაშორის ორგანოებთან, რომლებიც ამ პირთა ინტერესებს იცავენ.

საქართველოს 2011 წლის 25 თებერვლის კანონი №4259 ვებგვერდი, 10.03.2011წ.

     მუხლი 171. ვიდეოპაემანი

1. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულს, გარდა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდებულისა და ამ კოდექსის 50-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირისა, უფლება აქვს, ისარგებლოს ვიდეოპაემნით (პირდაპირი ხმოვანი და ვიზუალური ტელეხიდით) ნებისმიერ პირთან.

2. ვიდეოპაემნით სარგებლობის უფლება მსჯავრდებულს ეზღუდება  დისციპლინური სახდელის მოქმედების, ადმინისტრაციული პატიმრობის ან თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში განსაკუთრებული პირობების შემოღების პერიოდში.

3. მსჯავრდებულთან ვიდეოპაემნის ორგანიზებას, მსჯავრდებულის წერილობითი თანხმობის საფუძველზე, უზრუნველყოფს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ადმინისტრაცია, ხოლო თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ – სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო (შემდგომში – პრობაციის ეროვნული სააგენტო).

4. ვიდეოპაემნით სარგებლობისათვის დაწესებულია საფასური, რომელიც ირიცხება პრობაციის ეროვნული სააგენტოს ანგარიშზე და ხმარდება მისი მიზნების განხორციელებას და ფუნქციების შესრულებას.

5. ვიდეოპაემნით სარგებლობისათვის დაწესებულ საფასურს იხდის მსჯავრდებულთან ვიდეოპაემნის მსურველი პირი ან მისი კანონიერი წარმომადგენელი.

6. გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ადმინისტრაციისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები ახორციელებენ მსჯავრდებულთან ვიდეოპაემნის მხოლოდ ვიზუალურ კონტროლს, რის შესახებაც მსჯავრდებულის და მასთან ვიდეოპაემნის მსურველი პირის წინასწარ გაფრთხილება სავალდებულოა.

7. თავისუფლების აღკვეთის იმ დაწესებულებებს, სადაც შესაძლებელია მსჯავრდებულთან ვიდეოპაემნის განხორციელება, ვიდეოპაემნით სარგებლობის რაოდენობას, ვიდეოპაემნის ხანგრძლივობას, ვიდეოპაემნით სარგებლობისათვის დაწესებული საფასურის ოდენობას და ვიდეოპაემნის განხორციელების პროცედურას განსაზღვრავს მინისტრი.

საქართველოს 2010 წლის 15დეკემბრის კანონი №4048- სსმ I, №75, 27.12.2010 წ., მუხ.468

    მუხლი 172 . ხანგრძლივი პაემნის უფლება

1. ხანგრძლივი პაემანი არის მსჯავრდებულის ამ მუხლის მე-2 ნაწილით  განსაზღვრულ პირებთან ერთად ცხოვრება თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ტერიტორიაზე, ამისათვის სპეციალურად გამოყოფილ ოთახში, მსჯავრდებულის ან ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული პირების ხარჯით, ადმინისტრაციის წარმომადგენლის დაუსწრებლად. ხანგრძლივი პაემნის საფასური ძირითადად ხმარდება მისი მიზნების განხორციელებას და ფუნქციების შესრულებას.

2. მსჯავრდებულს მისი წერილობითი თხოვნის საფუძველზე შეიძლება მიეცეს შვილთან , ნაშვილებნ, მეუღლესთან , მშობელთან ( მშვილებელთან) , დასთან და ძმასთან ხანგრძლივი პაემნის უფლება.

3. ხანგრძლივი პაემნის მოთხოვნის თაობაზე ადმინისტრაცია წერილობით უნდა იქნეს ინფორმირებული 2 კვირით ადრე. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულმა პირმა ადმინისტრაციას უნდა წარუდგინოს  ნათესაობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

4 . ადმინისტრაცია ხანგრძლივი პაემნის მოთხოვნის თაობაზე განცხადების მიღებიდან არა უგვიანეს 2 კვირისა უზრუნველყოფს ხანგრძლივი პაემნის ორგანიზებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს უარის თქმის მოტივირებული საფუძველი, რის თაობაზედაც განმცხადებელი 10 დღ ვადაში უნდა იქნეს ინფორმირებული.

5 . ხანგრძლივი პაემანი გრძელდება არა უმეტეს 24 საათისა.

6. ხანგრძლივი პაემანი არ ეძლევა დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულს, გარდა უვადო თავისუფლებააღკვეთილი მსჯავრდებულისა, აგრეთვე იმ მსჯავრდებულს, რომელიც არის საკარანტინო რეჟიმში, დაკისრებული აქვს დისციპლინური სახდელი ან/და შეფარდებული აქვს ადმინისტრაციული პატიმრობა .

7. ხანგრძლივი პაემნის უფლების მიცემის საკითხს წყვეტს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორი.

8. ხანგრძლივი პაემნის უფლების მიცემაზე თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორის თანხმობა ან მოტივირებული უარი  მსჯავრდებულს  წერილობით ეცნობება.

9. ხანგრძლივი პაემნის შეცვლა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უფლებით, ხანმოკლე პაემნით ან სატელეფონო საუბრით დაუშვებელია.

10. ხანგრძლივი პაემნისათვის სპეციალურად გამოყოფილი ოთახის პირობები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სანიტარიულ-ჰიგიენურ ნორმებს და არ უნდა ლახავდეს ადამიანის ღირსებას.

11. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებ ში ხანგრძლივი პაემნის უფლების განხორციელების პირობებს   და წესს  განსაზღვრავს მინისტრი.

საქართველოს 2011 წლის 25 თებერვლის კანონი №4259 ვებგვერდი, 10.03.2011წ.

    მუხლი 18. იურიდიული დახმარება

1. ბრალდებულს/მსჯავრდებულს აქვს დამცველთან ყოველგვარი შეზღუდვისა და ჩარევის გარეშე შეხვედრის უფლება. პატიმრობის/ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების თანამშრომლებს შეუძლიათ დამცველთან შეხვედრას დააკვირდნენ ვიზუალურად, ტექნიკური საშუალებით დისტანციური დაკვირვებისა და ჩაწერის პირობებში, მაგრამ მოსმენის გარეშე.

2. ბრალდებულს/მსჯავრდებულს შეუძლია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ისარგებლოს ადვოკატის მომსახურებით.

3. ამ მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებში აღნიშნულ პირებთან შეხვედრები არ შედის ამ კოდექსით განსაზღვრულ პაემნებში.

    მუხლი 19. სატელეფონო საუბარი, ამანათისა და ფულადი გზავნილის მიღება-გაგზავნა

1. ბრალდებულს/მსჯავრდებულს აქვს სატელეფონო საუბრის უფლება ამ კოდექსით დადგენილი წესით. პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებულ ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს შორის სატელეფონო საუბარი აკრძალულია.

2. სატელეფონო საუბარი ხორციელდება ბრალდებულის/ მსჯავრდებულის ხარჯით და ადმინისტრაციის კონტროლით.

3. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, მიიღოს ან გაუგზავნოს ამანათი და ფულადი გზავნილი ახლო ნათესავებს, ხოლო ადმინისტრაციის ნებართვით – სხვა პირებს. მიღებული ფულადი გზავნილი ბრალდებულს/მსჯავრდებულს ნაღდი ფულის სახით არ გადაეცემა და იგი ირიცხება მის ან, მისივე თანხმობით, ახლო ნათესავის პირად ანგარიშზე.

საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3619 - სსმ I, №51, 29.09.2010 წ., მუხ.332

    მუხლი 20. მასობრივი ინფორმაციის საშუალებები

1. ბრალდებულს/მსჯავრდებულს აქვს პრესის გაცნობისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა გამოყენების შესაძლებლობა. პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში, როგორც წესი, ხდება რადიო- და ტელეტრანსლაცია, ასევე შესაძლებელია ინტრანეტით სარგებლობა.

2. ბრალდებულს/მსჯავრდებულს, გარდა სამარტოო საკანში მოთავსებული ბრალდებულისა/მსჯავრდებულისა, ეძლევა რადიოტრანსლაციის მოსმენისა და ტელეტრანსლაციის ნახვის უფლება სამუშაოსაგან თავისუფალ დროს, გარდა ღამის საათებისა. ბრალდებულს/მსჯავრდებულს ან ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ჯგუფს ადმინისტრაციის თანხმობით, დაწესებულების ტიპით გათვალისწინებული შეზღუდვების შესაბამისად, შეიძლება ჰქონდეს პირადი რადიომიმღები და ტელევიზორი, თუ მათი გამოყენება არ არღვევს პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დებულების მოთხოვნებს და სხვა ბრალდებულთა/ მსჯავრდებულთა სიმშვიდეს. მან აღნიშნული ტექნიკა შეიძლება შეიძინოს თავისი ხარჯით ან მიიღოს ახლო ნათესავისაგან.

3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ტექნიკის გამოყენების პირობები განისაზღვრება პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დებულებით. დებულების მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში ადმინისტრაცია უფლებამოსილია ჩამოართვას ბრალდებულს/ მსჯავრდებულს ტექნიკა და გადასცეს მის ახლო ნათესავს.

4. ბრალდებულს/მსჯავრდებულს შეუძლია საკუთარი სახსრებით, გონივრული ოდენობით გამოიწეროს სამეცნიერო, სამეცნიერო-პოპულარული, რელიგიური და მხატვრული ლიტერატურა, ჟურნალ-გაზეთები, მიიღოს საწერი საშუალებები, გარდა მინისტრის ბრძანებით გათვალისწინებული აკრძალული ნივთებისა.

    მუხლი 21. ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი ჰიგიენა

1. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, დაიკმაყოფილოს ბუნებრივი ფიზიოლოგიური მოთხოვნები და დაიცვას პირადი ჰიგიენა პატივისა და ღირსების შეულახავად.

2. როგორც წესი, ბრალდებული/მსჯავრდებული უზრუნველყოფილი უნდა იყოს შხაპის კვირაში ორჯერ მიღების შესაძლებლობით, ასევე საპარიკმახერო მომსახურებით არანაკლებ თვეში ერთხელ. ადმინისტრაციას ეკრძალება მოსთხოვოს ბრალდებულს/მსჯავრდებულს თმის მთლიანი გადაპარსვა, თუ არ არსებობს ექიმის მოთხოვნა ან ჰიგიენური აუცილებლობა.

    მუხლი 22. ბრალდებულის/მსჯავრდებულის ტანსაცმელი და თეთრეული

1. თუ ბრალდებულს/მსჯავრდებულს არა აქვს პირადი ტანსაცმელი, ადმინისტრაცია უზრუნველყოფს მას სეზონის შესაფერისი სპეციალური ტანსაცმლით, რომელიც თავისი ფორმით არ უნდა ლახავდეს ადა-მიანის ღირსებას. 

2. აუცილებლობის შემთხვევაში მსჯავრდებულს ეძლევა სამუშაო ტანსაცმელი.

3. ბრალდებულს/მსჯავრდებულს პირად სარგებლობაში უნდა ჰქონდეს საწოლი და თეთრეული, რომელიც მას უნდა გადაეცეს სუფთა და დაუზიანებელი. ადმინისტრაციამ უნდა უზრუნველყოს თეთრეულის სისუფთავე.

4. ადმინისტრაციას შეუძლია მსჯავრდებულს მისცეს სპეციალური ტანსაცმელი, რომელიც თავისი ფორმით არ უნდა ლახავდეს ადამიანის ღირსებას. ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის სპეციალური ტანსაცმლის ტარება სავალდებულოა.   

    მუხლი 23. ბრალდებულის/მსჯავრდებულის კვება

1. პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში საკვები უნდა შეიცავდეს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის აუცილებელ კომპონენტებს. აკრძალულია ბრალდებულის/მსჯავრდებულის დასჯის მიზნით საკვების კალორიულობის შემცირება.

2. ბრალდებულის/მსჯავრდებულის კვების ნორმები განისაზღვრება მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.

3. ბრალდებული/მსჯავრდებული ადმინისტრაციამ ყოველდღიურად უნდა უზრუნველყოს სამჯერადი კვებით.

4. ორსულ ქალებს, მეძუძურ დედებს, არასრულწლოვნებს, ავადმყოფებს, მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, ხანდაზმულებს (ქალებს – 60 წლიდან, მამაკაცებს – 65 წლიდან) უნდა შეექმნათ მათი მდგომარეობის შესაბამისი კვების პირობები.

5. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, პატიმრობის/ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიაში შეიძინოს დამატებითი კვების პროდუქტები და პირველადი მოხმარების საგნები იმ თანხით, რომელიც მან გამოიმუშავა პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მუშაობისას ან მის პირად ანგარიშზე ჩარიცხეს ახლო ნათესავებმა ან სხვა პირებმა. დამატებითი კვების პროდუქტებისა და პირველადი მოხმარების საგნების შესაძენად ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ საკუთარი სახსრების გამოყენება დაიშვება მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში, მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით.

6. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, დეპარტამენტის თავმჯდომარის ნებართვით მიიღოს დამატებითი კვების პროდუქტები და პირველადი მოხმარების საგნები ამანათის სახით.

7. ბრალდებულს/მსჯავრდებულს შეუზღუდავი რაოდენობით უნდა ჰქონდეს სუფთა სასმელი წყალი.

    მუხლი 24. ბრალდებულის/მსჯავრდებულის ჯანმრთელობის დაცვის უფლება

1. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, ისარგებლოს საჭირო სამედიცინო მომსახურებით. ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის საჭიროების შემთხვევაში ხელმისაწვდომი უნდა იყოს პატიმრობის/ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში ნებადართული სამკურნალო საშუალებები. მოთხოვნის შემთხვევაში ბრალდებულს/მსჯავრდებულს აქვს პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების მიერ შეძენილზე მეტი ღირებულების ან ანალოგიური თვისებების მქონე სამკურნალო საშუალების საკუთარი სახსრებით შეძენის უფლება. დასაბუთებული მოთხოვნის შემთხვევაში, დეპარტამენტის თავმჯდომარის ნებართვით ბრალდებულს/ მსჯავრდებულს აქვს პირადი ექიმის საკუთარი სახსრებით მოწვევის უფლება.

2. პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიღებისას სავალდებულოა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება, რის შესახებაც დგება ცნობა, რომელიც შემდგომ მის პირად საქმეში ინახება.

    მუხლი 25. გასეირნება

1. მსჯავრდებულს, რომელიც სასჯელს იხდის დახურული ტიპის დაწესებულებაში, მოთავსებულია დაწესებულების საკნის ტიპის საცხოვრებელ სადგომში, არ მუშაობს სუფთა ჰაერზე, აქვს სუფთა ჰაერზე ამ კოდექსით დადგენილი ხანგრძლივობით ყოფნის უფლება.

2. ბრალდებულის/მსჯავრდებულის გასეირნება ხდება დღის საათებში, პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების მიერ საამისოდ გამოყოფილ ადგილზე. გასეირნება შეიძლება ვადამდე შეწყდეს ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დებულების მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში.

    მუხლი 26. მსჯავრდებულის მიერ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დროებით დატოვება განსაკუთრებულ, პირად გარემოებებთან დაკავშირებით

1. ადმინისტრაციამ შეიძლება უფლება მისცეს მსჯავრდებულს, განსაკუთრებულ, პირად გარემოებებთან დაკავშირებით დროებით დატოვოს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება, თუ მიღებულია სარწმუნო ცნობა მისი ახლო ნათესავის გარდაცვალების ან სიცოცხლისათვის საშიში ავადმყოფობის თაობაზე.

2. განსაკუთრებულ, პირად გარემოებებთან დაკავშირებით თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დროებით დატოვების უფლების მისაღებად მსჯავრდებული, მისი დამცველი/კანონიერი წარმომადგენელი ან ახლო ნათესავი შუამდგომლობით მიმართავს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორს. შუამდგომლობაში უნდა მიეთითოს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დროებით დატოვების მოტივი და ადგილი, სადაც მსჯავრდებულმა უნდა გაატაროს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ყოფნისათვის განკუთვნილი დრო (დანიშნულების ადგილი).

3. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დროებით დატოვების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 3 დღეს, რომელშიც შედის მსჯავრდებულის დანიშნულების ადგილამდე მგზავრობის დროც.

4. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დროებით დატოვების ვადა შედის სასჯელის მოხდის საერთო ვადაში.

5. დეპარტამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დროებით დატოვების უფლება მსჯავრდებულს ეძლევა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორის წარდგინებით და მისი პიროვნებისა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის გათვალისწინებით. საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში დეპარტამენტის თავმჯდომარე ადგენს მსჯავრდებულის გამცილებელ თანამშრომელთა რაოდენობას. გაცილება ხორციელდება თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან დანიშნულების ადგილამდე და უკან.

6. მსჯავრდებულის მიერ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დროებით დატოვების ხარჯები გადაიხდება მისი ან მისი ოჯახის სახსრებით, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც დაკავშირებულია მსჯავრ-დებულის გაყვანასთან საგამოძიებო ან სხვა საპროცესო მოქმედებაში მონაწილეობის მისაღებად.

7. მსჯავრდებულის მიერ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დროებით დატოვების წესსა და პირობებს ადგენს მინისტრი.

    მუხლი 27. მსჯავრდებულის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლა

1. მსჯავრდებულს, რომელიც სასჯელს იხდის ნახევრად ღია ტიპის დაწესებულებაში და რომლის მიმართაც არ მოქმედებს დისციპლინური სახდელი ან ადმინისტრაციული პატიმრობა, უფლება აქვს, წელიწადში ორჯერ ისარგებლოს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უფლებით. არასრულწლოვნებს, აგრეთვე ფეხმძიმე ქალებს და 3 წლამდე ბავშვების დედებს უფლება აქვთ, წელიწადში სამჯერ ისარგებლონ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უფლებით. ხანმოკლე გასვლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 5 დღეს, რომელშიც შედის მსჯავრდებულის დანიშნულების ადგილამდე მგზავრობის დროც.

2. მსჯავრდებულის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლა ფორმდება დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანებით. მსჯავრდებულს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უფლება ეძლევა მას შემდეგ, რაც მან ფაქტობრივად მოიხადა:

ა) ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის ვადის არანაკლებ ნახევარი;

ბ) მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის ვადის არანაკლებ ორი მესამედი;

გ) განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის ვადის არანაკლებ სამი მეოთხედი.

3. არასრულწლოვან მსჯავრდებულს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უფლება ეძლევა მას შემდეგ, რაც მან ფაქტობრივად მოიხადა:

ა) ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის ვადის არანაკლებ ერთი მესამედი;

ბ) მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის ვადის არანაკლებ ნახევარი;

გ) განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის ვადის არანაკლებ ორი მესამედი.

4. მსჯავრდებულს, რომელიც სასჯელს იხდის დახურული ტიპის დაწესებულებაში, დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უფლებას აძლევს დეპარტამენტის თავმჯდომარე, თუ დაკმაყოფილებულია ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული პირობები და, ამასთანავე, მსჯავრდებული დახურული ტიპის დაწესებულებაში განთავსებულია:

ა) სამეურნეო მომსახურებაში ჩარიცხვის გამო;

ბ) პირადი უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე;

გ) გადამდები ინფექციური დაავადების გამო.

5. განსაკუთრებულ შემთხვევაში, დეპარტამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული ვადების მიუხედავად, შესაძლებელია მსჯავრდებულს მიეცეს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უფლება.

6. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უფლების მისაღებად მსჯავრდებული, მისი დამცველი/კანონიერი წარმომადგენელი ან ახლო ნათესავი შუამდგომლობით მიმართავს დეპარტამენტის თავმჯდომარეს. შუამდგომლობაში უნდა მიეთითოს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის მოტივი და ადგილი, სადაც მსჯავრდებულმა უნდა გაატაროს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ფარგლების გარეთ ყოფნის დრო (შემდგომში – დანიშნულების ადგილი).

7. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის შუამდგომლობის განხილვისას მხედველობაში მიიღება:

ა) მსჯავრდებულის პიროვნება;

ბ) ოჯახური მდგომარეობა;

გ) მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე;

დ) დანიშნულების ადგილი;

ე) სხვა მნიშვნელოვანი გარემოებები, რომლებიც დადებითად ან უარყოფითად ახასიათებს მსჯავრდებულს.

8. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის შუამდგომლობის განხილვისას დეპარტამენტის თავმჯდომარეს შეუძლია გამოიყენოს შემდეგი უზრუნველყოფის ღონისძიებები:

ა) გირაო – არანაკლებ 2000 ლარისა;

ბ) პირადი თავდებობა;

გ) ელექტრონული კონტროლის (მონიტორინგის) საშუალება.

9. შესაძლებელია თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უზრუნველყოფის ღონისძიებათა ერთად გამოყენება.

10. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის ვადა შედის სასჯელის მოხდის საერთო ვადაში.

11. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის შემთხვევაში მსჯავრდებული პირველივე დღეს უნდა გამოცხადდეს პრობაციის ბიუროში, სადაც დააფიქსირებს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის დაწყების დროს. თუ ობიექტური მიზეზებით მსჯავრდებული განსაზღვრულ ვადაში ვერ ახერხებს დაწესებულებაში დაბრუნებას, პრობაციის ბიურო უფლებამოსილია გაუგრძელოს მას ვადა არა უმეტეს 2 დღისა.

12. მსჯავრდებულის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის ხარჯები, გარდა ელექტრონული კონტროლის (მონიტორინგის) მექანიზმის გამოყენების ხარჯებისა, გადაიხდება მსჯავრდებულის ან მისი ახლო ნათესავის სახსრებით.

13. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის შესახებ მსჯავრდებულის მოთხოვნის არდაკმაყოფილების შემთხვევაში დეპარტამენტის თავმჯდომარის მოტივირებული უარი შეიძლება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით გასაჩივრდეს სასამართლოში.

14. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის წესს, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის აღსრულების წესს განსაზღვრავს მინისტრი.

    მუხლი 28. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უზრუნველყოფის ღონისძიებები – გირაო და პირადი თავდებობა

1. გირაო არის ფულადი თანხა. ფულადი თანხა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხან-მოკლე გასვლის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დეპოზიტზე შეაქვს მსჯავრდებულის დამცველს/კანონიერ წარმომადგენელს, მსჯავრდებულის ოჯახის წევრს ან მისი სახელით სხვა პირს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებისათვის მიცემული წერილობითი ვალდებულებით მსჯავრდებულის სათანადო ქცევისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში დადგენილ ვადაში გამოცხადების უზრუნველყოფის თაობაზე. გირაოს მიღების შესახებ დგება ოქმი, რომლის ერთი ასლი გადაეცემა გირაოს შემტანს.

2. დეპარტამენტის თავმჯდომარე ითვალისწინებს გირაოს შემტანის პიროვნებას და მის ფინანსურ მდგომარეობას.

3. დეპარტამენტის თავმჯდომარის მიერ შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში გირაო 3 დღის ვადაში შეიტანება თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დეპოზიტზე.

4. გირაოს შეტანის წინ მის შემტანს აფრთხილებენ წერილობითი ვალდებულებით განსაზღვრული პირობების შეუსრულებლობის შესაძლო შედეგების შესახებ.

5. თუ მსჯავრდებულმა, რომელიც იმყოფება თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის რეჟიმში, არასაპატიო მიზეზით თავი აარიდა ვადის გასვლის შემდეგ დაწესებულებაში დაბრუნებას ან ჩაიდინა ახალი დანაშაული, მის მიმართ გამოყენებული იქნება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა გადაირიცხება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.

6. მსჯავრდებულის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის ვადის დაცვის, ნაკისრი ვალდებულების ზუსტად და კეთილსინდისიერად შესრულების შემთხვევაში გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა 2 კვირის ვადაში დაუბრუნდება მის შემტანს.

7. პირადი თავდებობისას მსჯავრდებულის დამცველი/კანონიერი წარმომადგენელი, ახლო ნათესავი ან მისი სახელით სხვა პირი იღებს წერილობით ვალდებულებას, რომ ის უზრუნველყოფს მსჯავრდებულის სათანადო ქცევას და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში დადგენილ ვადაში გამოცხადებას.

8. თავდებთა რაოდენობას განსაზღვრავს დეპარტამენტის თავმჯდომარე. გამონაკლის შემთხვევაში თავდები შეიძლება იყოს ერთი, განსაკუთრებით სანდო პირი.

9. პირადი თავდებობის არჩევა დასაშვებია მხოლოდ თავდებთა შუამავლობით ან თანხმობით, აგრეთვე მსჯავრდებულის თანხმობით. თითოეული თავდები იძლევა ხელწერილს თავდებობის შესახებ, რომელიც დაერთვის მსჯავრდებულის პირად საქმეს.

10. თავდებს ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში უფლება არა აქვს, თავი იმართ-ლოს იმით, რომ მსჯავრდებულის ქცევის კონტროლის შესაძლებლობა არ ჰქონდა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ის დაამტკიცებს დაუძლეველი ძალის მოქმედებას.

11. თუ მსჯავრდებული ჩაიდენს ქმედებას, რომლის აღსაკვეთადაც გამოყენებული იქნა თავდებობა, თითოეულ თავდებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაეკისრება ფულადი ჯარიმა არანაკლებ 10 000 ლარისა.

    მუხლი 29. ბრალდებულის/მსჯავრდებულის მატერიალური პასუხისმგებლობა

1. ბრალდებულს/მსჯავრდებულს, რომელიც პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში მატერიალურ ზიანს მიაყენებს სახელმწიფოს, იურიდიულ ან ფიზიკურ პირს, ეკისრება მატერიალური პასუხისმგებლობა:

ა) შრომითი ვალდებულებების შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის – შრომის კანონმდებლობით გათვალისწინებული ოდენობით;

ბ) სხვა ქმედებით მიყენებული ზიანისათვის – სამოქალაქო კანონმდებლობით გათვალისწინებული ოდენობით.

2. ბრალდებულმა/მსჯავრდებულმა უნდა აანაზღაუროს პატიმრობის/ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებისათვის მიყენებული ზიანი, დაწესებულებიდან მისი გაქცევის აღკვეთასთან დაკავშირებული დამატებითი ხარჯები, ასევე დაკისრებული ვალდებულებებისათვის თავის არიდების მიზნით თვითდაზიანების შემთხვევაში საჭირო მკურნალობის ხარჯები.

3. თუ ბრალდებული/მსჯავრდებული ნებაყოფლობით არ აანაზღაურებს ზიანს, იგი განხილული იქნება სამოქალაქო სამართალწარმოების წესით. არასწორად გადახდევინებული თანხა უბრუნდება ბრალდებულს/მსჯავრდებულს და ირიცხება მის პირად ანგარიშზე.

4. ბრალდებულის/მსჯავრდებულის ქმედებით პატიმრობის/ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ტერიტორიაზე პირის ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენებისას გადაუდებელი მკურნალობა ხორციელდება სახელმწიფოს ხარჯით.

    მუხლი 30. ბრალდებულის/მსჯავრდებულის მოვალეობები

1. ბრალდებული/მსჯავრდებული, თავისი სამართლებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, ვალდებულია დაემორჩილოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების წესებსა და პირობებს, შეასრულოს მისთვის დაკისრებული მოვალეობანი და ადმინისტრაციის კანონიერი მოთხოვნები. 

2. ბრალდებული/მსჯავრდებული ვალდებულია:

ა) დაიცვას პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დებულება და შეასრულოს ადმინისტრაციის კანონიერი მოთხოვნები;

ბ) დაიცვას პირადი ჰიგიენა, სუფთად და წესრიგში იქონიოს ტანსაცმელი, საწოლი და საცხოვრებელი სადგომი;

გ) სურვილის შემთხვევევაში იმუშაოს მხოლოდ ადმინისტრაციის მიერ გამოყოფილ სამუშაო ადგილზე, ამ კოდექსითა და პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დებულებით დადგენილი პირობებით.

თავი IV. პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების მონიტორინგი

    მუხლი 31. პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოების შემოწმება და მონიტორინგი

დეპარტამენტის, პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების შიდა უწყებრივ შემოწმებასა და მონიტორინგს თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სამინისტროს შესაბამისი სამსახური.

    მუხლი 32. სპეციალური პრევენციული ჯგუფი

დეპარტამენტის, პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების მიერ წამების, არაადამიანური მოპყრობისა და სასჯელის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის მიზნით განხორციელებულ საქმიანობას „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი წესით ზედამხედველობს სპეციალური პრევენციული ჯგუფი.

თავი V. ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიღების წესი და პირადი საქმის წარმოება

საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3619 - სსმ I, №51, 29.09.2010 წ., მუხ.332

    მუხლი 33. ბრალდებულის/მსჯავრდებულის პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსების საფუძველი

1. ბრალდებულის პატიმრობის დაწესებულებაში მოსათავსებლად აუცილებელია სასამართლოს გადაწყვეტილება პირისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შესახებ და ბრალდებულის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

2. მსჯავრდებულის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოსათავსებლად აუცილებელია სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი, რომლითაც მას შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა, და მსჯავრდებულის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

    მუხლი 34. შეტყობინება პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების ადგილის შესახებ

1. ადმინისტრაცია ვალდებულია ბრალდებულის მიღების შესახებ აცნობოს გამომძიებელს, პროკურორს, სასამართლოს და ბრალდებულის ახლო ნათესავს მისი მიღებიდან არა უგვიანეს 3 დღისა.

2. ადმინისტრაცია ვალდებულია მსჯავრდებულის თავისუფლების აღკვეთის აღსრულების ადგილზე მიღების შესახებ აცნობოს განაჩენის გამომტან სასამართლოს და მსჯავრდებულის ახლო ნათესავს მისი მიღებიდან არა უგვიანეს 3 დღისა.

    მუხლი 35. ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რეესტრები

1. ბრალდებული, რომელიც პატიმრობის დაწესებულებაში მიიღება ამ კოდექსის შესაბამისად, აღირიცხება ბრალდებულთა რეესტრში, ხოლო მსჯავრდებული, რომელიც თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაიგზავნება ამ კოდექსის შესაბამისად, აღირიცხება მსჯავრდებულთა რეესტრში. ბრალდებულთა/მსჯავრ-დებულთა რეესტრების წარმოების წესს განსაზღვრავს მინისტრი.

2. პატიმრობის დაწესებულებაში ბრალდებულის მიღებისას სავალდებულოა მისი ფოტოგრაფირება და დაქტილოსკოპირება. ფოტოსურათები და მათი ნეგატივები, აგრეთვე დაქტილოსკოპიური ბარათი და სიტყვიერი პორტრეტი ბარათის მიხედვით ინახება ბრალდებულის პირად საქმეში, რომელიც მსჯავრდების შემთხვევაში გადაიგზავნება შესაბამის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში.

    მუხლი 36. ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი საქმე

1. ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი საქმე დგება მისი დაპატიმრებიდან გათავისუფლებამდე. გათავისუფლების შემდეგ პირადი საქმე ინახება პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების არქივში. პირადი საქმის წარმოების წესს, საქმისთვის დასართავი დოკუმენტების ჩამონათვალს და არქივში მისი შენახვის ვადას განსაზღვრავს მინისტრი.

2. ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირად საქმეში უნდა იყოს მონაცემები მისი წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ.

3. ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი საქმის შევსების კონტროლსა და ზედამხედველობას ახორციელებს ადმინისტრაცია.

4. ბრალდებულის/მსჯავრდებულის სხვა პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაყვანისას მისი პირადი საქმე გადაიგზავნება შესაბამის დაწესებულებაში.

5. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, გაეცნოს თავის პირად საქმეს. ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი საქმის გაცნობის უფლება აქვს აგრეთვე სპეციალურად უფლებამოსილ პირს. ასეთ პირთა ნუსხას ამტკიცებს მინისტრი.

საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3619 - სსმ I, №51, 29.09.2010 წ., მუხ.332

თავი VI. სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლება

    მუხლი 37. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან გათავისუფლების საფუძვლები

1. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან მსჯავრდებული თავისუფლდება:

ა) სასჯელის მოხდის შემდეგ;

ბ) სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლებისას;

გ) სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლისას;

დ) განაჩენის კანონით დადგენილი წესით შეცვლის ან გაუქმების გამო;

ე) ამნისტიით ან შეწყალებით;

ვ) ავადმყოფობის ან ხანდაზმულობის ასაკის გამო, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში;

ზ) სასამართლოს მიერ განაჩენის აღსრულების გადავადების შემთხვევაში.

2. იმ მძიმე და განუკურნებელ დაავადებათა ჩამონათვალს, რომლებიც სასჯელის მოხდისგან გათავისუფლების საფუძველია, ამტკიცებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი.

    მუხლი 38. გათავისუფლების საერთო წესი

1. გათავისუფლებული მსჯავრდებული ამ კოდექსის შესაბამისად თავისუფლდება სასჯელის მოხდის დამთავრების დღის წინა დღეს. თუ გათავისუფლების დღე ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, მსჯავრდებული თავისუფლდება წინა სამუშაო დღეს. გათავისუფლებისას მას მიეცემა სათანადო ცნობა.

2. გათავისუფლებულ მსჯავრდებულს უბრუნდება პირადი ნივთები და ტანსაცმელი, რომლებიც ინახებოდა ადმინისტრაციაში.

3. თუ გათავისუფლებულ მსჯავრდებულს არა აქვს პირადი ტანსაცმელი ან იგი არ შეეფერება სეზონს, მას შესაფერის ტანსაცმელს უსასყიდლოდ გადასცემს ადმინისტრაცია.

4. მსჯავრდებულს მის პირად ანგარიშზე დაგროვილი თანხის სრული განკარგვის უფლება ეძლევა გათავისუფლებისას.

5. ადმინისტრაცია ვალდებულია მსჯავრდებულს 1 თვით ადრე შეატყობინოს, როდის აქვს უფლება, მიმართოს სამინისტროს ადგილობრივ საბჭოს სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლებასთან და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლასთან დაკავშირებით.

საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3619 - სსმ I, №51, 29.09.2010 წ., მუხ.332

    მუხლი 39. ავადმყოფობისა და ხანდაზმულობის ასაკის გამო გათავისუფლება

1. ავადმყოფობისა და ხანდაზმულობის ასაკის გამო მსჯავრდებულის გასათავისუფლებლად მსჯავრდებული, მისი კანონიერი წარმომადგენელი ან თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორი კანონით დადგენილი წესით, მსჯავრდებულის გათავისუფლების შესახებ საექიმო დასკვნის საფუძველზე მიმართავს სამინისტროს და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთობლივ მუდმივმოქმედ კომისიას.

2. სამინისტროს და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთობლივი მუდმივმოქმედი კომისიის შექმნისა და საქმიანობის წესი, აგრეთვე უფლებამოსილება განისაზღვრება კომისიის დებულებით, რომელიც მტკიცდება მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.

    მუხლი 40. სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლება

1. მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლება შეიძლება მხოლოდ მაშინ, თუ მან ფაქტობრივად მოიხადა:

ა) ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის ვადის არანაკლებ ნახევარი;

ბ) მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის ვადის არანაკლებ ორი მესამედი;

გ) განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის ვადის არანაკლებ სამი მეოთხედი;

დ) სამი მეოთხედი სასჯელისა, რომელიც დანიშნული ჰქონდა პირს, რომელიც წინათ პირობით ვადამდე გაათავისუფლეს და პირობით ვადამდე გათავისუფლება გაუქმდა ამ მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე.

2. არასრულწლოვანი მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლება შეიძლება მხოლოდ მაშინ, თუ მან ფაქტობრივად მოიხადა:

ა) ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის ვადის არანაკლებ ერთი მესამედი;

ბ) მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის ვადის არანაკლებ ნახევარი;

გ) განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის ვადის არანაკლებ ორი მესამედი.

3. მსჯავრდებულის მიერ ფაქტობრივად მოხდილი თავისუფლების აღკვეთის ვადა არ უნდა იყოს 6 თვეზე ნაკლები.

4. სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლებული მსჯავრდებულის ყოფაქცევის კონტროლს ახორციელებს საამისოდ უფლებამოსილი პრობაციის ბიურო, ხოლო მსჯავრდებული სამხედრო მოსამსახურის ყოფაქცევისა – სამხედრო ნაწილის ხელმძღვანელობა.

5. თუ მსჯავრდებულმა სასჯელის მოუხდელ ვადაში:

ა) სისტემატურად ან/და უხეშად თავი აარიდა პირობით ვადამდე გათავისუფლებისას მისთვის დაკისრებული მოვალეობის შესრულებას, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ გაუქმდეს პირობით ვადამდე გათავისუფლება და აღსრულდეს სასჯელის მოუხდელი ნაწილი;

ბ) გაუფრთხილებლობითი დანაშაული ჩაიდინა, პირობით ვადამდე გათავისუფლების გაუქმების ან ძალაში დატოვების საკითხს წყვეტს სასამართლო;

გ) განზრახი დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო დაუნიშნავს მას სასჯელს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლით გათვალისწინებული წესით. იმავე წესით დაინიშნება სასჯელი გაუფრთხილებლობითი დანაშაულის ჩადენისათვის, თუ სასამართლო გააუქმებს პირობით ვადამდე გათავისუფლებას.

6. მსჯავრდებული უვადო თავისუფლების აღკვეთის მოხდისგან შეიძლება გათავისუფლდეს, თუ მან ფაქტობრივად მოიხადა თავისუფლების აღკვეთის 25 წელი.

7. მსჯავრდებულს, რომელიც პირობით ვადამდე გათავისუფლდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახით დანიშნული სასჯელის მოხდისგან, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახით ფაქტობრივად მოხდილი სასჯელის ვადა ჩაეთვლება ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ ვადაში, შემდეგი გაანგარიშებით: საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის ორი დღე – თავისუფლების აღკვეთის ერთი დღე.

     მუხლი 41. სამინისტროს ადგილობრივი საბჭო

1. სამინისტროს ადგილობრივი საბჭო (შემდგომში – საბჭო) არის სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლებასთან და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლასთან დაკავშირებული საკითხების განმხილველი ორგანო.

2. საბჭოს წევრთა რაოდენობა, საბჭოების რაოდენობა და ტერიტორიული განსჯადობა განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით. საბჭოს დებულებას ამტკიცებს მინისტრი.

3. საბჭოს წევრი ინიშნება ან მტკიცდება მინისტრის ბრძანებით, სამინისტროს მუდმივმოქმედი კომისიის თანხმობით. საბჭოს წევრი შეიძლება იყოს პირი, რომელსაც აქვს სათანადო განათლება და პროფესიული გამოცდილება, აგრეთვე საქმიანი და მორალური თვისებებით შეუძლია შეასრულოს საბჭოს წევრის ფუნქციები.

4. საბჭოს წევრი თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციას, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებასა და შეთანხმებას და ამ კოდექსს.

5. საბჭოს წევრი ინიშნება 6 თვის ვადით. დასაშვებია პირის ხელმეორედ დანიშვნა (დამტკიცება) საბჭოს წევრად. საბჭოს წევრი თანამდებობიდან თავისუფლდება მინისტრის ბრძანებით, სამინისტროს მუდმივმოქმედი კომისიის თანხმობით, ერთ-ერთი შემდეგი საფუძვლის არსებობისას:

ა) პირადი განცხადება;

ბ) სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ან შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონედ ცნობა, ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება;

გ) მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა;

დ) ამ მუხლით განსაზღვრული უფლებამოსილების ვადის გასვლა;

ე) გარდაცვალება;

ვ) 1 თვის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით საკუთარი მოვალეობის შეუსრულებლობა;

ზ) საბჭოს წევრად დანიშვნისას/დამტკიცებისას დაკავებული თანამდებობის შეცვლა ან თანამდებობიდან გათავისუფლება;

თ) საკუთარი მოვალეობის არაკეთილსინდისიერად ან/და არაჯეროვნად შესრულება.

6. საბჭოს განსჯად ტერიტორიაზე მდებარე დაწესებულებაში საბჭოს სხდომა შესაძლებელია ჩატარდეს ვიდეოკავშირის საშუალებათა გამოყენებით.

საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3 5 25 - სსმ I, №46, 04.08.2010 წ., მუხ.288

საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3619 - სსმ I, №51, 29.09.2010 წ., მუხ.332

    მუხლი 42. საბჭოს გადაწყვეტილება სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლების ან სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის შესახებ

1. მსჯავრდებულს, მის დამცველს/კანონიერ წარმომადგენელს, ახლო ნათესავს ან თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორს შეუძლია კანონით დადგენილი წესით წარუდგინოს საბჭოს მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლების ან სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის შესახებ საკითხის განსახილველად აუცილებელი დოკუმენტაცია და შესაბამისი შუამდგომლობა.

2. საბჭოს განხილვა ტარდება ზეპირი მოსმენით ან/და ზეპირი მოსმენის გარეშე, ადმინისტრაციული წარმოების წესების დაცვით. ზეპირი მოსმენის გარეშე საბჭო მინისტრის მიერ დადგენილი შეფასების კრიტერიუმების მიხედვით იღებს გადაწყვეტილებას შუამდგომლობაზე უარის თქმის ან საქმის ზეპირ მოსმენაზე განსახილველად დაშვების შესახებ.

3. შუამდგომლობის განხილვისას საბჭო ითვალისწინებს მსჯავრდებულის ქცევას სასჯელის მოხდის პერიოდში, მსჯავრდებულის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტებს, მსჯავრდებულის პიროვნებას, ოჯახურ მდგომარეობას, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათს, მიღწეულია თუ არა სასჯელის მიზანი, და სხვა გარემოებებს, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს საბჭოს გადაწყვეტილებაზე.

4. საბჭო მხოლოდ ზეპირი მოსმენით იღებს გადაწყვეტილებას მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლების ან მისთვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის შესახებ. გადაწყვეტილებაში აღინიშნება საქმის ძირითადი გარემოებები და მსჯავრდებულის რეკვიზიტები.

5. საბჭოს გადაწყვეტილება მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლების ან მისთვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლაზე უარის თქმის შესახებ შეიძლება ადმინისტრაციული წესით ერთჯერადად გასაჩივრდეს სასამართლოში.

6. თუ საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლების ან მისთვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლაზე უარის თქმის შესახებ, იმავე საკითხზე მსჯავრდებულის შუამდგომლობის ხელახლა განხილვა შეიძლება მხოლოდ 6 თვის შემდეგ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოსახდელი სასჯელის ვადა არ აღემატება 6 თვეს ან/და თუ არსებობს რაიმე განსაკუთრებული გარემოება. არასრულწლოვანი მსჯავრდებულის სასჯე-ლის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვა სავალდებულოა ყოველ 3 თვეში.

საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3619 - სსმ I, №51, 29.09.2010 წ., მუხ.332

    მუხლი 43. საბჭოს უფლებამოსილება სასჯელის მოუხდელი ნაწილის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით შეცვლის თაობაზე

1. საბჭო უფლებამოსილია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 73-ე მუხლის მე-3–მე-7 ნაწილებით გათვალისწინებული პირობების არსებობისას მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულისთვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით შეცვლის თაობაზე.

2. საბჭოს განხილვა ტარდება ზეპირი მოსმენით ან/და ზეპირი მოსმენის გარეშე, ადმინისტრაციული წარმოების წესების დაცვით. ზეპირი მოსმენის გარეშე საბჭო მინისტრის მიერ დადგენილი შეფასების კრიტერიუმების მიხედვით იღებს გადაწყვეტილებას შუამდგომლობაზე უარის თქმის ან საქმის ზეპირ მოსმენაზე განსახილველად დაშვების შესახებ.

3. თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულისთვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით შეცვლის თაობაზე შუამდგომლობით საბჭოს მიმართავს მსჯავრდებული, მისი დამცველი/კანონიერი წარმომადგენელი, ახლო ნათესავი ან თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორი. შუამდგომლობას ერთვის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის მოხდის ადგილის უფლებამოსილი პირის წერილობითი თანხმობა.

4. შუამდგომლობაში აღინიშნება: საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის შინაარსი, სასჯელის მოხდის წესი და პირობები, სასჯელის მოხდის ადგილი (გეოგრაფიული მდებარეობა, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დასახელება და საქმიანობა), მითითება იმის თაობაზე, თუ სად უნდა განთავსდეს მსჯავრდებული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომისაგან თავისუფალ დროს – სასჯელის მოხდის თუ სხვა ნებისმიერ ადგილზე, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის მოხდის ადგილის საკონტაქტო პირის ვინაობა, რომელიც უშუალოდ გაუწევს ზედამხედველობას მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდას, და მისი წერილობითი თანხმობა, აგრეთვე საკითხის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი სხვა გარემოებები.

5. შუამდგომლობის განხილვისას საბჭო ითვალისწინებს მსჯავრდებულის ქცევას სასჯელის მოხდის პერიოდში, მსჯავრდებულის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტებს, მსჯავრდებულის პიროვნებას, ოჯახურ მდგომარეობას, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათს, მიღწეულია თუ არა სასჯელის მიზანი, და სხვა გარემოებებს, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს საბჭოს გადაწყვეტილებაზე.

51. საბჭო მხოლოდ ზეპირი მოსმენით იღებს გადაწყვეტილებას თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულისთვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით შეცვლის შესახებ. გადაწყვეტილებაში აღინიშნება საქმის ძირითადი გარემოებები და მსჯავრდებულის რეკვიზიტები.

6. საბჭოს გადაწყვეტილება სასჯელის მოუხდელი ნაწილის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით შეცვლაზე უარის თქმის შესახებ შეიძლება ადმინისტრაციული წესით ერთჯერადად გასაჩივრდეს სასამართლოში.

საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3619 - სსმ I, №51, 29.09.2010 წ., მუხ.332

    მუხლი 44. სამინისტროს მუდმივმოქმედი კომისია

1. სამინისტროს მუდმივმოქმედი კომისია ახორციელებს საბჭოს საქმიანობაზე საერთო ზედამხედველობას, ასევე განიხილავს და წყვეტს ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა საკითხებს.

2. სამინისტროს მუდმივმოქმედი კომისია შედგება 7 წევრისაგან. კომისიის შემადგენლობაში შედიან:

ა) როტაციის წესით – საპარლამენტო უმრავლესობის ერთი წარმომადგენელი და უმრავლესობის გარეთ დარჩენილ პარლამენტის წევრთა ერთი წარმომადგენელი, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ერთი წარმომადგენელი და არასამთავრობო ორგანიზაციების ერთი წარმომადგენელი;

ბ) სამინისტროს სისტემის 3 თანამშრომელი.

3. სამინისტროს მუდმივმოქმედ კომისიაში არასამთავრობო ორგანიზაციების ერთი წარმომადგენლის კანდიდატურას მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს სამინისტროს საკოორდინაციო საბჭო. სამინისტროს საკოორდინაციო საბჭოს უფლება-მოვალეობები და საქმიანობა განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.

4. სამინისტროს მუდმივმოქმედი კომისიის შემადგენლობაში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელს და სამინისტროს სისტემის 3 თანამშრომელს ამტკიცებს მინისტრი, ხოლო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენელს ნიშნავს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი.

5. სამინისტროს მუდმივმოქმედი კომისიის შემადგენლობაში საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, უმრავლესობის გარეთ დარჩენილ პარლამენტის წევრთა წარმომადგენელი, სამინისტროს საკოორდინაციო საბჭოს მიერ წარდგენილი კანდიდატი და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენელი ექვემდებარებიან როტაციას ყოველი 1 წლის შემდეგ.

6. სამინისტროს მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარეს კომისიის შემადგენლობიდან (გარდა როტაციის წესით დანიშნული წევრებისა), ღია კენჭისყრით, სხდომაზე დამსწრე წევრების ხმათა უმრავლესობით ირჩევს კომისია.

7. სამინისტროს მუდმივმოქმედი კომისია პერიოდულად, მაგრამ არანაკლებ 3 თვეში ერთხელ, განიხილავს საბჭოს მიერ წარმოდგენილ ანგარიშებს სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლების და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის შესახებ გადაწყვეტილებათა თაობაზე. სამინისტროს მუდმივმოქმედ კომისიას შეუძლია საკუთარი ინიციატივით გამოითხოვოს საბჭოს მიერ განხილული ნებისმიერი საქმე, რომლითაც მსჯავრდებულს უარი ეთქვა სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე ან სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლაზე, და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. სამინისტროს მუდმივმოქმედი კომისიის გადაწყვეტილება შეიძლება ადმინისტრაციული წესით ერთჯერადად გასაჩივრდეს სასამართლოში.

8. სამინისტროს მუდმივმოქმედი კომისიის უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება კომისიის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი.

    მუხლი 45. ადმინისტრაციის მოვალეობები მსჯავრდებულის გათავისუფლებისას

თავისუფლების აღკვეთის ვადის ამოწურვამდე არა უგვიანეს 3 თვისა ადმინისტრაცია აცნობებს მსჯავრ-დებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს მსჯავრდებულის გათავისუფლების, მისი საცხოვრებელი ადგილის, შრომისუნარიანობისა და სპეციალობის შესახებ.

თავი VII. სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის აღსრულება

ზოგადი დებულებები

    მუხლი 46. თავისუფლების აღკვეთის აღსრულების ადგილი

1. მსჯავრდებული სასჯელს იხდის საქართველოს ტერიტორიაზე მდებარე თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში, გარდა საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

2. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ტიპს, ამ კოდექსის შესაბამისი ნორმების გათვალისწინებით, განსაზღვრავს დეპარტამენტის თავმჯდომარე.

3. მსჯავრდებული სასჯელს იხდის მისი ან მისი ახლო ნათესავის საცხოვრებელი ადგილიდან ყველაზე ახლოს მდებარე, შესაბამისი ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მისი იქ განთავსება შეუძლებელია დაწესებულების გადატვირთულობის გამო. გამონაკლის შემთხვევაში მსჯავრდებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, პირადი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ან/და მისი თანხმობის შემთხვევაში შეიძლება გადაყვანილ იქნეს სხვა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში.

    მუხლი 47. მსჯავრდებულის სასჯელის მოსახდელად გაგზავნა

1. სასამართლოს მიერ სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის შეფარდებიდან არა უგვიანეს 20 დღისა დეპარტამენტის თავმჯდომარე იღებს გადაწყვეტილებას, თუ რომელი ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში უნდა მოიხადოს მსჯავრდებულმა სასჯელი.

2. პატიმრობის დაწესებულების ადმინისტრაცია მსჯავრდებულს სასჯელის მოსახდელად გზავნის დეპარტამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილების ასლის მიღებიდან არა უგვიანეს 20 დღისა.

3. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მსჯავრდებულის გადაყვანის წესსა და პირობებს განსაზღვრავს მინისტრი.

4. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ადმინისტრაცია ვალდებულია მსჯავრდებულის მიღების შესახებ აცნობოს მის ახლო ნათესავს ან მსჯავრდებულის თხოვნით – სხვა პირს მიღებიდან არა უგვიანეს 3 დღისა.

საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3619 - სსმ I, №51, 29.09.2010 წ., მუხ.332

    მუხლი 48. მსჯავრდებულის დატოვება პატიმრობის დაწესებულებაში

1. მსჯავრდებული, რომელსაც თავისუფლების აღკვეთის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოხდა განესაზღვრა, მისივე წერილობითი თანხმობით, დადგენილი წესით შეიძლება დატოვებულ იქნეს პატიმრობის დაწესებულებაში სამეურნეო სამუშაოების შესასრულებლად. ამ შემთხვევაში მსჯავრდებულზე ვრცელდება ნახევრად ღია ტიპის დაწესებულებაში განთავსებული მსჯავრდებულისათვის განსაზღვრული უფლებები, რომელთა განხორციელებაც შესაძლებელია პატიმრობის დაწესებულებაში. პატიმრობის დაწესებულების ტერიტორიაზე მსჯავრდებულის გადაადგილების წესსა და პირობებს განსაზღვრავს მინისტრი.

2. სამეურნეო სამუშაოების შესასრულებლად მსჯავრდებულის პატიმრობის დაწესებულებაში დატოვება ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდებული პირისთვის ფორმდება დაწესებულების დირექტორის ბრძანებით, ხოლო მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდებული პირებისთვის, ასევე რეციდივის და საშიში რეციდივის შემთხვევებში – დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანებით, დაწესებულების დირექტორის წარდგინების საფუძველზე.

    მუხლი 49. მსჯავრდებულის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მიღების წესი

1. მსჯავრდებულის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მიღებას ახორციელებს ადმინისტრაცია დაწესებულების დებულებით დადგენილი წესით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი.

2. მსჯავრდებულს დაუყოვნებლივ, წერილობითი ფორმით, მისთვის გასაგებ ენაზე უნდა გააცნონ მისი უფლებები და მის მიმართ მოსამსახურეთა მოპყრობის წესები, ინფორმაციის მიღებისა და საჩივრის შეტანის წესები, დისციპლინური და სხვა სახის მოთხოვნები.

საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3619 - სსმ I, №51, 29.09.2010 წ., მუხ.332

    მუხლი 50. მსჯავრდებულთა განცალკევებით მოთავსება

1. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში, როგორც წესი, განცალკევებით ათავსებენ:

ა) ქალებს;

ბ) არასრულწლოვნებს;

გ) პირველად მსჯავრდებულებს;

დ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1431 ან/და 1432 მუხლით/მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულზე/დანაშაულებზე დაზარალებულად ცნობილ პირებს;

ე) პირებს, რომელთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას შეიძლება საფრთხე შეექმნას წარსული სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე;

ვ) განსაკუთრებით საშიშ პირებს, რომელთა პიროვნული თვისებები, კრიმინალური ავტორიტეტი, დანაშაულის ჩადენის მოტივი, დამდგარი მართლსაწინააღმდეგო შედეგი ან თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გამოვლენილი ქცევა მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებისა და მათ გარშემომყოფთა უსაფრთხოებას.

2. პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების სამკურნალო განყოფილებაში განცალკევებით ათავსებენ არამართვადი ინფექციური სენით დაავადებულებს.

3. მინისტრმა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით შეიძლება დააწესოს მსჯავრდებულთა განცალკევებით მოთავსების სხვა წესი.

    მუხლი 51. მსჯავრდებულის გადაყვანა იმავე ტიპის სხვა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში

1. სასჯელის შემდგომი მოხდის მიზნით მსჯავრდებულის გადაყვანა იმავე ტიპის სხვა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში ხდება დეპარტამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, მსჯავრდებულის ავადმყოფობის გამო, უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის, გადატვირთულობის ან სხვა მნიშვნელოვანი, დასაბუთებული გარემოების გამო.

2. მსჯავრდებულის იმავე ტიპის სხვა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაყვანის წესი და პირობები განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.

თავი VIII. პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დებულება

    მუხლი 52. პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დებულება

1. პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დებულებით გათვალისწინებული უნდა იყოს შემდეგი მოთხოვნები:

ა) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა იზოლაცია და მათი დაცვა;

ბ) ბრალდებულებზე/მსჯავრდებულებზე მუდმივი ზედამხედველობა;

გ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მიერ მათთვის დაკისრებული მოვალეობების შესრულება;

დ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა;

ე) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა და დაწესებულების პერსონალის პირადი უსაფრთხოების დაცვა;

ვ) სხვადასხვა კატეგორიის ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა განცალკევებით მოთავსება ამ კოდექსით დადგენილი წესით;

ზ) ბრალდებულის/მსჯავრდებულის დაწესებულებაში მიღების წესი;

თ) მუშაობისა და დასვენების დროს ბრალდებულის/მსჯავრდებულის ქცევის წესი;

ი) იმ სამუშაოებისა და თანამდებობების ჩამონათვალი, რომლებზედაც დაუშვებელია მსჯავრდებულის დასაქმება;

კ) იმ საგნებისა და ნივთების ჩამონათვალი და რაოდენობა, რომლებიც შეიძლება იქონიოს ბრალდებულმა/მსჯავრდებულმა;

ლ) იმ საგნების ამოღების წესი, რომელთა ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ გამოყენებაც დაუშვებელია;

მ) ჩხრეკის, შემოწმების ჩატარების, პაემნების მოწყობის, კორესპონდენციისა და გზავნილების მიღება-ჩაბარების წესები;

ნ) კვების პროდუქტების, პირველადი მოხმარების საგნებისა და ჰიგიენური საშუალებების ჩამონათვალი, რომლებიც შეიძლება შეიძინოს ბრალდებულმა/მსჯავრდებულმა პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების მომსახურების მიზნით შერჩეულ მაღაზიაში;

ო) ბრალდებულის/მსჯავრდებულის რელიგიურ რიტუალებში მონაწილეობის და სასულიერო პირებთან შეხვედრის წესი.

2. პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მისი დებულების დაცვის მიზნით დასაშვებია ბრალდებულის/მსჯავრდებულის და მისი მოთავსების ადგილის ჩხრეკა, ბრალდებულის/მსჯავრდებულის ნივთების შემოწმება. ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირად ჩხრეკას ახორციელებს იმავე სქესის პირი.

3. ადმინისტრაცია ვალდებულია შეამოწმოს იმ პირთა ნივთები, ტანსაცმელი და სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც შედიან პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში ან გადიან იქიდან.

4. ფული ან სხვა ფასეულობა, რომელიც ჩამოერთმევა ბრალდებულს/მსჯავრდებულს, მის გათავისუფლებამდე შესანახად გადაეცემა ადმინისტრაციას დაწესებულების დებულებით დადგენილი წესით.

5. პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დებულებას, ასევე შერეული ტიპის დაწესებულების დებულებას ამტკიცებს მინისტრი.

    მუხლი 53. პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის კონკრეტული დაწესებულების დღის განრიგი

პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის კონკრეტული დაწესებულების დღის განრიგს დაწესებულების დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს დეპარტამენტის თავმჯდომარე.

    მუხლი 54. კონტროლისა და ზედამხედველობის ტექნიკური საშუალებები

1. ადმინისტრაციას უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოიყენოს აუდიო-, ვიზუალური, ელექტრონული ან კონტროლის სხვა ტექნიკური საშუალებები დაწესებულებიდან გაქცევის, სხვა დანაშაულისა და სამართალდარღვევათა თავიდან აცილებისა და ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ყოფაქცევის შესახებ აუცილებელი ინფორმაციის მიღების მიზნით.

2. ადმინისტრაცია ვალდებულია გააფრთხილოს ბრალდებულები/ მსჯავრდებულები კონტროლისა და ზედამხედველობის ტექნიკური საშუალებების გამოყენების თაობაზე, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

    მუხლი 55. პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მომხდარი დანაშაულის გამოძიება და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა

1. პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მომხდარი დანაშაულის გამოძიება ხდება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.

2. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად პატიმრობის/ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში ხორციელდება ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებანი, რომელთა ამოცანაა დაწესებულების მოსამსახურეებისა და სხვა პირების, ასევე ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა პირადი უსაფრთხოების უზრუნველყოფა, დაწესებულებაში მომხდარი დანაშაულის გამოვლენა, სასჯელის მოხდის დადგენილი წესის დარღვევის თავიდან აცილება, დანაშაულის მზადების სტადიაში მისი თავიდან აცილება, დაწესებულებიდან გაქცეულ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დადგენილი წესით ძებნა, სხვა უფლებამოსილ ორგანოებთან ურთიერთმოქმედება მათი კომპეტენციის ფარგლებში.

3. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მომხდარ დანაშაულში ბრალდებულად ცნობილი პირი გადაჰყავთ პატიმრობის დაწესებულებაში.

    მუხლი 56. პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებისა და ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დაცვა

1. პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებას და ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს იცავს გარე დაცვის სამსახური, რომლის დებულებას ამტკიცებს მინისტრი.

2. გარე დაცვის სამსახურის მოსამსახურე არის სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მქონე პირი. გარე დაცვის სამსახურში შეიძლება ჩაირიცხოს წვევამდელი. მისი სამსახურის ვადა განისაზღვრება „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით.

3. გარე დაცვის სამსახურში წვევამდელის მიერ სამსახურის გავლა ითვლება სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლად და ხორციელდება „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. გარე დაცვის სამსახურში ჩასარიცხ პირთა შერჩევის და მათ მიერ სამსახურის გავლის წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.

31. გარე დაცვის სამსახურის უფლებამოსილება არ ვრცელდება დაწესებულების შიდა უსაფრთხოების სისტემაზე.

4. გარე დაცვის სამსახურის მოსამსახურის სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიები განისაზღვრება „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონით.

5. ცალკეულ შემთხვევებში დეპარტამენტის თავმჯდომარეს შეუძლია დეპარტამენტთან ან პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებასთან შექმნას გაძლიერებული დაცვის ჯგუფები.

საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3619 - სსმ I, №51, 29.09.2010 წ., მუხ.332

    მუხლი 57. უშიშროების ღონისძიებები დაწესებულებებში

1. ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ საკუთარი თავის, გარშემომყოფთა და ქონების დაზიანების თავიდან აცილების მიზნით დასაშვებია ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ ხელბორკილის ან დამაწყნარებელი პერანგის გამოყენება, სხვა ბრალდებულთაგან/ მსჯავრდებულთაგან მისი განცალკევება, დროებით სხვა პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაყვანა, სამარტოო საკანში მოთავსება არა უმეტეს 24 საათისა. უშიშროების ღონისძიების გამოყენება უნდა შეწყდეს დაუყოვნებლივ, იმ საფრთხის აღმოფხვრისთანავე, რომლის აღსაკვეთადაც ეს ღონისძიება გამოიყენებოდა.

2. ხელბორკილის ან დამაწყნარებელი პერანგის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორის ნებართვით და იმ შემთხვევაში, როდესაც კონტროლის სხვა საშუალებები არაეფექტიანია. ხელბორკილის ან დამაწყნარებელი პერანგის გამოყენების შესახებ დირექტორმა უნდა აცნობოს სამედიცინო მუშაკს. ქალთა და არასრულწლოვანთა მიმართ დამაწყნარებელი პერანგი არ გამოიყენება.

3. ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ ხელბორკილის გამოყენება დასაშვებია გადაყვანის დროს მისი გაქცევის თავიდან აცილების მიზნით.

4. თუ ბრალდებული/მსჯავრდებული თავს დაესხმება ან ჩაიდენს სხვა განზრახ მოქმედებას, რომელიც ემუქრება პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების მოსამსახურის ან სხვა პირის ჯანმრთელობას ან/და სიცოცხლეს, დასაშვებია დაწესებულების მოსამსახურის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება, თუ სხვა საშუალებით შეუძლებელია აღნიშნული მოქმედების აღკვეთა. გამოყენებული ძალა უნდა იყოს კანონიერი მიზნისა და იმ საფრთხის პროპორციული, რომელსაც ბრალდებული/მსჯავრდებული უქმნის გარშემომყოფთ.

5. პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან გაქცევის შემთხვევაში, გამონაკლისი ღონისძიების სახით, უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში დასაშვებია დაწესებულების მოსამსახურის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება, თუ სხვა საშუალებით შეუძლებელია აღნიშნული მოქმედების აღკვეთა. გამოყენებული ძალა უნდა იყოს კანონიერი მიზნისა და იმ საფრთხის პროპორციული, რომელიც შესაძლებელია საზოგადოებას დაემუქროს ბრალდებულის/მსჯავრდებულის გაქცევის შემთხვევაში. გამოყენებული ძალა უნდა იყოს მინიმალური, რაც აუცილებელია გაქცეული ბრალდებულის/მსჯავრდებულის შესაჩერებლად. ქალთა და არასრულწლოვანთა გაქცევის დროს ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება დაუშვებელია.

6. პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში უშიშროების ღონისძიებათა გამოყენების სხვა პირობები და გარემოებები რეგულირდება შესაბამისი დაწესებულების დებულებით, რომელიც არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ამ მუხლის ნორმებს.

7. უშიშროების ღონისძიების გამოყენების შემდეგ დაწესებულების ხელმძღვანელობამ ამავე დაწესებულების სამედიცინო პერსონალთან ერთად უნდა ჩაატაროს ბრალდებულის/მსჯავრდებულის სამედიცინო შემოწმება, რომლის შესახებაც დგება შესაბამისი აქტი.

8. პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში უშიშროების ღონისძიებებისა და მისი დებულების დაცვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შესაბამისი დაწესებულების დირექტორს.

საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3619 - სსმ I, №51, 29.09.2010 წ., მუხ.332

    მუხლი 58. განსაკუთრებული პირობები პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში

1. სტიქიური უბედურებისას, ქვეყანაში საგანგებო ან საომარი მდგომარეობის გამოცხადებისას, სიცოცხლისათვის საშიშ დაავადებათა ეპიდემიისას და მასობრივი არეულობისას, აგრეთვე თუ დაწესებულება დაზიანდა ან აღარ გამოდგება კანონით გათვალისწინებული მიზნებისათვის, პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში შეიძლება შემოღებულ იქნეს განსაკუთრებული პირობები.

2. დაწესებულებაში განსაკუთრებული პირობების შემოღებას ახორციელებს დეპარტამენტის თავმჯდომარე მინისტრთან წერილობითი შეთანხმებით, არა უმეტეს 15 დღის ვადით. აღნიშნული ვადა საჭიროების შემთხვევაში, მინისტრის თანხმობით შესაძლებელია გაგრძელდეს კიდევ 15 დღით.

3. ბრალდებულის/მსჯავრდებულის, დაწესებულების მოსამსახურის ან სხვა პირის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის აშკარა საფრთხის შექმნის შემთხვევაში დაწესებულების დირექტორს შეუძლია დამოუკიდებლად შემოიღოს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული განსაკუთრებული პირობები.

4. დაწესებულების დირექტორი ვალდებულია დაუყოვნებლივ შეატყობინოს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული განსაკუთრებული პირობების დამოუკიდებლად შემოღების თაობაზე დეპარტამენტის თავმჯდომარეს, რომელიც შეტყობინებიდან 24 საათის განმავლობაში, მინისტრის წერილობითი თანხმობით იღებს გადაწყვეტილებას განსაკუთრებული პირობების ძალაში დატოვების ან გაუქმების შესახებ.

5. თუ დაწესებულებაში განსაკუთრებული პირობების რეჟიმის დროს სხვა საშუალებებით ვერ ხერხდება შექმნილი ვითარების ლოკალიზება ან დაწესებულების უსაფრთხოების სამსახურის მიერ ამ დაწესებულებაში აკრძალული საგნების, ნივთიერებებისა და კვების პროდუქტების ამოღების მიზნით ფართო მასშტაბის ოპერატიულ-პროფილაქტიკური ღონისძიებების განხორციელება მაშინ, როდესაც არსებობს ჯგუფური დაუმორჩილებლობისა და მასობრივი არეულობის წარმოშობის დიდი საშიშროება, მინისტრის სათანადო მიმართვით და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით დაწესებულების დაცვა შეიძლება გაძლიერდეს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ქვედანაყოფებით.

6. დაწესებულებაში განსაკუთრებული პირობების შემოღების წესსა და პირობებს განსაზღვრავს მინისტრი ბრძანებით.

    მუხლი 59. უშიშროების დამატებითი ღონისძიებების გეგმა

პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მასობრივი არეულობისას და ქვეყანაში საგანგებო ან საომარი მდგომარეობის გამოცხადებისას თავდასხმის, დაწესებულებიდან გაქცევის, სხვა დანაშაულისა და სამართალდარღვევათა აღკვეთის მიზნით დეპარტამენტი შეიმუშავებს უშიშროების დამატებითი ღონისძიებების გეგმას, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით.

    მუხლი 60. პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში შესვლის უფლება

1. პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის უფლებით სარგებლობენ:

ა) საქართველოს პრეზიდენტი;

ბ) საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და მის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პარლამენტის წევრი;

გ) პროკურატურის სისტემის საამისოდ უფლებამოსილი პირები;

დ) საქართველოს სახალხო დამცველი;

ე) მინისტრის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პირები;

ვ) სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრები.

2. პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში სპეციალური ნებართვით შესვლის წესს განსაზღვრავს მინისტრი.

3. დაუშვებელია პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ტერიტორიაზე აუდიოვიდეო- და ფიქსაციის სხვა სახის ტექნიკის შეტანა სპეციალური ნებართვის გარეშე. ნებართვას გასცემს დეპარტამენტის თავმჯდომარე.

4. ბრალდებულის/მსჯავრდებულის ფოტო-, კინო-, ვიდეოგადაღება ან მასთან ინტერვიუს ჩაწერა შეიძლება მხოლოდ ბრალდებულის/ მსჯავრდებულის წერილობითი თანხმობით.

საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3619 - სსმ I, №51, 29.09.2010 წ., მუხ.332

კერძო ნაწილი

თავი IX. ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება

    მუხლი 61. ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება

1. ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში, როგორც წესი, სასჯელს იხდის: პირი, რომელიც მსჯავრდებულია ნაკლებად მძიმე ან მძიმე დანაშაულისათვის და რომლისთვის დანიშნული თავისუფლების აღკვეთის ვადა არ აღემატება 10 წელს; მსჯავრდებული, რომელიც ამ კოდექსით დადგენილი წესით გადმოყვანილია სხვა ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან; ქალი, რომელსაც შეფარდებული აქვს სასჯელი ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით.

2. ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში ასევე შეიძლება განთავსდნენ სხვა პირები, მათი პიროვნული მახასიათებლების გათვალისწინებით.

3. 1 მსჯავრდებულზე საცხოვრებელი ფართობის ნორმა ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში არ უნდა იყოს 2 კვ. მეტრზე ნაკლები.

4. ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მსჯავრდებულის გადაყვანა შესაძლებელია უსაფრთხოების მიზნით, დაწესებულებაში ეპიდსაშიში მდგომარეობისა და მსჯავრდებულის გადამდები ინფექციური დაავადების, ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დებულების სისტემატური დარღვევის გამო ან სხვა გარემოების არსებობისას, რომელიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილით. ამ ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლით (გარდა ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დებულების სისტემატური დარღვევისა) მსჯავრდებულის დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაყვანისას მასზე ვრცელდება ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში განთავსებული მსჯავრდებულისათვის დადგენილი წესები, რომელთა განხორციელებაც შესაძლებელია დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში.    

    მუხლი 62. სასჯელის მოხდის პირობები ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში

1. მსჯავრდებული, რომელიც სასჯელს იხდის ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში, თავსდება სპეციალურად ამ მიზნით გამოყოფილ საცხოვრებელ სადგომში.

2. მსჯავრდებულს უფლება აქვს:

ა) ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიაში კვების პროდუქტებისა და პირველადი მოხმარების საგნების შესაძენად მის პირად ანგარიშზე არსებული თანხიდან ყოველთვიურად დახარჯოს მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული ლიმიტის შესაბამისი თანხა;

ბ) 1 თვის განმავლობაში ჰქონდეს 2 ხანმოკლე პაემანი;

გ) 1 თვის განმავლობაში საკუთარი ხარჯით ჰქონდეს 3 სატელეფონო საუბარი, თითოეული – არა უმეტეს 15 წუთისა;

დ) დამოუკიდებლად გადაადგილდეს ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ტერიტორიაზე მისი დებულებით დადგენილი წესით ;

) 1 წლის განმავლობაში ჰქონდეს 2 ხანგრძლივი პაემანი, ხოლო წახალისების ფორმით – წელიწადში 1 დამატებითი ხანგრძლივი პაემანი.

3. ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მსჯავრდებულს უფლება აქვს, დაწესებულების დირექტორის ნებართვით იქონიოს და ისარგებლოს პირადი ტელევიზორითა და რადიომიმღებით, გარდა ღამის საათებისა.

4. ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით შეიძლება შემოწმდეს ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის კორესპონდენცია, გარდა ამ კოდექსის მე-16 მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს 2011 წლის 25 თებერვლის კანონი №4259 ვებგვერდი, 10.03.2011წ.

    მუხლი 63. ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის წახალისების ფორმები

სანიმუშო ყოფაქცევისა და საქმიანობისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულების შემთხვევაში ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ადმინისტრაცია უფლებამოსილია მსჯავრდებულის მიმართ გამოიყენოს წახალისების შემდეგი ფორმები:

ა) მადლობის გამოცხადება;

ბ) დისციპლინური სახდელის ვადამდე მოხსნა;

გ) დამატებითი ხანმოკლე პაემანი;

დ) დაწესებულის გარეთ დამატებითი ხანმოკლე გასვლა;

ე) პირადი ტელევიზორით ან რადიომიმღებით სარგებლობა ;

ვ) დამატებითი ხანგრძლივი პაემანი.

საქართველოს 2011 წლის 25 თებერვლის კანონი №4259 ვებგვერდი, 10.03.2011წ.

თავი X. დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება

    მუხლი 64. დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება

1. დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში, როგორც წესი, სასჯელს იხდის: პირი, რომელიც პირველად არის მსჯავრდებული განზრახი, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის, სასამართლოს მიერ განესაზღვრა 10 წელზე მეტი ვადით თავისუფლების აღკვეთა; განზრახი დანაშაულისათვის არაერთგზის ნასამართლევი პირი, უვადო თავისუფლებააღკვეთილი პირი და ადრე ნასამართლევი პირი, რომლებსაც სასჯელის სახით განსაზღვრული ჰქონდათ თავისუფლების აღკვეთა, აგრეთვე მსჯავრდებული, რომელიც ამ კოდექსით დადგენილი წესით გადმოყვანილია სხვა ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან.

2. 1 მსჯავრდებულზე საცხოვრებელი ფართობის ნორმა დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში არ უნდა იყოს 2,5 კვ. მეტრზე ნაკლები.

3. დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მსჯავრდებულის გადაყვანა შესაძლებელია, თუ მსჯავრდებული სასჯელის მოხდის პერიოდში კეთილსინდისიერად ასრულებს თავის მოვალეობებს, უსაფრთხოების მიზნით, მსჯავრდებულის გადამდები ინფექციური დაავადების გამო ან სხვა გარემოების არსებობისას, რომელიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 58-ე მუხლით.

    მუხლი 65. სასჯელის მოხდის პირობები დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში

1. მსჯავრდებული, რომელიც სასჯელს იხდის დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში, თავსდება საკანში. მას უფლება აქვს:

ა) დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიაში კვების პროდუქტებისა და პირველადი მოხმარების საგნების შესაძენად მის პირად ანგარიშზე არსებული თანხიდან ყოველთვიურად დახარჯოს მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული ლიმიტის შესაბამისი თანხა;

ბ) 1 თვის განმავლობაში ჰქონდეს 1 ხანმოკლე პაემანი;

გ) 1 თვის განმავლობაში საკუთარი ხარჯით ჰქონდეს 2 სატელეფონო საუბარი, თითოეული – არა უმეტეს 15 წუთისა.

2. დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის კორესპონდენციას ამოწმებს ადმინისტრაცია, გარდა ამ კოდექსის მე-16 მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

3. უვადო თავისუფლებააღკვეთილ მსჯავრდებულს, რომელიც სასჯელს იხდის დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში, უფლება აქვს, ჰქონდეს 1 წლის განმავლობაში 2 ხანგრძლივი პაემანი, ხოლო წახალისების ფორმით – წელიწადში 1 დამატებითი ხანგრძლივი პაემანი.

საქართველოს 2011 წლის 25 თებერვლის კანონი №4259 ვებგვერდი, 10.03.2011წ.

    მუხლი 66. დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის წახალისების ფორმები

სანიმუშო ყოფაქცევისა და საქმიანობისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულების შემთხვევაში დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ადმინისტრაცია უფლებამოსილია მსჯავრდებულის მიმართ გამოიყენოს წახალისების შემდეგი ფორმები:

ა) მადლობის გამოცხადება;

ბ) დეპარტამენტის თავმჯდომარის წინაშე შუამდგომლობა ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაყვანის შესახებ;

გ) დისციპლინური სახდელის ვადამდე მოხსნა;

დ) 1 თვის განმავლობაში 1 დამატებითი, 15-წუთიანი სატელეფონო საუბრის უფლების მიცემა;

ე) დაწესებულების დირექტორის მიერ სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლების შუამდგომლობის წარდგენა;

ვ) პირადი ტელევიზორით, კომპიუტერით ან რადიომიმღებით სარგებლობა;

ზ) დამატებითი ხანმოკლე პაემანი ;

თ) დამატებითი ხანგრძლივი პაემანი (უვადო თავისუფლებააღკვეთილი მსჯავრდებულის მიმართ).

საქართველოს 2011 წლის 25 თებერვლის კანონი №4259 ვებგვერდი, 10.03.2011წ.

თავი XI. არასრულწლოვანი მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდის თავისებურებანი

    მუხლი 67. არასრულწლოვანი მსჯავრდებულის არასრულწლოვანთა სპეციალურ დაწესებულებაში მოთავსების თავისებურებანი

1. მსჯავრდებული, რომელსაც დაწესებულებაში შესახლების მომენტისათვის არ შესრულებია 18 წელი, თავსდება არასრულწლოვანთა სპეციალურ დაწესებულებაში.

2. არასრულწლოვანი მსჯავრდებული თავსდება დაწესებულებაში, რომელიც გათანაბრებულია ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებასთან.

საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3619 - სსმ I, №51, 29.09.2010 წ., მუხ.332

    მუხლი 68. სრულწლოვანებას მიღწეული მსჯავრდებულის დატოვება არასრულწლოვანთა სპეციალურ დაწესებულებაში

1. რესოციალიზაციის, ზოგადი განათლებისა და პროფესიული მომზადების მიღების მიზნით 18 წელს მიღწეული არასრულწლოვანი მსჯავრდებული შესაძლებელია პირადი განცხადებით, დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებით, სასჯელის მოსახდელად დარჩეს იმავე დაწესებულებაში, სადაც ის იხდიდა სასჯელს სრულწლოვანების მიღწევამდე, არა უმეტეს 20 წლის მიღწევისა.

2. სრულწლოვანებას მიღწეულ მსჯავრდებულზე, რომელიც სასჯელის მოსახდელად დატოვებულ იქნა არასრულწლოვანთა სპეციალურ დაწესებულებაში, ვრცელდება არასრულწლოვანი მსჯავრდებულისათვის დადგენილი სასჯელის მოხდის პირობები, კვებისა და საყოფაცხოვრებო ნორმები.

    მუხლი 69. მსჯავრდებულის გადაყვანა არასრულწლოვანთა სპეციალური დაწესებულებიდან თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში

1. სრულწლოვანებას მიღწეული მსჯავრდებული, რომელიც მისი პიროვნებისა და ქცევის გათვალისწინებით არ შეიძლება პირობით ვადამდე იქნეს გათავისუფლებული ან არასრულწლოვანთა სპეციალურ დაწესებულებაში იქნეს დატოვებული, სასჯელის შემდგომი მოხდისათვის იგზავნება ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში.

2. 20 წელს მიღწეული მსჯავრდებული სასჯელის შემდგომი მოხდისათვის იგზავნება ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში.

    მუხლი 70. სასჯელის მოხდის პირობები არასრულწლოვანთა სპეციალურ დაწესებულებაში

1. არასრულწლოვანთა სპეციალურ დაწესებულებაში მსჯავრდებულები განთავსებული არიან საცხოვრებელ სადგომში, რომლის ფართობი 1 მსჯავრდებულზე არ უნდა იყოს 3,5 კვ. მეტრზე ნაკლები.

2. არასრულწლოვან მსჯავრდებულს უფლება აქვს:

ა) 1 თვის განმავლობაში ჰქონდეს 4 ხანმოკლე პაემანი;

ბ) 1 წლის განმავლობაში ჰქონდეს 3 ხანგრძლივი პაემანი, ხოლო წახალისების ფორმით – წელიწადში 1 დამატებითი ხანგრძლივი პაემანი;

გ) ყოველთვიურად, არასრულწლოვანთა სპეციალური დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიაში კვების პროდუქტებისა და პირველადი მოხმარების საგნების შეძენისათვის გამოიყენოს მის პირად ანგარიშზე არსებული თანხა მინისტრის ბრძანებით გათვალისწინებული ლიმიტის ფარგლებში;

დ) დამოუკიდებლად გადაადგილდეს არასრულწლოვანთა სპეციალური დაწესებულების ტერიტორიაზე მისი დებულებით დადგენილი წესით;

ე) 1 თვის განმავლობაში საკუთარი ხარჯით ჰქონდეს 5 სატელეფონო საუბარი, თითოეული – არა უმეტეს 15 წუთისა;

ვ) იქონიოს და ისარგებლოს პირადი ტელევიზორითა და რადიომიმღებით, გარდა ღამის საათებისა.

საქართველოს 2011 წლის 25 თებერვლის კანონი №4259 ვებგვერდი, 10.03.2011წ.

    მუხლი 71. სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის ორგანიზება

1. მსჯავრდებულის რესოციალიზაციისა და დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის მომზადებისათვის ხორ-ციელდება ერთიანი სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის ორგანიზება, რომლის მიზანია, მსჯავრდებულს ჩამოუყალიბდეს ზოგადი უნარ-ჩვევები, მიიღოს ზოგადი ან პროფესიული განათლება.

2. არასრულწლოვანთა სპეციალურ დაწესებულებაში სწავლების პროცესი უნდა შეესაბამებოდეს ქვე-ყანაში არსებულ განათლების სტანდარტებს.

3. სასწავლო პროცესი რეგულირდება მინისტრისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.

თავი XII . ქალი მსჯავრდებულის მიერ თავისუფლების აღკვეთის მოხდის თავისებურებანი

    მუხლი 72. ქალი მსჯავრდებულის მიერ თავისუფლების აღკვეთის მოხდის თავისებურებანი

1. ქალი მსჯავრდებული სასჯელს იხდის ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში.

2. 1 ქალ მსჯავრდებულზე საცხოვრებელი ფართობის ნორმა არ უნდა იყოს 3 კვ. მეტრზე ნაკლები.

3. საჭიროების შემთხვევაში თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში ეწყობა სპეციალური განყოფილება ფეხმძიმე ქალებისა და ბავშვებისათვის. დედის შუამდგომლობით, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოების ნებართვითა და ადმინისტრაციის თანხმობით, შეიძლება დედისა და 3 წლამდე ბავშვისათვის ერთად ცხოვრების პირობების შექმნა.

4. ადმინისტრაციას მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე შეუძლია დედას აუკრძალოს არასრულწლოვან შვილებთან ურთიერთობა.

5. ქალ მსჯავრდებულს უფლება აქვს, 1 თვის განმავლობაში ჰქონდეს 3 ხანმოკლე პაემანი.

6. ქალ მსჯავრდებულს უფლება აქვს, 1 თვის განმავლობაში საკუთარი ხარჯით ჰქონდეს 4 სატელეფონო საუბარი, თითოეული – არა უმეტეს 15 წუთისა.

7. ქალ მსჯავრდებულს უფლება აქვს, დამოუკიდებლად გადაადგილდეს ქალთა დაწესებულების ტერიტორიაზე დებულებით დადგენილი წესით.

8. ქალ მსჯავრდებულს უფლება აქვს, 1 წლის განმავლობაში ჰქონდეს 2 ხანგრძლივი პაემანი, ხოლო წახალისების ფორმით – წელიწადში 1 დამატებითი ხანგრძლივი პაემანი.

საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3619 - სსმ I, №51, 29.09.2010 წ., მუხ.332

საქართველოს 2011 წლის 25 თებერვლის კანონი №4259 ვებგვერდი, 10.03.2011წ.

თავი XIII. პატიმრობის აღსრულების წესი

    მუხლი 73. პატიმრობის აღსრულების ადგილი

პირს, რომელსაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით აღ-კვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა, ათავსებენ პატიმრობის დაწესებულებაში.

    მუხლი 74. პატიმრობაში ყოფნის პირობები

1. პატიმრობის დაწესებულების სანიტარიულ-ჰიგიენური პირობები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ნორმებს.

2. პატიმრობის დაწესებულებაში მყოფი პირი თავსდება საკანში.

3. 1 ბრალდებულზე საცხოვრებელი ფართობის ნორმა პატიმრობის დაწესებულებაში არ უნდა იყოს 2,5 კვ. მეტრზე ნაკლები.

4. ერთსა და იმავე სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულებს ადმინისტრაცია საჭიროების შემთხვევაში ან გამომძიებლის, პროკურორის, სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ცალ-ცალკე ათავსებს.

5. (ამოღებულია).

საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3619 - სსმ I, №51, 29.09.2010 წ., მუხ.332

    მუხლი 75. პატიმრობაში მიღება

1. ბრალდებულის პატიმრობის დაწესებულებაში მოსათავსებლად აუცილებელია სასამართლოს გადაწყვეტილება პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შესახებ, ბრალდებულის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან სხვა საიდენტიფიკაციო დოკუმენტი ფოტოსურათით.

2. ბრალდებულის პატიმრობის დაწესებულებაში მიღებისას აუცილებელია მისი ფოტოგრაფირება და დაქტილოსკოპირება. ფოტოსურათები და მათი ნეგატივები, აგრეთვე დაქტილოსკოპიური ბარათი, სიტყვიერი პორტრეტი ბარათის მიხედვით ინახება ბრალდებულის პირად საქმეში.

3. ბრალდებულის დაქტილოსკოპიურ ბარათს ადმინისტრაცია უგზავნის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ცენტრალურ ან შესაბამის ტერიტორიულ სამსახურს ან განყოფილებას დაქტილოსკოპირების ჩატარებიდან 7 დღის ვადაში.

4. პატიმრობის დაწესებულებაში მიღებისას ბრალდებული და მისი პირადი ნივთები საგულდაგულოდ მოწმდება, რის შესახებაც დგება შესაბამისი აქტი. ბრალდებულის შემოწმებას ახორციელებს პატიმრობის დაწესებულების იმავე სქესის თანამშრომელი.

5. პატიმრობის დაწესებულებაში მიღებისას ბრალდებულმა უნდა გაიაროს სამედიცინო შემოწმება, რომელსაც ახორციელებს პატიმრობის დაწესებულების ექიმი. შემოწმების შესახებ დგება შესაბამისი ცნობა. ბრალდებულის სხეულზე დაზიანების დაფიქსირების შემთხვევაში ადმინისტრაცია ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს პროკურორს.

6. პატიმრობის დაწესებულების უფლებამოსილი პირი დაუყოვნებლივ აცნობს ბრალდებულს მის უფლებებსა და მოვალეობებს მისთვის გასაგებ ენაზე.

7. პატიმრობის დაწესებულებაში ბრალდებულის მიღებიდან არა უგვიანეს 24 საათისა ინფორმაცია ბრალდებულის შესახებ იგზავნება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ბიუროში.

    მუხლი 76. პატიმრობის დაწესებულებიდან ბრალდებულის გაყვანა და გადაყვანა

1. პატიმრობის დაწესებულებიდან ბრალდებულის გაყვანისა და გადაყვანის წესს ამტკიცებს მინისტრი.

2. ბრალდებულის გადაყვანის შესახებ მისი მიმღები პატიმრობის დაწესებულების ადმინისტრაცია დაუყოვნებლივ აცნობებს გამომძიებელს, პროკურორს, მოსამართლეს, ასევე მის ახლო ნათესავს.

3. ბრალდებულის გაყვანის ან გადაყვანის შემთხვევაში პატიმრობის დაწესებულების ექიმი ახორციელებს ბრალდებულის სამედიცინო შემოწმებას, რის თაობაზედაც დგება შესაბამისი სამედიცინო ცნობა.

    მუხლი 77. ბრალდებულის პაემანი

1. ბრალდებული სარგებლობს 1 თვის განმავლობაში არა უმეტეს 4 ხანმოკლე პაემნის უფლებით. აღნიშნული უფლება შეიძლება შეიზღუდოს გამომძიებლის ან პროკურორის დადგენილების საფუძველზე.

2. გამოძიებისა და უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, პატიმრობის დაწესებულების თანამშრომელს, რომელიც ვიზუალურად აკვირდება ბრალდებულის ხანმოკლე პაემანს, შეუძლია დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მისი მსვლელობა.

    მუხლი 78. ბრალდებულის მიერ პატიმრობის დაწესებულების დროებით დატოვება განსაკუთრებულ, პირად გარემოებებთან დაკავშირებით

1. თუ მიღებული იქნება სარწმუნო ცნობა ბრალდებულის ახლო ნათესავის გარდაცვალების ან სი-ცოცხლისათვის საშიში ავადმყოფობის თაობაზე, ასევე თუ აუცილებელია ბრალდებულის მონაწილეობა საპროცესო მოქმედებაში, გამომძიებელს ან პროკურორს შეუძლია გასცეს ბრალდებულის მიერ პატიმრობის დაწესებულების დროებით დატოვების ნებართვა 2 დღემდე ვადით. პატიმრობის დაწესებულების დროებით დატოვებასთან დაკავშირებული ხარჯები დაეკისრება ბრალდებულს, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც დაკავშირებულია ბრალდებულის გაყვანასთან საპროცესო მოქმედებაში მონაწილეობის მისაღებად.

2. ბრალდებულის მიერ პატიმრობის დაწესებულების დროებით დატოვების წესს ამტკიცებს მინისტრი.

    მუხლი 79. ბრალდებულის პატიმრობის დაწესებულებაში ყოფნის პირობები

1. ბრალდებულს პატიმრობის დაწესებულებაში ყოფნისას უფლება აქვს:

ა) პატიმრობის დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიაში შეიძინოს კვების პროდუქტები იმ თანხით, რომელიც მის პირად ანგარიშზე ჩარიცხეს ახლო ნათესავებმა ან სხვა პირებმა. კვების პროდუქტების შესაძენად პირადი თანხის გამოყენება დაიშვება მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში, მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით;

ბ) ატაროს პირადი ტანსაცმელი, ხოლო თუ ასეთი ტანსაცმელი არ გააჩნია – ადმინისტრაციის მიერ გაცემული, სეზონის შესაფერისი ტანსაცმელი;

გ) ადმინისტრაციის კონტროლით, საკუთარი ხარჯით აწარმოოს მიმოწერა და 1 თვის განმავლობაში 3-ჯერ ჰქონდეს სატელეფონო საუბარი, თითოეული – არა უმეტეს 15 წუთისა;

დ) ისარგებლოს ბიბლიოთეკის წიგნებით და პრესით;

ე) ადმინისტრაციის ნებართვით იქონიოს საკუთარი რადიომიმღები ან ტელევიზორი.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით დადგენილი უფლება ბრალდებულს შეიძლება შეეზ-ღუდოს გამომძიებლის ან პროკურორის მოტივირებული გადაწყვეტილებით.

3. ბრალდებულის გათავისუფლება ხორციელდება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.

თავი XIV. ბრალდებულის/მსჯავრდებულის დისციპლინური პასუხისმგებლობა

    მუხლი 80. დისციპლინური დარღვევა

დისციპლინურ დარღვევად მიიჩნევა ქმედება, რომელიც არღვევს დაწესებულების დებულებას, ზიანს აყენებს წესრიგსა და უსაფრთხოებას და არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, კერძოდ:

ა) სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა;

ბ) ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების წესების დარღვევა;

გ) დაწესებულების მოსამსახურისა და სხვა პირისათვის მათ მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას წინააღმდეგობის გაწევა;

დ) განზრახი ქმედების ჩადენა, რომელიც საფრთხეს უქმნის სხვა პირის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას, აგრეთვე სხვა პირის ღირსებისა და ხელშეუხებლობის შელახვა;

ე) დაწესებულების ან სხვა პირის ქონების დაზიანება/განადგურება, მათ შორის, მისი ვიზუალური მხარის ცვლილებით;

ვ) დაწესებულების მიერ დადგენილი გადაადგილების შეზღუდვების/ საზღვრების უნებართვოდ გადაკვეთა;

ზ) დაწესებულების ტერიტორიაზე სარგებლის მიღების მიზნით საქმიანობა ადმინისტრაციის ნებართვის გარეშე;

თ) დაწესებულების ტერიტორიაზე განთავსებულ მოწყობილობათა/სისტემების ფუნქციონირებაში ადმინისტრაციის ნებართვის გარეშე ჩარევა, შენობა-ნაგებობების დიზაინსა და ფუნქციებში ცვლილებების თვითნებურად შეტანა;

ი) დაწესებულების ტერიტორიაზე აკრძალული ნივთის დამზადება, ფლობა ან სარგებლობა;

კ) ხმაური ან სხვაგვარი ქმედება, რომელიც არღვევს წესრიგს და ხელს უშლის დაწესებულების ნორ-მალურ ფუნქციონირებას;

ლ) ნებისმიერი სახის ინფორმაციის უკანონო ფორმით მიწოდება საკნიდან საკანში ან დაწესებულების გარეთ;

მ) დაწესებულების დებულების, დაწესებულებაში დადგენილი დღის განრიგისა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა ნორმების დარღვევა.

    მუხლი 81. დისციპლინური სახდელი

1. დისციპლინური დარღვევის შედეგია ბრალდებულის/მსჯავრდებულის დისციპლინური პასუხისმგებლობა. დისციპლინური დარღვევისათვის გამოყენებული სახდელი უნდა იყოს ჩადენილი ქმედების პროპორციული.

2. ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ დისციპლინური ღონისძიების გამოყენება დაიშვება მხოლოდ დისციპლინური სამართალწარმოების საფუძველზე და მას შემდეგ, რაც დადასტურდება მის მიერ დისციპლინური დარღვევის ჩადენის ფაქტი.

3. ჯგუფური დარღვევის შემთხვევაში ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ სახდელი ინდივიდუალურად დგინდება.

4. თუ დისციპლინური დარღვევის გარემოებები წარმოშობს ამ კოდექსის 58-ე მუხლით გათვალისწინებული უშიშროების ღონისძიების გამოყენების საფუძველს, უშიშროების ღონისძიება გამოიყენება ამ თავით გათვალისწინებული დისციპლინური სამართალწარმოების დაწყებამდე.

    მუხლი 82. დისციპლინური სახდელის სახეები

1. დისციპლინური სახდელის სახეებია:

ა) გაფრთხილება;

ბ) საყვედური;

გ) მუშაობის უფლების შეზღუდვა არა უმეტეს 6 თვის ვადით;

დ) ნებადართული ნივთებით სარგებლობის უფლების შეზღუდვა არა უმეტეს 6 თვის ვადით;

ე) ამანათისა და გზავნილის მიღების შეზღუდვა არა უმეტეს 6 თვის ვადით;

ვ) საკნის ტიპის საცხოვრებელ სადგომში გადაყვანა 6 თვემდე ვადით;

ზ) სამარტოო საკანში მოთავსება 20 დღემდე ვადით.

2. ორსული ქალების, მცირეწლოვანი ბავშვების დედებისა და 65 წელს გადაცილებული ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ არ გამოიყენება ამ მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სახდელები.

3. არასრულწლოვანი ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ არ გამოიყენება ამ მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სახდელი.

    მუხლი 83. დისციპლინური დარღვევის ჩადენაში მხილებული ბრალდებულის/მსჯავრდებულის უფლებები

ბრალდებულს/მსჯავრდებულს, რომელსაც ბრალად ედება დისციპლინური დარღვევის ჩადენა, უფლება აქვს:

ა) მისთვის გასაგებ ენაზე ეცნობოს დარღვევის არსი და საფუძველი;

ბ) ჰქონდეს საკმარისი დრო და საშუალება დაცვის მოსამზადებლად;

გ) მისი საქმე განხილულ იქნეს ზეპირი მოსმენით და ისარგებლოს იურიდიული დახმარებით, მათ შორის, „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული წესით, ამ კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, თუ ამას თავად მოითხოვს;

დ) მოითხოვოს მოწმეთა დასწრება დისციპლინურ განხილვაზე და დაკითხოს მოწმეები;

ე) ისარგებლოს თარჯიმნის უფასო მომსახურებით, თუ მას არ ესმის სამართალწარმოების ენა.

    მუხლი 84. დისციპლინური სამართალწარმოება

1. დისციპლინური დარღვევის საქმეს განიხილავს დაწესებულების დირექტორი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი.

2. ბრალდებულს/მსჯავრდებულს განემარტება უფლება – მისცეს ახსნა-განმარტება, წარადგინოს მტკიცებულებები, განაცხადოს შუამდგომლობა, გამოვიდეს მშობლიურ ენაზე და ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით, გაასაჩივროს განკარგულება დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ.

3. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უნდა ჩამოერთვას ახსნა-განმარტება მის მიერ ჩადენილ დისციპლინურ დარღვევასთან დაკავშირებით, ხოლო უარის შემთხვევაში ადმინისტრაცია ადგენს ოქმს.

4. დისციპლინური დარღვევის ჩამდენ პირს, მოწმეს ან დაზარალებულს უფლება აქვს, წერილობით წარადგინოს ახსნა-განმარტებები ან/და შენიშვნები, რომლებიც დაერთვის განკარგულებას დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ.

5. ზეპირი მოსმენის დროს ბრალდებულს/მსჯავრდებულს უნდა ჰქონდეს დაჯდომისა და ჩანაწერების გაკეთების საშუალება.

6. ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ დისციპლინური ღონისძიების გამოყენებისას გაითვალისწინება ბრალდებულის/ მსჯავრდებულის პიროვნება და მისი ქცევა, აგრეთვე გარემოებები, რომლებშიც იქნა ჩადენილი დისციპლინური დარღვევა, ბრალდებულის/მსჯავრდებულის განმარტება დარღვევასთან დაკავშირებით. საქმის განხილვის შემდეგ, მტკიცებულების შეფასების საფუძველზე დაწესებულების დირექტორი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.

7. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, წარმოდგენილი იყოს ადვოკატის მიერ დისციპლინურ განხილვაზე, რომელიც ტარდება ამ კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სახდელების გამოყენების შესახებ. ზეპირი მოსმენის დაწყებამდე ბრალდებულს/მსჯავრდებულს განემარტება საკუთარი ადვოკატის მოწვევის უფლება, რომელიც შესაბამისი თანხმობის მიღების შემთხვევაში უნდა განხორციელდეს განმარტებიდან 3 საათის განმავლობაში. თუ დადგენილ ვადაში ადვოკატი არ ცხადდება, ბრალდებულს/მსჯავრდებულს მისი თანხმობით დაენიშნება საზოგადოებრივი ადვოკატი. თუ ბრალდებული/ მსჯავრდებული უარს აცხადებს დასწრებაზე, ეს ფაქტი უნდა დაფიქსირდეს წერილობითი ფორმით, წინააღმდეგ შემთხვევაში უნდა შედგეს ოქმი, რომელსაც ხელს აწერს ბრალდებული/მსჯავრდებული.

8. ზეპირი სხდომა დისციპლინური სახდელის გამოყენების შესახებ შეიძლება გაგრძელდეს ზეპირი მოსმენის გარეშე და გადაწყვეტილება მიღებულ იქნეს, თუ ბრალდებული/მსჯავრდებული თავისი ქმედებით არღვევს წესრიგს, არ ცხადდება სხდომაზე ან სხვაგვარად უშლის ხელს სხდომის მიმდინარეობას.

    მუხლი 85. განკარგულება დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ

1. დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ განკარგულების გამოცემის უფლებამოსილება აქვს დაწესებულების დირექტორს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს. დაწესებულების დირექტორის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უფლებამოსილების სხვა პირისათვის მინიჭების თაობაზე ცალკე არ საჩივრდება.

2. დისციპლინური სახდელის დაკისრება უნდა მოხდეს დისციპლინური დარღვევის გამოვლენის დღიდან არა უგვიანეს 10 დღისა.

3. დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ განკარგულება უნდა შეიცავდეს:

ა) უფლებამოსილი თანამდებობის პირის გვარსა და სახელს;

ბ) შედგენის თარიღს, დროს და ადგილს;

გ) სარეგისტრაციო ნომერს;

დ) მონაცემებს დარღვევის ჩამდენი პირის შესახებ (გვარი, სახელი, დაბადების თარიღი და სხვა);

ე) დარღვევის ჩადენის ადგილს, დროს და დარღვევის არსს, ასევე მისი გამოვლენის დროს. იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია დისციპლინური დარღვევის ჩადენის დროის განსაზღვრა, დისციპლინური დარღვევის ჩადენის დროდ ჩაითვლება მისი გამოვლენის დრო;

ვ) მონაცემებს მოწმის, დაზარალებულის შესახებ, მათი არსებობის შემთხვევაში;

ზ) მითითებას საქმის გადასაწყვეტად საჭირო სხვა მტკიცებულებებზე, მათი არსებობის შემთხვევაში.

4. თარჯიმნის მოწვევის შესახებ უნდა აღინიშნოს განკარგულებაში დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ.

5. განკარგულება დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. დაკისრებული დისციპლინური სახდელი უნდა შეესაბამებოდეს ჩადენილი დარღვევის სიმძიმესა და ხასიათს. განკარგულება უნდა იყოს წერილობითი ფორმის და მასში ასახული უნდა იყოს გასაჩივრების პროცედურა.

6. დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ განკარგულების 1 ასლი გამოცემისთანავე გადაეცემა ბრალდებულს/მსჯავრდებულს ან მის ადვოკატს.

7. დისციპლინური პასუხისმგებლობის საქმის მასალები უნდა დაერთოს ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირად საქმეს.

8. დისციპლინური სახდელის აღსრულება უნდა დაიწყოს მისი დაკისრებიდან 1 თვის ვადაში.

    მუხლი 86. დისციპლინური სახდელის გასაჩივრება

1. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ განკარგულების გადაცემიდან 10 სამუშაო დღის ვადაში ერთჯერადად გაასაჩივროს სასამართლოში მის მიმართ გამოყენებული დისციპლინური სახდელი. გასაჩივრება არ აჩერებს დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ განკარგულების აღსრულებას.

2. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ბრალდებულის/მსჯავრდებულის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა ან სხვა განსაკუთრებული გარემოება, რომელიც აფერხებს დისციპლინური სახდელის აღსრულებას, იწვევს დისციპლინური სახდელის აღსრულების გადავადებას ბრალდებულის/მსჯავრდებულის დაწესებულებაში დაბრუნებამდე.

    მუხლი 87. ბრალდებულის/მსჯავრდებულის გარანტიები დისციპლინური პასუხისმგებლობის გამოყენებისას

1. დაუშვებელია ერთი დისციპლინური დარღვევისათვის დისციპლინური სახდელის 2-ჯერ დაკისრება.

2. დისციპლინური სახდელი არ უნდა იყოს ბრალდებულის/მსჯავრდებულის დამამცირებელი და მისი პატივისა და ღირსების შემლახველი.

3. დაუშვებელია დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება, თუ დისციპლინური დარღვევის ჩადენიდან გასულია 1 წელი.

4. დისციპლინურსახდელდაუდებლად ითვლება პირი, რომელიც დისციპლინური სახდელის მოხდიდან 6 თვის განმავლობაში კვლავ არ ჩაიდენს დისციპლინურ დარღვევას. იმ შემთხვევაში, თუ ბრალდებულს/მსჯავრდებულს დაეკისრება ამ კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სახდელები, იგი დისციპლინურსახდელდაუდებლად ჩაითვლება, თუ დისციპლინური სახდელის მოხდიდან 1 წლის განმავლობაში კვლავ არ ჩაიდენს დისციპლინურ დარღვევას.

5. დისციპლინური სახდელის ვადამდე მოხსნა შეუძლია დაწესებულების დირექტორს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს, თუ სახდელის მიზანი მიღწეულია.

    მუხლი 88. სამარტოო საკანში მოთავსება

1. სამარტოო საკანში მოთავსება, როგორც დისციპლინური სახდელი, გამოიყენება მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში.

2. სამარტოო საკანში მოთავსებულ ბრალდებულს/მსჯავრდებულს ეკრძალება ხანმოკლე და ხანგრძლივი პაემნებ ი, სატელეფონო საუბარი, კვების პროდუქტების შეძენა. მას აქვს ყოველდღიურად 1-საათიანი გასეირნების უფლება.

3. სამარტოო საკანში მისი უსაფრთხოების დაცვის მიზნით მოთავსებული ბრალდებული/მსჯავრდებული სარგებლობს ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა უფლებით.

4. სამარტოო საკანი უნდა იყოს განათებული და ვენტილაციით უზრუნველყოფილი; ბრალდებულს/მსჯავრდებულს უნდა ჰქონდეს სკამი და საწოლი. მას უფლება აქვს, მოთხოვნის შემთხვევაში მიიღოს საკითხავი მასალა.

5. დაუშვებელია ბრალდებულის/მსჯავრდებულის მოთავსება სრული სენსორული იზოლაციის პირობებში.

6. ადმინისტრაცია ვალდებულია სამედიცინო პერსონალს აცნობოს სამარტოო საკანში პირის მოთავსების შესახებ. სამარტოო საკანში პირი უნდა იყოს სამედიცინო პერსონალის ყოველდღიური, განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ. აუცილებლობის შემთხვევაში სამარტოო საკანში ყოფნის ხანგრძლივობა შეიძლება შემცირდეს ექიმის დასკვნის საფუძველზე.

საქართველოს 2011 წლის 25 თებერვლის კანონი №4259 ვებგვერდი, 10.03.2011წ.

    მუხლი 89. დისციპლინური დარღვევების პრევენცია

1. ადმინისტრაციამ უნდა მიიღოს შესაბამისი ზომები დისციპლინური დარღვევების პრევენციის მიზნით და მათ თავიდან ასაცილებლად.

2. დაწესებულების დებულება, დისციპლინური დარღვევებისა და შესაბამისი სახდელების დეტალური ჩამონათვალით, ყველა ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი.

თავი XV. მსჯავრდებულის ადმინისტრაციული პატიმრობა

    მუხლი 90. პასუხისმგებლობა დისციპლინური სახდელის მოქმედების ვადაში განმეორებით დისციპლინური დარღვევის ჩადენისათვის

1. თუ მსჯავრდებულმა დისციპლინური სახდელის მოქმედების ვადაში განმეორებით ჩაიდინა ამ კოდექსით გათვალისწინებული დისციპლინური დარღვევა, მას შესაძლებელია დაეკისროს ადმინისტრაციული პატიმრობა არა უმეტეს 60 დღე-ღამის ვადით.

2. 1 წლის განმავლობაში შეფარდებული ადმინისტრაციული პატიმრობების საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 90 დღე-ღამეს.

3. ადმინისტრაციული პატიმრობა არ შეეფარდებათ ორსულ ქალებსა და არასრულწლოვან მსჯავრდებულებს.

4. ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების შესახებ განკარგულების გამოცემის უფლებამოსილება აქვს დაწესებულების დირექტორს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს. ამ ნაწილით გათვალისწინებული უფლებამოსილების დელეგირება ხორციელდება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

5. ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების შესახებ განკარგულება უნდა შეიცავდეს:

ა) უფლებამოსილი თანამდებობის პირის გვარსა და სახელს;

ბ) შედგენის თარიღს, დროს და ადგილს;

გ) სარეგისტრაციო ნომერს;

დ) მითითებას იმ ნორმატიულ აქტსა და ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტზე, რომელთა საფუძველზედაც თანამდებობის პირი ახორციელებს აღნიშნულ უფლებამოსილებას;

ე) მონაცემებს დარღვევის ჩამდენი პირის შესახებ (გვარი, სახელი, დაბადების თარიღი და სხვა);

ვ) დარღვევის ჩადენის ადგილს, დროს (წლის, თვის, რიცხვის, საათისა და წუთის მითითებით) და დარღვევის არსს. თუ შეუძლებელია დროის განსაზღვრა, დარღვევის ჩადენის დროდ ჩაითვლება მისი გამოვლენის დრო;

ზ) მონაცემებს მოწმის, დაზარალებულის შესახებ, მათი არსებობის შემთხვევაში;

თ) მითითებას საქმის გადასაწყვეტად საჭირო სხვა მტკიცებულებებზე, მათი არსებობის შემთხვევაში;

ი) შუამდგომლობას სახდელის სახით ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების შესახებ, სახდელის ვადის მითითების გარეშე.

6. ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების შესახებ განკარგულების გამოცემისას მსჯავრდებულს განემარტება უფლება – გაეცნოს განკარგულებას, მისცეს ახსნა-განმარტება, წარადგინოს მტკიცებულებები, განაცხადოს შუამდგომლობა, გამოვიდეს მშობლიურ ენაზე და ისარგებლოს თარჯიმნის ან/და ადვოკატის (დამცველის) მომსახურებით, გაასაჩივროს განკარგულება ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების შესახებ. აღნიშნული განმარტების თაობაზე აღინიშნება ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების შესახებ განკარგულებაში.

7. თარჯიმნის ან/და ადვოკატის (დამცველის) მოწვევის შესახებ უნდა აღინიშნოს ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების შესახებ განკარგულებაში.

8. დისციპლინური დარღვევის ჩამდენ პირს, მოწმეს ან დაზარალებულს უფლება აქვს, წერილობით წარადგინოს ახსნა-განმარტებები ან/და შენიშვნები, რომლებიც დაერთვის განკარგულებას ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების შესახებ.

9. ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების შესახებ განკარგულების 1 ასლი გამოცემისთანავე გადაეცემა მსჯავრდებულს.

10. ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების შესახებ განკარგულება გამოცემიდან 24 საათის განმავ-ლობაში წარედგინება უფლებამოსილ სასამართლოს დაწესებულების ადგილმდებარეობის მიხედვით. მტკიცების ტვირთი ეკისრება განკარგულების გამომცემ თანამდებობის პირს.

11. მოსამართლე ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების შესახებ განკარგულებას განიხილავს ერთპიროვნულად, ღია სასამართლო სხდომაზე, მისი წარდგენიდან 48 საათის განმავლობაში. საქმის განხილვის შემდეგ დასაბუთებული გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ უნდა იქნეს გამოტანილი. დაუშვებელია დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოტანის სხვა დროისათვის გადადება.

12. სასამართლოში საქმე განიხილება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესით. საქმის განხილვისას არ გამოიყენება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 262 მუხლი.

13. სასამართლოში საქმე განიხილება თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. მსჯავრდებული სარგებლობს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით გარანტირებული ყველა უფლებით. მას სრული თანასწორობის საფუძველზე უფლება აქვს, წარადგინოს მტკიცებულებები, მონაწილეობა მიიღოს მათ გამოკვლევაში, მოიწვიოს მოწმეები, მისცეს ახსნა-განმარტება, განაცხადოს შუამდგომლობა და აცილება, გამოთქვას საკუთარი აზრი საქმესთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე. სასამართლოში საქმის განხილვისას მსჯავრდებულს უფლება აქვს, გამოვიდეს მშობლიურ ენაზე და ისარგებლოს თარჯიმნის ან/და ადვოკატის (დამცველის) მომსახურებით. თუ მსჯავრდებულს არა აქვს ადვოკატის (დამცველის) აყვანის შესაძლებლობა, სასამართლო ვალდებულია დაუნიშნოს მას ადვოკატი (დამცველი) სახელმწიფოს ხარჯზე.

14. ადმინისტრაციული პატიმრობის ვადაში ჩაითვლება პირის სასამართლოში წარსადგენად გამოყენებული დრო და პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოსატანად გამოყენებული დრო.

    მუხლი 91. სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების შესახებ

1. სასამართლოს გადაწყვეტილებას (განჩინებას) ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების შესახებ არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი. იგი მიიღება მხოლოდ იმ პირობით, თუ სასამართლო განხილვის დროს დამტკიცდა პირის მიერ შესაბამისი დარღვევის ჩადენა სასამართლოს მიერ გამოკვლეული უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე.

2. სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების შესახებ უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი.

3. სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტი-ტუციისა და სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით.

4. სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) დასაბუთებულია, თუ მისი დასკვნები ემყარება სასამართლო სხდომაზე განხილულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას.

5. სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) სამართლიანია, თუ შეფარდებული ადმინისტრაციული პატიმრობა შეესაბამება დამრღვევის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დისციპლინური დარღვევის სიმძიმეს.

    მუხლი 92. ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდებისას სასამართლოს მიერ გადასაწყვეტი საკითხები

1. ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდებისას სასამართლო თანამიმდევრობით წყვეტს შემდეგ საკითხებს:

ა) ჩაიდინა თუ არა პირმა ამ კოდექსით გათვალისწინებული ქმედება;

ბ) არის თუ არა პირის ქმედება მართლსაწინააღმდეგო;

გ) შეერაცხება თუ არა პირს ბრალად ჩადენილი ქმედება;

დ) უნდა შეეფარდოს თუ არა პირს ადმინისტრაციული პატიმრობა და რა ზომით;

ე) როგორი იქნება ნივთიერ მტკიცებულებათა ბედი.

2. რამდენიმე დისციპლინური დარღვევის ჩადენაში მხილებული პირის საქმის განხილვისას სასამართლო თითოეული დისციპლინური დარღვევის მიხედვით ცალ-ცალკე და მთლიანად წყვეტს ამ მუხლის პირველ ნაწილში მითითებულ საკითხებს.

3. სასამართლო უფლებამოსილია დისციპლინური დარღვევის ჩადენაში მხილებული რამდენიმე პირისათვის ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების საკითხი განიხილოს ერთობლივად, ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების შესახებ განკარგულების გამომცემის შუამდგომლობის საფუძველზე ან საკუთარი ინიციატივით.

4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში ამ მუხლის პირველ ნაწილში მითითებული საკითხები თითოეული პირის მიმართ ცალ-ცალკე უნდა გადაწყდეს.

    მუხლი 93. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრება

1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) სააპელაციო სასამართლოში შეიძლება გაასაჩივრონ მხარეებმა ან მათმა წარმომადგენლებმა მათთვის საქართველოს სამოქალაქო საპ-როცესო კოდექსით გათვალისწინებული წესით გადაწყვეტილების (განჩინების) ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში. შემოსულ საჩივარს სასამართლო დაუყოვნებლივ უგზავნის სააპელაციო სასამართლოს და მოწინააღმდეგე მხარეს.

2. სააპელაციო სასამართლო სააპელაციო საჩივარს განიხილავს კოლეგიურად – 3 მოსამართლის შემადგენლობით, ღია სასამართლო სხდომაზე. სააპელაციო სასამართლო საქმეს განიხილავს და გადაწყვეტილება (განჩინება) გამოაქვს პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის ამ კოდექსით დადგენილი წესით და დადგენილ ვადებში.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) საბოლოოა და არ საჩივრდება.

    მუხლი 94. აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზება და კონტროლი

1. ადმინისტრაციულ პატიმრობასთან დაკავშირებულ სასამართლო გადაწყვეტილებას (განჩინებას) აღსასრულებლად მიაქცევს გადაწყვეტილების (განჩინების) გამომტანი სასამართლო. აღსრულების ორგანიზება და კონტროლი ეკისრება დეპარტამენტს.

2. მსჯავრდებულის მიერ ადმინისტრაციული პატიმრობის მოხდის წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.

3. ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა არ ჩაითვლება მსჯავრდებულის სასჯელის ვადაში.

თავი XVI. მოთხოვნისა და საჩივრის განხილვის პროცედურები

    მუხლი 95. მოთხოვნა და მისი შეტანის წესი

1. მოთხოვნის საფუძველზე ბრალდებულს/მსჯავრდებულს შეუძლია მოითხოვოს იმგვარი უფლებები, რომელთა მინიჭებაც ადმინისტრაციის დისკრეციას განეკუთვნება.

2. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, მოთხოვნა შეიტანოს ინდივიდუალურად ან ჯგუფურად, წერილობითი ფორმით. მოთხოვნა შეიძლება კონფიდენციალური იყოს.

3. მოთხოვნა რეგისტრირდება დაწესებულების კანცელარიაში, ხოლო რეგისტრაციის ნომერი გადაეცემა ბრალდებულს/მსჯავრდებულს.

4. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, მოთხოვნით მიმართოს დაწესებულების დირექტორს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს, რომელიც ვალდებულია წერილობით უპასუხოს მას 5 დღის ვადაში.

5. ბრალდებულის/მსჯავრდებულის მოთხოვნებს სასჯელის მოხდისგან ვადაზე ადრე გათავისუფლებისა და სხვა დაწესებულებაში გადაყვანის თაობაზე ადმინისტრაცია ურთავს ბრალდებულის/მსჯავრდებულის დახასიათებას.

6. მოთხოვნაზე უარი დასაბუთებული უნდა იყოს. მოთხოვნაზე უარი არ საჩივრდება.

    მუხლი 96. საჩივრის შეტანის უფლება

1. საჩივრის შეტანის საფუძველია სასჯელაღსრულების სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი თანამშრომლის ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), სამართლებრივი აქტი, გადაწყვეტილება და ამ კოდექსით გათვალისწინებულ უფლებათა სხვაგვარი ხელყოფა.

2. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, საჩივარი შეიტანოს ინდივიდუალურად ან ჯგუფურად. საჩივრის შეტანა შესაძლებელია წერილობითი ფორმით.

3. საჩივრის შეტანა შესაძლებელია შესაბამისი საფუძვლის გამოვლენიდან 3 თვის ვადაში.

4. საჩივრის შეტანის უფლება აგრეთვე აქვს ბრალდებულის/ მსჯავრდებულის ადვოკატს, კანონიერ წარ-მომადგენელს ან ახლო ნათესავს, თუ:

ა) მას აქვს დასაბუთებული ვარაუდი, რომ დაირღვა ბრალდებულის/მსჯავრდებულის უფლებები;

ბ) ბრალდებულს/მსჯავრდებულს ჯანმრთელობის მდგომარეობა არ აძლევს საშუალებას, თავად შეიტანოს საჩივარი.

საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3619 - სსმ I, №51, 29.09.2010 წ., მუხ.332

    მუხლი 97. ბრალდებულის/მსჯავრდებულის ინფორმირება საჩივრის შეტანის უფლების თაობაზე

1. დაწესებულებაში მოხვედრილ ბრალდებულს/მსჯავრდებულს პასუხისმგებელმა პირმა დაუყოვნებლივ უნდა მისცეს საშუალება, გაეცნოს წერილობით ინფორმაციას თავისი უფლებებისა და მოვალეობების შესახებ, მათ შორის, საჩივრის შეტანის უფლებისა და გასაჩივრების კანონით გათვალისწინებული წესის თაობაზე.

2. წერა-კითხვის უცოდინარ ბრალდებულს/მსჯავრდებულს ინფორმაცია უნდა მიეწოდოს ზეპირი ფორმით, რის შესახებაც უფლებამოსილი პირი ადგენს ოქმს, რომელსაც ხელმოწერით ადასტურებს ბრალდებული/ მსჯავრდებული.

3. არასრულწლოვან ბრალდებულს/მსჯავრდებულს ინფორმაცია უნდა მიეწოდოს მისთვის გასაგები ფორმით.

    მუხლი 98. საჩივრის ადრესატი

1. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, საჩივრით მიმართოს დაწესებულების დირექტორს, ხოლო დირექტორის მიერ ჩადენილი ქმედების შესახებ – დეპარტამენტის თავმჯდომარეს ან სპეციალურ პრევენციულ ჯგუფს.

2. დაუშვებელია საჩივრის განხილვა იმ პირის ან მისდამი უშუალოდ დაქვემდებარებული პირის მიერ, რომლის ქმედებასაც ეხება საჩივარი. ამგვარი საჩივარი უნდა განიხილოს ზემდგომმა პირმა.

    მუხლი 99. საჩივრის შეტანის წესი

1. საჩივრის ადრესატის განსაზღვრის ან სხვა ტექნიკური საკითხის მოგვარების მიზნით ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, მოითხოვოს დაწესებულების სოციალური განყოფილების მუშაკის კონსულტაცია.

2. საჩივრის შედგენისას ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, მოითხოვოს ადვოკატის კონსულტაცია. ადვოკატის ხარჯები ანაზღაურდება კანონით გათვალისწინებული წესით.

3. საჩივარი შესაძლებელია წარდგენილი იქნეს წერილის ან შევსებული ფორმის სახით.

    მუხლი 100. ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა საჩივრების ყუთი

1. საჩივრების ყუთი უნდა განთავსდეს დაწესებულების ტერიტორიაზე ყველა ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის ხელმისაწვდომ ადგილას. დაწესებულების ტერიტორიაზე შეიძლება განთავსდეს საჩივრების რამდენიმე ყუთი.

2. საჩივრების ყუთს უნდა გაუკეთდეს აბრა წარწერით „საჩივრების ყუთი“.

3. საჩივრების ყუთი დალუქული უნდა იყოს.

4. დაწესებულების სოციალური განყოფილების მუშაკი საჩივრების ყუთს კეტავს და ლუქავს დაწესებულების დირექტორის ან მისი მოადგილის თანდასწრებით.

5. დაწესებულების სოციალური განყოფილების მუშაკი საჩივრების ყუთს ხსნის ყოველი დღის ბოლოს დაწესებულების დირექტორის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის თანდასწრებით.

6. საჩივრების ყუთის გახსნისთანავე ხდება კონვერტების ვიზუალური დათვალიერება და კონვერტის ნომრის რეგისტრაცია.

7. ადმინისტრაციის სოციალური განყოფილება უზრუნველყოფს საჩივრების რეგისტრაციას. საჩივრებს აღრიცხავს დაწესებულების სოციალური განყოფილების მუშაკი.

8. საჩივრების ყუთის დაზიანების შემთხვევაში დაზიანებიდან უმოკლეს ვადაში, მაგრამ არა უგვიანეს 3 დღისა, უნდა შეკეთდეს იგი ან უნდა განთავსდეს ახალი ყუთი.

    მუხლი 101. საჩივრის წარდგენის ენა

1. ბრალდებულს/მსჯავრდებულს, რომელიც არ ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას, არ ესმის სამართალწარმოების ენა, შეუძლია ისარგებლოს თარჯიმნის უფასო მომსახურებით. 

2. ბრალდებულს/მსჯავრდებულს პასუხი გაეცემა საქართველოს სახელმწიფო ენაზე, ხოლო საჭიროების შემთხვევაში გამოიყენება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პროცედურა.

    მუხლი 102. საჩივრის გადაგზავნის წესი

1. ადმინისტრაცია ვალდებულია შემოსული საჩივარი მიღებიდან 48 საათის ვადაში გადაუგზავნოს ადრესატს.

2. დაწესებულების დირექტორს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს მისთვის განკუთვნილი საჩივარი მიეწოდება შეუფერხებლად. აღნიშნული მოვალეობის შესრულება ეკისრება ადმინისტრაციას.

3. საჩივრის გადაგზავნიდან არა უგვიანეს მეორე დღისა საჩივრების ყუთთან გამოიკვრება გადაგზავნილი საჩივრის რეგისტრაციის ნომერი და შესაბამისი კონვერტის კოდი.

4. არაკონფიდენციალური საჩივარი განსახილველად არ ეგზავნება იმ პირს ან მისდამი უშუალოდ დაქვემდებარებულ პირს, რომლის ქმედებასაც ეხება საჩივარი.

    მუხლი 103. საჩივრის განხილვის ვადები

1. დაწესებულების დირექტორი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი საჩივარს განიხილავს მიღებიდან 5 დღის ვადაში. განსაკუთრებულ შემთხვევაში საჩივრის განხილვის ვადა შეიძლება გაგრძელდეს არა უმეტეს 1 თვისა, რის შესახებაც განმცხადებელს დაუყოვნებლივ ეცნობება ზეპირი ან წერილობითი ფორმით.

2. დეპარტამენტის თავმჯდომარე განიხილავს საჩივარს მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. დეპარტამენტის თავმჯდომარე უფლებამოსილია გააგრძელოს საჩივრის განხილვის ვადა არა უმეტეს 1 თვისა, რის შესახებაც წერილობით ეცნობება განმცხადებელს.

3. გარდა ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, საჩივარი განი-ხილება კანონით დადგენილ ვადაში.

    მუხლი 104. კონფიდენციალური საჩივარი

1. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, შეიტანოს კონფიდენციალური საჩივარი.

2. კონფიდენციალურია საჩივარი, რომელიც მოთავსებულია დალუქულ კონვერტში და რომელზედაც მითითებულია ადრესატი.

3. ადმინისტრაცია არ უზრუნველყოფს იმ საჩივრის კონფიდენციალურობის დაცვას, რომელზედაც არ არის მითითებული ადრესატი.

    მუხლი 105. წამებასთან, არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობასთან დაკავშირებული საჩივრები

1. წამებასთან, არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობასთან დაკავშირებული საჩივრები განეკუთვნება განსაკუთრებულ შემთხვევას და განხილულ უნდა იქნეს დაუყოვნებლივ.

2. წამებასთან, არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობასთან დაკავშირებული საჩივრების შესახებ არა უგვიანეს 24 საათისა უნდა ეცნობოს დაწესებულების დირექტორს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს ან/და სპეციალურ პრევენციულ ჯგუფს.

    მუხლი 106. საჩივრის განხილვის შედეგები

1. საჩივრის განხილვის შედეგები ბრალდებულს/მსჯავრდებულს ხელწერილით გაეცნობა გადაწყვეტილების მიღებიდან არა უგვიანეს 5 დღისა და დაერთვის ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირად საქმეს.

2. საჩივარში მითითებულ ყოველ კონკრეტულ მოთხოვნას უნდა გაეცეს დასაბუთებული პასუხი.

3. საჩივარზე უარყოფითი გადაწყვეტილების შემთხვევაში ბრალდებულს/მსჯავრდებულს უნდა ეცნობოს დასაბუთებული პასუხი.

    მუხლი 107. გადაწყვეტილების გასაჩივრება

საჩივრის განხილვის შედეგები შესაძლებელია ადმინისტრაციული წესით გასაჩივრდეს სასამართლოში.

საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3619 - სსმ I, №51, 29.09.2010 წ., მუხ.332

    მუხლი 108. საჩივრის შეტანის ხელშეწყობა

1. ადმინისტრაციამ ბრალდებულის/მსჯავრდებულის მოთხოვნის შემთხვევაში ბრალდებული/მსჯავრდებული უნდა უზრუნველყოს საჩივრის შესატანად საჭირო საშუალებათა აუცილებელი რაოდენობით, მათ შორის, ქაღალდით, კონვერტებით კონფიდენციალური საჩივრებისათვის, საწერი საშუალებებით და სხვა.

2. დაუშვებელია ბრალდებულის/მსჯავრდებულის დასჯა საჩივრის შეტანის გამო.

3. ადმინისტრაციამ უნდა უზრუნველყოს ბრალდებულის/ მსჯავრდებულის პრობლემების ადგილზე გადაჭრა. არაკონფიდენციალური საჩივარი, რომელიც ადმინისტრაციამ შესაძლოა ადგილზე გადაწყვიტოს, გადაწყდება იმ ორგანოს და პირის მიერ მისი განხილვის შედეგების დალოდების გარეშე, რომელთაც ის გაეგზავნა.

    მუხლი 109. მოთხოვნების/საჩივრების ანალიზი

6 თვეში ერთხელ დეპარტამენტი იხილავს და აანალიზებს დაწესებულებაში შემოსულ მოთხოვნებს/საჩივრებს, რის შესახებაც მზადდება ანგარიში და წარედგინება დეპარტამენტის თავმჯდომარეს და მინისტრს.

თავი XVII. ბრალდებულთა/ მსჯავრდებულთა შრომა

საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3619 - სსმ I, №51, 29.09.2010 წ., მუხ.332

    მუხლი 110. ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა შრომითი საქმიანობის ზოგადი პრინციპები

 1. ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა შრომითი საქმიანობა ხორციელდება ამ კოდექსითა და საქართველოს შრომის კანონმდებლობით დადგენილი წესით. აკრძალულია ბრალდებულის/მსჯავრდებულის იძულება, შეასრულოს ისეთი სამუშაო, რომელიც ლახავს ადამიანის პატივსა და ღირსებას.

2. ბრალდებულები/მსჯავრდებულები მუშაობენ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ტერიტორიაზე, თუ დაწესებულებას აქვს მათი დასაქმების შესაძლებლობა. ბრალდებულები/მსჯავრდებულები მუშაობენ მხოლოდ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ტერიტორიაზე.

3. ბრალდებული/მსჯავრდებული შეიძლება დასაქმებულ იქნეს აგრეთვე თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ სახელმწიფო ან არასახელმწიფო დაწესებულებაში.

4. იმ სამუშაოთა ჩამონათვალი, რომლებზედაც აკრძალულია ბრალდებულის/მსჯავრდებულის დასაქმება, განისაზღვრება თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დებულებით.

 5. ბრალდებული/მსჯავრდებული შესრულებული სამუშაოსათვის იღებს ხელფასს საქართველოს შრომის კანონმდებლობის შესაბამისად. ბრალდებულის/მსჯავრდებულის შრომის ანაზღაურების წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

 6. ბრალდებულს/მსჯავრდებულს ხელფასი ერიცხება პირად საბანკო ანგარიშზე. ხელფასის სრული განკარგვის უფლება ბრალდებულს/მსჯავრდებულს მიეცემა გათავისუფლებისას. მას უფლება აქვს, ეს თანხა თავისი შეხედულებისამებრ გადაუგზავნოს ახლო ნათესავებსა და სხვა პირებს.

საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3619 - სსმ I, №51, 29.09.2010 წ., მუხ.332

    მუხლი 111. საწარმოები თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ტერიტორიაზე

1. ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დასაქმება შესაძლებელია „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ტერიტორიაზე შექმნილ საწარმოებში.

2. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ საწარმოში, როგორც წესი, დასაქმებული უნდა იყოს მხოლოდ ბრალდებული/მსჯავრდებული. გამონაკლის შემთხვევაში, როდესაც საწარმოს საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე საჭიროა ისეთი სამუშაოს შესრულება, რომლის შესაბამისი კვალიფიკაცია ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს არ აქვთ ან მოკლე დროში შეუძლებელია ასეთი კვალიფიკაციის ბრალდებულების/მსჯავრდებულების მომზადება, აგრეთვე იმ სამუშაოზე, რომლის შესასრულებლადაც საჭიროა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ტერიტორიიდან სისტემატური გასვლა, შესაძლებელია საწარმოში შრომითი კონტრაქტით მოწვეულ იქნეს გარეშე პირი (არამსჯავრდებული).

3. საწარმოში ბრალდებული/მსჯავრდებული დასაქმდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ადმინისტრაციის ორგანიზაციული მონაწილეობით. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, ადმინისტრაციის მიერ შეთავაზებული სამუშაოებიდან ამოირჩიოს მისთვის შესაფერისი სამუშაო.

4. საწარმოსა და დეპარტამენტს შორის ფორმდება ხელშეკრულება, რომლითაც საწარმო კისრულობს ვალდებულებას, რომ თავის საქმიანობაში დაექვემდებარება იმ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების შინაგანაწესით დადგენილ მოთხოვნებს, რომლის ტერიტორიაზედაც ის ფუნქციონირებს. ასეთივე ვალდებულება ეკისრება საწარმოში დასაქმებულ ბრალდებულს/მსჯავრდებულს, რაც უნდა აისახოს საწარმოსთან დადებულ შრომის ხელშეკრულებაში.

საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3619 - სსმ I, №51, 29.09.2010 წ., მუხ.332

    მუხლი 112. სამუშაო პირობები

1. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ადმინისტრაცია და დამსაქმებელი ვალდებული არიან ბრალდებულს/მსჯავრდებულს შეუქმნან სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო შრომის პირობები. სამუშაო დროის ხანგრძლივობა, შრომის დაცვის, უსაფრთხოებისა და საწარმოს სანიტარიული წესები განისაზღვრება საქართველოს შრომის კანონმდებლობის შესაბამისად.

2. არასრულწლოვანი ბრალდებული/მსჯავრდებული მუშაობს სწავლისაგან თავისუფალ დროს, ამასთანავე, სწავლისა და მუშაობის დრო არ უნდა აღემატებოდეს დღეში 8 საათს.

3. ზეგანაკვეთური მუშაობა, აგრეთვე მუშაობა უქმე დღეებში შესაძლებელია მხოლოდ ბრალდებულის/მსჯავრდებულის თანხმობით. ამასთანავე, სამუშაო დროის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს დღეში 8 საათს.

4. შესაძლებელია, რომ ბრალდებულმა/მსჯავრდებულმა იმუშაოს დაწესებულების გარეთ. ბრალდებულის/მსჯავრდებულის დაწესებულების გარეთ მუშაობის წესს ადგენს და განსაზღვრავს მინისტრი.

საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3619 - სსმ I, №51, 29.09.2010 წ., მუხ.332

თავი XVIII. ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა განათლება

საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3619 - სსმ I, №51, 29.09.2010 წ., მუხ.332

    მუხლი 113. ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა განათლება

1. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ადმინისტრაცია ვალდებულია შექმნას პირობები, რათა ბრალდებულებმა/მსჯავრდებულებმა მიიღონ ზოგადი და პროფესიული განათლება.

2. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ადმინისტრაცია ვალდებულია დაწესებულებაში მოაწყოს ბიბლიოთეკა, რომელშიც უნდა იყოს როგორც საგანმანათლებლო ლიტერატურა, ისე ბრალდებულთათვის/მსჯავრდებულთათვის გასაგებ ენაზე თავისუფლების აღკვეთის აღსრულების შესახებ საქართველოს და საერთაშორისო კანონმდებლობა.

საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3619 - სსმ I, №51, 29.09.2010 წ., მუხ.332

    მუხლი 114. ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ზოგადი განათლება

1. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უნდა ჰქონდეს საშუალება, მიიღოს სრული ზოგადი განათლება მინისტრისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ერთობლივი ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად.

2. არასრულწლოვანი ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის დაწყებითი და საბაზო განათლების მიცემა სავალდებულოა.

3. ბრალდებულს/მსჯავრდებულს, რომელიც ვერ ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას, უნდა შეექმნას პირობები მის დასაუფლებლად.

4. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში ზოგადი განათლების მიწოდება ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ დამტკიცებული პროგრამით, რომელიც უნდა უზრუნველყოფდეს ეროვნული სასწავლო გეგმით დასახული მიზნების მიღწევას. ამ საგანმანათლებლო პროგრამაზე არ ვრცელდება ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სასწავლო გარემოს ორგანიზების პირობები და საათობრივი ბადე.

5. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში ზოგადი განათლების დაფინანსება ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ დამტკიცებული პროგრამით, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილისაგან განსხვავებული წესით.

საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3619 - სსმ I, №51, 29.09.2010 წ., მუხ.332

    მუხლი 115. ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა პროფესიული განათლება

1. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში ბრალდებულთათვის/ მსჯავრდებულთათვის უნდა შეიქმნას პროფესიული განათლების მიღების პირობები.      

2. ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა პროფესიული განათლების დროს უპირატესობა ეძლევა იმ პროფესიებს, რომელთა შესწავლაც თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების პირობებშია შესაძლებელი.

3. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში პროფესიული განათლების შედეგად მიღებულ კვალიფიკაციას ადასტურებს საატესტაციო ორგანო „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად.

საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3619 - სსმ I, №51, 29.09.2010 წ., მუხ.332

თავი XIX. მსჯავრდებულთა სარეაბილიტაციო პროგრამები

    მუხლი 116. მსჯავრდებულის რესოციალიზაცია

1. მსჯავრდებულის რესოციალიზაცია არის მსჯავრდებულში საზოგადოების, სხვა ადამიანების, ზნეობის ნორმებისა და ადამიანთა თანაცხოვრების დამკვიდრებული წესებისადმი პატივისცემისა და პასუხისმგებლობის გრძნობის ჩამოყალიბება.

2. მსჯავრდებულის რესოციალიზაციის ძირითადი საშუალებებია:

ა) სასჯელის მოხდა დადგენილი წესის შესაბამისად;

ბ) სარეაბილიტაციო პროგრამების განხორციელება;

გ) აღმზრდელობითი მუშაობა არასრულწლოვანთა მიმართ;

დ) მსჯავრდებულთა დასაქმება;

ე) ზოგადი და პროფესიული განათლების მიღება;

ვ) საზოგადოებასთან ურთიერთობა.

3. მსჯავრდებულის რესოციალიზაციის საშუალებები გამოიყენება დანიშნული სასჯელის სახის, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, მსჯავრდებულის პიროვნების, მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობისა და ქცევის გათვალისწინებით.

    მუხლი 117. მსჯავრდებულთა სარეაბილიტაციო პროგრამების ამოცანები

1. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მსჯავრდებულთან ტარდება სარეაბილიტაციო მუშაობა, რომლის მიზანია:

ა) მსჯავრდებულში კანონის, სხვა ადამიანების, შრომის, ადამიანთა თანაცხოვრების დამკვიდრებული წესებისა და ნორმებისადმი პატივისცემის გრძნობის ჩამოყალიბება;

ბ) თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მსჯავრდებულთა შორის ნორმალური ფსიქოლოგიური ატმოსფეროს შექმნა;

გ) მსჯავრდებულთა განათლებისა და პროფესიული დონის ამაღლება;

დ) მსჯავრდებულთა მომზადება გათავისუფლებისათვის;

ე) სხვადასხვა დამოკიდებულების მქონე პირთა რეაბილიტაცია.

2. სარეაბილიტაციო პროგრამებში მონაწილეობა გათვალისწინებული იქნება მსჯავრდებულის გამოსწორების ხარისხის შეფასებისას და მის მიმართ წახალისების ფორმის გამოყენებისას.

    მუხლი 118. მსჯავრდებულთა სარეაბილიტაციო პროგრამების ორგანიზება

1. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში სარეაბილიტაციო პროგრამების ორგანიზებას უზრუნველყოფს ადმინისტრაცია.

2. სამინისტრო მსჯავრდებულთა რეაბილიტაციის მიზნით თანამშრომლობს სახელმწიფო უწყებებთან და სხვა ორგანიზაციებთან.

3. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დღის განრიგი უნდა ითვალისწინებდეს სარეაბილიტაციო პროგრამებში მსჯავრდებულთა მონაწილეობის დროს.

4. სარეაბილიტაციო პროგრამებში მონაწილეობა ხდება მსჯავრდებულის თანხმობით.

5. მსჯავრდებულთან სარეაბილიტაციო მუშაობა ტარდება მისი პიროვნული თვისებებისა და ჩადენილი დანაშაულის ხასიათის გათვალისწინებით.

6. სარეაბილიტაციო პროგრამების ორგანიზებისათვის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში იქმნება შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და, საჭიროების შემთხვევაში, მოიწვევა სპეციალისტები.

თავი XX. სამედიცინო მომსახურების ორგანიზება

    მუხლი 119. ბრალდებულის/მსჯავრდებულის სამედიცინო მომსახურება

ბრალდებულის/მსჯავრდებულის სამედიცინო მომსახურება ხორციელდება ჯანმრთელობის დაცვის სფეროში ქვეყანაში დადგენილი სამედიცინო მომსახურების მოთხოვნების შესაბამისად.

    მუხლი 120. ბრალდებულის/მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის კონტროლი

1. პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მისვლისთანავე ბრალდებული/მსჯავრდებული გადის სამედიცინო შემოწმებას.

2. ბრალდებულის/მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მოწმდება წელიწადში ერთხელ მაინც. დაავადებულ ბრალდებულს/ მსჯავრდებულს უტარდება გადაუდებელი მკურნალობა.

    მუხლი 121. მკურნალობა პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში

1. ყველა პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში უნდა შეიქმნას საექიმო-სამედიცინო პუნქტი.

2. თუ ბრალდებულის/მსჯავრდებულის მკურნალობა არ შეიძლება განხორციელდეს პატიმრობის/თავი-სუფლების აღკვეთის დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტში, იგი შეიძლება გადაყვანილ იქნეს დეპარტამენტის დაქვემდებარებაში არსებულ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში ან საერთო პროფილის საავადმყოფოში.

    მუხლი 122. მსჯავრდებულისთვის ფსიქიატრიული დახმარების გაწევა

1. თუ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულს, რომლის მიმართაც დასრულებულია სამართალწარმოება, აღენიშნება ფსიქიკური აშლილობის ნიშნები და სამინისტროს ფსიქიატრიული კომისია მიზანშეწონილად მიიჩნევს არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარების გაწევას, ადმინისტრაცია სამინისტროს ფსიქიატრიული კომისიის დასკვნის საფუძველზე მიმართავს უფლებამოსილ საექსპერტო დაწესებულებას სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარების მოთხოვნით.

2. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ადმინისტრაცია ვალდებულია უფლებამოსილი საექსპერტო დაწესებულების დასკვნის საფუძველზე, თუ დადასტურდება არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარების გაწევის აუცილებლობა, 48 საათში მიმართოს სასამართლოს არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარების გაწევის შესახებ.

3. სამინისტროს ფსიქიატრიული კომისიის უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის ბრძანებით.

საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3 5 25 - სსმ I, №46, 04.08.2010 წ., მუხ.288

საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3619 - სსმ I, №51, 29.09.2010 წ., მუხ.332

თავი XXI. გარდამავალი დებულებანი

    მუხლი 123. ბრალდებულის პაემანი 2014 წლის 1 იანვრამდე

ბრალდებული 2014 წლის 1 იანვრამდე სარგებლობს 1 თვის განმავლობაში არა უმეტეს 4 ხანმოკლე პაემნის უფლებით, პროკურორის ან გამომძიებლის ნებართვის საფუძველზე.

    მუხლი 124. ბრალდებულის მიმოწერა და სატელეფონო საუბარი 2014 წლის 1 იანვრამდე

ბრალდებულს 2014 წლის 1 იანვრამდე უფლება აქვს, ადმინისტრაციის კონტროლით, საკუთარი ხარჯით აწარმოოს მიმოწერა და 1 თვის განმავლობაში 3-ჯერ ჰქონდეს სატელეფონო საუბარი, თითოეული – არა უმეტეს 15 წუთისა, მხოლოდ გამომძიებლის, პროკურორის ან სასამართლოს ნებართვით.

    მუხლი 125. კოდექსის ამოქმედებისათვის განსახორციელებელი ღონისძიებები

1. ამ კოდექსის ამოქმედებიდან ორი თვის ვადაში მინისტრმა უზრუნველყოს ამ კოდექსით გათვალისწინებული ნორმატიული აქტების გამოცემა.

11. ამ კოდექსის ამოქმედებიდან ორი თვის ვადაში მინისტრმა უზრუნველყოს იმ პირთა წრის განსაზღვრა, რომლებიც სარგებლობენ პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის უფლებით.

2. ამ კოდექსის ამოქმედებიდან ორი თვის ვადაში მინისტრმა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა უზრუნველყონ ბრალდებულის/მსჯავრდებულის კვების ნორმების განსაზღვრის თაობაზე ერთობლივი ბრძანების გამოცემა.

3. ამ კოდექსის ამოქმედებიდან ორი თვის ვადაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა უზრუნველყოს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში ზოგადი განათლების პროგრამის დამტკიცება.

4. სამინისტროს ადგილობრივი საბჭო არის სამინისტროს მუდმივმოქმედი კომისიის უფლებამონაცვლე.

5. სამინისტროს ადგილობრივმა საბჭომ განახორციელოს სამინისტროს მუდმივმოქმედი კომისიის წარმოებაში არსებული საქმეები.

6. უფლებამოსილმა სახელმწიფო დაწესებულებებმა განახორციელონ ღონისძიებები, რათა ეტაპობრივად მოხდეს ამ კოდექსით დადგენილი საცხოვრებელი ფართობის ოდენობების საერთაშორისოდ დადგენილ სტანდარტებთან დაახლოება სახელმწიფოს შესაძლებლობების გათვალისწინებით.

საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3619 - სსმ I, №51, 29.09.2010 წ., მუხ.332

თავი XXII. დასკვნითი დებულებანი

    მუხლი 126. ძალადაკარგული ნორმატიული აქტები

ამ კოდექსის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს:

ა) საქართველოს 1999 წლის 22 ივლისის კანონი „პატიმრობის შესახებ“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №38(45), 1999 წელი, მუხ. 182);

ბ) „სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის უფლების მინიჭების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 3 აგვისტოს 309 ბრძანებულება.

საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3619 - სსმ I, №51, 29.09.2010 წ., მუხ.332

    მუხლი 127. კოდექსის ამოქმედება

1. ეს კოდექსი, გარდა ამ კოდექსის 70-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტისა, 77-ე მუხლის პირველი ნაწილისა, 79-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტისა და მე-2 ნაწილისა, ამოქმედდეს 2010 წლის 1 ოქტომბრიდან.

2. ამ კოდექსის 70-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2012 წლის 1 იანვრიდან.

3. ამ კოდექსის 77-ე მუხლის პირველი ნაწილი, 79-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი და მე-2 ნაწილი ამოქმედდეს 2014 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი                    მ. სააკაშვილი

თბილისი,

2010 წლის 9 მარტი.

№2696–Iს

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3525 - სსმ I, №46, 04.08.2010 წ., მუხ.288

2. საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3619 - სსმ I, №51, 29.09.2010 წ., მუხ.332

3. საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი № 4048 - სსმ I, № 75 , 27.12.2010 წ., მუხ. 468

4. საქართველოს 2011 წლის 25 თებერვლის კანონი №4259 ვებგვერდი, 10.03.2011წ.

43. 15/12/2023 - საქართველოს კანონი - 3988-XIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 26/12/2023 42. 30/11/2023 - საქართველოს კანონი - 3857-XIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 15/12/2023 41. 22/11/2023 - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება - 2/8/1444 - ვებგვერდი, 27/11/2023 40. 21/09/2023 - საქართველოს კანონი - 3512-XIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 12/10/2023 39. 24/05/2022 - საქართველოს კანონი - 1572-VIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 06/06/2022 38. 30/12/2021 - საქართველოს კანონი - 1323-VIIრს-Xმპ - ვებგვერდი, 13/01/2022 37. 02/11/2021 - საქართველოს კანონი - 979-VIმს-Xმპ - ვებგვერდი, 05/11/2021 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 36. 05/07/2021 - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება - 1/3/1441 - ვებგვერდი, 08/07/2021 35. 16/03/2021 - საქართველოს კანონი - 371-IVმს-Xმპ - ვებგვერდი, 18/03/2021 34. 15/07/2020 - საქართველოს კანონი - 6944-რს - ვებგვერდი, 28/07/2020 33. 14/07/2020 - საქართველოს კანონი - 6836-რს - ვებგვერდი, 28/07/2020 32. 17/03/2020 - საქართველოს კანონი - 5759-IIს - ვებგვერდი, 23/03/2020 31. 29/11/2019 - საქართველოს კანონი - 5392-Iს - ვებგვერდი, 10/12/2019 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 30. 01/11/2019 - საქართველოს კანონი - 5280-Iს - ვებგვერდი, 04/11/2019 29. 20/09/2019 - საქართველოს კანონი - 5029-Iს - ვებგვერდი, 01/10/2019 28. 28/06/2019 - საქართველოს კანონი - 4897-IIს - ვებგვერდი, 28/06/2019 27. 27/12/2018 - საქართველოს კანონი - 4252-რს - ვებგვერდი, 29/12/2018 26. 21/07/2018 - საქართველოს კანონი - 3278-რს - ვებგვერდი, 09/08/2018 25. 05/07/2018 - საქართველოს კანონი - 3128-რს - ვებგვერდი, 11/07/2018 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 24. 23/12/2017 - საქართველოს კანონი - 1942-რს - ვებგვერდი, 29/12/2017 23. 01/06/2017 - საქართველოს კანონი - 943-IIს - ვებგვერდი, 20/06/2017 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 22. 04/05/2017 - საქართველოს კანონი - 770-IIს - ვებგვერდი, 25/05/2017 21. 27/04/2016 - საქართველოს კანონი - 5015-IIს - ვებგვერდი, 13/05/2016 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 20. 08/07/2015 - საქართველოს კანონი - 3939-რს - ვებგვერდი, 15/07/2015 19. 12/06/2015 - საქართველოს კანონი - 3711-IIს - ვებგვერდი, 24/06/2015 18. 01/05/2015 - საქართველოს კანონი - 3523-IIს - ვებგვერდი, 18/05/2015 17. 20/03/2015 - საქართველოს კანონი - 3353-IIს - ვებგვერდი, 31/03/2015 16. 31/10/2014 - საქართველოს კანონი - 2758-Iს - ვებგვერდი, 11/11/2014 15. 17/10/2014 - საქართველოს კანონი - 2701-Iს - ვებგვერდი, 31/10/2014 14. 29/05/2014 - საქართველოს კანონი - 2486-IIს - ვებგვერდი, 02/06/2014 13. 16/04/2014 - საქართველოს კანონი - 2241-IIს - ვებგვერდი, 02/05/2014 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 12. 25/12/2013 - საქართველოს კანონი - 1870-რს - ვებგვერდი, 28/12/2013 11. 13/12/2013 - საქართველოს კანონი - 1787-Iს - ვებგვერდი, 28/12/2013 10. 24/09/2013 - საქართველოს კანონი - 1295-რს - ვებგვერდი, 08/10/2013 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 9. 19/04/2013 - საქართველოს კანონი - 559-IIს - ვებგვერდი, 10/05/2013 8. 19/06/2012 - საქართველოს კანონი - 6504-Iს - ვებგვერდი, 02/07/2012 7. 12/06/2012 - საქართველოს კანონი - 6439-რს - ვებგვერდი, 22/06/2012 6. 22/05/2012 - საქართველოს კანონი - 6257-Iს - ვებგვერდი, 06/06/2012 5. 11/11/2011 - საქართველოს კანონი - 5255-IIს - ვებგვერდი, 111124015, 24/11/2011 4. 25/02/2011 - საქართველოს კანონი - 4259-Iს - ვებგვერდი, 110310006, 10/03/2011 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 3. 15/12/2010 - საქართველოს კანონი - 4048-რს - სსმ, 75, 27/12/2010 2. 24/09/2010 - საქართველოს კანონი - 3619-რს - სსმ, 51, 29/09/2010 1. 21/07/2010 - საქართველოს კანონი - 3525 - სსმ, 46, 04/08/2010