პატიმრობის კოდექსი

პატიმრობის კოდექსი
დოკუმენტის ნომერი 2696
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 09/03/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 12, 24/03/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2024
სარეგისტრაციო კოდი 100.030.010.05.001.003.911
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
2696
09/03/2010
სსმ, 12, 24/03/2010
100.030.010.05.001.003.911
პატიმრობის კოდექსი
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (12/06/2015 - 08/07/2015)

საქართველოს კანონი

პატიმრობის კოდექსი

ზოგადი ნაწილი

 

თავი I. ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მიზანი და პრინციპები

1. პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მიზანია პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულება, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და მსჯავრდებულის რესოციალიზაცია.

2. საქართველოში პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულება ხორციელდება კანონიერების, ჰუმანიზმის, დემოკრატიულობის, კანონის წინაშე თანასწორობისა და სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპებზე დაყრდნობით.

    მუხლი 2. საქართველოს კანონმდებლობა პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების შესახებ

1. საქართველოს კანონმდებლობა პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების შესახებ ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციას, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს, ამ კოდექსს, სხვა კანონებს და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს.

2. საქართველოს კანონმდებლობა პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების შესახებ შეესაბამება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს.

3. (ამოღებულია - 01.05.2015, №3523).

4. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს (შემდგომ – მინისტრი) უფლება აქვს, გამოსცეს ბრძანება ამ კოდექსით გათვალისწინებულ საკითხებზე. 

საქართველოს 2013 წლის   13 დეკემბრის კანონი №1787 - ვებგვერდი, 28.12.2013წ.

საქართველოს 2014  წლის 16 აპრილის   კანონი №2241  - ვებგვერდი, 02.05.2014წ.

საქართველოს 2015  წლის 1 მაისის  კანონი №3523  - ვებგვერდი, 18.05.2015წ.

    მუხლი 3. კოდექსის მოქმედების სფერო

1. ეს კოდექსი განსაზღვრავს სასამართლოს მიერ სისხლის სამართლის საქმეზე თავისუფლების აღკვეთის სახით დადგენილი განაჩენის აღსრულების წესსა და პირობებს, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამართლებრივი დაცვის გარანტიებს, აწესრიგებს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების ორგანოთა საქმიანობას, ადგენს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულებაში სახელმწიფო ორგანოთა, საზოგადოებრივ ორგანიზაციათა და მოქალაქეთა მონაწილეობის წესსა და პირობებს.

2. ამ კოდექსით დადგენილი წესით აღსრულდება პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულებასთან დაკავშირებული და კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენი, განჩინება, დადგენილება და მოსამართლის ბრძანება, აგრეთვე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილება.

3. საქართველოში პატიმრობა მოიცავს პატიმრობასა და თავისუფლების აღკვეთას.

საქართველოს 2015  წლის 1 მაისის  კანონი №3523  - ვებგვერდი, 18.05.2015წ.

    მუხლი 4. პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მოქმედება სივრცეში და პირთა წრის მიხედვით

1. პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მოქმედება ვრცელდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.

2. პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების შესახებ საქართველოს კანონმდებლობა გამოიყენება როგორც საქართველოს მოქალაქეთა, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა მიმართ, საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით დადგენილი წესით.

    მუხლი 5. პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების საფუძვლები

1. პატიმრობის აღსრულების საფუძველია პატიმრობის შეფარდების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება.

2. თავისუფლების აღკვეთის აღსრულების საფუძველია სასამართლოს მიერ სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი, რომლითაც პირს შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა.

 

თავი II. პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემა    

    მუხლი 6. პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების ორგანიზება

1. პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის უშუალოდ აღმასრულებელი ორგანო არის პენიტენციური დაწესებულება.

2. პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულებასთან დაკავშირებულ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ცალკეულ ფუნქციებს ასრულებს და პენიტენციურ დაწესებულებათა ერთიან მართვას ახორციელებს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი – პენიტენციური დეპარტამენტი (შემდგომ – დეპარტამენტი).

3. პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სფეროში ერთიანი პოლიტიკის წარმართვას და პენიტენციური დაწესებულებების ფუნქციონირებას უზრუნველყოფს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო (შემდგომ – სამინისტრო).

4. პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სფეროში ერთიანი პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში საზოგადოების წარმომადგენელთა ჩართვის მიზნით სამინისტროსთან იქმნება საკონსულტაციო საბჭო. ამ საბჭოს დაკომპლექტებისა და ფუნქციონირების წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.

    მუხლი 7. პენიტენციური დაწესებულებების ფუნქციონირების უზრუნველყოფა

1. სამინისტრო პენიტენციურ დაწესებულებათა ფუნქციონირებას უზრუნველყოფს სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურისა და სამოქალაქო სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფების მეშვეობით.

2. სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახური აერთიანებს პენიტენციურ დაწესებულებებს და სამინისტროს იმ სტრუქტურულ ქვედანაყოფებს, რომელთა საქმიანობაც უშუალოდ მიმართულია პენიტენციურ დაწესებულებათა ერთიანი მართვის, პენიტენციურ დაწესებულებებში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა უფლებების რეალიზაციის, მსჯავრდებულთა რესოციალიზაციის, სამართლებრივი რეჟიმის დაცვის, უსაფრთხოების დაცვის, უსაფრთხოების სპეციალური ღონისძიებების განხორციელების, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაყვანის/გადაყვანის და ექსტრადიციის, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა პირადი საქმეებისა და რეესტრების წარმოების, შესაბამისი მონაცემების დამუშავებისა და ანალიზის უზრუნველყოფისაკენ.

3. სამინისტროს სამოქალაქო სამსახური აერთიანებს სამინისტროს იმ სტრუქტურულ ქვედანაყოფებს, რომლებიც თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებენ პენიტენციურ დაწესებულებათა ერთიან ლოჯისტიკურ, სამედიცინო, საფინანსო, ორგანიზაციულ და სამართლებრივ უზრუნველყოფას ამ დაწესებულებების ფუნქციონირების მიზნით.

4. სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის ორგანიზება, ფუნქციები, უფლება-მოვალეობები და სამსახურის გავლის წესი განისაზღვრება „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით.

5. სამინისტროს სამოქალაქო სამსახურის მოსამსახურეზე ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი.

    მუხლი 71. დეპარტამენტი

1. დეპარტამენტი არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც შედის სამინისტროს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში. დეპარტამენტი:

ა) ახორციელებს პენიტენციურ დაწესებულებათა ერთიან მართვას;

ბ) შეიმუშავებს და მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს პენიტენციურ დაწესებულებათა განვითარების პროგრამებს და, მათი დამტკიცების შემთხვევაში, თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს ამ პროგრამების განხორციელებას;

გ) განსაზღვრავს და გეგმავს პენიტენციურ დაწესებულებათა საჭიროებებს;

დ) ახორციელებს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაყვანას/გადაყვანას და ექსტრადიციას და მათთან დაკავშირებულ დამატებითი უსაფრთხოების ღონისძიებებს;

ე) უზრუნველყოფს და კოორდინაციას უწევს პენიტენციურ დაწესებულებებში სამართლებრივი რეჟიმის დაცვას, უსაფრთხოების დაცვას, პენიტენციურ დაწესებულებათა, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა და მოსამსახურეთა დაცვას;

ვ) უზრუნველყოფს პენიტენციურ დაწესებულებებში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებების რეალიზაციას;

ზ) უზრუნველყოფს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა პირადი საქმეებისა და რეესტრების წარმოებას;

თ) საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან, სახელმწიფო დაწესებულებებთან და სამინისტროს სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან კონსულტაციების შედეგად შეიმუშავებს და მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს მსჯავრდებულთა რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის პროგრამებს და, მათი დამტკიცების შემთხვევაში, თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს ამ პროგრამების განხორციელებას;

ი) შეიმუშავებს, ამტკიცებს და ახორციელებს უსაფრთხოების ღონისძიებების და უსაფრთხოების დამატებითი ღონისძიებების გეგმებს;

კ) საჭიროების შემთხვევაში ახორციელებს უსაფრთხოების სპეციალურ ღონისძიებებს;

ლ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

2. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

3. დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

4. დეპარტამენტის დირექტორი თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დეპარტამენტისა და პენიტენციური დაწესებულებების მოსამსახურეებს. იმ მოსამსახურეთა ჩამონათვალი, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დეპარტამენტის დირექტორი, განისაზღვრება მინისტრის ნორმატიული აქტით.

5. დეპარტამენტის დირექტორი უფლებამოსილია ამ კოდექსითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში გამოსცეს ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი. მინისტრს უფლება აქვს, მოახდინოს ცალკეულ უფლებამოსილებათა დელეგირება დეპარტამენტის დირექტორზე, გარდა საკადრო საკითხებთან დაკავშირებული უფლებამოსილებებისა.

    მუხლი 8. პენიტენციური დაწესებულება და მისი მართვა. პენიტენციური დაწესებულების სახეები

1. პენიტენციური დაწესებულება არის მინისტრის სამართლებრივი აქტით შექმნილი დამოუკიდებელი ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც არ არის იურიდიული პირი და ფუნქციონირებს სამინისტროს სისტემაში. პენიტენციური დაწესებულება მისთვის ამ კოდექსით მინიჭებული ცალკეული ფუნქციების შესრულებისას არის ადმინისტრაციული ორგანო.

2. პენიტენციურ დაწესებულებას ქმნის და აუქმებს მინისტრი.

3. პენიტენციური დაწესებულების უფლებამოსილება, სტრუქტურა და მართვის წესი, აგრეთვე ამ კოდექსის 52-ე მუხლით გათვალისწინებული სხვა საკითხები განისაზღვრება პენიტენციური დაწესებულების დებულებით, რომელსაც დეპარტამენტის დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს მინისტრი.

4. პენიტენციურ დაწესებულებას ხელმძღვანელობს პენიტენციური დაწესებულების დირექტორი. პენიტენციური დაწესებულების დირექტორს დეპარტამენტის დირექტორის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. პენიტენციური დაწესებულების დირექტორის მოადგილეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დეპარტამენტის დირექტორი. ამასთანავე, სოციალურ დარგში პენიტენციური დაწესებულების დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე დანიშვნისათვის და თანამდებობიდან გათავისუფლებისათვის საჭიროა მინისტრის წინასწარი წერილობითი თანხმობა.

5. პენიტენციურ დაწესებულებაში მუშაობენ სპეციალური პენიტენციური სამსახურის ოფიცრები და რიგითები, აგრეთვე პენიტენციური დაწესებულების ის საჯარო მოსამსახურეები, რომლებიც ამ პენიტენციურ დაწესებულებაში უშუალოდ ასრულებენ ლოჯისტიკურ, საფინანსო, ორგანიზაციულ და სამართლებრივ უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ ფუნქციებს. აღნიშნულ საჯარო მოსამსახურეებს არ ენიჭებათ სამხედრო და სახელმწიფო სპეციალური წოდებები. პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულთა სამედიცინო მომსახურებას უზრუნველყოფენ სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის მოსამსახურეები.

6. პენიტენციური დაწესებულების სახეებია:

ა) პატიმრობის დაწესებულება;

ბ) თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება;

გ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულება.

7. საჭიროების შემთხვევაში მინისტრი ქმნის და აუქმებს შერეული ტიპის პენიტენციურ დაწესებულებას.

საქართველოს 2015  წლის 1 მაისის  კანონი №3523  - ვებგვერდი, 18.05.2015წ.

    მუხლი 9. პატიმრობის დაწესებულება

1. პატიმრობის დაწესებულება არის დახურული, განსაკუთრებულად დაცული, სასაკნე ტიპის დაწესებულება, რომლის მიზანია ბრალდებულის იზოლაცია აღკვეთის ღონისძიების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით.

2. პატიმრობის დაწესებულებაში განთავსებული არიან ბრალდებულები, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა ან/და შერეული ტიპის დაწესებულების არსებობის შემთხვევისა. შერეული ტიპის დაწესებულებაში ბრალდებულები იზოლირებული უნდა იყვნენ მსჯავრდებულებისაგან, როგორც მინიმუმი, ერთმანეთისაგან განცალკევებული საცხოვრებელი ფართობებით.

3. პატიმრობის დაწესებულებაში ბრალდებულები განთავსებული არიან სპეციალურ საკნებში, სადაც შესაძლებელია განხორციელდეს ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა და კონტროლი ამ კოდექსის 54-ე მუხლის შესაბამისად.

საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3619 - სსმ I, №51, 29.09.2010 წ., მუხ.332

    მუხლი 10. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება

1. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება არის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-40 მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სასჯელის აღსრულების დაწესებულება.

2. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებია:

ა) დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება;

ბ) ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება;

გ) დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება;

დ) განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება;

ე) არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულება;

ვ) ქალთა სპეციალური დაწესებულება.

    მუხლი 101. დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება

1. დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება არის დაცული, შეიარაღებული დაცვით უზრუნველყოფილი, სპეციალური დამცავი ზღუდეებით გარშემორტყმული დაწესებულება, რომელშიც უზრუნველყოფილია მსჯავრდებულთა მუდმივი მეთვალყურეობა.

2. დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მსჯავრდებულები განთავსებული არიან საერთო საცხოვრებელში, სადაც შესაძლებელია განხორციელდეს ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა და კონტროლი ამ კოდექსის 54-ე მუხლის შესაბამისად.

3. დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მსჯავრდებულებს შეუძლიათ დამოუკიდებლად, დადგენილი წესით გადაადგილდნენ დაწესებულების ტერიტორიაზე.

    მუხლი 11. ნახევრად ღია ტიპის დაწესებულება

1. ნახევრად ღია ტიპის დაწესებულება არის განსაკუთრებულად დაცული, შეიარაღებული დაცვით უზრუნველყოფილი, სპეციალური დამცავი ზღუდეებით გარშემორტყმული დაწესებულება, რომელშიც უზრუნველყოფილია მსჯავრდებულთა მუდმივი მეთვალყურეობა.

2. ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მსჯავრდებულები განთავსებული არიან საერთო საცხოვრებელში, სადაც შესაძლებელია განხორციელდეს ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა და კონტროლი ამ კოდექსის 54-ე მუხლის შესაბამისად.

3. ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მსჯავრდებულებს შეუძლიათ დამოუკიდებლად, დადგენილი წესით გადაადგილდნენ დაწესებულების ტერიტორიაზე.

4. (ამოღებულია - 16.04.2014, №2241).

საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3619 - სსმ I, №51, 29.09.2010 წ., მუხ.332

    მუხლი 12. დახურული ტიპის დაწესებულება

1. დახურული ტიპის დაწესებულება არის განსაკუთრებულად დაცული, როგორც შეიარაღებული დაცვით უზრუნველყოფილი, ისე სასიგნალიზაციო სისტემით აღჭურვილი, სპეციალური დამცავი ზღუდეებით გარშემორტყმული დაწესებულება, რომელშიც უზრუნველყოფილია მსჯავრდებულთა მუდმივი მეთვალყურეობა.

2. დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მსჯავრდებულები განთავსებული არიან სპეციალურ საკნებში, სადაც შესაძლებელია განხორციელდეს ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა და კონტროლი ამ კოდექსის 54-ე მუხლის შესაბამისად.

საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3619 - სსმ I, №51, 29.09.2010 წ., მუხ.332

    მუხლი 121. განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება

1. განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება არის განსაკუთრებულად დაცული, შეიარაღებული დაცვით უზრუნველყოფილი, სპეციალური დამცავი ზღუდეებით გარშემორტყმული დაწესებულება, რომელშიც მიღებულია უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები და უზრუნველყოფილია მსჯავრდებულთა მუდმივი მეთვალყურეობა.

2. განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მსჯავრდებულები განთავსებული არიან სპეციალურ საკნებში, სადაც მსჯავრდებულებზე ხორციელდება ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა და კონტროლი ამ კოდექსის 54-ე მუხლის შესაბამისად.

საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3619 - სსმ I, №51, 29.09.2010 წ., მუხ.332

    მუხლი 122. არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულება

1. არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულება არის განსაკუთრებულად დაცული, სპეციალური დამცავი ზღუდეებით გარშემორტყმული დაწესებულება, რომელშიც უზრუნველყოფილია მსჯავრდებულთა მუდმივი მეთვალყურეობა.

2. არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში მსჯავრდებულები განთავსებული არიან სპეციალურ საცხოვრებელში, სადაც შესაძლებელია განხორციელდეს ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა და კონტროლი ამ კოდექსის 54-ე მუხლის შესაბამისად.

3. არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში მსჯავრდებულებს შეუძლიათ დამოუკიდებლად, დღის განრიგით დადგენილი წესით და სასჯელის მოხდის ინდივიდუალური გეგმის შესაბამისად გადაადგილდნენ დაწესებულების ტერიტორიაზე.

4. არასრულწლოვანი მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდის ინდივიდუალური დაგეგმვის წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.

    მუხლი 123. ქალთა სპეციალური დაწესებულება

1. ქალთა სპეციალური დაწესებულება არის განსაკუთრებულად დაცული, შეიარაღებული დაცვით უზრუნველყოფილი, სპეციალური დამცავი ზღუდეებით გარშემორტყმული დაწესებულება, რომელშიც უზრუნველყოფილია მსჯავრდებულთა მუდმივი მეთვალყურეობა.

2. ქალთა სპეციალურ დაწესებულებაში განთავსებული არიან ქალი მსჯავრდებულები, მათ შორის, არასრულწლოვნები. არასრულწლოვან ქალ მსჯავრდებულზე ვრცელდება იგივე პირობები, რომლებიც დადგენილია არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში განთავსებული მსჯავრდებულისათვის.

[2. ქალთა სპეციალურ დაწესებულებაში განთავსებული არიან ქალი მსჯავრდებულები, მათ შორის, არასრულწლოვნები.  (ამოქმედდეს 2016 წლის 1 იანვრიდან)]

3. ქალთა სპეციალურ დაწესებულებაში მსჯავრდებულები, როგორც წესი, განთავსებული არიან საერთო საცხოვრებელში, სადაც შესაძლებელია განხორციელდეს ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა და კონტროლი ამ კოდექსის 54-ე მუხლის შესაბამისად.

4. ქალთა სპეციალური დაწესებულება გათანაბრებულია ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებასთან, გარდა ამ კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს 2015 წლის 12  ივნისის   კანონი № 3711  – ვებგვერდი, 24.06.2015წ.

თავი II1. (ამოღებულია)

საქართველოს 2014  წლის 16 აპრილის   კანონი №2241  - ვებგვერდი, 02.05.2014წ.

საქართველოს 2015  წლის 1 მაისის  კანონი №3523  - ვებგვერდი, 18.05.2015წ.    

    მუხლი 125. (ამოღებულია)

    მუხლი 126. (ამოღებულია)

თავი II2. (ამოღებულია)

საქართველოს 2014  წლის 16 აპრილის   კანონი №2241  - ვებგვერდი, 02.05.2014წ.

საქართველოს 2015  წლის 1 მაისის  კანონი №3523  - ვებგვერდი, 18.05.2015წ.   

 
 
 

    მუხლი 1211. (ამოღებულია)

 

თავი III. ბრალდებულისა და მსჯავრდებულის სამართლებრივი მდგომარეობა

    მუხლი 13. ბრალდებულისა და მსჯავრდებულის სამართლებრივი მდგომარეობის საფუძვლები

1. სახელმწიფო უზრუნველყოფს ბრალდებულისა და მსჯავრდებულის კანონიერი უფლებებისა და თავისუფლებების, ასევე მათი სამართლებრივი, სოციალური და პირადი უსაფრთხოების დაცვას, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულებას.

2. ბრალდებულს პატიმრობის, ხოლო მსჯავრდებულს თავისუფლების აღკვეთის აღსრულებისას გარანტირებული აქვს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, ამ კოდექსით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით აღიარებული უფლებები და თავისუფლებები.

    მუხლი 14. ბრალდებულისა და მსჯავრდებულის უფლებები

1. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს:

ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფილი იყოს:

ა.ა) საცხოვრებლით, კვებით, პირადი ჰიგიენით, ტანსაცმლით, შრომით, შრომისა და პირადი უსაფრთხოებით;

ა.ბ) სამედიცინო მომსახურებით;

ა.გ) ახლო ნათესავებთან შეხვედრით (პაემნით ), დამცველთან , დიპლომატიური წარმომადგენლობის, საკონსულო დაწესებულების და სხვა დიპლომატიურ წარმომადგენლებთან (უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის ) შეხვედრით;

ა.დ) სატელეფონო საუბრებით და მიმოწერით;

ა.ე) ამანათებისა და ფულადი გზავნილების მიღება-გაგზავნით;

ა.ვ) უფასო იურიდიული დახმარებით და სამართლებრივი კონსულტაციებით;

ბ) მიიღოს ზოგადი და პროფესიული განათლება;

გ) მონაწილეობა მიიღოს სპორტულ, კულტურულ, აღმზრდელობით და რელიგიურ ღონისძიებებში;

დ) მიიღოს ინფორმაცია პრესითა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებით, ისარგებლოს მხატვრული და სხვა ლიტერატურით;

ე) პენიტენციური დაწესებულების დირექტორის ნებართვითა და კონტროლით ეწეოდეს ინდივიდუალურ საქმიანობას და ჰქონდეს ამისათვის საჭირო ინვენტარი;

ვ) შეიტანოს მოთხოვნა, საჩივარი;

ზ) ყოველდღიურად არანაკლებ 1 საათისა იმყოფებოდეს სუფთა ჰაერზე (ისარგებლოს გასეირნების უფლებით);

თ) განსაკუთრებულ, პირად გარემოებებთან დაკავშირებით დროებით დატოვოს პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება.

2. მსჯავრდებული დამატებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სარგებლობს:

ა) სარეაბილიტაციო პროგრამებით სარგებლობის უფლებით;

ბ) თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უფლებით.

3. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, დადგენილი წესით მიიღოს მონაწილეობა რელიგიურ რიტუალებში და შეხვდეს სასულიერო პირებს, თან იქონიოს და ისარგებლოს რელიგიური ლიტერატურითა და საკულტო საგნებით.

4. ბრალდებულის/მსჯავრდებულის რელიგიურ რიტუალებში მონაწილეობის და სასულიერო პირებთან შეხვედრის წესს განსაზღვრავს მინისტრი.

საქართველოს 2012 წლის 12 ივნისის  კანონი №6439 - ვებგვერდი, 22.06.2012წ.

    მუხლი 15. საცხოვრებელი პირობები

1. ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის გამოყოფილი საცხოვრებელი უნდა შეესაბამებოდეს მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით დადგენილ სანიტარიულ-ჰიგიენურ ნორმებს და უნდა უზრუნველყოფდეს ბრალდებულის/მსჯავრდებულის ჯანმრთელობის შენარჩუნებას.

2. 1 მსჯავრდებულზე საცხოვრებელი ფართობის ნორმა ყველა ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში არ უნდა იყოს 4 კვ. მეტრზე ნაკლები.

3. 1 ბრალდებულზე საცხოვრებელი ფართობის ნორმა პატიმრობის დაწესებულებაში არ უნდა იყოს 3 კვ. მეტრზე ნაკლები.

4. ბრალდებულის/მსჯავრდებულის საცხოვრებელს უნდა ჰქონდეს ფანჯარა, რომელიც უზრუნველყოფს ბუნებრივ განათებას. ბრალდებული/მსჯავრდებული აგრეთვე უზრუნველყოფილი უნდა იყოს გათბობით. ბრალდებულის/მსჯავრდებულის საცხოვრებელი უზრუნველყოფილი უნდა იყოს ბუნებრივი ან/და ხელოვნური ვენტილაციით.

5. ორსულ ქალებს, მეძუძურ დედებს, არასრულწლოვნებს, ავადმყოფებს, მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, ხანდაზმულებს (ქალებს – 60 წლიდან, მამაკაცებს – 65 წლიდან) უნდა ჰქონდეთ სხვა ბრალდებულებთან/ მსჯავრდებულებთან შედარებით გაუმ-ჯობესებული საყოფაცხოვრებო პირობები.

[5. ორსულ ქალს, მეძუძურ დედას, ავადმყოფს, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს, მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს, ხანდაზმულს (ქალს – 60 წლიდან, მამაკაცს – 65 წლიდან) უნდა ჰქონდეთ სხვა ბრალდებულებთან/მსჯავრდებულებთან შედარებით გაუმჯობესებული საყოფაცხოვრებო პირობები.  (ამოქმედდეს 2016 წლის 1 იანვრიდან)]

საქართველოს 2015 წლის 12  ივნისის   კანონი № 3711  – ვებგვერდი, 24.06.2015წ.

    მუხლი 16. ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმოწერა

1. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, შეუზღუდავი რაოდენობით გაგზავნოს და მიიღოს წერილები ამ კოდექსით დადგენილი წესით, გარდა ამავე კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

2. ბრალდებულის/მსჯავრდებულის სახელზე შემოსული წერილების მისთვის ჩაბარებას, აგრეთვე ბრალდებულის/მსჯავრდებულის წერილების ადრესატისთვის გაგზავნას უზრუნველყოფს პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაცია (შემდგომ – ადმინისტრაცია). პირადი ხასიათის კორესპონდენცია ადრესატს ბრალდებულის/მსჯავრდებულის ხარჯით ეგზავნება.

3. ადმინისტრაცია ბრალდებულს/მსჯავრდებულს მოთხოვნის შემთხვევაში უზრუნველყოფს საწერი საშუალებებითა და ქაღალდით.

4. ბრალდებულის/მსჯავრდებულის კორესპონდენცია ექვემდებარება შემოწმებას, რაც მოიცავს ვიზუალურ დათვალიერებას, კორესპონდენციის შინაარსის გაცნობის გარეშე, ხოლო უკიდურეს შემთხვევაში, დასაბუთებული ვარაუდისას, თუ შესაძლებელია ისეთი ინფორმაციის გავრცელება, რომელიც საფრთხეს შეუქმნის საზოგადოებრივ წესრიგს, საზოგადოებრივ უსაფრთხოებას ან სხვა პირთა უფლებებსა და თავისუფლებებს, ადმინისტრაცია უფლებამოსილია გაეცნოს კორესპონდენციის შინაარსს და საჭიროებისამებრ შეზღუდოს მისი ადრესატისთვის გაგზავნა, რის თაობაზედაც დაუყოვნებლივ ეცნობება კორესპონდენციის გამგზავნს.

5. დახურული კონვერტით მიღებული კორესპონდენცია უნდა გაიხსნას ბრალდებულის/მსჯავრდებულის თანდასწრებით. აღნიშნული კორესპონდენცია ექვემდებარება ვიზუალურ დათვალიერებას, შინაარსის გაცნობის გარეშე.

6. ადმინისტრაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს ეკრძალება, შეაჩეროს ან/და შეამოწმოს ბრალდებულის/მსჯავრდებულის კორესპონდენცია, რომლის ადრესატი ან ადრესანტი არის საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს პარლამენტის წევრი, სასამართლო, ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლო, საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც შექმნილია საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე, საქართველოს სამინისტრო, დეპარტამენტი, საქართველოს სახალხო დამცველი, დამცველი, პროკურორი.

საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3619 - სსმ I, №51, 29.09.2010 წ., მუხ.332  

საქართველოს 2011 წლის 11 ნოემბრის კანონი №5255 - ვებგვერდი, 24.11.2011წ.

    მუხლი 17. პაემნის უფლება

1. აკრძალულია ბრალდებულის/მსჯავრდებულის სრული იზოლაცია.

2. ბრალდებულს/მსჯავრდებულს მისი წერილობითი თხოვნის საფუძველზე შეიძლება მიეცეს თავის ახლო ნათესავებთან (შვილი, მეუღლე, პირი, რომელთანაც საერთო შვილი ჰყავს, მშობელი (მშვილებელი), დედინაცვალი, მამინაცვალი, მეუღლის მშობელი, გერი, ნაშვილები და მისი შთამომავალი, შვილიშვილი, და, ძმა, დისწული, ძმისწული და მათი შვილები, ბებია, პაპა, ბებიის დედ-მამა, პაპის დედ-მამა (როგორც დედის, ისე მამის მხრიდან), ბიძა (დედის ძმა, მამის ძმა), დეიდა, მამიდა, ბიძაშვილი, დეიდაშვილი, მამიდაშვილი, აგრეთვე პირი, რომელთანაც ცხოვრობდა და საერთო მეურნეობას ეწეოდა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხვედრამდე ბოლო 1 წლის განმავლობაში) ხანმოკლე პაემნის უფლება. აღნიშნულ პირებთან შეხვედრაზე პენიტენციური დაწესებულების დირექტორის თანხმობა/მოტივირებული უარი ბრალდებულს/მსჯავრდებულს წერილობით ეცნობება.

21. პენიტენციური დაწესებულების დირექტორის შუამდგომლობით, წახალისების ფორმით ბრალდებულს/მსჯავრდებულს დეპარტამენტის დირექტორის თანხმობით შეიძლება მიეცეს იმ პირთან ხანმოკლე პაემნის უფლება, რომელიც გათვალისწინებული არ არის ამ მუხლის მე-2 ნაწილით.

3. ამ მუხლის მე-2 და 21 ნაწილებით გათვალისწინებულ პირებთან ბრალდებულის/მსჯავრდებულის ურთიერთობის კონტროლი ხორციელდება მისი პატივისა და ღირსების შეულახავად.

4. ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან შეხვედრა ხორციელდება მისი თანხმობის შემთხვევაში.

5. ხანმოკლე პაემნის მოთხოვნის თაობაზე ინფორმაცია ადმინისტრაციას წერილობით მიეწოდება. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პირი ადმინისტრაციას წარუდგენს ახლო ნათესაობის დამადასტურებელ დოკუმენტს.

6. ადმინისტრაცია ხანმოკლე პაემნის მოთხოვნის თაობაზე განცხადების მიღებიდან არა უგვიანეს 5 დღისა უზრუნველყოფს ხანმოკლე პაემნის ორგანიზებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს უარის თქმის მოტივირებული საფუძველი, რის თაობაზედაც განმცხადებელი იმავე დღეს უნდა იქნეს ინფორმირებული.

7. ხანმოკლე პაემანი ეწყობა 1-დან 2 საათამდე ვადით. ხანმოკლე პაემანი მიმდინარეობს ადმინისტრაციის წარმომადგენლის მხოლოდ ვიზუალური კონტროლით, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

7 1 . ქალ მსჯავრდებულს შეიძლება მიეცეს საოჯახო პაემნის უფლება ამ კოდექსის 17 3 მუხლის შესაბამისად.

8. მსჯავრდებულს შეიძლება მიეცეს ხანგრძლივი პაემნის უფლება ამ კოდექსის 172 მუხლის შესაბამისად.

9. (ამოღებულია).

10. ბრალდებული სარგებლობს მხოლოდ ხანმოკლე პაემნის უფლებით, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად.

11. ბრალდებულს მისი წერილობითი თხოვნის საფუძველზე შეიძლება ხანმოკლე პაემანი შეეცვალოს სატელეფონო საუბრით. ხანმოკლე პაემნის შეცვლის წესი განისაზღვრება პატიმრობის დაწესებულების დებულებით.

12. მსჯავრდებულს მისი წერილობითი თხოვნის საფუძველზე შეიძლება თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უფლება შეეცვალოს ხანმოკლე პაემნით, ხოლო ხანმოკლე პაემანი და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უფლება – სატელეფონო საუბრით. პაემნების შეცვლის წესი განისაზღვრება თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დებულებით.

13. ბრალდებულს/მსჯავრდებულს , რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეა , უფლება აქვს , შეუზღუდავად შეხვდეს თავისი ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების წარმომადგენელს ან იმ ქვეყნის უფლებამოსილ დიპლომატიურ წარმომადგენელს , რომელიც საქართველოში ითავსებს მისი ქვეყნის ინტერესების დაცვას . უცხო ქვეყნის მოქალაქე და მოქალაქეობის არმქონე ბრალდებულებს / მსჯავრდებულებს უფლება აქვთ , ჰქონდეთ ურთიერთობები თავიანთი ქვეყნების დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან და საკონსულო დაწესებულებებთან . იმ სახელმწიფოთა მოქალაქეებს , რომლებსაც საქართველოში დიპლომატიური წარმომადგენლობები და საკონსულო დაწესებულებები არ აქვთ , უფლება აქვთ , ჰქონდეთ ურთიერთობები იმ სახელმწიფოთა დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან და საკონსულო დაწესებულებებთან , რომლებმაც საკუთარ თავზე აიღეს მათი ინტერესების დაცვა , ან სახელმწიფოთაშორის ორგანოებთან , რომლებიც ამ პირთა ინტერესებს იცავენ.

14. ბრალდებულს/მსჯავრდებულს, ამ კოდექსით განსაზღვრული რაოდენობის პაემნების გარდა, წახალისების ფორმით შეიძლება მიეცეს საგამონაკლისო ხანმოკლე პაემნის უფლება დეპარტამენტის დირექტორის თანხმობით, პენიტენციური დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ბრალდებულს/მსჯავრდებულს შეიძლება აგრეთვე მიეცეს იმ პირთან საგამონაკლისო ხანმოკლე პაემნის უფლება, რომელიც გათვალისწინებული არ არის ამ მუხლის მე-2 ნაწილით.

15. ხანმოკლე პაემნის უფლებით სარგებლობის წესსა და პირობებს განსაზღვრავს მინისტრი.

საქართველოს 2011 წლის 25 თებერვლის კანონი №4259 ვებგვერდი, 10.03.2011წ.

საქართველოს 2012 წლის 22 მაისის კანონი №6257 - ვებგვერდი, 06.06.2012წ.

საქართველოს 2012 წლის 12 ივნისის  კანონი №6439 - ვებგვერდი, 22.06.2012წ.

     მუხლი 171. ვიდეოპაემანი

1. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულს, გარდა განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში განთავსებული და ამ კოდექსის 50-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მსჯავრდებულებისა, უფლება აქვს, ისარგებლოს ვიდეოპაემნით (პირდაპირი ხმოვანი და ვიზუალური ტელეხიდით) ნებისმიერ პირთან.

2. ვიდეოპაემნით სარგებლობის უფლება მსჯავრდებულს ეზღუდება დისციპლინური სახდელის მოქმედების, ადმინისტრაციული პატიმრობის ან თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში განსაკუთრებული პირობების შემოღების პერიოდში.

3. მსჯავრდებულთან ვიდეოპაემნის ორგანიზებას, მსჯავრდებულის წერილობითი თანხმობის საფუძველზე, უზრუნველყოფს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ადმინისტრაცია, ხოლო თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ – სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო (შემდგომში – პრობაციის ეროვნული სააგენტო).

 4. ვიდეოპაემნით სარგებლობისათვის დაწესებულია საფასური, რომელიც ირიცხება პრობაციის ეროვნული სააგენტოს ანგარიშზე და ხმარდება მისი მიზნების განხორციელებასა და ფუნქციების შესრულებას. მინისტრის გადაწყვეტილებით შესაძლებელია ვიდეოპაემნით სარგებლობა განხორციელდეს საფასურის გადაუხდელად.

4 1 . ვიდეოპაემნით სარგებლობისათვის დაწესებული საფასურის გადახდისაგან თავისუფლდებიან ამ კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული პირები, რომლებიც რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და რომელთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი საარსებო შემწეობის მისაღებად საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ ზღვრულ ქულაზე ნაკლებია.

5. ვიდეოპაემნით სარგებლობისათვის დაწესებულ საფასურს იხდის მსჯავრდებულთან ვიდეოპაემნის მსურველი პირი ან მისი კანონიერი წარმომადგენელი.

6. გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ადმინისტრაციისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები ახორციელებენ მსჯავრდებულთან ვიდეოპაემნის მხოლოდ ვიზუალურ კონტროლს, რის შესახებაც მსჯავრდებულის და მასთან ვიდეოპაემნის მსურველი პირის წინასწარ გაფრთხილება სავალდებულოა.

7. თავისუფლების აღკვეთის იმ დაწესებულებებს, სადაც შესაძლებელია მსჯავრდებულთან ვიდეოპაემნის განხორციელება, ვიდეოპაემნით სარგებლობის რაოდენობას, ვიდეოპაემნის ხანგრძლივობას, ვიდეოპაემნით სარგებლობისათვის დაწესებული საფასურის ოდენობას და ვიდეოპაემნის განხორციელების პროცედურას განსაზღვრავს მინისტრი.

საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4048- სსმ I, №75, 27.12.2010 წ., მუხ.468

საქართველოს 2012 წლის 22 მაისის კანონი №6257 - ვებგვერდი, 06.06.2012წ.

    მუხლი 172 . ხანგრძლივი პაემნის უფლება

1. ხანგრძლივი პაემანი არის მსჯავრდებულის ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულ პირებთან ერთად ცხოვრება თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ტერიტორიაზე, ამისათვის სპეციალურად გამოყოფილ ოთახში, მსჯავრდებულის ან ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული პირების ხარჯით, ადმინისტრაციის წარმომადგენლის დაუსწრებლად. ხანგრძლივი პაემნის საფასური ძირითადად ხმარდება მისი მიზნების განხორციელებას და ფუნქციების შესრულებას.

1 1. ხანგრძლივი პაემნის უფლებით სარგებლობა შეიძლება განხორციელდეს საფასურის გადაუხდელად, მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით.

2. მსჯავრდებულს მისი წერილობითი თხოვნის საფუძველზე შეიძლება მიეცეს შვილთან, ნაშვილებთან, გერთან, შვილიშვილთან, მეუღლესთან, პირთან, რომელთანაც საერთო შვილი ჰყავს, მშობელთან (მშვილებელთან), ბებიასთან, პაპასთან, დასთან და ძმასთან ხანგრძლივი პაემნის უფლება.

3. ხანგრძლივი პაემნის მოთხოვნის თაობაზე ადმინისტრაცია წერილობით უნდა იქნეს ინფორმირებული 2 კვირით ადრე. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულმა პირმა ადმინისტრაციას უნდა წარუდგინოს ნათესაობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

4. ადმინისტრაცია ხანგრძლივი პაემნის მოთხოვნის თაობაზე განცხადების მიღებიდან არა უგვიანეს 2 კვირისა უზრუნველყოფს ხანგრძლივი პაემნის ორგანიზებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს უარის თქმის მოტივირებული საფუძველი, რის თაობაზედაც განმცხადებელი 10 დღის ვადაში უნდა იქნეს ინფორმირებული.

5. ხანგრძლივი პაემანი გრძელდება არაუმეტეს 23 საათისა.

6. ხანგრძლივი პაემანი არ ეძლევათ განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში განთავსებულ მსჯავრდებულს, აგრეთვე იმ მსჯავრდებულს, რომელიც არის საკარანტინო რეჟიმში, დაკისრებული აქვს დისციპლინური სახდელი ან/და შეფარდებული აქვს ადმინისტრაციული პატიმრობა.

7. ხანგრძლივი პაემნის უფლების მიცემის საკითხს წყვეტს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორი.

8. ხანგრძლივი პაემნის უფლების მიცემაზე თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორის თანხმობა ან მოტივირებული უარი მსჯავრდებულს წერილობით ეცნობება.

9. ხანგრძლივი პაემნის შეცვლა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უფლებით, ხანმოკლე პაემნით ან სატელეფონო საუბრით დაუშვებელია.

10. ხანგრძლივი პაემნისათვის სპეციალურად გამოყოფილი ოთახის პირობები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სანიტარიულ-ჰიგიენურ ნორმებს და არ უნდა ლახავდეს ადამიანის ღირსებას.

11. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში ხანგრძლივი პაემნის უფლების განხორციელების პირობებსა და წესს განსაზღვრავს მინისტრი.

საქართველოს 2011 წლის 25 თებერვლის კანონი №4259  –  ვებგვერდი, 10.03.2011წ.

საქართველოს 2012 წლის 22 მაისის კანონი №6257 - ვებგვერდი, 06.06.2012წ.

     მუხლი 173 . საოჯახო პაემანი

1. საოჯახო პაემანი არის ქალი მსჯავრდებულის ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულ პირებთან შეხვედრა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ტერიტორიაზე, ამისათვის სპეციალურად გამოყოფილ ოთახში.

2. ქალ მსჯავრდებულს მისი წერილობითი თხოვნის საფუძველზე შეიძლება მიეცეს შვილთან, ნაშვილებთან, გერთან, შვილიშვილთან, მეუღლესთან, პირთან, რომელთანაც საერთო შვილი ჰყავს, მშობელთან (მშვილებელთან), ბებიასთან, პაპასთან, დასთან და ძმასთან საოჯახო პაემნის უფლება.

2 1. პენიტენციური დაწესებულების დირექტორის შუამდგომლობით, წახალისების ფორმით ქალ მსჯავრდებულს დეპარტამენტის დირექტორის თანხმობით შეიძლება მიეცეს იმ პირთან საოჯახო პაემნის უფლება, რომელიც გათვალისწინებული არ არის ამ მუხლის მე-2 ნაწილით.

3. საოჯახო პაემნის მოთხოვნის შესახებ ადმინისტრაციას წერილობით უნდა ეცნობოს 5 დღით  ადრე. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულმა პირმა ადმინისტრაციას უნდა წარუდგინოს ნათესაობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

4 . ადმინისტრაცია  საოჯახო  პაემნის მოთხოვნის შესახებ განცხადების მიღებიდან არა უგვიანეს 5 დღისა უზრუნველყოფს საოჯახო პაემნის ორგანიზებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს უარის თქმის მოტივირებული საფუძველი, რომლის თაობაზედაც განმცხადებელს  იმავე დღეს უნდა ეცნობოს.

5 .  საოჯახო პაემანი გრძელდება არა უმეტეს 3 საათისა.

6. საოჯახო პაემნის უფლების მიცემაზე თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორის თანხმობა ან მოტივირებული უარი მსჯავრდებულს წერილობით უნდა ეცნობოს.

7. საოჯახო პაემნისათვის სპეციალურად გამოყოფილი ოთახის პირობები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სანიტარიულ-ჰიგიენურ ნორმებს და არ უნდა ლახავდეს ადამიანის ღირსებას.

8. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში საოჯახო პაემნის უფლების განხორციელების  პირობებსა და  წესს განსაზღვრავს მინისტრი.

საქართველოს 2012 წლის 22 მაისის კანონი №6257 - ვებგვერდი, 06.06.2012წ.

    მუხლი 18. იურიდიული დახმარება

1. ბრალდებულს/მსჯავრდებულს აქვს თავის დამცველთან ყოველგვარი შეზღუდვისა და ჩარევის გარეშე შეხვედრის უფლება. პენიტენციური დაწესებულების თანამშრომელს შეუძლია ბრალდებულის/მსჯავრდებულის დამცველთან შეხვედრას დააკვირდეს ვიზუალურად, ტექნიკური საშუალებით დისტანციური დაკვირვებისა და ჩაწერის პირობებში, მაგრამ მოსმენის გარეშე.

2. ბრალდებულს/მსჯავრდებულს შეუძლია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ისარგებლოს ადვოკატის მომსახურებით. 

3. ამ მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებში აღნიშნულ პირებთან შეხვედრები არ შედის ამ კოდექსით განსაზღვრულ პაემნებში.

4. ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული პირები უნდა ახორციელებდნენ კანონით გათვალისწინებულ საადვოკატო საქმიანობას.

    მუხლი 19. სატელეფონო საუბარი, ამანათისა და ფულადი გზავნილის მიღება-გაგზავნა

1. ბრალდებულს/მსჯავრდებულს აქვს ამ კოდექსით დადგენილი წესით სატელეფონო საუბრის უფლება. პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებულ ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს შორის სატელეფონო საუბარი აკრძალულია.

2. სატელეფონო საუბარი ხორციელდება ბრალდებულის/ მსჯავრდებულის ხარჯით და ადმინისტრაციის კონტროლით.

3. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, მიიღოს ან გაუგზავნოს ამანათი და ფულადი გზავნილი ახლო ნათესავებს, ხოლო ადმინისტრაციის ნებართვით – სხვა პირებს. მიღებული ფულადი გზავნილი ბრალდებულს/მსჯავრდებულს ნაღდი ფულის სახით არ გადაეცემა და იგი ირიცხება მის ან, მისივე თანხმობით, ახლო ნათესავის პირად ანგარიშზე.

საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3619 - სსმ I, №51, 29.09.2010 წ., მუხ.332

საქართველოს 2015  წლის 1 მაისის  კანონი №3523  - ვებგვერდი, 18.05.2015წ.

    მუხლი 20. მასობრივი ინფორმაციის საშუალებები

1. ბრალდებულს/მსჯავრდებულს აქვს პრესის გაცნობისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა გამოყენების შესაძლებლობა. პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში, როგორც წესი, ხდება რადიო- და ტელეტრანსლაცია. პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში, გარდა განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებისა, აგრეთვე შესაძლებელია ინტრანეტით სარგებლობა.

2. ბრალდებულს/მსჯავრდებულს, გარდა სამარტოო საკანში მოთავსებული ბრალდებულისა/მსჯავრდებულისა, შეიძლება მიეცეს სამუშაოსაგან თავისუფალ დროს, პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დებულებით დადგენილი წესით რადიოტრანსლაციის მოსმენისა და ტელეტრანსლაციის ნახვის უფლება. ბრალდებულს/მსჯავრდებულს ან ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ჯგუფს ადმინისტრაციის თანხმობით, ამ ტიპის პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებისათვის გათვალისწინებული შეზღუდვების შესაბამისად, შეიძლება ჰქონდეს პირადი რადიომიმღები და ტელევიზორი, თუ მათი გამოყენებით არ ირღვევა ამ დაწესებულების დებულების მოთხოვნები და სხვა ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სიმშვიდე. მან აღნიშნული ტექნიკა შეიძლება შეიძინოს თავისი ხარჯით ან მიიღოს ამანათის სახით.

3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ტექნიკის გამოყენების პირობები განისაზღვრება პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დებულებით. დებულების მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში ადმინისტრაცია უფლებამოსილია ჩამოართვას ბრალდებულს/ მსჯავრდებულს ტექნიკა და გადასცეს მის ახლო ნათესავს.

4. ბრალდებულს/მსჯავრდებულს შეუძლია საკუთარი სახსრებით, გონივრული ოდენობით გამოიწეროს სამეცნიერო, სამეცნიერო-პოპულარული, რელიგიური და მხატვრული ლიტერატურა, ჟურნალ-გაზეთები, მიიღოს საწერი საშუალებები, გარდა მინისტრის ბრძანებით გათვალისწინებული აკრძალული ნივთებისა.

    მუხლი 21. ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი ჰიგიენა

1. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, დაიკმაყოფილოს ბუნებრივი ფიზიოლოგიური მოთხოვნები და დაიცვას პირადი ჰიგიენა პატივისა და ღირსების შეულახავად.

2. როგორც წესი, ბრალდებული/მსჯავრდებული უზრუნველყოფილი უნდა იყოს შხაპის კვირაში ორჯერ მიღების შესაძლებლობით, ასევე საპარიკმახერო მომსახურებით არანაკლებ თვეში ერთხელ. ადმინისტრაციას ეკრძალება მოსთხოვოს ბრალდებულს/მსჯავრდებულს თმის მთლიანი გადაპარსვა, თუ არ არსებობს ექიმის მოთხოვნა ან ჰიგიენური აუცილებლობა.

    მუხლი 22. ბრალდებულის/მსჯავრდებულის ტანსაცმელი და თეთრეული

1. თუ ბრალდებულს/მსჯავრდებულს არა აქვს პირადი ტანსაცმელი, ადმინისტრაცია უზრუნველყოფს მას სეზონის შესაფერისი სპეციალური ტანსაცმლით, რომელიც თავისი ფორმით არ უნდა ლახავდეს ადა-მიანის ღირსებას. 

2. აუცილებლობის შემთხვევაში მსჯავრდებულს ეძლევა სამუშაო ტანსაცმელი.

3. ბრალდებულს/მსჯავრდებულს პირად სარგებლობაში უნდა ჰქონდეს საწოლი და თეთრეული, რომელიც მას უნდა გადაეცეს სუფთა და დაუზიანებელი. ადმინისტრაციამ უნდა უზრუნველყოს თეთრეულის სისუფთავე.

4. ადმინისტრაციას შეუძლია მსჯავრდებულს მისცეს სპეციალური ტანსაცმელი, რომელიც თავისი ფორმით არ უნდა ლახავდეს ადამიანის ღირსებას. ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის სპეციალური ტანსაცმლის ტარება სავალდებულოა.   

    მუხლი 23. ბრალდებულის/მსჯავრდებულის კვება

1. პენიტენციურ დაწესებულებაში საკვები უნდა შეიცავდეს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის აუცილებელ კომპონენტებს. აკრძალულია ბრალდებულის/მსჯავრდებულის დასჯის მიზნით საკვების კალორიულობის შემცირება.

2. ბრალდებულის/მსჯავრდებულის კვების ნორმები განისაზღვრება მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.

3. ბრალდებული/მსჯავრდებული ადმინისტრაციამ ყოველდღიურად უნდა უზრუნველყოს სამჯერადი კვებით.

4. ორსულ ქალებს, მეძუძურ დედებს, არასრულწლოვნებს, ავადმყოფებს, მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, ხანდაზმულებს (ქალებს – 60 წლიდან, მამაკაცებს – 65 წლიდან) უნდა შეექმნათ მათი მდგომარეობის შესაბამისი კვების პირობები.

[4. ქალს, ორსულ ქალს,   მეძუძურ დედას, ავადმყოფს, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს, მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს, ხანდაზმულს (ქალს – 60 წლიდან, მამაკაცს – 65 წლიდან) უნდა შეექმნათ მათი მდგომარეობის შესაბამისი კვების პირობები.  (ამოქმედდეს 2016 წლის 1 იანვრიდან)]

5. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიაში შეიძინოს დამატებითი კვების პროდუქტები და პირველადი მოხმარების საგნები იმ თანხით, რომელიც მან გამოიმუშავა პენიტენციურ დაწესებულებაში მუშაობისას ან მის პირად ანგარიშზე ჩარიცხეს ახლო ნათესავებმა ან სხვა პირებმა. დამატებითი კვების პროდუქტებისა და პირველადი მოხმარების საგნების შესაძენად ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ საკუთარი სახსრების გამოყენება დაიშვება მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში, მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით.

6. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, დეპარტამენტის დირექტორის ნებართვით მიიღოს დამატებითი კვების პროდუქტები და პირველადი მოხმარების საგნები ამანათის სახით.

7. ბრალდებულს/მსჯავრდებულს შეუზღუდავი რაოდენობით უნდა ჰქონდეს სუფთა სასმელი წყალი.

საქართველოს 2015  წლის 1 მაისის  კანონი №3523  - ვებგვერდი, 18.05.2015წ.

საქართველოს 2015 წლის 12  ივნისის   კანონი № 3711  – ვებგვერდი, 24.06.2015წ.     

    მუხლი 24. ბრალდებულის/მსჯავრდებულის ჯანმრთელობის დაცვის უფლება

1. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, ისარგებლოს საჭირო სამედიცინო მომსახურებით. საჭიროების შემთხვევაში ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს პენიტენციურ დაწესებულებაში ნებადართული სამკურნალო საშუალებები. მოთხოვნის შემთხვევაში ბრალდებულს/მსჯავრდებულს აქვს პენიტენციური დაწესებულების მიერ შეძენილზე მეტი ღირებულების ან ანალოგიური თვისებების მქონე სამკურნალო საშუალების საკუთარი სახსრებით შეძენის უფლება. დასაბუთებული მოთხოვნის შემთხვევაში ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, დეპარტამენტის დირექტორის ნებართვით, საკუთარი სახსრებით მოიწვიოს პირადი ექიმი.

2. პენიტენციურ დაწესებულებაში ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიღებისას სავალდებულოა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება. ამ შემოწმების შესახებ დგება ცნობა, რომელიც ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირად საქმეში ინახება.

საქართველოს 2015  წლის 1 მაისის  კანონი №3523  - ვებგვერდი, 18.05.2015წ.

    მუხლი 25. გასეირნება

1. ბრალდებულს/მსჯავრდებულს აქვს დღის განმავლობაში არანაკლებ 1 საათით სუფთა ჰაერზე ყოფნის უფლება.

2. ბრალდებულის/მსჯავრდებულის გასეირნება ხდება დღის საათებში, პენიტენციური დაწესებულების მიერ საამისოდ გამოყოფილ ადგილზე. გასეირნება შეიძლება ვადამდე შეწყდეს ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ პენიტენციური დაწესებულების დებულების მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში.

    მუხლი 26. მსჯავრდებულის მიერ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დროებით დატოვება განსაკუთრებულ, პირად გარემოებებთან დაკავშირებით

1. ადმინისტრაციამ მსჯავრდებულს შეიძლება მისცეს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დროებით დატოვების უფლება, თუ მიღებულია სარწმუნო ცნობა მსჯავრდებულის ახლო ნათესავის გარდაცვალების ან სიცოცხლისათვის საშიში ავადმყოფობის თაობაზე, ან სხვა განსაკუთრებულ გარემოებასთან დაკავშირებით, ან სოციალური აქტივობის განსახორციელებლად.

11. საგამოძიებო ან სხვა საპროცესო მოქმედებაში მსჯავრდებულის მონაწილეობის აუცილებლობის შემთხვევაში ადმინისტრაცია უფლებამოსილი ორგანოს მოთხოვნის საფუძველზე უზრუნველყოფს საპროცესო მოქმედებაში მსჯავრდებულის მონაწილეობას.

2. განსაკუთრებულ, პირად გარემოებებთან დაკავშირებით თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დროებით დატოვების უფლების მისაღებად მსჯავრდებული, მისი დამცველი/კანონიერი წარმომადგენელი ან ახლო ნათესავი შუამდგომლობით მიმართავს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორს. შუამდგომლობაში უნდა მიეთითოს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დროებით დატოვების მოტივი და ადგილი, სადაც მსჯავრდებულმა უნდა გაატაროს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ყოფნისათვის განკუთვნილი დრო (დანიშნულების ადგილი).

3. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დროებით დატოვების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 3 დღეს, რომელშიც შედის მსჯავრდებულის დანიშნულების ადგილამდე მგზავრობის დროც.

4. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დროებით დატოვების ვადა შედის სასჯელის მოხდის საერთო ვადაში.

5. დეპარტამენტის დირექტორის გადაწყვეტილებით თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დროებით დატოვების უფლება მსჯავრდებულს ეძლევა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორის წარდგინებით და მისი პიროვნებისა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის გათვალისწინებით. ამ საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში დეპარტამენტის დირექტორი ადგენს მსჯავრდებულის გამცილებელ თანამშრომელთა რაოდენობას. მსჯავრდებულის გაცილება ხდება თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან დანიშნულების ადგილამდე და უკან.

6. მსჯავრდებულის მიერ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დროებით დატოვების ხარჯები გადაიხდება მისი ან მისი ოჯახის სახსრებით, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც დაკავშირებულია მსჯავრ-დებულის გაყვანასთან საგამოძიებო ან სხვა საპროცესო მოქმედებაში მონაწილეობის მისაღებად.

7. მსჯავრდებულის მიერ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დროებით დატოვების წესსა და პირობებს ადგენს მინისტრი.

    მუხლი 27. მსჯავრდებულის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლა

1. მსჯავრდებულს, რომელიც სასჯელს იხდის ნახევრად ღია ტიპის დაწესებულებაში და რომლის მიმართაც არ მოქმედებს დისციპლინური სახდელი ან ადმინისტრაციული პატიმრობა, უფლება აქვს, წელიწადში ორჯერ ისარგებლოს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უფლებით. არასრულწლოვნებს, აგრეთვე ფეხმძიმე ქალებს და 3 წლამდე ბავშვების დედებს უფლება აქვთ, წელიწადში სამჯერ ისარგებლონ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უფლებით. ხანმოკლე გასვლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 5 დღეს, რომელშიც შედის მსჯავრდებულის დანიშნულების ადგილამდე მგზავრობის დროც.

[1. მსჯავრდებულს, რომელიც სასჯელს ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში იხდის და რომლის მიმართაც არ მოქმედებს დისციპლინური სახდელი ან ადმინისტრაციული პატიმრობა, უფლება აქვს, წელიწადში ორჯერ ისარგებლოს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უფლებით. ორსულ ქალს და 3 წლამდე ბავშვის დედას უფლება აქვთ, წელიწადში სამჯერ ისარგებლონ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უფლებით. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 5 დღეს, რომელშიც შედის მსჯავრდებულის დანიშნულების ადგილამდე მგზავრობის დროც.   (ამოქმედდეს 2016 წლის 1 იანვრიდან)]

2. მსჯავრდებულის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლა ფორმდება დეპარტამენტის დირექტორის ბრძანებით. მსჯავრდებულს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უფლება ეძლევა მას შემდეგ, რაც მან ფაქტობრივად მოიხადა:

ა) ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის ვადის არანაკლებ ნახევარი;

ბ) მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის ვადის არანაკლებ ორი მესამედი;

გ) განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის ვადის არანაკლებ სამი მეოთხედი.

3. არასრულწლოვან მსჯავრდებულს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უფლება ეძლევა მას შემდეგ, რაც მან ფაქტობრივად მოიხადა:

ა) ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის ვადის არანაკლებ ერთი მესამედი;

ბ) მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის ვადის არანაკლებ ნახევარი;

გ) განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის ვადის არანაკლებ ორი მესამედი.

[3. ( ამოღებულია - 12.06.2015, №3711 ).  (ამოქმედდეს 2016 წლის 1 იანვრიდან)]

4. მსჯავრდებულს, რომელიც სასჯელს დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში იხდის, დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უფლებას აძლევს დეპარტამენტის დირექტორი, თუ დაკმაყოფილებულია ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული პირობები, ამასთანავე, მსჯავრდებული დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებულია:

ა) სამეურნეო სამუშაოების შესასრულებლად ჩარიცხვის გამო;

ბ) პირადი უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე;

გ) გადამდები ინფექციური დაავადების გამო.

5. განსაკუთრებულ შემთხვევაში, დეპარტამენტის დირექტორის გადაწყვეტილებით, ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული ვადების მიუხედავად, შესაძლებელია მსჯავრდებულს მიეცეს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უფლება.

6. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უფლების მისაღებად მსჯავრდებული, მისი დამცველი/კანონიერი წარმომადგენელი ან ახლო ნათესავი შუამდგომლობით მიმართავს დეპარტამენტის დირექტორს. ამ შუამდგომლობაში უნდა მიეთითოს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის მოტივი და ადგილი, სადაც მსჯავრდებულმა უნდა გაატაროს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ფარგლების გარეთ ყოფნის დრო (შემდგომ – დანიშნულების ადგილი).

7. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის შუამდგომლობის განხილვისას მხედველობაში მიიღება:

ა) მსჯავრდებულის პიროვნება;

ბ) ოჯახური მდგომარეობა;

გ) მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე;

დ) დანიშნულების ადგილი;

ე) სხვა მნიშვნელოვანი გარემოებები, რომლებიც დადებითად ან უარყოფითად ახასიათებს მსჯავრდებულს.

8. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის შესახებ შუამდგომლობის განხილვისას დეპარტამენტის დირექტორს შეუძლია გამოიყენოს შემდეგი უზრუნველყოფის ღონისძიებები:

ა) გირაო – არანაკლებ 2000 ლარისა;

ბ) პირადი თავდებობა;

გ) ელექტრონული კონტროლის (მონიტორინგის) საშუალება.

9. შესაძლებელია თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უზრუნველყოფის ღონისძიებათა ერთად გამოყენება.

10. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის ვადა შედის სასჯელის მოხდის საერთო ვადაში.

11. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის შემთხვევაში მსჯავრდებული პირველივე დღეს უნდა გამოცხადდეს პრობაციის ბიუროში, სადაც დააფიქსირებს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის დაწყების დროს. თუ ობიექტური მიზეზებით მსჯავრდებული განსაზღვრულ ვადაში ვერ ახერხებს დაწესებულებაში დაბრუნებას, პრობაციის ბიურო უფლებამოსილია გაუგრძელოს მას ვადა არა უმეტეს 2 დღისა.

12. მსჯავრდებულის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის ხარჯები, გარდა ელექტრონული კონტროლის (მონიტორინგის) მექანიზმის გამოყენების ხარჯებისა, გადაიხდება მსჯავრდებულის ან მისი ახლო ნათესავის სახსრებით.

13. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის შესახებ მსჯავრდებულის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემთხვევაში დეპარტამენტის დირექტორის მოტივირებული უარი შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.

14. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის წესს, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის აღსრულების წესს განსაზღვრავს მინისტრი. 

საქართველოს 2015  წლის 1 მაისის  კანონი №3523  - ვებგვერდი, 18.05.2015წ.

საქართველოს 2015 წლის 12  ივნისის   კანონი № 3711  – ვებგვერდი, 24.06.2015წ.

    მუხლი 28. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უზრუნველყოფის ღონისძიებები – გირაო და პირადი თავდებობა

1. გირაო არის ფულადი თანხა. ფულადი თანხა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხან-მოკლე გასვლის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დეპოზიტზე შეაქვს მსჯავრდებულის დამცველს/კანონიერ წარმომადგენელს, მსჯავრდებულის ოჯახის წევრს ან მისი სახელით სხვა პირს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებისათვის მიცემული წერილობითი ვალდებულებით მსჯავრდებულის სათანადო ქცევისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში დადგენილ ვადაში გამოცხადების უზრუნველყოფის თაობაზე. გირაოს მიღების შესახებ დგება ოქმი, რომლის ერთი ასლი გადაეცემა გირაოს შემტანს.

2. დეპარტამენტის დირექტორი ითვალისწინებს გირაოს შემტანის პიროვნებას და მის ფინანსურ მდგომარეობას.

3. დეპარტამენტის დირექტორის მიერ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში გირაო 3 დღის ვადაში შეიტანება თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დეპოზიტზე.

4. გირაოს შეტანის წინ მის შემტანს აფრთხილებენ წერილობითი ვალდებულებით განსაზღვრული პირობების შეუსრულებლობის შესაძლო შედეგების შესახებ.

5. თუ მსჯავრდებულმა, რომელიც იმყოფება თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის რეჟიმში, არასაპატიო მიზეზით თავი აარიდა ვადის გასვლის შემდეგ დაწესებულებაში დაბრუნებას ან ჩაიდინა ახალი დანაშაული, მის მიმართ გამოყენებული იქნება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა გადაირიცხება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.

6. მსჯავრდებულის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის ვადის დაცვის, ნაკისრი ვალდებულების ზუსტად და კეთილსინდისიერად შესრულების შემთხვევაში გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა 2 კვირის ვადაში დაუბრუნდება მის შემტანს.

7. პირადი თავდებობისას მსჯავრდებულის დამცველი/კანონიერი წარმომადგენელი, ახლო ნათესავი ან მისი სახელით სხვა პირი იღებს წერილობით ვალდებულებას, რომ ის უზრუნველყოფს მსჯავრდებულის სათანადო ქცევას და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში დადგენილ ვადაში გამოცხადებას.

8. თავდებთა რაოდენობას განსაზღვრავს დეპარტამენტის დირექტორი. გამონაკლის შემთხვევაში თავდები შეიძლება იყოს ერთი, განსაკუთრებით სანდო პირი.

9. პირადი თავდებობის არჩევა დასაშვებია მხოლოდ თავდებთა შუამავლობით ან თანხმობით, აგრეთვე მსჯავრდებულის თანხმობით. თითოეული თავდები იძლევა ხელწერილს თავდებობის შესახებ, რომელიც დაერთვის მსჯავრდებულის პირად საქმეს. 

10. თავდებს ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში უფლება არა აქვს, თავი იმართ-ლოს იმით, რომ მსჯავრდებულის ქცევის კონტროლის შესაძლებლობა არ ჰქონდა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ის დაამტკიცებს დაუძლეველი ძალის მოქმედებას.

11. თუ მსჯავრდებული ჩაიდენს ქმედებას, რომლის აღსაკვეთადაც გამოყენებული იქნა თავდებობა, თითოეულ თავდებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაეკისრება ფულადი ჯარიმა არანაკლებ 10 000 ლარისა.

საქართველოს 2015  წლის 1 მაისის  კანონი №3523  - ვებგვერდი, 18.05.2015წ.

    მუხლი 29. ბრალდებულის/მსჯავრდებულის მატერიალური პასუხისმგებლობა

1. ბრალდებულს/მსჯავრდებულს, რომელიც პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში მატერიალურ ზიანს მიაყენებს სახელმწიფოს, იურიდიულ ან ფიზიკურ პირს, ეკისრება მატერიალური პასუხისმგებლობა:

ა) შრომითი ვალდებულებების შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის – შრომის კანონმდებლობით გათვალისწინებული ოდენობით;

ბ) სხვა ქმედებით მიყენებული ზიანისათვის – სამოქალაქო კანონმდებლობით გათვალისწინებული ოდენობით.

2. ბრალდებული/მსჯავრდებული ანაზღაურებს მკურნალობის ხარჯებს განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით თვითდაზიანების ან სხვისთვის დაზიანების მიყენების შემთხვევაში, აგრეთვე პენიტენციური დაწესებულებისათვის მიყენებულ ზიანს, შესაბამისი დაწესებულებიდან მისი გაქცევის აღკვეთასთან დაკავშირებულ დამატებით ხარჯებს.

3. თუ ბრალდებული/მსჯავრდებული ნებაყოფლობით არ აანაზღაურებს ზიანს, იგი განხილული იქნება სამოქალაქო სამართალწარმოების წესით. არასწორად გადახდევინებული თანხა უბრუნდება ბრალდებულს/მსჯავრდებულს და ირიცხება მის პირად ანგარიშზე.

4. ბრალდებულის/მსჯავრდებულის ქმედებით პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე პირის ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენების შემთხვევაში გადაუდებელი მკურნალობა სახელმწიფოს ხარჯით ხორციელდება.

    მუხლი 30. ბრალდებულის/მსჯავრდებულის მოვალეობები

1. ბრალდებული/მსჯავრდებული, თავისი სამართლებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, ვალდებულია დაემორჩილოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების წესებსა და პირობებს, შეასრულოს მისთვის დაკისრებული მოვალეობანი და ადმინისტრაციის კანონიერი მოთხოვნები. 

2. ბრალდებული/მსჯავრდებული ვალდებულია:

ა) დაიცვას პენიტენციური დაწესებულების დებულება და შეასრულოს ადმინისტრაციის კანონიერი მოთხოვნები;

ბ) დაიცვას პირადი ჰიგიენა, სუფთად და წესრიგში იქონიოს ტანსაცმელი, საწოლი და საცხოვრებელი;

გ) სურვილის შემთხვევაში იმუშაოს მხოლოდ ადმინისტრაციის მიერ გამოყოფილ სამუშაო ადგილზე, ამ კოდექსითა და პენიტენციური დაწესებულების დებულებით დადგენილი პირობებით.

 

თავი IV. პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების მონიტორინგი  

    მუხლი 31. პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების შემოწმება და მონიტორინგი

სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეების მიერ ადამიანის უფლებათა დაცვისა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესრულების შემოწმებას და პენიტენციურ დაწესებულებათა სისტემურ მონიტორინგს ახორციელებს სამინისტროს გენერალური ინსპექცია.

საქართველოს 2015  წლის 1 მაისის  კანონი №3523  - ვებგვერდი, 18.05.2015წ.   

    მუხლი 32. სპეციალური პრევენციული ჯგუფი

სამინისტროში და პენიტენციურ დაწესებულებაში წამების, არაადამიანური მოპყრობისა და სასჯელის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის მიზნით განხორციელებულ საქმიანობას „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი წესით ზედამხედველობს სპეციალური პრევენციული ჯგუფი.

საქართველოს 2015  წლის 1 მაისის  კანონი №3523  - ვებგვერდი, 18.05.2015წ.

 

თავი V. ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიღების წესი და პირადი საქმის წარმოება

საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3619 - სსმ I, №51, 29.09.2010 წ., მუხ.332

    მუხლი 33. ბრალდებულის/მსჯავრდებულის პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსების საფუძველი

1. ბრალდებულის პატიმრობის დაწესებულებაში მოთავსებისათვის აუცილებელია სასამართლოს გადაწყვეტილება პირისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შესახებ, ბრალდებულის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან სხვა საიდენტიფიკაციო დოკუმენტი ფოტოსურათით და დაკავების ოქმი, თუ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულია დაკავების ოქმის შედგენა.

2. მსჯავრდებულის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებისათვის აუცილებელია სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი, რომლითაც პირს შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა, მსჯავრდებულის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან სხვა საიდენტიფიკაციო დოკუმენტი ფოტოსურათით და დაკავების ოქმი, თუ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულია დაკავების ოქმის შედგენა.

    მუხლი 34. შეტყობინება ბრალდებულის/მსჯავრდებულის პატიმრობის ან თავისუფლების აღკვეთის აღსრულების ადგილზე მიღების შესახებ

1. ადმინისტრაცია ვალდებულია ბრალდებულის პატიმრობის აღსრულების ადგილზე მიღების შესახებ დაუყოვნებლივ ან მისი მიღებიდან არაუგვიანეს 1 სამუშაო დღისა აცნობოს გამომძიებელს, პროკურორს, სასამართლოსა და ბრალდებულის ახლო ნათესავს ან ბრალდებულის თხოვნით – სხვა პირს ან ბრალდებულის ადვოკატს, მის შესახებ შესაბამისი ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში.

2. ადმინისტრაცია ვალდებულია მსჯავრდებულის თავისუფლების აღკვეთის აღსრულების ადგილზე მიღების შესახებ დაუყოვნებლივ ან მისი მიღებიდან არაუგვიანეს 1 სამუშაო დღისა აცნობოს განაჩენის გამომტან სასამართლოსა და მსჯავრდებულის ახლო ნათესავს ან მსჯავრდებულის თხოვნით – სხვა პირს ან მსჯავრდებულის ადვოკატს, მის შესახებ შესაბამისი ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში.

    მუხლი 35. ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რეესტრები

1. ბრალდებული, რომელიც პატიმრობის დაწესებულებაში მიიღება ამ კოდექსის შესაბამისად, აღირიცხება ბრალდებულთა რეესტრში, ხოლო მსჯავრდებული, რომელიც თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაიგზავნება ამ კოდექსის შესაბამისად, აღირიცხება მსჯავრდებულთა რეესტრში. ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რეესტრების წარმოების წესს განსაზღვრავს მინისტრი.

2. პატიმრობის დაწესებულებაში ბრალდებულის მიღებისას სავალდებულოა მისი ფოტოგრაფირება და დაქტილოსკოპირება. ფოტოსურათები და მათი ნეგატივები, აგრეთვე დაქტილოსკოპიური ბარათი და სიტყვიერი პორტრეტი ბარათის მიხედვით ინახება ბრალდებულის პირად საქმეში, რომელიც მსჯავრდების შემთხვევაში გადაიგზავნება შესაბამის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში.

    მუხლი 36. ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი საქმე

1. ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი საქმე დგება მისი დაპატიმრებიდან მის გათავისუფლებამდე. ბრალდებულის/მსჯავრდებულის გათავისუფლების შემდეგ მისი პირადი საქმე ინახება პენიტენციური დაწესებულების არქივში. ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი საქმის წარმოების წესს, ამ საქმისთვის დასართავი დოკუმენტების ჩამონათვალს და არქივში საქმის შენახვის ვადას განსაზღვრავს მინისტრი.

2. ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირად საქმეში უნდა იყოს მონაცემები მისი წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ.

3. ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი საქმის შევსების კონტროლსა და ზედამხედველობას ახორციელებს ადმინისტრაცია.

4. ბრალდებულის/მსჯავრდებულის სხვა პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანისას მისი პირადი საქმე გადაიგზავნება შესაბამის დაწესებულებაში.

5. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, გაეცნოს თავის პირად საქმეს. ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი საქმის გაცნობის უფლება აქვს აგრეთვე სპეციალურად უფლებამოსილ პირს. ასეთ პირთა ნუსხას ამტკიცებს მინისტრი. 

საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3619 - სსმ I, №51, 29.09.2010 წ., მუხ.332

საქართველოს 2015  წლის 1 მაისის  კანონი №3523  - ვებგვერდი, 18.05.2015წ.

 

თავი VI . სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლება

    მუხლი 37. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან გათავისუფლების საფუძვლები

1. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან მსჯავრდებული თავისუფლდება:

ა) სასჯელის მოხდის შემდეგ;

ბ) სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლებისას;

გ) სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლისას;

დ) განაჩენის კანონით დადგენილი წესით შეცვლის ან გაუქმების გამო;

ე) ამნისტიით ან შეწყალებით;

ვ) ავადმყოფობის ან ხანდაზმულობის ასაკის გამო, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში;

ზ) სასამართლოს მიერ განაჩენის აღსრულების გადავადების შემთხვევაში.

2. იმ მძიმე და განუკურნებელ დაავადებათა ჩამონათვალს, რომლებიც სასჯელის მოხდისგან გათავისუფლების საფუძველია, ამტკიცებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი.

    მუხლი 38. გათავისუფლების საერთო წესი

1. გათავისუფლებული მსჯავრდებული ამ კოდექსის შესაბამისად თავისუფლდება სასჯელის მოხდის დამთავრების დღის წინა დღეს. თუ გათავისუფლების დღე ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, მსჯავრდებული თავისუფლდება წინა სამუშაო დღეს. გათავისუფლებისას მას მიეცემა სათანადო ცნობა.

2. გათავისუფლებულ მსჯავრდებულს უბრუნდება პირადი ნივთები და ტანსაცმელი, რომლებიც ინახებოდა ადმინისტრაციაში.

3. თუ გათავისუფლებულ მსჯავრდებულს არა აქვს პირადი ტანსაცმელი ან იგი არ შეეფერება სეზონს, მას შესაფერის ტანსაცმელს უსასყიდლოდ გადასცემს ადმინისტრაცია.

4. მსჯავრდებულს მის პირად ანგარიშზე დაგროვილი თანხის სრული განკარგვის უფლება ეძლევა გათავისუფლებისას.

5. (ამოღებულია – 19.06.2012, №6504).

საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3619 - სსმ I, №51, 29.09.2010 წ., მუხ.332

საქართველოს 2012 წლის 19 ივნისის  კანონი №6504 - ვებგვერდი, 02.07.2012წ.

    მუხლი 39. ავადმყოფობისა და ხანდაზმულობის ასაკის გამო გათავისუფლება

1. ავადმყოფობისა და ხანდაზმულობის ასაკის გამო მსჯავრდებულის გასათავისუფლებლად მსჯავრდებული, მისი კანონიერი წარმომადგენელი ან თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორი კანონით დადგენილი წესით, მსჯავრდებულის გათავისუფლების შესახებ საექიმო დასკვნის საფუძველზე მიმართავს სამინისტროს და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთობლივ მუდმივმოქმედ კომისიას.

2. სამინისტროს და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთობლივი მუდმივმოქმედი კომისიის შექმნისა და საქმიანობის წესი, აგრეთვე უფლებამოსილება განისაზღვრება კომისიის დებულებით, რომელიც მტკიცდება მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.

    მუხლი 40. სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლება

1. მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლება შეიძლება მხოლოდ მაშინ, თუ მან ფაქტობრივად მოიხადა:

ა) ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის ვადის არანაკლებ ნახევარი;

ბ) მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის ვადის არანაკლებ ორი მესამედი;

გ) განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის ვადის არანაკლებ სამი მეოთხედი;

დ) სამი მეოთხედი სასჯელისა, რომელიც დანიშნული ჰქონდა პირს, რომელიც წინათ პირობით ვადამდე გაათავისუფლეს და პირობით ვადამდე გათავისუფლება გაუქმდა ამ მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე.

2. არასრულწლოვანი მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლება შეიძლება მხოლოდ მაშინ, თუ მან ფაქტობრივად მოიხადა:

ა) ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის ვადის არანაკლებ ერთი მესამედი;

ბ) მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის ვადის არანაკლებ ნახევარი;

გ) განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის ვადის არანაკლებ ორი მესამედი.

[2. ( ამოღებულია - 12.06.2015, №3711 ).  (ამოქმედდეს 2016 წლის 1 იანვრიდან)]

3. მსჯავრდებულის მიერ ფაქტობრივად მოხდილი თავისუფლების აღკვეთის ვადა არ უნდა იყოს 6 თვეზე ნაკლები.

4. სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლებული მსჯავრდებულის ყოფაქცევის კონტროლს ახორციელებს საამისოდ უფლებამოსილი პრობაციის ბიურო, ხოლო მსჯავრდებული სამხედრო მოსამსახურის ყოფაქცევისა – სამხედრო ნაწილის ხელმძღვანელობა.

5. თუ მსჯავრდებულმა სასჯელის მოუხდელ ვადაში:

ა) სისტემატურად ან/და უხეშად თავი აარიდა პირობით ვადამდე გათავისუფლებისას მისთვის დაკისრებული მოვალეობის შესრულებას, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ გაუქმდეს პირობით ვადამდე გათავისუფლება და აღსრულდეს სასჯელის მოუხდელი ნაწილი;

ბ) გაუფრთხილებლობითი დანაშაული ჩაიდინა, პირობით ვადამდე გათავისუფლების გაუქმების ან ძალაში დატოვების საკითხს წყვეტს სასამართლო;

გ) განზრახი დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო დაუნიშნავს მას სასჯელს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლით გათვალისწინებული წესით. იმავე წესით დაინიშნება სასჯელი გაუფრთხილებლობითი დანაშაულის ჩადენისათვის, თუ სასამართლო გააუქმებს პირობით ვადამდე გათავისუფლებას.

6. მსჯავრდებული უვადო თავისუფლების აღკვეთის მოხდისგან შეიძლება გათავისუფლდეს, თუ მან ფაქტობრივად მოიხადა თავისუფლების აღკვეთის 20 წელი.

7. მსჯავრდებულს , რომელიც პირობით ვადამდე განთავისუფლდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 73- მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან , საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახით ფაქტობრივად მოხდილი სასჯელის ვადა ჩაეთვლება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ვადაში , შემდეგი გაანგარიშებით : საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის ხუთი საათი თავისუფლების აღკვეთის ერთი დღე .

საქართველოს 2012 წლის 19 ივნისის  კანონი №6504 - ვებგვერდი, 02.07.2012წ.

საქართველოს 2014 წლის 31 ოქტომბრის კანონი №2758 - ვებგვერდი, 11.11.2014წ.

საქართველოს 2015 წლის 12  ივნისის   კანონი № 3711  – ვებგვერდი, 24.06.2015წ.

     მუხლი 41. სამინისტროს ადგილობრივი საბჭო

1. სამინისტროს ადგილობრივი საბჭო (შემდგომ – საბჭო) არის სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლებასთან და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლასთან დაკავშირებული საკითხების განმხილველი ორგანო. საბჭოების რაოდენობა და ტერიტორიული განსჯადობა, აგრეთვე სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.

2. საბჭო შედგება 5 წევრისგან. საბჭოს შემადგენლობაში შედის:

ა) სამინისტროს სამოქალაქო სამსახურში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფის 1 მოსამსახურე;

ბ) პრობაციის ეროვნული სააგენტოს 1 თანამშრომელი;

გ) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 1 წარმომადგენელი;

დ) არასამთავრობო ორგანიზაციების 1 წარმომადგენელი;

ე) ზოგადსაგანმანათლებლო და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების 1 წარმომადგენელი.

3. საბჭოს წევრი შეიძლება იყოს პირი, რომელსაც აქვს სათანადო განათლება და პროფესიული გამოცდილება, აგრეთვე საქმიანი და მორალური თვისებებით შეუძლია შეასრულოს საბჭოს წევრის ფუნქციები. ამ მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ პირებს შეარჩევს და საბჭოს წევრებად ნიშნავს მინისტრი. იმავე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირს საბჭოს წევრად ნიშნავს მინისტრი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით. იმავე ნაწილის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ პირებს საბჭოს წევრებად ნიშნავს მინისტრი სამინისტროს საკოორდინაციო საბჭოს წარდგინებით. სამინისტროს საკოორდინაციო საბჭო იქმნება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ზოგადსაგანმანათლებლო და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენელთა შერჩევისა და საბჭოს წევრებად წარდგენის მიზნით. სამინისტროს საკოორდინაციო საბჭოს უფლება-მოვალეობები და საქმიანობის წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.

4. საბჭოს წევრი თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციას, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებასა და შეთანხმებას და ამ კოდექსს.

5. საბჭოს წევრი ინიშნება 1 წლის ვადით. დასაშვებია საბჭოს წევრად პირის ხელმეორედ დანიშვნა. საბჭოს წევრი თანამდებობიდან თავისუფლდება მინისტრის ბრძანებით, ერთ-ერთი შემდეგი საფუძვლის არსებობისას:

ა) პირადი განცხადება;

ბ) სასამართლოს მიერ შეზღუდულქმედუნარიანად ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობა, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;

გ) მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა;

დ) ამ ნაწილით განსაზღვრული უფლებამოსილების ვადის გასვლა;

ე) გარდაცვალება;

ვ) საბჭოს სხდომის ზედიზედ 3-ჯერ არასაპატიო მიზეზით გაცდენა;

ზ) საბჭოს წევრად დანიშვნისას დაკავებული თანამდებობის შეცვლა ან თანამდებობიდან გათავისუფლება;

თ) საკუთარი მოვალეობის არაკეთილსინდისიერად ან/და არაჯეროვნად შესრულება;

ი) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საბჭოს ლიკვიდაცია/რეორგანიზაცია.

6. საბჭოს განსჯად ტერიტორიაზე მდებარე დაწესებულებაში საბჭოს სხდომა შესაძლებელია ჩატარდეს ვიდეოკავშირის საშუალებათა გამოყენებით.

7. შესაძლებელია საბჭოს სხდომაში მონაწილეობა მიიღოს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად საამისოდ უფლებამოსილმა ერთმა პარლამენტის წევრმა. მას საბჭოს სხდომაზე დასწრების შემთხვევაში აქვს საბჭოს წევრის ტოლფასი ხმის უფლება. პარლამენტის წევრი არ არის საბჭოს წევრი და იგი საბჭოს სხდომის კვორუმის დადგენისას გაითვალისწინება მხოლოდ სხდომაზე დასწრების შემთხვევაში. საბჭოს თავმჯდომარე ვალდებულია სხდომის გამართვამდე არაუგვიანეს 5 დღისა აცნობოს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად საამისოდ უფლებამოსილ პარლამენტის წევრს საბჭოს სხდომის გამართვის შესახებ და უზრუნველყოს იგი შესაბამისი საქმის მასალებით.

8. საბჭოების საქმიანობის ორგანიზაციულ-სამართლებრივ უზრუნველყოფას ახორციელებს სამინისტროს სამოქალაქო სამსახურში შემავალი შესაბამისი სტრუქტურული ერთეული. იგი საბჭოებს წარმოადგენს სასამართლოში. მას უფლება აქვს, სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლებისა და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლასთან დაკავშირებული საკითხების განხილვის მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაამუშაოს და შეინახოს მსჯავრდებულთა პერსონალური მონაცემები (მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები).

9. საბჭოს სხდომის მონაწილე პირი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაიცვას პერსონალური მონაცემები, რომლებიც მისთვის ცნობილი გახდა სხდომაში მონაწილეობის შედეგად.

საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3525  - სსმ I, №46, 04.08.2010 წ., მუხ.288

საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3619 - სსმ I, №51, 29.09.2010 წ., მუხ.332

საქართველოს 2012 წლის 19 ივნისის  კანონი №6504 - ვებგვერდი, 02.07.2012წ.

    მუხლი 42. საბჭოს გადაწყვეტილება სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლების შესახებ

1. თუ მსჯავრდებულმა ფაქტობრივად მოიხადა სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლებისათვის კანონით დადგენილი ვადა, ადმინისტრაცია ვალდებულია საბჭოს დაუყოვნებლივ წარუდგინოს შესაბამისი შუამდგომლობა და ეს აცნობოს მსჯავრდებულს. თუ საჭირო ინფორმაციის მოძიებასა და დამუშავებას დამატებითი დრო სჭირდება, ადმინისტრაცია უფლებამოსილია აღნიშნული შუამდგომლობა საბჭოს 7 დღის ვადაში წარუდგინოს.

2. მსჯავრდებულს, მის დამცველს/კანონიერ წარმომადგენელს და ახლო ნათესავს უფლება აქვთ, საბჭოს წარუდგინონ დამატებითი ინფორმაცია.

3. საბჭოს განხილვა ტარდება ზეპირი მოსმენით ან/და ზეპირი მოსმენის გარეშე, ადმინისტრაციული წარმოების წესების დაცვით. ზეპირი მოსმენის გარეშე საბჭო მინისტრის მიერ დადგენილი შეფასების კრიტერიუმების მიხედვით იღებს გადაწყვეტილებას მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლებაზე უარის თქმის შესახებ, ან საქმის ზეპირ მოსმენაზე განსახილველად დაშვების შესახებ, ან მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლების შესახებ. გადაწყვეტილებაში აღინიშნება საქმის ძირითადი გარემოებები და მსჯავრდებულის რეკვიზიტები.

4. შუამდგომლობის განხილვისას საბჭო ითვალისწინებს სასჯელის მოხდის პერიოდში მსჯავრდებულის ქცევას, მსჯავრდებულის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტებს, მსჯავრდებულის პიროვნებას, ოჯახურ მდგომარეობას, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათს და სხვა გარემოებებს, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს საბჭოს გადაწყვეტილებაზე.

5. თუ საბჭო საჭიროდ მიიჩნევს, მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლების საკითხის გადაწყვეტის მიზნით მსჯავრდებულისაგან მიიღოს დამატებითი ინფორმაცია, იგი ატარებს ზეპირ მოსმენას. ზეპირი მოსმენით საბჭო იღებს გადაწყვეტილებას მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლებაზე უარის თქმის ან მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლების შესახებ.

6. საბჭოს გადაწყვეტილება მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლებაზე უარის თქმის შესახებ შეიძლება ადმინისტრაციული წესით გასაჩივრდეს სასამართლოში.

7. თუ საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლებაზე უარის თქმის შესახებ, იმავე საკითხზე შუამდგომლობის ხელახლა განხილვა შეიძლება მხოლოდ 6 თვის შემდეგ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოსახდელი სასჯელის ვადა არ აღემატება 6 თვეს ან/და თუ არსებობს რაიმე განსაკუთრებული გარემოება. არასრულწლოვანი მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლების საკითხის განხილვა სავალდებულოა ყოველ 3 თვეში, ხოლო სხვა მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლების საკითხის განხილვა − ყოველ 6 თვეში.

[ 7. თუ საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლებაზე უარის თქმის შესახებ, იმავე საკითხზე შუამდგომლობის ხელახლა განხილვა შეიძლება მხოლოდ 6 თვის შემდეგ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოსახდელი სასჯელის ვადა 6 თვეს არ აღემატება ან/და არსებობს განსაკუთრებული გარემოება. მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლების საკითხის განხილვა სავალდებულოა ყოველ 6 თვეში.  (ამოქმედდეს 2016 წლის 1 იანვრიდან)]

საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3619 - სსმ I, №51, 29.09.2010 წ., მუხ.332

საქართველოს 2012 წლის 19 ივნისის  კანონი №6504 - ვებგვერდი, 02.07.2012წ.

საქართველოს 2015 წლის 12  ივნისის   კანონი № 3711  – ვებგვერდი, 24.06.2015წ.

    მუხლი 43. საბჭოს გადაწყვეტილება სასჯელის მოუხდელი ნაწილის  უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის შესახებ

1. მსჯავრდებულს, მის დამცველს/კანონიერ წარმომადგენელს ან ახლო ნათესავს უფლება აქვს, კანონით დადგენილი წესით წარუდგინოს საბჭოს მსჯავრდებულისათვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის საკითხის განსახილველად აუცილებელი დოკუმენტაცია და შესაბამისი შუამდგომლობა.

2. მსჯავრდებულს, მის დამცველს/კანონიერ წარმომადგენელს და ახლო ნათესავს უფლება აქვთ, საბჭოს წარუდგინონ დამატებითი ინფორმაცია.

3. საბჭოს განხილვა ტარდება ზეპირი მოსმენით ან/და ზეპირი მოსმენის გარეშე, ადმინისტრაციული წარმოების წესების დაცვით. ზეპირი მოსმენის გარეშე საბჭო მინისტრის მიერ დადგენილი შეფასების კრიტერიუმების მიხედვით იღებს გადაწყვეტილებას შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ან საქმის ზეპირ მოსმენაზე განსახილველად დაშვების შესახებ.

4. შუამდგომლობის განხილვისას საბჭო ითვალისწინებს მსჯავრდებულის ქცევას სასჯელის მოხდის პერიოდში, მსჯავრდებულის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტებს, მსჯავრდებულის პიროვნებას, ოჯახურ მდგომარეობას, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათს, მიღწეულია თუ არა სასჯელის მიზანი, და სხვა გარემოებებს, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს საბჭოს გადაწყვეტილებაზე.

5. საბჭო მხოლოდ ზეპირი მოსმენით იღებს გადაწყვეტილებას მსჯავრდებულისათვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის შესახებ. გადაწყვეტილებაში აღინიშნება საქმის ძირითადი გარემოებები და მსჯავრდებულის რეკვიზიტები.

6. საბჭო გადაწყვეტილებას მსჯავრდებულისათვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ან თავისუფლების შეზღუდვით შეცვლის შესახებ იღებს მსჯავრდებულის თანხმობის შემთხვევაში.

7. საბჭოს გადაწყვეტილება მსჯავრდებულისათვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლაზე უარის თქმის შესახებ შეიძლება ადმინისტრაციული წესით ერთჯერადად გასაჩივრდეს სასამართლოში.

8. თუ საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას მსჯავრდებულისათვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლაზე უარის თქმის შესახებ, იმავე საკითხზე მსჯავრდებულის შუამდგომლობის ხელახლა განხილვა შეიძლება მხოლოდ 6 თვის შემდეგ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოსახდელი სასჯელის ვადა არ აღემატება 6 თვეს ან/და თუ არსებობს რაიმე განსაკუთრებული გარემოება.

საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3619 - სსმ I, №51, 29.09.2010 წ., მუხ.332

საქართველოს 2012 წლის 19 ივნისის  კანონი №6504 - ვებგვერდი, 02.07.2012წ.

   მუხლი 44. (ამოღებულია)

    მუხლი 45. ადმინისტრაციის მოვალეობები მსჯავრდებულის პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლებისას

1. თავისუფლების აღკვეთის ვადის ამოწურვამდე არაუგვიანეს 3 თვისა ადმინისტრაცია მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს აცნობებს მსჯავრდებულის პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების, მისი საცხოვრებელი ადგილის, შრომისუნარიანობისა და სპეციალობის შესახებ.

2. ადმინისტრაცია ვალდებულია მსჯავრდებულის პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შესახებ მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით აცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს.

საქართველოს 2015  წლის 1 მაისის  კანონი №3523  - ვებგვერდი, 18.05.2015წ.

    მუხლი 451. ადმინისტრაციის მოვალეობა ოჯახში ძალადობისთვის მსჯავრდებული პირის პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლებისას

ადმინისტრაცია ვალდებულია ოჯახში ძალადობისთვის მსჯავრდებული პირის პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების, გაქცევის, აგრეთვე ამ კოდექსის 27-ე მუხლით დადგენილი წესით დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის შესახებ დაუყოვნებლივ შეატყობინოს დანაშაულის ჩადენის ადგილის მიხედვით საუბნო პოლიციას.

 

თავი VII. სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის აღსრულება

ზოგადი დებულებები

    მუხლი 46. თავისუფლების აღკვეთის აღსრულების ადგილი

1. მსჯავრდებული სასჯელს იხდის საქართველოს ტერიტორიაზე მდებარე თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში, გარდა საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

2. მსჯავრდებულისთვის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ტიპს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრავს დეპარტამენტის დირექტორი.

3. მსჯავრდებული, როგორც წესი, სასჯელს იხდის მისი ან მისი ახლო ნათესავის საცხოვრებელი ადგილიდან ყველაზე ახლოს მდებარე, შესაბამისი ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში, გარდა ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

4. სასჯელის შემდგომი მოხდის მიზნით მსჯავრდებული დეპარტამენტის დირექტორის გადაწყვეტილებით შეიძლება გადაყვანილ იქნეს იმავე ან სხვა ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მის მიერ დაწესებულების დებულების სისტემატური დარღვევის გამო, მისი ავადმყოფობის გამო ან/და რისკის ფაქტორის გათვალისწინებით, უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, დაწესებულების რეორგანიზაციისას, ლიკვიდაციისას ან გადატვირთულობისას, ან ამ კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გარემოების არსებობისას, ან სხვა მნიშვნელოვანი, დასაბუთებული გარემოების არსებობისას ან/და მსჯავრდებულის თანხმობის შემთხვევაში. მსჯავრდებულის რისკების შეფასებას და პერიოდულ გადაფასებას უზრუნველყოფს რისკების შეფასების გუნდი. მსჯავრდებულის რისკის სახეები, რისკის შეფასების კრიტერიუმები, რისკის შეფასებისა და გადაფასების წესი, მსჯავრდებულის იმავე ან სხვა ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაყვანის წესი და პირობები, აგრეთვე რისკების შეფასების გუნდის საქმიანობის წესი და უფლებამოსილება განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.

5. ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლით/საფუძვლებით მსჯავრდებულის სხვა ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაყვანისას მასზე ვრცელდება წესები, რომლებიც დადგენილია ამ რისკის მსჯავრდებულისათვის და რომელთა დაცვაც შესაძლებელია სხვა ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში.

6. ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლით (გარდა მსჯავრდებულის მიერ დაწესებულების დებულების სისტემატური დარღვევის გამო ან/და რისკის ფაქტორის გათვალისწინებით და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გადაყვანისა) სხვა ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაყვანილი მსჯავრდებული ამ საფუძვლის აღმოფხვრისთანავე დაბრუნებული უნდა იქნეს იმ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში, საიდანაც გადაყვანილ იქნა.

    მუხლი 47. მსჯავრდებულის სასჯელის მოსახდელად გაგზავნა

1. სასამართლოს მიერ სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის შეფარდებიდან არაუგვიანეს 20 დღისა დეპარტამენტის დირექტორი იღებს გადაწყვეტილებას, თუ რომელი ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში უნდა მოიხადოს მსჯავრდებულმა სასჯელი.

2. პატიმრობის დაწესებულების ადმინისტრაცია მსჯავრდებულს სასჯელის მოსახდელად გზავნის დეპარტამენტის დირექტორის გადაწყვეტილების ასლის მიღებიდან არაუგვიანეს 20 დღისა.

3. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მსჯავრდებულის გადაყვანის წესსა და პირობებს განსაზღვრავს მინისტრი.

4. (ამოღებულია - 16.04.2014, №2241).

საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3619 - სსმ I, №51, 29.09.2010 წ., მუხ.332

    მუხლი 48. მსჯავრდებულის პატიმრობის დაწესებულებაში დატოვება

1. მსჯავრდებული, რომელსაც სასჯელის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოხდა განესაზღვრა, მისივე წერილობითი თანხმობით, მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით შეიძლება დატოვებულ იქნეს პატიმრობის დაწესებულებაში სამეურნეო სამუშაოების შესასრულებლად. ამ შემთხვევაში მსჯავრდებულზე ვრცელდება უფლებები, რომლებიც განსაზღვრულია იმ ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებისთვის, სადაც რისკების გათვალისწინებით განთავსდებოდა მსჯავრდებული, და რომელთა განხორციელებაც შესაძლებელია პატიმრობის დაწესებულებაში. პატიმრობის დაწესებულების ტერიტორიაზე მსჯავრდებულის გადაადგილების წესსა და პირობებს განსაზღვრავს მინისტრი.

2. სამეურნეო სამუშაოების შესასრულებლად მსჯავრდებულის პატიმრობის დაწესებულებაში დატოვება ფორმდება დაწესებულების დირექტორის ბრძანებით.

    მუხლი 49. მსჯავრდებულის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მიღების წესი

1. მსჯავრდებულის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მიღებას ახორციელებს ადმინისტრაცია დაწესებულების დებულებით დადგენილი წესით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი.

2. მსჯავრდებულს დაუყოვნებლივ, წერილობითი ფორმით, მისთვის გასაგებ ენაზე უნდა გააცნონ მისი უფლებები და მის მიმართ მოსამსახურეთა მოპყრობის წესები, ინფორმაციის მიღებისა და საჩივრის შეტანის წესები, დისციპლინური და სხვა სახის მოთხოვნები.

საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3619 - სსმ I, №51, 29.09.2010 წ., მუხ.332

    მუხლი 50. მსჯავრდებულთა განცალკევებით მოთავსება

1. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში, როგორც წესი, განცალკევებით ათავსებენ:

ა) ქალებს;

ბ) არასრულწლოვნებს;

გ) პირველად მსჯავრდებულებს;

დ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1431 ან/და 1432 მუხლით/მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულზე/დანაშაულებზე დაზარალებულად ცნობილ პირებს;

ე) პირებს, რომელთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას შეიძლება საფრთხე შეექმნას წარსული სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე;

ვ) განსაკუთრებით საშიშ პირებს, რომელთა პიროვნული თვისებები, კრიმინალური ავტორიტეტი, დანაშაულის ჩადენის მოტივი, დამდგარი მართლსაწინააღმდეგო შედეგი ან თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გამოვლენილი ქცევა მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებისა და მათ გარშემომყოფთა უსაფრთხოებას.

2. პენიტენციური დაწესებულების სამკურნალო განყოფილებაში განცალკევებით ათავსებენ არამართვადი ინფექციური სენით დაავადებულებს.

3. მინისტრმა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით შეიძლება დააწესოს მსჯავრდებულთა განცალკევებით მოთავსების სხვა წესი. 

საქართველოს 2015  წლის 1 მაისის  კანონი №3523  - ვებგვერდი, 18.05.2015წ.

    მუხლი 51. (ამოღებულია)

 

თავი VIII. პენიტენციური დაწესებულების დებულება

საქართველოს 2015  წლის 1 მაისის  კანონი №3523  - ვებგვერდი, 18.05.2015წ.    

    მუხლი 52. პენიტენციური დაწესებულების დებულება

1. პენიტენციური დაწესებულების დებულებით გათვალისწინებული უნდა იყოს შემდეგი მოთხოვნები:

ა) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა იზოლაცია და დაცვა;

ბ) ბრალდებულების/მსჯავრდებულების მუდმივი ზედამხედველობა;

გ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მიერ მათთვის დაკისრებული მოვალეობების შესრულება;

დ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა;

ე) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა და დაწესებულების თანამშრომლების პირადი უსაფრთხოების დაცვა;

ვ) სხვადასხვა კატეგორიის ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა განცალკევებით მოთავსება ამ კოდექსით დადგენილი წესით;

ზ) ბრალდებულის/მსჯავრდებულის დაწესებულებაში მიღების წესი;

თ) მუშაობისა და დასვენების დროს ბრალდებულის/მსჯავრდებულის ქცევის წესი;

ი) იმ სამუშაოებისა და თანამდებობების ჩამონათვალი, რომლებზედაც დაუშვებელია მსჯავრდებულის დასაქმება;

კ) იმ საგნებისა და ნივთების ჩამონათვალი და რაოდენობა, რომლებიც შეიძლება იქონიოს ბრალდებულმა/მსჯავრდებულმა;

ლ) იმ საგნების ამოღების წესი, რომელთა ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ გამოყენებაც დაუშვებელია;

მ) ჩხრეკის, შემოწმების ჩატარების, პაემნების მოწყობის, კორესპონდენციისა და გზავნილების მიღება-ჩაბარების წესები;

ნ) კვების პროდუქტების, პირველადი მოხმარების საგნების, ჰიგიენური საშუალებებისა და სხვა საგნების ჩამონათვალი, რომლებიც შეიძლება შეიძინოს ბრალდებულმა/მსჯავრდებულმა დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიაში;

ო) იმ კვების პროდუქტების, ნივთების, ნაკეთობების, ნივთიერებებისა და დოკუმენტების ჩამონათვალი, რომელთა შეძენა, შენახვა, ტარება, მოხმარება ან/და რომლებით სარგებლობა ეკრძალება ბრალდებულს/მსჯავრდებულს და იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას;

პ) დაწესებულებაში შესვლის წესი და პირობები.

2. პენიტენციურ დაწესებულებაში მისი დებულების დაცვის მიზნით დასაშვებია ბრალდებულის/მსჯავრდებულის და მისი მოთავსების ადგილის ჩხრეკა, აგრეთვე ბრალდებულის/მსჯავრდებულის ნივთების შემოწმება. ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირად ჩხრეკას ახორციელებს იმავე სქესის პირი.

3. ადმინისტრაცია ვალდებულია შეამოწმოს იმ პირთა ნივთები, ტანსაცმელი და სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც შედიან პენიტენციურ დაწესებულებაში ან გადიან პენიტენციური დაწესებულებიდან.

4. ფული ან სხვა ფასეულობა, რომელიც ჩამოერთმევა ბრალდებულს/მსჯავრდებულს, მის გათავისუფლებამდე შესანახად პენიტენციური დაწესებულების დებულებით დადგენილი წესით გადაეცემა ადმინისტრაციას.

    მუხლი 53. პენიტენციური დაწესებულების დღის განრიგი

პენიტენციური დაწესებულების დღის განრიგს დაწესებულების დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს დეპარტამენტის დირექტორი.

საქართველოს 2015  წლის 1 მაისის  კანონი №3523  - ვებგვერდი, 18.05.2015წ.

    მუხლი 54. ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა და კონტროლი

1. დასაბუთებული ვარაუდის არსებობისას ადმინისტრაციას უფლება აქვს, ბრალდებულის/მსჯავრდებულის ან სხვა პირთა უსაფრთხოებისა და სხვა კანონიერი ინტერესებიდან გამომდინარე – თვითმკვლელობის, თვითდაზიანების, მის ან სხვა პირთა მიმართ ძალადობის, ქონების დაზიანების, აგრეთვე სხვა დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევის თავიდან ასაცილებლად განახორციელოს ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა და კონტროლი. ელექტრონული მეთვალყურეობა ხორციელდება აუდიოვიდეოსაშუალებებით ან/და კონტროლის სხვა ტექნიკური საშუალებებით. ადმინისტრაცია უფლებამოსილია განახორციელოს ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობის, კონტროლის და ამ პროცესის შედეგად მიღებული ინფორმაციის ჩაწერა.

2. ადმინისტრაცია ვალდებულია გააფრთხილოს ბრალდებული/ მსჯავრდებული ელექტრონული საშუალებებით მეთვალყურეობის ან/და აუდიოვიდეოჩაწერის განხორციელების თაობაზე, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში დგება ოქმი, რომელშიც აღინიშნება, თუ რა სახის ელექტრონული საშუალებით და რა მიზნით ხორციელდება ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ მეთვალყურეობა. ოქმს ხელს აწერენ ადმინისტრაციის არანაკლებ ორი წარმომადგენელი და ბრალდებული/მსჯავრდებული, რომლის მიმართაც ხორციელდება ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა. თუ ბრალდებული/მსჯავრდებული უარს აცხადებს ოქმის ხელმოწერაზე, ოქმში კეთდება სათანადო ჩანაწერი.

4. ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობისა და კონტროლის განხორციელების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება იმ შემთხვევაში, თუ სხვა საშუალებების გამოყენება არაეფექტიანია. მიღებული გადაწყვეტილება დასაბუთებული და მიზნის პროპორციული უნდა იყოს.

5. დაუშვებელია ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობის განხორციელება ხანგრძლივი პაემნებისათვის განკუთვნილ ოთახებში, გარდა მეთვალყურეობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში განხორციელებისა.

6. ადმინისტრაცია უფლებამოსილია ბრალდებულის/მსჯავრდებულის ამ კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილითა და მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ სხვა პირებთან შეხვედრას დააკვირდეს ვიზუალურად, ტექნიკური საშუალებით დისტანციური დაკვირვებისა და ჩაწერის პირობებში, მაგრამ მოსმენის გარეშე.

7. პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობის განხორციელების შემთხვევაში ადმინისტრაცია ვალდებულია თვალსაჩინო ადგილას განათავსოს შესაბამისი გამაფრთხილებელი ნიშანი, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

8. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გარემოების აღმოფხვრისთანავე ადმინისტრაცია წყვეტს ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობას. დაუშვებელია ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობისა და კონტროლის ბრალდებულის/ მსჯავრდებულის დასჯის მიზნით განხორციელება.

9. ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობისა და კონტროლის განხორციელების, ჩანაწერების შენახვის, წაშლისა და განადგურების წესს განსაზღვრავს მინისტრი.

    მუხლი 55. პენიტენციურ დაწესებულებაში ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელება

1. პენიტენციურ დაწესებულებაში ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები შეიძლება განხორციელდეს პენიტენციურ დაწესებულებათა მართვის საინფორმაციო-ანალიტიკური უზრუნველყოფის ან/და სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების ოპერატიულ-სამძებრო უზრუნველყოფის ფარგლებში.

2. პენიტენციურ დაწესებულებათა მართვის საინფორმაციო-ანალიტიკური უზრუნველყოფა არის პენიტენციურ დაწესებულებაში უსაფრთხოების დაცვის ფარგლებში დეპარტამენტის ან/და პენიტენციური დაწესებულების შესაბამისი უსაფრთხოების სამსახურის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ინფორმაციისა და მონაცემების ერთ-ერთი შემდეგი მიზნით შეგროვება, დამუშავება და ანალიზი:

ა) პენიტენციურ დაწესებულებაში დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევის გამოვლენა და თავიდან აცილება;

ბ) კრიმინალური კავშირებისა და გავლენების იდენტიფიკაცია და შეფასება;

გ) სხვა ტიპის ისეთი შიდა რისკებისა და საფრთხეების იდენტიფიკაცია და შეფასება, რომლებმაც შეიძლება უშუალო საშიშროება შეუქმნას სამინისტროს სისტემის მოსამსახურის, ბრალდებულის/მსჯავრდებულის ან სხვა პირის უსაფრთხოებას, პენიტენციურ დაწესებულებაში სამართლებრივი რეჟიმის ან/და უსაფრთხოების დაცვას და ამით არსებითად დაარღვიოს პენიტენციური დაწესებულების ნორმალური ფუნქციონირება.

3. პენიტენციურ დაწესებულებათა მართვის საინფორმაციო-ანალიტიკური უზრუნველყოფის ფარგლებში დეპარტამენტის ან/და პენიტენციური დაწესებულების შესაბამისი უსაფრთხოების სამსახური უფლებამოსილია პენიტენციურ დაწესებულებაში ინფორმაცია და მონაცემები მოიპოვოს ღია და ფარული წყაროებიდან, „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“, „ე“, „ვ“, „ზ“ და „კ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელების შედეგად; ამასთანავე, იმავე პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება უნდა განხორციელდეს ამ კოდექსით დადგენილი წესით.

4. პენიტენციურ დაწესებულებათა მართვის საინფორმაციო-ანალიტიკური უზრუნველყოფის დაწყების საფუძველია დეპარტამენტის დირექტორის ბრძანება. ეს ბრძანება გამოიცემა განსაკუთრებულ შემთხვევაში, დეპარტამენტის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ან/და პენიტენციური დაწესებულების დირექტორის წერილობითი შუამდგომლობის საფუძველზე, რომელშიც დასაბუთებული უნდა იყოს შესაბამისი საქმიანობის განხორციელების საჭიროება, მიზანი და ფარგლები.

5. დეპარტამენტის ან/და პენიტენციური დაწესებულების შესაბამისი უსაფრთხოების სამსახურის მიერ ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული მიზნით მოპოვებულ ინფორმაციასა და მონაცემებში შესაძლო დანაშაულის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში დეპარტამენტის უსაფრთხოების სამსახური საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაუყოვნებლივ ატყობინებს შესაბამის საგამოძიებო დანაყოფს, ხოლო სამსახურებრივი გადაცდომის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში – სამინისტროს გენერალურ ინსპექციას.

6. დეპარტამენტის უსაფრთხოების სამსახური და პენიტენციური დაწესებულების უსაფრთხოების სამსახური საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებენ გამოძიების ოპერატიულ და ოპერატიულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას პენიტენციური დაწესებულების ფარგლებში.

7. პენიტენციურ დაწესებულებაში განხორციელებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები ექვემდებარება საპროკურორო ზედამხედველობასა და სასამართლო კონტროლს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

8. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული მიზნით მოპოვებული ინფორმაციისა და მონაცემების დამუშავების, შენახვის, გაცნობისა და განადგურების წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.

9. ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის ფარგლებში სამინისტროსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის ინფორმაციის გაცვლის წესი განისაზღვრება მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.

საქართველოს 2015  წლის 1 მაისის  კანონი №3523  - ვებგვერდი, 18.05.2015წ.  

    მუხლი 551. პენიტენციურ დაწესებულებაში მომხდარი დანაშაულის გამოძიება

1. პენიტენციურ დაწესებულებაში მომხდარი დანაშაულის გამოძიება ხდება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.

2. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მომხდარი დანაშაულის ჩადენაში ბრალდებულად ცნობილი პირი გადაჰყავთ პატიმრობის დაწესებულებაში.

საქართველოს 2015  წლის 1 მაისის  კანონი №3523  - ვებგვერდი, 18.05.2015წ.    

    მუხლი 56. პენიტენციური დაწესებულების დაცვა

1. პენიტენციურ დაწესებულებას იცავს დეპარტამენტის გარე დაცვის სამსახური.  

2. გარე დაცვის სამსახურის მოსამსახურე არის სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მქონე პირი. გარე დაცვის სამსახურში შეიძლება ჩაირიცხოს წვევამდელი. მისი სამსახურის ვადა განისაზღვრება „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით.

3. გარე დაცვის სამსახურში წვევამდელის მიერ სამსახურის გავლა ითვლება სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლად და ხორციელდება „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. გარე დაცვის სამსახურში ჩასარიცხ პირთა შერჩევის და მათ მიერ სამსახურის გავლის წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.

31. გარე დაცვის სამსახურის უფლებამოსილება არ ვრცელდება დაწესებულების შიდა უსაფრთხოების სისტემაზე.

4. გარე დაცვის სამსახურის მოსამსახურის სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიები განისაზღვრება „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონით.

5. ცალკეულ შემთხვევებში დეპარტამენტის დირექტორს შეუძლია დეპარტამენტთან ან პენიტენციურ დაწესებულებასთან შექმნას გაძლიერებული დაცვის ჯგუფები.

საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3619 - სსმ I, №51, 29.09.2010 წ., მუხ.332

საქართველოს 2015  წლის 1 მაისის  კანონი №3523  - ვებგვერდი, 18.05.2015წ.

    მუხლი 57. უსაფრთხოების ღონისძიებები

1. ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ საკუთარი თავის, სხვისი და ქონების დაზიანების თავიდან აცილების, პენიტენციურ დაწესებულებაში დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევის აღკვეთის, ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის, თავდასხმის მოგერიების, ჯგუფური დაუმორჩილებლობის ან/და მასობრივი არეულობის აღკვეთის მიზნით, დასაბუთებული გადაწყვეტილებით ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ შეიძლება გამოყენებულ იქნეს შემდეგი უსაფრთხოების ღონისძიებები:

ა) სპეციალური საშუალებების გამოყენება;

ბ) სხვა ბრალდებულთაგან/მსჯავრდებულთაგან მისი განცალკევება;

გ) დროებით სხვა პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანა;

დ) არაუმეტეს 24 საათით სამარტოო საკანში მოთავსება.

2. უსაფრთხოების ღონისძიების განხორციელება წყდება დაუყოვნებლივ, იმ საფრთხის აღმოფხვრისთანავე, რომლის აღსაკვეთადაც ეს ღონისძიება გამოიყენებოდა.

3. პენიტენციურ დაწესებულებაში ან ბრალდებულის/მსჯავრდებულის გაყვანისას/გადაყვანისას და ექსტრადიციისას უსაფრთხოების ღონისძიების განხორციელების სხვა პირობები და გარემოებები განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.

4. უსაფრთხოების ღონისძიების განხორციელების შემდეგ შესაბამისი პენიტენციური დაწესებულების ხელმძღვანელობა სამედიცინო პერსონალთან ერთად ბრალდებულს/მსჯავრდებულს დაუყოვნებლივ უტარებს სამედიცინო შემოწმებას. ბრალდებულისთვის/მსჯავრდებულისთვის სამედიცინო შემოწმების ჩატარების შესახებ დგება შესაბამისი აქტი. ამ აქტის ფორმა მტკიცდება მინისტრის ბრძანებით.

5. დაუშვებელია უსაფრთხოების ღონისძიების ბრალდებულის/ მსჯავრდებულის დასჯის მიზნით გამოყენება.

    მუხლი 571. სპეციალური საშუალებები და მათი გამოყენების წესი

1. ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ შეიძლება გამოყენებულ იქნეს შემდეგი სპეციალური საშუალებები:

ა) ხელბორკილი;

ბ) დამაწყნარებელი პერანგი;

გ) დამაწყნარებელი სკამი;

დ) დამაწყნარებელი საწოლი;

ე) ხელკეტი;

ვ) ცრემლსადენი გაზი;

ზ) წიწაკის გაზი;

თ) არალეტალური იარაღი;

ი) აკუსტიკური საშუალება;

კ) ფსიქოლოგიური ზემოქმედების შუქბგერითი მოწყობილობა;

ლ) წყალსატყორცნი;

მ) სასამსახურო ძაღლი.

2. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, უსაფრთხოების ღონისძიების განსახორციელებლად სპეციალური საშუალებები გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში:

ა) ხელბორკილი – იმ პირის მიმართ, რომელიც თავისი ქმედებით წინააღმდეგობას უწევს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეს ან/და არ ემორჩილება მის კანონიერ მოთხოვნას; რომელიც საფრთხეს უქმნის საკუთარ ან/და სხვის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას; რომელიც აზიანებს ან ცდილობს დააზიანოს სხვისი/სახელმწიფო ქონება; რომელიც ცდილობს გაქცევას; აგრეთვე თუ არსებობს ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოების დადგომის გონივრული ეჭვი;

ბ) დამაწყნარებელი პერანგი, დამაწყნარებელი სკამი, დამაწყნარებელი საწოლი – იმ პირის მიმართ, რომელიც აზიანებს ან ცდილობს დააზიანოს საკუთარი თავი ან სხვა; რომელიც აზიანებს ან ცდილობს დააზიანოს სხვისი/სახელმწიფო ქონება; რომლის მოქმედება გამოხატულად აგრესიულია. აღნიშნული სპეციალური საშუალებები გამოყენებული უნდა იქნეს ექიმის მეთვალყურეობით;

გ) ხელკეტი – ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ საკუთარი თავის და სხვისი დაზიანების თავიდან აცილების, პენიტენციურ დაწესებულებაში ან ბრალდებულის/მსჯავრდებულის გაყვანისას/გადაყვანისას დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევის აღკვეთის, თავდასხმის მოგერიების, დაუმორჩილებლობის ან/და მასობრივი არეულობის აღკვეთის მიზნით;

დ) ცრემლსადენი გაზი, არალეტალური იარაღი და აკუსტიკური საშუალება – გარშემომყოფებზე ან/და დაცულ ობიექტზე ბრალდებულის/მსჯავრდებულის თავდასხმის მოსაგერიებლად; მასობრივი არეულობის ან/და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების ჯგუფური დარღვევის აღსაკვეთად;

ე) წიწაკის გაზი – დანაშაულის, თავდასხმის, გაქცევის, მასობრივი დაუმორჩილებლობის ან/და მასობრივი არეულობის აღსაკვეთად, დაცულ ობიექტზე თავდასხმის მოსაგერიებლად, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების ჯგუფური დარღვევის აღსაკვეთად, შეიარაღებული პირის დასაკავებლად;

ვ) ფსიქოლოგიური ზემოქმედების შუქბგერითი მოწყობილობა – გარშემომყოფებზე ან/და დაცულ ობიექტზე ბრალდებულის/მსჯავრდებულის თავდასხმის მოსაგერიებლად, შეიარაღებული პირის დასაკავებლად, იმ დაკავებული ობიექტის დატოვების მიზნით, რომელსაც პირი თავს აფარებს;

ზ) წყალსატყორცნი – მასობრივი არეულობის ან/და წესრიგის დარღვევის აღსაკვეთად, დაცულ ობიექტზე ჯგუფური თავდასხმის მოსაგერიებლად, შეიარაღებული პირის დასაკავებლად;

თ) სასამსახურო ძაღლი – ბრალდებულის/მსჯავრდებულის გაქცევისას ან გაქცევის მცდელობისას; აკრძალული ნივთების აღმოსაჩენად, თავდასხმის მოსაგერიებლად.

3. სპეციალური საშუალება გამოიყენება უკიდურეს შემთხვევაში, როდესაც სხვა საშუალებების გამოყენება არაეფექტიანია. სპეციალური საშუალების გამოყენება წარმოქმნილი საფრთხის პროპორციული უნდა იყოს და კანონიერი მიზნის მისაღწევად უფრო ნაკლები ზიანი უნდა მიაყენოს აღნიშნული ღონისძიების ადრესატს.

4. სპეციალური საშუალებების გამოყენების უფლება აქვს სპეციალური პენიტენციური სამსახურის საამისოდ უფლებამოსილ პირს, რომელსაც გავლილი აქვს სათანადო მომზადება.

5. სპეციალური საშუალებების გამოყენების უფლების მქონე პირი ვალდებულია სპეციალური საშუალების გამოყენების შესახებ წინასწარ გააფრთხილოს შესაბამისი პირი, მისცეს გონივრული ვადა მისი კანონიერი მოთხოვნის შესასრულებლად, გარდა იმ შემთხვევისა, როცა დაყოვნებამ შეიძლება გამოიწვიოს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხელყოფა, ქონების დაზიანება ან სხვა მძიმე შედეგი, ან შექმნილ სიტუაციაში ასეთი გაფრთხილება გაუმართლებელია ან შეუძლებელია.

6. სპეციალური საშუალების გამოყენებისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება ამ სპეციალური საშუალების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილების მიმღებ პირს.

7. სპეციალური საშუალების გამოყენების შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობებათ შესაბამისი პენიტენციური დაწესებულების დირექტორს და ექიმს ან ექთანს, გარდა ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სპეციალური საშუალების გამოყენების შემთხვევისა. სპეციალური საშუალების გამოყენების შემდეგ ბრალდებულს/ მსჯავრდებულს პირველი შესაძლებლობისთანავე უტარდება სამედიცინო შემოწმება.

8. სპეციალური საშუალების გამოყენების შესახებ დგება ოქმი. ოქმში აღინიშნება გამოყენებული სპეციალური საშუალება, მისი გამოყენების დასაბუთება და სხვა მონაცემები. ოქმის ფორმა მტკიცდება მინისტრის ბრძანებით.

9. სპეციალური საშუალების გამოყენების საფუძვლის აღმოფხვრის შემდეგ შესაბამისი პენიტენციური დაწესებულების დირექტორი ადგენს ანგარიშს და მას დაუყოვნებლივ უგზავნის მინისტრსა და დეპარტამენტის დირექტორს.

10. ბრალდებულის/მსჯავრდებულის გაყვანისას/გადაყვანისას და ექსტრადიციისას უსაფრთხოების უზრუნველყოფის ან/და მისი გაქცევის თავიდან აცილების მიზნით ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ სპეციალური საშუალების გამოყენების შესახებ ჯგუფის ან კოლონის უფროსი დაუყოვნებლივ აცნობებს სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესაბამის უფლებამოსილ პირს და ექიმს ან ექთანს, გარდა ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სპეციალური საშუალების გამოყენების შემთხვევისა.

11. სპეციალური საშუალებების გამოყენება, გარდა ამ მუხლის პირველი ნაწილის „ბ“–„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სპეციალური საშუალებებისა, აგრეთვე დასაშვებია პენიტენციურ დაწესებულებაზე გარედან თავდასხმის მოსაგერიებლად.

12. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სპეციალური საშუალება გამოიყენება უკიდურეს შემთხვევაში, როდესაც არსებული საფრთხის აღმოსაფხვრელად იმავე ნაწილის „ა“–„ვ“ და „თ“–„მ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სპეციალური საშუალებების გამოყენება არაეფექტიანია. დაუშვებელია ამ მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სპეციალური საშუალების დახურულ სივრცეში, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში და იმ პირთა მიმართ გამოყენება, რომლებიც უკვე იმყოფებიან შესაბამისი უფლებამოსილი პირის კონტროლის ქვეშ.

13. დაუშვებელია ბრალდებულის/მსჯავრდებულის ხელბორკილით მყარ ზედაპირზე მიმაგრება, გარდა იმ უკიდურესი შემთხვევისა, როდესაც სხვა საშუალებების გამოყენებით შეუძლებელია ამ მუხლით განსაზღვრული კანონიერი მიზნის მიღწევა.

14. დაუშვებელია პენიტენციურ დაწესებულებაში ან ბრალდებულის/მსჯავრდებულის გაყვანისას/გადაყვანისას ისეთი სპეციალური საშუალების გამოყენება, რომელიც იწვევს ბრალდებულის/მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებას, დაკავშირებულია გაუმართლებელ რისკთან ან აკრძალულია საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და საერთაშორისო აქტებით.

15. ქალებისა და არასრულწლოვნების მიმართ შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სპეციალური საშუალება, ხოლო ჯგუფური დაუმორჩილებლობის ან/და მასობრივი არეულობის აღსაკვეთად, თავდასხმის მოსაგერიებლად და შეიარაღებული პირის დასაკავებლად შესაძლებელია აგრეთვე გამოყენებულ იქნეს იმავე ნაწილის „ე“, „ვ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სპეციალური საშუალებები.

[15. ქალის მიმართ შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სპეციალური საშუალება, ხოლო ჯგუფური დაუმორჩილებლობის ან/და მასობრივი არეულობის აღსაკვეთად, თავდასხმის მოსაგერიებლად და შეიარაღებული პირის დასაკავებლად შესაძლებელია აგრეთვე გამოყენებულ იქნეს იმავე ნაწილის „ე“, „ვ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სპეციალური საშუალებები.  (ამოქმედდეს 2016 წლის 1 იანვრიდან)]

16. სპეციალური საშუალებების გამოყენების უფლების მქონე პირი წინასწარი შეცნობით ორსულის მიმართ, როგორც წესი, არ იყენებს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სპეციალურ საშუალებებს, გარდა იმავე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სპეციალური საშუალებისა.

17. სპეციალური საშუალებების გამოყენებისას შეძლებისდაგვარად უნდა იქნეს გათვალისწინებული პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა და შეზღუდული შესაძლებლობები.

18. სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის შეიარაღებაში არსებულ სპეციალურ საშუალებათა სახეებს, ამ საშუალებათა შენახვის, ტარებისა და გამოყენების წესსა და პირობებს ადგენს მინისტრი.

საქართველოს 2015 წლის 12  ივნისის   კანონი № 3711  – ვებგვერდი, 24.06.2015წ.

    მუხლი 572. ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების წესი

1. თუ ბრალდებული/მსჯავრდებული თავს ესხმის სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეს ან სხვა პირს, ან სჩადის სხვა განზრახ მოქმედებას, რომელიც პირდაპირ, უშუალო და იმწუთიერ საფრთხეს უქმნის სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან სხვა პირის ჯანმრთელობას ან/და სიცოცხლეს, დასაშვებია სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება, თუ აღნიშნული მოქმედების სხვა საშუალებით აღკვეთა შეუძლებელია. გამოყენებული ძალა კანონიერი მიზნისა და იმ საფრთხის პროპორციული უნდა იყოს, რომელსაც ბრალდებული/მსჯავრდებული სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეს ან სხვა პირს უქმნის.

2. ბრალდებულის/მსჯავრდებულის პენიტენციური დაწესებულებიდან ან გაყვანისას/გადაყვანისას გაქცევის ან სპეციალურ სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმის შემთხვევაში, უკიდურესი აუცილებლობიდან გამომდინარე, დასაშვებია სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება, თუ აღნიშნული მოქმედების სხვა საშუალებით აღკვეთა შეუძლებელია. გამოყენებული ძალა კანონიერი მიზნისა და შექმნილი საფრთხის პროპორციული უნდა იყოს. გამოყენებული უნდა იქნეს მინიმალური ძალა – რამდენიც აუცილებელია გაქცეული ბრალდებულის/მსჯავრდებულის შესაჩერებლად. ქალისა და არასრულწლოვნის გაქცევისას ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება დაუშვებელია.

[2. ბრალდებულის/მსჯავრდებულის პენიტენციური დაწესებულებიდან ან გაყვანისას/გადაყვანისას გაქცევის ან სპეციალურ სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმის შემთხვევაში, უკიდურესი აუცილებლობიდან გამომდინარე, დასაშვებია სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება, თუ აღნიშნული მოქმედების სხვა საშუალებით აღკვეთა შეუძლებელია. გამოყენებული ძალა კანონიერი მიზნისა და შექმნილი საფრთხის პროპორციული უნდა იყოს. გამოყენებული უნდა იქნეს მინიმალური ძალა – რამდენიც აუცილებელია გაქცეული ბრალდებულის/მსჯავრდებულის შესაჩერებლად. ქალის გაქცევისას ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება დაუშვებელია. (ამოქმედდეს 2016 წლის 1 იანვრიდან)]

3. გაქცევად ჩაითვლება აკრძალული ზოლის გადაკვეთა. აკრძალული ზოლის განსაზღვრის წესს ადგენს მინისტრი.

4. ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების უფლებამოსილების მქონე პირი ვალდებულია ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების შესახებ წინასწარ გააფრთხილოს შესაბამისი პირი, მისცეს გონივრული ვადა მისი კანონიერი მოთხოვნის შესასრულებლად, აგრეთვე მოახდინოს გამაფრთხილებელი გასროლა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა დაყოვნებამ შეიძლება გამოიწვიოს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხელყოფა, ქონების დაზიანება ან სხვა მძიმე შედეგი, ან შექმნილ სიტუაციაში ასეთი გაფრთხილება გაუმართლებელია ან შეუძლებელია.

5. დაუშვებელია პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე სპეციალური პენიტენციური სამსახურის იმ მოსამსახურის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის ტარება ან/და შენახვა, რომელსაც უშუალო შეხება აქვს ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან.

6. დაუშვებელია პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღის შეტანა, გარდა ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებების არსებობის და ამ კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დაცვის განხორციელების შემთხვევებისა.

საქართველოს 2015 წლის 12  ივნისის   კანონი № 3711  – ვებგვერდი, 24.06.2015წ.

    მუხლი 58. განსაკუთრებული პირობები პენიტენციურ დაწესებულებაში

1. სტიქიური უბედურებისას, ქვეყანაში საგანგებო ან საომარი მდგომარეობის გამოცხადებისას, სიცოცხლისათვის საშიშ დაავადებათა ეპიდემიისას და მასობრივი არეულობისას, აგრეთვე თუ პენიტენციური დაწესებულება დაზიანდა ან აღარ გამოდგება კანონით გათვალისწინებული მიზნებისათვის, პენიტენციურ დაწესებულებაში შეიძლება შემოღებულ იქნეს განსაკუთრებული პირობები.

2. პენიტენციურ დაწესებულებაში განსაკუთრებული პირობების შემოღებას ახდენს დეპარტამენტის დირექტორი მინისტრთან წერილობითი შეთანხმებით, არაუმეტეს 15 დღის ვადით. საჭიროების შემთხვევაში აღნიშნული ვადა მინისტრის თანხმობით შესაძლებელია გაგრძელდეს გონივრული ვადით, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გარემოების აღმოფხვრამდე.

3. ბრალდებულის/მსჯავრდებულის, დაწესებულების მოსამსახურის ან სხვა პირის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის აშკარა საფრთხის შექმნის შემთხვევაში დაწესებულების დირექტორს შეუძლია დამოუკიდებლად შემოიღოს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული განსაკუთრებული პირობები.

4. პენიტენციური დაწესებულების დირექტორი ვალდებულია ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული განსაკუთრებული პირობების დამოუკიდებლად შემოღების შესახებ დაუყოვნებლივ შეატყობინოს დეპარტამენტის დირექტორს. დეპარტამენტის დირექტორი შეტყობინებიდან 24 საათის განმავლობაში, მინისტრის წერილობითი თანხმობით იღებს გადაწყვეტილებას განსაკუთრებული პირობების ძალაში დატოვების ან გაუქმების შესახებ.

5. თუ დაწესებულებაში განსაკუთრებული პირობების რეჟიმის დროს სხვა საშუალებებით ვერ ხერხდება შექმნილი ვითარების ლოკალიზება ან დაწესებულების უსაფრთხოების სამსახურის მიერ ამ დაწესებულებაში აკრძალული საგნების, ნივთიერებებისა და კვების პროდუქტების ამოღების მიზნით ფართო მასშტაბის ოპერატიულ-პროფილაქტიკური ღონისძიებების განხორციელება მაშინ, როდესაც არსებობს ჯგუფური დაუმორჩილებლობისა და მასობრივი არეულობის წარმოშობის დიდი საშიშროება, მინისტრის სათანადო მიმართვით და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით დაწესებულების დაცვა შეიძლება გაძლიერდეს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ქვედანაყოფებით.

6. დაწესებულებაში განსაკუთრებული პირობების შემოღების წესსა და პირობებს განსაზღვრავს მინისტრი ბრძანებით.

საქართველოს 2015  წლის 1 მაისის  კანონი №3523  - ვებგვერდი, 18.05.2015წ.  

    მუხლი 581. პენიტენციურ დაწესებულებაში კრიზისული ვითარების მართვა 

1. პენიტენციურ დაწესებულებაში კრიზისულ ვითარებად შეიძლება შეფასდეს მდგომარეობა, როდესაც ხდება პენიტენციურ დაწესებულებაში სამართლებრივი რეჟიმის ან/და უსაფრთხოების ისეთი დარღვევა, რომელიც აშკარა საშიშროებას უქმნის პენიტენციური დაწესებულების ნორმალურ ფუნქციონირებას და რომლის პენიტენციური დაწესებულების ძალებით, ამ კოდექსით გათვალისწინებული ღონისძიებების ფარგლებში აღმოფხვრა შეუძლებელია.

2. მდგომარეობას კრიზისულ ვითარებად აფასებს პენიტენციური დაწესებულების დირექტორი. იგი ამ ვითარების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობებს დეპარტამენტის დირექტორს. თუ დეპარტამენტის დირექტორი ინფორმაციის სათანადო დამუშავებისა და ანალიზის შემდეგ ვითარებას კრიზისულად მიიჩნევს, იგი ამის შესახებ ატყობინებს მინისტრს.

3. კრიზისული ვითარების სამართავად დასაშვებია პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე დეპარტამენტის სპეციალური ინტერვენციების რაზმების შესაბამისი მოსამსახურეების მოქმედება. მათ უფლება აქვთ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოიყენონ ამ კოდექსის 571 და 572 მუხლებით გათვალისწინებული საშუალებები.

4. კრიზისული ვითარების მართვის პროცესში დეპარტამენტის სპეციალური ინტერვენციების რაზმების ჩართვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს დეპარტამენტის დირექტორი მინისტრის თანხმობით.

5. კრიზისული ვითარების მართვისას სამინისტრო უზრუნველყოფს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მჭიდრო კოორდინაციას.

6. კრიზისული ვითარების მართვის წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.

7. კრიზისული ვითარების მართვისას სამინისტრო ვალდებულია უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვით სათანადო ინფორმაცია მიაწოდოს საზოგადოებას.

საქართველოს 2015  წლის 1 მაისის  კანონი №3523  - ვებგვერდი, 18.05.2015წ.

    მუხლი 59. უსაფრთხოების დამატებითი ღონისძიებების გეგმა

მასობრივი არეულობისას, ქვეყანაში საგანგებო ან საომარი მდგომარეობის გამოცხადებისას თავდასხმის, პენიტენციური დაწესებულებიდან გაქცევის, სხვა დანაშაულისა და სამართალდარღვევის აღკვეთის მიზნით, თუ კრიზისული ვითარების სამინისტროს ძალებით მართვა შეუძლებელია, ხორციელდება უსაფრთხოების დამატებითი ღონისძიებები წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით. ეს გეგმა მტკიცდება მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.

    მუხლი 60. პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლის უფლება

1. პენიტენციურ დაწესებულებაში სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის უფლებით სარგებლობენ:

ა) საქართველოს პრეზიდენტი;

ბ) საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და მის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პარლამენტის წევრები;

გ) საქართველოს პრემიერ-მინისტრი;

დ) პროკურატურის სისტემის საამისოდ უფლებამოსილი პირები;

ე) საქართველოს სახალხო დამცველი;

ვ) მინისტრი და მის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პირები;

ზ) სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრები.

2. პენიტენციურ დაწესებულებაში სპეციალური ნებართვით შესვლის წესს განსაზღვრავს მინისტრი.

3. დაუშვებელია პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე აუდიოვიდეოტექნიკისა და ფიქსაციის სხვა სახის ტექნიკის სპეციალური ნებართვის გარეშე შეტანა, გარდა ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. სპეციალურ ნებართვას გასცემს მინისტრი ან დეპარტამენტის დირექტორი.

4. ბრალდებულის/მსჯავრდებულის ფოტო-, კინო-, ვიდეოგადაღება ან მასთან ინტერვიუს ჩაწერა შეიძლება მხოლოდ ბრალდებულის/ მსჯავრდებულის წერილობითი თანხმობით.

5. ამ მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნები არ ვრცელდება ამ კოდექსით გათვალისწინებულ ვიზუალურ და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობაზე.

6. ამ მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნები აგრეთვე არ ვრცელდება ადმინისტრაციის მიერ განხორციელებულ გადაღებაზე. გადაღების თაობაზე ბრალდებული/მსჯავრდებული წინასწარ უნდა იქნეს გაფრთხილებული.

[7. საქართველოს სახალხო დამცველი, აგრეთვე საქართველოს სახალხო დამცველის წინასწარი წერილობითი თანხმობით სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრი უფლებამოსილია მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული წესისა და სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, პენიტენციურ დაწესებულებაში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა თანხმობით განახორციელოს მათი ან/და მათი უშუალო განთავსების პირობების, გასეირნების ადგილების, საექიმო-სამედიცინო პუნქტის, კვების ობიექტის, საერთო სარგებლობის საშხაპეების, საერთო სარგებლობის საპირფარეშოების და შეხვედრის ოთახების ფოტოგადაღება.

8. პენიტენციური დაწესებულების თანამშრომელი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოსთხოვოს ამ მუხლის მე-7 ნაწილით განსაზღვრულ პირს ფოტოგადაღების რეჟიმის შემოწმება ვიდეოგადაღების თავიდან აცილების მიზნით, ხოლო ვიდეოგადაღების რეჟიმის აღმოჩენისას დაუყოვნებლივ აღკვეთოს იგი.   ( ამოქმედდეს 2016 წლის 1 სექტემბრიდან ) ]

საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3619 - სსმ I, №51, 29.09.2010 წ., მუხ.332

კერძო ნაწილი  

თავი VIII1. დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება

 

საქართველოს 2014  წლის 16 აპრილის   კანონი №2241  - ვებგვერდი, 02.05.2014წ.

    მუხლი 601. დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის აღსრულების თავისებურებანი 

1. დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში, როგორც წესი, სასჯელის მოსახდელად თავსდება მსჯავრდებული, რომლის პიროვნული თვისებები, დანაშაულის ჩადენის მოტივი, დამდგარი მართლსაწინააღმდეგო შედეგი ან/და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გამოვლენილი ქცევა იძლევა იმის ვარაუდის საფუძველს, რომ საფრთხე, რომელიც მან შეიძლება შეუქმნას თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებას ან გარშემომყოფთ, აგრეთვე საზოგადოების, სახელმწიფოს ან/და სამართალდამცველი ორგანოების უსაფრთხოებას, დაბალია.

2. დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მსჯავრდებული თავსდება მისი წერილობითი თანხმობით, რომელშიც აღინიშნება, რომ იგი თანახმაა, შეასრულოს დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებისთვის დადგენილი ვალდებულებები, კერძოდ, ისწავლოს ან/და იმუშაოს, აგრეთვე მონაწილეობა მიიღოს დაწესებულების მიერ შეთავაზებულ სარეაბილიტაციო ღონისძიებებში. დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მსჯავრდებულის მოთავსების წესს განსაზღვრავს მინისტრი.

    მუხლი 602. დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში სასჯელის მოხდის პირობები

1. მსჯავრდებული, რომელიც სასჯელს დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში იხდის, თავსდება სპეციალურად ამ მიზნით გამოყოფილ საცხოვრებელში.

2. მსჯავრდებულს უფლება აქვს:

ა) დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიაში კვების პროდუქტების, პირველადი მოხმარებისა და სხვა საგნების შესაძენად თავის პირად ანგარიშზე არსებული თანხა ყოველთვიურად დახარჯოს მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში;

ბ) 1 თვის განმავლობაში ჰქონდეს 4 ხანმოკლე პაემანი, ხოლო წახალისების ფორმით – თვეში 2 დამატებითი ხანმოკლე პაემანი;

გ) 1 თვის განმავლობაში საკუთარი ხარჯით ჰქონდეს შეუზღუდავი რაოდენობის სატელეფონო საუბარი, თითოეული – არაუმეტეს 15 წუთისა, ხოლო წახალისების ფორმით, საკუთარი ხარჯით − ულიმიტო სატელეფონო საუბარი;

დ) დამოუკიდებლად, დაწესებულების დებულებით დადგენილი წესით გადაადგილდეს დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ტერიტორიაზე;

ე) 1 წლის განმავლობაში ჰქონდეს 6 ხანგრძლივი პაემანი, ხოლო წახალისების ფორმით – წელიწადში 3 დამატებითი ხანგრძლივი პაემანი.

3. დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მსჯავრდებულს უფლება აქვს, დაწესებულების დირექტორის ნებართვით, დაწესებულების დებულებით დადგენილი წესით იქონიოს და ისარგებლოს ტელევიზორითა და რადიომიმღებით.

4. დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში განთავსებული მსჯავრდებულისათვის სწავლა ან/და მუშაობა, აგრეთვე დაწესებულების მიერ შეთავაზებულ სარეაბილიტაციო ღონისძიებებში მონაწილეობა სავალდებულოა.

    მუხლი 603. დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის წახალისების ფორმები

დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის სანიმუშო ყოფაქცევისა და საქმიანობისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულების შემთხვევაში ადმინისტრაცია უფლებამოსილია მის მიმართ გამოიყენოს წახალისების შემდეგი ფორმები:

ა) მადლობის გამოცხადება;

ბ) დაკისრებული დისციპლინური სახდელის ვადამდე მოხსნა;

გ) დამატებითი ხანმოკლე პაემნით სარგებლობის უფლების მიცემა;

დ) დაწესებულების გარეთ დამატებითი ხანმოკლე გასვლის უფლების მიცემა;

ე) დამატებითი ხანგრძლივი პაემნით სარგებლობის უფლების მიცემა;

ვ) დამატებითი ვიდეოპაემნით სარგებლობის უფლების მიცემა;

ზ) პენიტენციური დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებით, დეპარტამენტის დირექტორის თანხმობით საგამონაკლისო ხანმოკლე პაემნის უფლების მიცემა;

თ) პენიტენციური დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებით, დეპარტამენტის დირექტორის თანხმობით იმ პირთან ხანმოკლე პაემნის უფლების მიცემა, რომელიც გათვალისწინებული არ არის ამ კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილით.

 

თავი IX. ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება

    მუხლი 61. ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება

1. ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში, როგორც წესი, სასჯელს იხდის: პირი, რომელიც მსჯავრდებულია ნაკლებად მძიმე ან მძიმე დანაშაულისათვის და რომლისთვის დანიშნული თავისუფლების აღკვეთის ვადა არ აღემატება 10 წელს; მსჯავრდებული, რომელიც ამ კოდექსით დადგენილი წესით გადმოყვანილია სხვა ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან; ქალი, რომელსაც შეფარდებული აქვს სასჯელი ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით.

2. ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში აგრეთვე შეიძლება განთავსდნენ სხვა მსჯავრდებულები რისკის ფაქტორის გათვალისწინებით.

3. (ამოღებულია - 16.04.2014, №2241).

4. (ამოღებულია - 16.04.2014, №2241).

    მუხლი 62. სასჯელის მოხდის პირობები ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში

1. მსჯავრდებული, რომელიც სასჯელს ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში იხდის, თავსდება სპეციალურად ამ მიზნით გამოყოფილ საერთო საცხოვრებელში.

2. მსჯავრდებულს უფლება აქვს:

ა) ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიაში კვების პროდუქტების, პირველადი მოხმარებისა და სხვა საგნების შესაძენად თავის პირად ანგარიშზე არსებული თანხა ყოველთვიურად დახარჯოს მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში;

ბ) 1 თვის განმავლობაში ჰქონდეს 2 ხანმოკლე პაემანი, ხოლო წახალისების ფორმით – თვეში 1 დამატებითი ხანმოკლე პაემანი;

 გ) 1 თვის განმავლობაში საკუთარი ხარჯით ჰქონდეს 4 სატელეფონო საუბარი, თითოეული – არა უმეტეს 15 წუთისა, ხოლო წახალისების ფორმით, საკუთარი ხარჯით − ულიმიტო სატელეფონო საუბარი, თითოეული − არა უმეტეს 15 წუთისა;

დ) დამოუკიდებლად გადაადგილდეს ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ტერიტორიაზე მისი დებულებით დადგენილი წესით;

ე) 1 წლის განმავლობაში ჰქონდეს 3 ხანგრძლივი პაემანი, ხოლო წახალისების ფორმით – წელიწადში 2 დამატებითი ხანგრძლივი პაემანი.

3. ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მსჯავრდებულს უფლება აქვს, დაწესებულების დირექტორის ნებართვით იქონიოს და ისარგებლოს პირადი ტელევიზორითა და რადიომიმღებით, გარდა ღამის საათებისა.

4. ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით შეიძლება შემოწმდეს ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის კორესპონდენცია, გარდა ამ კოდექსის მე-16 მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს 2011 წლის 25 თებერვლის კანონი №4259  –  ვებგვერდი, 10.03.2011წ.

საქართველოს 2011 წლის 11 ნოემბრის კანონი №5255 - ვებგვერდი, 24.11.2011წ.

საქართველოს 2012 წლის 22 მაისის კანონი №6257 - ვებგვერდი, 06.06.2012წ.

საქართველოს 2014  წლის 16 აპრილის   კანონი №2241  - ვებგვერდი, 02.05.2014წ.

საქართველოს 2015  წლის 1 მაისის  კანონი №3523  - ვებგვერდი, 18.05.2015წ.

    მუხლი 63. ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის წახალისების ფორმები

სანიმუშო ყოფაქცევისა და საქმიანობისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულების შემთხვევაში ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ადმინისტრაცია უფლებამოსილია მსჯავრდებულის მიმართ გამოიყენოს წახალისების შემდეგი ფორმები:

ა) მადლობის გამოცხადება;

ბ) დისციპლინური სახდელის ვადამდე მოხსნა;

გ) დამატებითი ხანმოკლე პაემანი;

დ) დაწესებულის გარეთ დამატებითი ხანმოკლე გასვლა;

ე) პირადი ტელევიზორით ან რადიომიმღებით სარგებლობა;

ვ) დამატებითი ხანგრძლივი პაემანი;

ზ) დამატებითი სატელეფონო საუბარი;

თ) დამატებითი ვიდეოპაემანი;

ი) დამატებითი საოჯახო პაემანი (ქალი მსჯავრდებულისათვის);

კ) პენიტენციური დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებით, დეპარტამენტის დირექტორის თანხმობით საგამონაკლისო ხანმოკლე პაემნის უფლების მიცემა;

ლ) პენიტენციური დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებით, დეპარტამენტის დირექტორის თანხმობით იმ პირთან ხანმოკლე პაემნის უფლების მიცემა, რომელიც გათვალისწინებული არ არის ამ კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილით.

საქართველოს 2011 წლის 25 თებერვლის კანონი №4259  –  ვებგვერდი, 10.03.2011წ.

საქართველოს 2011 წლის 11 ნოემბრის კანონი №5255 - ვებგვერდი, 24.11.2011წ.

საქართველოს 2012 წლის 22 მაისის კანონი №6257 - ვებგვერდი, 06.06.2012წ.

საქართველოს 2015  წლის 1 მაისის  კანონი №3523  - ვებგვერდი, 18.05.2015წ.

 

თავი X. დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება

    მუხლი 64. დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება

1. დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში, როგორც წესი, სასჯელს იხდის: პირი, რომელიც პირველად არის მსჯავრდებული განზრახი, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის, სასამართლოს მიერ განესაზღვრა 10 წელზე მეტი ვადით თავისუფლების აღკვეთა; განზრახი დანაშაულისათვის არაერთგზის ნასამართლევი პირი, უვადო თავისუფლებააღკვეთილი პირი და ადრე ნასამართლევი პირი, რომლებსაც სასჯელის სახით განსაზღვრული ჰქონდათ თავისუფლების აღკვეთა, აგრეთვე მსჯავრდებული, რომელიც ამ კოდექსით დადგენილი წესით გადმოყვანილია სხვა ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან.

1 1. დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში აგრეთვე შეიძლება განთავსდნენ სხვა მსჯავრდებულები რისკის ფაქტორის გათვალისწინებით.

2. (ამოღებულია - 16.04.2014, №2241).

3. (ამოღებულია - 16.04.2014, №2241).

    მუხლი 65. სასჯელის მოხდის პირობები დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში

1. მსჯავრდებული, რომელიც სასჯელს იხდის დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში, თავსდება საკანში. მას უფლება აქვს:

ა) დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიაში კვების პროდუქტების, პირველადი მოხმარებისა და სხვა საგნების შესაძენად თავის პირად ანგარიშზე არსებული თანხა ყოველთვიურად დახარჯოს მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში;

ბ) 1 თვის განმავლობაში ჰქონდეს 1 ხანმოკლე პაემანი, ხოლო წახალისების ფორმით – თვეში 1 დამატებითი ხანმოკლე პაემანი;

გ) 1 თვის განმავლობაში საკუთარი ხარჯით ჰქონდეს 3 სატელეფონო საუბარი, თითოეული – არა უმეტეს 15 წუთისა, ხოლო წახალისების ფორმით, საკუთარი ხარჯით − ულიმიტო სატელეფონო საუბარი, თითოეული − არა უმეტეს 15 წუთისა;

დ) 1 წლის განმავლობაში ჰქონდეს 2 ხანგრძლივი პაემანი, ხოლო წახალისების ფორმით – წელიწადში 1 დამატებითი ხანგრძლივი პაემანი.

2. დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის კორესპონდენციას ამოწმებს ადმინისტრაცია, გარდა ამ კოდექსის მე-16 მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

3. (ამოღებულია - 16.04.2014, №2241).

საქართველოს 2011 წლის 25 თებერვლის კანონი №4259  –  ვებგვერდი, 10.03.2011წ.

საქართველოს 2011 წლის 11 ნოემბრის კანონი №5255 - ვებგვერდი, 24.11.2011წ.

საქართველოს 2012 წლის 22 მაისის კანონი №6257 - ვებგვერდი, 06.06.2012წ.

    მუხლი 66. დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის წახალისების ფორმები

სანიმუშო ყოფაქცევისა და საქმიანობისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულების შემთხვევაში დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ადმინისტრაცია უფლებამოსილია მსჯავრდებულის მიმართ გამოიყენოს წახალისების შემდეგი ფორმები:

ა) მადლობის გამოცხადება;

ბ) (ამოღებულია - 16.04.2014, №2241);

გ) დისციპლინური სახდელის ვადამდე მოხსნა;

დ) დამატებითი სატელეფონო საუბარი;

ე) ( ამოღებულია - 01.05.2015, №3523);

ვ) პირადი ტელევიზორით, კომპიუტერით ან რადიომიმღებით სარგებლობა;

ზ) დამატებითი ხანმოკლე პაემანი;

თ) დამატებითი ხანგრძლივი პაემანი;

ი) დამატებითი ვიდეოპაემანი;

კ) დამატებითი საოჯახო პაემანი (ქალი მსჯავრდებულისათვის);

ლ) პენიტენციური დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებით, დეპარტამენტის დირექტორის თანხმობით საგამონაკლისო ხანმოკლე პაემნის უფლების მიცემა;

მ) პენიტენციური დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებით, დეპარტამენტის დირექტორის თანხმობით იმ პირთან ხანმოკლე პაემნის უფლების მიცემა, რომელიც გათვალისწინებული არ არის ამ კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილით.

საქართველოს 2011 წლის 25 თებერვლის კანონი №4259  –  ვებგვერდი, 10.03.2011წ.

საქართველოს 2011 წლის 11 ნოემბრის კანონი №5255 - ვებგვერდი, 24.11.2011წ.

საქართველოს 2012 წლის 22 მაისის კანონი №6257 - ვებგვერდი, 06.06.2012წ.

თავი X1. განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება

 

საქართველოს 2014  წლის 16 აპრილის   კანონი №2241  - ვებგვერდი, 02.05.2014წ.  

    მუხლი 661. განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სამართლებრივი საფუძველი

1. ეს თავი ადგენს განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის აღსრულების თავისებურებებს.

2. განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთა აღსრულდება ამ კოდექსის შესაბამისად, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

   მუხლი 662. განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის აღსრულების თავისებურებანი

განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში სასჯელის მოსახდელად თავსდება საშიშროების მაღალი რისკის მსჯავრდებული, რომლის პიროვნული თვისებები, კრიმინალური ავტორიტეტი, დანაშაულის ჩადენის მოტივი, დამდგარი მართლსაწინააღმდეგო შედეგი ან/და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გამოვლენილი ქცევა მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის ან შეიძლება შეუქმნას თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებას ან გარშემომყოფთ, აგრეთვე საზოგადოების, სახელმწიფოს ან/და სამართალდამცველი ორგანოების უსაფრთხოებას.

    მუხლი 663. განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში სასჯელის მოხდის პირობები

1. მსჯავრდებული, რომელიც სასჯელს განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში იხდის, თავსდება საკანში. მსჯავრდებულის საკანში მოთავსების წესი და პირობები განისაზღვრება დაწესებულების დებულებით.

2. მსჯავრდებულს უფლება აქვს:

ა) განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიაში პირველადი მოხმარების საგნების შესაძენად თავის პირად ანგარიშზე არსებული თანხა ყოველთვიურად დახარჯოს მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში;

ბ) 1 თვის განმავლობაში ჰქონდეს 1 ხანმოკლე პაემანი, ხოლო წახალისების ფორმით – თვეში 1 დამატებითი ხანმოკლე პაემანი;

გ) 1 თვის განმავლობაში საკუთარი ხარჯით ჰქონდეს 1 სატელეფონო საუბარი არაუმეტეს 10 წუთისა, ხოლო წახალისების ფორმით, საკუთარი ხარჯით − 1 სატელეფონო საუბარი − არაუმეტეს 10 წუთისა.

3. ამ მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სატელეფონო საუბრები შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ წინასწარ განსაზღვრულ გარკვეული რაოდენობის სატელეფონო ნომერზე. სატელეფონო საუბრის განხორციელების წესი და პირობები განისაზღვრება დაწესებულების დებულებით.

4. დასაბუთებული ეჭვის არსებობისას ადმინისტრაციას უფლება აქვს, მოისმინოს და ჩაიწეროს განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის სატელეფონო საუბრები, რის შესახებაც მსჯავრდებულს წინასწარ ეცნობება. მსჯავრდებულის გაფრთხილების ვალდებულება არ წარმოიშობა ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელებისას.

5. განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებული არ სარგებლობს:

ა) შრომითი უზრუნველყოფის უფლებით;

ბ) ამ კოდექსის მე-14 მუხლის:

ბ.ა) პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებით (გარდა ახლო ნათესავის გარდაცვალების შემთხვევისა);

ბ.ბ) მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებით.

6. დასაბუთებული ეჭვის არსებობისას ადმინისტრაციას უფლება აქვს, შეამოწმოს განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის კორესპონდენცია და გაეცნოს მის შინაარსს მსჯავრდებულის წერილობითი გაფრთხილების შემდეგ. ამ ნაწილის მოქმედება არ ვრცელდება ამ კოდექსის მე-16 მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევასა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელებაზე.

7. ამ კოდექსის მე-16 მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული პირების მიერ მსჯავრდებულის სახელზე გამოგზავნილი კორესპონდენცია მოწმდება იმავე მუხლის მე-5 ნაწილით დადგენილი წესით.

8. განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულს უფლება აქვს, დაწესებულების დებულებით დადგენილი წესით მიიღოს გზავნილი.

9. იმ პირველადი მოხმარების საგნების ჩამონათვალი, რომლებიც შეიძლება შეიძინოს მსჯავრდებულმა განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიაში, განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.

    მუხლი 664. განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის წახალისების ფორმები

განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის სანიმუშო ყოფაქცევისა და საქმიანობისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულების შემთხვევაში ადმინისტრაცია უფლებამოსილია მის მიმართ გამოიყენოს წახალისების შემდეგი ფორმები:

ა) მადლობის გამოცხადება;

ბ) დაკისრებული დისციპლინური სახდელის ვადამდე მოხსნა;

გ) დამატებითი სატელეფონო საუბრის უფლების მიცემა;

დ) დამატებითი ხანმოკლე პაემნით სარგებლობის უფლების მიცემა;

ე) პირადი ტელევიზორით ან რადიომიმღებით სარგებლობის უფლების მიცემა;

ვ) პენიტენციური დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებით, დეპარტამენტის დირექტორის თანხმობით საგამონაკლისო ხანმოკლე პაემნის უფლების მიცემა;

ზ) პენიტენციური დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებით, დეპარტამენტის დირექტორის თანხმობით იმ პირთან ხანმოკლე პაემნის უფლების მიცემა, რომელიც გათვალისწინებული არ არის ამ კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილით.

    მუხლი 665. განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის დისციპლინური სახდელის სახეები

1. ადმინისტრაცია უფლებამოსილია დისციპლინური დარღვევისათვის განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის მიმართ გამოიყენოს დისციპლინური სახდელის შემდეგი სახეები:

ა) გაფრთხილების მიცემა;

ბ) კუთვნილი ხანმოკლე პაემნის აკრძალვა არაუმეტეს წელიწადში 6-ჯერ, მაგრამ არაუმეტეს ზედიზედ 2-ჯერ;

გ) სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვა არაუმეტეს 3 თვის ვადით;

დ) პირადი კორესპონდენციის მიღება-გაგზავნის უფლების შეზღუდვა არაუმეტეს 3 თვის ვადით.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული თითოეული უფლების შეზღუდვის ვადა 1 წლის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს.

3. დისციპლინური დარღვევისათვის ამ მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლების შეზღუდვა არ ვრცელდება ამ კოდექსის მე-16 მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებულ კორესპონდენციაზე.

თავი XI. არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში სასჯელის მოხდის თავისებურებანი  

საქართველოს 2014  წლის 16 აპრილის   კანონი №2241  - ვებგვერდი, 02.05.2014წ.

[თავი XI. (ამოღებულია   (ამოქმედდეს 2016 წლის 1 იანვრიდან)]

    მუხლი 67. არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სამართლებრივი საფუძველი

1. ეს თავი ადგენს არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის აღსრულების თავისებურებებს.

2. არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთა აღსრულდება ამ კოდექსის შესაბამისად, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3619 - სსმ I, №51, 29.09.2010 წ., მუხ.332

    მუხლი 68. არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის აღსრულების თავისებურებანი

1. მსჯავრდებული, რომელსაც დაწესებულებაში მოთავსების მომენტისათვის არ შესრულებია 18 წელი, თავსდება არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში.

2. საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით განსაზღვრული არასრულწლოვან პირთა დაცვისა და მათზე ზრუნვის სპეციალური ინტერესებიდან გამომდინარე, მინისტრი განსაზღვრავს:

ა) არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის აღსრულების წესსა და პირობებს;

ბ) არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულების სტრუქტურასა და საქმიანობის წესს;

გ) არასრულწლოვან მსჯავრდებულთა მიმართ წახალისების ფორმებისა და სხვა ღონისძიებების გამოყენების წესს;

დ) არასრულწლოვან მსჯავრდებულთათვის დისციპლინური სახდელების დაკისრების წესს;

ე) არასრულწლოვან მსჯავრდებულთა მოთხოვნებთან და საჩივრებთან დაკავშირებული წარმოების პროცედურებს;

ვ) არასრულწლოვან მსჯავრდებულთა სარეაბილიტაციო პროცესის ორგანიზების წესს;

ზ) არასრულწლოვან მსჯავრდებულთა მიმართ უსაფრთხოების ღონისძიებების და სპეციალური საშუალებების გამოყენების წესსა და პირობებს;

თ) არასრულწლოვან მსჯავრდებულთა რეესტრებისა და პირადი საქმის წარმოების წესს.

    მუხლი 69. მსჯავრდებულის არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში დატოვება ან სხვა ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაყვანა

1. 18 წელს მიღწეული მსჯავრდებული სასჯელის შემდგომი მოხდისათვის იგზავნება ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში ან დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში.

2. რესოციალიზაციის, ზოგადი განათლების მიღების და პროფესიული მომზადების მიზნით 18 წელს მიღწეული მსჯავრდებული პირადი განცხადებით შესაძლებელია სასჯელის მოსახდელად იმავე დაწესებულებაში იქნეს დატოვებული, რომელშიც სრულწლოვანების მიღწევამდე იხდიდა სასჯელს. ამის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს დეპარტამენტის დირექტორი დაწესებულების დირექტორის შუამდგომლობის საფუძველზე.

3. 18 წელს მიღწეული მსჯავრდებული სასჯელის მოსახდელად არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში შეიძლება დატოვებულ იქნეს არაუგვიანეს 20 წლის მიღწევისა.

4. 18 წელს მიღწეულ მსჯავრდებულზე, რომელიც სასჯელის მოსახდელად არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში იქნა დატოვებული, ვრცელდება არასრულწლოვანი მსჯავრდებულისათვის დადგენილი სასჯელის მოხდის პირობები, კვებისა და საყოფაცხოვრებო ნორმები.

5. 20 წელს მიღწეული მსჯავრდებული სასჯელის შემდგომი მოხდისათვის იგზავნება ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში ან დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში.

    მუხლი 70. არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში სასჯელის მოხდის პირობები

1. არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში მსჯავრდებულები განთავსებული არიან საცხოვრებელში.

2. არასრულწლოვან მსჯავრდებულს უფლება აქვს:

ა) 1 თვის განმავლობაში ჰქონდეს 4 ხანმოკლე პაემანი, ხოლო წახალისების ფორმით – თვეში 2 დამატებითი ხანმოკლე პაემანი;

ბ) 1 წლის განმავლობაში ჰქონდეს 4 ხანგრძლივი პაემანი, ხოლო წახალისების ფორმით – წელიწადში 6 დამატებითი ხანგრძლივი პაემანი;

გ) არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიაში კვების პროდუქტების, პირველადი მოხმარებისა და სხვა საგნების შესაძენად თავის პირად ანგარიშზე არსებული თანხა ყოველთვიურად დახარჯოს მინისტრის ბრძანებით გათვალისწინებული ლიმიტის ფარგლებში;

დ) დამოუკიდებლად, დაწესებულების დებულებით დადგენილი წესით გადაადგილდეს არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულების ტერიტორიაზე;

ე) 1 თვის განმავლობაში საკუთარი ხარჯით ჰქონდეს 5 სატელეფონო საუბარი, თითოეული – არაუმეტეს 15 წუთისა, ხოლო წახალისების ფორმით, საკუთარი ხარჯით − ულიმიტო სატელეფონო საუბარი;

ვ) ისარგებლოს პირადი ტელევიზორითა და რადიომიმღებით;

ზ) 1 თვის განმავლობაში ჰქონდეს 4 ვიდეოპაემანი, ხოლო წახალისების ფორმით − თვეში 2 დამატებითი ვიდეოპაემანი.

3. დაუშვებელია არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის სამეურნეო სამუშაოებზე დასაქმება.

    მუხლი 71. არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის წახალისების ფორმები

1. არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის სანიმუშო ყოფაქცევის ან/და საქმიანობისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულების შემთხვევაში ადმინისტრაცია უფლებამოსილია მის მიმართ გამოიყენოს წახალისების შემდეგი ფორმები:

ა) მადლობის გამოცხადება;

ბ) დაკისრებული დისციპლინური სახდელის ვადამდე მოხსნა;

გ) დამატებითი ხანმოკლე პაემნით სარგებლობის უფლების მიცემა;

დ) დამატებითი ხანგრძლივი პაემნით სარგებლობის უფლების მიცემა;

ე) დამატებითი ვიდეოპაემნით სარგებლობის უფლების მიცემა;

ვ) დამატებითი სატელეფონო საუბრის უფლების მიცემა;

ზ) დაწესებულების გარეთ დამატებითი ხანმოკლე გასვლის უფლების მიცემა;

თ) ამანათით ან ფოსტით ისეთი ნივთების, ნივთიერებებისა და ნაკეთობების მიღება, რომელთა ქონის უფლებაც მსჯავრდებულს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში, ჩვეულებრივ, არ აქვს, მაგრამ რომლებიც აკრძალული არ არის;

ი) კომპიუტერული თამაშების უფლების მიცემა;

კ) აუდიოვიდეოსაშუალებებით სარგებლობის უფლების მიცემა;

ლ) პენიტენციური დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებით, დეპარტამენტის დირექტორის თანხმობით საგამონაკლისო ხანმოკლე პაემნის უფლების მიცემა;

მ) პენიტენციური დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებით, დეპარტამენტის დირექტორის თანხმობით იმ პირთან ხანმოკლე პაემნის უფლების მიცემა, რომელიც გათვალისწინებული არ არის ამ კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილით.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნივთების, ნივთიერებებისა და ნაკეთობების სახეობებსა და რაოდენობას განსაზღვრავს მინისტრი.

    მუხლი 711. არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის დისციპლინური სახდელის სახეები

1. ადმინისტრაცია უფლებამოსილია დისციპლინური დარღვევისათვის არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის მიმართ გამოიყენოს დისციპლინური სახდელის შემდეგი სახეები:

ა) გაფრთხილების მიცემა;

ბ) საყვედურის გამოცხადება;

გ) ნებადართული ნივთებით (გარდა ექიმის მიერ დანიშნული კვების აუცილებელი პროდუქტებისა და მედიკამენტებისა) სარგებლობის უფლების შეზღუდვა 1 თვის ვადით;

დ) დაწესებულების ტერიტორიაზე არსებული მაღაზიით სარგებლობის უფლების შეზღუდვა 1 თვის ვადით;

ე) ამანათისა და გზავნილის მიღების უფლების შეზღუდვა 1 თვის ვადით;

ვ) სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვა 1 თვის ვადით;

ზ) საკნის ტიპის საცხოვრებელში გადაყვანა 1 წლის განმავლობაში 6 თვემდე ვადით.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილის „გ“–„ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული თითოეული უფლების შეზღუდვის ვადა 1 წლის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს.

    მუხლი 712. არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში საგანმანათლებლო-სარეაბილიტაციო პროცესის ორგანიზება

1. მსჯავრდებულისათვის ზოგადი ან პროფესიული განათლების მიცემისა და ზოგადი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბების მიზნით არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულება ორგანიზებას უწევს საგანმანათლებლო-სარეაბილიტაციო პროცესს.

2. არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში სასწავლო პროცესი უნდა შეესაბამებოდეს ქვეყანაში არსებულ განათლების სტანდარტებს.

3. არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში სასწავლო პროცესი რეგულირდება მინისტრისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.

    მუხლი 713. დისციპლინური სამართალწარმოება

1. არასრულწლოვანი ბრალდებულის/მსჯავრდებულის დისციპლინური დარღვევის საქმე ზეპირი მოსმენით განიხილება.

2. ზეპირი მოსმენის დროს არასრულწლოვან ბრალდებულს/ მსჯავრდებულს უნდა ჰქონდეს დაჯდომისა და ჩანაწერების გაკეთების საშუალება.

3. არასრულწლოვან ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, დისციპლინურ განხილვაზე ადვოკატის მიერ იყოს წარმოდგენილი. ზეპირი მოსმენის დაწყებამდე ბრალდებულს/მსჯავრდებულს განემარტება საკუთარი ადვოკატის მოწვევის უფლება, რომელიც შესაბამისი თანხმობის მიღების შემთხვევაში ხორციელდება განმარტებიდან 3 საათის განმავლობაში. თუ დადგენილ ვადაში ადვოკატი არ გამოცხადდება, ბრალდებულს/მსჯავრდებულს მისი თანხმობით დაენიშნება საზოგადოებრივი ადვოკატი. თუ ბრალდებული/მსჯავრდებული უარს აცხადებს დასწრებაზე, ეს ფაქტი წერილობით ფიქსირდება. წინააღმდეგ შემთხვევაში დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერს ბრალდებული/მსჯავრდებული.

4. დისციპლინური სახდელის გამოყენების შესახებ ზეპირი სხდომა შეიძლება გაგრძელდეს ზეპირი მოსმენის გარეშე და მიღებულ იქნეს გადაწყვეტილება, თუ არასრულწლოვანი ბრალდებული/მსჯავრდებული არღვევს წესრიგს, სხვაგვარად უშლის ხელს სხდომის მიმდინარეობას ან არ ცხადდება სხდომაზე.

 

თავი XII. ქალი მსჯავრდებულის მიერ თავისუფლების აღკვეთის მოხდის თავისებურებანი

    მუხლი 72. ქალი მსჯავრდებულის მიერ თავისუფლების აღკვეთის მოხდის თავისებურებანი

1. ქალი მსჯავრდებული სასჯელს იხდის ქალთა სპეციალურ დაწესებულებაში, რომელიც გათანაბრებულია ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებასთან.

2. (ამოღებულია - 16.04.2014, №2241). 

3. საჭიროების შემთხვევაში თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში ეწყობა სპეციალური განყოფილება ფეხმძიმე ქალებისა და ბავშვებისათვის. დედის შუამდგომლობით, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოების ნებართვითა და ადმინისტრაციის თანხმობით, შეიძლება დედისა და 3 წლამდე ბავშვისათვის ერთად ცხოვრების პირობების შექმნა.

3 1. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფი 3 წლამდე ბავშვის კვებას, სამედიცინო მომსახურებასა და სანიტარიულ-ჰიგიენურ პირობებს უზრუნველყოფს სამინისტრო.

32. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფი 3 წლამდე ბავშვის კვების ნორმები და სანიტარიულ-ჰიგიენური პირობები განისაზღვრება მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.

4. ადმინისტრაციას მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე შეუძლია დედას აუკრძალოს არასრულწლოვან შვილებთან ურთიერთობა.

5. ქალ მსჯავრდებულს უფლება აქვს, 1 თვის განმავლობაში ჰქონდეს 3 ხანმოკლე პაემანი, ხოლო წახალისების ფორმით – თვეში 1 დამატებითი ხანმოკლე პაემანი.

6. ქალ მსჯავრდებულს უფლება აქვს, 1 თვის განმავლობაში საკუთარი ხარჯით ჰქონდეს 5 სატელეფონო საუბარი, თითოეული – არა უმეტეს 15 წუთისა, ხოლო წახალისების ფორმით, საკუთარი ხარჯით − ულიმიტო სატელეფონო საუბარი, თითოეული − არა უმეტეს 15 წუთისა.

7. ქალ მსჯავრდებულს უფლება აქვს, დამოუკიდებლად გადაადგილდეს ქალთა დაწესებულების ტერიტორიაზე დებულებით დადგენილი წესით.

8. ქალ მსჯავრდებულს უფლება აქვს, 1 თვის განმავლობაში ჰქონდეს 1 საოჯახო პაემანი, ხოლო წახალისების ფორმით − თვეში 1  დამატებითი საოჯახო პაემანი .

9. ქალ მსჯავრდებულს უფლება აქვს, 10 კალენდარული დღის განმავლობაში ჰქონდეს 1 ვიდეოპაემანი, ხოლო წახალისების ფორმით − თვეში 1 დამატებითი ვიდეოპაემანი.

საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3619 - სსმ I, №51, 29.09.2010 წ., მუხ.332

საქართველოს 2011 წლის 25 თებერვლის კანონი №4259  –  ვებგვერდი, 10.03.2011წ.

საქართველოს 2011 წლის 11 ნოემბრის კანონი №5255 - ვებგვერდი, 24.11.2011წ.

საქართველოს 2012 წლის 22 მაისის კანონი №6257 - ვებგვერდი, 06.06.2012წ.

 

თავი XIII. პატიმრობის აღსრულების წესი

    მუხლი 73. პატიმრობის აღსრულების ადგილი

პირს, რომელსაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით აღ-კვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა, ათავსებენ პატიმრობის დაწესებულებაში.

    მუხლი 74. პატიმრობაში ყოფნის პირობები

1. პატიმრობის დაწესებულების სანიტარიულ-ჰიგიენური პირობები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ნორმებს.

2. პატიმრობის დაწესებულებაში მყოფი პირი თავსდება საკანში.

3. (ამოღებულია - 16.04.2014, №2241).

4. ერთსა და იმავე სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულებს ცალ-ცალკე ათავსებენ. ადმინისტრაცია ვალდებულია მიიღოს ზომები მათი ერთმანეთთან ურთიერთობის დაუშვებლობის უზრუნველსაყოფად. გამომძიებლის, პროკურორის ან სასამართლოს გადაწყვეტილებით ეს წესი შეიძლება გავრცელდეს სხვა ბრალდებულებზედაც.

5. (ამოღებულია).

საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3619 - სსმ I, №51, 29.09.2010 წ., მუხ.332

საქართველოს 2013 წლის 19 აპრილის  კანონი № 559  - ვებგვერდი, 10 . 05 .2013წ.

    მუხლი 75. პატიმრობაში მიღება

1. ბრალდებულის პატიმრობის დაწესებულებაში მოსათავსებლად აუცილებელია სასამართლოს გადაწყვეტილება პირისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შესახებ, ბრალდებულის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან სხვა საიდენტიფიკაციო დოკუმენტი ფოტოსურათით და დაკავების ოქმი, თუ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულია დაკავების ოქმის შედგენა.

2. ბრალდებულის პატიმრობის დაწესებულებაში მიღებისას აუცილებელია მისი ფოტოგრაფირება და დაქტილოსკოპირება. ფოტოსურათები და მათი ნეგატივები, აგრეთვე დაქტილოსკოპიური ბარათი, სიტყვიერი პორტრეტი ბარათის მიხედვით ინახება ბრალდებულის პირად საქმეში.

3. ბრალდებულის დაქტილოსკოპიურ ბარათს ადმინისტრაცია უგზავნის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ცენტრალურ ან შესაბამის ტერიტორიულ სამსახურს ან განყოფილებას დაქტილოსკოპირების ჩატარებიდან 7 დღის ვადაში.

4. პატიმრობის დაწესებულებაში მიღებისას ბრალდებული და მისი პირადი ნივთები საგულდაგულოდ მოწმდება, რის შესახებაც დგება შესაბამისი აქტი. ბრალდებულის შემოწმებას ახორციელებს პატიმრობის დაწესებულების იმავე სქესის თანამშრომელი.

5. პატიმრობის დაწესებულებაში მიღებისას ბრალდებულმა უნდა გაიაროს სამედიცინო შემოწმება, რომელსაც ახორციელებს პატიმრობის დაწესებულების ექიმი. შემოწმების შესახებ დგება შესაბამისი ცნობა. ბრალდებულის სხეულზე დაზიანების დაფიქსირების შემთხვევაში ადმინისტრაცია ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს პროკურორს.

6. პატიმრობის დაწესებულების უფლებამოსილი პირი დაუყოვნებლივ აცნობს ბრალდებულს მის უფლებებსა და მოვალეობებს მისთვის გასაგებ ენაზე.

7. პატიმრობის დაწესებულებაში ბრალდებულის მიღებიდან არა უგვიანეს 24 საათისა ინფორმაცია ბრალდებულის შესახებ იგზავნება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ბიუროში.

    მუხლი 76. პატიმრობის დაწესებულებიდან ბრალდებულის გაყვანა და გადაყვანა

1. პატიმრობის დაწესებულებიდან ბრალდებულის გაყვანისა და გადაყვანის წესს ამტკიცებს მინისტრი.

2. ბრალდებულის გადაყვანის შესახებ მისი მიმღები პატიმრობის დაწესებულების ადმინისტრაცია დაუყოვნებლივ აცნობებს გამომძიებელს, პროკურორს, მოსამართლეს, ასევე მის ახლო ნათესავს.

3. ბრალდებულის გაყვანის ან გადაყვანის შემთხვევაში პატიმრობის დაწესებულების ექიმი ახორციელებს ბრალდებულის სამედიცინო შემოწმებას, რის თაობაზედაც დგება შესაბამისი სამედიცინო ცნობა.

    მუხლი 77. ბრალდებულის პაემანი

1. ბრალდებული სარგებლობს 1 თვის განმავლობაში არა უმეტეს 4 ხანმოკლე პაემნის უფლებით. აღნიშნული უფლება შეიძლება შეიზღუდოს გამომძიებლის ან პროკურორის დადგენილების საფუძველზე.

2. გამოძიებისა და უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, პატიმრობის დაწესებულების თანამშრომელს, რომელიც ვიზუალურად აკვირდება ბრალდებულის ხანმოკლე პაემანს, შეუძლია დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მისი მსვლელობა.

    მუხლი 78. ბრალდებულის მიერ პატიმრობის დაწესებულების დროებით დატოვება განსაკუთრებულ, პირად გარემოებებთან დაკავშირებით

1. თუ მიღებულია სარწმუნო ცნობა ბრალდებულის ახლო ნათესავის გარდაცვალების ან სიცოცხლისათვის საშიში ავადმყოფობის თაობაზე, ან სხვა განსაკუთრებულ, პირად გარემოებასთან დაკავშირებით, აგრეთვე თუ აუცილებელია ბრალდებულის საგამოძიებო ან სხვა საპროცესო მოქმედებაში მონაწილეობა, გამომძიებელს ან პროკურორს შეუძლია გასცეს ბრალდებულის მიერ პატიმრობის დაწესებულების დროებით დატოვების ნებართვა 2 დღემდე ვადით. პატიმრობის დაწესებულების დროებით დატოვებასთან დაკავშირებული ხარჯები ანაზღაურდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

2. ბრალდებულის მიერ პატიმრობის დაწესებულების დროებით დატოვების წესს ამტკიცებს მინისტრი.

    მუხლი 79. ბრალდებულის პატიმრობის დაწესებულებაში ყოფნის პირობები

1. ბრალდებულს პატიმრობის დაწესებულებაში ყოფნისას უფლება აქვს:

ა) პატიმრობის დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიაში შეიძინოს კვების პროდუქტები იმ თანხით, რომელიც მის პირად ანგარიშზე ჩარიცხეს ახლო ნათესავებმა ან სხვა პირებმა. კვების პროდუქტების შესაძენად პირადი თანხის გამოყენება დაიშვება მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში, მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით;

ბ) ატაროს პირადი ტანსაცმელი, ხოლო თუ ასეთი ტანსაცმელი არ გააჩნია – ადმინისტრაციის მიერ გაცემული, სეზონის შესაფერისი ტანსაცმელი;

გ) ადმინისტრაციის კონტროლით, საკუთარი ხარჯით აწარმოოს მიმოწერა და 1 თვის განმავლობაში 3-ჯერ ჰქონდეს სატელეფონო საუბარი, თითოეული – არა უმეტეს 15 წუთისა;

დ) ისარგებლოს ბიბლიოთეკის წიგნებით და პრესით;

ე) ადმინისტრაციის ნებართვით იქონიოს საკუთარი რადიომიმღები ან ტელევიზორი.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით დადგენილი უფლება ბრალდებულს შეიძლება შეეზ-ღუდოს გამომძიებლის ან პროკურორის მოტივირებული გადაწყვეტილებით.

3. ბრალდებულის გათავისუფლება ხორციელდება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.

 

თავი XIV. ბრალდებულის/მსჯავრდებულის დისციპლინური პასუხისმგებლობა

    მუხლი 80. დისციპლინური დარღვევა

დისციპლინურ დარღვევად მიიჩნევა ქმედება, რომელიც არღვევს დაწესებულების დებულებას, ზიანს აყენებს წესრიგსა და უსაფრთხოებას და არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, კერძოდ:

ა) სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა;

ბ) ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების წესების დარღვევა;

გ) დაწესებულების მოსამსახურისა და სხვა უფლებამოსილი პირისადმი მათ მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას დაუმორჩილებლობა ან მათთვის სხვაგვარი წინააღმდეგობის გაწევა;

დ) განზრახი ქმედების ჩადენა, რომელიც საფრთხეს უქმნის სხვა პირის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას, აგრეთვე სხვა პირის ღირსებისა და ხელშეუხებლობის შელახვა;

ე) დაწესებულების ან სხვა პირის ქონების დაზიანება/განადგურება, მათ შორის, მისი ვიზუალური მხარის ცვლილებით;

ვ) დაწესებულების მიერ დადგენილი გადაადგილების შეზღუდვების/ საზღვრების უნებართვოდ გადაკვეთა;

ზ) დაწესებულების ტერიტორიაზე სარგებლის მიღების მიზნით საქმიანობა ადმინისტრაციის ნებართვის გარეშე;

თ) დაწესებულების ტერიტორიაზე განთავსებულ მოწყობილობათა/სისტემების ფუნქციონირებაში ადმინისტრაციის ნებართვის გარეშე ჩარევა, შენობა-ნაგებობების დიზაინსა და ფუნქციებში ცვლილებების თვითნებურად შეტანა;

ი) დაწესებულების ტერიტორიაზე აკრძალული ნივთის დამზადება, ფლობა ან სარგებლობა;

1) (ამოღებულია - 01.05.2015, №3523);

კ) ხმაური ან სხვაგვარი ქმედება, რომელიც არღვევს წესრიგს და ხელს უშლის დაწესებულების ნორმალურ ფუნქციონირებას; 

ლ) ნებისმიერი სახის ინფორმაციის უკანონო ფორმით მიწოდება საკნიდან საკანში ან დაწესებულების გარეთ;

მ) დაწესებულების დებულების, დაწესებულებაში დადგენილი დღის განრიგისა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა ნორმების დარღვევა.

    მუხლი 81. დისციპლინური სახდელი

1. დისციპლინური დარღვევის შედეგია ბრალდებულის/მსჯავრდებულის დისციპლინური პასუხისმგებლობა. დისციპლინური დარღვევისათვის გამოყენებული სახდელი უნდა იყოს ჩადენილი ქმედების პროპორციული.

2. ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ დისციპლინური ღონისძიების გამოყენება დაიშვება მხოლოდ დისციპლინური სამართალწარმოების საფუძველზე და მას შემდეგ, რაც დადასტურდება მის მიერ დისციპლინური დარღვევის ჩადენის ფაქტი.

3. ჯგუფური დარღვევის შემთხვევაში ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ სახდელი ინდივიდუალურად დგინდება.

4. თუ დისციპლინური დარღვევის გარემოებები წარმოშობს ამ კოდექსის 57-ე მუხლით გათვალისწინებული უსაფრთხოების ღონისძიების გამოყენების საფუძველს, უსაფრთხოების ღონისძიება გამოიყენება ამ თავით გათვალისწინებული დისციპლინური სამართალწარმოების დაწყებამდე.

    მუხლი 82. დისციპლინური სახდელის სახეები

1. დისციპლინური სახდელის სახეებია:

ა) გაფრთხილება;

ბ) საყვედური;

გ) მუშაობის უფლების შეზღუდვა არა უმეტეს 6 თვის ვადით;

დ) ნებადართული ნივთებით სარგებლობის უფლების შეზღუდვა არა უმეტეს 6 თვის ვადით;

ე) ამანათისა და გზავნილის მიღების შეზღუდვა არა უმეტეს 6 თვის ვადით;

ვ) საკნის ტიპის საცხოვრებელში გადაყვანა 6 თვემდე ვადით;

ზ) სამარტოო საკანში მოთავსება 14 დღემდე ვადით;

თ) სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვა არა უმეტეს 3 თვის ვადით;

ი) პირადი ხასიათის კორესპონდენციის მიღება-გაგზავნის უფლების შეზღუდვა არა უმეტეს 3 თვის ვადით;

კ) პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე არსებული მაღაზიით სარგებლობის უფლების შეზღუდვა არაუმეტეს 3 თვის ვადით;

ლ) ფულადი გზავნილის მიღება-გაგზავნის უფლების შეზღუდვა არა უმეტეს 3 თვის ვადით;

მ) კუთვნილი ხანმოკლე პაემნის აკრძალვა არა უმეტეს წელიწადში 6-ჯერ.

2. ორსული ქალების, მცირეწლოვანი ბავშვების დედებისა და 65 წელს გადაცილებული ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ არ გამოიყენება ამ მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სახდელები.

3. (ამოღებულია - 16.04.2014, №2241).

4. ამ მუხლის პირველი ნაწილის „თ“–„ლ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული თითოეული უფლების შეზღუდვის ვადა 1 წლის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს.

5. დაუშვებელია ამ მუხლის პირველი ნაწილის „თ“, „ი“ და „მ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებების ერთდროულად შეზღუდვა.

შენიშვნა: დისციპლინური გადაცდომისათვის ამ მუხლის პირველი ნაწილის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ვრცელდება იმ კორესპონდენციაზე, რომლის ადრესატი ან ადრესანტი არის საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს პარლამენტის წევრი, სასამართლო, ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლო, საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც შექმნილია საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე, საქართველოს სამინისტრო, დეპარტამენტი, საქართველოს სახალხო დამცველი, დამცველი, პროკურორი.

საქართველოს 2011 წლის 11 ნოემბრის კანონი №5255 - ვებგვერდი, 24.11.2011წ.

    მუხლი 83. დისციპლინური დარღვევის ჩადენაში მხილებული ბრალდებულის/მსჯავრდებულის უფლებები

ბრალდებულს/მსჯავრდებულს, რომელსაც ბრალად ედება დისციპლინური დარღვევის ჩადენა, უფლება აქვს:

ა) მისთვის გასაგებ ენაზე ეცნობოს დარღვევის არსი და საფუძველი;

ბ) ჰქონდეს საკმარისი დრო და საშუალება დაცვის მოსამზადებლად საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის შემთხვევაში;

გ) ისარგებლოს იურიდიული დახმარებით, მათ შორის, „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, ამ კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, თუ ამას თავად მოითხოვს საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის შემთხვევაში;

დ) მოითხოვოს დისციპლინურ განხილვაზე მოწმეთა დასწრება და დაკითხოს მოწმეები საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის შემთხვევაში;

ე) ისარგებლოს თარჯიმნის უფასო მომსახურებით, თუ მას არ ესმის სამართალწარმოების ენა.

    მუხლი 84. დისციპლინური სამართალწარმოება

1. დისციპლინური დარღვევის საქმეს ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილავს დაწესებულების დირექტორი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი. თუ დაწესებულების დირექტორი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი მიიჩნევს, რომ საკითხის გადასაწყვეტად საჭიროა დამატებითი ინფორმაციის მიღება, მას უფლება აქვს, საქმე ზეპირი მოსმენით განიხილოს.

11. დისციპლინური დარღვევის საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვისას ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, ჰყავდეს ადვოკატი.

2. ბრალდებულს/მსჯავრდებულს განემარტება უფლება – მისცეს ახსნა-განმარტება, წარადგინოს მტკიცებულებები, განაცხადოს შუამდგომლობა, გამოვიდეს მშობლიურ ენაზე და ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით, გაასაჩივროს განკარგულება დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ.

3. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უნდა ჩამოერთვას ახსნა-განმარტება მის მიერ ჩადენილ დისციპლინურ დარღვევასთან დაკავშირებით, ხოლო უარის შემთხვევაში ადმინისტრაცია ადგენს ოქმს.

4. დისციპლინური დარღვევის ჩამდენ პირს, მოწმეს ან დაზარალებულს უფლება აქვს, წერილობით წარადგინოს ახსნა-განმარტებები ან/და შენიშვნები, რომლებიც დაერთვის განკარგულებას დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ.

5. ზეპირი მოსმენის დროს ბრალდებულს/მსჯავრდებულს უნდა ჰქონდეს დაჯდომისა და ჩანაწერების გაკეთების საშუალება.

6. ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ დისციპლინური ღონისძიების გამოყენებისას გაითვალისწინება ბრალდებულის/ მსჯავრდებულის პიროვნება და მისი ქცევა, აგრეთვე გარემოებები, რომლებშიც იქნა ჩადენილი დისციპლინური დარღვევა, ბრალდებულის/მსჯავრდებულის განმარტება დარღვევასთან დაკავშირებით. საქმის განხილვის შემდეგ, მტკიცებულების შეფასების საფუძველზე დაწესებულების დირექტორი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.

7. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, ადვოკატის მიერ იყოს წარმოდგენილი დისციპლინური დარღვევის საქმის ზეპირი მოსმენით განხილვისას, რომელიც ტარდება ამ კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დისციპლინური სახდელების გამოყენების შესახებ. ზეპირი მოსმენის დაწყებამდე ბრალდებულს/მსჯავრდებულს განემარტება საკუთარი ადვოკატის მოწვევის უფლება, რომელიც შესაბამისი თანხმობის მიღების შემთხვევაში ხორციელდება განმარტებიდან 3 საათის განმავლობაში. თუ დადგენილ ვადაში ადვოკატი არ გამოცხადდება, ბრალდებულს/მსჯავრდებულს მისი თანხმობით დაენიშნება საზოგადოებრივი ადვოკატი. თუ ბრალდებული/ მსჯავრდებული უარს აცხადებს დასწრებაზე, ეს ფაქტი წერილობით ფიქსირდება. წინააღმდეგ შემთხვევაში დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერს ბრალდებული/მსჯავრდებული.

8. ზეპირი სხდომა დისციპლინური სახდელის გამოყენების შესახებ შეიძლება გაგრძელდეს ზეპირი მოსმენის გარეშე და გადაწყვეტილება მიღებულ იქნეს, თუ ბრალდებული/მსჯავრდებული თავისი ქმედებით არღვევს წესრიგს, არ ცხადდება სხდომაზე ან სხვაგვარად უშლის ხელს სხდომის მიმდინარეობას.

    მუხლი 85. განკარგულება დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ

1. დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ განკარგულების გამოცემის უფლებამოსილება აქვს დაწესებულების დირექტორს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს. დაწესებულების დირექტორის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უფლებამოსილების სხვა პირისათვის მინიჭების თაობაზე ცალკე არ საჩივრდება.

2. დისციპლინური სახდელის დაკისრება უნდა მოხდეს დისციპლინური დარღვევის გამოვლენის დღიდან არა უგვიანეს 10 დღისა.

3. დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ განკარგულება უნდა შეიცავდეს:

ა) უფლებამოსილი თანამდებობის პირის გვარსა და სახელს;

ბ) შედგენის თარიღს, დროს და ადგილს;

გ) სარეგისტრაციო ნომერს;

დ) მონაცემებს დარღვევის ჩამდენი პირის შესახებ (გვარი, სახელი, დაბადების თარიღი და სხვა);

ე) დარღვევის ჩადენის ადგილს, დროს და დარღვევის არსს, ასევე მისი გამოვლენის დროს. იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია დისციპლინური დარღვევის ჩადენის დროის განსაზღვრა, დისციპლინური დარღვევის ჩადენის დროდ ჩაითვლება მისი გამოვლენის დრო;

ვ) მონაცემებს მოწმის, დაზარალებულის შესახებ, მათი არსებობის შემთხვევაში;

ზ) მითითებას საქმის გადასაწყვეტად საჭირო სხვა მტკიცებულებებზე, მათი არსებობის შემთხვევაში.

4. თარჯიმნის მოწვევის შესახებ უნდა აღინიშნოს განკარგულებაში დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ.

5. განკარგულება დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული, სამართლიანი და უნდა ემსახურებოდეს კანონიერ მიზანს. დაკისრებული დისციპლინური სახდელი უნდა შეესაბამებოდეს ჩადენილი დარღვევის სიმძიმესა და ხასიათს. განკარგულება უნდა იყოს წერილობითი ფორმის და მასში ასახული უნდა იყოს გასაჩივრების პროცედურა.

6. დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ განკარგულების 1 ასლი გამოცემისთანავე გადაეცემა ბრალდებულს/მსჯავრდებულს ან მის ადვოკატს.

7. დისციპლინური პასუხისმგებლობის საქმის მასალები უნდა დაერთოს ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირად საქმეს.

8. დისციპლინური სახდელის აღსრულება უნდა დაიწყოს მისი დაკისრებიდან 1 თვის ვადაში.

საქართველოს 2011 წლის 11 ნოემბრის კანონი №5255 - ვებგვერდი, 24.11.2011წ.

    მუხლი 86. დისციპლინური სახდელის გასაჩივრება

1. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ განკარგულების გადაცემიდან 10 სამუშაო დღის ვადაში ერთჯერადად გაასაჩივროს სასამართლოში მის მიმართ გამოყენებული დისციპლინური სახდელი. გასაჩივრება არ აჩერებს დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ განკარგულების აღსრულებას.

2. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ბრალდებულის/მსჯავრდებულის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა ან სხვა განსაკუთრებული გარემოება, რომელიც აფერხებს დისციპლინური სახდელის აღსრულებას, იწვევს დისციპლინური სახდელის აღსრულების გადავადებას ბრალდებულის/მსჯავრდებულის დაწესებულებაში დაბრუნებამდე.

    მუხლი 87. ბრალდებულის/მსჯავრდებულის გარანტიები დისციპლინური პასუხისმგებლობის გამოყენებისას

1. დაუშვებელია ერთი დისციპლინური დარღვევისათვის 2 ან მეტი დისციპლინური სახდელის დაკისრება.

2. დისციპლინური სახდელი არ უნდა იყოს ბრალდებულის/მსჯავრდებულის დამამცირებელი და მისი პატივისა და ღირსების შემლახველი.

3. დაუშვებელია დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება, თუ დისციპლინური დარღვევის ჩადენიდან გასულია 1 წელი.

4. დისციპლინურსახდელდაუდებლად ითვლება პირი, რომელიც დისციპლინური სახდელის მოხდიდან 6 თვის განმავლობაში კვლავ არ ჩაიდენს დისციპლინურ დარღვევას. იმ შემთხვევაში, თუ ბრალდებულს/მსჯავრდებულს დაეკისრება ამ კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სახდელები, იგი დისციპლინურსახდელდაუდებლად ჩაითვლება, თუ დისციპლინური სახდელის მოხდიდან 1 წლის განმავლობაში კვლავ არ ჩაიდენს დისციპლინურ დარღვევას.

5. დისციპლინური სახდელის ვადამდე მოხსნა შეუძლია დაწესებულების დირექტორს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს, თუ სახდელის მიზანი მიღწეულია.

    მუხლი 88. სამარტოო საკანში მოთავსება

1. სამარტოო საკანში მოთავსება, როგორც დისციპლინური სახდელი, გამოიყენება მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში.

2. სამარტოო საკანში მოთავსებულ ბრალდებულს/მსჯავრდებულს ეკრძალება ხანმოკლე და ხანგრძლივი პაემნები, სატელეფონო საუბარი, კვების პროდუქტების შეძენა. მას აქვს ყოველდღიურად 1-საათიანი გასეირნების უფლება.

3. სამარტოო საკანში მისი უსაფრთხოების დაცვის მიზნით მოთავსებული ბრალდებული/მსჯავრდებული სარგებლობს ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა უფლებით.

4. სამარტოო საკანი უნდა იყოს განათებული და ვენტილაციით უზრუნველყოფილი; ბრალდებულს/მსჯავრდებულს უნდა ჰქონდეს სკამი და საწოლი. მას უფლება აქვს, მოთხოვნის შემთხვევაში მიიღოს საკითხავი მასალა.

5. დაუშვებელია ბრალდებულის/მსჯავრდებულის მოთავსება სრული სენსორული იზოლაციის პირობებში.

6. ადმინისტრაცია ვალდებულია სამედიცინო პერსონალს აცნობოს სამარტოო საკანში პირის მოთავსების შესახებ. სამარტოო საკანში პირი უნდა იყოს სამედიცინო პერსონალის ყოველდღიური, განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ. აუცილებლობის შემთხვევაში სამარტოო საკანში ყოფნის ხანგრძლივობა შეიძლება შემცირდეს ექიმის დასკვნის საფუძველზე.

საქართველოს 2011 წლის 25 თებერვლის კანონი №4259  –  ვებგვერდი, 10.03.2011წ.

    მუხლი 89. დისციპლინური დარღვევების პრევენცია

1. ადმინისტრაციამ უნდა მიიღოს შესაბამისი ზომები დისციპლინური დარღვევების პრევენციის მიზნით და მათ თავიდან ასაცილებლად.

2. დაწესებულების დებულება, დისციპლინური დარღვევებისა და შესაბამისი სახდელების დეტალური ჩამონათვალით, ყველა ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი.

 

თავი XV. მსჯავრდებულის ადმინისტრაციული პატიმრობა

    მუხლი 90. ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდება

1. თუ მსჯავრდებულმა დისციპლინური სახდელის მოქმედების ვადაში განმეორებით ჩაიდინა ამ კოდექსით გათვალისწინებული დისციპლინური დარღვევა, მას შესაძლებელია შეეფარდოს ადმინისტრაციული პატიმრობა არაუმეტეს 60 დღე-ღამის ვადით. აღნიშნული წესი არ ვრცელდება ამ მუხლის 11 ნაწილზე.

1 1. თუ განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებულმა მსჯავრდებულმა ჩაიდინა ამ კოდექსის მე-80 მუხლის „გ“, „დ“, „ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური დარღვევა, შესაძლებელია მას შეეფარდოს ადმინისტრაციული პატიმრობა არაუმეტეს 90 დღე-ღამის ვადით. აღნიშნული ვადა არ შედის ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ ადმინისტრაციული პატიმრობების საერთო ვადაში.

2. 1 წლის განმავლობაში შეფარდებული ადმინისტრაციული პატიმრობების საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 90 დღე-ღამეს.

3. ადმინისტრაციული პატიმრობა არ შეეფარდებათ ორსულ ქალებსა და არასრულწლოვან მსჯავრდებულებს.

4. ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების შესახებ განკარგულების გამოცემის უფლებამოსილება აქვს დაწესებულების დირექტორს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს. ამ ნაწილით გათვალისწინებული უფლებამოსილების დელეგირება ხორციელდება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

5. ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების შესახებ განკარგულება უნდა შეიცავდეს:

ა) უფლებამოსილი თანამდებობის პირის გვარსა და სახელს;

ბ) შედგენის თარიღს, დროს და ადგილს;

გ) სარეგისტრაციო ნომერს;

დ) მითითებას იმ ნორმატიულ აქტსა და ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტზე, რომელთა საფუძველზედაც თანამდებობის პირი ახორციელებს აღნიშნულ უფლებამოსილებას;

ე) მონაცემებს დარღვევის ჩამდენი პირის შესახებ (გვარი, სახელი, დაბადების თარიღი და სხვა);

ვ) დარღვევის ჩადენის ადგილს, დროს (წლის, თვის, რიცხვის, საათისა და წუთის მითითებით) და დარღვევის არსს. თუ შეუძლებელია დროის განსაზღვრა, დარღვევის ჩადენის დროდ ჩაითვლება მისი გამოვლენის დრო;

ზ) მონაცემებს მოწმის, დაზარალებულის შესახებ, მათი არსებობის შემთხვევაში;

თ) მითითებას საქმის გადასაწყვეტად საჭირო სხვა მტკიცებულებებზე, მათი არსებობის შემთხვევაში;

ი) შუამდგომლობას სახდელის სახით ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების შესახებ, სახდელის ვადის მითითების გარეშე.

6. ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების შესახებ განკარგულების გამოცემისას მსჯავრდებულს განემარტება უფლება – გაეცნოს განკარგულებას, მისცეს ახსნა-განმარტება, წარადგინოს მტკიცებულებები, განაცხადოს შუამდგომლობა, გამოვიდეს მშობლიურ ენაზე და ისარგებლოს თარჯიმნის ან/და ადვოკატის (დამცველის) მომსახურებით, გაასაჩივროს განკარგულება ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების შესახებ. აღნიშნული განმარტების თაობაზე აღინიშნება ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების შესახებ განკარგულებაში.

7. თარჯიმნის ან/და ადვოკატის (დამცველის) მოწვევის შესახებ უნდა აღინიშნოს ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების შესახებ განკარგულებაში.

8. დისციპლინური დარღვევის ჩამდენ პირს, მოწმეს ან დაზარალებულს უფლება აქვს, წერილობით წარადგინოს ახსნა-განმარტებები ან/და შენიშვნები, რომლებიც დაერთვის განკარგულებას ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების შესახებ.

9. ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების შესახებ განკარგულების 1 ასლი გამოცემისთანავე გადაეცემა მსჯავრდებულს.

10. ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების შესახებ განკარგულება გამოცემიდან 24 საათის განმავ-ლობაში წარედგინება უფლებამოსილ სასამართლოს დაწესებულების ადგილმდებარეობის მიხედვით. მტკიცების ტვირთი ეკისრება განკარგულების გამომცემ თანამდებობის პირს.

11. მოსამართლე ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების შესახებ განკარგულებას განიხილავს ერთპიროვნულად, ღია სასამართლო სხდომაზე, მისი წარდგენიდან 48 საათის განმავლობაში. საქმის განხილვის შემდეგ დასაბუთებული გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ უნდა იქნეს გამოტანილი. დაუშვებელია დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოტანის სხვა დროისათვის გადადება.

12. სასამართლოში საქმე განიხილება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესით. საქმის განხილვისას არ გამოიყენება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 262 მუხლი.

13. სასამართლოში საქმე განიხილება თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. მსჯავრდებული სარგებლობს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით გარანტირებული ყველა უფლებით. მას სრული თანასწორობის საფუძველზე უფლება აქვს, წარადგინოს მტკიცებულებები, მონაწილეობა მიიღოს მათ გამოკვლევაში, მოიწვიოს მოწმეები, მისცეს ახსნა-განმარტება, განაცხადოს შუამდგომლობა და აცილება, გამოთქვას საკუთარი აზრი საქმესთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე. სასამართლოში საქმის განხილვისას მსჯავრდებულს უფლება აქვს, გამოვიდეს მშობლიურ ენაზე და ისარგებლოს თარჯიმნის ან/და ადვოკატის (დამცველის) მომსახურებით. თუ მსჯავრდებულს არა აქვს ადვოკატის (დამცველის) აყვანის შესაძლებლობა, სასამართლო ვალდებულია დაუნიშნოს მას ადვოკატი (დამცველი) სახელმწიფოს ხარჯზე.

14. ადმინისტრაციული პატიმრობის ვადაში ჩაითვლება პირის სასამართლოში წარსადგენად გამოყენებული დრო და პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოსატანად გამოყენებული დრო.

საქართველოს 2011 წლის 11 ნოემბრის კანონი №5255 - ვებგვერდი, 24.11.2011წ.

    მუხლი 91. სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების შესახებ

1. სასამართლოს გადაწყვეტილებას (განჩინებას) ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების შესახებ არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი. იგი მიიღება მხოლოდ იმ პირობით, თუ სასამართლო განხილვის დროს დამტკიცდა პირის მიერ შესაბამისი დარღვევის ჩადენა სასამართლოს მიერ გამოკვლეული უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე.

2. სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების შესახებ უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი.

3. სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტი-ტუციისა და სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით.

4. სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) დასაბუთებულია, თუ მისი დასკვნები ემყარება სასამართლო სხდომაზე განხილულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას.

5. სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) სამართლიანია, თუ შეფარდებული ადმინისტრაციული პატიმრობა შეესაბამება დამრღვევის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დისციპლინური დარღვევის სიმძიმეს.

    მუხლი 92. ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდებისას სასამართლოს მიერ გადასაწყვეტი საკითხები

1. ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდებისას სასამართლო თანამიმდევრობით წყვეტს შემდეგ საკითხებს:

ა) ჩაიდინა თუ არა პირმა ამ კოდექსით გათვალისწინებული ქმედება;

ბ) არის თუ არა პირის ქმედება მართლსაწინააღმდეგო;

გ) შეერაცხება თუ არა პირს ბრალად ჩადენილი ქმედება;

დ) უნდა შეეფარდოს თუ არა პირს ადმინისტრაციული პატიმრობა და რა ზომით;

ე) როგორი იქნება ნივთიერ მტკიცებულებათა ბედი.

2. რამდენიმე დისციპლინური დარღვევის ჩადენაში მხილებული პირის საქმის განხილვისას სასამართლო თითოეული დისციპლინური დარღვევის მიხედვით ცალ-ცალკე და მთლიანად წყვეტს ამ მუხლის პირველ ნაწილში მითითებულ საკითხებს.

3. სასამართლო უფლებამოსილია დისციპლინური დარღვევის ჩადენაში მხილებული რამდენიმე პირისათვის ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების საკითხი განიხილოს ერთობლივად, ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების შესახებ განკარგულების გამომცემის შუამდგომლობის საფუძველზე ან საკუთარი ინიციატივით.

4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში ამ მუხლის პირველ ნაწილში მითითებული საკითხები თითოეული პირის მიმართ ცალ-ცალკე უნდა გადაწყდეს.

    მუხლი 93. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრება

1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) სააპელაციო სასამართლოში შეიძლება გაასაჩივრონ მხარეებმა ან მათმა წარმომადგენლებმა მათთვის საქართველოს სამოქალაქო საპ-როცესო კოდექსით გათვალისწინებული წესით გადაწყვეტილების (განჩინების) ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში. შემოსულ საჩივარს სასამართლო დაუყოვნებლივ უგზავნის სააპელაციო სასამართლოს და მოწინააღმდეგე მხარეს.

2. სააპელაციო სასამართლო სააპელაციო საჩივარს განიხილავს კოლეგიურად – 3 მოსამართლის შემადგენლობით, ღია სასამართლო სხდომაზე. სააპელაციო სასამართლო საქმეს განიხილავს და გადაწყვეტილება (განჩინება) გამოაქვს პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის ამ კოდექსით დადგენილი წესით და დადგენილ ვადებში.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) საბოლოოა და არ საჩივრდება.

    მუხლი 94. აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზება და კონტროლი

1. ადმინისტრაციულ პატიმრობასთან დაკავშირებულ სასამართლო გადაწყვეტილებას (განჩინებას) აღსასრულებლად მიაქცევს გადაწყვეტილების (განჩინების) გამომტანი სასამართლო. აღსრულების ორგანიზება და კონტროლი ეკისრება დეპარტამენტს.

2. მსჯავრდებულის მიერ ადმინისტრაციული პატიმრობის მოხდის წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.

3. ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა არ ჩაითვლება მსჯავრდებულის სასჯელის ვადაში.

 

თავი XVI. მოთხოვნისა და საჩივრის განხილვის პროცედურები

    მუხლი 95. მოთხოვნა და მისი შეტანის წესი

1. მოთხოვნის შეტანით ბრალდებულს/მსჯავრდებულს შეუძლია მოითხოვოს იმგვარი უფლებები, რომელთა მინიჭებაც ადმინისტრაციის უფლებამოსილებას განეკუთვნება.

2. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, მოთხოვნა შეიტანოს ინდივიდუალურად ან ჯგუფურად, წერილობითი ფორმით. მოთხოვნა შეიძლება კონფიდენციალური იყოს. 

3. მოთხოვნა რეგისტრირდება დაწესებულების კანცელარიაში, ხოლო რეგისტრაციის ნომერი გადაეცემა ბრალდებულს/მსჯავრდებულს.

4. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, მოთხოვნით მიმართოს დაწესებულების დირექტორს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს, რომელიც ვალდებულია წერილობით უპასუხოს მას 5 დღის ვადაში.

5. ბრალდებულის/მსჯავრდებულის მოთხოვნებს სასჯელის მოხდისგან ვადაზე ადრე გათავისუფლებისა და სხვა დაწესებულებაში გადაყვანის თაობაზე ადმინისტრაცია ურთავს ბრალდებულის/მსჯავრდებულის დახასიათებას.

6. მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი დასაბუთებული უნდა იყოს.

საქართველოს 2015  წლის 1 მაისის  კანონი №3523  - ვებგვერდი, 18.05.2015წ.

 

    მუხლი 96. საჩივრის შეტანის უფლება

1. საჩივრის შეტანის საფუძველია სასჯელაღსრულების სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი თანამშრომლის ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), სამართლებრივი აქტი, გადაწყვეტილება და ამ კოდექსით გათვალისწინებულ უფლებათა სხვაგვარი ხელყოფა.

2. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, საჩივარი შეიტანოს ინდივიდუალურად ან ჯგუფურად. საჩივრის შეტანა შესაძლებელია წერილობითი ფორმით.

3. საჩივრის შეტანა შესაძლებელია შესაბამისი საფუძვლის გამოვლენიდან 1 თვის ვადაში.

4. საჩივრის შეტანის უფლება აგრეთვე აქვს ბრალდებულის/ მსჯავრდებულის ადვოკატს, კანონიერ წარ-მომადგენელს ან ახლო ნათესავს, თუ: 

ა) მას აქვს დასაბუთებული ვარაუდი, რომ დაირღვა ბრალდებულის/მსჯავრდებულის უფლებები;

ბ) ბრალდებულს/მსჯავრდებულს ჯანმრთელობის მდგომარეობა არ აძლევს საშუალებას, თავად შეიტანოს საჩივარი.

საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3619 - სსმ I, №51, 29.09.2010 წ., მუხ.332

საქართველოს 2015  წლის 1 მაისის  კანონი №3523  - ვებგვერდი, 18.05.2015წ.

    მუხლი 97. ბრალდებულის/მსჯავრდებულის ინფორმირება საჩივრის შეტანის უფლების თაობაზე

1. დაწესებულებაში მოხვედრილ ბრალდებულს/მსჯავრდებულს პასუხისმგებელმა პირმა დაუყოვნებლივ უნდა მისცეს საშუალება, გაეცნოს წერილობით ინფორმაციას თავისი უფლებებისა და მოვალეობების შესახებ, მათ შორის, საჩივრის შეტანის უფლებისა და გასაჩივრების კანონით გათვალისწინებული წესის თაობაზე.

2. წერა-კითხვის უცოდინარ ბრალდებულს/მსჯავრდებულს ინფორმაცია უნდა მიეწოდოს ზეპირი ფორმით, რის შესახებაც უფლებამოსილი პირი ადგენს ოქმს, რომელსაც ხელმოწერით ადასტურებს ბრალდებული/ მსჯავრდებული.

3. არასრულწლოვან ბრალდებულს/მსჯავრდებულს ინფორმაცია უნდა მიეწოდოს მისთვის გასაგები ფორმით.

[3. ( ამოღებულია - 12.06.2015, №3711 ).  (ამოქმედდეს 2016 წლის 1 იანვრიდან)]

საქართველოს 2015 წლის 12  ივნისის   კანონი № 3711  – ვებგვერდი, 24.06.2015წ.

    მუხლი 98. საჩივრის ადრესატი

1. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, საჩივრით მიმართოს პენიტენციური დაწესებულების დირექტორს, თუ საჩივარი უკავშირდება პენიტენციური დაწესებულების მოსამსახურის საქმიანობას.

2. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, პენიტენციური დაწესებულების დირექტორის უარი საჩივრის დაკმაყოფილებაზე გაასაჩივროს დეპარტამენტის დირექტორთან, აგრეთვე იმ საჩივრით, რომელიც უკავშირდება პენიტენციური დაწესებულების დირექტორის საქმიანობას, მიმართოს დეპარტამენტის დირექტორს.

3. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, იმ საჩივრით, რომელიც უკავშირდება დეპარტამენტის დირექტორის საქმიანობას, მიმართოს მინისტრს.

4. დაუშვებელია საჩივრის გადაწყვეტაში იმ პირის მონაწილეობა, რომლის ქმედება, სამართლებრივი აქტი ან გადაწყვეტილება საჩივრდება.

5. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს მიმართოს საჩივრით საქართველოს სახალხო დამცველს/სპეციალურ პრევენციულ ჯგუფს.

საქართველოს 2015  წლის 1 მაისის  კანონი №3523  - ვებგვერდი, 18.05.2015წ.

    მუხლი 99. საჩივრის შეტანის წესი

1. საჩივრის ადრესატის განსაზღვრის ან სხვა ტექნიკური საკითხის მოგვარების მიზნით ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, მოითხოვოს დაწესებულების სოციალური განყოფილების მუშაკის კონსულტაცია.

2. საჩივრის შედგენისას ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, მოითხოვოს ადვოკატის კონსულტაცია. ადვოკატის ხარჯები ანაზღაურდება კანონით გათვალისწინებული წესით.

3. საჩივარი შეტანილი უნდა იქნეს წერილობით, მინისტრის მიერ დამტკიცებული ფორმის შესაბამისად.

საქართველოს 2015  წლის 1 მაისის  კანონი №3523  - ვებგვერდი, 18.05.2015წ.

    მუხლი 100. ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა საჩივრების ყუთი

1. საჩივრების ყუთი უნდა განთავსდეს დაწესებულების ტერიტორიაზე ყველა ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის ხელმისაწვდომ ადგილას. დაწესებულების ტერიტორიაზე შეიძლება განთავსდეს საჩივრების რამდენიმე ყუთი.

2. საჩივრების ყუთს უნდა გაუკეთდეს აბრა წარწერით „საჩივრების ყუთი“.

3. საჩივრების ყუთი დალუქული უნდა იყოს.

4. დაწესებულების სოციალური განყოფილების მუშაკი საჩივრების ყუთს კეტავს და ლუქავს დაწესებულების დირექტორის ან მისი მოადგილის თანდასწრებით.

5. დაწესებულების სოციალური განყოფილების მუშაკი საჩივრების ყუთს ხსნის ყოველი დღის ბოლოს დაწესებულების დირექტორის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის თანდასწრებით.

6. საჩივრების ყუთის გახსნისთანავე ხდება კონვერტების ვიზუალური დათვალიერება და კონვერტის ნომრის რეგისტრაცია.

7. ადმინისტრაციის სოციალური განყოფილება უზრუნველყოფს საჩივრების რეგისტრაციას. საჩივრებს აღრიცხავს დაწესებულების სოციალური განყოფილების მუშაკი.

8. საჩივრების ყუთის დაზიანების შემთხვევაში დაზიანებიდან უმოკლეს ვადაში, მაგრამ არა უგვიანეს 3 დღისა, უნდა შეკეთდეს იგი ან უნდა განთავსდეს ახალი ყუთი.

    მუხლი 101. საჩივრის წარდგენის ენა

1. ბრალდებულს/მსჯავრდებულს, რომელიც არ ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას, არ ესმის სამართალწარმოების ენა, შეუძლია ისარგებლოს თარჯიმნის უფასო მომსახურებით. 

2. ბრალდებულს/მსჯავრდებულს პასუხი გაეცემა საქართველოს სახელმწიფო ენაზე, ხოლო საჭიროების შემთხვევაში გამოიყენება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პროცედურა.

    მუხლი 102. საჩივრის გადაგზავნის წესი

1. ადმინისტრაცია ვალდებულია შემოსული საჩივარი მიღებიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა გადაუგზავნოს ადრესატს.

2. დაწესებულების დირექტორს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს მისთვის განკუთვნილი საჩივარი მიეწოდება შეუფერხებლად. აღნიშნული მოვალეობის შესრულება ეკისრება ადმინისტრაციას. 

3. საჩივრის გადაგზავნიდან არა უგვიანეს მეორე დღისა საჩივრების ყუთთან გამოიკვრება გადაგზავნილი საჩივრის რეგისტრაციის ნომერი და შესაბამისი კონვერტის კოდი.

4. არაკონფიდენციალური საჩივარი განსახილველად არ ეგზავნება იმ პირს ან მისდამი უშუალოდ დაქვემდებარებულ პირს, რომლის ქმედებასაც ეხება საჩივარი.

საქართველოს 2015  წლის 1 მაისის  კანონი №3523  - ვებგვერდი, 18.05.2015წ.

    მუხლი 103. საჩივრის განხილვის ვადები

1. პენიტენციური დაწესებულების დირექტორი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი საჩივარს განიხილავს მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში. განსაკუთრებულ შემთხვევაში საჩივრის განხილვის ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 10 სამუშაო დღით. ვადის გაგრძელების შესახებ საჩივრის ავტორს დაუყოვნებლივ ეცნობება ზეპირი ან წერილობითი ფორმით.

2. დეპარტამენტის დირექტორი საჩივარს განიხილავს მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. დეპარტამენტის დირექტორი უფლებამოსილია გააგრძელოს საჩივრის განხილვის ვადა არაუმეტეს 10 სამუშაო დღით. ვადის გაგრძელების შესახებ წერილობით ეცნობება საჩივრის ავტორს.

3. გარდა ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, საჩივარი განი-ხილება კანონით დადგენილ ვადაში.

საქართველოს 2015  წლის 1 მაისის  კანონი №3523  - ვებგვერდი, 18.05.2015წ.

    მუხლი 104. კონფიდენციალური საჩივარი

1. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, შეიტანოს კონფიდენციალური საჩივარი.

2. კონფიდენციალურია საჩივარი, რომელიც მოთავსებულია დალუქულ კონვერტში და რომელზედაც მითითებულია ადრესატი.

3. ადმინისტრაცია არ უზრუნველყოფს იმ საჩივრის კონფიდენციალურობის დაცვას, რომელზედაც არ არის მითითებული ადრესატი.

    მუხლი 105. წამებასთან, არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობასთან დაკავშირებული საჩივრები

1. წამებასთან, არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობასთან დაკავშირებული საჩივრები განეკუთვნება განსაკუთრებულ შემთხვევას და განხილულ უნდა იქნეს დაუყოვნებლივ.

2. წამებასთან, არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობასთან დაკავშირებული საჩივრების შესახებ არა უგვიანეს 24 საათისა უნდა ეცნობოს დაწესებულების დირექტორს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს ან/და სპეციალურ პრევენციულ ჯგუფს.

    მუხლი 106. საჩივრის განხილვის შედეგები

1. საჩივრის განხილვის შედეგები ბრალდებულს/მსჯავრდებულს ხელწერილით გაეცნობა გადაწყვეტილების მიღებიდან არა უგვიანეს 5 დღისა და დაერთვის ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირად საქმეს.

2. საჩივარში მითითებულ ყოველ კონკრეტულ მოთხოვნას უნდა გაეცეს დასაბუთებული პასუხი.

3. საჩივარზე უარყოფითი გადაწყვეტილების შემთხვევაში ბრალდებულს/მსჯავრდებულს უნდა ეცნობოს დასაბუთებული პასუხი.

    მუხლი 107. გადაწყვეტილების გასაჩივრება

საჩივრის განხილვის შედეგები შესაძლებელია ადმინისტრაციული წესით გასაჩივრდეს სასამართლოში.

საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3619 - სსმ I, №51, 29.09.2010 წ., მუხ.332

    მუხლი 108. საჩივრის შეტანის ხელშეწყობა

1. ადმინისტრაციამ ბრალდებულის/მსჯავრდებულის მოთხოვნის შემთხვევაში ბრალდებული/მსჯავრდებული უნდა უზრუნველყოს საჩივრის შესატანად საჭირო საშუალებათა აუცილებელი რაოდენობით, მათ შორის, ქაღალდით, კონვერტებით კონფიდენციალური საჩივრებისათვის, საწერი საშუალებებით და სხვა.

2. დაუშვებელია ბრალდებულის/მსჯავრდებულის დასჯა საჩივრის შეტანის გამო.

3. ადმინისტრაციამ უნდა უზრუნველყოს ბრალდებულის/ მსჯავრდებულის პრობლემების ადგილზე გადაჭრა. არაკონფიდენციალური საჩივარი, რომელიც ადმინისტრაციამ შესაძლოა ადგილზე გადაწყვიტოს, გადაწყდება იმ ორგანოს და პირის მიერ მისი განხილვის შედეგების დალოდების გარეშე, რომელთაც ის გაეგზავნა.

     მუხლი 109. (ამოღებულია)

საქართველოს 2015  წლის 1 მაისის  კანონი №3523  - ვებგვერდი, 18.05.2015წ.

 

თავი XVII. ბრალდებულთა/ მსჯავრდებულთა შრომა

საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3619 - სსმ I, №51, 29.09.2010 წ., მუხ.332

    მუხლი 110. ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა შრომითი საქმიანობის ზოგადი პრინციპები

 1. ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა შრომითი საქმიანობა ხორციელდება ამ კოდექსითა და საქართველოს შრომის კანონმდებლობით დადგენილი წესით. აკრძალულია ბრალდებულის/მსჯავრდებულის იძულება, შეასრულოს ისეთი სამუშაო, რომელიც ლახავს ადამიანის პატივსა და ღირსებას.

2. ბრალდებულები/მსჯავრდებულები მუშაობენ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ტერიტორიაზე, თუ დაწესებულებას აქვს მათი დასაქმების შესაძლებლობა. ბრალდებულები/მსჯავრდებულები მუშაობენ მხოლოდ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ტერიტორიაზე.

3. ბრალდებული/მსჯავრდებული შეიძლება დასაქმებულ იქნეს აგრეთვე თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ სახელმწიფო ან არასახელმწიფო დაწესებულებაში.

3 1. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ტერიტორიაზე ან დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ სახელმწიფო დაწესებულებაში დასაქმებული ბრალდებული/მსჯავრდებული არ არის საჯარო მოსამსახურე და მასზე არ ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება.

4. იმ სამუშაოთა ჩამონათვალი, რომლებზედაც აკრძალულია ბრალდებულის/მსჯავრდებულის დასაქმება, განისაზღვრება თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დებულებით. 

 5. ბრალდებული/მსჯავრდებული შესრულებული სამუშაოსათვის იღებს ხელფასს საქართველოს შრომის კანონმდებლობის შესაბამისად. ბრალდებულის/მსჯავრდებულის შრომის ანაზღაურების წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

 6. ბრალდებულს/მსჯავრდებულს ხელფასი ერიცხება პირად საბანკო ანგარიშზე. ხელფასის სრული განკარგვის უფლება ბრალდებულს/მსჯავრდებულს მიეცემა გათავისუფლებისას. მას უფლება აქვს, ეს თანხა თავისი შეხედულებისამებრ გადაუგზავნოს ახლო ნათესავებსა და სხვა პირებს.

საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3619 - სსმ I, №51, 29.09.2010 წ., მუხ.332

    მუხლი 111. საწარმოები თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ტერიტორიაზე

1. ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დასაქმება შესაძლებელია „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ტერიტორიაზე შექმნილ საწარმოებში.

2. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ საწარმოში, როგორც წესი, დასაქმებული უნდა იყოს მხოლოდ ბრალდებული/მსჯავრდებული. გამონაკლის შემთხვევაში, როდესაც საწარმოს საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე საჭიროა ისეთი სამუშაოს შესრულება, რომლის შესაბამისი კვალიფიკაცია ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს არ აქვთ ან მოკლე დროში შეუძლებელია ასეთი კვალიფიკაციის ბრალდებულების/მსჯავრდებულების მომზადება, აგრეთვე იმ სამუშაოზე, რომლის შესასრულებლადაც საჭიროა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ტერიტორიიდან სისტემატური გასვლა, შესაძლებელია საწარმოში შრომითი კონტრაქტით მოწვეულ იქნეს გარეშე პირი (არამსჯავრდებული).

3. საწარმოში ბრალდებული/მსჯავრდებული დასაქმდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ადმინისტრაციის ორგანიზაციული მონაწილეობით. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, ადმინისტრაციის მიერ შეთავაზებული სამუშაოებიდან ამოირჩიოს მისთვის შესაფერისი სამუშაო.

4. საწარმოსა და დეპარტამენტს შორის ფორმდება ხელშეკრულება, რომლითაც საწარმო კისრულობს ვალდებულებას, რომ თავის საქმიანობაში დაექვემდებარება იმ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების შინაგანაწესით დადგენილ მოთხოვნებს, რომლის ტერიტორიაზედაც ის ფუნქციონირებს. ასეთივე ვალდებულება ეკისრება საწარმოში დასაქმებულ ბრალდებულს/მსჯავრდებულს, რაც უნდა აისახოს საწარმოსთან დადებულ შრომის ხელშეკრულებაში.

საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3619 - სსმ I, №51, 29.09.2010 წ., მუხ.332

    მუხლი 112. სამუშაო პირობები

1. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ადმინისტრაცია და დამსაქმებელი ვალდებული არიან ბრალდებულს/მსჯავრდებულს შეუქმნან სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო შრომის პირობები. სამუშაო დროის ხანგრძლივობა, შრომის დაცვის, უსაფრთხოებისა და საწარმოს სანიტარიული წესები განისაზღვრება საქართველოს შრომის კანონმდებლობის შესაბამისად.

2. არასრულწლოვანი ბრალდებული/მსჯავრდებული მუშაობს სწავლისაგან თავისუფალ დროს, ამასთანავე, სწავლისა და მუშაობის დრო არ უნდა აღემატებოდეს დღეში 8 საათს.

[2. ( ამოღებულია - 12.06.2015, №3711 ).  (ამოქმედდეს 2016 წლის 1 იანვრიდან)]

3. ზეგანაკვეთური მუშაობა, აგრეთვე მუშაობა უქმე დღეებში შესაძლებელია მხოლოდ ბრალდებულის/მსჯავრდებულის თანხმობით. ამასთანავე, სამუშაო დროის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს დღეში 8 საათს.

4. შესაძლებელია, რომ ბრალდებულმა/მსჯავრდებულმა იმუშაოს დაწესებულების გარეთ. ბრალდებულის/მსჯავრდებულის დაწესებულების გარეთ მუშაობის წესს ადგენს და განსაზღვრავს მინისტრი.

საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3619 - სსმ I, №51, 29.09.2010 წ., მუხ.332

საქართველოს 2015 წლის 12  ივნისის   კანონი № 3711  – ვებგვერდი, 24.06.2015წ.

    მუხლი 1121. სამეურნეო სამუშაოები

1. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში სამეურნეო სამუშაოების შესასრულებლად მსჯავრდებულის ჩარიცხვა ფორმდება ამ დაწესებულების დირექტორის ბრძანებით.

2. სამეურნეო სამუშაოების შესრულებისათვის მსჯავრდებულს მიეცემა ანაზღაურება.

3. სამეურნეო სამუშაოების შემსრულებელი მსჯავრდებული არ არის საჯარო მოსამსახურე და მასზე არ ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება.

4. სამეურნეო სამუშაოების შესასრულებლად მსჯავრდებულის ჩარიცხვის/ამორიცხვის, მის მიერ ამ სამუშაოების შესრულების და მისთვის ანაზღაურების მიცემის წესი და ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.

5. ადმინისტრაცია ვალდებულია უზრუნველყოს მსჯავრდებულის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მაქსიმალურად უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნა.

 

თავი XVIII. ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა განათლება

საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3619 - სსმ I, №51, 29.09.2010 წ., მუხ.332

    მუხლი 113. ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა განათლება

1. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ადმინისტრაცია ვალდებულია შექმნას პირობები, რათა ბრალდებულებმა/მსჯავრდებულებმა მიიღონ ზოგადი და პროფესიული განათლება.

2. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ადმინისტრაცია ვალდებულია დაწესებულებაში მოაწყოს ბიბლიოთეკა, რომელშიც უნდა იყოს როგორც საგანმანათლებლო ლიტერატურა, ისე ბრალდებულთათვის/მსჯავრდებულთათვის გასაგებ ენაზე თავისუფლების აღკვეთის აღსრულების შესახებ საქართველოს და საერთაშორისო კანონმდებლობა.

საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3619 - სსმ I, №51, 29.09.2010 წ., მუხ.332

    მუხლი 114. ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ზოგადი განათლება

1. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უნდა ჰქონდეს საშუალება, მიიღოს სრული ზოგადი განათლება მინისტრისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ერთობლივი ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად.

2. არასრულწლოვანი ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის დაწყებითი და საბაზო განათლების მიცემა სავალდებულოა.

[2. ( ამოღებულია - 12.06.2015, №3711 ).  (ამოქმედდეს 2016 წლის 1 იანვრიდან)]

3. ბრალდებულს/მსჯავრდებულს, რომელიც ვერ ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას, უნდა შეექმნას პირობები მის დასაუფლებლად.

4. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში ზოგადი განათლების მიწოდება ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ დამტკიცებული პროგრამით, რომელიც უნდა უზრუნველყოფდეს ეროვნული სასწავლო გეგმით დასახული მიზნების მიღწევას. ამ საგანმანათლებლო პროგრამაზე არ ვრცელდება ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სასწავლო გარემოს ორგანიზების პირობები და საათობრივი ბადე.

5. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში ზოგადი განათლების დაფინანსება ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ დამტკიცებული პროგრამით, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილისაგან განსხვავებული წესით.

საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3619 - სსმ I, №51, 29.09.2010 წ., მუხ.332

საქართველოს 2015 წლის 12  ივნისის   კანონი № 3711  – ვებგვერდი, 24.06.2015წ.

    მუხლი 115. ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა პროფესიული განათლება

1. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში ბრალდებულთათვის/ მსჯავრდებულთათვის უნდა შეიქმნას პროფესიული განათლების მიღების პირობები.

2. ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა პროფესიული განათლების დროს უპირატესობა ეძლევა იმ პროფესიებს, რომელთა შესწავლაც თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების პირობებშია შესაძლებელი.

3. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში პროფესიული განათლების შედეგად მიღებულ კვალიფიკაციას ადასტურებს საატესტაციო ორგანო „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად.

საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3619 - სსმ I, №51, 29.09.2010 წ., მუხ.332

 

თავი XIX. მსჯავრდებულთა სარეაბილიტაციო პროგრამები

    მუხლი 116. მსჯავრდებულის რესოციალიზაცია

1. მსჯავრდებულის რესოციალიზაცია არის მსჯავრდებულში საზოგადოების, სხვა ადამიანების, ზნეობის ნორმებისა და ადამიანთა თანაცხოვრების დამკვიდრებული წესებისადმი პატივისცემისა და პასუხისმგებლობის გრძნობის ჩამოყალიბება.

2. მსჯავრდებულის რესოციალიზაციის ძირითადი საშუალებებია:

ა) სასჯელის მოხდა დადგენილი წესის შესაბამისად;

ბ) სარეაბილიტაციო პროგრამების განხორციელება;

გ) აღმზრდელობითი მუშაობა არასრულწლოვანთა მიმართ;

დ) მსჯავრდებულთა დასაქმება;

ე) ზოგადი და პროფესიული განათლების მიღება;

ვ) საზოგადოებასთან ურთიერთობა.

3. მსჯავრდებულის რესოციალიზაციის საშუალებები გამოიყენება დანიშნული სასჯელის სახის, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, მსჯავრდებულის პიროვნების, მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობისა და ქცევის გათვალისწინებით.

4. მსჯავრდებულის რესოციალიზაციას დეპარტამენტი და პენიტენციური დაწესებულებები უზრუნველყოფენ სოციალური მუშაკებისა და შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სხვა პირების მეშვეობით.

საქართველოს 2015  წლის 1 მაისის  კანონი №3523  - ვებგვერდი, 18.05.2015წ.

    მუხლი 117. მსჯავრდებულთა სარეაბილიტაციო პროგრამების ამოცანები

1. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მსჯავრდებულთან ტარდება სარეაბილიტაციო მუშაობა, რომლის მიზანია:

ა) მსჯავრდებულში კანონის, სხვა ადამიანების, შრომის, ადამიანთა თანაცხოვრების დამკვიდრებული წესებისა და ნორმებისადმი პატივისცემის გრძნობის ჩამოყალიბება;

ბ) თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მსჯავრდებულთა შორის ნორმალური ფსიქოლოგიური ატმოსფეროს შექმნა;

გ) მსჯავრდებულთა განათლებისა და პროფესიული დონის ამაღლება;

დ) მსჯავრდებულთა მომზადება გათავისუფლებისათვის;

ე) სხვადასხვა დამოკიდებულების მქონე პირთა რეაბილიტაცია.

2. სარეაბილიტაციო პროგრამებში მონაწილეობა გათვალისწინებული იქნება მსჯავრდებულის გამოსწორების ხარისხის შეფასებისას და მის მიმართ წახალისების ფორმის გამოყენებისას.

    მუხლი 118. მსჯავრდებულთა სარეაბილიტაციო პროგრამების ორგანიზება

1. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში სარეაბილიტაციო პროგრამების ორგანიზებას უზრუნველყოფს ადმინისტრაცია.

2. სამინისტრო მსჯავრდებულთა რეაბილიტაციის მიზნით თანამშრომლობს სახელმწიფო უწყებებთან და სხვა ორგანიზაციებთან.

3. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დღის განრიგი უნდა ითვალისწინებდეს სარეაბილიტაციო პროგრამებში მსჯავრდებულთა მონაწილეობის დროს.

4. სარეაბილიტაციო პროგრამებში მონაწილეობა ხდება მსჯავრდებულის თანხმობით.

5. მსჯავრდებულთან სარეაბილიტაციო მუშაობა ტარდება მისი პიროვნული თვისებებისა და ჩადენილი დანაშაულის ხასიათის გათვალისწინებით.

5 1. პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში ოპიოიდებზე დამოკიდებული პირებისთვის ჩანაცვლებითი მკურნალობის პროგრამების განხორციელების წესი განისაზღვრება მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.

6. სარეაბილიტაციო პროგრამების ორგანიზებისათვის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში იქმნება შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და, საჭიროების შემთხვევაში, მოიწვევა სპეციალისტები.

7. ოჯახური დანაშაულის ჩამდენი პირის რეაბილიტაციის მიზნით სამინისტროს ორგანიზებით ტარდება ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსები. აღნიშნული კურსების ორგანიზებას სამინისტრო უზრუნველყოფს სახელმწიფო უწყებებთან და სხვა დაინტერესებულ და შესაბამის სფეროში საქმიანობის გამოცდილების მქონე ორგანიზაციებთან თანამშრომლობით.

    მუხლი 1181. სამინისტროს სისტემაში კრიმინოლოგიური კვლევების განხორციელება

სამინისტრო ხელს უწყობს მის სისტემაში ისეთი კრიმინოლოგიური კვლევების განხორციელებას, რომელთა მიზანია მსჯავრდებულის რესოციალიზაციის, დანაშაულის პრევენციისა და სარეაბილიტაციო პროგრამების მეცნიერული შესწავლა.

 

თავი XX. სამედიცინო მომსახურების ორგანიზება

    მუხლი 119. ბრალდებულის/მსჯავრდებულის სამედიცინო მომსახურება

ბრალდებულის/მსჯავრდებულის სამედიცინო მომსახურება ხორციელდება ჯანმრთელობის დაცვის სფეროში ქვეყანაში დადგენილი სამედიცინო მომსახურების მოთხოვნების შესაბამისად.

    მუხლი 120. ბრალდებულის/მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის კონტროლი

1. პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მისვლისთანავე ბრალდებული/მსჯავრდებული გადის სამედიცინო შემოწმებას.

2. ბრალდებულის/მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მოწმდება წელიწადში ერთხელ მაინც. დაავადებულ ბრალდებულს/ მსჯავრდებულს უტარდება გადაუდებელი მკურნალობა.

3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორიდან პენიტენციური დაწესებულებისთვის ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან დაკავშირებული სამედიცინო ხასიათის ინფორმაციის მიწოდება ხდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და მინისტრის ერთობლივი ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად.

საქართველოს 2015  წლის 1 მაისის  კანონი №3523  - ვებგვერდი, 18.05.2015წ.

    მუხლი 121. მკურნალობა პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში

1. ყველა პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში უნდა შეიქმნას საექიმო-სამედიცინო პუნქტი.

2. თუ ბრალდებულის/მსჯავრდებულის მკურნალობა არ შეიძლება განხორციელდეს პატიმრობის/თავი-სუფლების აღკვეთის დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტში, იგი შეიძლება გადაყვანილ იქნეს დეპარტამენტის დაქვემდებარებაში არსებულ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში ან საერთო პროფილის საავადმყოფოში. 

    მუხლი 1211. ბრალდებულის/მსჯავრდებულის საერთო პროფილის საავადმყოფოში ყოფნის პირობები

1. ბრალდებულის/მსჯავრდებულის საერთო პროფილის საავადმყოფოში გაყვანის შემთხვევაში მის მიმღებ საავადმყოფოში ეწყობა დროებითი საგუშაგო.

2. დროებითი საგუშაგო შედგება საბადრაგო ჯგუფის წევრებისგან, რომლებიც უზრუნველყოფენ დაცვასა და მეთვალყურეობას. საჭიროების შემთხვევაში დროებითი საგუშაგო შესაძლებელია გაძლიერდეს სხვა მოსამსახურეებით.

3. ბრალდებულის/მსჯავრდებულის საერთო პროფილის საავადმყოფოში ყოფნისას:

ა) ბრალდებულის/მსჯავრდებულის ახლო ნათესავებს (შვილი, მეუღლე, პირი, რომელთანაც საერთო შვილი ჰყავს, მშობელი (მშვილებელი), დედინაცვალი, მამინაცვალი, მეუღლის მშობელი, ნაშვილები, გერი და მისი შთამომავალი, შვილიშვილი, და, ძმა, დისწული, ძმისწული და მათი შვილები, ბებია, პაპა, ბიძა (დედის ძმა, მამის ძმა), დეიდა, მამიდა, ბიძაშვილი, დეიდაშვილი, მამიდაშვილი, აგრეთვე პირი, რომელთანაც ცხოვრობდა და საერთო მეურნეობას ეწეოდა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხვედრამდე ბოლო 1 წლის განმავლობაში) მკურნალი ექიმის რეკომენდაციითა და დეპარტამენტის დირექტორის თანხმობით შეიძლება მიეცეთ ბრალდებულის/მსჯავრდებულის მინისტრის მიერ დადგენილი წესითა და ოდენობით მონახულების უფლება;

ბ) მკურნალი ექიმის რეკომენდაციითა და დეპარტამენტის დირექტორის თანხმობით ბრალდებულის/მსჯავრდებულის მონახულების უფლება შეიძლება მიეცეს იმ პირსაც, რომელიც გათვალისწინებული არ არის ამ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით;

გ) თუ საავადმყოფო ბრალდებულს/მსჯავრდებულს ვერ უზრუნველყოფს მომვლელის მომსახურებით, ამ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირებს საავადმყოფოს ხელმძღვანელის რეკომენდაციითა და დეპარტამენტის დირექტორის თანხმობით შეიძლება მიეცეთ ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან მომვლელად ყოფნის უფლება;

დ) ბრალდებულს/მსჯავრდებულს, მკურნალობის აუცილებლობიდან გამომდინარე, მკურნალი ექიმის რეკომენდაციითა და დეპარტამენტის დირექტორის თანხმობით შეიძლება მიეცეს დამატებითი კვების პროდუქტების მიღების უფლება;

ე) ბრალდებულს/მსჯავრდებულს, მისი მოთხოვნის შემთხვევაში, დეპარტამენტის დირექტორის თანხმობით შეიძლება მიეცეს პირადი ჰიგიენისთვის საჭირო ნივთების/საშუალებების, ტანსაცმლის, თეთრეულისა და სხვა საგნების ამანათის სახით მიღების უფლება.

4. იმ ქალი მსჯავრდებულის, რომელსაც თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში ჰყავს 3 წლამდე ბავშვი, საერთო პროფილის საავადმყოფოში გაყვანისას დაწესებულების ექიმის რეკომენდაციითა და დეპარტამენტის დირექტორის თანხმობით შესაძლებელია დედასთან ერთად ბავშვიც იქნეს გაყვანილი.

5. საერთო პროფილის საავადმყოფოში 3 წლამდე ბავშვის გაყვანის შემთხვევაში თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ექიმის რეკომენდაციითა და დეპარტამენტის დირექტორის თანხმობით, როგორც წესი, ქალი მსჯავრდებული გაყვანილი უნდა იქნეს შვილთან ერთად. ეს უფლება შეიძლება შეიზღუდოს დეპარტამენტის დირექტორის დასაბუთებული გადაწყვეტილებით.

6. ბრალდებულის/მსჯავრდებულის საერთო პროფილის საავადმყოფოში ყოფნის პერიოდში მასზე არ ვრცელდება ამ კოდექსის მე-17–173 მუხლებით გათვალისწინებული პაემნების უფლებები.

7. ბრალდებულის/მსჯავრდებულის საერთო პროფილის საავადმყოფოში გაყვანის და საავადმყოფოში ყოფნის საერთო პირობები და წესი ამ მუხლის საფუძველზე განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.

    მუხლი 122. მსჯავრდებულისთვის ფსიქიატრიული დახმარების გაწევა

1. თუ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულს, რომლის მიმართაც დასრულებულია სამართალწარმოება, აღენიშნება ფსიქიკური აშლილობის ნიშნები და სამინისტროს ფსიქიატრიული კომისია მიზანშეწონილად მიიჩნევს არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარების გაწევას, ადმინისტრაცია სამინისტროს ფსიქიატრიული კომისიის დასკვნის საფუძველზე მიმართავს უფლებამოსილ საექსპერტო დაწესებულებას სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარების მოთხოვნით.

2. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ადმინისტრაცია ვალდებულია უფლებამოსილი საექსპერტო დაწესებულების დასკვნის საფუძველზე, თუ დადასტურდება არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარების გაწევის აუცილებლობა, 48 საათში მიმართოს სასამართლოს არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარების გაწევის შესახებ.

3. სამინისტროს ფსიქიატრიული კომისიის უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.

საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3525  - სსმ I, №46, 04.08.2010 წ., მუხ.288

საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3619 - სსმ I, №51, 29.09.2010 წ., მუხ.332

 

თავი XXI. გარდამავალი დებულებანი

    მუხლი 123. ბრალდებულის პაემანი 2016 წლის 1 იანვრამდე

 ბრალდებული 2016 წლის 1 იანვრამდე სარგებლობს 1 თვის განმავლობაში არაუმეტეს 4 ხანმოკლე პაემნის უფლებით, პროკურორის ან გამომძიებლის ნებართვის საფუძველზე.

საქართველოს 2013 წლის  25  დეკემბრის კანონი №1870 - ვებგვერდი, 28.12.2013წ.

    მუხლი 124. ბრალდებულის მიმოწერა და სატელეფონო საუბარი 2016 წლის 1 იანვრამდე

ბრალდებულს 2016 წლის 1 იანვრამდე უფლება აქვს, ადმინისტრაციის კონტროლით, საკუთარი ხარჯით აწარმოოს მიმოწერა და 1 თვის განმავლობაში 3-ჯერ ჰქონდეს სატელეფონო საუბარი, თითოეული – არაუმეტეს 15 წუთისა, მხოლოდ გამომძიებლის, პროკურორის ან სასამართლოს ნებართვით.

    მუხლი 1241 . ხანგრძლივი პაემნის უფლების განხორციელებასთან დაკავშირებული ღონისძიებები

  ხანგრძლივი პაემნის უფლების განხორციელების მიზნით სამინისტრომ არაუგვიანეს 2015 წლის 31 დეკემბრისა უზრუნველყოს საჭირო პირობების შექმნა და ხანგრძლივი პაემნის უფლების განხორციელება ქალთა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში.

    მუხლი 125. კოდექსის ამოქმედებისათვის განსახორციელებელი ღონისძიებები

1. ამ კოდექსის ამოქმედებიდან ორი თვის ვადაში მინისტრმა უზრუნველყოს ამ კოდექსით გათვალისწინებული ნორმატიული აქტების გამოცემა.

11. ამ კოდექსის ამოქმედებიდან ორი თვის ვადაში მინისტრმა უზრუნველყოს იმ პირთა წრის განსაზღვრა, რომლებიც სარგებლობენ პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის უფლებით.

2. ამ კოდექსის ამოქმედებიდან ორი თვის ვადაში მინისტრმა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა უზრუნველყონ ბრალდებულის/მსჯავრდებულის კვების ნორმების განსაზღვრის თაობაზე ერთობლივი ბრძანების გამოცემა.

3. ამ კოდექსის ამოქმედებიდან ორი თვის ვადაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა უზრუნველყოს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში ზოგადი განათლების პროგრამის დამტკიცება.

4. სამინისტროს ადგილობრივი საბჭო არის სამინისტროს მუდმივმოქმედი კომისიის უფლებამონაცვლე.

5. სამინისტროს ადგილობრივმა საბჭომ განახორციელოს სამინისტროს მუდმივმოქმედი კომისიის წარმოებაში არსებული საქმეები.

6. უფლებამოსილმა სახელმწიფო დაწესებულებებმა განახორციელონ ღონისძიებები, რათა ეტაპობრივად მოხდეს ამ კოდექსით დადგენილი საცხოვრებელი ფართობის ოდენობების საერთაშორისოდ დადგენილ სტანდარტებთან დაახლოება სახელმწიფოს შესაძლებლობების გათვალისწინებით.

7. სამინისტრომ 2015 წლის 1 სექტემბრამდე უზრუნველყოს ოჯახური დანაშაულის ჩამდენ პირთათვის ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსების ორგანიზებისა და დანერგვისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება და მსჯავრდებულების მიერ შესაბამისი კურსის გავლის ვადების განსაზღვრა.

8. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა საქართველოს სახალხო დამცველთან შეთანხმებით მოამზადოს და არაუგვიანეს 2016 წლის 1 აგვისტოსი გამოსცეს ბრძანება ამ კოდექსის მე-60 მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული წესის დამტკიცების შესახებ.

საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3619 - სსმ I, №51, 29.09.2010 წ., მუხ.332

    მუხლი 1251. ლიკვიდაცია, რეორგანიზაცია და სამართალმემკვიდრეობა

1. 2015 წლის 1 ივლისს ლიკვიდირებულ იქნეს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სასჯელაღსრულების დეპარტამენტი. ამის გათვალისწინებით რეორგანიზებულ იქნეს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ლიკვიდაცია არ იწვევს მის დაქვემდებარებაში მყოფი პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების დაწესებულებების ლიკვიდაციას.

2. საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მიზნებისათვის შესაბამისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ღონისძიებების განხორციელება.

3. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ არაუგვიანეს 2015 წლის 1 ივნისისა შექმნას სალიკვიდაციო კომისია, რომლის წევრთა შორის უნდა იყვნენ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში შემავალი საქვეუწყებო დაწესებულების – სასჯელაღსრულების დეპარტამენტის წარმომადგენლები.

4. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ მის სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით გამოსცეს შესაბამისი სამართლებრივი აქტები და განახორციელოს აუცილებელი ორგანიზაციული ღონისძიებები.

5. პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების დაწესებულებები რეორგანიზებულ იქნენ პენიტენციურ დაწესებულებებად. რეორგანიზაციის დასრულებამდე პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების დაწესებულებები ინარჩუნებენ 2015 წლის 30 ივნისისთვის არსებულ სტრუქტურას და განაგრძობენ ფუნქციონირებას და უფლებათა განხორციელებას და მოვალეობათა შესრულებას 2015 წლის 30 ივნისისთვის არსებული წესით. კონკრეტული პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების დაწესებულებისთვის რეორგანიზაცია დასრულდება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მიერ ამ დაწესებულების დებულებისა და საშტატო რიცხოვნობის დამტკიცებისთანავე, მაგრამ არაუგვიანეს 2015 წლის 1 სექტემბრისა. ამ თარიღამდე საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ გამოსცეს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების დაწესებულებების რეორგანიზაციისთვის საჭირო სამართლებრივი აქტები და განახორციელოს აუცილებელი ორგანიზაციული ღონისძიებები.

6. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა 2015 წლის 1 ოქტომბრამდე უზრუნველყოს სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კოდექსთან შესაბამისობა და ამ კოდექსით გათვალისწინებული ნორმატიული აქტების გამოცემა. ამასთანავე, არსებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას მინისტრის მიერ გამოცემული ახალი აქტების ძალაში შესვლამდე.

7. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მათ გაუქმებამდე, მიუხედავად იმისა, შეესაბამება თუ არა ეს აქტები ამ კოდექსის ნორმებს.

8. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო არის მის სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფლებამონაცვლე.

9. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფების წარმოებაში არსებული საქმეები გადაეცეს სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებს/ერთეულებს. აღნიშნული საქმეების განხილვის ვადის დინება ხელახლა დაიწყება, თუ ამ საქმეების განხილვის მიმდინარე ვადაში დასრულება ობიექტური გარემოებების გამო შეუძლებელია. 

    მუხლი 1252. რეორგანიზაციისას/ლიკვიდაციისას პირის (მოსამსახურის) თანამდებობაზე გადაყვანა

1. ის პირი, რომელიც 2015 წლის 1 ივნისისთვის არის პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოს მოსამსახურე და მუშაობს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველოში, ადმინისტრაციულ სამმართველოში, სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოში, ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოში, საფინანსო სამმართველოში ან მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოში, რეორგანიზაციისას/ლიკვიდაციისას შესაძლებელია მისივე თანხმობით, უკონკურსოდ გადაყვანილ იქნეს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამოქალაქო სამსახურში შემავალ სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფში სხვა თანამდებობაზე, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ბრძანების საფუძველზე. აღნიშნულ მოსამსახურეს არ ენიჭება სამხედრო ან სახელმწიფო სპეციალური წოდება.

2. ის მოსამსახურე, რომელიც 2015 წლის 1 ივნისისთვის მუშაობს მოვალეობის შემსრულებლად და სამსახურებრივ უფლებამოსილებას ახორციელებს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველოში, ადმინისტრაციულ სამმართველოში, სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოში, ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოში, საფინანსო სამმართველოში ან მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოში, რეორგანიზაციისას/ლიკვიდაციისას შესაძლებელია მისივე თანხმობით გადაყვანილ იქნეს მოვალეობის შემსრულებლად საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამოქალაქო სამსახურში შემავალ სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფში სხვა თანამდებობაზე, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ბრძანების საფუძველზე. აღნიშნულ მოსამსახურეს არ ენიჭება სამხედრო ან სახელმწიფო სპეციალური წოდება. მასზე ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი მოთხოვნები.

3. ის მოსამსახურე, რომელიც 2015 წლის 1 ივნისისთვის სამსახურებრივ უფლებამოსილებას ახორციელებს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების დაწესებულების სოციალურ განყოფილებაში, საზოგადოებრივ მისაღებში, მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილებაში, კანცელარიაში, ბუღალტერიაში, კადრებში ან არის დაწესებულების უფროსი ინსპექტორი (იურისტი) ან საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სოციალური უზრუნველყოფის სამმართველოს მოსამსახურე, რეორგანიზაციისას/ლიკვიდაციისას შესაძლებელია მისივე თანხმობით, უკონკურსოდ გადაყვანილ იქნეს პენიტენციური დეპარტამენტის სოციალურ სამსახურში, პენიტენციური დაწესებულების სოციალურ სამსახურში ან პენიტენციური დაწესებულების იმ სამსახურში, რომელიც ახორციელებს ლოჯისტიკურ, საფინანსო, ორგანიზაციულ ან სამართლებრივ უზრუნველყოფას, შესაბამის თანამდებობაზე დანიშვნის უფლებამოსილების მქონე პირის ბრძანების საფუძველზე. აღნიშნულ მოსამსახურეს არ ენიჭება სამხედრო ან სახელმწიფო სპეციალური წოდება.

4. ის პირი, რომელიც 2015 წლის 1 ივნისისთვის მუშაობს მოვალეობის შემსრულებლად და სამსახურებრივ უფლებამოსილებას ახორციელებს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების დაწესებულების სოციალურ განყოფილებაში, საზოგადოებრივ მისაღებში, მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილებაში, კანცელარიაში, ბუღალტერიაში, კადრებში ან არის დაწესებულების უფროსი ინსპექტორი (იურისტი) ან საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სოციალური უზრუნველყოფის სამმართველოს მოსამსახურე, რეორგანიზაციისას/ლიკვიდაციისას შესაძლებელია მისივე თანხმობით გადაყვანილ იქნეს მოვალეობის შემსრულებლად პენიტენციური დეპარტამენტის სოციალურ სამსახურში, პენიტენციური დაწესებულების სოციალურ სამსახურში ან პენიტენციური დაწესებულების იმ სამსახურში, რომელიც ახორციელებს ლოჯისტიკურ, საფინანსო, ორგანიზაციულ ან სამართლებრივ უზრუნველყოფას, შესაბამის თანამდებობაზე დანიშვნის უფლებამოსილების მქონე პირის ბრძანების საფუძველზე. აღნიშნულ მოსამსახურეს არ ენიჭება სამხედრო ან სახელმწიფო სპეციალური წოდება. მასზე ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი მოთხოვნები.

5. ის პირი, რომელიც 2015 წლის 1 ივნისისთვის არის საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ცენტრალური აპარატის ან/და სამედიცინო დეპარტამენტის მოსამსახურე, რეორგანიზაციისას/ლიკვიდაციისას შესაძლებელია მისივე თანხმობით, უკონკურსოდ გადაყვანილ იქნეს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამოქალაქო სამსახურში საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ბრძანების საფუძველზე. აღნიშნულ მოსამსახურეს არ ენიჭება სამხედრო ან სახელმწიფო სპეციალური წოდება.

6. ის პირი, რომელიც 2015 წლის 1 ივნისისთვის მუშაობს მოვალეობის შემსრულებლად და სამსახურებრივ უფლებამოსილებას ახორციელებს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ცენტრალურ აპარატში ან/და სამედიცინო დეპარტამენტში, რეორგანიზაციისას/ლიკვიდაციისას შესაძლებელია მისივე თანხმობით გადაყვანილ იქნეს მოვალეობის შემსრულებლად საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამოქალაქო სამსახურში შემავალ სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფში იმავე ან სხვა თანამდებობაზე, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ბრძანების საფუძველზე. აღნიშნულ მოსამსახურეს არ ენიჭება სამხედრო ან სახელმწიფო სპეციალური წოდება. მასზე ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი მოთხოვნები.

7. თუ ამ მუხლის პირველი–მე-6 ნაწილებით განსაზღვრული პირი უარს განაცხადებს შეთავაზებულ თანამდებობაზე გადაყვანაზე, შესაბამის თანამდებობაზე დანიშვნის უფლებამოსილების მქონე პირს შეუძლია მოსამსახურე გაათავისუფლოს სამსახურიდან ლიკვიდაციის გამო. ლიკვიდაციის გამო სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევაში მოსამსახურეს უნდა მიეცეს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 109-ე მუხლით გათვალისწინებული კომპენსაცია.

 

თავი XXII. დასკვნითი დებულებანი

    მუხლი 126. ძალადაკარგული ნორმატიული აქტები

ამ კოდექსის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს:

ა) საქართველოს 1999 წლის 22 ივლისის კანონი „პატიმრობის შესახებ“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №38(45), 1999 წელი, მუხ. 182);

ბ) „სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის უფლების მინიჭების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 3 აგვისტოს 309 ბრძანებულება.

საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3619 - სსმ I, №51, 29.09.2010 წ., მუხ.332

    მუხლი 127. კოდექსის ამოქმედება

1. ეს კოდექსი, გარდა ამ კოდექსის 70-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტისა, 77-ე მუხლის პირველი ნაწილისა, 79-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტისა და მე-2 ნაწილისა, ამოქმედდეს 2010 წლის 1 ოქტომბრიდან.

2. ამ კოდექსის 70-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2012 წლის 1 იანვრიდან.

3. ამ კოდექსის 77-ე მუხლის პირველი ნაწილი, 79-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი და მე-2 ნაწილი ამოქმედდეს 2016 წლის 1 იანვრიდან.

4. (ამოღებულია - 01.05.2015, №3523).

საქართველოს პრეზიდენტი                    მ. სააკაშვილი

თბილისი,

2010 წლის 9 მარტი.

№2696–Iს

43. 15/12/2023 - საქართველოს კანონი - 3988-XIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 26/12/2023 42. 30/11/2023 - საქართველოს კანონი - 3857-XIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 15/12/2023 41. 22/11/2023 - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება - 2/8/1444 - ვებგვერდი, 27/11/2023 40. 21/09/2023 - საქართველოს კანონი - 3512-XIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 12/10/2023 39. 24/05/2022 - საქართველოს კანონი - 1572-VIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 06/06/2022 38. 30/12/2021 - საქართველოს კანონი - 1323-VIIრს-Xმპ - ვებგვერდი, 13/01/2022 37. 02/11/2021 - საქართველოს კანონი - 979-VIმს-Xმპ - ვებგვერდი, 05/11/2021 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 36. 05/07/2021 - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება - 1/3/1441 - ვებგვერდი, 08/07/2021 35. 16/03/2021 - საქართველოს კანონი - 371-IVმს-Xმპ - ვებგვერდი, 18/03/2021 34. 15/07/2020 - საქართველოს კანონი - 6944-რს - ვებგვერდი, 28/07/2020 33. 14/07/2020 - საქართველოს კანონი - 6836-რს - ვებგვერდი, 28/07/2020 32. 17/03/2020 - საქართველოს კანონი - 5759-IIს - ვებგვერდი, 23/03/2020 31. 29/11/2019 - საქართველოს კანონი - 5392-Iს - ვებგვერდი, 10/12/2019 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 30. 01/11/2019 - საქართველოს კანონი - 5280-Iს - ვებგვერდი, 04/11/2019 29. 20/09/2019 - საქართველოს კანონი - 5029-Iს - ვებგვერდი, 01/10/2019 28. 28/06/2019 - საქართველოს კანონი - 4897-IIს - ვებგვერდი, 28/06/2019 27. 27/12/2018 - საქართველოს კანონი - 4252-რს - ვებგვერდი, 29/12/2018 26. 21/07/2018 - საქართველოს კანონი - 3278-რს - ვებგვერდი, 09/08/2018 25. 05/07/2018 - საქართველოს კანონი - 3128-რს - ვებგვერდი, 11/07/2018 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 24. 23/12/2017 - საქართველოს კანონი - 1942-რს - ვებგვერდი, 29/12/2017 23. 01/06/2017 - საქართველოს კანონი - 943-IIს - ვებგვერდი, 20/06/2017 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 22. 04/05/2017 - საქართველოს კანონი - 770-IIს - ვებგვერდი, 25/05/2017 21. 27/04/2016 - საქართველოს კანონი - 5015-IIს - ვებგვერდი, 13/05/2016 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 20. 08/07/2015 - საქართველოს კანონი - 3939-რს - ვებგვერდი, 15/07/2015 19. 12/06/2015 - საქართველოს კანონი - 3711-IIს - ვებგვერდი, 24/06/2015 18. 01/05/2015 - საქართველოს კანონი - 3523-IIს - ვებგვერდი, 18/05/2015 17. 20/03/2015 - საქართველოს კანონი - 3353-IIს - ვებგვერდი, 31/03/2015 16. 31/10/2014 - საქართველოს კანონი - 2758-Iს - ვებგვერდი, 11/11/2014 15. 17/10/2014 - საქართველოს კანონი - 2701-Iს - ვებგვერდი, 31/10/2014 14. 29/05/2014 - საქართველოს კანონი - 2486-IIს - ვებგვერდი, 02/06/2014 13. 16/04/2014 - საქართველოს კანონი - 2241-IIს - ვებგვერდი, 02/05/2014 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 12. 25/12/2013 - საქართველოს კანონი - 1870-რს - ვებგვერდი, 28/12/2013 11. 13/12/2013 - საქართველოს კანონი - 1787-Iს - ვებგვერდი, 28/12/2013 10. 24/09/2013 - საქართველოს კანონი - 1295-რს - ვებგვერდი, 08/10/2013 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 9. 19/04/2013 - საქართველოს კანონი - 559-IIს - ვებგვერდი, 10/05/2013 8. 19/06/2012 - საქართველოს კანონი - 6504-Iს - ვებგვერდი, 02/07/2012 7. 12/06/2012 - საქართველოს კანონი - 6439-რს - ვებგვერდი, 22/06/2012 6. 22/05/2012 - საქართველოს კანონი - 6257-Iს - ვებგვერდი, 06/06/2012 5. 11/11/2011 - საქართველოს კანონი - 5255-IIს - ვებგვერდი, 111124015, 24/11/2011 4. 25/02/2011 - საქართველოს კანონი - 4259-Iს - ვებგვერდი, 110310006, 10/03/2011 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 3. 15/12/2010 - საქართველოს კანონი - 4048-რს - სსმ, 75, 27/12/2010 2. 24/09/2010 - საქართველოს კანონი - 3619-რს - სსმ, 51, 29/09/2010 1. 21/07/2010 - საქართველოს კანონი - 3525 - სსმ, 46, 04/08/2010