„სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

  • Word
„სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 2711
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 09/03/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ორგანული კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 12, 24/03/2010
სარეგისტრაციო კოდი 150.000.000.04.001.003.904
  • Word
2711
09/03/2010
სსმ, 12, 24/03/2010
150.000.000.04.001.003.904
„სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს ორგანული კანონი

„სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში (პარლამენტის უწყებანი, №13, 7.06.96, გვ. 12) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. 31 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. პრევენციის ეროვნული მექანიზმის მიზნებიდან გამომდინარე, საქართველოს სახალხო დამცველი ვალდებულია ითანამშრომლოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შესაბამის ორგანოებთან და მექანიზმებთან, აგრეთვე საერთაშორისო, რეგიონალურ და ეროვნულ ინსტიტუტებთან ან ორგანიზაციებთან, რომელთა საქმიანობის სფეროსაც განეკუთვნება წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობისაგან ან სასჯელისაგან დაკავების, პატიმრობისა და თავისუფლების შეზღუდვის სხვა ადგილებში მყოფ პირთა დაცვის უზრუნველყოფა.“.

2. მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 15

პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში, დაკავების და თავისუფლების შეზღუდვის სხვა ადგილებში მყოფ პირთა მიერ საქართველოს სახალხო დამცველისათვის გაგზავნილი განცხადებები, საჩივრები და წერილები კონფიდენციალურია. მათი გახსნა და ცენზურა აკრძალულია; ისინი დაუყოვნებლივ უნდა გადაეცეს საქართველოს სახალხო დამცველს.“.

3. მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) დაუბრკოლებლად შევიდეს სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ნებისმიერ ორგანოში, საწარმოში, ორგანიზაციასა და დაწესებულებაში, მათ შორის, სამხედრო ქვედანაყოფში, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში, დაკავების და თავისუფლების შეზღუდვის სხვა ადგილებში;“.

4. მე-19 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 19

1. საქართველოს სახალხო დამცველი ან სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრი ამოწმებს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში, დაკავების და თავისუფლების შეზღუდვის სხვა ადგილებში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობას; პირადად ხვდება და ესაუბრება დაკავებულებს, პატიმრობაში მყოფთ და მსჯავრდებულებს; ამოწმებს აღნიშნულ დაწესებულებებში მათი ყოფნის დამადასტურებელ დოკუმენტაციას.

2. პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში, დაკავების და თავისუფლების შეზღუდვის სხვა ადგილებში მყოფ პირთა ქცევის რეგულარული შემოწმების, აგრეთვე წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობისაგან ან სასჯელისაგან მათი დაცვის უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს სახალხო დამცველი/სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრი:

ა) მოწმის გარეშე, პირადად ან თარჯიმნის მეშვეობით ხვდება და ესაუბრება დაკავებულებს, პატიმრობაში მყოფ ან სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდულ პირებსა და მსჯავრდებულებს, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც შეუძლიათ აღნიშნულ პირთა უფლებების დარღვევის შესახებ ინფორმაციის მიწოდება;

ბ) ამოწმებს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში, დაკავების და თავისუფლების შეზღუდვის სხვა ადგილებში მოთავსებულ პირთა იქ ყოფნის დამადასტურებელ დოკუმენტაციას.

3. საქართველოს სახალხო დამცველის/სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრის შეხვედრა დაკავებულებთან, პატიმრობაში მყოფ ან სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდულ პირებთან და მსჯავრდებულებთან კონფიდენციალურია. რაიმე სახის მიყურადება ან თვალთვალი დაუშვებელია.“.

5. 21-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის უზრუნველყოფის, დაკავებულთა, პატიმრობაში მყოფ ან სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდულ პირთა და მსჯავრდებულთა პირობებისა და მათ მიმართ მოპყრობის გაუმჯობესების, აგრეთვე წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სასჯელის თავიდან აცილების მიზნით საქართველოს კანონმდებლობასთან და კანონპროექტებთან დაკავშირებით წინადადებები, შენიშვნები და რეკომენდაციები წარუდგინოს საქართველოს პარლამენტს ან სხვა შესაბამის ორგანოს;“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2010 წლის 1 ოქტომბრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი                                      

მ. სააკაშვილი

თბილისი,

2010 წლის 9 მარტი.

№2711–Iს