დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საერთო სასამართლოების მოსამართლეებთან კომუნიკაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 2673 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 26/02/2010 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 10, 16/03/2010 |
სარეგისტრაციო კოდი | 110.050.000.05.001.003.899 |
საქართველოს კანონი
„საერთო სასამართლოების მოსამართლეებთან კომუნიკაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საერთო სასამართლოების მოსამართლეებთან კომუნიკაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №29, 27.07.2007, მუხ. 317) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ეს კანონი ადგენს საერთო სასამართლოების მოსამართლეებთან პროცესის მონაწილეთა, დაინტერესებულ პირთა, საჯარო მოსამსახურეთა და სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირთა კომუნიკაციის წესს და განსაზღვრავს მათ პასუხისმგებლობას ამ წესის დარღვევისათვის.“.
2. მე-2 მუხლის:
ა) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) საჯარო მოსამსახურე – „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლით განსაზღვრული პირები, გარდა სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებისა;“;
ბ) „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:
„ე) სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირი – „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული პირები.“.
3. მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქმის სასამართლოში შესვლის მომენტიდან ამ საქმეზე გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, აგრეთვე სისხლის სამართლის საქმის წინასწარი გამოძიების სტადიაზე აკრძალულია მოსამართლესთან პროცესის მონაწილეთა, დაინტერესებულ პირთა, საჯარო მოსამსახურეთა და სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირთა კომუნიკაცია, რომელიც დაკავშირებულია კონკრეტული საქმის ან საკითხის განხილვასთან ან/და საქმის სავარაუდო შედეგთან და არღვევს სასამართლოს/მოსამართლის დამოუკიდებლობის, მიუკერძოებლობისა და სასამართლო პროცესის შეჯიბრებითობის პრინციპებს.“.
4. მე-4–მე-9 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4. მოსამართლის (სასამართლოს თავმჯდომარის) პასუხისმგებლობა
1. მოსამართლესთან პროცესის მონაწილის, დაინტერესებული პირის, საჯარო მოსამსახურის ან სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კომუნიკაციის შემთხვევაში მოსამართლე ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე დაუყოვნებლივ, წერილობით შეატყობინოს სასამართლოს თავმჯდომარეს ან მის მიერ უფლებამოსილ მოსამართლეს. თუ კომუნიკაცია განხორციელდა სასამართლოს თავმჯდომარესთან, სასამართლოს თავმჯდომარე აღნიშნულის თაობაზე დაუყოვნებლივ, წერილობით ატყობინებს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს თავმჯდომარეს ან მის მიერ უფლებამოსილ მოსამართლეს. თუ კომუნიკაცია განხორციელდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლესთან, იგი აღნიშნულის თაობაზე დაუყოვნებლივ, წერილობით ატყობინებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პირველ მოადგილეს ან სასამართლოს თავმჯდომარის მიერ უფლებამოსილ მოადგილეს. თუ კომუნიკაცია განხორციელდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესთან, იგი აღნიშნულის თაობაზე დაუყოვნებლივ, წერილობით ატყობინებს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს.
2. კომუნიკაციის თაობაზე წერილობითი შეტყობინების განხილვაზე უფლებამოსილი მოსამართლე, აგრეთვე ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია მოსამართლესთან ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კომუნიკაციის შემთხვევაში პროცესის მონაწილის, დაინტერესებული პირის, საჯარო მოსამსახურის და სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის მიმართ გამოიყენოს შემდეგი ღონისძიებები:
ა) მიიღოს გადაწყვეტილება მისი დაჯარიმების შესახებ;
ბ) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის წინაშე დასვას მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხი.
3. მოსამართლის (სასამართლოს თავმჯდომარის) მიერ ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით, ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრულ მოთხოვნათა დარღვევა გამოიწვევს „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ დისციპლინურ პასუხისმგებლობას იმავე კანონით დადგენილი წესით.
მუხლი 5. პროკურატურის მუშაკის პასუხისმგებლობა
პროკურატურის მუშაკის მიერ ამ კანონის მე-3 მუხლით განსაზღვრული მოთხოვნის დარღვევა განიხილება პროკურატურის მუშაკისათვის შეუფერებელ საქციელად და გამოიწვევს „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ დისციპლინურ პასუხისმგებლობას და დაჯარიმებას ამ კანონით დადგენილი წესით.
მუხლი 6. ადვოკატის პასუხისმგებლობა
ადვოკატის მიერ ამ კანონის მე-3 მუხლით განსაზღვრული მოთხოვნის დარღვევა განიხილება ადვოკატთა პროფესიული ეთიკის ნორმების დარღვევად და გამოიწვევს „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ დისციპლინურ პასუხისმგებლობას და დაჯარიმებას ამ კანონით დადგენილი წესით.
მუხლი 7. გამომძიებლის პასუხისმგებლობა
გამომძიებლის მიერ ამ კანონის მე-3 მუხლით განსაზღვრული მოთხოვნის დარღვევა გამოიწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ დისციპლინურ პასუხისმგებლობას და დაჯარიმებას ამ კანონით დადგენილი წესით.
მუხლი 8. საჯარო მოსამსახურისა და სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის პასუხისმგებლობა
საჯარო მოსამსახურის და სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ ამ კანონის მე-3 მუხლით განსაზღვრული მოთხოვნის დარღვევა გამოიწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ დისციპლინურ პასუხისმგებლობას და დაჯარიმებას ამ კანონით დადგენილი წესით.
მუხლი 9. პროცესის მონაწილის, დაინტერესებული პირის, საჯარო მოსამსახურისა და სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის დაჯარიმება
1. პროცესის მონაწილის, დაინტერესებული პირის, საჯარო მოსამსახურის მიერ ამ კანონის მოთხოვნათა დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას არა უმეტეს 5 000 ლარისა.
2. სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ ამ კანონის მოთხოვნათა დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას არა უმეტეს 10 000 ლარისა.“.
5. მე-10 მუხლის:
ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მოსამართლესთან ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კომუნიკაციის თაობაზე წერილობით შეტყობინებას უფლებამოსილი მოსამართლე განიხილავს მისი მიღებიდან 14 დღის ვადაში და იღებს გადაწყვეტილებას პროცესის მონაწილის, დაინტერესებული პირის, საჯარო მოსამსახურის და სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის დაჯარიმების შესახებ და მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის წინაშე დასმის თაობაზე.
2. კომუნიკაციის თაობაზე წერილობითი შეტყობინების განხილვაში მონაწილეობის უფლება აქვს პირს, რომელსაც, წერილობითი შეტყობინების თანახმად, მოსამართლესთან ჰქონდა ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კომუნიკაცია, მის ადვოკატს (კანონიერ წარმომადგენელს), აგრეთვე კომუნიკაციის თაობაზე წერილობითი შეტყობინების ავტორს. კომუნიკაციის თაობაზე წერილობითი შეტყობინების განხილვაზე უფლებამოსილ მოსამართლეს უფლება აქვს, გამოიძახოს და დაკითხოს პირი, რომლის ჩვენებასაც არსებითი მნიშვნელობა აქვს წერილობითი შეტყობინების განხილვისათვის, წინადადება მისცეს მხარეებს, წარმოადგინონ წერილობით შეტყობინებაში მითითებული ინფორმაციის შემოწმებისათვის საჭირო დოკუმენტები და სხვა მტკიცებულებანი. მოსამართლესთან ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კომუნიკაციის თაობაზე წერილობითი შეტყობინების განხილვაზე უფლებამოსილ მოსამართლეს შეუძლია ჩაატაროს ზეპირი მოსმენა მხარეთა მონაწილეობით. მხარეთა გამოუცხადებლობა არ აბრკოლებს კომუნიკაციის თაობაზე წერილობითი შეტყობინების განხილვას. თუ ზეპირ მოსმენაში მონაწილეობენ მხარეები, მათ უფლება აქვთ, განმარტებები მისცენ შეტყობინების განხილვაზე უფლებამოსილ მოსამართლეს და ჩამოაყალიბონ თავიანთი მოსაზრებები. დაჯარიმების შესახებ განკარგულება დასაბუთებული უნდა იყოს და უნდა შეიცავდეს მითითებას ამ კანონის მოთხოვნათა დარღვევაზე და იმ გარემოებებზე, რომლებითაც დასტურდება ასეთი დარღვევის ჩადენის ფაქტი. დაჯარიმების შესახებ განკარგულება დაუყოვნებლივ ეგზავნება მხარეებს და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს.“;
ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5–მე-7 პუნქტები:
„5. თუ კომუნიკაციის თაობაზე წერილობითი შეტყობინების განხილვაზე უფლებამოსილი მოსამართლე ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ ვადაში არ განიხილავს მოსამართლესთან ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კომუნიკაციის თაობაზე წერილობით შეტყობინებას, წერილობითი შეტყობინების ავტორი მოსამართლე უფლებამოსილია მიმართოს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს.
6. მოსამართლესთან ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კომუნიკაციის თაობაზე წერილობით შეტყობინებას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო განიხილავს მისი მიღებიდან 1 თვის ვადაში და იღებს გადაწყვეტილებას პროცესის მონაწილის, დაინტერესებული პირის, საჯარო მოსამსახურის, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის დაჯარიმების შესახებ და საჯარო მოსამსახურისა და სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხზე შესაბამისი რეაგირების მიზნით ამ კანონის მე-11 მუხლის პირველი–მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ თანამდებობის პირთათვის მიმართვის შესახებ. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლესთან ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კომუნიკაციის თაობაზე წერილობით შეტყობინებას განიხილავს ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით.
7. თუ წარმოდგენილი მასალების განხილვის შედეგად მოსამართლესთან ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კომუნიკაციის თაობაზე წერილობითი შეტყობინების განხილვაზე უფლებამოსილი მოსამართლე ან საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო დაასკვნის, რომ ქმედება შეიძლება შეიცავდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს, იგი საქმის მასალებს ქვემდებარეობის მიხედვით უგზავნის შესაბამის საგამოძიებო ორგანოებს.“.
6. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 111 და 112 მუხლები:
„მუხლი 111. დაჯარიმების შესახებ განკარგულების გასაჩივრება
1. მოსამართლესთან ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კომუნიკაციის თაობაზე წერილობითი შეტყობინების განხილვაზე უფლებამოსილი მოსამართლის განკარგულება პროცესის მონაწილის, დაინტერესებული პირის, საჯარო მოსამსახურის, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის დაჯარიმების შესახებ შეიძლება 3 დღის ვადაში ერთჯერადად გაასაჩივროს პირმა, რომელსაც შეეფარდა ჯარიმა, ან მისმა ადვოკატმა (კანონიერმა წარმომადგენელმა), აგრეთვე მოსამართლემ, რომელთანაც, მისი შეტყობინების თანახმად, განხორციელდა ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კომუნიკაცია, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს თავმჯდომარესთან ან მის მიერ უფლებამოსილ მოსამართლესთან, ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის განკარგულება – საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესთან.
2. საჩივრის განხილვისას საჩივრის განმხილველი პირი ამოწმებს, დაჯარიმების შესახებ განკარგულების გამოტანისას დაიცვა თუ არა კომუნიკაციის თაობაზე წერილობითი შეტყობინების განხილვაზე უფლებამოსილმა მოსამართლემ ამ კანონის მე-10 მუხლით განსაზღვრული მოთხოვნები.
3. საჩივრის განმხილველი პირი საჩივარს განიხილავს 7 დღის ვადაში და იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა) გასაჩივრებული განკარგულების ძალაში დატოვებისა და საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ;
ბ) გასაჩივრებული განკარგულების გაუქმების, შეცვლის ან საჩივრის სრულად (ნაწილობრივ) დაკმაყოფილების შესახებ.
4. საჩივრის განხილვის შედეგად გამოტანილი დადგენილების ასლები გადაეცემა მხარეებს და ეგზავნება საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს. დადგენილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მუხლი 112. საერთო სასამართლოების მოსამართლეებთან კომუნიკაციის თაობაზე ინფორმაციის საჯაროობა
1. მოსამართლესთან ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კომუნიკაციის თაობაზე წერილობითი შეტყობინების განხილვაზე უფლებამოსილი მოსამართლე ვალდებულია დაჯარიმების შესახებ განკარგულება, ასევე ნებისმიერი სხვა სტატისტიკური ინფორმაცია ამ კანონის გამოყენების შესახებ დაუყოვნებლივ მიაწოდოს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს.
2. ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კომუნიკაციის თაობაზე ინფორმაცია საჯაროა, გარდა ინფორმაციისა იმ მოსამართლის ვინაობის შესახებ, რომელთანაც განხორციელდა კომუნიკაცია, და ინფორმაციისა იმ საქმის შესახებ, რომლის თაობაზედაც განხორციელდა კომუნიკაცია.
3. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო საერთო სასამართლოების მოსამართლეებთან ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კომუნიკაციის თაობაზე ინფორმაციის საჯაროობის უზრუნველსაყოფად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოებს ამ კანონის გამოყენების შესახებ სტატისტიკური ინფორმაციის ერთიან ბაზას, რომელიც აგრეთვე მოიცავს ინფორმაციას ამ კანონით გათვალისწინებული წესით დაჯარიმებულ პირთა ვინაობის შესახებ.“.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზრუნველყოს:
ა) საერთო სასამართლოების მოსამართლეთა ინფორმირება მოსამართლესთან კომუნიკაციის წესისა და მოსამართლესთან კომუნიკაციის შემთხვევაში მათი უფლება-მოვალეობების თაობაზე;
ბ) ამ კანონის გამოყენების შესახებ სტატისტიკური ინფორმაციის ერთიანი ბაზის შექმნა.
მუხლი 3
1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2010 წლის 26 თებერვალი.
№2673-Iს
დოკუმენტის კომენტარები