დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 2511 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 28/12/2009 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 3, 13/01/2010 |
სარეგისტრაციო კოდი | 140.120.000.05.001.003.870 |
საქართველოს კანონი
„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №14, 3.06.2003, მუხ. 90) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. მე-10 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „თ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ მოძალადეს (შემდგომში – მოძალადე) დამცავი და შემაკავებელი ორდერებით გათვალისწინებულ შემთხვევებში და ვადით ეკრძალება პირად საკუთრებაში არსებული იარაღის ტარება, ხოლო ეზღუდება ან ეკრძალება სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარება. დამცავი და შემაკავებელი ორდერების მოქმედების ან დამცავი და შემაკავებელი ორდერებით განსაზღვრულ პერიოდში მოძალადეს ჩამოერთმევა პირად საკუთრებაში არსებული იარაღი და შეეზღუდება ან ჩამოერთმევა გადაცემული სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება. ჩამორთმეული იარაღი შეინახება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.
2. მე-19 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. მოძალადეს დამცავი და შემაკავებელი ორდერებით განსაზღვრულ შემთხვევებში და ვადით ეკრძალება იარაღის შეძენა.“.
3. მე-20 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:
„3. დამცავი და შემაკავებელი ორდერების მოქმედების ან დამცავი და შემაკავებელი ორდერებით განსაზღვრულ პერიოდში მოძალადისათვის მისი კუთვნილი იარაღის (მათ შორის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის) შენახვის ან აღნიშნულ პერიოდში მისი დროებით ჩამორთმევის პირობები განისაზღვრება შესაბამისი ორდერით. დამცავი და შემაკავებელი ორდერების მოქმედების ან დამცავი და შემაკავებელი ორდერებით განსაზღვრულ შემთხვევებში მოძალადისათვის ჩამორთმეული პირად საკუთრებაში არსებული იარაღის შენახვის წესი და პირობები, აგრეთვე სამსახურებრივ-საშტატო იარაღით შეზღუდულად სარგებლობის ან/და ჩამორთმევის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით.“.
4. 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თ) ლიცენზიის (ნებართვის) მაძიებელი პირის მიმართ გამოცემულია დამცავი ან შემაკავებელი ორდერი – ამ ორდერით განსაზღვრულ შემთხვევებში და ვადით;“.
5. 28-ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:
„ე) მოძალადისაგან მის მიმართ გამოცემული შემაკავებელი ან დამცავი ორდერით განსაზღვრულ შემთხვევებში და ვადით.“.
მუხლი 2
დაევალოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ამ კანონის ამოქმედებიდან ექვსი თვის ვადაში უზრუნველყოს „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოძალადისათვის ჩამორთმეული პირად საკუთრებაში არსებული იარაღის შენახვის წესისა და პირობების, აგრეთვე სამსახურებრივ-საშტატო იარაღით შეზღუდულად სარგებლობის ან/და ჩამორთმევის წესისა და პირობების განსაზღვრის თაობაზე შესაბამისი წესის დამტკიცება.
მუხლი 3
ეს კანონი ამოქმედდეს 2010 წლის 1 აპრილიდან.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2009 წლის 28 დეკემბერი.
№2511–რს
დოკუმენტის კომენტარები