დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 2468 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 25/12/2009 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 1, 04/01/2010 |
სარეგისტრაციო კოდი | 140.100.000.05.001.003.863 |
საქართველოს კანონი
„ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №14(21), 1999 წელი, მუხ. 61) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატება და ცვლილებები:
1. მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:
„11. პროკურორს უფლება აქვს, მოტივირებული დადგენილებით მოახდინოს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის ამსახველი დოკუმენტებისა და მასალების (გარდა ამ კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტებისა და მასალებისა) განსაიდუმლოება მათი მტკიცებულებების სახით გამოყენების მიზნით, თუ ამ დოკუმენტებისა და მასალების განსაიდუმლოება არ ხელყოფს ქვეყნის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ინტერესებს თავდაცვის, ეკონომიკის, საგარეო ურთიერთობების, დაზვერვის, სახელმწიფო უშიშროებისა და მართლწესრიგის დაცვის სფეროში.“.
2. მე-7 მუხლის:
ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები ტარდება მხოლოდ მოსამართლის ბრძანებით. ბრძანებას პროკურორის მოტივირებული შუამდგომლობის საფუძველზე გასცემს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე გამოძიების ადგილის ან განაჩენის გამოტანის ადგილის მიხედვით. შუამდგომლობას მისი მიღებიდან არა უგვიანეს 24 საათისა, პროკურორის მონაწილეობით განიხილავს მოსამართლე დახურულ სასამართლო სხდომაზე. შუამდგომლობისა და დართული მასალების განხილვის, პროკურორის განმარტებების მოსმენის შემდეგ მოსამართლე იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა) გასცემს ბრძანებას ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩატარების შესახებ;
ბ) გამოიტანს დადგენილებას შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.“;
ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები, რომელთა ჩატარებაც საჭიროებს მოსამართლის ბრძანებას, გადაუდებელი აუცილებლობისას, როცა დაყოვნებამ შეიძლება გამოიწვიოს საქმისათვის (გამოძიებისათვის) მნიშვნელოვანი ფაქტობრივი მონაცემების განადგურება ან შეუძლებელს გახდის აღნიშნული მონაცემების მოპოვებას, პროკურორის მოტივირებული დადგენილებით შეიძლება ჩატარდეს მოსამართლის ბრძანების გარეშე. ასეთ შემთხვევაში პროკურორი ვალდებულია ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების დაწყებიდან 12 საათში (ხოლო თუ ამ ვადის ამოწურვა ემთხვევა არასამუშაო დროს, მაშინ ამ დროის გასვლიდან არა უგვიანეს ერთი საათისა) მიმართოს შუამდგომლობით რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლეს, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ტარდება აღნიშნული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება, ან გამოძიების ადგილის მიხედვით, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების დაკანონების მოთხოვნით. სასამართლო ვალდებულია პროკურორის შუამდგომლობა განიხილოს მისი წარდგენიდან 24 საათის განმავლობაში, დახურულ სასამართლო სხდომაზე. პროკურორის განმარტებების მოსმენის შემდეგ მოსამართლე ამოწმებს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების კანონიერებას, ასევე აღნიშნული ღონისძიების ჩატარების გადაუდებელ აუცილებლობას და გამოაქვს ერთ-ერთი შემდეგი დადგენილება:
ა) ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების კანონიერად ცნობის შესახებ;
ბ) ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების უკანონოდ ცნობის, მისი შედეგების გაუქმებისა და ამ ღონისძიებით მოპოვებული მონაცემების განადგურების შესახებ.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს 2010 წლის 1 თებერვლიდან.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2009 წლის 25 დეკემბერი.
№2468–რს
დოკუმენტის კომენტარები