„საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

  • Word
„საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2226
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 04/12/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 45, 21/12/2009
სარეგისტრაციო კოდი 080.190.000.05.001.003.770
  • Word
2226
04/12/2009
სსმ, 45, 21/12/2009
080.190.000.05.001.003.770
„საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997, გვ. 86) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 2

1. ამ კანონის მიზნებისათვის ტერმინში „თანამდებობის პირი“ იგულისხმება შემდეგი პირები:

ა) საქართველოს პრეზიდენტი;

ბ) საქართველოს პარლამენტის წევრი;

გ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების წევრები;

დ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი ორგანოების ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები;

ე) საქართველოს მინისტრი და მისი მოადგილე;

ვ) საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსი და მისი მოადგილე;

ზ) საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი და მისი მოადგილე;

თ) საქართველოს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი, აგრეთვე მასთან გათანაბრებული პირი;

ი) საქართველოს მთავრობის კანცელარიის სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი, აგრეთვე მასთან გათანაბრებული პირი;

კ) საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი, აგრეთვე მასთან გათანაბრებული პირი;

ლ) საქართველოს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელი;

მ) საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების დეპარტამენტების, ბიუროების, მთავარი სამმართველოებისა და სამმართველოების უფროსები და მათი მოადგილეები, აგრეთვე მათთან გათანაბრებული პირები;

ნ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსი, საგადასახადო და საბაჟო ორგანოების ხელმძღვანელები;

ო) საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე, მისი მოადგილე, პრეზიდიუმის წევრი, დეპარტამენტების, რეგიონალური და ქალაქის ბიუროების ხელმძღვანელები, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში კონტროლის პალატების თავმჯდომარეები;

პ) საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და საბჭოს წევრი;

ჟ) საქართველოს პრეზიდენტის სათათბირო ორგანოს წევრი;

რ) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი;

ს) საქართველოს დამოუკიდებელი მარეგულირებელი კომისიის წევრი;

ტ) საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, მისი მოადგილე და კომისიის მდივანი;

უ) სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი და მისი მოადგილე;

ფ) რაიონისა და ქალაქის (თბილისი, ბათუმი, რუსთავი, სოხუმი, ფოთი, ქუთაისი, ცხინვალი) ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოების ხელმძღვანელები;

ქ) რაიონისა და ქალაქის (თბილისი, ბათუმი, რუსთავი, სოხუმი, ფოთი, ქუთაისი, ცხინვალი), აგრეთვე ქალაქის რაიონის ადგილობრივი აღმასრულებელი ორგანოების ხელმძღვანელები და მათი პირველი მოადგილეები;

ღ) მოსამართლე;

ყ) საქართველოს მთავარი პროკურორი და მისი მოადგილე, საქართველოს მთავარი პროკურატურის დეპარტამენტებისა და სამსახურების ხელმძღვანელები და მათთან გათანაბრებული პირები, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, ქ. თბილისის, საოლქო და რაიონული პროკურორები;

შ) საქართველოს კონსტიტუციის პირდაპირი მითითების საფუძველზე არჩეული, დანიშნული ან დამტკიცებული სხვა პირი.

2. ამ კანონის IV თავის მიზნებისათვის ტერმინში „თანამდებობის პირი“ ასევე იგულისხმება ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელი, რომელთა ჩამონათვალიც განისაზღვრება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.“.

2. მე-14 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პირი ვალდებულია თანამდებობაზე გამწესებიდან ორი თვის ვადაში წარადგინოს საჯარო სამსახურის ბიუროში თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია. თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის წესს განსაზღვრავს საქართველოს პრეზიდენტი. შესაბამისი საჯარო დაწესებულების საკადრო სამსახური ვალდებულია საჯარო სამსახურის ბიუროს არა უგვიანეს 5 სამუშაო დღისა გაუგზავნოს პირის სადეკლარაციო თანამდებობაზე გამწესების ან თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ასლი.“;

ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. პირი ვალდებულია თანამდებობის დატოვებიდან ორი თვის ვადაში შეავსოს და წარადგინოს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია, გარდა იმ შემთხვევისა, როცა იგი თანამდებობის დატოვებიდან ერთი თვის ვადაში სხვა თანამდებობაზე გამწესდება.“;

გ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. საჯარო სამსახურის ბიურო თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენისათვის გათვალისწინებული ვადის ამოწურვამდე არა უგვიანეს 20 დღისა აფრთხილებს პირს ამის შესახებ და განუმარტავს მას დეკლარაციის დროულად წარუდგენლობისათვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.“;

დ) მე-9 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

3. მე-15 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) პირის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მუდმივი საცხოვრებელი ადგილის მისამართი, ტელეფონის ნომერი;“.

4. მე-17 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირმა დეკლარაციას უნდა დაურთოს მითითება იმ სამართლებრივ აქტზე, რომლის საფუძველზედაც დეკლარაციაში შესატანი ინფორმაცია განეკუთვნება სახელმწიფო ან სამსახურებრივ საიდუმლოებას ან არის სხვაგვარი კონფიდენციალური ინფორმაცია, რომლის საჯაროობაც შეზღუდულია.“.

5. მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) თანამდებობის პირის მიერ ქონებრივი მდგომარეობის დეკლარირების ერთიანი ელექტრონული სისტემის დაუბრკოლებელ ხელმისაწვდომობას;“.

6. მე-19 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ნებისმიერ პირს აქვს უფლება, მოითხოვოს, მიიღოს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის ასლი და გაეცნოს მას, გარდა დეკლარაციაში ასახული პირადი ნომრისა, მუდმივი საცხოვრებელი ადგილის მისამართისა და ტელეფონის ნომრისა და დეკლარაციის საიდუმლო გრაფისა.“.

7. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 213 მუხლი:

     „მუხლი 213

ამ კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“, „ზ“, „ი“ და „კ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირები თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციას საჯარო სამსახურის ბიუროში წარადგენენ არა უგვიანეს 2010 წლის 1 მაისისა.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს 2010 წლის 1 თებერვლიდან.

 

საქართველოს პრეზიდენტი    მ. სააკაშვილი

თბილისი,

2009 წლის 4 დეკემბერი.

№2226–IIს