დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 2222 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 04/12/2009 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 45, 21/12/2009 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/07/2017 |
სარეგისტრაციო კოდი | 010.320.000.05.001.003.766 |
საქართველოს კანონი
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №45, 21.11.1997, გვ. 55) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-11 მუხლის 11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„11. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრებზე ვრცელდება ამ კანონის პირველი – მე-6, მე-9, მე-10, 39-ე, 66-ე და 121-ე მუხლები. სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებზე, გარდა ამ პუნქტით გათვალისწინებული მუხლებისა, ვრცელდება ამ კანონის 71-ე მუხლის მე-3 პუნქტი.“.
2. 25-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სამსახურში მიღების მსურველმა თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირს უნდა წარუდგინოს:
ა) განცხადება;
ბ) ავტობიოგრაფია ან Curriculum Vitae (CV);
გ) განათლების ან შესაბამისი კვალიფიკაციის მოწმობა;
დ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ე) სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა;
ვ) სამედიცინო დასკვნა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;
ზ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტები.“.
3. 32-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 32. საბუთების წარდგენა კონკურსში მონაწილეობისათვის
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განცხადებას თან უნდა ერთოდეს ამ კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტები, რომლებიც წარდგენილ უნდა იქნეს შესაბამისი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სახელზე.“.
4. 92-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 92. სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების გაფორმება
სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერება ფორმდება ბრძანებით ან განკარგულებით.“.
5. 110-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 110. სამსახურიდან განთავისუფლების გაფორმება
სამსახურიდან განთავისუფლება ფორმდება ბრძანებით, განკარგულებით ან დადგენილებით.“.
6. 114-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. რეზერვში ინახება მასში ჩარიცხულ მოხელეთა სია.“.
7. 117-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 117. რეზერვში ჩარიცხვა
თუ სამსახურიდან განთავისუფლებულ მოხელეს სურს რეზერვში ჩარიცხვა, მან შესაბამის საკონკურსო-საატესტაციო კომისიას 10 დღის ვადაში უნდა მიმართოს განცხადებით რეზერვში ჩარიცხვის შესახებ, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.“.
8. 118-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შუამდგომლობის მიღებიდან 3 დღის განმავლობაში შესაბამისი საკონკურსო-საატესტაციო კომისია დაწესებულების ხელმძღვანელს უგზავნის რეზერვიდან ამონაწერს იმ პირთა შესახებ, რომლებიც აკმაყოფილებენ შესაბამის მოთხოვნებს.“.
9. 123-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 123. სამსახურის სტაჟის დადასტურება
სამსახურის სტაჟი დასტურდება დაწესებულების მიერ სათანადოდ გაფორმებული საბუთით.“.
10. XIII თავი ამოღებულ იქნეს.
11. 132-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 132. დაწესებულების კადრების სამსახური
დაწესებულების კადრების სამსახური:
ა) უზრუნველყოფს ვაკანტურ სახელმწიფო თანამდებობაზე კონკურსისა და ატესტაციის ჩატარებას;
ბ) აწარმოებს მოსამსახურეთა პირად საქმეებს;
გ) კონსულტაციებს უწევს მოსამსახურეებს მათი სამართლებრივი მდგომარეობის, შეზღუდვების და სამსახურის გავლასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე;
დ) აანალიზებს მოსამსახურეთა პროფესიული მომზადების დონეს, ორგანიზებას უწევს მოსამსახურეთა გადამზადებას (კვალიფიკაციის შეცვლას) და კვალიფიკაციის ამაღლებას.“.
მუხლი 2
1. ამ კანონის ამოქმედებამდე გაცემული შრომის წიგნაკები ინარჩუნებს ძალას. შრომის წიგნაკებისა და ნამსახურობის ნუსხების წარმოების ვალდებულების გაუქმებასთან დაკავშირებით ამ კანონის ამოქმედებიდან 2 თვის ვადაში სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა უზრუნველყონ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა. ამასთანავე, ახალი შრომის წიგნაკები აღარ იწარმოება.
2. მოსამსახურის მოთხოვნის შემთხვევაში, თუ ამ კანონის ამოქმედებამდე მასზე გაცემული იყო შრომის წიგნაკი, დაწესებულება ვალდებულია შრომის წიგნაკში შეიტანოს შესაბამისი ჩანაწერი.
მუხლი 3
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2009 წლის 4 დეკემბერი.
№2222–IIს
დოკუმენტის კომენტარები