„ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2040
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 17/11/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 38, 01/12/2009
სარეგისტრაციო კოდი 160.000.000.05.001.003.730
  • Word
2040
17/11/2009
სსმ, 38, 01/12/2009
160.000.000.05.001.003.730
„ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

 „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №22, 6.07.2001, მუხ. 78) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 5. ადვოკატის მოვალეობები

ადვოკატი ვალდებულია:

ა) კეთილსინდისიერად შეასრულოს პროფესიული ფუნქციები;

ბ) ზუსტად და განუხრელად დაიცვას პროფესიული ეთიკის ნორმები;

გ) არ შელახოს სასამართლოს და პროცესის სხვა მონაწილეთა უფლებები;

დ) დაიცვას პროფესიული საიდუმლოება;

ე) შეასრულოს საპროცესო კანონმდებლობით მისთვის დაკისრებული მოვალეობები და ინტერესთა შეუთავსებლობის შემთხვევაში კლიენტს დაუყოვნებლივ აცნობოს ამის შესახებ;

ვ) მონაწილეობა მიიღოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს მიერ დამტკიცებულ განგრძობადი სავალდებულო იურიდიული განათლების პროგრამაში.“.

2. მე-18 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ადვოკატს უფლება აქვს, საადვოკატო საქმიანობის განსახორციელებლად ინდივიდუალურად, სხვა ადვოკატებთან ან სხვა პირებთან ერთად შექმნას საადვოკატო ბიურო ამხანაგობის ან „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სამეწარმეო იურიდიული პირის სახით.“.

3. მე-20 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ადვოკატთა ასოციაციაზე არ ვრცელდება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის ბოლო წინადადება და მე-11 მუხლი.“.

4. 21-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ადვოკატთა ასოციაციაში გაწევრიანებისათვის პირი განცხადებით მიმართავს ადვოკატთა ასოციაციას. ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭო განცხადების მიღებიდან 1 თვის ვადაში ასოციაციის წესდებით დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებას პირის ადვოკატთა ასოციაციაში გაწევრიანების ან გაწევრიანებაზე უარის თქმის შესახებ.“;

ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 და 22 პუნქტები:

„21.    ადვოკატთა ასოციაციას უნდა წარედგინოს ინფორმაცია ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემების ცვლილების შესახებ მისი წარმოშობიდან 2 კვირის ვადაში.

22. ადვოკატთა ასოციაციის წევრების საერთო სიის ორგანიზების ინტერესიდან გამომდინარე, დამატებითი მონაცემების (მათ შორის, მონაცემების ცვლილებების) წარდგენის წესი და პირობები განისაზღვრება ასოციაციის წესდებით.“;

გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭო ადვოკატთა ასოციაციის წევრების საერთო სიას აქვეყნებს ასოციაციის წესდებით დადგენილი წესით. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემები საჯაროა ყველა დაინტერესებული პირისათვის.“.

5. 211 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ადვოკატთა ასოციაციაში გაწევრიანებისათვის პირი ვალდებულია დადოს შემდეგი ფიცი: „ვფიცავ, ვიყო სამართლიანობის იდეების ერთგული, კეთილსინდისიერად და პირნათლად შევასრულო ადვოკატის მოვალეობები, დავიცვა საქართველოს კონსტიტუცია და კანონები, ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსი, ადამიანის უფლებები და თავისუფლებები!“.“.

6. 23-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასთან  იქმნება ადვოკატთა სასწავლო ცენტრი, რომელიც ახორციელებს ადვოკატთა პროფესიულ გადამზადებას. ადვოკატთა სასწავლო ცენტრის საქმიანობის წესი განისაზღვრება ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს მიერ დამტკიცებული დებულებით.“.

7. 24-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 24. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრება

1. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის უმაღლესი ორგანოა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრება. საერთო კრება იმართება სულ მცირე წელიწადში ერთხელ და იგი უფლებამოსილია, თუ მას ესწრება ასოციაციის არანაკლებ 800 წევრისა. კვორუმის არარსებობის შემთხვევაში 2 კვირის ვადაში მოიწვევა განმეორებითი საერთო კრება, რომელიც უფლებამოსილია, მიუხედავად დამსწრე წევრთა რაოდენობისა.

2. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრება გადაწყვეტილებას იღებს დამსწრე წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.

3. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრება დამსწრე წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით:

ა) ამტკიცებს ასოციაციის წესდებას და შეაქვს მასში ცვლილებები და დამატებები;

ბ) ირჩევს და ათავისუფლებს ასოციაციის თავმჯდომარეს, აღმასრულებელი საბჭოს, ეთიკის კომისიისა და სარევიზიო კომისიის წევრებს ასოციაციის წესდებით დადგენილი წესით;

გ) ამტკიცებს ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსსა და „ადვოკატთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური წარმოების შესახებ“ დებულებას;

დ) ისმენს აღმასრულებელი საბჭოს, ეთიკის კომისიისა და სარევიზიო კომისიის თავმჯდომარეთა ანგარიშებს გაწეული საქმიანობის შესახებ;

ე) აწესებს საწევრო გადასახადის ფიქსირებულ ოდენობას.“.

8. 26-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 26. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭო

1. ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი ორგანოა აღმასრულებელი საბჭო, რომლის სხდომა იმართება სულ მცირე თვეში ერთხელ.

2. აღმასრულებელი საბჭოს წევრისთვის საბჭოს სხდომაზე დასწრება სავალდებულოა.

3. აღმასრულებელი საბჭო შედგება 12 წევრისაგან, რომელთაგან 11 წევრს 4 წლის ვადით ირჩევს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრება საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სიითი შემადგენლობიდან, ასოციაციის წესდებით დადგენილი წესით.

4. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე თანამდებობრივად შედის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელ საბჭოში.

5. აღმასრულებელი საბჭოს წევრებად არჩეულად ითვლებიან ის კანდიდატები, რომლებიც მიიღებენ სხვა კანდიდატებზე მეტ ხმას.

6. აღმასრულებელი საბჭო უფლებამოსილია, თუ მის სხდომას ესწრება საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია სხდომის თავმჯდომარის ხმა.

7. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭო:

ა) კოლეგიურად ახორციელებს ასოციაციის ხელმძღვანელობას;

ბ) სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ამტკიცებს ასოციაციის ბიუჯეტს;

გ) ამტკიცებს ადვოკატთა საკვალიფიკაციო კომისიის დებულებას;

დ) ამტკიცებს ადვოკატთა სასწავლო ცენტრის საქმიანობის წესს;

ე) განსაზღვრავს ადვოკატთა განგრძობადი სავალდებულო იურიდიული განათლების პროგრამას და მისი შესრულების წესს;

ვ) ამტკიცებს ასოციაციის მომდევნო წლის ხარჯთაღრიცხვას;

ზ) გამოყოფს სახსრებს ასოციაციის საჭიროებისათვის, ადგენს სამივლინებო და სხვა ადმინისტრაციული ხარჯების ოდენობებს;

თ) წელიწადში ერთხელ საჯაროდ აქვეყნებს ანგარიშს გაწეული საქმიანობის შესახებ;

ი) არსებული მონაცემების საფუძველზე, ამ კანონით დადგენილი წესით ორგანიზებას უწევს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრების საერთო სიის შედგენას, მასში ცვლილებების შეტანას და მის გამოქვეყნებას;

კ) კოორდინაციას უწევს ადვოკატთა ტესტირების ჩატარებას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ამტკიცებს ადვოკატთა ტესტირების ჩატარების წესსა და პროგრამას, განსაზღვრავს ტესტირების ჩატარების თარიღს;

ლ) ორგანიზებას უწევს ადვოკატთა მიერ ფიცის დადებას;

მ) აღასრულებს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრების, ეთიკის კომისიისა და სარევიზიო კომისიის გადაწყვეტილებებს;

ნ) ამტკიცებს ასოციაციის საშტატო განრიგს, ასოციაციის თავმჯდომარისა და სხვა დაქირავებულ პირთა შრომის ანაზღაურების ოდენობებს;

ო) ამტკიცებს საადვოკატო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი მოწმობისა და ადვოკატის ორდერის ნიმუშს;

პ) ამყარებს საერთაშორისო კავშირებს და ამ ურთიერთობებში არის ასოციაციის წარმომადგენელი;

ჟ) აწარმოებს ადვოკატთა და მათ სტაჟიორთა პირად საქმეებს;

რ) ორმხრივი თხოვნის საფუძველზე არის ასოციაციის მოდავე წევრების ან წევრებისა და მათი კლიენტების მომრიგებელი;

ს) გამოსცემს ადვოკატთა საინფორმაციო ბიულეტენს ან სხვა პერიოდულ გამოცემას;

ტ) ასოციაციის თავმჯდომარის მიერ უფლებამოსილებების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში თავისი შემადგენლობიდან ირჩევს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს თავმჯდომარის უფლებამოსილებების დროებით განსახორციელებლად;

უ) ახორციელებს ამ კანონითა და ასოციაციის წესდებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს, რომლებიც არ განეკუთვნება ასოციაციის სხვა ორგანოების კომპეტენციას.“.

9. 27-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს ადვოკატთა ასოციაციის წევრთაგან ირჩევს ასოციაციის საერთო კრება 4 წლის ვადით, კანდიდატის წინასწარი წერილობითი თანხმობის საფუძველზე.“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე შრომის ანაზღაურებას იღებს ასოციაციის სახსრებიდან და მას თავისი უფლებამოსილებების განხორციელების პერიოდში ეკრძალება საადვოკატო საქმიანობა.“.

10. 28-ე და 29-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 28. ეთიკის კომისია

1. ეთიკის კომისია შედგება 15 წევრისაგან, რომელთაგან არანაკლებ 12 ადვოკატია. ეთიკის კომისიის წევრებს 4 წლის ვადით ირჩევს ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრება ასოციაციის წესდებით დადგენილი წესით.

2. ეთიკის კომისიის წევრებად არჩეულად ითვლებიან ის კანდიდატები, რომლებიც მიიღებენ სხვა კანდიდატებზე მეტ ხმას.

3. ეთიკის კომისიის ადვოკატი წევრი უნდა იყოს 30 წელს მიღწეული პირი არანაკლებ 5 წლის პროფესიული გამოცდილებით.

4. ეთიკის კომისია დამოუკიდებელია და თავის საქმიანობას ახორციელებს ამ კანონის შესაბამისად და პროფესიული ეთიკის ნორმების საფუძველზე.

5. ეთიკის კომისიის წევრის ხელახლა არჩევა შეიძლება მხოლოდ ერთხელ.

6. ეთიკის კომისია თავისი შემადგენლობიდან ფარული კენჭისყრით, 4 წლის ვადით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს კომისიის თავმჯდომარეს, რომელიც იმავდროულად უნდა იყოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი.

7. ეთიკის კომისია ამოწმებს ადვოკატზე შემოსულ ინფორმაციას, სწავლობს მის საფუძვლიანობას და წყვეტს ადვოკატის დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხს.

8. ანონიმური წერილები და შეტყობინებები არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ადვოკატის დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხის განხილვას.

9. ადვოკატთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური წარმოების წესი განისაზღვრება საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრების მიერ დამტკიცებული დებულებით.

    მუხლი 29. სარევიზიო კომისია

1. სარევიზიო კომისია იქმნება ასოციაციის თავმჯდომარის, აღმასრულებელი საბჭოს, აღმასრულებელი მდივნისა და მათ მიერ დანიშნული (დამტკიცებული) პირების მიერ ამ კანონისა და ასოციაციის წესდების შესრულებისა და ფინანსური სახსრების თუ სხვა ქონების საწესდებო მიზნების შესაბამისად გამოყენებაზე კონტროლის განხორციელების მიზნით.

2. სარევიზიო კომისია შედგება ასოციაციის საერთო კრების მიერ 4 წლის ვადით არჩეული 5 წევრისაგან.

3. სარევიზიო კომისიის წევრებად არჩეულად ითვლებიან ის კანდიდატები, რომლებიც მიიღებენ სხვა კანდიდატებზე მეტ ხმას.

4. სარევიზიო კომისიის თავმჯდომარეს კომისიის წევრთაგან სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, 4 წლის ვადით ირჩევს თავად კომისია.

5. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფინანსო საქმიანობის შემოწმების მიზნით სარევიზიო კომისია ვალდებულია კონკურსის წესით ყოველწლიურად შეარჩიოს და მოიწვიოს დამოუკიდებელი აუდიტორი.“.

11. 31-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ, ახალი წევრის არჩევისთანავე;“.

12. 32-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2.     ადვოკატს არ დაეკისრება დისციპლინური პასუხისმგებლობა, თუ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის დღიდან გასულია 5 წელი.“.

13. 35-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ადვოკატისათვის დისციპლინური სახდელის დადების საკითხი ეთიკის კომისიის სხდომაზე განიხილება კოლეგიურად, კომისიის 3 წევრის შემადგენლობით, ხოლო გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უმრავლესობით. ადვოკატისათვის საადვოკატო საქმიანობის უფლების ჩამორთმევის ან ასოციაციის წევრობის შეწყვეტის საკითხს განიხილავს ეთიკის კომისია არანაკლებ 12 წევრის შემადგენლობით. აღნიშნულ საკითხებზე გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა ეთიკის კომისიის არანაკლებ 10 წევრის ხმა. განსხვავებული აზრის არსებობის შემთხვევაში იგი დაერთვის გადაწყვეტილებას.

2. ეთიკის კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე ადვოკატს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, გამოთქვას აზრი ზეპირად ან წერილობით, გამოითხოვოს და წარმოადგინოს მტკიცებულებები და სრულად ისარგებლოს დაცვის უფლებით.“.

    მუხლი 2

ადვოკატთა ასოციაციის მორიგი კრება გაიმართოს 2009 წლის 20 დეკემბერს, ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს მიერ დამტკიცებული დღის წესრიგით. პირველი კრება უფლებამოსილია, თუ მას ესწრება არანაკლებ 500 წევრისა. კვორუმის არარსებობის შემთხვევაში 2009 წლის 27 დეკემბერს მოიწვევა განმეორებითი საერთო კრება, რომელიც უფლებამოსილია, მიუხედავად დამსწრე წევრთა რაოდენობისა. საერთო კრების სხდომას წარუძღვება აღმასრულებელი საბჭოს სხდომაზე კენჭისყრის შედეგად საბჭოს წევრთაგან არჩეული პირი.

    მუხლი 3

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი    მ. სააკაშვილი

თბილისი,

2009 წლის 17 ნოემბერი.

№2040–IIს