საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1928
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 03/11/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 32, 06/11/2009
სარეგისტრაციო კოდი 010.240.020.05.001.003.688
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
1928
03/11/2009
სსმ, 32, 06/11/2009
010.240.020.05.001.003.688
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (12/11/2010 - 25/05/2012)

საქართველოს კანონი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ

თავი I. ზოგადი დებულებები

    მუხლი 1. კანონის მიზანი

ეს კანონი განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის (შემდგომში – სამსახური) დანიშნულებას, ორგანიზაციულ-სამართლებრივ საფუძვლებს, საქმიანობის პრინციპებსა და მიმართულებებს, უფლებამოსილებებს, აგრეთვე სამსახურში სამსახურის გავლის წესსა და სამსახურის თანამშრომელთა სოციალური დაცვის გარანტიებს.

    მუხლი 2. სამსახურის სამართლებრივი სტატუსი

1. სამსახური არის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სტატუსით შემავალი სპეციალური სამართალდამცავი ორგანო, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას, სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით მისი ქვემდებარეობისთვის მიკუთვნებულ საქმეთა გამოძიებას და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა ფუნქციებს.

2. სამსახური თავისი ფუნქციების განხორციელებისას მოქმედებს სახელმწიფოს სახელით.

საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3619-სსმI,№51,29.09.2010წ.,მუხ.332

      მუხლი 3. სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები

სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და სამართლებრივი აქტები, სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა, საქართველოს კანონი „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“, საგადასახადო კანონმდებლობა, ეს კანონი, საქართველოს სხვა კანონები და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.

 საქართველოს 2010 წლის 12  ნოემბრის კანონი №3806-სსმI,№66,03.12.2010წ.,მუხ.414

    მუხლი 4. სამსახურის საქმიანობის ძირითადი პრინციპები

1. სამსახურის საქმიანობა ემყარება კანონიერების, პიროვნების პატივისა და ღირსების დაცვის, ჰუმანიზმისა და საჯაროობის პრინციპებს.

2. სამსახურის თანამშრომელი ვალდებულია, პატივი სცეს და დაიცვას ადამიანის უფლებები და ძირითადი თავისუფლებები, მიუხედავად მისი მოქალაქეობისა, სოციალური და ქონებრივი მდგომარეობისა, რასობრივი და ეროვნული კუთვნილებისა, სქესისა, ასაკისა, განათლებისა, ენისა, სარწმუნოებისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა.

3. სამსახურის თანამშრომელს ეკრძალება:

ა) მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შექმნა, ასევე მასში მონაწილეობა;

ბ) პირად, კომერციულ, პროფესიულ ან/და სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებული, აგრეთვე კანონით დაცული სხვა ინფორმაციის გამჟღავნება, კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა;

გ) შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზება ან/და ჩატარება, ასევე მასში მონაწილეობა;

დ) შეთავსებით მუშაობა ანაზღაურებად სამუშაოზე, გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური ან შემოქმედებითი საქმიანობისა, ან რაიმე თანამდებობის დაკავება რომელიმე სხვა სახაზინო დაწესებულებაში, ან რაიმე ანაზღაურებადი სამუშაოს შესრულება ან/და რაიმე თანამდებობის დაკავება სხვა ქვეყნის ორგანოში ან დაწესებულებაში.

    მუხლი 5. სამსახურის საერთაშორისო ურთიერთობანი

საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებიდან და შეთანხმებებიდან გამომდინარე, სამსახური საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამშრომლობს სხვა ქვეყნების სამართალდამცავ ორგანოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან.

    მუხლი 6. სამსახურის თანამშრომლობა სხვა სახელმწიფო ორგანოებთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და მოქალაქეებთან

დაკისრებული ამოცანების განხორციელების მიზნით სამსახური საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამშრომლობს ყველა სახელმწიფო და სამართალდამცავ ორგანოსთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და მოქალაქეებთან.

თავი II. სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები

    მუხლი 7. სამსახურის საქმიანობის მიზნები და ამოცანები

სამსახურის საქმიანობის მიზნები და ამოცანებია:

ა) თავისი კომპეტენციის ფარგლებში დანაშაულის თავიდან აცილება, გამოვლენა, გამოძიების სრული მოცულობით ჩატარება და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად სათანადო ექსპერტიზის ორგანიზება და ჩატარება ამ კანონითა და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე;

ბ) საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა პრევენცია და გამოვლენა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითა და სხვა ნორმატიული აქტებით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე;

გ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემის საქმიანობის უსაფრთხოებისა და სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების პროცესში ამ ორგანოთა თანამშრომლების მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან დაცვის უზრუნველყოფა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

დ) საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში დანაშაულისა და კორუფციულ გარიგებათა პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა;

ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ინფორმაციის მოპოვება და გაანალიზება მისი შემდგომი გამოყენების მიზნით.

საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3619-სსმI,№51,29.09.2010წ.,მუხ.332

    მუხლი 8. სამსახურის უფლებამოსილებანი

სამსახური უფლებამოსილია თავისი კომპეტენციის ფარგლებში:

ა) განახორციელოს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა, გამოავლინოს, გახსნას და აღკვეთოს დანაშაული საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში, აწარმოოს გამოძიება, გამოიყენოს იძულებითი ღონისძიებები კანონით დადგენილ ფარგლებში და დადგენილი წესით;

ბ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი ქვემდებარეობის შესაბამისად აწარმოოს გამოძიება სრული მოცულობით;

წარმოოს წინასწარი გამოძიება სრული მოცულობით;

გ) გამოითხოვოს მოსამართლის ბრძანება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში და დადგენილი წესით;

დ) საჭიროების შემთხვევაში მიიღოს გადაწყვეტილება რევიზიის ან ინვენტარიზაციის ჩატარებაზე, მოითხოვოს საუწყებო შემოწმების ჩატარება და საჭირო დოკუმენტაციის წარდგენა;

ე) მოიპოვოს, დაამუშაოს და გააანალიზოს სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაცია, შექმნას საინფორმაციო სისტემები;

ვ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირიდან – შემოსავლების სამსახურიდან მოითხოვოს და მიიღოს ცალკეული გადასახადის გადამხდელის შესახებ იდენტიფიცირებული ინფორმაცია;

ზ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოახდინოს რეაგირება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე და გამოიყენოს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი მუხლებით განსაზღვრული უზრუნველყოფის ზომები;

თ) თუ დაყოვნება საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს, დაუბრკოლებლად შევიდეს საცხოვრებელ ბინებსა და მოქალაქეთა კუთვნილ სათავსებში, საწარმოთა, დაწესებულებათა და ორგანიზაციათა ტერიტორიებზე და შენობა-ნაგებობებში (დიპლომატიური წარმომადგენლობების, საკონსულოებისა და იმ საერთაშორისო ორგანიზაციების შენობა-ნაგებობათა გარდა, რომლებიც სარგებლობენ დიპლომატიური ხელშეუხებლობით) დანაშაულის აღსაკვეთად ან/და იმ პირის დასაკავებლად, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული ან რომელსაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით ბრალი ედება დანაშაულის ჩადენაში;

ი) სამსახურის კომპეტენციისთვის მიკუთვნებული დანაშაულის ან სამართალდარღვევის გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით, სამსახურის უფროსის ბრძანებით, დასახლებულ პუნქტებში, საგზაო მაგისტრალებზე და ტერიტორიულ წყლებში შეიძლება მოეწყოს შემოწმების პროცედურები. ამ დროს სამსახურის უფლებამოსილ მოსამსახურეს უფლება აქვს, გააჩეროს პირი და სატრანსპორტო საშუალება (გარდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული იმუნიტეტის მქონე პირებისა, დიპლომატიური, საკონსულო და მათთან გათანაბრებული წარმომადგენლობებისა), მოსთხოვოს მოქალაქეს პირადობის დამადასტურებელი საბუთი, სატრანსპორტო საშუალებისა და საქონლის თანმხლები საბუთები, მოახდინოს სატრანსპორტო საშუალების ვიზუალური დათვალიერება. შესაბამისი პირისა და სატრანსპორტო საშუალების დაუმორჩილებლობის შემთხვევაში სამსახურის უფლებამოსილ მოსამსახურეს უფლება აქვს, გამოიყენოს იძულებითი ღონისძიებები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

კ) ამ კანონით დადგენილი ამოცანის შესრულების უზრუნველსაყოფად ჩაატაროს სათანადო ექსპერტიზა;

ლ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა საქმიანობა.

საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3619-სსმI,№51,29.09.2010წ.,მუხ.332

 საქართველოს 2010 წლის 12  ნოემბრის კანონი №3806-სსმI,№66,03.12.2010წ.,მუხ.414

    მუხლი 9.სამსახურის მოსამსახურეთა სპეციალური უფლებამოსილება

1. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სამსახურის ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელ, გამოძიების უფლებამოსილების მქონე სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეებსა და სპეციალური დანიშნულების რაზმის თანამშრომლებს უფლება აქვთ, მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, კანონით დადგენილი წესით გამოიყენონ ფიზიკური იძულება, სპეციალური საშუალებები და ცეცხლსასროლი იარაღი.

2. სამსახურის მოსამსახურე ფიზიკურ იძულებას, სპეციალურ საშუალებებსა და ცეცხლსასროლ იარაღს იყენებს „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10, მე-11, მე-12 (გარდა მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „დ“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებისა) და მე-13 (გარდა მე-13 მუხლის მე-10 პუნქტისა) მუხლებით და სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილ შემთხვევაში და დადგენილი წესით.

3. სამსახურის მოსამსახურის განკარგულებაში არსებული სპეციალური საშუალებების შენახვის, ტარებისა და გამოყენების, ცეცხლსასროლი იარაღის შენახვისა და ტარების წესებს ადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.

4. სამსახურის შეიარაღებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალების ნუსხა დგინდება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.

საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3619-სსმI,№51,29.09.2010წ.,მუხ.332

თავი III. სამსახურის ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა

    მუხლი 10. სამსახურის ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის პრინციპები

1. დანაშაულის თავიდან აცილების ან გახსნის მიზნით სამსახური ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობისას ხელმძღვანელობს „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით.

2. სამსახური ამ კანონით და საქართველოს სხვა კანონებით მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში ქმნის და იყენებს ოპერატიულ-ტექნიკურ საშუალებებს და უზრუნველყოფს მათ დაცვას.

3. სამსახურის მიერ გამოყენებულმა ოპერატიულ-ტექნიკურმა საშუალებებმა და მათი გამოყენების მეთოდებმა არ უნდა შელახოს ადამიანის პატივი და ღირსება, საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები, საფრთხე არ უნდა შეუქმნას ადამიანის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას, ზიანი არ უნდა მიაყენოს გარემოს.

    მუხლი 11. იმ პირთა უფლებები და მოვალეობები, რომლებიც დახმარებას უწევენ სამსახურს

1. ამ კანონით დადგენილი ამოცანების შესრულების უზრუნველსაყოფად პირს უფლება აქვს, ნებაყოფლობით ითანამშრომლოს და დახმარება გაუწიოს სამსახურს.

2. პირს, რომელიც დახმარებას უწევს სამსახურს, უფლება აქვს:

ა) დადოს მასთან კონტრაქტი კონფიდენციალური თანამშრომლობის შესახებ;

ბ) სამსახურისაგან მიიღოს განმარტებები თავისი ამოცანების, უფლებებისა და მოვალეობების თაობაზე;

გ) კონსპირაციის მიზნით გამოიყენოს პირადობის დამადასტურებელი დაშიფრული დოკუმენტები;

დ) მიიღოს ანაზღაურება კონტრაქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, აგრეთვე იმ ზიანის კომპენსაცია, რომელიც მას მიადგა სამსახურისათვის დახმარების გაწევისას.

3. პირი, რომელიც სპეციალური კონტრაქტის საფუძველზე დახმარებას უწევს სამსახურს, ვალდებულია:

ა) შეასრულოს დავალებები სამსახურის წინაშე მდგარი ამოცანების გადასაწყვეტად;

ბ) დაიცვას დადებული კონტრაქტის პირობები;

გ) განზრახ არ მიაწოდოს სამსახურს ყალბი ან ცილისმწამებლური ინფორმაცია.

4. პირი, რომელიც დახმარებას უწევს სამსახურს, პასუხს აგებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სამსახურისათვის განზრახ ყალბი ან ცილისმწამებლური ინფორმაციის მიწოდებისათვის ან/და საქართველოს კანონმდებლობით დაცული იმ ინფორმაციის გამჟღავნებისათვის, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა სამსახურთან თანამშრომლობის შედეგად.

თავი IV. სამსახურის ორგანიზება და ხელმძღვანელობა

    მუხლი 12. სამსახურის ორგანიზება

1. სამსახური არის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება, რომელიც პასუხისმგებელია საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის წინაშე.

2. სამსახური დაკისრებულ მოვალეობებს ასრულებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე და ფუნქციონირებს ერთიანი ცენტრალიზებული წესით.

3. სამსახურის ორგანიზება განისაზღვრება სამსახურის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.

    მუხლი 13. სამსახურის ხელმძღვანელობა

1. სამსახურის მართვას, კოორდინაციასა და ხელმძღვანელობას ახორციელებს სამსახურის უფროსი, რომელსაც საქართველოს ფინანსთა მინისტრის პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებული წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.

2. სამსახურის უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს სამსახურს, პასუხისმგებელია სამსახურისთვის საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობების შესრულებისათვის;

ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გადაწყვეტილებებს იღებს სამსახურის გამგებლობის სფეროსათვის მიკუთვნებულ საკითხებზე;

გ) თვალყურს ადევნებს სამსახურის სტრუქტურული ერთეულებისა და ქვედანაყოფების მიერ თავიანთი მოვალეობების შესრულებას და ახორციელებს სამსახურებრივ ზედამხედველობას სამსახურის თანამშრომლების საქმიანობასა და მათ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე ამ კანონით დადგენილი წესით;

დ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამსახურის საშტატო განრიგით გათვალისწინებულ იმ თანამშრომლებს, რომელთა დანიშვნის სხვა წესს არ ადგენს ეს კანონი;

ე) პასუხისმგებელია სამსახურისათვის გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების, ასევე მატერიალურ-ტექნიკური ფასეულობების (მათ შორის, შეიარაღების, საბრძოლო მასალის, სპეციალური ტექნიკის, სპეციალური საშუალებების და ა.შ.) მიზნობრივ ხარჯვასა და გამოყენებაზე;

ვ) სამსახურის დებულების პროექტს, სტრუქტურასა და ხარჯთაღრიცხვას, ასევე მათში სათანადო ცვლილებების შეტანის პროექტებს დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრს;

ზ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული პერიოდულობით საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს ფინანსთა მინისტრს წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ და ინფორმაციას სამსახურის საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებების თაობაზე;

თ) სამსახურის კომპეტენციის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებზე გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს, მეთოდურ მითითებებს, რომელთა შესრულებაც სავალდებულოა სამსახურის თანამშრომლებისათვის;

ი) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის თანამშრომლებს ანიჭებს სპეციალურ წოდებებს და შუამდგომლობს საქართველოს ფინანსთა მინისტრის წინაშე სამსახურის თანამშრომელთათვის შესაბამისი სპეციალური წოდებების მინიჭების თაობაზე;

კ) საქართველოს ფინანსთა მინისტრს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის თაობაზე;

ლ) საქართველოს ფინანსთა მინისტრს წარუდგენს წინადადებებს სამსახურში სამსახურის გავლის საკითხების გადაწყვეტის შესახებ;

მ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

3. სამსახურის უფროსს ჰყავს მოადგილე (მოადგილეები), რომელთა რაოდენობა განისაზღვრება სამსახურის დებულებით, ხოლო უფლებამოსილება – სამსახურის უფროსის ბრძანებით.

4. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში უფროსის მოვალეობას ასრულებს მისი მოადგილე.

5. სამსახურის უფროსის მოადგილეს და სტრუქტურული ერთეულების უფროსებს სამსახურის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.

6. სამსახურის თანამშრომელთა რიცხოვნობას სამსახურის უფროსის წარდგინებით განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი, ხოლო საშტატო განრიგს ამტკიცებს სამსახურის უფროსი.

თავი V. სამსახურში სამსახურის გავლის წესი და სამსახურის თანამშრომელთა სოციალური დაცვის გარანტიები

    მუხლი 14. სამსახურში სამსახურის გავლის სამართლებრივი საფუძვლები

სამსახურში სამსახურის გავლის წესი და თანამშრომელთა სოციალური დაცვის გარანტიები რეგულირდება ამ კანონითა და მის შესაბამისად გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.

    მუხლი 15. სამსახურის თანამშრომელი

1. სამსახურის თანამშრომელი არის სახელმწიფო მოსამსახურე.

2. სამსახურის თანამშრომელი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაიაროს ატესტაცია, რომლის პერიოდულობასა და ჩატარების წესს ადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.

3. თანამდებობისა და წელთა ნამსახურობის გათვალისწინებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად სამსახურის თანამშრომელს ენიჭება სპეციალური წოდება. მას ასევე ენიჭება სპეციალური ფორმის ტანსაცმლისა და სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება.

4. სამსახურის თანამშრომლის სამსახურებრივი ფორმის სახესა და ატრიბუტიკას ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.

5. სამსახურის თანამშრომელს თავისი ვინაობისა და უფლებამოსილების დასადასტურებლად ეძლევა სამსახურებრივი მოწმობა და სპეციალური ჟეტონი.

6. სამსახურში ანაზღაურების გარეშე, პროფესიული ცოდნის ამაღლების მიზნით სტაჟირება შეიძლება გაიაროს საქართველოს მოქალაქემ, რომელიც არ იქნება აღჭურვილი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სამსახურის მოსამსახურის უფლებამოსილებით. სტაჟიორის უფლებამოსილებებს, შერჩევასა და სამსახურის გავლის პირობებს ადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.

    მუხლი 16. სამსახურში მიღების ზოგადი მოთხოვნები

1. სამსახურში მიღება ნებაყოფლობითია და ხორციელდება ამ კანონით დადგენილი წესის შესაბამისად.

2. სამსახურში შეიძლება მიღებულ იქნეს არანაკლებ 21 წლის და არა უმეტეს 35 წლის საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელმაც იცის სახელმწიფო ენა და რომელსაც პიროვნული თვისებებით, ფიზიკური მომზადებით, ჯანმრთელობის მდგომარეობით შეუძლია შეასრულოს მისთვის დაკისრებული მოვალეობები, ასევე აკმაყოფილებს ამ კანონითა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დადგენილ სპეციალურ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ასაკობრივი შეზღუდვები არ ვრცელდება პირზე, რომელსაც აქვს ოპერატიულ-სამძებრო ან საგამოძიებო სამსახურში ან სპეციალობით (რომელიც შეესაბამება დასაკავებელ თანამდებობას) მუშაობის 3 წლის გამოცდილება.

4. სამსახურში მიღება, სამსახურიდან განთავისუფლება (დათხოვნა) და სამსახურის გავლის წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

    მუხლი 17. სამსახურის თანამშრომელთა სავალდებულო სამედიცინო შემოწმება

1. საქართველოს ფინანსთა მინისტრი ან/და სამსახურის უფროსი წელიწადში ერთხელ მაინც ატარებს სამსახურის თანამშრომელთა სავალდებულო სამედიცინო შემოწმებას და შემოწმების შედეგების გათვალისწინებით უზრუნველყოფს შესაბამის პირთა განთავისუფლებას დაკავებული თანამდებობიდან ამ კანონის მე-19 მუხლის „ბ“, „ე.გ“ ან/და „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

2. ჯანმრთელობის მდგომარეობისადმი მოთხოვნებს სამსახურის შესაბამისი თანამდებობის მიხედვით ადგენს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი.

    მუხლი 18. შეზღუდვები სამსახურის გავლასთან დაკავშირებით

1. არ შეიძლება სამსახურში მიღებულ იქნეს და მსახურობდეს:

ა) ნასამართლევი პირი;

ბ) პირი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ აკმაყოფილებს მოცემული თანამდებობის დასაკავებლად დადგენილ მოთხოვნებს;

გ) ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ან ტოქსიკური ნივთიერებების მომხმარებელი;

დ) პირი, რომელიც სასამართლომ ქმედუუნაროდ ან შეზღუდულქმედუნარიანად აღიარა;

ე) პირი, რომლის მიმართაც არსებობს „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი თანამდებობრივი შეუთავსებლობის გარემოებები.

2. სამსახურის თანამშრომელთა პროფესიული მომზადება, გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება ხორციელდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით. სამსახურის თანამშრომელი ვალდებულია გაიაროს კვალიფიკაციის ამაღლების (მომზადების, გადამზადების) შესაბამისი კურსები და მიიღოს დადებითი შეფასება (არსებობის შემთხვევაში).

3. ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნებთან შეუსაბამობის ან აღნიშნულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტის არქონის შემთხვევაში სამსახურის თანამშრომელი დათხოვნილი იქნება სამსახურიდან ამ კანონის მე-19 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

    მუხლი 19. სამსახურის თანამშრომლის სამსახურიდან დათხოვნის წესი

სამსახურის თანამშრომლის სამსახურიდან დათხოვნის საფუძველია:

ა) განსაზღვრული ასაკის მიღწევა ან წელთა ნამსახურობა სამსახურში სამსახურის გავლის წესის მიხედვით;

ბ) სამედიცინო ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების, დასახიჩრების ან ქრონიკული დაავადების თაობაზე, რომლის გამოც მას აღარ შეუძლია სამსახურის გაგრძელება;

გ) ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის გასვლა;

დ) ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობა;

ე) დაკავებულ თანამდებობასთან შეუსაბამობა, რაც გულისხმობს პირის სამსახურიდან განთავისუფლებას:

ე.ა) ატესტაციის შედეგების საფუძველზე;

ე.ბ) იმ დოკუმენტის არქონისას, რომელიც აუცილებელია მოცემული თანამდებობის დასაკავებლად;

ე.გ) ჯანმრთელობის არადამაკმაყოფილებელი მდგომარეობის გამო;

ე.დ) გამოსაცდელი ვადის არადამაკმაყოფილებლად გავლის გამო;

ე.ე) არადამაკმაყოფილებელი პროფესიული ჩვევების გამო;

ვ) სამსახურებრივი დისციპლინის უხეში ან სისტემატური დარღვევა;

ზ) შტატების შემცირება;

თ) სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებში არჩევა ან დანიშვნა;

ი) პირადი განცხადება;

კ) დანაშაულის ჩადენა, თუ არსებობს კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი;

ლ) სამსახურებრივი შეუთავსებლობა, თუ იგი არ აღმოიფხვრა შეუთავსებლობის გამოვლენიდან 10 დღის ვადაში;

მ) ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ან/და ტოქსიკური ნივთიერებების მოხმარება;

ნ) სხვა დაწესებულებაში გადასვლა;

ო) სამსახურის, მისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ან ტერიტორიული ორგანოს რეორგანიზაცია ან/და ლიკვიდაცია;

პ) გარდაცვალება;

ჟ) მოქალაქეობის შეცვლა;

რ) მისი უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება;

ს) მისი ქმედუუნაროდ აღიარება.

    მუხლი 20. სამსახურის თანამშრომლის წახალისების ფორმები

სამსახურის თანამშრომლის მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა სანიმუშოდ შესრულებისათვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისათვის, განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელობის დავალების შესრულებისათვის წესდება წახალისების შემდეგი ფორმები:

ა) მადლობის გამოცხადება და მადლობის სიგელით დაჯილდოება;

ბ) ფულადი პრემიის მიცემა ან ფასიანი საჩუქრით დაჯილდოება;

გ) დამატებითი შვებულების მიცემა 10 დღე-ღამის ოდენობით;

დ) სამსახურის სამკერდე ნიშნით დაჯილდოება;

ე) მორიგი სპეციალური წოდების ვადამდე მინიჭება;

ვ) დისციპლინური პასუხისმგებლობის ვადამდე მოხსნა;

ზ) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გამოჩენილი ვაჟკაცობისა და მამაცობისათვის სახელმწიფო ჯილდოზე წარდგენა.

    მუხლი 21. სამსახურის თანამშრომლის პასუხისმგებლობა

სამსახურებრივი დისციპლინის დარღვევისთვის სამსახურის თანამშრომლის მიმართ გამოიყენება შემდეგი დისციპლინური სახდელები:

ა) საყვედური;

ბ) სასტიკი საყვედური;

გ) სამსახურის სამკერდე ნიშნის ჩამორთმევა;

დ) უფრო დაბალი თანრიგის (რანგის) თანამდებობრივ სარგოზე გადაყვანა არა უმეტეს 1 წლისა;

ე) სპეციალური წოდების ერთი საფეხურით დაქვეითება;

ვ) არა უმეტეს 10 სამუშაო დღის ხელფასის დაკავება;

ზ) თანამდებობიდან განთავისუფლება;

თ) სამსახურიდან დათხოვნა.

    მუხლი 22. სამსახურის თანამშრომლის სოციალური დაცვა

1. სახელმწიფო უზრუნველყოფს სამსახურის თანამშრომლის სოციალურ დაცვას.

2. სამსახურის თანამშრომელი იღებს:

ა) ხელფასს, რომელიც მოიცავს თანამდებობრივ და სპეციალური წოდებისათვის დადგენილ განაკვეთს;

ბ) კვების ულუფის ფინანსურ კომპენსაციას;

გ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა დანამატებსა და კომპენსაციებს.

3. სამსახურის თანამშრომლის წლიური შვებულების ხანგრძლივობაა 30 კალენდარული დღე.

4. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სამსახურის თანამშრომლის დაღუპვის შემთხვევაში მის ოჯახს (მეუღლეს, შვილებსა და შრომისუუნარო მშობლებს) ან მის კმაყოფაზე მყოფ პირებს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებიდან მიეცემათ ერთჯერადი დახმარება 15 000 ლარის ოდენობით.

5. სამსახურის თანამშრომელს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დასახიჩრების ან შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის შემთხვევაში, სხეულის დაზიანების სიმძიმის ხარისხის შესაბამისად მიეცემა ერთჯერადი დახმარება არა უმეტეს 7 000 ლარისა.

6. სამსახურის თანამშრომელს, რომელიც განთავისუფლდა სამსახურიდან ზღვრული ასაკის მიღწევის ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირად გახდომის გამო, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად უფლება აქვს, მიიღოს შესაბამისი სახელმწიფო კომპენსაცია ან სახელმწიფო პენსია.

7. სამსახურის თანამშრომლის თანამდებობრივი და სპეციალური წოდებისათვის განაკვეთის, კვების ულუფის ფინანსური კომპენსაციის, სხვა დანამატებისა და კომპენსაციების ოდენობას ადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.

8. სამსახურის თანამშრომელი ექვემდებარება სავალდებულო სახელმწიფო დაზღვევას, ხოლო მისი ოჯახის წევრთა სახელმწიფო დაზღვევასთან დაკავშირებულ საკითხებს (მათ შორის, ოჯახის წევრთა წრეს) განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.

საქართველოს 2010 წლის 12  ნოემბრის კანონი №3811-სსმI,№65,26.11.2010წ.,მუხ.413

    მუხლი 23. სამსახურის თანამშრომლის პასუხისმგებლობა

1. სამსახურის თანამშრომელი პასუხისმგებელია იმ ზიანისათვის, რომელიც მან უკანონოდ მიაყენა ფიზიკურ ან/და იურიდიულ პირს თავისი ბრალეული ქმედებით სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას.

2. ზიანი ანაზღაურდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

თავი VI. სამსახურის დაფინანსება

    მუხლი 24. სამსახურის დაფინანსება

სამსახური ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

თავი VII. გარდამავალი და დასკვნითი დებულებები

    მუხლი 25. გარდამავალი დებულებები

1. რეორგანიზებულ იქნეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტი, სპეციალური დანიშნულების რაზმი და შემოსავლების სამსახურის ცენტრალური აპარატის სპეციალურ გამოკვლევათა და ფინანსური ექსპერტიზის დეპარტამენტი და ჩამოყალიბდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური.

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსი გამომძიებლის, გამომძიებლისა და ინსპექტორ-გამომძიებლის წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმეები და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობასთან დაკავშირებული საქმეები საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული მიზნების განსახორციელებლად რეორგანიზაციის შემდეგ გადაეცეს, როგორც უფლებამონაცვლეს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესაბამის უფროს გამომძიებლებს, გამომძიებლებსა და ინსპექტორ-გამომძიებლებს.

3. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის შესაბამისი ქვედანაყოფების მოსამსახურეები, მიუხედავად იმისა, ფორმალურად მოხდა თუ არა მათი გადაყვანა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში, ექვემდებარებიან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელობას. მითითებული მოსამსახურეები განთავისუფლებამდე ან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დანიშვნამდე ახორციელებენ ამ კანონით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსითა და „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს.

4. საქართველოს ფინანსთა მინისტრმა 2009 წლის 1 დეკემბრამდე დაამტკიცოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელთა თანამდებობრივი და სპეციალური წოდებებისათვის განაკვეთების, კვების ულუფის ფინანსური კომპენსაციისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დანამატებისა და კომპენსაციების ოდენობა.

5. საქართველოს ფინანსთა მინისტრმა 2009 წლის 1 დეკემბრამდე გამოსცეს შემდეგი ბრძანებები:

ა) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ;

ბ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში სამსახურის გავლის წესის შესახებ;

გ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამდებობებისათვის სპეციალური საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ;

დ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ.

6. 2009 წლის 1 დეკემბრამდე საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ უზრუნველყოს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.

7. ამ მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებამდე საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ გამოცემული ნორმატიული აქტები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას, მიუხედავად იმისა, შეესაბამება თუ არა ისინი ამ კანონის დებულებებს.

8. ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის დაფინანსებისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

    მუხლი 26. კანონის ამოქმედება

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი–24-ე მუხლებისა და 25-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-7 და მე-8 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი–24-ე მუხლები და 25-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-7 და მე-8 პუნქტები ამოქმედდეს 2009 წლის 1 დეკემბრიდან.

 

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2009 წლის 3 ნოემბერი.

№1928–IIს

შეტანილი ცვლილებები:

1.  საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3619-სსმI,№51,29.09.2010წ.,მუხ.332

2.  საქართველოს 2010 წლის 12  ნოემბრის კანონი №3811-სსმI,№65,26.11.2010წ.,მუხ.413

3.  საქართველოს 2010 წლის 12  ნოემბრის კანონი №3806-სსმI,№66,03.12.2010წ.,მუხ.414

15. 30/11/2022 - საქართველოს კანონი - 2216-IXმს-Xმპ - ვებგვერდი, 15/12/2022 14. 20/09/2022 - საქართველოს კანონი - 1817-IXმს-Xმპ - ვებგვერდი, 30/09/2022 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 13. 28/06/2019 - საქართველოს კანონი - 4919-IIს - ვებგვერდი, 04/07/2019 12. 05/07/2018 - საქართველოს კანონი - 3086-რს - ვებგვერდი, 11/07/2018 11. 23/12/2017 - საქართველოს კანონი - 1941-რს - ვებგვერდი, 29/12/2017 10. 09/03/2017 - საქართველოს კანონი - 361-IIს - ვებგვერდი, 22/03/2017 9. 21/12/2016 - საქართველოს კანონი - 156-რს - ვებგვერდი, 28/12/2016 8. 27/10/2015 - საქართველოს კანონი - 4382-Iს - ვებგვერდი, 11/11/2015 7. 20/03/2015 - საქართველოს კანონი - 3357-IIს - ვებგვერდი, 31/03/2015 6. 06/09/2013 - საქართველოს კანონი - 1049-Iს - ვებგვერდი, 23/09/2013 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 5. 12/06/2012 - საქართველოს კანონი - 6439-რს - ვებგვერდი, 22/06/2012 4. 25/05/2012 - საქართველოს კანონი - 6329-Iს - ვებგვერდი, 12/06/2012 3. 12/11/2010 - საქართველოს კანონი - 3806 - სსმ, 66, 03/12/2010 2. 12/11/2010 - საქართველოს კანონი - 3811 - სსმ, 65, 26/11/2010 1. 24/09/2010 - საქართველოს კანონი - 3619-რს - სსმ, 51, 29/09/2010