„საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
„საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1891
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 22/10/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 33, 09/11/2009
სარეგისტრაციო კოდი 110.030.060.05.001.003.661
  • Word
1891
22/10/2009
სსმ, 33, 09/11/2009
110.030.060.05.001.003.661
„საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე

          მუხლი 1.  „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №5-6, 24.04.96, გვ. 66) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები და ცვლილებები:

1. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის II1 თავი:

,,თავი II1. სასამართლოს მეგობრის ინსტიტუტი საკონსტიტუციო სამართალწარმოებაში

მუხლი 141

1. ნებისმიერ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს შეუძლია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტით დამტკიცებული ფორმით მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით თავისი წერილობითი მოსაზრებით.

2. საკონსტიტუციო სასამართლო არ არის ვალდებული, მხედველობაში მიიღოს ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული წერილობითი მოსაზრება.

3. საკონსტიტუციო სასამართლოს უფლება აქვს, თუ იგი საჭიროდ მიიჩნევს, გამოიყენოს სასამართლოს მეგობრის მიერ გამოგზავნილი მოსაზრება, რომელიც შესაძლებელია აისახოს ასევე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში.

4. იმ შემთხვევაში, თუ საკონსტიტუციო სასამართლო სასამართლოს მეგობრის წერილობით მოსაზრებას საკმაოდ მნიშვნელოვნად მიიჩნევს, მას უფლება აქვს, გამოიძახოს იგი სასამართლო სხდომაზე დამატებითი შეკითხვების დასმის მიზნით.“.

2. მე-16 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კონსტიტუციური სარჩელი იწერება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დამტკიცებული, შესაბამისი სასარჩელო სააპლიკაციო ფორმის მიხედვით. კონსტიტუციური სარჩელი ხელმოწერილი უნდა იყოს მოსარჩელის (მოსარჩელეთა) მიერ (თუ მოსარჩელე საქართველოს პრეზიდენტი ან საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფია, მათი ხელმოწერები დამოწმებული უნდა იყოს ამ კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული წესით) და მასში აღნიშნული უნდა იყოს:

ა) საკონსტიტუციო სასამართლოს დასახელება;

ბ) მოსარჩელისა და მოპასუხის დასახელებები და მისამართები;

გ) სადავო სამართლებრივი აქტის დასახელება, მისი მიმღების/გამომცემის დასახელება და მიღების/გამოცემის თარიღი;

დ) საქართველოს კონსტიტუციის დებულებანი, რომლებსაც, მოსარჩელის აზრით, არ შეესაბამება ან არღვევს სადავო სამართლებრივი აქტი ან რომელთა დარღვევითაც იქნა მიღებული/გამოცემული, ხელმოწერილი, გამოქვეყნებული ან ამოქმედებული საქართველოს საკანონმდებლო აქტი ან საქართველოს პარლამენტის დადგენილება;

ე) მტკიცებულებები, რომლებიც, მოსარჩელის აზრით, ადასტურებს კონსტიტუციური სარჩელის საფუძვლიანობას;

ვ) მოთხოვნის არსი;

ზ) საქართველოს კონსტიტუციის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და ამ კანონის დებულებანი, რომლებიც მოსარჩელეს აძლევს კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლებას;

თ) კონსტიტუციურ სარჩელზე დართული საბუთების ჩამონათვალი, აგრეთვე იმ პირთა სია და მისამართები, რომლებიც, მოსარჩელის აზრით, უნდა გამოიძახოს საკონსტიტუციო სასამართლომ;

ი) მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შესახებ, თუ მოსარჩელე მოითხოვს საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვას.“.

3. მე-17 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დაუყოვნებლივ გადაეცემა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, რომელიც, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის პირველი–მე-4 პუნქტების მოთხოვნათა გათვალისწინებით, საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგიის განსჯად საქმეს 7 დღის ვადაში გადასცემს კოლეგიას საქმის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, ხოლო თუ საქმე პლენუმის განსჯადია, – იმავე ვადაში ნიშნავს მომხსენებელ მოსამართლეს პლენუმის სხდომისათვის და გადასცემს მას საქმეს. კოლეგიებისთვის საქმეთა გადაცემისას დაცული უნდა იქნეს კოლეგიათა შორის მათი თანაბრად განაწილების პრინციპი.“.

4. მე-18 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი:

„ზ) სადავო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე სრულფასოვანი მსჯელობა შეუძლებელია ნორმატიული აქტების იერარქიაში მასზე მაღლა მდგომი იმ ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე მსჯელობის გარეშე, რომელიც კონსტიტუციური სარჩელით გასაჩივრებული არ არის.“.

5. 26-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. სხდომის თავმჯდომარე უფლებამოსილია, მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე, ასევე საკუთარი ან საქმის განხილვაში მონაწილე საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის ინიციატივით და საქმის განხილვაში მონაწილე საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა უმრავლესობის თანხმობით მოხსნას მხარეების, მოწმეების, ექსპერტების, სპეციალისტებისა და სასამართლოს მეგობრისათვის მიცემული შეკითხვა.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2009 წლის 22 ოქტომბერი.

№1891–IIს