დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
აივ ინფექცია/შიდსის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 2042 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 17/11/2009 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 37, 30/11/2009 |
სარეგისტრაციო კოდი | 470.230.000.05.001.003.732 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
კონსოლიდირებული ვერსია (05/07/2018 - 01/11/2023)
მუხლი 1. კანონის მიზანი და რეგულირების სფერო
1. ამ კანონის მიზანია ფიზიკურ პირთა ჯანმრთელობის დაცვის, სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით გათვალისწინებულ მოთხოვნათა შესრულება აივ ინფექცია/შიდსთან მიმართებით.
2. ეს კანონი განსაზღვრავს საქართველოში აივ ინფექცია/შიდსის საპასუხო ღონისძიებების ძირითად პრინციპებს, ფიზიკურ პირთა აივ ინფექციაზე ტესტირების, აივ ინფიცირებულთა/შიდსით დაავადებულთა მკურნალობისა და მოვლის, მათზე ზრუნვის საკითხებს, აგრეთვე აივ ინფიცირებულთა/შიდსით დაავადებულთა და მედიცინის მუშაკთა უფლება-მოვალეობებს.
მუხლი 2. საქართველოს კანონმდებლობა აივ ინფექცია/შიდსის შესახებ
საქართველოს კანონმდებლობა აივ ინფექცია/შიდსის შესახებ შედგება საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, ამ კანონისა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისაგან.
მუხლი 3. კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება
ამ კანონის მიზნებისათვის კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) აივ – ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი;
ბ) აივ ინფექცია – ინფექციური დაავადება, რომელსაც იწვევს ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი;
გ) შიდსი – შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი;
დ) აივ სტატუსი – ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგად დადასტურებული მონაცემი ფიზიკური პირის აივ-ით ინფიცირების შესახებ;
ე) მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულება – იურიდიული პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს სამედიცინო საქმიანობას: აივ ინფიცირებულთა/შიდსით დაავადებულთა დიაგნოსტიკას, მკურნალობას, პროფილაქტიკას, მხარდაჭერას/ხელშეწყობასა და მოვლას;
ვ) სამედიცინო დაწესებულება – იურიდიული პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს სამედიცინო მომსახურებას;
ზ) ზიანის შემცირება – მიდგომა, რომელიც მიზნად ისახავს გარკვეული ტიპის ინდივიდუალური ქცევით, სპეციფიკური სოციალური ან სამედიცინო მანიპულაციით ან არახელსაყრელი გარემოთი გამოწვეული ზიანის შემცირებას;
თ) ექსპოზიციის შემდგომი პროფილაქტიკა – მოკლევადიანი ანტირეტროვირუსული მკურნალობა, რომელიც ამცირებს პოტენციური ექსპოზიციის შემდეგ აივ-ით ინფიცირების ალბათობას;
ი) ნებაყოფლობითი კონსულტირება და ტესტირება – ინფორმაციის მიწოდების, მხარდაჭერის და ტესტირების ნებაყოფლობითი პროცესი, რომლის მიზანია, პირს მისცეს საშუალება, მიიღოს გადაწყვეტილება აივ ტესტირებაზე, და დაეხმაროს მას ტესტირების შედეგების ინტერპრეტაციაში.
მუხლი 4. აივ ინფექცია/შიდსის საპასუხო ღონისძიებების კოორდინაცია
1. საქართველოში აივ ინფექცია/შიდსის გავრცელების პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების განხორციელებისა და კოორდინირებული უწყებათაშორისი მუშაობის უზრუნველსაყოფად იქმნება ერთიანი სახელმწიფო საკოორდინაციო საბჭო ( შემდგომში – საბჭო).
2. საბჭოს შემადგენლობა და საქმიანობის წესი განისაზღვრება დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.
3. საბჭო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს კანონებით, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და დებულებით.
4. საბჭო საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილია კოორდინაცია გაუწიოს სახელმწიფო, ადგილობრივ, საზოგადოებრივ და სხვა ორგანიზაციათა ( დაწესებულებათა) შეთანხმებულ მოქმედებებს, განახორციელოს მათი საქმიანობის მონიტორინგი, გამოითხოვოს მუშაობისათვის საჭირო დოკუმენტაცია, მოიძიოს შესაბამისი რესურსები საქართველოში აივ ინფექცია/ შიდსის გავრცელების პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მიზნით, ოპერატიულად მოახდინოს რეაგირება აივ ინფექცია/ შიდსთან დაკავშირებულ საკითხებზე, მონაწილეობა მიიღოს აივ ინფექცია/შიდსთან დაკავშირებული კანონმდებლობის შემუშავებაში, შეიმუშაოს შესაბამისი რეკომენდაციები და ხელი შეუწყოს საერთაშორისო თანამშრომლობის გაფართოებას, უზრუნველყოს ქვეყანაში აივ ინფექცია/ შიდსის საპასუხო ღონისძიებებთან დაკავშირებული ინიციატივების/საკითხების სამთავრობო დონეზე განხილვა და გადაწყვეტილებების მიღებისა და განხორციელების ხელშეწყობა.
მუხლი 5. სახელმწიფო პოლიტიკა აივ ინფექცია/შიდსის სფეროში
აივ ინფექცია/ შიდსის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის პრინციპებია:
ა) აივ ინფექცია/შიდსის პრევენციისა და მკურნალობის სახელმწიფო პროგრამების შემუშავება და განხორციელება;
ბ) სამედიცინო მომსახურებაზე აივ ინფიცირებულთა/ შიდსით დაავადებულთა უფლების დაცვა;
გ) ფიზიკურ პირთა ინფორმირება აივ ინფექციაზე ნებაყოფლობითი ტესტირების შესახებ, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ გამონაკლისების თაობაზე, როცა სავალდებულო ტესტირება კანონმდებლობითაა დაშვებული;
დ) ფიზიკურ პირთა ინფორმირება მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით ან/ და ინდივიდუალურად, მოთხოვნისამებრ, აივ ინფექცია/ შიდსის პრევენციის, დიაგნოსტიკის, მკურნალობის, პროფილაქტიკის, მხარდაჭერის/ ხელშეწყობისა და მოვლის, მათ შორის, სახელმწიფო პროგრამებით გათვალისწინებული დახმარების ფორმებისა და მისი მიღების შესაძლებლობის შესახებ;
ე) აივ ინფექციაზე ნებაყოფლობითი კონსულტირებისა და ტესტირების სერვისების, აივ ინფექცია/შიდსის პრევენციის, დიაგნოსტიკის, მკურნალობის, პროფილაქტიკის, მხარდაჭერის/ ხელშეწყობისა და მოვლის უნივერსალური ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა;
ვ) ფიზიკურ პირთა უფლებების, პატივისა და ღირსების დაცვა და მათი დისკრიმინაციის თავიდან აცილება აივ ინფექცია/ შიდსთან მიმართებით;
ზ) აივ ინფექცია/ შიდსის სფეროში საყოველთაოდ აღიარებული პროფესიული და ეთიკური სტანდარტების დამკვიდრება;
თ) აივ ინფექცია/ შიდსის საპასუხო ღონისძიებების ერთიანი მონიტორინგისა და შეფასების სისტემის ჩამოყალიბება და დანერგვა, აივ ინფექცია/შიდსის ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობის ეროვნული სისტემის გაძლიერება/ ხელშეწყობა, სამედიცინო დახმარებისა და სამკურნალო საშუალებების ხარისხის კონტროლი აივ ინფექცია/შიდსთან მიმართებით;
ი) მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა აივ ინფექცია/ შიდსის სფეროში უნივერსალური უსაფრთხოების წესებისა და ნორმების დაცვის ზედამხედველობის მეშვეობით;
კ) პენიტენციურ დაწესებულებაში აივ ინფექცია/შიდსის პრევენციის, დიაგნოსტიკის, მკურნალობის, პროფილაქტიკის, აივ ინფიცირებულთა/შიდსით დაავადებულთა მხარდაჭერის/ხელშეწყობის და მოვლის, აგრეთვე ზიანის შემცირების ხელშეწყობა;
ლ) დედიდან ნაყოფზე/ახალშობილზე აივ ინფექციის გადაცემის პროფილაქტიკის სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და მისი განხორციელების უზრუნველყოფა, აივ ინფექციაზე ნებაყოფლობითი კონსულტირების სერვისების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ორსულთათვის, ორსულთა ნებაყოფლობითი კონსულტირება და ტესტირება მათი ინფორმირებული თანხმობის საფუძველზე, კონფიდენციალურობის დაცვით;
მ) აივ ინფექციაზე ექსპოზიციის შემდგომი პროფილაქტიკის ღონისძიებების დანერგვა.
მუხლი 6. ფიზიკურ პირთა ტესტირება აივ ინფექციაზე
1. საქართველოს მოქალაქეს, აგრეთვე საქართველოს ტერიტორიაზე მუდმივად ან დროებით მცხოვრებ ან მყოფ ნებისმიერ პირს, უცხოელსა და მოქალაქეობის არმქონე პირს უფლება აქვთ, გაიარონ ნებაყოფლობითი კონსულტირება და ტესტირება აივ ინფექციაზე, მათ შორის, ანონიმურად და კონფიდენციალურად. 14-დან 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვანი პაციენტის აივ ინფექციაზე/შიდსზე დიაგნოსტიკისას გამოვლენილი დადებითი შედეგის შესახებ მისი მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის ინფორმირების წესი, „პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, განისაზღვრება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით.
2. ფიზიკური პირის ტესტირება აივ ინფექციაზე ტარდება მისგან ნებაყოფლობითი ინფორმირებული თანხმობის მიღების შემდეგ.
3. აივ ინფექციაზე ტესტირება სავალდებულოა:
ა) სისხლისა და სისხლის კომპონენტების დონორთათვის;
ბ) ორგანოებისა და ორგანოთა ნაწილების დონორთათვის;
გ) ქსოვილების დონორთათვის;
დ) კვერცხუჯრედისა და სპერმის დონორთათვის.
4. სამედიცინო დაწესებულება უფლებამოსილია ახალშობილს მშობლის თანხმობის გარეშე ჩაუტაროს ტესტირება აივ ინფექციაზე იმ შემთხვევაში, თუ მშობლის აივ სტატუსი უცნობია, იგი უარს აცხადებს ტესტირებაზე და არსებობს საფუძვლიანი ეჭვი მისი ინფიცირებულობის შესახებ.
5. აივ ინფექციაზე სავალდებულო ტესტირების სხვა შემთხვევები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
1. სახელმწიფო უზრუნველყოფს აივ ინფიცირებულთა/ შიდსით დაავადებულთა დიაგნოსტიკის, მკურნალობის, პროფილაქტიკის, მხარდაჭერის/ ხელშეწყობისა და მოვლის დროულობას და უწყვეტობას სახელმწიფო პროგრამებით გათვალისწინებული ვალდებულებების ფარგლებში, ქვეყანაში აღიარებული პროფესიული სტანდარტების შესაბამისად.
2. აივ ინფიცირებულს/შიდსით დაავადებულს უფლება აქვს, თავად აირჩიოს, ნებისმიერ დროს შეცვალოს სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი, უარი განაცხადოს მკურნალობაზე ან/და შეწყვიტოს დაწყებული სამედიცინო მომსახურება.
3. აივ ინფიცირებულთა/შიდსით დაავადებულთა დიაგნოსტიკა, მკურნალობა, პროფილაქტიკა, მხარდაჭერა/ ხელშეწყობა და მოვლა უნდა წარიმართოს კლინიკური პრაქტიკის ნაციონალური რეკომენდაციის ( გაიდლაინის) შესაბამისად.
მუხლი 8. მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულებისა და პერსონალის ვალდებულებები
1. აივ ინფიცირებულთა/შიდსით დაავადებულთა დიაგნოსტიკას, მკურნალობას, პროფილაქტიკას, მხარდაჭერას/ხელშეწყობასა და მოვლას ახორციელებს მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულება.
2. მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულება ვალდებულია პირს, რომელმაც დადგენილი წესით გაიარა ტესტირება აივ ინფექციაზე, მიაწოდოს სრული ინფორმაცია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, თუ პირი უარს არ აცხადებს ინფორმაციის მიღებაზე. პირისათვის ინფორმაციის არმიწოდების ან ინფორმაციის მოცულობის შეზღუდვის საკითხი რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.
3. მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულება ვალდებულია დიაგნოზთან ერთად პირს მიაწოდოს ინფორმაცია აივ ინფექცია/შიდსის გავრცელების პრევენციის უზრუნველყოფის ღონისძიებების შესახებ, რომლებიც სავალდებულოა სხვათა უსაფრთხოებისათვის და რომელთა დარღვევისთვისაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილია შესაბამისი პასუხისმგებლობა.
4. მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულება ვალდებულია შესთავაზოს პირს და, მისი ინფორმირებული თანხმობის შემთხვევაში, უზრუნველყოს აივ ინფექციაზე ტესტის წინა და შემდგომი კონსულტირება.
5. მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულება, რომელიც ახორციელებს აივ ინფიცირებულთა/შიდსით დაავადებულთა დიაგნოსტიკას, მკურნალობას, პროფილაქტიკას, მხარდაჭერას/ხელშეწყობას ან/და მოვლას, ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს აღრიცხვა.
6. მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულება, რომელიც ახორციელებს აივ ინფიცირებულთა/შიდსით დაავადებულთა დიაგნოსტიკას, მკურნალობას, პროფილაქტიკას, მხარდაჭერას/ხელშეწყობას ან/და მოვლას, ვალდებულია აივ ინფიცირებულს/შიდსით დაავადებულს მოსთხოვოს ინფორმაცია იმ პირის/პირთა შესახებ, რომელთანაც/რომლებთანაც მას ჰქონდა ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით რისკის შემცველი კონტაქტი.
7. აივ ინფიცირებულის/ შიდსით დაავადებულის მიერ ამ კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულება, რომელიც ახორციელებს აივ ინფიცირებულთა/ შიდსით დაავადებულთა დიაგნოსტიკას, მკურნალობას, პროფილაქტიკას, მხარდაჭერას/ ხელშეწყობას ან/ და მოვლას, ვალდებულია პირის მეუღლეს/ სქესობრივ პარტნიორს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიაწოდოს ინფორმაცია პირის აივ დადებითი სტატუსის შესახებ, თუ ცნობილია მისი მეუღლის/სქესობრივი პარტნიორის ვინაობა.
მუხლი 9. აივ ინფიცირებულთა /შიდსით დაავადებულთა შესახებ ინფორმაციის კონფიდენციალურობა
1. მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულება, რომელიც ახორციელებს აივ ინფიცირებულთა/შიდსით დაავადებულთა დიაგნოსტიკას, მკურნალობას, პროფილაქტიკას, მხარდაჭერას/ ხელშეწყობას ან/და მოვლას, ასევე ნებისმიერი იურიდიული და ფიზიკური პირები, რომლებსაც აქვთ ინფორმაცია პირის აივ ინფიცირების/ შიდსით დაავადების შესახებ, ვალდებული არიან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაიცვან ინფორმაციის კონფიდენციალურობა.
2. მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულება ვალდებულია დაიცვას აივ ინფიცირებულის/შიდსით დაავადებულის შესახებ თავის ხელთ არსებული ინფორმაციის კონფიდენციალურობა როგორც აივ ინფიცირებულის/შიდსით დაავადებულის სიცოცხლეში, ისე მისი სიკვდილის შემდეგ.
3. მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულების მიერ აივ ინფიცირებულის/შიდსით დაავადებულის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნება დასაშვებია:
ა) თუ აივ ინფიცირებულისაგან/შიდსით დაავადებულისაგან მიღებულია ინფორმირებული თანხმობა;
ბ) თუ არსებობს აივ ინფიცირებულის/შიდსით დაავადებულის წინასწარგანცხადებული წერილობითი თანხმობა მისი გარდაცვალების შემთხვევაში ინფორმაციის გაცემის შესახებ;
გ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
4. აივ ინფიცირებულის/შიდსით დაავადებულის შესახებ ინფორმაციის სასწავლო ან სამეცნიერო მიზნით გაცემა დასაშვებია, თუ ინფორმაციის გამოყენებისას მონაცემები ისეა წარმოდგენილი, რომ შეუძლებელია პირის იდენტიფიკაცია.
5. აივ ინფიცირებულს/შიდსით დაავადებულს უფლება აქვს, თავად განსაზღვროს პირი/პირები, რომელსაც/რომელთაც შეიძლება მიეწოდოს ინფორმაცია მისი აივ სტატუსის შესახებ.
მუხლი 10. აივ ინფიცირებულთა/შიდსით დაავადებულთა უფლებები
1. დაუშვებელია აივ ინფიცირებულთა/ შიდსით დაავადებულთა სამოქალაქო, პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური და კულტურული უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვა მხოლოდ აივ დადებითი სტატუსის საფუძველზე, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. დაუშვებელია აივ ინფიცირებულთა/შიდსით დაავადებულთა მიმართ ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებების, თავისუფლებებისა და გარანტიების შეზღუდვა, რომლებიც ამ პუნქტში არ არის მოხსენიებული, მაგრამ თავისთავად გამომდინარეობს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების პრინციპებიდან.
2. აივ ინფიცირებულის/შიდსით დაავადებულის სამუშაოდან დათხოვნა ან მისთვის სამუშაოზე მიღებაზე უარის თქმა მხოლოდ აივ დადებითი სტატუსის გამო დაუშვებელია, გარდა იმ საქმიანობებისა, სადაც არსებობს მასთან კონტაქტში მყოფი პირის დაინფიცირების მაღალი რისკი. აღნიშნულ საქმიანობათა ნუსხას ამტკიცებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.
3. აივ ინფიცირებულს/შიდსით დაავადებულს უფლება აქვს, სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლისაგან მიიღოს სრული ინფორმაცია სამედიცინო მომსახურების მიღების შესაძლებლობის, სამედიცინო მომსახურების სახეების, საფასურის, თანმხლები რისკისა და შესაძლო ეფექტიანობის, სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლის ვინაობისა და პროფესიული გამოცდილების შესახებ.
საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3056 - ვებგვერდი, 11.07.2018წ.
მუხლი 11. აივ ინფიცირებულთა/შიდსით დაავადებულთა პასუხისმგებლობა და მოვალეობა
1. აივ ინფიცირებული/შიდსით დაავადებული საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით პასუხს აგებს სხვა პირისთვის შიდსის შეყრის საფრთხის შექმნისათვის და შიდსის გადაცემისათვის.
2. აივ ინფიცირებული/შიდსით დაავადებული, რომლისთვისაც ცნობილია საკუთარი აივ დადებითი სტატუსი, ვალდებულია დადგენილი წესით აცნობოს მეუღლეს/სქესობრივ პარტნიორს საკუთარი აივ ინფიცირების შესახებ.
მუხლი 12. კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებები
1. ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის განმავლობაში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა შეიმუშაოს და დაამტკიცოს ამ კანონის ამოქმედებისათვის საჭირო შესაბამისი სამართლებრივი აქტები.
2. ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის განმავლობაში საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს:
ა) საქართველოში აივ ინფექცია/შიდსის გავრცელების პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების განხორციელებისა და კოორდინირებული უწყებათაშორისი მუშაობის ერთიანი სახელმწიფო საკოორდინაციო საბჭოს დებულების შემუშავება და დამტკიცება;
ბ) აივ ინფექცია/შიდსის საპასუხო ღონისძიებების ერთიანი მონიტორინგისა და შეფასების სისტემის ჩამოყალიბება და დანერგვა.
მუხლი 13. ძალადაკარგულად ცნობილი აქტი
ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი საქართველოს 1995 წლის 21 მარტის №683 კანონი „ ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით ინფექციის/შიდსის პროფილაქტიკის შესახებ“ ( საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994–1995, №№23–26, მუხ. 557).
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2009 წლის 17 ნოემბერი.
№2042 _ IIს
დოკუმენტის კომენტარები