დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1698 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 24/09/2009 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 29, 12/10/2009 |
სარეგისტრაციო კოდი | 020.000.000.05.001.003.638 |
საქართველოს კანონი
საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ
მუხლი 1
საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №32(39), 1999 წელი, მუხ. 166) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) ადმინისტრაციული ორგანო – ყველა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ან დაწესებულება, საჯარო სამართლის იურიდიული პირი (გარდა პოლიტიკური და რელიგიური გაერთიანებებისა), აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს;“.
2. მე-3 მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ამ კოდექსის მოქმედება ვრცელდება სახელმწიფო, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და დაწესებულებების, აგრეთვე იმ პირების საქმიანობაზე, რომლებიც ამ კოდექსის შესაბამისად ითვლებიან ადმინისტრაციულ ორგანოებად.“.
3. მე-18 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) სამართლებრივი დახმარების აღმოჩენა ზიანს აყენებს სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ინტერესებს ანდა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კანონით დაკისრებულ ვალდებულებათა განხორციელებას.“.
4. 52-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. საქართველოს სახელმწიფო ორგანოს მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტზე გამოსახული უნდა იყოს საქართველოს სახელმწიფო გერბი, ხოლო ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტზე – შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის გერბი, მისი არსებობის შემთხვევაში.“.
5. 168-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. თუ პირს ამ კოდექსის 167-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში არ განესაზღვრა ვადა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ნებაყოფლობით აღსრულებისათვის, აღსრულებასთან დაკავშირებულ ხარჯებს გაიღებს შესაბამისად სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო, გარდა იმ შემთხვევისა, როცა გადაუდებელი აუცილებლობა გამოწვეული იყო იმ პირის მოქმედებით, რომელსაც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა აღესრულებინა.“.
6. 173-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 173. აღსრულება სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა მიმართ
ამ თავის დებულებანი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის აღსრულებასთან დაკავშირებით არ ვრცელდება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა მიმართ.“.
7. 184-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) გამოიწვევს სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ხარჯების გაზრდას;“.
8. 208-ე და 209-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 208. სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს პასუხისმგებლობის განსაკუთრებული წესი
1. სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო.
2. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა მოსამსახურის მიერ მისი სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო.
3. თუ კერძო პირი რაიმე საქმიანობას ახორციელებს სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ დელეგირების ან დავალების საფუძველზე, ასეთი საქმიანობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო.
მუხლი 209. სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს პასუხისმგებლობა კანონიერი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გამოწვეული ზიანისათვის
1. თუ საზოგადოებრივი აუცილებლობისათვის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით თანასწორობის პრინციპის საწინააღმდეგოდ არსებითი ზიანი ადგება მხოლოდ რომელიმე კერძო პირს ან პირთა ჯგუფს, სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს ამ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მიყენებული ზიანი.
2. ზიანის ანაზღაურების მოცულობა განისაზღვრება საჯარო და კერძო პირის ინტერესების შეფასების საფუძველზე.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2009 წლის 24 სექტემბერი.
№1698–IIს
დოკუმენტის კომენტარები