„სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე“

  • Word
„სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 1462
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 16/07/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ორგანული კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 20, 28/07/2009
სარეგისტრაციო კოდი 150.000.000.04.001.000.563
  • Word
1462
16/07/2009
სსმ, 20, 28/07/2009
150.000.000.04.001.000.563
„სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს ორგანული კანონი

„სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე

                მუხლი 1. „სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში (პარლამენტის უწყებანი, №13, 7.06.96, გვ. 12) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები და ცვლილებები:

1. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 მუხლი:

    ,,მუხლი 31

1. საქართველოს სახალხო დამცველი ასრულებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სასჯელის წინააღმდეგ კონვენციის ფაკულტატური ოქმით გათვალისწინებული პრევენციის ეროვნული მექანიზმის ფუნქციებს.

2. საქართველოს სახალხო დამცველი უზრუნველყოფილია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ფუნქციების შესრულებისათვის აუცილებელი მატერიალურ-ტექნიკური და ფინანსური რესურსებით.

3. პრევენციის ეროვნული მექანიზმის მიზნებიდან გამომდინარე, საქართველოს სახალხო დამცველი ვალდებულია ითანამშრომლოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შესაბამის ორგანოებთან და მექანიზმებთან, აგრეთვე საერთაშორისო, რეგიონალურ და ეროვნულ ინსტიტუტებთან ან ორგანიზაციებთან, რომელთა საქმიანობის სფეროს განეკუთვნება წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობისაგან ან სასჯელისაგან დაკავების, წინასწარი პატიმრობისა და თავისუფლების შეზღუდვის სხვა ადგილებში მყოფ პირთა დაცვის უზრუნველყოფა.“.

2. მე-19 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 19

1. საქართველოს სახალხო დამცველი ან სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრი ამოწმებს დაკავების, წინასწარი პატიმრობისა და თავისუფლების შეზღუდვის სხვა ადგილებში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობას.

2. დაკავების, წინასწარი პატიმრობისა და თავისუფლების შეზღუდვის სხვა ადგილებში მყოფ პირთა მიმართ ქცევის რეგულარული შემოწმების, აგრეთვე წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობისაგან ან სასჯელისაგან მათი დაცვის უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს სახალხო დამცველი/სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრი:

ა) მოწმის გარეშე, პირადად ან თარჯიმნის მეშვეობით ხვდება და ესაუბრება დაკავებულებს, წინასწარ პატიმრობაში მყოფ ან სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდულ პირებსა და მსჯავრდებულებს, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც შეუძლიათ აღნიშნულ პირთა უფლებების დარღვევის შესახებ ინფორმაციის მიწოდება;

ბ) ამოწმებს დაკავების, წინასწარი პატიმრობისა და თავისუფლების შეზღუდვის სხვა ადგილებში მოთავსებულ პირთა ყოფნის დამადასტურებელ დოკუმენტაციას.

3. საქართველოს სახალხო დამცველის/სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრების შეხვედრა დაკავებულებთან, წინასწარ პატიმრობაში მყოფ ან სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდულ პირებთან და მსჯავრდებულებთან კონფიდენციალურია. რაიმე სახის მიყურადება ან თვალთვალი დაუშვებელია.“.

3. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 191 მუხლი:

     „მუხლი 191

1. პრევენციის ეროვნული მექანიზმის ფუნქციების შესრულების მიზნით საქართველოს სახალხო დამცველთან იქმნება სპეციალური პრევენციული ჯგუფი, რომელიც რეგულარულად ამოწმებს დაკავებულ, პატიმრობაში მყოფ ან სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდულ პირთა და მსჯავრდებულთა მდგომარეობას და მათდამი მოპყრობას წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობისაგან ან სასჯელისაგან დაცვის მიზნით.

2. სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრი შეიძლება იყოს პირი, რომელსაც აქვს სათანადო განათლება, პროფესიული გამოცდილება და საქმიანი და მორალური თვისებებით შეუძლია შეასრულოს პრევენციის ეროვნული მექანიზმის ფუნქციები.

3. სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრი არ შეიძლება იყოს პოლიტიკური პარტიის წევრი ან მონაწილეობდეს პოლიტიკურ საქმიანობაში.

4. პრევენციის ეროვნული მექანიზმის ფუნქციების შესრულებისას სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრები მოქმედებენ საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალური რწმუნების საფუძველზე და ანგარიშვალდებული არიან მხოლოდ საქართველოს სახალხო დამცველის წინაშე.

5. სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრებს უფლება აქვთ, არ მისცენ ჩვენება იმ ფაქტის გამო, რომელიც მათ გაანდეს პრევენციის ეროვნული მექანიზმის ფუნქციების შესრულებისას. მათ ეს უფლება უნარჩუნდებათ სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგაც.

6. არ შეიძლება სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრისთვის განკუთვნილ საფოსტო-სატელეგრაფო კორესპონდენციაზე, საფოსტო გზავნილზე ყადაღის დადება, მათი შემოწმება და ამოღება.“.

4. მე-20 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოს სახალხო დამცველი და სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრი ვალდებული არიან, არ გაამჟღავნონ საიდუმლო და კონფიდენციალურად აღიარებული ინფორმაცია, აგრეთვე, პირის მკაფიოდ გამოხატული თანხმობის გარეშე, – მისი წამებისა და მის მიმართ სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შესახებ ინფორმაცია.“.

5. 21-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის უზრუნველყოფის, დაკავებულ, წინასწარ პატიმრობაში მყოფ ან სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდულ პირთა და მსჯავრდებულთა პირობებისა და მათ მიმართ მოპყრობის გაუმჯობესების, აგრეთვე წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სასჯელის თავიდან აცილების მიზნით საქართველოს კანონმდებლობასთან და კანონპროექტებთან დაკავშირებით წინადადებები, შენიშვნები და რეკომენდაციები წარუდგინოს საქართველოს პარლამენტს ან სხვა შესაბამის ორგანოს;“.

6. 22-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს სახალხო დამცველი წელიწადში ორჯერ – მარტსა და ოქტომბერში – საქართველოს პარლამენტს წარუდგენს ანგარიშს ქვეყანაში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ, რომელიც ასევე მოიცავს სპეციალური პრევენციული ჯგუფის საქმიანობის ანგარიშს.“.

7. 27-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე და აპარატის თანამშრომლები, ასევე სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრები ამ კანონის მე-18 და მე-19 მუხლებით გათვალისწინებულ უფლებამოსილებას ან მის ნაწილს ახორციელებენ საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალური რწმუნებით.“.

    მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2009 წლის 16 ივლისი.

№1462–რს