დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1179 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 12/06/2009 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 12, 29/06/2009 |
სარეგისტრაციო კოდი | 080.190.000.05.001.000.510 |
საქართველოს კანონი
„საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997, გვ. 86) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
1. მე-14 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. თანამდებობაზე გამწესებიდან ერთი თვის ვადაში პირი ვალდებულია შეავსოს და საჯარო სამსახურის ბიუროში წარადგინოს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია. საჯარო სამსახურის ბიურო დეკლარაციის დამოწმებულ ასლს გადასცემს თანამდებობაზე გამამწესებელ ორგანოს/ორგანოებს, თანამდებობის პირს.“;
ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატი ვალდებულია პარლამენტის წევრობის კანდიდატად რეგისტრაციიდან ერთი კვირის ვადაში საქართველოს პრეზიდენტის მიერ დადგენილი, გამარტივებული ფორმით შეავსოს და წარადგინოს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია.“;
გ) მე-8 და მე-9 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. ამ მუხლით დადგენილ ვადებში თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შეუვსებლობისა და წარუდგენლობის შემთხვევაში საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსი პირს განუსაზღვრავს ათდღიან დამატებით ვადას დეკლარაციის შევსებისა და წარდგენისათვის და წერილობით აფრთხილებს ამ ვადაში დეკლარაციის წარუდგენლობისათვის გათვალისწინებული პასუხისმგებლობის შესახებ. დამატებითი ვადა აითვლება პირისათვის გაფრთხილების ოფიციალური გაცნობიდან.
9. თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია შეივსება საქართველოს პრეზიდენტის მიერ დამტკიცებული ფორმის მიხედვით.“.
2. მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 18
1. დეკლარაციის მიღებას, შესაბამისი თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის საჯაროობასა და დეკლარაციის დროულად ჩაბარებაზე კონტროლს უზრუნველყოფს, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საჯარო სამსახურის ბიურო (შემდგომში – ბიურო).
2. ამ კანონის მიზნებისთვის ბიურო უზრუნველყოფს:
ა) თანამდებობის პირის მიერ თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის ტექნიკურად სწორად შევსების შესახებ ინსტრუქციის შედგენას;
ბ) თანამდებობის პირის მიერ თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის ფორმის დაუბრკოლებლად მიღებას;
გ) თანამდებობის პირის მიერ შევსებული თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მიღებასა და შენახვას;
დ) თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შინაარსის საჯაროობას;
ე) ამ კანონის მე-2 მუხლში მოცემული ჩამონათვალის საფუძველზე იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრის შედგენას და საქართველოს პრეზიდენტისათვის დასამტკიცებლად წარდგენას, რომელთათვისაც დეკლარაციების შევსება სავალდებულოა, აგრეთვე რეესტრში შესატანი ცვლილებებისა და დამატებების მომზადებას და საქართველოს პრეზიდენტისათვის დასამტკიცებლად წარდგენას;
ვ) საქართველოს კანონმდებლობით მისთვის დაკისრებული სხვა ფუნქციების განხორციელებას.“.
3. მე-20 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ჯარიმის დაკისრების შესახებ განკარგულებას გამოსცემს ბიუროს უფროსი მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით. პირმა ჯარიმა უნდა გადაიხადოს ჯარიმის დაკისრების შესახებ განკარგულების ოფიციალური გაცნობიდან არა უგვიანეს 30 დღისა. ჯარიმა გადახდილად ჩაითვლება ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის ბიუროში წარდგენის შემდეგ. ჯარიმის გადახდა არ ათავისუფლებს პირს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის ვალდებულებისაგან.“.
4. 211 მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
5. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 212 მუხლი:
„მუხლი 212
1. ლიკვიდირებულ იქნეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საინფორმაციო ბიურო 2009 წლის 1 აგვისტოდან. სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელება უზრუნველყოს საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ.
2. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ 2009 წლის 1 აგვისტომდე უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო სამსახურის ბიუროს რეორგანიზაცია. ბიურო არის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საინფორმაციო ბიუროს უფლებამონაცვლე.
3. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ და საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ 2009 წლის 1 აგვისტომდე უზრუნველყონ ლიკვიდაციასა და რეორგანიზაციასთან დაკავშირებული სათანადო კანონქვემდებარე აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებამდე საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ გამოცემული ნორმატიული აქტები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას.
5. საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საინფორმაციო ბიუროს საბიუჯეტო ასიგნებათა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემა საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის – საჯარო სამსახურის ბიუროსათვის.
6. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ უზრუნველყოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საინფორმაციო ბიუროს ბალანსზე რიცხული ქონების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემა საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის – საჯარო სამსახურის ბიუროსათვის.
7. 2009 წლის 1 აგვისტომდე თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მიღება განახორციელოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საინფორმაციო ბიურომ.“.
მუხლი 2
1. ეს კანონი, გარდა პირველი მუხლის პირველი–მე-4 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი–მე-4 პუნქტები ამოქმედდეს 2009 წლის 1 აგვისტოდან.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2009 წლის 12 ივნისი.
№1179–რს
დოკუმენტის კომენტარები