,,მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეგისტრაციის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

,,მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეგისტრაციის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 241
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 31/12/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 160, 31/12/2009
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2022
სარეგისტრაციო კოდი 040.230.000.22.027.014.060
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
241
31/12/2009
სსმ, 160, 31/12/2009
040.230.000.22.027.014.060
,,მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეგისტრაციის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (31/12/2009 - 30/07/2016)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.230.000.22.027.014.060

საქართველოს იუსტიციის

მინისტრის ბრძანება №241

2009 წლის 31 დეკემბერი

ქ. თბილისი

„მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეგისტრაციის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს „მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეგისტრაციის შესახებ“ თანდართული ინსტრუქცია.

2. ბრძანება ამოქმედდეს 2010 წლის 1 იანვრიდან.

ზ. ადეიშვილი

დანართი

მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქცია

თავი I

ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. ინსტრუქციის რეგულირების სფერო

ინსტრუქცია განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (შემდგომში – სააგენტოს) მიერ მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრის წარმოებისა და ინფორმაციის გაცემის ორგანიზაციულ და სამართლებრივ საფუძვლებს, წარმოებაში მონაწილე მხარეებს, მათ უფლებებსა და მოვალეობებს.

    მუხლი 2. ინსტრუქციის მიზანი

ინსტრუქციის მიზანია სააგენტოს მიერ სარეგისტრაციო წარმოებისა და ინფორმაციის გაცემის სამართლებრივი და პროცედურული საკითხების განსაზღვრა, სარეგისტრაციო დოკუმენტაციის, საჯარო ინფორმაციისა და სხვა მონაცემების შემცველი დოკუმენტების შინაარსის, ფორმებისა და ტექნიკური პირობების დადგენა, მართვის ავტომატური საშუალებების გამოყენებით ადმინისტრაციული წარმოებებისა და ინფორმაციის გაცემის რეგულირება.

    მუხლი 3. ტერმინთა განმარტებანი

ინსტრუქციის მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან (შემდგომში – ამონაწერი) – საწარმოს და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის, ინდივიდუალური მეწარმის, უცხო ქვეყნის საწარმოს და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის (მუდმივი დაწესებულების, წარმომადგენლობის) შესახებ მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრში, საჯაროსამართლებრივ და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეესტრებში არსებული მონაცემების შემცველი, ამ ინსტრუქციით დადგენილი წესით შედგენილი დოკუმენტი;

ბ) დაინტერესებული პირი – ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი ან ადმინისტრაციული ორგანო, რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს სააგენტოს გადაწყვეტილება ან ქმედება;

გ) ინფორმაციის ხელმისაწვდომობა – მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრში დაცული ინფორმაციისა და დოკუმენტაციის საჯაროობის, მათი თავისუფალი გაცნობისა და გაცემის უზრუნველყოფა;

დ) მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრი – მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა, ასევე უცხო ქვეყნის საწარმოს და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის რეგისტრაციის შესახებ მონაცემთა ერთობლიობა;

ე) საიდენტიფიკაციო მონაცემები – ფიზიკური პირის შემთხვევაში – პირადი ნომერი, სახელი და გვარი, იურიდიული პირის შემთხვევაში – საიდენტიფიკაციო ნომერი, ხოლო სხვა სამართლებრივი წარმონაქმნის შემთხვევაში – კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი საიდენტიფიკაციო მონაცემები;

 ვ) საიდენტიფიკაციო ნომერი – მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრში რეგისტრაციას დაქვემდებარებულ პირთათვის ამ ინსტრუქციითა და კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიჭებული უნიკალური ნომერი;

ზ) სარეგისტრაციო დოკუმენტაცია – რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები;

თ) სარეგისტრაციო დოკუმენტი – სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას, ან/და შეიცავს რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისათვის მნიშვნელობის მქონე ინფორმაციას;

ი) სარეგისტრაციო წარმოება – სააგენტოს საქმიანობა მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეგისტრაციის მიზნით;

კ) რეგისტრაცია – მეწარმეთა, არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა, უცხო ქვეყნის საწარმოს და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის და ინდივიდუალური მეწარმის წარმოშობის, რეგისტრირებულ მონაცემებსა და სარეგისტრაციო დოკუმენტებში ცვლილების, ლიკვიდაციის პროცესის დაწყების, საწარმოსათვის ხარვეზის გამოსასწორებლად ვადის განსაზღვრის და რეგისტრაციის შეწყვეტის შესახებ ინფორმაციის აღრიცხვა მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრში, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებით;

ლ) წესდება – პარტნიორთა წერილობითი, კანონმდებლობით დადგენილი წესით შედგენილი შეთანხმება, რომელიც შეიცავს რეგისტრაციისათვის მნიშვნელობის მქონე ინფორმაციას.

    მუხლი 4. სააგენტოს ზოგადი უფლებამოსილება

1. მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეგისტრაციას ახორციელებს სააგენტო საამისოდ უფლებამოსილი სტრუქტურული ქვედანაყოფისა და შესაბამისი ავტორიზებული პირების მეშვეობით.

2. განცხადება რეგისტრაციისა და ინფორმაციის გაცემის მიზნით წარედგინება სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ სამსახურს, ხოლო გადაწყვეტილება მიიღება სააგენტოს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის სააგენტოს თავმჯდომარისაგან საამისოდ უფლებამოსილი პირის მიერ.

3. სააგენტოს მიერ ავტორიზებული პირების საგნობრივი და ტერიტორიული კომპეტენცია განისაზღვრება შესაბამისი ადმინისტრაციული ხელშეკრულებით.

4. ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახურების უფლებრივ კომპეტენციასთან დაკავშირებული სხვა საკითხები რეგულირდება სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით.

    მუხლი 5. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრი

1. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრში რეგისტრირდება:

ა) ინდივიდუალური მეწარმე;

ბ) შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება;

გ) სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება;

დ) კომანდიტური საზოგადოება;

ე) სააქციო საზოგადოება;

ვ) კოოპერატივი;

ზ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი;

თ) უცხო ქვეყნის საწარმოს და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალი (წარმომადგენლობა, მუდმივი დაწესებულება).

2. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრში ასევე შეიტანება ინფორმაცია საზოგადოების პარტნიორებისა (გარდა სააქციო საზოგადოებისა) და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორთა წილობრივი მონაწილეობის შესახებ.

3. მეწარმე სუბიექტი, ასევე არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი და უცხო ქვეყნის საწარმოსა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალი (წარმომადგენლობა, მუდმივი დაწესებულება) (შემდგომში – სუბიექტი) წარმოშობილად ითვლება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან. სუბიექტის არსებობა დგინდება მხოლოდ ამონაწერით მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან.

4. რეგისტრაციის შედეგად სუბიექტს ენიჭება უნიკალური, მუდმივი საიდენტიფიკაციო ნომერი და მისი შეცვლა დაუშვებელია, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

5. რეგისტრირებული მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, გარდა იმ შემთხვევისა, თუ დაინტერესებული პირისთვის წინასწარ იყო ცნობილი ამ მონაცემების უზუსტობის შესახებ.

თავი II

ინფორმაციის ხელმისაწვდომობა

    მუხლი 6. ინფორმაციის გაცემა და მის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების წესი

1. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრის მონაცემები საჯაროა და ხელმისაწვდომია ნებისმიერი პირისათვის. საჯაროა ასევე რეგისტრაციის საფუძვლად გამოყენებული დოკუმენტაცია, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შემთხვევებისა.

2. ელექტრონული სახით დოკუმენტი გაიცემა სააგენტოს ოფიციალური ვებგვერდის (www.napr.gov.ge) შესაბამისი ბმულების მეშვეობით და მისი ამონაბეჭდის მიმართ ასლის დედანთან სისწორის დამოწმებისათვის დადგენილი წესები არ გამოიყენება. ამონაბეჭდს აქვს იგივე იურიდიული ძალა, რაც თავად ელექტრონული სახით გამოცემულ დოკუმენტს. სუბიექტის სარეგისტრაციო დოკუმენტების ელექტრონული ასლები გაიცემა საფასურის გადახდის გარეშე და ხელმისაწვდომია ნებისმიერი პირისათვის, თუ ისინი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით არ იქნა გასაიდუმლოებული.

3. მარეგისტრირებელ ორგანოში დაცული სარეგისტრაციო დოკუმენტის ან სხვა დოკუმენტაციის, ასევე მის მიერ რეგისტრაციის შედეგად შექმნილი ნებისმიერი დოკუმენტის დედნის გამოთხოვა დასაშვებია მხოლოდ სასამართლოს შესაბამისი აქტის საფუძველზე და ექვემდებარება სავალდებულო წესით დაბრუნებას. სამართალდამცავი თუ სხვა სახელმწიფო ორგანოების მიერ დასაშვებია მხოლოდ ამ დოკუმენტაციის ასლის გამოთხოვა.

4. მარეგისტრირებელ ორგანოში დაცული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის ან სხვა დოკუმენტაციის, ასევე მის მიერ რეგისტრაციის შედეგად შექმნილი ნებისმიერი დოკუმენტის დედნის ან ასლის გამოთხოვა არ აჩერებს რეგისტრირებული მონაცემების მოქმედებას და არ კრძალავს მათ საფუძველზე რეგისტრაციის განხორციელებას ან/და ამონაწერის თუ სხვა დოკუმენტის ან ინფორმაციის გაცემას.

5.რეგისტრირებული მონაცემების ხელმისაწვდომობისათვის გადაიხდება „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონით საჯარო რეესტრის წარმოებისა და ინფორმაციის გაცემისათვის დადგენილი მომსახურების საფასური, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

6. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან ინფორმაციის გაცემისათვის გამოიყენება „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონით საჯარო რეესტრიდან ინფორმაციის გაცემისათვის დადგენილი წესები.

    მუხლი 7. ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან

1. ამონაწერი გაიცემა ნებისმიერ პირზე და მზადდება რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებასთან ერთად (გარდა რეგისტრაციის გაუქმებისა), რეგისტრირებული მონაცემის არსებობის შემთხვევაში კი შესაბამისი მოთხოვნისას.

2. ამონაწერი მზადდება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრის, საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეესტრების მონაცემთა ერთიანი ბანკის საფუძველზე და ასახავს მისი მომზადების მომენტისათვის რეგისტრირებული სუბიექტის, საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის შესახებ ძალაში მყოფ მონაცემებს. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების შემთხვევაში ამონაწერი ასევე უნდა შეიცავდეს ინფორმაციას პარტნიორთა წილებზე მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემებს.

3. ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში, ამონაწერში აისახება:

ა) ინფორმაცია სუბიექტის სამართლებრივი ფორმის შესახებ;

ბ) ინფორმაცია ინდივიდუალური მეწარმის საიდენტიფიკაციო მონაცემების/რეკვიზიტების შესახებ;

გ) ინფორმაცია რეგისტრირებული საჯაროსამართლებრივი შეზღუდვისა და საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის, ასევე მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირებული უფლებების, მათი რეგისტრაციის თარიღისა და ფარგლების, ამ შეზღუდვისა და უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის რეკვიზიტებისა და მისი გამომცემი ორგანოს შესახებ.

4. იურიდიული პირის შემთხვევაში, ამონაწერში აისახება:

ა) ინფორმაცია სუბიექტის სამართლებრივი ფორმის, სახელწოდებისა და იურიდიული მისამართის შესახებ;

ბ) ინფორმაცია წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირების შესახებ, ასევე მათი უფლებამოსილების შეზღუდვის შესახებ შეზღუდვის არსებობის შემთხვევაში;

გ) ინფორმაცია საწარმოს მმართველობითი ორგანოების შესახებ;

დ) შეზღუდული პასუხისმგებლობის საწარმოს შემთხვევაში, ინფორმაცია საწარმოს პარტნიორებისა და მათი წილების შესახებ;

ე) ინფორმაცია წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირების და რეგისტრირებული პარტნიორების საიდენტიფიკაციო მონაცემების/რეკვიზიტების შესახებ;

ვ) ინფორმაცია რეგისტრირებული საჯაროსამართლებრივი შეზღუდვისა და საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის, მისი რეგისტრაციის თარიღისა და ფარგლების, ამ შეზღუდვის დამადასტურებელი დოკუმენტის რეკვიზიტებისა და მისი გამომცემი ორგანოს შესახებ;

ზ) შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების შემთხვევაში, ინფორმაცია პარტნიორთა წილებზე მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირებული უფლებების შესახებ;

თ) კომანდიტური საზოგადოების შემთხვევაში აღნიშვნა, რომელი პარტნიორია შეზღუდული და რომელი – სრული.

5. ამონაწერი უნდა შეიცავდეს ინფორმაციას საწარმოსათვის ხარვეზის გამოსასწორებლად ვადის განსაზღვრის შესახებ ასეთის არსებობის შემთხვევაში.

6. ამონაწერი ასევე უნდა შეიცავდეს ინფორმაციას განცხადების რეგისტრაციისა და ამონაწერის მომზადების, რეგისტრირებული საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის, უფლებებისა და ვალდებულებების რეგისტრაციის თარიღისა და სარეგისტრაციო ნომრების შესახებ.

7. ამონაწერი უნდა ასახავდეს ერთ სუბიექტზე რეგისტრირებულ მონაცემებს.

8. ამონაწერის მოქმედების ვადა განუსაზღვრელია.

9. ამონაწერის მომზადების ვადები და საფასური დგინდება „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონით.

10. ამონაწერს აქვს იგივე იურიდიული ძალა, რაც საგადასახადო რეგისტრაციის მოწმობას.

თავი III

სარეგისტრაციო წარმოება და რეგისტრაციის წესი

    მუხლი 8. სარეგისტრაციო წარმოების მხარეები

სარეგისტრაციო წარმოების მხარეებს წარმოადგენენ დაინტერესებული პირი და სააგენტო.

    მუხლი 9. დაინტერესებული პირის, მისი წარმომადგენლის ან/და განცხადების წარმომდგენის ვინაობის დადგენა

1. დაინტერესებული/წარმომადგენელი ფიზიკური პირის ვინაობა დგინდება პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მეშვეობით. საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტად მიიჩნევა საქართველოს მოქალაქის პასპორტი ან პირადობის მოწმობა. უცხოელ მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტად მიიჩნევა საქართველოში ბინადრობის ნებართვა ან შესაბამისი ქვეყნის მიერ გაცემული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

2. დაინტერესებული იურიდიული პირის ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნის იდენტიფიცირება ხდება რეგისტრაციის დამადასტურებელი ამონაწერით შესაბამისი სახელმწიფო რეესტრიდან (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან მათი დაფუძნების დამადასტურებელი დოკუმენტით.

3. დაინტერესებული ადმინისტრაციული ორგანოს იდენტიფიცირება ხდება მისი დაფუძნების დამადასტურებელი დოკუმენტით.

4. თუ დაინტერესებული პირი სარეგისტრაციო წარმოებაში მონაწილეობს განცხადების წარმომდგენი ავტორიზებული პირის მეშვეობით, განცხადების წარმომდგენის ვინაობა დგინდება სააგენტოსთან არსებული შეთანხმების დამადასტურებელი დოკუმენტით და განცხადების წარმომდგენის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტით.

5. დაინტერესებული პირის, მისი წარმომადგენლის ან/და განცხადების წარმომდგენის ვინაობის დასადგენად შეიძლება გამოყენებულ იქნეს შესაბამის ორგანოთა მონაცემთა ბაზა.

    მუხლი 10. განცხადებისა და დოკუმენტების წარდგენა, პირობითი განცხადება

1. სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია:

ა) დაინტერესებული პირის განცხადება;

ბ) სააგენტოსათვის კანონმდებლობით, ზემდგომი ორგანოს მიერ ან სასამართლო აქტით (არბიტრაჟის გადაწყვეტილებით) დაკისრებული ვალდებულება – მიიღოს გადაწყვეტილება.

2. სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხზე განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია სააგენტოში შეიძლება წარდგენილ იქნეს ნებისმიერი ტერიტორიული სამსახურისათვის ან ავტორიზებული პირისათვის მიმართვით, პირადად ან ფოსტის მეშვეობით.

3. განცხადებაზე განმცხადებლის მიერ ხელმოწერა უნდა შესრულდეს სააგენტოს უფლებამოსილი პირის თანდასწრებით. განცხადების ფოსტის მეშვეობით წარდგენისას განცხადებაზე ხელმოწერა დამოწმებულ უნდა იქნეს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. განცხადებას თან უნდა ერთვოდეს ამ ინსტრუქციით და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტი თუ სხვა დოკუმენტაცია.

4. სააგენტოს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებულ შემთხვევებში განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია ასევე შეიძლება წარდგენილ იქნეს ელექტრონული სახით.

5. განცხადებების წარდგენა და შესაბამისი დოკუმენტების გაცემა წარმოებს ელექტრონული პროგრამის საშუალებით, სააგენტო განცხადების წარმოდგენას ადასტურებს შესაბამის ელექტრონულ პროგრამაში მისი რეგისტრაციითა და მასზე სარეგისტრაციო ნომრის მინიჭებით. უფლებამოსილი პირი ვალდებულია განმცხადებლის მოთხოვნისთანავე დაუყოვნებლივ გაატაროს რეგისტრაციაში წარმოდგენილი განცხადება და გასცეს განცხადების მიღების ბარათი, რომელიც ადასტურებს განცხადების წარმოდგენის ფაქტს.

6. უკვე წარმოდგენილ განცხადებაზე დამატებითი ინფორმაციის ან დოკუმენტის დართვისათვის ახალი განცხადება არ მოითხოვება, ხოლო უფლებამოსილი პირის მიერ დაუყოვნებლივ გაიცემა მიღების ბარათი, რომელიც ადასტურებს დამატებითი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენის ფაქტს.

7. ამ ინსტრუქციისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით წარმოდგენილი დოკუმენტები არ წარმოადგენს განცხადების მიღებაზე უარის თქმის საფუძველს, იგი შესაძლებელია გახდეს სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველი.

8. სარეგისტრაციო წარმოება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დაიწყება დაინტერესებული პირის განცხადების, ხოლო „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – სააგენტოს მიერ პირობითი განცხადების რეგისტრაციის მომენტიდან.

9. თუ მარეგისტრირებელ ორგანოში განცხადება წარმოდგენილია ფოსტის ან კანცელარიის მეშვეობით, ან არსებობს სააგენტოსათვის კანონმდებლობით, ზემდგომი ორგანოს ან სასამართლო აქტით (არბიტრაჟის გადაწყვეტილებით) დაკისრებული ვალდებულება მიიღოს გადაწყვეტილება, უფლებამოსილი პირი ვალდებულია შესაბამის ელექტრონულ პროგრამაში დაარეგისტრიროს პირობითი განცხადება. პირობითი განცხადების მიმართ არ მოქმედებს ამ ინსტრუქციის ის ნორმები, რომლებიც სავალდებულოა დაინტერესებული პირის განცხადების მიმართ.

10. პირობით განცხადებაში უნდა აისახოს კანონმდებლობით განცხადებისთვის დადგენილი აუცილებელი ინფორმაცია ამ მუხლის მე-9 პუნქტის გათვალისწინებით.

11. სააგენტო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებს განცხადებისა და თანდართული დოკუმენტაციის ნამდვილობაზე.

    მუხლი 11. რეგისტრაციის ზოგადი საფუძვლები და დამატებითი პირობები

1. რეგისტრაცია წარმოებს შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე. რეგისტრაციისთვის გადაიხდება „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მომსახურების საფასური.

2. სააგენტო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით მოითხოვოს ნებისმიერი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენა, რაც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად.

3. სხვა სახელმწიფოში შესრულებული დოკუმენტი ლეგალიზებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით დოკუმენტის ლეგალიზაცია არ მოითხოვება.

4. თუ სარეგისტრაციო წარმოების დასრულების დღე ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, მაშინ სარეგისტრაციო წარმოება უნდა დასრულდეს მომდევნო სამუშაო დღეს. ამასთან, მარეგისტრირებელ ორგანოს უფლება აქვს სარეგისტრაციო წარმოება განახორციელოს უქმე ან დასვენების დღეებში და შესვენების ან არასამუშაო დროს.

5. საწარმოს იურიდიული მისამართის განსაზღვრისთვის სავალდებულოა ადგილსამყოფლის მესაკუთრის სათანადო წესით დადასტურებული თანხმობის ან ადგილსამყოფლით სარგებლობის თაობაზე დადგენილი წესით გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულების ტერიტორიულ სარეგისტრაციო სამსახურში წარდგენა.

6. თუ მოთხოვნილია საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის რეგისტრაცია, ხოლო მისი რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე ასევე მოთხოვნილია ამ ინსტრუქციით განსაზღვრული სუბიექტის რეგისტრაცია, რაც ეწინააღმდეგება აღნიშნული საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის შინაარსს, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოებისას ხარვეზის დადგენის შესახებ, რის შემდეგაც ჯერ მიიღება საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის რეგისტრაციასთან დაკავშირებული შესაბამისი გადაწყვეტილება, ხოლო შემდეგ – გადაწყვეტილება სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი სუბიექტის შესახებ.

7. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში პარტნიორთა წილები გამოხატული უნდა იყოს პროცენტებში და მათი ჯამი უნდა შეადგენდეს 100 პროცენტს.

8. თუ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის მიერ რეგისტრირებულია შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაზე არსებული მონაცემები, მათ შორის პარტნიორთა და მათი წილობრივი მონაწილეობის შესახებ, ხოლო საწარმოს ან დამოუკიდებელი რეგისტრატორის მიერ, კანონმდებლობით დადგენილი წესით, არ ყოფილა წარმოდგენილი ამ მონაცემებში რაიმე ცვლილების ამსახველი დოკუმენტი ან ინფორმაცია, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის მიერ რეგისტრირებული მონაცემები ითვლება საბოლოოდ და მათ მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, გარდა იმ შემთხვევისა, თუ დაინტერესებული პირისთვის წინასწარ იყო ცნობილი ამ მონაცემების უზუსტობის შესახებ.

9. იმ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებების შემთხვევაში, რომლებზეც მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) ირიდიული პირების რეესტრში არ არის დაცული მონაცემები საწარმოში პარტნიორებისა და მათი წილობრივი მონაწილეობის შესახებ, სარეგისტრაციო და ამონაწერის გაცემასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მისაღებად, უფლებამოსილი პირების მიერ წარმოდგენილი უნდა იქნეს მონაცემები საწარმოში პარტნიორთა და მათი წილობრივი მონაწილეობის შესახებ.

10. დაყოფის შედეგად შექმნილი სუბიექტები წარმოშობილად ითვლება მათი პირველადი რეგისტრაციისა და დაყოფილი სუბიექტის რეგისტრაციის გაუქმების მომენტიდან.

11. რეორგანიზაციის შედეგად გამოყოფილი სუბიექტი წარმოშობილად ითვლება ახალი სუბიექტის რეგისტრაციისა და იმ სუბიექტის რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაციის მომენტიდან, რომლიდანაც მოხდა მისი გამოყოფა.

12. სუბიექტების გაერთიანებით შექმნილი სუბიექტი წარმოშობილად ითვლება გასაერთიანებელი სუბიექტების რეგისტრაციის გაუქმებისა და ახალი სუბიექტის რეგისტრაციის მომენტიდან.

13. სუბიექტი მიერთებულად ითვლება მისაერთებელი სუბიექტის რეგისტრაციის გაუქმებისა და იმ სუბიექტის რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაციის მომენტიდან, რომელთანაც ხდება მიერთება.

14. ამ მუხლის მე-10–მე-13 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებები მიიღება ერთი სარეგისტრაციო წარმოებით, ერთობლივად.

15. სააგენტო პასუხისმგებელია რეგისტრირებული მონაცემებისა და მასთან დაცული სარეგისტრაციო დოკუმენტების ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე.

    მუხლი 12. საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭების წესი

1. საიდენტიფიკაციო ნომერი არის უნიკალური კოდი, რომელიც ენიჭება სუბიექტს რეგისტრაციასთან ერთად.

2. საიდენტიფიკაციო ნომერს წარმოადგენს:

ა) ყველა სარეგისტრაციო სუბიექტისათვის, გარდა ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემთხვევებისა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიჭებული ცხრანიშნა ნომერი;

ბ) ინდივიდუალური მეწარმისთვის – საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიჭებული პირადი საიდენტიფიკაციო ნომერი.

3. საიდენტიფიკაციო ნომერი უცვლელია და იგი უქმდება სუბიექტის რეგისტრაციის გაუქმებასთან ერთად.

    მუხლი 13. მომსახურების საფასურის გადახდის წესი

1. ერთეული სუბიექტის რეგისტრაციისას, ასევე რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაციისას გადაიხდევნება ერთი მომსახურების საფასური, იმის მიუხედავად, თუ რამდენი რეგისტრირებული მონაცემის ცვლილებაა მოთხოვილი. ამ პუნქტის მიზნებისათვის ცვლილებად მიიჩნევა ნებისმიერი სახის ჩანაწერის ცვლილება რეგისტრირებულ მონაცემებში.

2. პირის მიერ სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებული რამდენიმე მომსახურების ერთდროულად მოთხოვნისას, მომსახურების საფასური შესაძლებელია გადახდილ იქნეს ერთიანად.

3. სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასური შესაძლებელია გადახდილ იქნეს ნებისმიერი პირის მიერ, მიუხედავად იმისა, წარმოადგენს თუ არა ეს პირი ამ ინსტრუქციით განსაზღვრულ დაინტერესებულ პირს.

4. თუ სასამართლოს ან სხვა უფლებამოსილი ორგანოს/პირის მიერ სააგენტოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დავალებული აქვს სააგენტოს კომპეტენციას დაქვემდებარებული მომსახურების გაწევა, მომსახურება წარმოებს საფასურის გადახდის გარეშე.

თავი IV

რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება

    მუხლი 14. რეგისტრაციასთან დაკავშირებული სააგენტოს გადაწყვეტილება

1. სააგენტო ვალდებულია რეგისტრაციის საკითხზე სარეგისტრაციო წარმოების ვადაში მიიღოს გადაწყვეტილება რეგისტრაციის, ხარვეზის დადგენის ან რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ, ხოლო საამისო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, შეწყვიტოს სარეგისტრაციო წარმოება ან განუხილველი დატოვოს განცხადება.

2. სააგენტოს გადაწყვეტილება გამოიცემა ელექტრონული ფორმით და შეიცავს შემდეგ მონაცემებს:

ა) გადაწყვეტილების სახეს;

ბ) სათაურს;

გ) გამომცემი ორგანოს დასახელებას და მისამართს;

დ) გამოცემის დროს და განცხადების რეგისტრაციის ნომერს;

ე) დასაბუთებას და სამართლებრივ საფუძვლებს;

ვ) იმ ორგანოს დასახელებას და მისამართს, სადაც შეიძლება გადაწყვეტილების გასაჩივრება და საჩივრის წარდგენის ვადას.

3. სუბიექტი წარმოშობილად, რეგისტრაცია გაუქმებულად, ხოლო რეგისტრირებული მონაცემები შეცვლილად ითვლება რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების ძალაში შესვლის მომენტიდან. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი სააგენტოს ვებგვერდზე განთავსებისთანავე.

4. გადაწყვეტილებაში მონაცემების შეტანა შეიძლება მექანიკური ან/და მართვის ავტომატური საშუალებებით.

5. გადაწყვეტილება შეიძლება გამოცემულ იქნეს მართვის ავტომატური საშუალებების გამოყენებით.

6. რეგისტრაციასთან დაკავშირებული სააგენტოს გადაწყვეტილება საჩივრდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 15. სარეგისტრაციო წარმოებისას ხარვეზის დადგენა, სარეგისტრაციო წარმოების ვადის დინების შეჩერება და განახლება

1. სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას ხარვეზის დადგენის შესახებ, თუ:

ა) განცხადება ან/და მასზე თანდართული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტი ან ინფორმაცია არ არის წარმოდგენილი ამ ინსტრუქციით ან/და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი ფორმით და წესით, და სააგენტოში არაა დაცული შესაბამისი ინფორმაცია/დოკუმენტი, რომელიც უნდა დაედოს რეგისტრაციას საფუძვლად;

ბ) სარეგისტრაციოდ წარდგენილია არაზუსტი, არაიდენტიფიცირებადი ან არასრულყოფილი მონაცემები;

გ) შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორთა წილობრივი მონაწილეობის შესახებ ინფორმაცია არ არის წარმოდგენილი 2010 წლის 1 იანვრამდე, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად;

დ) არ არის გადახდილი მომსახურების საფასური;

ე) ვერ ხერხდება განმცხადებლის მოთხოვნის იდენტიფიცირება ან მოთხოვნა და წარმოდგენილი დოკუმენტები ურთიერთშეუსაბამოა;

ვ) წარმოდგენილია უფლებამოსილი პირის/ორგანოს მიერ გაცემული კანონიერ ძალაში შესული სამართლებრივი აქტი, რომელიც ითვალისწინებს სარეგისტრაციო წარმოების შეჩერებას;

ზ) წარმოდგენილი დოკუმენტები გადაიგზავნა შესაბამის სამართალდამცავ ორგანოში მათი კანონიერების შესწავლის მიზნით;

თ) არსებობს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში სააგენტო დაინტერესებულ პირს ხარვეზის აღმოსაფხვრელად განუსაზღვრავს 30-დღიან ვადას, რომელიც აითვლება დაინტერესებული პირის მიერ ხარვეზის დადგენის შესახებ გადაწყვეტილების ოფიციალურად გაცნობიდან, ხოლო გადაწყვეტილების ეროვნული სააგენტოს შესაბამის ვებგვერდზე გამოქვეყნების შემთხვევაში, გამოქვეყნებიდან. აღნიშნული ვადის გაგრძელება დაუშვებელია, ხოლო თუ ხარვეზის აღმოსაფხვრელად განსაზღვრული ვადის განმავლობაში ხარვეზი არ იქნება აღმოფხვრილი, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ.

3. ხარვეზის აღმოსაფხვრელად განსაზღვრული ვადის განმავლობაში სარეგისტრაციო წარმოების ვადის დინება ითვლება შეჩერებულად.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“, „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სარეგისტრაციო წარმოების ვადის დინება შეჩერებულად ითვლება შესაბამისი ორგანოს კანონიერ ძალაში შესულ აქტში მითითებული ვადით ან/და სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების სამართლებრივი საფუძვლის აღმოფხვრამდე.

5. ხარვეზის გამოსწორებისთვის დადგენილ ვადაში ხარვეზის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენის შემთხვევაში, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების განახლების შესახებ.

6. სარეგისტრაციო წარმოების ვადის განახლების შემთხვევაში, სარეგისტრაციო წარმოების ვადის ათვლა იწყება ხელახლა.

    მუხლი 16. უარი რეგისტრაციაზე

1. სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ, თუ:

ა) მოთხოვნილია სუბიექტის ან რეგისტრირებული მონაცემის ცვლილების იმგვარი რეგისტრაცია, რომელიც არ ექვემდებარება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრში რეგისტრაციას;

ბ) წარმოდგენილია უფლებამოსილი პირის/ორგანოს კანონიერ ძალაში შესული სამართლებრივი აქტი, რომელიც ითვალისწინებს სააგენტოს მიერ რეგისტრაციაზე უარის თქმას;

დ) სარეგისტრაციო წარმოებისას დადგენილი ხარვეზი არ იქნა აღმოფხვრილი შესაბამის ვადაში;

ე) სარეგისტრაციო მოთხოვნა მოთხოვნილი უკვე რეგისტრირებული მონაცემების იდენტურია;

ვ) არსებობს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები.

2. რეგისტრაციაზე უარის თქმის შემთხვევაში განმცხადებელს, მისი მოთხოვნის შემთხვევაში, უბრუნდება სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტაცია, გარდა მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტისა.

    მუხლი 17. სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტა

სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ, თუ:

ა) სარეგისტრაციო წარმოების განმავლობაში დაინტერესებულმა პირმა მოითხოვა სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტა;

ბ) წარმოდგენილია უფლებამოსილი პირის/ორგანოს კანონიერ ძალაში შესული სამართლებრივი აქტი, რომელიც ითვალისწინებს სააგენტოს მიერ სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტას;

გ) არსებობს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძველი.

    მუხლი 18. გადაწყვეტილება რეგისტრაციის (მოთხოვნის დაკმაყოფილების) შესახებ

1. სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციის (მოთხოვნის დაკმაყოფილების) შესახებ, თუ არ არსებობს ხარვეზის დადგენის, სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის ან სარეგისტრაციო წარმოებაზე უარის თქმის საფუძვლები.

2. რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღება ნიშნავს სუბიექტის შესახებ მონაცემების აღრიცხვას მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრში.

    მუხლი 19. რეგისტრირებულ მონაცემებში ტექნიკური ხარვეზის გასწორება

სააგენტო ვალდებულია საკუთარი ინიციატივით გაასწოროს რეგისტრირებულ მონაცემში დაშვებული ტექნიკური ხარვეზი, რომელიც გამოწვეულია დოკუმენტაციიდან მონაცემის უზუსტო გადატანით და ტექნიკური ან გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომით. ტექნიკურ ხარვეზად ჩაითვლება ასევე ორთოგრაფიული, არითმეტიკული ან სხვა სახის ტექნიკური უზუსტობა.

    მუხლი 20. რეგისტრაციასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების გაუქმება, გაუქმებული მონაცემების აღდგენა

1. თუ გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ სასამართლო ან ადმინისტრაციული აქტით ბათილად ან არარად იქნება ცნობილი, რეგისტრაციის შედეგად საჯარო რეესტრში დაუყოვნებლივ აღდგება ბათილად/არარად ცნობილი/აღიარებული აქტით რეგისტრაციამდე არსებული სამართლებრივი მდგომარეობა. აღნიშნულისთვის მომსახურების საფასური არ გადაიხდევინება.

2. თუ რეგისტრაციის შესახებ სააგენტოს გადაწყვეტილების ძალადაკარგულობის საფუძველს წარმოადგენს რეგისტრაციის საფუძვლად არსებული სამართლებრივი აქტის გაუქმება, რეგისტრაცია ძალადაკარგულად ცხადდება დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე, უფლების რეგისტრაციისათვის დადგენილი მომსახურების საფასურის გადახდით.

3. თუ სასამართლო ან ადმინისტრაციული აქტით ძალადაკარგულად გამოცხადდა სააგენტოს გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ, რეგისტრაციის გაუქმებისათვის მომსახურების საფასური არ გადაიხდევინება.

4. რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების შემთხვევაში, გაუქმებულ რეგისტრაციამდე არსებული სამართლებრივი მდგომარეობის აღდგენა შესაძლებელია რეგისტრაციისათვის კანონმდებლობით დადგენილი წესით, მომსახურების საფასურის გადახდით.

თავი V

გარდამავალი დებულებანი

    მუხლი 21. გარდამავალი დებულებანი

1. სააგენტო ვალდებულია, დაინტერესებული პირის მოთხოვნის შემთხვევაში, მიანიჭოს საიდენტიფიკაციო ნომერი იმ რეგისტრირებულ სუბიექტს, რომელსაც საგადასახადო რეგისტრაცია არ გაუვლია 2010 წლის 1 იანვრამდე მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ წესით და შესაბამისად არ აქვს მინიჭებული ცხრანიშნა საიდენტიფიკაციო ნომერი.

2. ის ინდივიდუალური მეწარმეები, რომლებმაც რეგისტრაცისას არ წარმოადგინეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და რეგისტრირებულ მონაცემებში დაცული არაა მათი საიდენტიფიკაციო პირადი თერთმეტნიშნა ნომერი, ვალდებულნი არიან 2010 წლის 1 ივნისამდე მიმართონ სააგენტოს რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაციის მოთხოვნით. ამ ვადის გაშვების შემთხვევაში რეგისტრაცია ავტომატურად ცხადდება ძალადაკარგულად.