დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეების მიერ სპეციალური საშუალებების შენახვის, ტარებისა და გამოყენების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1586 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
მიღების თარიღი | 30/12/2009 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 159, 30/12/2009 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2014 |
სარეგისტრაციო კოდი | 140.130.000.22.034.014.001 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
პირველადი სახე (30/12/2009 - 31/12/2013)
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 140.130.000.22.034.014.001
საქართველოს შინაგან საქმეთა
მინისტრის ბრძანება №1586
2009 წლის 30 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეების მიერ სპეციალური საშუალებების შენახვის, ტარებისა და გამოყენების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ
„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტების, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის №1503 კანონის მე-2 მუხლის, „საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
1. თანდართული სახით დამტკიცდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეების მიერ სპეციალური საშუალებების შენახვისა, ტარებისა და გამოყენების წესი და პირობები.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ი. მერაბიშვილი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეების მიერ სპეციალური საშუალებების შენახვის, ტარებისა და გამოყენების წესი და პირობები
მუხლი 1. რეგულირების სფერო და მიზანი
1. ეს წესი და პირობები (შემდგომში – წესი) არეგულირებს ცალკეულ შემთხვევებში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეების მიერ სპეციალური საშუალებების შენახვის, ტარებისა და გამოყენების წესსა და პირობებს.
2. წესი გამომდინარეობს „პოლიციის შესახებ“ და „საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონებიდან და მიზანად ისახავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა განხორციელებისას – დანაშაულის და სხვა სამართალდარღვევათა აღკვეთის, დამნაშავის შეპყრობის, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის, სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფის და პოლიციაზე და საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურზე დაკისრებული სხვა ამოცანების, აგრეთვე მისი უფლებამოსილებების განხორციელების ხელშეწყობას.
3. ამ წესის მიზნებისათვის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურე არის პოლიციელი და საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი.
მუხლი 2. სპეციალურ საშუალებათა სახეები
1. სპეციალურ საშუალებათა სახეების ჩამონათვალი უნდა შეესაბამებოდეს „პოლიციის შესახებ“ და „საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული სპეციალური საშუალებების ჩამონათვალს.
2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეების, კერძოდ პოლიციელების მიერ გამოსაყენებელი სპეციალური საშუალებებია:
ა) ხელბორკილი ან შებორკვის სხვა საშუალება;
ბ) არალეტალური იარაღი (მათ შორის, არალეტალური ჭურვი);
გ) რეზინის ხელკეტი;
დ) ცრემლსადენი გაზი;
ე) წიწაკის გაზი;
ვ) აკუსტიკური საშუალება, ფსიქოლოგიური ზემოქმედების შუქბგერითი მოწყობილობა;
ზ) დაბრკოლების დამანგრეველი და ტრანსპორტის იძულებითი გაჩერების საშუალება;
თ) წყალსატყორცნი;
ი) ჯავშანმანქანა და სხვა სპეციალური სატრანსპორტო საშუალება;
კ) სპეციალური საღებავი;
ლ) სასამსახურო ძაღლი და ცხენები;
მ) ელექტროშოკური მოწყობილობა.
3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების მიერ გამოსაყენებელი სპეციალური საშუალებებია:
ა) ხელბორკილი ან შებორკვის სხვა საშუალება;
ბ) რეზინის ხელკეტი;
გ) ცრემლსადენი ან საერთაშორისო კონვენციებით დაშვებული განსაკუთრებული ზემოქმედების გაზი;
დ) ფსიქოლოგიური ზემოქმედების შუქბგერითი მოწყობილობა;
ე) ტრანსპორტის იძულებითი გაჩერების საშუალება;
ვ) დაბრკოლების დამანგრეველი საშუალება;
ზ) წყალმტყორცნი, ჯავშანმანქანა;
თ) სპეციალური საღებავი;
ი) ელექტროშოკური მოწყობილობა;
კ) სასამსახურო ძაღლი.
4. კონკრეტული შემთხვევები, როდესაც შესაძლებელია სპეციალური საშუალების გამოყენება, განისაზღვრება „პოლიციის შესახებ“ და „საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონებით.
მუხლი 3. სპეციალურ საშუალებათა შენახვა და ტარება
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოების, სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისთვის (შემდგომში – დანაყოფების) და მათი თანამშრომლებისთვის სპეციალური საშუალებების აუცილებლობას განსაზღვრავს უშუალოდ ამ დანაყოფის ხელმძღვანელი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრთან ან მის მიერ უფლებამოსილ მინისტრის მოადგილესთან შეთანხმებით.
2. სპეციალური საშუალებების შენახვას უზრუნველყოფს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ სპეციალური საშუალება გაპიროვნებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონკრეტულ მოსამსახურეზე, მაშინ აღნიშნული საშუალებების შენახვაზე პასუხისმგებელ პირს განსაზღვრავს შესაბამისი დანაყოფის ხელმძღვანელი.
3. შესაბამისი სპეციალური საშუალებების გამოყენების მიზანშეწონილობის გათვალისწინებით, აღნიშნული საშუალებების ტარებაზე უფლებამოსილ პირებს განსაზღვრავს დანაყოფის ხელმძღვანელი.
მუხლი 4. სპეციალური საშუალებების გამოყენება
1. სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეს (შემდგომში – უფლებამოსილი პირი) უფლება აქვს, სპეციალური საშუალებები გამოიყენოს აუცილებლობის პრინციპის გათვალისწინებით „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით, „საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით და ამ წესით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, თუ სხვა საშუალებები არაეფექტური იქნება მიზნის მისაღწევად.
2. სპეციალური საშუალებების გამოყენებამდე უფლებამოსილმა პირმა წინასწარ უნდა გააფრთხილოს სათანადო პირი და მისცეს მას საკმარისი დრო, რათა მან შეასრულოს პოლიციელის ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დაყოვნებამ შეიძლება გამოიწვიოს მოქალაქის ან/და უფლებამოსილი პირის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხელყოფა, სხვა მძიმე შედეგი, ან თუ შექმნილ სიტუაციაში შეუძლებელია ასეთი გაფრთხილების გაკეთება.
3. სპეციალური საშუალებების გამოყენება ორსულობის, მცირეწლოვნობის, ინვალიდობის, ხანდაზმულობის აშკარა ნიშნების მქონე პირთა მიმართ აკრძალულია, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი შეიარაღებულ ან ჯგუფურ თავდასხმას ახორციელებენ, შეიარაღებულ წინააღმდეგობას უწევენ უფლებამოსილ პირებს, რაც საფრთხეს უქმნის მოქალაქეთა და უფლებამოსილ პირთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, თუ სხვაგვარი ხერხებითა და საშუალებებით ასეთი თავდასხმის მოგერიება შეუძლებელია.
4. პროპორციულობის პრინციპის გათვალისწინებით, სპეციალური საშუალების სახე, ფიზიკური იძულების ინტენსიურობა განისაზღვრება კონკრეტული სიტუაციის, სამართალდარღვევის ხასიათისა და სამართალდამრღვევის ინდივიდუალური თავისებურების გათვალისწინებით.
მუხლი 5. სპეციალური საშუალებების გამოყენების შედეგები
1. სპეციალური საშუალებების გამოყენების შემდეგ უფლებამოსილი პირი ვალდებულია:
ა) უზრუნველყოს სპეციალური საშუალებების გამოყენებით დაზარალებული პირებისთვის პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა;
ბ) სპეციალური საშუალების გამოყენების შედეგად პირის დაჭრის ან დაზიანების შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ აცნობოს უშუალო უფროსს და პროკურორს, აგრეთვე აღნიშნული პირის ოჯახის წევრს (თუ ეს შესაძლებელია).
2. საზოგადოებისთვის აქტუალურ და დიდი რეზონანსის მქონე საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც შეეხება უფლებამოსილი პირების მიერ სპეციალური საშუალებების გამოყენებას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ვალდებულია მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გაავრცელოს ინფორმაცია აღნიშნული სპეციალური საშუალებების გამოყენების მიზანშეწონილობის და კანონშესაბამისობის შესახებ.
დოკუმენტის კომენტარები