დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 790 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
მიღების თარიღი | 30/11/2009 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 147, 30/11/2009 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/12/2009 |
სარეგისტრაციო კოდი | 190.040.000.22.033.013.850 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (30/11/2009 - 31/12/2009)
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.22.033.013.850
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №790
2009 წლის 30 ნოემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის დებულება“.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს:
ა) „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სპეციალური დანიშნულების რაზმის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 13 აპრილის №344 ბრძანება;
ბ) „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 13 აპრილის №343 ბრძანება.
3. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2009 წლის 1 დეკემბრიდან.
კ. ბაინდურაშვილი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის
დებულება
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური (შემდგომში – სამსახური) არის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სტატუსით შემავალი სპეციალური სამართალდამცავი ორგანო, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას, სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით მის ქვემდებარეობას მიკუთვნებულ საქმეთა წინასწარ გამოძიებას და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა ფუნქციებს.
2. სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით და სამართლებრივი აქტებით, სისხლის სამართლის და სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით, საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობით, საქართველოს კანონით „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“, საქართველოს სხვა კანონებით და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
3. სამსახური თავისი ფუნქციების განხორციელებისას მოქმედებს სახელმწიფოს სახელით.
4. სამსახური ანგარიშვალდებულია საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის წინაშე, რომელიც წარმართავს და კოორდინაციას უწევს სამსახურის საქმიანობას.
5. სამსახური წარმართავს თავის საქმიანობას კანონიერების, პიროვნების ღირსების, პატივისცემის, სამართლიანობის, ჰუმანიზმისა და საჯაროობის პრინციპებზე დაყრდნობით, მას არა აქვს უფლება გაამჟღავნოს მოქალაქის პირადი ცხოვრების, მისი პატივისა და პირადი ღირსების შემლახავი ინფორმაცია, აგრეთვე კანონმდებლობით დაცული სხვა ინფორმაცია. ოპერატიულ-სამძებრო ხასიათის ინფორმაცია, ან წინასწარი გამოძიების მასალების გახმაურება დასაშვებია მხოლოდ კანონმდებლობით დადგენილი წესით.
6. სამსახური ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
7. სამსახურის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, უნივერსიტეტის 2.
მუხლი 2. სამსახურის ამოცანები
სამსახურის ძირითადი ამოცანებია:
ა) თავისი კომპეტენციის ფარგლებში დანაშაულის თავიდან აცილება, გამოვლენა, სრული მოცულობით წინასწარი გამოძიების ჩატარება და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად, სათანადო ექსპერტიზის ორგანიზება და ჩატარება „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე;
ბ) საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა პრევენცია და გამოვლენა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით და სხვა ნორმატიული აქტებით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე;
გ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემის საქმიანობის უსაფრთხოების და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების პროცესში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემის თანამშრომლების მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან დაცვის უზრუნველყოფა დადგენილი წესით;
დ) საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში დანაშაულის და კორუფციულ გარიგებათა პრევენცია, აღკვეთა და გამოვლენა;
ე) მოსამართლისა და პროკურორის წერილობითი დავალებების, მითითებების შესრულება, ასევე კომპეტენციის ფარგლებში მათთვის დახმარების გაწევა;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში ინფორმაციის მოპოვება, მისი ანალიზი შემდგომი გამოყენების მიზნით;
ზ) დანაშაულის გამოვლენა-აღკვეთის მიზნით ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა;
თ) კომპეტენციის ფარგლებში საბაჟო და საგადასახადო სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებისათვის ხელის შეწყობა, რეკომენდაციათა შემუშავება ამ ურთიერთობის გაუმჯობესებისა და ბიუჯეტში გადასახადების სრულად და დროულად მობილიზაციის კუთხით;
ი) საფინანსო-საბიუჯეტო და ფულად-საკრედიტო ურთიერთობათა სფეროში კანონმდებლობის დარღვევის ხელის შემწყობი მიზეზების გამოვლენა, პირობების შესწავლა-ანალიზი და რეკომენდაციების შემუშავება.
მუხლი 3. სამსახურის სტრუქტურა
1. სამსახური დაკისრებული მოვალეობებს ასრულებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე და ფუნქციონირებს ერთიანი ცენტრალიზებული წესით.
2. სამსახურის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) ადმინისტრაცია;
ბ) საგამოძიებო დეპარტამენტი;
გ) სპეციალურ გამოკვლევათა და ექსპერტიზის დეპარტამენტი;
დ) ოპერატიულ-ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტი;
ე) სპეციალური დანიშნულების რაზმი;
ვ) ოპერატიული აღირიცხვის სამმართველო;
ზ) სტატისტიკური აღრიცხვისა და საინფორმაციო სამმართველო.
3. სამსახურის სტრუქტურული ერთეული შეიძლება შედგებოდეს სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან – მთავარი სამმართველოსგან/სამმართველოსგან/განყოფილებისგან.
მუხლი 4. სამსახურის ადმინისტრაცია
ადმინისტაციის ძირითადი ამოცანებია:
ა) ორგანიზაცია გაუწიოს სამსახურში საქმის წარმოებას, განახორციელოს შემოსული და გასული კორესპონდენციების სათანადო აღრიცხვა-დამუშავება, განახორციელოს მათ შესრულებასა და მოძრაობაზე კონტროლი, სამსახურის უფროსს პერიოდულად მიაწოდოს ინფორმაცია საკონტროლო დავალებათა შესრულების შესახებ;
ბ) უზრუნველყოს არქივის წარმოება;
გ) უზრუნველყოს სამსახურის სისტემაში ერთიანი საკადრო პოლიტიკის განხორციელება, სამსახურის პირადი შემადგენლობის დასაკომპლექტებლად სამსახურის უფროსისათვის წინადადებების მომზადება და დაკომპლექტებული შემადგენლობის თვისობრივი გაუმჯობესება, მათი შერჩევა, განაწილება და პროფესიული დონის ამაღლება, საორგანიზაციო-საშტატო მუშაობის ორგანიზება. კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი გადაცდომის შემთხვევაში სათანადო რეაგირება;
დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელოს სამსახურის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა და ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგება;
ე) უზრუნველყოს სამსახურის მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემის ორგანიზება;
ვ) უზრუნველყოს კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის საქმიანობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადების ორგანიზება; სამსახურში საჩივრებისა და განცხადებების განხილვა და სამსახურის ინტერესების წარმოდგენა და დაცვა საქართველოს საერთო სასამართლოსა და სხვა ორგანოებში (გარდა სისხლის სამართლის საქმეებისა);
ზ) უზრუნველყოს საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში სხვა ქვეყნების სამართალდამცავ ორგანოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანაშრომლობა, მიმოწერის ორგანიზება.
მუხლი 5. საგამოძიებო დეპარტამენტის ამოცანები
1. საგამოძიებო დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) თავისი კომპეტენციის ფარგლებში დანაშაულის თავიდან აცილება, გამოვლენა, სრული მოცულობით წინასწარი გამოძიების ჩატარება;
ბ) საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა პრევენცია და გამოვლენა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით და სხვა ნორმატიული აქტებით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე;
გ) საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში დანაშაულის და კორუფციულ გარიგებათა პრევენცია, აღკვეთა და გამოვლენა;
დ) მოსამართლისა და პროკურორის წერილობითი დავალებების, მითითებების შესრულება, ასევე კომპეტენციის ფარგლებში მათთვის დახმარების გაწევა;
ე) დანაშაულის გამოვლენა-აღკვეთის მიზნით ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა;
ვ) საბაჟო და საგადასახადო სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებისათვის ხელის შეწყობა, რეკომენდაციათა შემუშავება ამ ურთიერთობის გაუმჯობესებისა და ბიუჯეტში გადასახადების სრულად და დროულად მობილიზაციის კუთხით;
ზ) საფინანსო-საბიჯეტო და ფულად-საკრედიტო ურთიერთობათა სფეროში კანონმდებლობის დარღვევის ხელის შემწყობი მიზეზების გამოვლენა, პირობების შესწავლა-ანალიზი და რეკომენდაციების შემუშავება.
2. საგამოძიებო დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა მთავარი სამმართველო;
ბ) საბაჟო წესების დარღვევის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო;
გ) ტერიტორიული ოპერატიულ-საგამოძიებო ორგანოები:
გ.ა) თბილისის მთავარი სამმართველო;
გ.ბ) ქვემო ქართლის სამმართველო;
გ.გ) კახეთის სამმართველო;
გ.დ) მცხეთა-მთიანეთის სამმართველო;
გ.ე) შიდა ქართლის სამმართველო;
გ.ვ) სამცხე-ჯავახეთის სამმართველო;
გ.ზ) იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და გურიის სამმართველო;
გ.თ) სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველო;
გ.ი) აჭარის სამმართველო.
3. განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა მთავარი სამმართველო არის საგამოძიებო დეპარტამენტის ოპერტიულ-საგამოძიებო ორგანო და მისი ძირითადი ამოცანაა: აწარმოოს ქვეყნის მასშტაბით რთული, მრავალეპიზოდიანი, აგრეთვე, სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებით განსაზღვრული სხვა სისხლის სამართლის საქმეების გამოძიება. განახორციელოს ქვეყნის მასშტაბით სამსახურის უფროსის მიერ განსაზღვრულ სფეროში დანაშაულის გამოვლენა და დანაშაულის თავიდან აცილების მიზნით ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები, ამ სფეროში დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მდგომარეობის ანალიზი; დანაშაულის სახეების, ხერხების, მეთოდების განსაზღვრა და სათანადო ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების ორგანიზება.
4. საბაჟო წესების დარღვევის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო არის საგამოძიებო დეპარტამენტის ოპერატიულ-საგამოძიებო ორგანო და მისი ძირითადი ამოცანაა: საბაჟო სფეროში დანაშაულის გამოვლენა-აღკვეთის, მისი თავიდან აცილების მიზნით ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების ორგანიზება-განხორციელება, შესაბამისად, კომპეტენციის ფარგლებში სისხლის სამართლის საქმეების წინასწარი გამოძიების წარმოება. ამ სფეროში დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მდგომარეობის ანალიზი; დანაშაულის სახეების, ხერხების, მეთოდების განსაზღვრა და სათანადო ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების ორგანიზება; საგამოძიებო დეპარტამენტის ტერიტორიულ ოპერატიულ-საგამოძიებო ორგანოებში საბაჟო სფეროში დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის ორგანიზება და კოორდინაცია.
5. საგამოძიებო დეპარტამენტის ტერიტორიული ოპერატიულ-საგამოძიებო ორგანოების (თბილისის მთავარი სამმართველო, ქვემო ქართლის სამმართველო; კახეთის სამმართველო; მცხეთა-მთიანეთის სამმართველო; შიდა ქართლის სამმართველო; სამცხე-ჯავახეთის სამმართველო; იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და გურიის სამმართველო; სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველო; აჭარის სამმართველო) ძირითადი ამოცანებია: სამოქმედო ტერიტორიაზე საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში დანაშაულისა და სამართალდარღვევების გამოვლენა-აღკვეთა; დანაშაულის შესახებ განცხადებებისა და შეტყობინებების მიღება, რეგისტრაცია და რეაგირება; საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილ დანაშულთა გახსნა, მათი ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოძიება; საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელება. დანაშაულის გამოვლენა-აღკვეთის მიზნით ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე კანონით დადგენილი წესით რეაგირება. სამოქმედო ტერიტორიაზე მოსამართლისა და პროკურორის წერილობითი დავალების, მითითებების შესრულება, საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში საგამოძიებო მოქმედების წარმოებისას მათთვის დახმარების აღმოჩენა.
6. სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის ტერიტორიული ოპერატიულ-საგამოძიებო ორგანოების სამოქმედო ტერიტორიებად განისაზღვროს:
ა) თბილისის მთავარი სამმართველო – ქ. თბილისის ადმინისტრაციული ტერიტორიის ფარგლები;
ბ) ქვემო ქართლის სამმართველო – ქ. რუსთავის, გარდაბნის, მარნეულის, ბოლნისის, დმანისის, წალკის, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ტერიტორიის ფარგლები;
გ) კახეთის სამმართველო – თელავის, საგარეჯოს, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, სიღნაღის, ყვარლის, ახმეტისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ტერიტორიის ფარგლები;
დ) მცხეთა-მთიანეთის სამმართველო – ქ. მცხეთის, დუშეთის, ახალგორის, თიანეთის და ყაზბეგის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ტერიტორიის ფარგლები;
ე) შიდა ქართლის სამმართველო – გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ტერიტორიის ფარგლები;
ვ) სამცხე-ჯავახეთის სამმართველო – ქ. ბორჯომის, ახალციხის, ადიგენის, ასპინძის, ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ტერიტორიის ფარგლები;
ზ) იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის სამმართველო – ქ. ქუთაისი, ჭიათურის, საჩხერის, ზესტაფონის, თერჯოლის, ტყიბულის, ბაღდათის, ვანის, სამტრედიის, ხონის, ხარაგაულის, წყალტუბოს, ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხის, ლანჩხუთის, ჩოხატაურისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ტერიტორიის ფარგლები;
თ) სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველო – ქ. ფოთის, ზუგდიდის, წალენჯიხის, მესტიის, ჩხოროწყუს, მარტვილის, ხონის და სენაკის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ტერიტორიის ფარგლები;
ი) აჭარის სამმართველო – ქ. ბათუმის, ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ტერიტორიის ფარგლები.
7. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ოპერატიულ-საგამოძიებო ორგანოების ფუნქციებს ახორციელებს სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველო, ხოლო ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე, შესაბამისად, დეპარტამენტის შიდა ქართლის სამმართველო.
მუხლი 6. სპეციალურ გამოკვლევათა და ექსპერტიზის დეპარტამენტი
სპეციალურ გამოკვლევათა და ექსპერტიზის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლოს, პროკურორის ან გამომძიებლის გადაწყვეტილებებით რევიზიის, ინვენტარიზაციის, შემოწმების და ფინანსურ სფეროში სპეციალური გამოკვლევების ჩატარება, გამოძიებისათვის დასკვნების (დოკუმენტების) წარდგენა, ასევე წინასწარი გამოძიების სტადიაზე ფინანსური ექსპერტიზის ორგანიზება და განხორციელება.
მუხლი 7. ოპერატიულ-ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტი
ოპერატიულ-ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტი არის ოპერატიულ-სამძებრო ორგანო, რომლის ძირითადი ამოცანაა: ოპერატიულ-საგამოძიებო ორგანოების ოპერატიულ-ტექნიკური უზრუნველყოფა, სპეციალური საშუალებების და სპეციალიზირებული ქვედანაყოფების გამოყენებით ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელება.
მუხლი 8. სპეციალური დანიშნულების რაზმი
1. სპეციალური დანიშნულების რაზმის ძირითადი ამოცანაა: ოპერატიულ-საგამოძიებო ორგანოების მიერ დანაშაულის და სამართალდარღვევების გამოვლენა-აღკვეთისას, საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას და სხვა ამოცანების განხორციელებისას დახმარების აღმოჩენა. სამსახურის შენობ- ნაგებობების, დანაშულის ადგილების, მტკიცებულე ბებისა და სხვა სპეციალური სადგომების დაცვა დანაშაულებრივი ხელყოფისაგან.
2. სპეციალური დანიშნულების რაზმის შემადგენლობაშია სამორიგეო განყოფილება, რომლის ძირითადი ამოცანაა: სამსახურის შენობაში მოქალაქეთა დაშვების ორგანიზება. სამსახურის მიერ დაკავებულ და დაპატიმრებულ პირთა აღრიცხვა და ბადრაგირება. დღეღამური ოპერატიული ვითარების ინფორმაციის მიღება-სისტემატიზაცია, სამსახურზე რიცხული ცეცხლსასროლი იარაღისა და კავშირგაბმულობის საშუალებების გაცემის ორგანიზება, განგაშის შემთხვევაში სამსახურის ხელმძღვანელობის და თანამშრომელთ, სამსახურის შენობიდან ევაკუაციის ორგანიზება.
მუხლი 9. ოპერატიული აღრიცხვის სამმართველო
ოპერატიული აღრიცხვის სამმართვე ლო არის ოპერატიულ-სამძებრო ორგანო და მისი ძირითადი ამოცანაა: ოპერატიული ინფორმაციის, ოპერატიული აღრიცხვის საქმეების და საიდუმლო თანამშრომელთა აღრიცხვა, სამსახურის შესაბამისი ორგანოებისათვის ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელებისათვის მეთოდური და პრაქტიკული დახმარების გაწევა. სამსახურში საიდუმლო რეჟიმის, კონსპირაციის დაცვის უზრუნველყოფა და კონტროლი, საიდუმლო საქმისწარმოების ორგანიზება.
მუხლი 10. სტატისტიკური აღრიცხვისა და საინფორმაციო სამმართველო
სტატისტიკური აღიცხვისა და საინფორმაციო სამმართველო არის ოპერატიულ-სამძებრო ორგანო და მისი ძირითადი ამოცანაა: სამსახურის სისტემაში დანაშაულობათა (მათში მონაწილე პირთა) და სამართალდარღვევათა აღრიცხვა-სისტემატიზაცია, სტატისტიკური ანალიზი. საინფორმაციო საძიებო კომპიუტერული სისტემების დანერგვა და ექსპლუატაცია. სახელმწიფო დაწესებულებებიდან, საბაჟო და საგადასახადო ორგანოებიდან, ასევე კანონით დასაშვები წყაროებიდან სამსახურის ფუნქციონირებისათვის საჭირო ინფორმაციის მოგროვება, სისტემატიზაცია და მათი ოპერატიულ-საგამოძიებო ორგანოებისათვის მიწოდება; სამსახურის ქვედანაყოფებიდან, დადგენილი წესით, გაწეული მუშაობის შედეგების, ასევე მათი კონტროლის განხორციელების მიზნით ანგარიშების მიღება, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სისტემატიზაცია და ანალიზი; სამსახურის ორგანოების შემაჯამებელი ანგარიშების მომზადება.
მუხლი 11. სამსახურის ხელმძღვანელობა
1. სამსახურს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც საქართველოს ფინანსთა მინისტრის საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებული წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.
2. სამსახურის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს სამსახურს, პასუხისმგებელია სამსახურზე კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობების შესრულებისათვის;
ბ) თავისი კომპეტეციის ფარგლებში გადაწყვეტილებებს იღებს სამსახურის გამგებლობის სფეროსათვის მიკუთვნებულ საკითხებზე;
გ) თვალყურს ადევნებს სამსახურის სტრუქტურული ერთეულების და ქვედანაყოფების მიერ თავიანთი მოვალეობების შესრულებას და ახორციელებს სამსახურებრივ ზედამხედველობას სამსახურის თანამშრომლების საქმიანობასა და მათ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით;
დ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამსახურის საშტატო განრიგით გათვალისწინებულ იმ თანამშრომლებს, რომელთა დანიშვნის სხვა წესს არ ადგენს „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
ე) პასუხისმგებელია სამსახურის გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების, ასევე მატერიალურ-ტექნიკური ფასეულობების (მათ შორის, შეიარაღების, საბრძოლო მასალის, სპეციალური ტექნიკის, სპეციალური საშუალებების და ა.შ.) მიზნობრივ ხარჯვასა და გამოყენებაზე;
ვ) სამსახურის დებულების პროექტს, სტრუქტურასა და ხარჯთაღრიცხვას, ასევე მათში სათანადო ცვლილებების პროექტებს, დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრს;
ზ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული პერიოდულობით საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს ფინანსთა მინისტრს წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ და ინფორმაციას – სამსახურის საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებების თაობაზე;
თ) სამსახურის კომპეტენციის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებზე გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, მეთოდურ მითითებებს, რომელთა შესრულებაც სავალდებულოა სამსახურის თანამშრომლებისათვის;
ი) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის თანამშრომლებს ანიჭებს სპეციალურ წოდებებს და შუამდგომლობს საქართველოს ფინანსთა მინისტრის წინაშე სამსახურის თანამშრომელთათვის შესაბამისი სპეციალური წოდებების მინიჭების თაობაზე;
კ) საქართველოს ფინანსთა მინისტრს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის თაობაზე;
ლ) საქართველოს ფინანსთა მინისტრს წარუდგენს წინადადებებს სამსახურში სამსახურის გავლის საკითხების გადაწყვეტის შესახებ;
მ) ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. სამსახურის უფროსს ჰყავს ორი მოადგილე.
4. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში უფროსის მოვალეობას ასრულებს მისი ერთ-ერთი მოადგილე.
5. სამსახურის უფროსის მოადგილეს და ამ დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ სტრუქტურული ერთეულების უფროსებს, სამსახურის უფროსის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
6. ამ პუნქტით დადგენილ უფლებამოსილებას ახორციელებენ სამსახურის ოპერატიულ-საგამოძიებო ორგანოს (დეპარტამენტი, მთავარი სამმართველო, სამმართველო) უფროსები და მათი მოადგილეები, კერძოდ:
ა) ხელმძღვანელობენ ოპერატიულ-საგამოძიებო ორგანოების მუშაობას და პასუხს აგებენ მათ წინაშე მდგარი ამოცანების შესრულებაზე;
ბ) სწავლობენ და აანალიზებენ ხაზობრივად საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში დანაშაულის მდგომარეობას, მასთან ბრძოლის შედეგებს, სახავენ და ახორციელებენ ღონისძიებებს ამ მიმართულებით მუშაობის გაუმჯობესების მიზნით;
გ) ადგენენ ორგანოს სამუშაო და სპეციალურ გეგმებს, აწესებენ კონტროლს მათ შესრულებაზე, აჯამებენ ორგანოს მიერ გაწეულ მუშაობას, შეიმუშავებენ და სამსახურის ხელმძღვანელობას წარუდგენენ წინადადებებს ორგანოს მუშაობის შემდგომი სრულყოფის თაობაზე;
დ) უზრუნველყოფენ პირადი შემადგენლობის საქმიანობაში კანონიერების და პირადი შემადგენლობის დისციპლინის დაცვას, დახმარებას უწევენ მათ, რათა სისტემატურად აიმაღლონ პროფესიული მომზადების დონე; აფასებენ მათ მიერ გაწეულ მუშაობას და სამსახურის ხელმძღვანელობას წარუდგენენ წინადადებებს დისციპლინური პასუხისმგებლობის ან წახალისების გამოყენების შესახებ;
ე) სამსახურის უფროსის მიერ განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში აწარმოებენ მიმოწერას მათ წინაშე მდგარი ამოცანების შესაბამისად;
ვ) ორგანიზებას უწევენ მოქალაქეთა განცხადებების და საჩივრების დროულ და ხარისხიან შესრულებას;
ზ) პირადად გააჩნიათ ოპერატიული წყაროები და მონაწილეობენ განსაკუთრებულ საქმეებთან დაკავშირებულ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებში. აძლევენ მითითებებს და რეკომენდაციებს ორგანოს პირად შემადგენლობას ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელებაში;
თ) კანონმდებლობის შესაბამისად განიხილავენ საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, კანონმდებლობის შესაბამისად დამრღვევს ადებენ ადმინისტრაციულ სახდელს.
ი) უწყებრივ და ორგანიზაციულ კონტროლს უწევენ მათ დაქვემდებარებაში მყოფ გამომძიებლებს, აკონტროლებენ მათ მიერ საშემსრულებლო და სამსახურებრივი დისციპლინის დაცვას;
კ) უწყებრივ და ორგანიზაციულ კონტროლს უწევენ იმ მოქმედებათა შესრულებას, რომლებიც დანაშაულის გამოვლენისა და თავიდან აცილებისკენაა მიმართული;
ლ) კომპეტენციის ფარგლებში იღებენ გადაწყვეტილებებს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელებაზე;
მ) მონაწილეობენ სამსახურის ოპერატიულ-საგამოძიებო თანამშრომელთა შერჩევასა და განაწილებაში;
ნ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სარგებლობენ სხვა უფლებამოსილებებით.
7. ოპერატიულ-საგამოძიებო ორგანოს უფროსის არყოფნისას მის მოვალეობას ასრულებს მისი მოადგილე.
8. ამ პუნქტით დადგენილ უფლებამოსილებას ახორციელებენ სამსახურის ოპერატიულ-სამძებრო ორგანოს (დეპარტამენტი, მთავარი სამმართველო, სამმართველო) უფროსები და მათი მოადგილეები, კერძოდ:
ა) ხელმძღვანელობენ ოპერატიულ-სამძებრო ორგანოების მუშაობას და პასუხს აგებენ მათ წინაშე მდგარი ამოცანების შესრულებაზე;
ბ) ადგენენ ორგანოს სამუშაო და სპეციალურ გეგმებს, აწესებენ კონტროლს მათ შესრულებაზე, აჯამებენ ორგანოს მიერ გაწეულ მუშაობას, შეიმუშავებენ და წარუდგენენ სამსახურის ხელმძღვანელობას წინადადებებს ორგანოს მუშაობის შემდგომი სრულყოფის თაობაზე;
გ) უზრუნველყოფენ პირადი შემადგენლობის საქმიანობაში კანონიერების და პირადი შემადგენლობის დისციპლინის დაცვას, დახმარებას უწევენ მათ, რათა სისტემატურად აიმაღლონ პროფესიული მომზადების დონე; აფასებენ მათ მიერ გაწეულ მუშაობას და სამსახურის ხელმძღვანელობას წარუდგენენ წინადადებებს დისციპლინური პასუხისმგებლობის ან წახალისების გამოყენების შესახებ;
დ) სამსახურის უფროსის მიერ განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში აწარმოებენ მიმოწერას მათ წინაშე მდგარი ამოცანების შესაბამისად;
ე) ახორციელებენ კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
9. ოპერატიულ-სამძებრო ორგანოს უფროსის არყოფნისას მის მოვალეობას ასრულებს მისი მოადგილე.
10. სპეციალური დანიშნულების რაზმის და სპეციალურ გამოკვლევათა და ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსებს და მათ მოადგილეებს, სტრუქტურული ერთეულის კომპეტენციის ფარგლებში, უფლებამოსილებებს განუსაზღვრავს სამსახურის უფროსი. უფროსის არყოფნისას მის მოვალეობას ასრულებს მისი მოადგილე.
დოკუმენტის კომენტარები