„ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო ნაგებობების დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ“

  • Word
„ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო ნაგებობების დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 134
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 04/07/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 97, 10/07/2007
სარეგისტრაციო კოდი 320.110.000.10.003.000.775
  • Word
134
04/07/2007
სსმ, 97, 10/07/2007
320.110.000.10.003.000.775
„ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო ნაგებობების დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ“
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №134

2007 წლის 4 ივლისი

ქ. თბილისი

ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო ნაგებობების დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ

 „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 55-ე მუხლის პირველი პუნქტის, “საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 131 მუხლის შესაბამისად:

1. დამტკიცდეს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო ნაგებობების დაცვის წესი და მათი დაცვის ზონები.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი

ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო ნაგებობების დაცვის წესი და მათი დაცვის ზონები

თავი I

ზოგადი დებულებები

    მუხლი 1. წესის მიზანი და რეგულირების სფერო

1. ეს წესი ადგენს საქართველოს ტერიტორიაზე ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო ნაგებობების დაცვის წესს და მათი დაცვის ზონებს, დაცვის ზონებში სამუშაოთა წარმოების პირობებს.

2. ამ წესის მიზანია ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო ნაგებობების გარეშე ორგანიზაციების ან/და ფიზიკური პირების მიერ დაზიანებისაგან დაცვა, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების შეუფერხებელი ფუნქციონირებისათვის ხელშეწყობა.

    მუხლი 2. ტერმინთა განმარტებები

ამ წესში გამოყენებულ ტერიმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობები:

ა) ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო ნაგებობები (შემდგომში – ხაზები) – ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების საკაბელო, საჰაერო, რადიოსარელეო, თანამგზავრული ხაზების ფიზიკური წრედები და სახაზო ტრაქტები ან/და მათი ტექნოლოგიური სისტემის შემადგენელი დანადგარების, მოწყობილობებისა და ნაგებობების ერთიანი კომპლექსები, რომლებიც გამოიყენება ელექტრონული საკომუნიკაციო გამოძახებისა და საინფორმაციო სიგნალების გატარების ან/და გადაცემისათვის;

ბ) ამ წესში გამოყენებულ სამშენებლო ტერმინთა განმარტებები მოცემულია მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №140 დადგენილებაში.

თავი II

ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო ნაგებობების დაცვის ზონები, დაცვის ზონებში სამუშაოთა წარმოების პირობები

    მუხლი 3. ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო ნაგებობების დაცვის ზონები

1. ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო ნაგებობებისათვის დგინდება შემდეგი დაცვის ზონები:

ა) მიწისქვეშა საკაბელო და საჰაერო ხაზებისათვის – დასახლებული პუნქტების გარეთ მონაკვეთებზე მათი ტრასის გასწვრივ, ხაზის ღერძიდან ტრასის ორივე მხარეს არა უმეტეს ორ-ორი მეტრის სიგანის მიწის ზოლი, ხოლო დასახლებულ პუნქტებში: მიწისქვეშა საკაბელო ხაზებისათვის – მათი ტრასის გასწვრივ, ხაზის ღერძიდან ტრასის ორივე მხარეს არა უმეტეს 0,5-0,5 მეტრის სიგანის მიწის ზოლი; საჰაერო ხაზებისათვის – მათი ტრასის გასწვრივ, ხაზის განაპირა ფიზიკური წრედებიდან მათი ტრასის ორივე მხარეს არა უმეტეს 0,5-0,5 მეტრის სიგანის მიწის ზოლი;

ბ) საზღვაო წყალქვეშა საკაბელო ხაზებისათვის – საზღვაო წყალქვეშა საკაბელო ხაზის ტრასის გასწვრივ, ტრასის ორივე მხარეს არა უმეტეს 0,25 მილის მანძილზე მდებარე წყლის სივრცე, ზღვის ზედაპირიდან ფსკერამდე;

გ) საკაბელო ხაზების მიერ მდინარეების, სარწყავი არხების, წყალსაცავების, ტბების გადაკვეთისას – საკაბელო ხაზის ტრასის გასწვრივ, ტრასის ორივე მხარეს არა უმეტეს 100-მეტრიან ზოლში მდებარე წყლის სივრცე ზედაპირიდან ფსკერამდე;

დ) საკაბელო ხაზების მიწისქვეშა და მიწისზედა არამომსახურებადი გამაძლიერებელი სადგურებისათვის – მიწის ფართობი, გამაძლიერებელი სადგურის გარშემო არა უმეტეს სამი მეტრის რადიუსით;

ე) რადიოსარელეო ხაზების სადგურებისა და თანამგზავრული კავშირის მიწისზედა სადგურებისათვის – მიწის ფართობი მათი მშენებლობის პროექტების შესაბამისად.

2. ტყის მასივებსა და მწვანე ნარგავების ზონებში ხაზების დაცვის ზონად დგინდება განაკაფები:

ა) საჰაერო ხაზებისათვის:

ა.ა) 4-მეტრამდე სიმაღლის მცენარეების მასივში – ხაზის ტრასის გასწვრივ, ტრასის ორივე მხარეს, არა უმეტეს ორ-ორი მეტრის სიგანის განაკაფით;

ა.ბ) 4-მეტრზე მეტი სიმაღლის მცენარეების მასივში – ხაზის ტრასის გასწვრივ, ტრასის ორივე მხარეს არა უმეტეს სამ-სამი მეტრის სიგანის განაკაფით;

ბ) მიწისქვეშა საკაბელო ხაზებისათვის – ხაზის ტრასის გასწვრივ, ტრასის ორივე მხარეს არა უმეტეს ორ-ორი მეტრის სიგანის განაკაფით.

3. ხაზებისათვის პარკებში, ბაღებში, ტყის მასივებსა და დაცულ ტერიტორიებზე განაკაფების მოწყობა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის დაცვით.

4. მიწისქვეშა საკაბელო ხაზების ტრასების დასახლებული პუნქტების გარეთ და საზღვაო კაბელის სახმელეთო მონაკვეთებზე დგება საკაბელო ხაზების დაცვის ზონის აღმნიშვნელი ბოძები, ხოლო ხაზებისათვის მაღალი საფრთხის შემცველ მონაკვეთებზე – აგრეთვე ფირნიშიანი ბოძები, რომლებზეც დაიტანება საკაბელო ხაზის დაცვის ზონის პარამეტრები, სახაზო ნაგებობის მფლობელის დასახელება, მისამართი და ტელეფონის ნომრები.

5. საზღვაო საკაბელო ხაზების ხმელეთზე ამოყვანის ტრასები აღინიშნება სასიგნალო ნიშნებით, ხოლო საზღვაო საკაბელო ხაზების ტრასები დაიტანება საზღვაო რუკებზე.

6. რადიოტალღების არეკვლის საფრთხის აღმოფხვრის მიზნით რადიოსარელეო ხაზების დასახლებული პუნქტების გარეთ ტრასებზე განისაზღვრება მიწის გარკვეული ნაკვეთები, რომლებზეც იზღუდება შენობებისა და ნაგებობების აშენება, მცენარეთა დარგვა. ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთების მდებარეობა და ფართობი, აგრეთვე მათზე დასაშვები მცენარეთა სახეობა, შენობა-ნაგებობების გაბარიტები და ტიპები დგინდება რადიოსარელეო ხაზების მშენებლობის პროექტებით.

7. მიწის ფართობი, რომელზეც გადის ხაზები, შესაძლებელია დარჩეს მესაკუთრეების, ან მფლობელების სარგებლობაში, თუკი ისინი უზრუნველყოფენ ამ წესის აუცილებლად დაცვას.

8. ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების მიწისქვეშა, წყალქვეშა და მიწისზედა სახაზო ნაგებობები, მათი დაცვის ზონები და სერვიტუტის საზღვრები მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეიტანება კადასტრულ რუკებზე.

    მუხლი 4. ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო ნაგებობების დაცვის ზონებში სამუშაოთა წარმოების პირობები

1. ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ხაზების დაცვის ზონასა და განაკაფებში ხაზების მფლობელი ორგანიზაციის წერილობითი თანხმობის გარეშე იკრძალება:

ა) ნებისმიერი სახის სამშენებლო, სამონტაჟო და ასაფეთქებელ სამუშაოთა წარმოება;

ბ) გეოლოგიურ-დაზვერვით და საძიებო-გეოლოგიურ სამუშაოთა წარმოება;

გ) მრავალწლიანი მცენარეებისა და ხეების დარგვა, ცხოველების სადგომების, საკვებისა და სასუქების საწყობების მოწყობა და სხვა;

დ) ავტოტრანსპორტის, ტრაქტორებისა და მექანიზმების სადგომების და გადასასვლელი გზების მოწყობა, საჰაერო ხაზების ქვეშ არაგაბარიტული ტვირთების გატარება;

ე) მცურავი საშუალებების ნავსადგომების მოწყობა, ფსკერის დაღრმავებისა და მიწის ამოღების, მცურავი საშუალებების დატვირთვისა და გადმოტვირთვის სამუშაოთა წარმოება, მცურავი საშუალებების ღუზის ჩაშვება, წყალში ჩაშვებული ღუზით მოძრაობა, თევზისა და ზღვის მცენარეების რეწვა.

2. აკრძალულია ნებისმიერი მოქმედება, რომელსაც შეუძლია დაარღვიოს ხაზების ნორმალური ფუნქციონირება, კერძოდ:

ა) ხაზების დაცვის ზონაში შენობების, ხიდების, კოლექტორების, გვირაბების, საავტომობილო გზებისა და რკინიგზების რეკონსტრუქცია ან/და მშენებლობა ხაზების მფლობელი ორგანიზაციის მიერ გაცემული ტექნიკური პირობების დაცვით მშენებლობის დამკვეთის ხარჯზე ხაზების გადატანის გარეშე;

ბ) მიწისქვეშა და მიწისზედა არამომსახურებადი გამაძლიერებელი სადგურების, თანამგზავრული კავშირის მიწისზედა სადგურების, რადიოსარელეო სადგურების გაღება, სატელეფონო კანალიზაციის საკაბელო ჭების, გამანაწილებელი კარადების და საკაბელო ყუთების კარებისა და ლუქების გაღება, ხაზებზე უცხო პირთა ჩართვა, ხაზების დაცვის ზონების აღმნიშვნელი ბოძებისა და ფირნიშების ხელყოფა.

3. ყველა იურიდიული და ფიზიკური პირი, რომელთა საკუთრებაში ან მფლობელობაში არის მიწის ნაკვეთები და რომლებზეც ხაზები გადის, ვალდებული არიან განახორციელონ მათზე დამოკიდებული ყველა ზომა ხაზების ხელშეუხებლობის უზრუნველსაყოფად.

4. ხაზების საავარიო-აღდგენით და სარემონტო-პროფილაქტიკურ სამუშაოებს აწარმოებენ ხაზების მფლობელი იურიდიული პირები. ხაზების მფლობელ იურიდიულ პირთა საინჟინრო-ტექნიკურ პერსონალს უფლება აქვს ხაზების დაცვის ზონასა და განაკაფებში იმოძრაოს შეუფერხებლად, აწარმოოს ხაზების საავარიო-აღდგენითი და სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოები. საავარიო-აღდგენითი და სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების წარმოება შესაძლებელია ნებისმიერ პერიოდსა და დროში.

5. საავარიო-აღდგენითი და სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების შესრულების შემდეგ ხაზების მფლობელი იურიდიული პირი ვალდებულია თავისი ხარჯებით აღადგინოს მიწის ან/და გზის საფარი, მიწათმოსარგებლეს აუნაზღაუროს ამ სამუ-შაოთა შესრულების შედეგად მიყენებული ზარალი.

6. ხაზების მფლობელ იურიდიულ პირებს ხაზების დაცვის ზონასა და განაკაფებში უფლება აქვთ:

ა) ხაზების მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით მოაწყონ მათთან მისასვლელი გზები, ხიდები და სხვა ნაგებობები;

ბ) აწარმოონ მიწის სამუშაოები (გათხარონ თხრილები, ღრმულები, ორმოები);

გ) განაკაფების ზოლის გაბარიტების დასაცავად აწარმოონ ხეებისა და ხეების ტოტების მოჭრის სამუშაოები მათი შემდგომი გატანით;

დ) საავტომობილო გზებისა და რკინიგზის დაცვის ზონაში ამ პუნქტის ა“ და ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ სამუშაოთა შესრულება დასაშვებია საავტომობილო გზებისა და რკინიგზის ორგანიზაციებთან შეთანხმებით;

ე) ტყის მასივებში და დაცულ ტერიტორიებზე ამ პუნქტის ა“ და გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ სამუშაოთა შესრულება დასაშვებია საქართვე-ლოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს წინასწარი თანხმობით კანონმდებლობით დადგენილი წესით.

7. ხაზებისა და საავტომობილო გზების, რკინიგზის, მილსადენების, მდინარეების, წყალსაცავების, ტბების, სარწყავი არხების, აეროპორტებისა და ნავსადგურების, ტყის მასივებისა და დაცული ტერიტორიების გადაკვეთის ადგილებში ხაზების ექსპლუატაციის წესი თანხმდება ამ ხაზების მფლობელ და შესაბამის ორგანიზაციათა შორის. ხაზების სარემონტო და საავარიო სამუშაოები შესაძლებელია შესრულდეს ნებისმიერ დროს.

8. იმ შემთხვევაში, თუ ხაზების საავარიო სამუშაოთა წარმოება მოითხოვს გზის საფარის მოხსნას და გრუნტის გათხრას, სამუშაოების დაწყებამდე გამოძახებულ უნდა იქნენ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და საგზაო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სამუშაოთა წარმოების ადგილი უნდა შემოიფარგლოს ტრანსპორტისა და ფეხით მოსიარულეთა გამაფრთხილებელი ნიშნებით. გზის საფარის აღდგენითი სამუშაოები უნდა შეასრულოს ხაზის მფლობელმა ორგანიზაციამ.

9. იმ შემთხვევაში, თუ მშენებარე შენობა-ნაგებობების სამშენებლო მოედანზე გადის ხაზები, ამ შენობა-ნაგებობების საპროექტო დოკუმენტაცია უნდა შეიცავდეს ხაზების დაცვის ან/და გადატანის ღონისძიებებს, რომლებიც შედგენილ უნდა იქნეს ხაზების მფლობელი ორგანიზაციის ტექნიკური პირობებით და შეთანხმდეს მასთან.

10. ხაზების დაცვის ზონაში ნებისმიერი სახის მიწის სამუშაოები შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ ხაზების მფლობელი ორგანიზაციის წერილობითი თანხმობით, მის მიერ გაცემული ტექნიკური პირობების დაცვით და ხაზების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით მისი წარმომადგენლის დასწრებით.

11. იურიდიული ან/და ფიზიკური პირები, რომლებიც ხაზების დაცვის ან განაკაფის ზონაში აწარმოებენ ნებისმიერი სახის სამშენებლო ან/და სარეკონსტრუქციო ან/და მიწის სამუშაოებს, სამუშაოთა დაწყებამდე სულ მცირე ორი დღით ადრე ატყობინებენ ხაზის მფლობელ ორგანიზაციას და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს სამუშაოთა დაწყების თარიღსა და დროს.

12. იმ შემთხვევაში, თუ იურიდიული ან/და ფიზიკური პირები ხაზების დაცვის ან განაკაფის ზონაში სამშენებლო ან/და სარეკონსტრუქციო ან/და მიწის სამუშაოებს აწარმოებენ ამ წესის დარღვევით, ხაზის მფლობელ ორგანიზაციას უფლება აქვს მოითხოვოს მშენებლობის ან/და რეკონსტრუქციის ან/და მიწის სამუშაოების შეჩერება და აღნიშნულის შესახებ აცნობოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს და შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებს.

13. იმ შემთხვევაში, როდესაც ხაზების დაცვის ზონაში აუცილებელია მიწისქვეშა ან მიწისზედა სხვა საინჟინრო კომუნიკაციების გადაუდებელი საავარიო-აღდგენითი სამუშაოების წარმოება, შესაძლებელია ამ კომუნიკაციების მფლობელმა ორგანიზაციებმა სამუშაოთა წარმოება ხაზების დაცვით დაიწყონ წინასწარი შეთანხმების გარეშე, მაგრამ სამუშაოთა წარმოების ადგილზე აუცილებლად გამოძახებულ უნდა იქნეს ხაზების მფლობელი ორგანიზაცია, რომლის წარმომადგენლის თანდასწრებით უნდა განხორციელდეს აღნიშნული საავარიო-აღდგენითი სამუშაოები. სხვა საინჟინრო კომუნიკაციების საავარიო-აღდგენითი სამუშაოების შესრულების შედეგად ელექტრონული კომუნიკაციების სახაზო ნაგებობის მფლობელისათვის მიყენებულ ზარალს აანაზღაურებს ამ კომუნიკაციების მფლობელი ორგანიზაცია.

14. იურიდიული ან ფიზიკური პირი, რომელიც მიწის სამუშაოთა წარმოების დროს აღმოაჩენს მიწისქვეშა კაბელებს, რომლებიც დატანილი არ არიან მიწის სამუშაოთა წარმოების ტექნიკურ დოკუმენტაციაში, მოვალენი არიან შეაჩერონ მიწის სამუშაოები, უზრუნველყონ აღმოჩენილი კაბელების ხელშეუხებლობა და აღმოჩენილი კაბელების შესახებ აცნობონ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, რომლებიც თავის მხრივ აღნიშნულ ფაქტს, თუკი ხაზების მფლობელის ვინაობა მათთვის ცნობილია, დაუყოვნებლად შეატყობინებენ საკაბელო ხაზის მფლობელს და მასთან ერთად მიიღებენ შესაბამის გადაწყვეტილებებს.

15. იმ შემთხვევაში, თუ გემის ღუზას ან თევზსაჭერ ბადეს ამოღების დროს ამოყვება კაბელი, გემის კაპიტანი მოვალეა ღუზა ან ბადე გაათავისუფლოს კაბელისაგან ისე, რომ არ დააზიანოს და მომხდარი ფაქტის შესახებ აცნობოს ახლომდებარე საზღვაო პორტს შემთხვევის ადგილის კოორდინატებისა და კაბელის ამოღების დროის ჩვენებით. საზღვაო პორტი თავის მხრივ აღნიშნულ ფაქტს ატყობინებს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს და საკაბელო ხაზის მფლობელს.

16. ხაზების მფლობელი იურიდიული პირები ხაზების ტრასაზე არსებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ატარებენ ხაზების დაცვის განმარტებით სამუშაოებს.

თავი III

ხაზების დაცვა, პასუხისმგებლობა ამ აქტის დარღვევისათვის

    მუხლი 5

ყველა იურიდიული და ფიზიკური პირი, რომელიც ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო ნაგებობების დაცვის ზონებსა და განაკაფებში აწარმოებს სამუშაოებს, ვალდებულია დაიცვას ეს წესი.

    მუხლი 6

ამ წესის დარღვევისათვის იურიდიული და ფიზიკური პირები პასუხს აგებენ საქართველოს კანონმდებლობით.