„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილება „მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ დამტკიცების თაობაზე“

„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილება „მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ დამტკიცების თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 2
დოკუმენტის მიმღები საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია
მიღების თარიღი 12/03/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 32, 18/03/2009
ძალაში შესვლის თარიღი 08/04/2009
სარეგისტრაციო კოდი 300.010.000.17.010.012.895
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
2
12/03/2009
სსმ, 32, 18/03/2009
300.010.000.17.010.012.895
„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილება „მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ დამტკიცების თაობაზე“
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (18/03/2009 - 20/08/2015)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.010.000.17.010.012.895

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის

დადგენილება №2

2009 წლის 12 მარტი

ქ. თბილისი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილება „მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ დამტკიცების თაობაზე

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ადგენს:

1. დამტკიცდეს თანდართული „მაუწყებელთა ქცევის კოდექსი“.

2. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი) დადგენილების საქართველოს ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში გატარება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

კომისიის თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი  ს. ბრიტანჩუკი

მაუწყებელთა ქცევის კოდექსი

თავი I. ზოგადი დებულებები

    მუხლი 1. კოდექსის მოქმედების სფერო

1. მაუწყებელთა ქცევის კოდექსი (შემდგომში – კოდექსი) მიღებულია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და განსაზღვრავს მაუწყებლის მიერ პროგრამის მომზადებისა და გადაცემის პრინციპებს, წესებსა და სახელმძღვანელო რეკომენდაციებს.

2. მაუწყებლობის პრინციპები განსაზღვრავს მაუწყებლის პროფესიულ სტანდარტებს თავისუფალ, პლურალისტურ და დემოკრატიულ სახელმწიფოში და სავალდებულოა შესასრულებლად.

3. წესები განსაზღვრავს კოდექსის მოთხოვნებს, რომლებიც დაცულ უნდა იქნეს მაუწყებლის მიერ ამ კოდექსით გათვალისწინებული ამოცანების შესასრულებლად.

4. სახელმძღვანელო რეკომენდაციები არის მეთოდური მითითებები (ხერხები და საშუალებები), რომელთა გამოყენებით მაუწყებელს შეუძლია დაიცვას ამ კოდექსით დადგენილი პრინციპები და წესები. ჟურნალისტების, რედაქციებისა და მაუწყებლების დახმარება სამაუწყებლო საქმიანობის პროცესში წარმოშობილი ეთიკური საკითხების გადაწყვეტაში, საყოველთაოდ აღიარებული პროფესიული სტანდარტების შესაბამისად და ყველა ლეგიტიმური ინტერესის გათვალისწინებით. ეს რეკომენდაციები ეხმარება მაუწყებლებს საქართველოში ყველა ლიცენზირებული მაუწყებლის მომსახურების წესების, პირობების, ეთიკური ნორმებისა და პროფესიული სტანდარტების განსაზღვრასა და გაუმჯობესებაში; სახელმძღვანელო რეკომენდაციები ასევე ეხმარება ჟურნალისტებს, რედაქტორებს და მაუწყებელს სამაუწყებლო საქმიანობის პროცესში წარმოშობილი ეთიკური საკითხების გადაწყვეტაში, საყოველთაოდ აღიარებული პროფესიული სტანდარტების შესაბამისად.

    მუხლი 2. სამართლებრივი საფუძვლები

1. ამ კოდექსის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, მაუწყებლობის მარეგულირებელი საერთაშორისო ხელშეკრულებები, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი, „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონი, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ სხვა საკანონმდებლო აქტები.

2. კოდექსის ინტერპრეტირება უნდა მოხდეს საქართველოს კონსტიტუციის, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის შესაბამისად ისე, რომ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება მაქსიმალურად ხელშეუხებელი იყოს.

    მუხლი 3. კოდექსის პრინციპები

1. კოდექსი ეყრდნობა შემდეგ სამაუწყებლო პრინციპებს:

ა) მიუკერძოებელობა და ზუსტი ინფორმაციის უზრუნველყოფა, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, ჟურნალისტთა პროფესიული თავისუფლება, სარედაქციო დამოუკიდებლობა და საზოგადოებრივი ანგარიშვალდებულება, სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობა;

ბ) სხვადასხვა სოციალური ჯგუფის ინტერესების გათვალისწინება განურჩევლად მათი პოლიტიკური, კულტურული, ეთნიკური, რელიგიური, რეგიონული, ენობრივი, ასაკობრივი თუ გენდერული კუთვნილებისა;

გ) პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის პატივისცემის უზრუნველყოფა, გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფა საზოგადოებრივ ინტერესსა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის პრინციპებს შორის ბალანსის დაცვის საფუძველზე;

დ) თვითრეგულირების ფარგლებში საჩივრის განხილვისა და გადაწყვეტის პროცედურების განსაზღვრა.

2. კოდექსის გამოყენებისას მაუწყებელმა უნდა გაითვალისწინოს გამოქყვეყნებული მასალის კონტექსტი და მხედველობაში მიიღოს შემდეგი გარემოებები:

ა) მოსალოდნელი ზიანისა და შეურაცხყოფის მიყენების ფორმა, რომელიც შესაძლებელია მოახდინოს პროგრამაში გარკვეული შინაარსის მასალის გამოყენებამ;

ბ) სავარაუდო აუდიტორიის სიდიდე და შემადგენლობა;

გ) სავარაუდო აუდიტორიის მოლოდინი კონკრეტული პროგრამის მიმართ, პროგრამის შესახებ აუდიტორიის ინფორმირების შესაძლებლობა და სავარაუდო აუდიტორიაზე პროგრამის შესაძლო ზემოქმედება;

დ) პროგრამის შინაარსობრივ ნაწილზე სარედაქციო დამოუკიდებლობის და პასუხისმგებლობის შენარჩუნების მნიშვნელობა.

3. კოდექსის ნორმები, მათი შინაარსის გათვალისწინებით, ვრცელდება მაუწყებელის მიერ ვებგვერდზე განთავსებულ მასალებზეც.

    მუხლი 4. კოდექსის მიზანი

1. კოდექსის მიზანია ყველა სახის მაუწყებელი, განსაკუთრებით კი საზოგადოებრივი მაუწყებელი, თანაბარი პასუხისმგებლობით მოეკიდოს პროფესიული ეთიკის ნორმების დაცვასა და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულებას, რაც აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ზნეობისა და ადამიანური ღირებულებების დასაცავად, საზოგადოებრივი თანხმობისა და ტოლერანტობის განსამტკიცებლად.

2. იმ შემთხვევაში, თუ მაუწყებელი დაარღვევს ამ კოდექსით განსაზღვრულ წესებს, იგი ვალდებულია აღნიშნული ქმედება დაასაბუთოს განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესით, გონივრული საფუძვლებით და მოახდინოს სარედაქციო პროცესის ნათლად და მკაფიოდ დემონსტრირება კოდექსის პრინციპების შესაბამისად.

    მუხლი 5. ტერმინთა განმარტება

ამ კოდექსის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ანტისოციალური ქცევა – საზოგადოებაში მიღებული სოციალური ნორმების საწინააღნდეგო ქცევა;

ბ) ახლო ხედი – ადამიანის (პერსონაჟის) სრული გამოსახულება ანტურაჟის გარეშე ან სხეულის ცალკეული ნაწილის გამოსახულება;

გ) ბრენდი – სავაჭრო ნიშანი გამოსახული ან დაბეჭდილი ყუთზე, კოლოფსა და პაკეტებზე. საქონლის, პროდუქტის განსაკუთრებული სახეობა ამ ნიშნით;

დ) ბრენდინგი – პროდუქტისადმი ხანგრძლივი უპირატესობის მინიჭების შემქმნელი აქტივობა, რომელიც ეფუძნება მარკეტინგული კომუნიკაციის ყველა სახის (უწინარესად პიარი და რეკლამა) და სხვა ელემენტების (შეფუთვა და სამარკო ნიშანი) მომხმარებლის ცნობიერებაზე ერთობლივ ზემოქმედებას;

ე) გამართლებული ქმედება – საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე, ამ კოდექსით დადგენილი წესების შეუსრულებლობის ისეთი შემთხვევა, როდესაც დაცული სიკეთე აღემატება ზიანს და მაუწყებელს შეუძლია მოთხოვნის შეუსრულებლობის რედაქციულად დასაბუთება;

ვ) დაინტერესებული მხარე – ნებისმიერი პირი, რომელსაც ეხება ან რომელიც ნახსენებია პროგრამაში ან მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოს გადაწყვეტილებაში;

ზ) დორსტეპინგი – ეთერში განთავსების მიზნით ინტერვიუს ან სატელეფონო საუბრის ჩაწერა წინასწარი გაფრთხილების გარეშე. დორსტეპინგის წესები არ გამოიყენება შემთხვევითი შერჩევის პრინციპით საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვისას;

თ) ეგზორციზმი – ფსიქიკური დარღვევების მკურნალობაში შელოცვის მეთოდების გამოყენება ავადმყოფის სხეულში თითქოსდა ჩასახლებული ეშმაკის განდევნის მიზნით, რომელმაც ავადმყოფში შეიძლება გამოიწვიოს ფსიქიკური აშლილობა;

ი) კერძო ცხოვრების ხელშეუხებლობის ლეგიტიმური მოლოდინი – პირის მოლოდინი, რომ მას მოეპყრობიან აღიარებული და დამკვიდრებული პრაქტიკის ან წესების შესაბამისად. კერძო ცხოვრების ხელშეუხებლობის ლეგიტიმური მოლოდინი არ არის დამოკიდებული პიროვნების საზოგადოებრივ სტატუსზე. კერძო ცხოვრების ხელშეუხებლობის მოლოდინი პიროვნებას შეიძლება აგრეთვე ჰქონდეს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე. საზოგადოებრივი ინტერესის სფეროში შემავალი პირები ინარჩუნებენ კერძო ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას, თუმცა ზოგიერთმა კერძო ქმედებამ შესაძლოა წამოჭრას საკითხები, რომლებიც ლეგიტიმურ საზოგადოებრივ ინტერესს უკავშირდება;

კ) კომისია – საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია;

ლ)     კონტექსტი – ისეთი ფაქტორების ერთობლიობა, როგორიცაა პროგრამის ან პროგრამათა ციკლის შინაარსი; პროგრამის ან პროგრამათა ციკლის მეტნაკლებად დასრულებული ნაწყვეტი, რომლის საერთო აზრი იძლევა საშუალებას, დაზუსტდეს ან/და დასრულდეს მასში შემავალი ცალკეული სიტყვების, გამოთქმების, მოვლენების და ა.შ. მნიშვნელობა;

მ)  მნიშვნელოვანი სარედაქციო დასაბუთება – რედაქციის არგუმენტირებული წერილობითი მოთხოვნა სამაუწყებლო ბადეში გამონაკლისის დაშვებაზე. გამონაკლისი დაიშვება პროგრამის (გადაცემის) შინაარსის სრულყოფილად გაშლის (წარმოჩენის) ან/და კონტექსტის შესანარჩუნებლად;

ნ) მშობელი – არასრულწლოვნის დედა, მამა, მშვილებელი ან სხვა კანონიერი წარმომადგენელი;

ო) ოკულტიზმი – მისტიკური მოძღვრება, რომლის მიხედვითაც ბუნებაში არსებობენ იდუმალი, ზებუნებრივი ძალები, რომლებთანაც ადამიანებს შეუძლიათ დაამყარონ ურთიერთობა მაგიური მოქმედებით, ჯადოსნობით და მსგავსი საშუალებებით;

პ) ოჯახური ძალადობა – განმეორებადი და ხშირი ციკლი ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური ან სხვა სახის შეურაცხყოფისა, რომელსაც ოჯახის ერთი წევრი ახორციელებს მეორეზე მასზე კონტროლისა და ძალაუფლების მოპოვების მიზნით, მხედველობაშია რეალური ქმედება ან მუქარა;

ჟ) პარანორმალური მოვლენა – მოვლენა, რომელიც მეცნიერულად არ დასტურდება, ანუ აქამდე მეცნიერებაში დაგროვილი ცოდნით არ აიხსნება;

რ) პროგრამასთან დაკავშირებული მასალა – მესამე პირებისაგან მიღებული მასალა, რომელიც პირდაპირ უკავშირდება პროგრამის თემას და ეხმარება მაყურებელს ან მსმენელს გაიგოს პროგრამის არსი და შინაარსი;

ს) პროდუქციის განთავსება – პროდუქციის ან მომსახურების პროგრამაში აუდიოვიზუალური ასახვა პროგრამის შემქმნელის ან მაუწყებლისთვის (ან მათი წარმომადგენლის ან პარტნიორისთვის) გარკვეული საზღაურის გადახდის ან სხვა სარგებლის შეთავაზების სანაცვლოდ;

ტ) ჟურნალისტური გამოძიება – ინსტიტუტებისა და საზოგადოებისათვის საინტერესო და მნიშვნელოვანი ფაქტის ან ქმედების დეტალური კვლევა და შესწავლა;   

უ) საბავშვო დრო – დროის ისეთი მონაკვეთი, როდესაც არსებობს დიდი ალბათობა, რომ არასრულწლოვნები ოჯახის წევრ ზრდასრული წევრებისაგან დამოუკიდებლად უსმენენ ან უყურებენ ტელერადიოსამაუწყებლო პროგრამებს;   

ფ) საზოგადოებრივი ინტერესი – მაღალი აქტუალობის მქონე იმ ფაქტისა ან/და მოვლენის შესახებ საჯარო ინტერესი (და არა ცალკეულ პირთა უბრალო ცნობისმოყვარეობა), რომელიც ეხება პირთა ფართო წრეს ან საზოგადოების ერთ კონკრეტულ ჯგუფსა და საჯარო ინტერესის სფეროს, რომელიც დაკავშირებულია დემოკრატიულ სახელმწიფოში საზოგადოებრივი თვითმმართველობის განხორციელებასთან;

ქ) სექსუალური კონტექსტი – სექსუალური ლტოლვის დაკმაყოფილების, თვითდაკმაყოფილების ან სხვათა აღგზნების მიზნით შიშველი სხეულის დემონსტრირება;

ღ)      სექსუალური სცენა – კადრი, რომელშიც ნაჩვენებია პერსონაჟთა ფიზიკური კონტაქტი სექსუალური ლტოლვის დაკმაყოფილების მიზნით ან/და პერსონაჟი სხვა პირთან კონტაქტის გარეშე, სექსუალური თვითდაკმაყოფილების ან/და სხვა პირზე სექსუალური ზემოქმედების მიზნით, რა დროსაც არ ჩანს შიშველი სხეული;

ყ) სქესობრივი აქტი – შეუღლების, შეერთების ან სექსუალური ლტოლვის დაკმაყოფილების მიზნით განხორციელებული ჰეტეროსექსუალურ, ჰომოსექსუალურ ან სხვაგვარ პერსონაჟთა ფიზიკური კონტაქტი, რა დროსაც ჩანს შიშველი სხეული, ან/და პერსონაჟის შიშველი სხეული სხვა პირთან კონტაქტის გარეშე, სექსუალური თვითდაკმაყოფილების ან/და სხვა პირთა სექსუალური აღგზნების პროცესში;

შ) სპონსირებული პროგრამა – რეკლამის დამკვეთის მიერ დაფინანსებული პროგრამა, ასევე პროგრამა, რომლის მომზადების ხარჯებს მთლიანად ან ნაწილობრივ ფარავს სპონსორი, რომელსაც სურს საფირმო/სასაქონლო ნიშნის, სახელწოდების, იმიჯის, საქმიანობის, მომსახურების, პროდუქციის პოპულარიზაცია ან გააჩნია სხვა სახის პირდაპირი ან არაპირდაპირი ინტერესი;

ჩ) ფარული ჩაწერა – ნებისმიერი ტექნიკური საშუალების გამოყენებით საუბრის ჩაწერა ან ჩაწერის გაგრძელება ინფორმირებული თანხმობის გარეშე, როდესაც ჩაწერის ობიექტმა არ იცის, რომ იწერენ ან როცა ობიექტი ვარაუდობს, რომ ჩაწერა დამთავრდა; ფარული მეთოდებით მასალის გადაღებად ან ჩაწერად ჩაითვლება ჩამწერი აპარატურის ან ჩართული ვიდეო-კამერის გამოყენება ან დატოვება კერძო მფლობელობაში არსებულ ტერიტორიაზე მობინადრის ან მისი წარმომადგენლის თანხმობის გარეშე. აღნიშნული მეთოდების რიცხვს შესაძლოა ასევე განეკუთვნებოდეს სატელეფონო საუბრის ჩაწერა რესპოდენტის ინფორმირებული თანხმობის გარეშე;

ც) შიშველი სხეული – ადამიანის სხეული, რომელზეც ჩანს სასქესო ორგანოები ან/და ქალის მკერდი სექსუალურ კონტექსტში;

ძ) შესაფერისი განრიგი – სამაუწყებლო ბადის ისეთი გეგმა, რომლის დროსაც გათვალისწინებულია პროგრამის შინაარსი; სავარაუდო აუდიტორიაში არასრულწლოვანთა რაოდენობა და ასაკი (სასკოლო საათების, უქმე დღეებისა და არდადეგების მხედველობაში მიღებით); კონკრეტული მაუწყებლის ან პროგრამის ხასიათი; კონკრეტულ დღესა და საათზე კონკრეტული მაუწყებლის მიერ გადაცემული პროგრამისადმი აუდიტორიის სავარაუდო მოლოდინი;

წ) შორი ხედი – ადამიანის (პერსონაჟის) სრული გამოსახულება ანტურაჟთან ერთად, როდესაც გარემოს წამყვანი ადგილი უკავია;

ჭ) წყალგამყოფი – საეთერო ტელერადიოსამაუწყებლო ბადეში დროის გამყოფი ზღვარი, რომელიც იწყება 06.00 საათზე და სრულდება 20.00 საათზე და რომელიც თავისუფალია არასრულწლოვნებზე მავნე ზეგავლენის მომხდენი პროგრამებისაგან; არასრულწლოვნებისათვის მავნე ზეგავლენის მომხდენი პროგრამებისა და პროგრამებში მასალების განთავსება 20.00 საათიდან 24.00 საათამდე შეზღუდულია ამ კოდექსით დადგენილი დროითი ფარგლებით.

    თავი II. თვითრეგულირება და ანგარიშვალდებულება

    მუხლი 6. შესწორება და უარყოფა

1. დაინტერესებულ პირს საწყისი განცხადების გაკეთებიდან, მათ შორის, ფაქტის მოყვანიდან 10 დღის ვადაში უფლება აქვს მოსთხოვოს შესაბამის მაუწყებელს საწყის განცხადებაში მოცემული მცდარი ფაქტის თანაზომადი საშუალებებითა და ფორმით შესწორება ან უარყოფა საწყისი განცხადების ხანგრძლივობით და დაახლოებით იმ დროს, როდესაც გაკეთდა საწყისი განცხადება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლით დადგენილი წესით.

2. მოთხოვნა უნდა შეიცავდეს პროგრამის დასახელებას, ეთერში გაშვების თარიღს და დროს, კოდექსის იმ მუხლებს, რომლებიც დაირღვა მაუწყებლის მიერ, დარღვევის სახეს და შინაარსს.

    მუხლი 7. თვითრეგულირების და ანგარიშვალდებულების სისტემა

1. მაუწყებელს უფლება აქვს აირჩიოს თვითრეგულირების ეფექტიანი მექანიზმი „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და ამ კოდექსის შესაბამისად, რომელიც შეესაბამება მაღალ პროფესიულ სტანდარტებს და ითვალისწინებს საჩივრის ეფექტიანად განხილვის გამჭვირვალე პროცედურას და მათზე დროულ და დასაბუთებულ რეაგირებას.

2. მაუწყებელთა ქცევის კოდექსით მოწესრიგებულ საკითხებთან დაკავშირებით გასაჩივრების წესი განსაზღვრულია საქართველოს კანონმდებლობით.

    მუხლი 8. ანგარიშვალდებულება

მაუწყებელი, ჩვეულებრივ, წელიწადში ერთხელ, ატარებს თვითრეგულირების სისტემის აუდიტს და კომისიას ყოველწლიურად „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ ანგარიშთან ერთად წარუდგენს დეტალურ ანგარიშს:

ა) ამ კოდექსის მოთხოვნების დარღვევასთან დაკავშირებით შესული საჩივრების (სააპელაციო საჩივრების), განცხადებებისა და მათ თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებათა რაოდენობის შესახებ;

ბ) საჩივრისა და სააპელაციო საჩივრის განხილვის ვადების შესახებ;

გ) მაუწყებლის თანამშრომელთა მიერ ამ კოდექსის დარღვევის რაოდენობის, დარღვეული მუხლების, განმეორებითი დარღვევებისა და დარღვევების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით გამოყენებული ზომების შესახებ;

დ)     მაუწყებლის მიერ საკუთარი თანამშრომლების პროფესიული გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით გატარებული ღონისძიებების შესახებ.

    მუხლი 9. საჩივრის განხილვა

1. მაუწყებელმა უნდა უზრუნველყოს გადაწყვეტილების მიღება მიუკერძოებელი და სამართლიანი პროცედურის საფუძველზე და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად უზრუნველყოს საჩივრის განხილვის გამჭვირვალე პროცესი.

2. საჩივრები განიხილება დროულად, გონივრულ ვადაში. თუ გადაწყვეტილების მიღებისათვის აუცილებელია 21 დღეზე მეტი ვადა, მაუწყებელი ვალდებულია დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება ვადის გაზრდის თაობაზე და აცნობოს ამის შესახებ ყველა დაინტერესებულ პირს.

    მუხლი 10. მაუწყებლის მიერ საჩივარზე მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრება

1. საჩივრის თაობაზე მაუწყებლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს 7 დღის ვადაში თვითრეგულირების სააპელაციო ორგანოში, რომელსაც ქმნის მაუწყებელი ან მათი გაერთიანება.

2. სააპელაციო ორგანოს უფლება აქვს უარი თქვას აპელაციის არსებით განხილვაზე და ძალაში დატოვოს მაუწყებლის გადაწყვეტილება საჩივარზე, თუ დავა აშკარად უსაფუძვლოა, ხოლო მაუწყებლის გადაწყვეტილება დასაბუთებული.

3. სააპელაციო ორგანოს წევრები არ შეიძლება იყვნენ საჯარო მოხელეები ან პოლიტიკური პარტიის წევრები, არ უნდა ჰქონდეთ მონაწილეობა მიღებული გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებაში.

4. სააპელაციო ორგანო დაკომპლექტებული უნდა იყოს დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და კომპეტენტური პირებით.

5. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მოითხოვონ სააპელაციო ორგანოს წევრის აცილება ინტერესთა კონფლიქტის არსებობის საფუძველზე. გადაწყვეტილება სააპელაციო ორგანოს წევრის აცილების შესახებ მიიღება სააპელაციო ორგანოს მიერ ხმების უმრავლესობით. ხმათა გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა.

6. სააპელაციო ორგანო ვალდებულია უზრუნველყოს გადაწყვეტილების მიღება 30 დღის ვადაში. თუ გადაწყვეტილების მიღებისათვის აუცილებელია 30 დღეზე მეტი ვადა, სააპელაციო ორგანო ვალდებულია დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება ვადის გაზრდის თაობაზე და აცნობოს ამის შესახებ ყველა დაინტერესებულ პირს.

    მუხლი 11. გამჭვირვალე და სამართლიანი განხილვა

1. საჩივრის განხილვისას მაუწყებელმა (სააპელაციო ორგანომ) უნდა უზრუნველყოს ყველა დაინტერესებული პირის დასწრება.

2. საჩივართან და სააპელაციო საჩივართან აპელაციასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება უნდა იყოს წერილობითი და დასაბუთებული.

3. მიღებული გადაწყვეტილება ეგზავნება ყველა დაინტერესებულ მხარეს.

    თავი III. ჯეროვანი სიზუსტის დაცვა

    მუხლი 12. ჯეროვანი სიზუსტის დაცვის პრინციპი

ახალი ამბები და ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაცია მიეწოდება მიუკერძოებლად და ჯეროვანი სიზუსტით.

    მუხლი 13. მაუწყებლის მიერ ზუსტი ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფისათვის წაყენებული მოთხოვნები (წესები)

1. მაუწყებელი ვალდებულია მიიღოს ყველა გონივრული ზომა, რათა უზრუნველყოს ინფორმაციის წყაროს და ფაქტების სიზუსტე.

2. მაუწყებელი ვალდებულია მიაწოდოს აუდიტორიას სანდო და ზუსტი ინფორმაცია, არ დაუშვას ცრუ ამ შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელება.

3. მნიშვნელოვანი ფაქტობრივი შეცდომების შესწორება უნდა მოხდეს ღიად და დაუყოვნებლივ, თანაზომადი საშუალებებითა და ფორმით სათანადო საეთერო დროს, მას შემდეგ, რაც მაუწყებლისათვის ცნობილი გახდება შეცდომის შესახებ.

4. სტატისტიკური ინფორმაციის მიწოდებისას მაუწყებელმა უნდა მიუთითოს ინფორმაციის წყარო. განსაკუთრებული პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს ჯანდაცვის, დანაშაულისა და ეროვნული უსაფრთხოების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას იმისათვის, რომ არ გამოიწვიოს ზედმეტი შეშფოთება საზოგადოებაში.

5. აუდიტორიის შეცდომაში შეყვანის თავიდან აცილების მიზნით, მაუწყებელმა თავი უნდა შეიკავოს ახალ ამბებსა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გადაცემებში დადგმებისა და ინსცენირების გამოყენებისგან, ან ნათლად უნდა განმარტოს, რომ ეს არის დადგმა ან ინსცენირება. დოკუმენტური ან რეალური ფაქტების ყოველი სამაუწყებლო რეკონსტრუქცია უნდა იყოს ნათლად მითითებული.

    მუხლი 14. სახელმძღვანელო რეკომენდაციები მაუწყებლის მიერ ზუსტი ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფის შესახებ

1. მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს აუდიტორია სანდო და ზუსტი ინფორმაციით და არ დაუშვას ცრუ ან შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელება.

2. სიზუსტის უზრუნველყოფისათვის მაუწყებელმა უნდა მოახდინოს ინფორმაციის წყაროს იდენტიფიცირება. ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ინფორმაციის გაშუქების შემთხვევაში, მაუწყებელმა ნათლად უნდა მიუთითოს წყაროს ანონიმურობის შესახებ.

3. მაუწყებელმა უნდა გაითვალისწინოს ინფორმაციის წყაროს შესაძლო დაინტერესება ან მიუკერძოებლობა, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ეხება საზოგადოებრივი ინტერესის შემცველ საკითხთან დაკავშირებით გამოთქმულ მოსაზრებას და მიიღოს ყველა გონივრული ზომა გადაცემული ინფორმაციის სისრულისა და სიზუსტის უზრუნველსაყოფად.

4. არსებული შესაძლებლობების ფარგლებში მაუწყებელი უნდა დაეყრდნოს პირველწყაროს და საკუთარი ძალისხმევით მოპოვებულ ინფორმაციას. როგორც წესი, მაუწყებელი არ უნდა დაეყრდნოს ინფორმაციის მხოლოდ ერთ წყაროს და სხვა წყაროებიდანაც უნდა მოიძიოს ინფორმაცია.

5. ინფორმაციის მნიშვნელობიდან გამომდინარე, მაუწყებელმა უნდა დააზუსტოს მისი წარმომავლობა და სიზუსტე. თუ შეუძლებელია ინფორმაციის სისწორის, უტყუარობისა და წარმომავლობის დაზუსტება, მაუწყებელმა უნდა აღნიშნოს, რომ ინფორმაცია დაუზუსტებელია.

6. შესაძლებლობის ფარგლებში, მაუწყებელმა უნდა მოიპოვოს ანონიმური წყაროსგან მიღებული ინფორმაციის ხელნაწერი, აუდიო- ან ვიდეო-ჩანაწერი.

7. მაუწყებელმა მაქსიმალურად უნდა აარიდოს თავი ინფორმაციისათვის საფასურის გადახდას, განსაკუთრებით საჯარო მოხელისათვის.

8. კონფიდენციალური ინფორმაციის გადაცემისას მაუწყებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ინფორმაციის გავრცელებამ შესაძლოა დაარღვიოს პირის კომერციული ან პირადი საიდუმლოების უფლება.

9. ინტერვიუების, ჩაწერილი მასალის, მათ შორის, საარქივო მასალის რედაქტირებისას მაუწყებელმა არ უნდა დაამახინჯოს რესპონდენტის ციტატა, ან არ უნდა მოახდინოს სხვა სახით აუდიტორიის შეცდომაში შეყვანა ვიზუალური ან აუდიო მანიპულაციებით, დასმული კითხვების მნიშვნელობის შეცვლით ან კონტექსტიდან ამოვარდნილი კადრების გამოყენებით.

10. აუდიტორიის შეცდომაში შეყვანის თავიდან აცილების მიზნით მაუწყებელმა თავი უნდა შეიკავოს ახალი ამბების გაშუქებისას იუმორის, ირონიის ან სატირის გამოყენებისგან, ან ნათლად განმარტოს მათი მნიშვნელობა.

    თავი IV. მიუკერძოებლობა

    მუხლი 15. მიუკერძოებლობის პრინციპი

ახალი ამბების გადაცემისას მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს მიუკერძოებლობის პრინციპის განუხრელი დაცვა.

    მუხლი 16. ახალი ამბების გადაცემისას მაუწყებლისადმი წაყენებული მოთხოვნები (წესები)

1. დაუშვებელია პოლიტიკური თანამდებობის პირის ან პოლიტიკური პარტიის წევრის მონაწილეობა ახალი ამბების ან საინფორმაციო პროგრამებში წამყვანის, ინტერვიუერის ან ჟურნალისტის სახით.

2. პოლიტიკური, ნებისმიერი სახის დაპირისპირების ამსახველი ან მიმდინარე საჯარო პოლიტიკის საკითხები, რომლებზეც მიმდინარეობს დებატები, არ უნდა შუქდებოდეს მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე. დაუშვებელია პროგრამაში რომელიმე პოლიტიკური პარტიის, საზოგადოებრივი, რელიგიური გაერთიანების ან სხვა ინტერესთა ჯგუფის მხარდამჭერი პოზიციის გამოხატვა.

3. პოლიტიკური ან სხვა სახის დავის გაშუქებისას მაუწყებელმა უნდა უზრუნველყოს გადაცემების ციკლის განმავლობაში ბალანსის დაცვა. იმ შემთხვევაში, თუ გადაცემის ფორმატიდან გამომდინარე, ბალანსის დაცვა დაგეგმილია გადაცემათა ციკლის განმავლობაში, ამის შესახებ აუდიტორიას უნდა ეცნობოს გადაცემის ეთერში გასვლის პირველივე დღეს.

4. მაუწყებელი ვალდებულია ერთმანეთისაგან მკაფიოდ გამიჯნოს ფაქტი და კომენტარი. თავიდან უნდა იყოს აცილებული მოსაზრებათა ცალმხრივი ინტერპრეტაცია.

5. სადავო საკითხებთან დაკავშირებული ყველა მნიშვნელოვანი მოსაზრება უნდა გაშუქდეს დროის ისეთ მონაკვეთში, როდესაც საკითხი აქტუალურია.

6. პირდაპირი ეთერის დროს, მაუწყებელმა უნდა მიიღოს ყველა გონივრული ზომა მიუკერძოებლობის პრინციპის უზრუნველსაყოფად და დროულად აღმოფხვრას ნებისმიერი დარღვევა.

    მუხლი 17. საავტორო პროგრამების გადაცემისას მაუწყებლისადმი წაყენებული მოთხოვნები

1. საავტორო პროგრამის შემთხვევაში, უშუალოდ პროგრამის დაწყების წინ, აუდიტორიას უნდა ეცნობოს, რომ პროგრამა საავტოროა. საავტორო პროგრამებში აუდიტორიას უნდა მიეწოდოს მოსაზრებათა ფართო სპექტრი, თავიდან უნდა იქნეს აცილებული ფაქტების დამახინჯება და განსხვავებული აზრის არასწორი ინტერპრეტირება.

2. საავტორო პროგრამის წამყვანმა არ უნდა გამოიყენოს საკუთარი მდგომარება საკუთარი მოსაზრების იმ ფორმით გავრცელებისათვის, რომელმაც შეიძლება ხელყოს პროგრამის მიუკერძოებლობა.

    მუხლი 18. სახელმძღვანელო რეკომენდაციები ახალი ამბების და საინფორმაციო პროგრამების გადაცემისას მიუკერძოებლობის უზრუნველყოფისათვის

1. პოლიტიკური მოვლენების თავისუფალი და მიუკერძოებელი გაშუქების უზრუნველსაყოფად, მაუწყებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ მიუკერძოებლობა არ გულისხმობს თითოეული შეხედულებისთვის თანაბარი დროის დათმობას, არამედ მაუწყებელმა უნდა უზრუნველყოს ყველა მნიშვნელოვანი მოსაზრების სათანადო წარმოჩენა.

2. პროგრამა ან სიუჟეტი მიკერძოებული იქნება, თუ ის არ მოიცავს ამომწურავ ინფორმაციას მნიშვნელოვანი ფაქტების შესახებ, აგებულია უმნიშვნელო ფაქტებზე, შეგნებულად ან გაუცნობიერებლად შეჰყავს აუდიტორია შეცდომაში, შენიღბული სახით გამოხატავს მიკერძოებული პირის მოსაზრებებს.

3. პროგრამაში მხოლოდ ერთი დაინტერესებული მხარის მოწვევა აქტუალურ საკითხზე კონკრეტული პოზიციის სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით, არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს იმ ჯგუფებზე თავდასხმის საშუალებად, რომლებიც არ მონაწილეობენ პროგრამაში.

4. პირდაპირ ეთერში შემოსული ზარები უნდა იქნეს შერჩეული სამართლიანობის პრინციპის დაცვით და დაუშვებელია მხოლოდ ერთი შეხედულების გამოხატვა, რათა თავიდან იქნეს აცილებული ამ ზარებით საზოგადოებრივ აზრზე მანიპულირება.

5. საინფორმაციო ხასიათის პროგრამებში მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად, წამყვანის და სტუდიაში მოწვეული სტუმრების შერჩევისას, დაცული უნდა იყოს წარმომადგენლობითობა და ბალანსი.

6. ჟურნალისტური გამოძიება საზოგადობრივი ინტერესის მქონე საკითხების გამოკვლევის ლეგიტიმური ჟურნალისტური ხერხია. ასეთ პროგრამაში წარმოდგენილი უნდა იყოს ყველა ხელმისაწვდომი მტკიცებულება და გამოძიების საგანზე არსებულ განსხვავებულ მოსაზრებათა ფართო სპექტრი. ჟურნალისტმა, რომელიც ატარებს ჟურნალისტურ გამოძიებას, უნდა უზრუნველყოს ფაქტების სიზუსტე, რათა დაცულ იქნეს ჯეროვანი მიუკერძოებლობა.

7. დაუშვებელია მაუწყებლის მიერ არამეცნიერული შეხედულების ან თეორიის წარმოჩენა მეცნიერულ თეორიად ან ფაქტად.

    თავი V. სამართლიანი მოპყრობა

    მუხლი 19. სამართლიანი მოპყრობის პრინციპი

მაუწყებელი ვალდებულია ჯეროვანი სამართლიანობისა და პატივისცემის დაცვით მოეპყროს ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს.

    მუხლი 20. პროგრამის მონაწილეთა სამართლიანი მოპყრობის უზრუნველყოფის მოთხოვნები (წესები)

1. მაუწყებლები და პროგრამის შემქმნელები/პროდიუსერები პროგრამის პოტენციურ მონაწილეებს უნდა მოეპყრონ სამართლიანობის პრინციპის დაცვით.

2. პროგრამაში მიწვევისას მაუწყებელმა პოტენციურ მონაწილეს უნდა აცნობოს (გარდა შემთხვევისა, თუ განხილვის საგანი ტრივიალურია და მონაწილის მნიშვნელობა მინიმალური):

ა) პროგრამის არსი, მიზანი და მიწვევის მიზეზები, გადაცემის თემა და მათი მოწვევის მიზეზი. როდის (თუ ცნობილია) და სად გადაიცემა იგი პირველად;

ბ) პროგრამაში მონაწილეობის ფორმა (პირდაპირი ჩართვა, ჩანაწერი, დისკუსია, რედაქტირებული, არარედაქტირებული და ა.შ);

გ) სავარაუდო კითხვები და სხვა სავარაუდო სტუმრების ვინაობა;

დ) მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომლებმაც შესაძლოა გავლენა იქონიოს მონაწილის პირველად თანხმობაზე და გამოიწვიოს არსებითი უსამართლობა;

ე) ინფორმაცია მაუწყებლის უფლებებისა და ვალდებულებების შესახებ;

ვ) ნათლად უნდა განემარტოს, მიეცემა თუ არა პროგრამის წინასწარი ნახვის შესაძლებლობა, რამდენად ექნება მასში ცვლილებების შეტანის უფლება; მაუწყებელს შეუძლია თავი შეიკავოს ზემოთ მოყვანილი ინფორმაციის მიწოდებისგან, თუ ეს ქმედება გამართლებულია საზოგადოებრივი ინტერესით ან ამ კოდექსის საფუძველზე.

3. თუ მონაწილე არის 18 წლამდე ასაკის, თანხმობა მიღებული უნდა იყოს მშობლისგან, მეურვისგან ან მზრუნველისაგან. მშობლის, მეურვისა ან მზრუნველის თანხმობის მიუხედავად, 18 წლამდე ასაკის პირებს არ უნდა ეთხოვოთ ისეთ საკითხზე მოსაზრების გამოხატვა, რომელზეც სათანადო პასუხის გაცემა მათ ფიზიკურ ან გონებრივ შესაძლებლობებს აღემატება.

4. იმ შემთხვევაში, თუ სრულწლოვან, მაგრამ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირს თანხმობის განცხადება არ შეუძლია, თანხმობა მიღებული უნდა იქნეს ამ პირის მეურვის ან მზრუნველისაგან.

5. გადაცემის რედაქტირებისას მონაწილეები სათანადოდ უნდა იქნ ნ წარმოჩენილნი.

6. მაუწყებელმა უნდა დაიცვას მონაწილისათვის მიცემული პირობა გადაცემის შინაარსთან, კონფიდენციალობის ან ანონიმურობის დაცვასთან დაკავშირებით.

7. მაუწყებელი უნდა დარწმუნდეს, რომ საკუთარი ან სხვისგან მოპოვებული მასალის თავდაპირველისგან განსხვავებული მიზნით ან სხვა პროგამაში გამოყენება არ გამოიწვევს უსამართლობას. აღნიშნული ეხება როგორც სხვა წყაროებიდან მოპოვებულ მასალას, ასევე მაუწყებლის მასალას.

8. პირს, რომლის მიმართ პროგრამაში ბრალდებები გამოითქვა, უნდა მიეცეს დროული და ჯეროვანი პასუხის გაცემის საშუალება.

9. მაუწყებელმა დეტალურად უნდა აღწეროს ბრალდებები სათანადო პასუხის მიღების უზრუნველსაყოფად. პასუხი უნდა გაშუქდეს სამართლიანად, ზუსტად და გადაიცეს იმავე პროგრამით.

    მუხლი 21. სახელმძღვანელო რეკომენდაციები პროგრამის მონაწილეთა სამართლიანი მოპყრობის უზრუნველსაყოფად

1. ფაქტებზე დაფუძნებული პროგრამების გადაცემამდე, იმ პროგრამების ჩათვლით, სადაც წარსული მოვლენებია აღწერილი, მაუწყებელმა უნდა მიიღოს გონივრული ზომა და დარწმუნდეს, რომ:

ა) ფაქტები არ არის გადმოცემული იმ შინაარსით და ფორმით, რომელიც შეიძლება ჩაითვალოს პირისა თუ ორგანიზაციის მიმართ უსამართლო მოპყრობად;

ბ) ყველას, ვისი გამოტოვებაც უსამართლო იქნებოდა, მიეცა საკუთარი მოსაზრების გამოხატვის საშუალება.

2. ფაქტებზე დაფუძნებული დრამატული დადგმები არ უნდა წარმოაჩენდეს ფაქტებს, მოვლენებს, პიროვნებებს ან ორგანიზაციებს უსამართლო ჭრილში.

3. თუ პირი, რომელსაც მიეცა საკუთარი მოსაზრების გამოხატვის ეფექტური შესაძლებლობა, ამჯობინებს თავი შეიკავოს კომენტარისგან ან პროგრამაში მონაწილეობისაგან, მაუწყებელმა უნდა განმარტოს ეს, ხოლო მათი მოსაზრება წარმოაჩინოს სამართლიანად.

4. თუ გამოყენებულია იმ პირის ან ორგანიზაციის შეხედულებები, რომელიც უშუალოდ არ მონაწილეობს პროგრამაში, დაცული უნდა იყოს სამართლიანობა. ეს პირობა განსაკუთრებით დაცული უნდა იყოს დაპირისპირებული მხარეების საკითხის განხილვისას.

5. მაუწყებელი, როგორც წესი, ინფორმაციის მოპოვებისას ღიად უნდა მოქმედებდეს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა საკითხი საზოგადოებრივი მნიშვნელობისაა და შეუძლებელია ინფორმაციის სხვაგვარად მოპოვება.

6. მაუწყებელი პასუხისმგებელია საკუთარ გადაცემაზე და პროგრამის ჟურნალისტურ პრინციპებთან შესაბამისობაზე.

7. თუ რესპო დენტი მოითხოვს მხოლოდ წინასწარ შეთანხმებულ კითხვებზე პასუხის გაცემას და სხვა შეზღუდვებს, მაუწყებელმა უნდა აცნობოს აუდიტორიას, თუ რა პირობით იქნა ინტერვიუ ჩაწერილი.

    თავი VI. საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამების გადაცემა და არჩევნების გაშუქება

    მუხლი 22. საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამების გადაცემებისა და არჩევნების გაშუქების პრინციპი

მაუწყებელმა ზუსტი, მიუკერძოებელი და სამართლიანი არჩევნების გაშუქება, წინასაარჩევნო რეკლამის სამართლიანი და გამჭვირვალე განაწილება, აგრეთვე აქტუალური საზოგადოებრივ-პოლიტიკური საკითხების გაშუქება უნდა უზრუნველყოს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს საარჩევნო კოდექსისა და ამ კოდექსის შესაბამისად.

    მუხლი 23. საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამების გადაცემის და არჩევნების გაშუქების მიმართ წაყენებული მოთხოვნები (წესები)

1. მაუწყებლის მიერ წინასაარჩევნო კამპანიის (აგიტაციის) გაშუქება, წინასაარჩევნო კამპანიის წარმოების საინფორმაციო უზრუნველყოფა ხორციელდება საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ დადგენილი წესების შესაბამისად.

2. კერძო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელი, რომელიც ახორციელებს საერთო მაუწყებლობას და აშუქებს არჩევნებს, ვალდებულია კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტებსა და მათ კანდიდატებს თანაბარად დაუთმოს საეთერო დრო ისე, რომ მათ შეძლონ ამომრჩევლის ინფორმირება საკუთარი პოლიტიკური პროგრამის, პოზიციების და კვალიფიციურობის შესახებ.

3. საარჩევნო კამპანიის დროს მაუწყებელი უნდა უზრუნველყოფდეს არა მხოლოდ კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის კანონით გარანტირებული უფლებების რეალიზაციას, არამედ ასევე უნდა აშუქებდეს იმ პოლიტიკური პარტიების საქმიანობასაც, რომლებიც მონაწილეობენ არჩევნებში, უნდა აძლევდეს მათ შესაძლებლობას, გააკეთონ კომენტარი.

4. მაუწყებელს ეკრძალება პოლიტიკოსს მისცეს დაპირება გაშუქების შინაარსთან დაკავშირებით.

5. საარჩევნო პერიოდში კანდიდატის ან პარტიის წარმომადგენლის იმ პროგრამებში მონაწილეობა, რომლებიც არ არის პოლიტიკასთან პირდაპირ კავშირში, დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოლაპარაკება პროგრამაში მონაწილეობის შესახებ შედგა საარჩევნო პერიოდის დაწყებამდე. კანდიდატს არ უნდა მიეცეს საშუალება გამოთქვას პოლიტიკური მოსაზრებები ან სხვა გზით მოახდინოს საკუთარი კანდიდატურის რეკლამირება.

6. მაუწყებელი ვალდებულია საკუთარ ვებგვერდზე გამოაქვეყნოს წინასაარჩევნო რეკლამის განაწილების წესები, აგრეთვე წინასაარჩევნო რეკლამის ეთერში გაშვების პირობები, ტექნიკური სტანდარტები და სხვა შესაბამისი ინფორმაცია.

7. არჩევნების დღეს, კენჭისყრის დასრულებამდე, არჩევნების გაშუქება უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ ფაქტობრივი გარემოებების გაშუქებით, რათა საარჩევნო უბნების დახურვამდე ეთერში გასულმა ინფორმაციამ ზეგავლენა არ მოახდინოს არჩევნების შედეგებზე. მაუწყებელი ვალდებულია აუდიტორიას მიაწოდოს ინფორმაცია და კომენტარი ყველა იმ ფაქტის შესახებ, რომელიც გავლენას ახდენს არჩევნების თავისუფალ და სამართლიან ჩატარებაზე.

8. პლებისციტისა და რეფერენდუმის დროს მაუწყებელი ვალდებულია იხელმძღვანელოს ამ კოდექსით განსაზღვრული პრინციპებით.

    მუხლი 24. სახელმძღვანელო რეკომენდაციები პოლიტიკისა და არჩევნების გაშუქებისათვის

1. არჩევნების სამართლიანი და მიუკერძოებელი გაშუქების უზრუნველსაყოფად მაუწყებელმა საარჩევნო კამპანიის განმავლობაში კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტს უნდა მისცეს ყოველდღიურ ახალ ამბებში მნიშვნელოვან საკითხებზე კომენტარის გაკეთების საშუალება.

2. ყოველკვირეული პროგრამები ან ყოველდღიურ პროგრამათა სერია, რომელიც ძირითად აქცენტს აკეთებს რომელიმე ერთ პარტიაზე, უნდა იძლეოდეს მომდევნო და გასული პროგრამების მოკლე ანოტაციას, რათა აუდიტორიისთვის აშკარა გახდეს, რომ ბალანსი მიიღწევა გარკვეული დროის მანძილზე. ასეთ პროგრამებში ბალანსი მიღწეულ უნდა იქნეს მთელი კამპანიის მანძილზე.

3. კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების წინასაარჩევნო აქტივობა უნდა გაშუქდეს საფუძვლიანად და დაბალანსებულად ყოველდღიურ ახალ ამბებში და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამებში.

4. მაუწყებელი უნდა შეეცადოს კანდიდატების ან პოლიტიკური პარტიების შეხედულებები გააშუქოს მათი საკუთარი სიტყვებით და არა მესამე პირთაგან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით.

5. წინასაარჩევნო კაპმანიის გაშუქებისას მაუწყებელმა უნდა გააშუქოს კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების პროგრამები და არ უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ მიმდინარე მოვლენების და პოლიტიკური პარტიების ან მათი კანდიდატების განცხადებების გაშუქებით.

6. თუ ერთი კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტი ან პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი სხვა კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის ან პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლის მიმართ გამოთქვამს ბრალდებას, მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს მეორე მხარის შეპასუხების უფლება.

7. საარჩევნო კამპანიის დროს, თუ პროგრამაში შუქდება ერთი რომელიმე საარჩევნო ოლქის შესახებ ინფორმაცია, უნდა დასახელდეს ამ ოლქში რეგისტრირებული ყველა კანდიდატი, მათი სახელი, გვარი და პარტია, რომელსაც ისინი წარმოადგენენ, ხოლო დამოუკიდებელი კანდიდატის შემთხვევაში, ასევე უნდა აღინიშოს მისი დამოუკიდებლობა. დასახელება შეიძლება განხორციელდეს ხმით ან ვიზუალურად. თუ არ მოხდება კანდიდატთა სრული სიის წარმოდგენა, აუდიტორიას უნდა ეცნობოს იმ ვებგვერდის მისამართი, სადაც შესაძლებელია სრული მონაცემების ნახვა.

8. არჩევნებთან დაკავშირებული პროგრამის მონაწილის შერჩევა უნდა ეფუძნებოდეს სამართლიან და გამჭვირვალე კრიტერიუმებს. მონაწილეებს უნდა გააჩნდეთ თანაბარი სტატუსი შესაბამის პოლიტიკურ პარტიებში; მაუწყებლები კანდიდატებს უნდა მოეპყრონ თანასწორად და დაუთმონ თანაბარი საეთერო დრო. იმ პირის შერჩევა, რომელიც პოლიტიკურ პარტიას წარმოადგენს, შესაბამის პოლიტიკურ პარტიასთან კონსულტაციის შედეგად უნდა განცხადდეს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს მაუწყებელი.

9. საარჩევნო პერიოდში მაუწყებელმა საჭიროა გამიჯნოს სახელმწიფოებრივი და პარტიული ფუნქციების შესრულება, რათა დაიცვას მიუკერძოებლობის, ობიექტურობის პრინციპები და უზრუნველყოს ბალანსი. მაუწყებელს განსაკუთრებული სიფრთხილე მართებს სახელმწიფო მოხელის საქმიანობის გაშუქებისას, იმისათვის, რომ მკაფიოდ განასხვავოს მისი როგორც თანამდებობის პირის მიერ საჯარო/სახელმწიფოებრივი ფუნქციების შესრულება და კერძო/პარტიული/საარჩევნო საქმიანობა.

10. სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის განცხადების გაშუქებისას, რომელიც შეეხება სამომავლო პოლიტიკურ გეგმებს ან წინასაარჩევნო სადებატო საკითხებს, პარტიულ ჭრილში წარმოაჩენს ხელისუფლების პოლიტიკას ან გადაწყვეტილებას, შეიცავს პარტიულ ლოზუნგებს, აკრიტიკებს სხვა პოლიტიკურ პარტიებს ან პოლიტიკოსებს, მაუწყებლი ვალდებულია აგრეთვე გააშუქოს სხვა პოლიტიკური პარტიების მიერ იმავე თემაზე გაკეთებული კომენტარები.

11. მაუწყებელმა უნდა დაიცვას სამართლიანობის და მიუკერძოებლობის პრინციპები როგორც საჯარო დაწესებულებაში, ისე კერძო ორგანიზაციაში და საზღვარგარეთ გამართული არჩევნების გაშუქებისას.

    თავი VII. საზოგადოებრივი აზრის კვლევა

    მუხლი 25. საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების გაშუქების პრინციპი

მაუწყებელმა უნდა უზრუნველყოს მის ეთერში განთავსებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის საფუძვლიანობა და საიმედოობა. მისი შედეგები არ უნდა იქნეს გამოყენებული საზოგადოებრივი აზრის მანიპულირების ან გადაწყვეტილების მიღების პროცესზე გავლენის მოხდენისათვის.

    მუხლი 26. მაუწყებლის მიერ წინასაარჩევნო საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიმართ წაყენებული მოთხოვნები (წესები)

1. წინასაარჩევნო საზოგადოებრივი აზრის კვლევა, რომელიც ტარდება მაუწყებლის მიერ ან მისი დაკვეთით, ან ხორციელდება მისი ეთერით გადაცემა, უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ დადგენილ მოთხოვნებს.

2. კვლევის შედეგების გამოქვეყნებისას მაუწყებელმა უნდა შეახსენოს აუდიტორიას, რომ შედეგები ასახავს მხოლოდ კვლევის ჩატარების დღეს არსებულ სურათს, რომელიც არ წარმოადგენს ხმის მიცემის დღეს მოვლენების განვითარების უტყუარ პროგნოზს.

    მუხლი 27. სახელმძღვანელო რეკომენდაციები მაუწყებლის მიერ საზოგადოებრივი აზრის კვლევის შესახებ

1. საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების სანდოობაში ეჭვის შეტანის თავიდან აცილების მიზნით, მაუწყებელი უნდა დარწმუნდეს კვლევის მეთოდოლოგიის სისწორეში, შედეგების საიმედოობაში და იმ ხალხის ობიექტურობაში, რომელთაც აღნიშნული კვლევა ჩაატარეს ან დაუკვეთეს.

2. საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები განხილულ უნდა იქნეს ფართო კონტექსტში ზოგადი ტენდენციების განსასაზღვრად. მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს სხვადასხვა საზოგადოებრივი აზრის კვლევით გამოვლენილ ზოგად ტენდენციებს შორის მკვეთრი სხვაობის ან ერთი კვლევის ფარგლებში დაფიქსირებული წინააღმდეგობრივი მონაცემების საფუძვლიანი ახსნა.

3. ინტერაქტიული გამოკითხვის შედეგის გაშუქებისას მკაფიოდ უნდა იყოს მითითებული, რომ ის არ არის წარმომადგენლობითი, სანდო და ზუსტი, ვინაიდან ასახავს მხოლოდ თვითშერჩეულ ადამიანთა მოსაზრებებს.

4. დაუშვებელია ინტერაქტიული გამოკითხვის გამოყენება საარჩევნო სუბიექტის მხარდაჭერის თაობაზე ინფორმაციის მოსაპოვებლად ან მისი შედეგების გაშუქება იმ პროგრამის ფარგლებს მიღმა, რომლის დროსაც ჩატარდა ინტერაქტიული გამოკითხვა.

    თავი VIII. მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობა

    მუხლი 28. სარედაქციო დამოუკიდებლობის პრინციპი

მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობის კანონიერი უფლება დაცულია კომერციული, პოლიტიკური და სხვა სახის ზეწოლისა და ზემოქმედებისაგან.

    მუხლი 29. მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობისადმი წაყენებული მოთხოვნები (წესები)

1. კერძო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელმა, რომელიც ახორციელებს საერთო მაუწყებლობას, აგრეთვე საზოგადოებრივმა მაუწყებელმა უნდა მიიღოს ყველა გონივრული ზომა, რათა დაიცვან სარედაქციო დამოუკიდებლობა და პროფესიული თავისუფლება პოლიტიკური, ფინანსური, იდეოლოგიური, რელიგიური ან/და სხვა სახის ზეწოლისგან.

2. დაუშვებელია სარედაქციო საქმიანობაში ან შემოქმედებით პროცესში ჩარევა და ცენზურა.

3. მაუწყებელმა უნდა გამოაქვეყნოს ინფორმაცია მის სარედაქციო საქმიანობაში ჩარევის ნებისმიერი მცდელობის შესახებ.

4. მაუწყებელმა უნდა უზრუნველყოს ჟურნალისტის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება და უფლება, საკუთარი სინდისისა და დამკვიდრებული პროფესიული სტანდარტების შესაბამისად, მიიღოს სარედაქციო გადაწყვეტილებები.

5. მაუწყებელმა უნდა დაიცვას ჟურნალისტის უფლება, პროფესიული მოვალეობების შესრულებისას, იხელმძღვანელოს სინდისის შესაბამისად და პროფესიული ეთიკის სტანდარტებით.

6. მაუწყებელმა პატივი უნდა სცეს პირის პირად ცხოვრებას და უფლებას, მონაწილეობა მიიღოს სამოქალაქო ცხოვრებაში.

7. ჟურნალისტმა არ უნდა შელახოს მაუწყებლის დამოუკიდებლობა საკუთარი სამოქალაქო, პოლიტიკური, ეკონომიკური და საზოგადოებრივი საქმიანობით და თავიდან უნდა აიცილოს ინტერესთა კონფლიქტი.

8. მაუწყებლის თანამშრომელმა, რომელიც წარმოადგენს მაუწყებელს, არ შეიძლება საჯაროდ გამოხატოს მხარდაჭერა რომელიმე კანდიდატის ან პოლიტიკური პარტიის მიმართ. მაუწყებელი არ შეიძლება მონაწილეობდეს რომელიმე პოლიტიკური პარტიისთვის თანხის შეგროვებაში ან სხვა ქმედებაში, რომელიც გამიზნულია რომელიმე კანდიდატის, პოლიტიკური პარტიის ან ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მხარდასაჭერად.

9. მაუწყებლის თანამშრომელს ეკრძალება რომელიმე პოლიტიკური პარტიის ან სხვა გაერთიანების, ნარკოტიკული საშუალებების, ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოს- გამოსახულებიანი სიმბოლიკის ტარება გადაცემების მსველობისას ან/და პირდაპირ ეთერში.

10. მაუწყებლის თანამშრომლებმა უნდა განაცხადონ ინტერესთა კონფლიქტის შესახებ.

    მუხლი 30. სახელმძღვანელო რეკომედაციები მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობის შესახებ

1. მაუწყებელმა და მისმა თანამშრომლებმა თავიდან უნდა აიცილონ ინტერესთა კონფლიქტი, რომელმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობას, მიუკერძოებლობას და სამართლიანობას.

2. მაუწყებელმა უნდა დანერგოს ინტერესთა კონფლიქტის აღმკვეთი ეფექტიანი სისტემა, პერსონალს მიაწოდოს ინფორმაცია ეთიკური სტანდარტების შესახებ და გამოიძიოს ინტერესთა კონფლიქტის ყველა შესაძლო შემთხვევა. მაუწყებელმა თანამშრომელთა ეთიკური სტანდარტები უნდა ასახოს საკუთარ შინაგანაწესში.

3. ჟურნალისტი არ შეიძლება მუშაობდეს ერთდროულად ისეთ დამსაქმებლებთან, რამაც შესაძლოა ინტერესთა კონფლიქტი გამოიწვიოს.

4. მაუწყებელი არ უნდა გამოხატავდეს მხარდაჭერას რომელიმე ორგანიზაციის, მისი პროდუქტის, ქმედებების ან მომსახურების მიმართ.

5. თუ მაუწყებლის თანამშრომელი ფიქრობს, რომ ადგილი აქვს ინტერესთა კონფლიქტს, ამის შესახებ უნდა აცნობოს მაუწყებლის სარედაქციო ხელმძღვანელობას.

6. ჟურნალისტი, რომელიც მუშაობს ბიზნეს ან ფინანსურ საკითხებზე, ვალდებულია მაუწყებელის სარედაქციო ხელმძღვანელობას წარუდგინოს ინფორმაცია მისი პირდაპირი ან არაპირდაპირი ეკონომიკური ინტერესების შესახებ.

7. ჟურნალისტს არ აქვს უფლება მაუწყებლის სახელი გამოიყენოს პირადი ინტერესებისათვის.

8. მაუწყებლის თანამშრომელმა, რომელიც გადაწყვეტს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საჯარო დაწესებულების არჩევნებში მონაწილეობას, კანდიდატურის წარდგენამდე უნდა აცნობოს ამის შესახებ მაუწყებელს და ითხოვოს შვებულება, ხოლო არჩევნებში გამარჯვებისა და მისი უფლებამოსილების ცნობის შემთხვევაში – დატოვოს თანამდებობა.

9. მაუწყებლის თანამშრომლებმა არ შეიძლება მიიღონ საჩუქრები, მგზავრობის ან სხვა ხარჯები ან სხვა ძვირადღირებული ნივთები ინფორმაციის წყაროსგან ან იმ პირთაგან, რომლებზეც მაუწყებელი ამზადებს რეპორტაჟს.

    თავი IX. მრავალფეროვნება, თანასწორობა და შემწყნარებლობა

    მუხლი 31. მრავალფეროვნების, თანასწორობისა და შემწყნარებლობის პრინციპი

მაუწყებელმა თავი უნდა შეიკავოს ისეთი მასალის გამოქვეყნებისგან, რომელიც გააღვივებს სიძულვილს ან არატოლერანტობას რასის, ენის, სქესის, რელიგიური კუთვნილების, პოლიტიკური შეხედულებების, ეთნიკური, გეოგრაფიული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე.

    მუხლი 32. მაუწყებლის მიერ მრავალფეროვნების, თანასწორობის და შემწყნარებლობის პრინციპების დაცვისადმი წაყენებული მოთხოვნები (წესები)

1. მაუწყებელი ვალდებულია სამაუწყებლო ბადეში განათავსოს ზუსტი და სარწმუნო, დაბალანსებული, პროპორციული და თანაზომადი ინფორმაცია საქართველოში მცხოვრებ ყველა კულტურულ, რელიგიურ, ეთნიკურ ჯგუფზე და სოციალურ ფენაზე სამართლიანობის და მიუკერძოებლობის პრინციპების დაცვით.

2. მაუწყებელმა პატივი უნდა სცეს აზრის, სინდისის, რწმენის და აღმსარებლობის თავისუფლების ფუნდამენტურ უფლებებს და თავიდან აიცილოს ნებისმიერი ეთნიკური, რელიგიური, კულტურული ან სოციალური ჯგუფის შეურაცხყოფა.

3. მაუწყებელმა პატივი უნდა სცეს ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს.

    მუხლი 33. სახელმძღვანელო რეკომენდაციები მაუწყებლის მიერ მრავალფეროვნების, თანასწორობის და ტოლერანტობის პრინციპების დაცვის შესახებ

1. მაუწყებელმა თავი უნდა აარიდოს ეთნიკურ ან რელიგიურ კუთვნილებასა და უარყოფით მოვლენებს შორის დაუსაბუთებელი პარალელების გავლებას, მათ შორის ცალკეული პიროვნებების საქმიანობის ასოცირებას მთელ ჯგუფთან.

2. მაუწყებელმა თავი უნდა აარიდოს უმცირესობების და სოციალური პრობლემების შესახებ არასწორი და შეცდომაში შემყვანი განცხადებების გაკეთებას, ხელი არ უნდა შეუწყოს სტერეოტიპების ჩამოყალიბებას, აუცილებლობის გარეშე არ უნდა აღნიშნოს პირის ეთნიკური წარმოშობა და რელიგიური მრწამსი.

3. მაუწყებელმა თავიდან უნდა აიცილოს რელიგიური, ეთნიკური ან სხვა ნიშნის მიხედვით რომელიმე ჯგუფის შეურაცხყოფა, მათ შორის, გარკვეული ლექსიკის ან გამოსახულების გამოყენება. ეს მოთხოვნა არ უკრძალავს მაუწყებელს, ხელი შეუწყოს ინფორმირებულ და არაცალმხრივ დისკუსიას შეუწყნარებლობის ან დისკრიმინაციის საკითხებზე, ან გადასცეს ფაქტობრივი მასალა ან საზოგადოებაში რეალურად არსებული მოსაზრება.

4. თუ წყარო პირდაპირ ეთერში ან ახალ ამბებში უსაფუძვლოდ ასახელებს ეთნიკურ წარმომავლობას, რელიგიურ მრწამსს, სექსუალურ ორიენტაციას, ოჯახურ ან ქონებრივ მდგომარეობას, სოციალურ კუთვნილებას, ან ნებისმიერ სხვა ნიშანს როგორც პრობლემის გამომწვევ მიზეზს, ან იყენებს შეურაცხმყოფელ ტერმინოლოგიას რომელიმე ჯგუფის მიმართ, წამყვანი არ უნდა აჰყვეს ასეთ დიალოგს და შეეცადოს შეურაცხმყოფელი განცხადების ავტორს დაუსვას შეკითხვა გამოთქმული მოსაზრების დასაბუთების მიზნით.

5. მაუწყებელმა ყურადღება უნდა მიაქციოს სახელების მართლწერას და სწორად გამოთქმას.

6. მაუწყებელმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები უნდა აღწეროს არაშეურაცხმყოფელი ტერმინოლოგიით. განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დაცვას, ფიზიკურ და მორალურ კეთილდღეობას და თანხმობის მიღებას.

    თავი X. პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა

    მუხლი 34. პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის პრინციპი

მაუწყებელმა პროგრამების მომზადებისას და მათი ეთერში გაშვებისას არ უნდა დაუშვას ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების ხელყოფა. მაუწყებელი ვალდებულია დაიცვას ბალანსი ინფორმაციის თავისუფლებასა და ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის ლეგიტიმურ მოლოდინს შორის.

    მუხლი 35. მაუწყებლის მიერ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უზრუნველყოფისათვის წაყენებული მოთხოვნები (წესები)

1. დაუშვებელია მაუწყებლის მიერ ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების ხელყოფა.

2. პროგრამის მომზადებისა და გადაცემისას ადამიანის პირად ცხოვრებაში ჩარევა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. მაუწყებლის მიერ მასალის მოპოვების მიზნით გამოყენებული საშუალებები უნდა იყოს პროგრამის შინაარსის პროპორციული.

4. ინფორმაცია პირის საცხოვრებელი ადგილის, ტელეფონის, ფოსტის თუ სხვა პირადი საკონტაქტო მონაცემების შესახებ შეიძლება გამჟღავნდეს მხოლოდ საზოგადოებრივი ინტერესის არსებობისას.

5. ეთერში გადაცემამდე მაუწყებელი ვალდებულია დარწმუნდეს, რომ საჯარო თავშეყრის ადგილებში გადაღებული კადრები, სიტყვები ან ქმედება არ არის ისეთი პირადი ცხოვრების ელემენტების მატარებელი, რომ საჭიროებდეს პირის ან გადაღებული ორგანიზაციის წინასწარ თანხმობას.

6. ადამიანის პირად ცხოვრებაში ან/და იურიდიული პირის საქმიანობაში ჩარევა შეიძლება გამართლებული იყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი მიზნად ისახავს საზოგადოების კანონიერი ინტერესების დაცვას, არის ამ მიზნის მიღწევის პროპორციული საშუალება და დაცული სიკეთე აღემატება მიყენებულ ზიანს.

7. გაშუქებულ მოვლენებში შემთხვევით დაფიქსირებული ადამიანები არ კარგავენ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას არც პროგრამის მომზადების და არც მისი ეთერში გაშვებისას, თუ ასეთი ხელყოფა გამართლებული არ არის. აღნიშნული წესი მოქმედებს მოვლენების მიმდინარეობის დროსაც და მოგვიანებით ამ მოვლენების ამსახველი პროგრამების ეთერში გაშვების შემთხვევაშიც.

8. საჯარო ან კერძო დაწესებულების ტერიტორიაზე ვიდეო-აუდიო ჩანაწერის მოსამზადებლად სავალდებულოა თანხმობის მიღება შესაბამისი უფლებამოსილი პირისაგან, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მასალის უნებართვოდ მომზადება გამართლებულია საზოგადოებრივი ინტერესით. ნებართვის აღება არ არის სავალდებულო იმ პიროვნებისაგან, რომელიც შემთხვევით მოხვდა ჩაწერილ მასალაში, ან, თუ მისი ერთმნიშვნელოვნად იდენტიფიცირება შეუძლებელია.

9. სკოლაში, საავადმყოფოში, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, პოლიციის განყოფილებაში ან სასწრაფო დახმარების მანქანაში სიუჟეტის მოსამზადებლად სავალდებულოა თანხმობის მიღება როგორც უფლებამოსილი პირის, ასევე ადგილზე მყოფი იმ პირებისაგან, რომელთა გადაღება ხდება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მასალის უნებართვოდ მომზადება გამართლებულია საზოგადოების ინტერესით. ნებართვის აღება არ არის სავალდებულო, თუ ჩაწერილ მასალაში პირის ერთმნიშვნელოვნად იდენტიფიცირება შეუძლებელია.

10. მაუწყებელმა უნდა მიიღოს ყველა გონივრული ზომა, რათა მის მიერ საკუთარი ან სხვისგან მოპოვებული მასალის თავდაპირველისგან განსხვავებული მიზნით ან სხვა პროგრამაში გამოყენებამ არ გამოიწვიოს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის გაუმართლებელი ხელყოფა.

11. დორსტეპინგი გაუმართლებელია, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც არსებობს ვარაუდი, რომ ღიად ჩაწერა ხელს შეუშლის ჟურნალისტური გამოძიების მიმდინარეობას.

12. მაუწყებელს მეორე მხარესთან სატელეფონო საუბრების ჩაწერის უფლება აქვს იმ შემთხვევაში, თუ სატელეფონო საუბრის ჩაწერამდე რესპონდენტს თავი წარუდგინა, განუმარტა ზარის მიზანი და აუხსნა, რომ ზარი იწერება და შესაძლოა გამოქვეყნდეს (თუ ეს არის ჩაწერის მიზეზი). თუ მოგვიანებით გაირკვევა, რომ ჩაწერილი საუბარი ეთერით გადაიცემა (მაგრამ ამის შესახებ რესპონდენტს სატელეფონო საუბრის დროს არ ეცნობა), მაშინ მაუწყებელმა რესპონდენტისგან მასალის გაშვებამდე თანხმობა უნდა მიიღოს, თუ სხვაგვარი ქცევა გამართლებული არ არის.

13. საჯარო ადგილებში მაუწყებელს შეუძლია წინასწარი გაფრთხილების გარეშე აიღოს ინტერვიუ, გადაიღოს და ჩაწეროს ადამიანები საინფორმაციო პროგრამებისათვის.

14. ფარული მეთოდების გამოყენებით ინფორმაციის მოპოვება და გადაცემა გამართლებულია:

ა) როდესაც მოვლენა საზოგადოებრივი ინტერესის საგანია, არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ახალი მტკიცებულებები იქნება მოპოვებული და ეს აუცილებელია პროგრამის სიზუსტის უზრუნველსაყოფად;

ბ) საზოგადოებრივი ინტერესის შემცველ საკითხებზე სოციოლოგიური კვლევის ჩასატარებლად, როდესაც სხვა გზით შეუძლებელია იმ დამოკიდებულებისა თუ მოსაზრების გამოვლენა, რომელიც კვლევის საგანია;

გ) კომედიური და გასართობი პროგრამების მოსამზადებლად, სადაც ფარული ჩაწერა ერთ-ერთი ჩვეული მეთოდია, არ წარმოადგენს პირის პირად ცხოვრებაში უხეშ ჩარევას და არ იწვევს მნიშვნელოვან გაღიზიანებას, სტრესს ან უხერხულობას.

15. კერძო საკუთრებაში მყოფ ტერიტორიაზე ფარული ჩაწერა, შეიძლება გამართლებული იყოს მხოლოდ საზოგადოებრივი ინტერესით, მათ შორის, საფუძვლიანი ვარაუდის არსებობისას, რომ აღმოჩენილი იქნება დანაშაულის მტკიცებულება.

16. ფარული მეთოდებით მასალის გადაღებად ან ჩაწერად ჩაითვლება ჩამწერი აპარატურის ან ჩართული ვიდეოკამერის გამოყენება ან დატოვება კერძო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე მობინადრის ან მისი წარმომადგენლის სრული და ინფორმირებული თანხმობის გარეშე. აღნიშნული მეთოდების რიცხვს შესაძლოა ასევე განეკუთვნებოდეს სატელეფონო საუბრის ჩაწერა რესპონდენტის ინფორმირების გარეშე ან ჩაწერის განგებ გაგრძელება, როდესაც მეორე მხარე ფიქრობს, რომ პროცესი უკვე დასრულებულია.

17. ფარული მეთოდებით გადაღებული ან ჩაწერილი მასალის ეთერში გაშვება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამგვარი მოქმედება გამართლებულია.

18. გასართობ და კომედიურ პროგრამებში ფარული მეთოდებით მოპოვებული მასალა ჩაწერილი პირების თანხმობის გარეშე არ უნდა იქნეს გამოყენებული. თანხმობა არ არის საჭირო, თუ შეუძლებელია ასეთ მასალაში აღბეჭდილი პირების და/ან ორგანიზაციების იდენტიფიცირება.

19. ფარული ჩანაწერის რედაქტირების შედეგად მომხდარი ფაქტი ზუსტად და სამართლიანად უნდა აისახოს პროგრამაში.

20. მაუწყებელმა არ უნდა გადაიღოს ან გაავრცელოს მასალა, რომელშიც ასახულია უბედური შემთხვევის შედეგად დაზარალებულები ან პიროვნება პირადი ტრაგედიის ან მწუხარების დროს, მათ შორის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ან დაკრძალვაზე, როდესაც ეს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას ხელყოფს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მიღებულია პირის თანხმობა. პირის გარდაცვალების შემთხვევაში, გადაღებასა და მასალის გავრცელებაზე საჭიროა ოჯახის წევრების თანხმობა.

21. დაუშვებელია მაუწყებლის მიერ გასაჭირში მყოფი ადამიანების მიმართ ზეწოლის განორციელება იმისათვის, რომ მათ პროგრამაში მიიღონ მონაწილეობა ან დათანხმდნენ ინტერვიუზე.

22. დაუშვებელია გარდაცვლილი პირის, უბედური შემთხვევისას დაზარალებულის ან ძალადობის მსხვერპლის იდენტიფიცირება, სანამ ფაქტი ოჯახის წევრებისთვის არ გახდება ცნობილი, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ამგვარი ინფორმაციის გავრცელება გამართლებულია საზოგადოებრივი ინტერესით.

23. ტანჯვისა და მწუხარების ამსახველი საარქივო მასალის (დანაშაულის ჩათვლით) გამოყენებისას მაუწყებელი უნდა შეეცადოს შეამციროს ის პოტენციური ტრავმა, რომელიც შესაძლოა ამ მასალამ მიაყენოს მასში ასახულ პიროვნებას და/ან მის ნათესავებს. იგივე ეხება ინსცენირებულ რეკონსტრუქციებსა და ფაქტებზე დაფუძნებულ პროგრამებს.

24. შესაძლებლობის ფარგლებში მაუწყებელი უნდა შეეცადოს შეატყობინოს მასალაში ასახულ პიროვნებას (პიროვნებებს) და/ან მისი ოჯახის წევრებს დაგეგმილი პროგრამის შესახებ და პროგრამის ეთერში გაშვებაზე, იმ შემთხვევაშიც, თუ აღნიშნული მასალა საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი იყო წარსულში.

25. მაუწყებელმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს 18 წლამდე ასაკის პირების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას. 18 წლამდე ასაკის პირები არ კარგავენ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას მათი მშობლების პოპულარობის ან სკანდალური იმიჯის გამო.

26. 18 წლამდე ასაკის ან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის პირად ცხოვრებაში ჩარევა დასაშვებია მხოლოდ მათი მშობლის, მეურვის ან მზრუნველის თანხმობით, გარდა იმ შემთხვევისა, როცა განხილვის საგანი არ არის მნიშვნელოვანი ან ადეკვატურია არასრულწლოვანთა შესაბამისი ასაკობრივი ჯგუფის სოციალურ სტატუსთან, ან, თუ ინდივიდის მონაწილეობა პროგრამაში უმნიშვნელოა, ან თანხმობის გარეშე მოქმედება გამართლებულია საზოგადოებრივი ინტერესით.

27. 18 წლამდე ასაკის ან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირისათვის შეკითხვის დასმა დასაშვებია მხოლოდ მშობლის, მეურვის ან მზრუნველის თანხმობით, გარდა იმ შემთხვევისა, როცა კითხვები არ შეეხება სადავო ფაქტებს ან მოვლენებს, ან თანხმობის გარეშე მოქმედება გამართლებულია საზოგადოებრივი ინტერესით.

    მუხლი 36. სახელმძღვანელო რეკომენდაციები პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უზრუნველყოფისათვის

1. მაუწყებელი განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მოეკიდოს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას. მიზანშეწონილი არ არის დაზარალებულის, გვამისა ან დასახიჩრებული სხეულის, სისხლისა და სხვა მსგავსი სცენების ჩვენება მნიშვნელოვანი სარედაქციო დასაბუთების გარეშე. მათი გადაღება უნდა მოხდეს მხოლოდ გარკვეული მანძილიდან, რათა შეუძლებელი იყოს დაზარალებულის იდენტიფიცირება.

2. ინტერვიუს აღების მიზნით უბედური შემთხვევის შედეგად დაზარალებულს მაუწყებელი შეიძლება დაუკავშირდეს მისი მეგობრების ან ნათესავების მეშვეობით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ახლობლების მეშვეობით დაკავშირება შეუძლებელია და არსებობს საზოგადოებრივი ინტერესი.

    თავი XI. არასრულწლოვანთა დაცვა

    მუხლი 37. არასრულწლოვანთა დაცვის პრინციპი

1. მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს არასრულწლოვნების დაცვა მავნე ზეგავლენისაგან.

2. პროგრამების განრიგის შედგენისას მაუწყებელმა უნდა დაიცვას ბალანსი არასრულწლოვანთა მავნე ზეგავლენისაგან დაცვის უზრუნველყოფასა და ზრდასრული აუდიტორიის უფლებას შორის, დღის განმავლობაში მიიღოს ინფორმაცია. საინფორმაციო პროგრამის ეთერში გასვლისას უნდა გაკეთდეს გამაფრთხილებელი განცხადება, თუ ეთერში გასულმა მასალამ შეიძლება გამოიწვიოს აუდიტორიის აღელვება ან აღშფოთება.

    მუხლი 38. მაუწყებლის მიერ არასრულწლოვანთა დაცვის უზრუნველყოფისათვის წაყენებული მოთხოვნები (წესები)

1. აკრძალულია მაუწყებლის მიერ ისეთი პროგრამის გადაცემა ან პროგრამაში მასალის განთავსება, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს არასრულწლოვანთა ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ, ინტელექტუალურ და სულიერ განვითარებას.

2. მაუწყებელი ვალდებულია გამოიყენოს სამაუწყებლო პროგრამათა კლასიფიკაციის ამ კოდექსით განსაზღვრული კრიტერიუმები პროგრამათა კატეგორიების დადგენის მიზნით და განათავსოს ისინი სამაუწყებლო ბადეში ამ კოდექსით განსაზღვრული დროითი შეზღუდვების შესაბამისად.

3. სამაუწყებლო ბადის შედგენისას მაუწყებელმა უნდა გაითვალისწინოს:

ა) არსებობს თუ არა არასრულწლოვნების ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ინტელექტუალური და სულიერი განვითარებისათვის მავნე ზეგავლენის მოხდენის რეალური საფრთხე;

ბ) რამდენად შესაფერისია პროგრამა ან/და მასში გამოყენებული მასალები შესაბამისი ასაკობრივი ჯგუფის არასრულწლოვანთათვის;

გ) პროგრამის დანიშნულება და სარედაქციო ღირებულება.

4. არასრულწლოვანთა მავნე ზეგავლენისაგან დაცვა სრულად უნდა იქნეს უზრუნველყოფილი წყალგამყოფის მოქმედების პერიოდში, რომელიც მოიცავს 06.00 საათიდან 20.00 საათამდე პერიოდს.

5. სამაუწყებლო ბადის შედგენისას მაუწყებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ 20.00 საათიდან 24.00 საათამდე, სამაუწყებლო ბადეში პროგრამათა დაგეგმვა უნდა განხორციელდეს ისე, რომ არ მოხდეს ამ კოდექსით განსაზღვრულ არასრულწლოვანთა ასაკობრივ ჯგუფებზე მავნე ზეგავლენის მოხდენა.

6. ეს კოდექსი ადგენს არასრულწლოვანთა შემდეგ ასაკობრივ ჯგუფებს:

ა) 7 წლამდე;

ბ) 12 წლამდე;

გ) 15 წლამდე;

დ) 18 წლამდე.

7. ამ კოდექსით განსაზღვრული არასრულწლოვანთა ასაკობრივი ჯგუფების მავნე ზეგავლენისაგან დაცვის მიზნით, მაუწყებელი ვალდებულია მოახდინოს მის სამაუწყებლო ბადეში განსათავსებელი პროგრამების კლასიფიკაცია არასრულწლოვანთა ამ კოდექსით განსაზღვრული ასაკობრივი ჯგუფებისათვის შეუფერებელი, შესაბამისი კატეგორიების პროგრამების განსაზღვრისა და მათი სათანადო დროითი შეზღუდვებით დაგეგმვის გზით.

8. დგინდება არასრულწლოვანთათვის მავნე ზეგავლენის მომხდენ სამაუწყებლო პროგრამათა შემდეგი კატეგორიები:

ა) 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვნებისათვის შეუფერებელი პროგრამები;

ბ) 15 წლამდე ასაკის არასრულწლოვნებისათვის შეუფერებელი პროგრამები;

გ) 12 წლამდე ასაკის არასრულწლოვნებისათვის შეუფერებელი პროგრამები;

დ) 7 წლამდე ასაკის არასრულწლოვნებისათვის შეუფერებელი პროგრამები.

9. მაუწყებლებმა უნდა გამოიყენონ პროგრამათა კატეგორიების მიხედვით კლასიფიკაციისათვის ამ კოდექსით განსაზღვრული კრიტერიუმები.

10. მაუწყებელი ვალდებულია სამაუწყებლო ბადე დაგეგმოს შემდეგი დროითი შეზღუდვებით:

ა) 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვნებისათვის შეუფერებელი პროგრამები არ განათავსოს 06.00 საათიდან 24.00 საათამდე;

ბ) 15 წლამდე ასაკის არასრულწლოვნებისათვის შეუფერებელი პროგრამები არ განათავსოს 06.00 საათიდან 23 საათამდე;

გ) 12 წლამდე ასაკის არასრულწლოვნებისათვის შეუფერებელი პროგრამები არ განათავსოს 06.00 საათიდან 20 საათამდე;

დ) 7 წლამდე ასაკის არასრულწლოვნებისათვის შეუფერებელი პროგრამები სამაუწყებლო ბადეში არ განათავსოს 06.00 საათიდან 20.00 საათამდე, ხოლო გამონაკლის შემთხვევაში, როცა არსებობს საზოგადოებრივი ინტერესი, 7 წლამდე ასაკის არასრულწლოვნებისათვის შეუფერებელი მასალების განთავსება იმ პროგრამებში, რომელიც დაგეგმილია 06 საათიდან 20.00 საათამდე, ანუ წყალგამყოფის მოქმედების პერიოდში, შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ სათანადო და მკაფიო გაფრთხილებით, რომ პროგრამა შეიცავს 7 წლამდე ასაკის არასრულწლოვნებისათვის შეუფერებელ მასალას: ვიზუალური სპეციალური ნიშანდებით, მუდმივად მასალის გადაცემისას, ტექსტურად, აგრეთვე ვერბალურად მასალის გადაცემამდე – წინასწარ.

11. პროგრამა, რომელიც რომელიმე დროითი შეზღუდვით ზღვარს კვეთს, სრულად უნდა აკმაყოფილებდეს პროგრამის დაწყების მომენტისათვის მოქმედ მოთხოვნებს.

12. შემდეგი სპეციალური შემზღუდავი ნიშანი უნდა გამოისახოს პროგრამის დაწყებისას და ყოველი სარეკლამო შესვენების შემდეგ, 60 წამის განმავლობაში:

ა) „18“ წრეში, როდესაც პროგრამა შეუფერებელია 18 წლამდე არასრულწლოვნებისთვის;

ბ) „15“ წრეში, როდესაც პროგრამა შეუფერებელია 15 წლის არასრულწლოვნებისთვის;

გ) „12“ წრეში, როდესაც პროგრამა შეუფერებელია 12 წლამდე არასრულწლოვნებისთვის;

დ) „7“ წრეში, როდესაც პროგრამა შეუფერებელია 7 წლამდე არასრულწლოვნებისთვის.

13. რადიომაუწყებელმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმოს საბავშვო დროს სამაუწყებლო ბადის დაგეგმვას. ზრდასრული აუდიტორიისათვის განკუთვნილ პროგრამაზე გადასვლა არ უნდა მოხდეს მკვეთრად, წყალგამყოფის შემდეგ ან საბავშვო დროს.

14. მაუწყებელი ვალდებულია მიიღოს სკოლის თანხმობა, როდესაც გადაღება სკოლის ტერიტორიაზე ან სასკოლო დროს ხორციელდება.

    მუხლი 39. სექსუალური, გაუპატიურებისა და სექსუალური ძალადობის სცენები

1. დაუშვებელია სექსუალური სცენის, აგრეთვე გაუპატიურების ან/და სექსუალური ძალადობის სცენის გრაფიკული გამოსახვა და გადაცემა 06.00 საათიდან 24:00 საათამდე;

2. სექსუალური სცენების ან/და სქესობრივი ურთიერთობის შესახებ განხილვების ეთერში გადაცემა 20:00 საათიდან 23:00 საათამდე გამართლებულია მხოლოდ საზოგადოებრივი ინტერესის არსებობისას, ჯეროვნად შემოკლებული და რედაქტირებული ფორმით.

    მუხლი 40. შეურაცხმყოფელი ლექსიკა

უხამსი ქმედება და შეურაცხმყოფელი ლექსიკა არ უნდა იქნეს გამოყენებული არასრულწლოვანთათვის განკუთვნილ პროგრამებში და წყალგამყოფის მოქმედების პერიოდში.

    მუხლი 41. ძალადობა და სახიფათო ქმედება

1. ძალადობის ან მისი შედეგების ამსახველი კადრები, აგრეთვე ძალადობის როგორც ვიზუალური, ისე ვერბალური აღწერის გადაცემა, უნდა იყოს ჯეროვნად რედაქტირებული 23:00 საათამდე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ეს გამართლებულია შესაბამისი კონტექსტით.

2. დაუშვებელია არასრულწლოვნის მიერ იოლად იმიტირებადი ძალადობრივი ან სახიფათო ქმედების გადაცემა:

ა) საბავშვო პროგრამებში;

ბ) 23:00-საათიან წყალგამყოფამდე, თუ ამის მნიშვნელოვანი სარედაქციო დასაბუთება არ არსებობს.

    მუხლი 42. ნარკოტიკები, თამბაქო, ალკოჰოლი

1. დაუშვებელია ნარკოტიკების უკანონო გამოყენების, ალკოჰოლის ან თამბაქოს არაჯეროვანი გამოყენების გადაცემა 23:00 საათამდე ან საბავშვო პროგრამებში.

2. დაუშვებელია ნარკოტიკების უკანონო გამოყენების, ალკოჰოლისა და თამბაქოს არაჯეროვანი გამოყენების გამართლება, წახალისება ან მოწონება.

3. დაუშვებელია ნარკოტიკების, საინექციო ხელსაწყოების, ნარკოტიკული ნივთიერებების მომზადების ტექნოლოგიის, გამოყენების პროცესის (იქნება ეს სოციალური კლიპი, დოკუმენტური ფილმი, ტელეგადაცემა თუ სხვ.) გადაცემა.

    მუხლი 43. ქვეცნობიერზე ზემოქმედება, ჰიპნოზი, ოკულტიზმი და პარანორმალური მოვლენები

1. დაუშვებელია მაუწყებლის მიერ ტექნიკური, აუდიო ან ვიზუალური მონტაჟის საშუალებით დროის უმცირეს მონაკვეთში ან სხვაგვარად ინფორმაციის გადაცემა ან ზეგავლენის მოხდენა აუდიტორიის ქვეცნობიერზე.

2. ოკულტიზმის, პარანორმალური, სხვა მსგავსი მოვლენების ან ჰიპნოზის ამსახველი მასალის ჩვენება დაუშვებელია 23:00 საათამდე. მაუწყებელმა უნდა მიიღოს ყველა აუცილებელი ზომა, რათა შემცირდეს მგრძნობიარე აუდიტორიაზე ჰიპნოზირების ან სხვა უარყოფითი რეაქციის რისკი.

    მუხლი 44. არასრულწლოვანთა დაცვის სხვა საკითხები

1. არასრულწლოვნის ინფორმაციისა და გამოხატვის თავისუფლების პატივისცემასთან ერთად მაუწყებელმა უნდა უზრუნველყოს პროგრამაში მონაწილე არასრულწლოვანთა ფიზიკური, ფსიქოლოგიური და სულიერი კეთილდღეობის დაცვა მშობელთა, მზრუნველთა ან მეურვეთა თანხმობის მიუხედავად.

2. მაუწყებელმა უნდა უზრუნველყოს არასრულწლოვნის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვა. არასრულწლოვანი არ კარგავს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას მშობლების ან სკოლაში მომხდარი მოვლენების გამო.

3. მაუწყებელმა უნდა დაიცვას არასრულწლოვან ეჭვმიტანილთა, ბრალდებულთა, განსასჯელთა, მსჯავრდებულთა, მოწმეთა და დაზარალებულთა (განსაკუთრებით სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩამდენ პირთა) ანონიმურობა.

    მუხლი 45. სამაუწყებლო პროგრამათა კატეგორიების განმსაზღვრელი კრიტერიუმები

1. 18 წლამდე არასრულწლოვნებისთვის შეუფერებლად ჩაითვლება სამაუწყებლო პროგრამა, თუ ის შეიცავს:

ა) სქესობრივი აქტის ან სექსუალური ძალადობის ამსახველ გრაფიკულ სცენებს;

ბ) არასრულწლოვნის მონაწილეობით ან გაუკუღმართებული ფორმით სექსუალური ურთიერთობის ამსახველ სცენებს;

გ) ნარკოტიკების დამზადების და მოხმარების წესის ახსნა-განმარტებასა და მოხმარების გამართლებას ან მოწონებას;

დ) თამბაქოსა და ალკოჰოლის მოხმარების გამართლებასა და მოწონებას;

ე) თვითმკვლელობის, მკვლელობის ან სიკვდილით დასჯის სცენების გრაფიკულ ასახვას ახლო ხედით ან 15 წამზე მეტი ხნით;

ვ) იოლად ხელმისაწვდომი საყოფაცხოვრებო იარაღის გამოყენებას (დანა, ნაჯახი და ა.შ.) ზიანის მიყენების მიზნით ან მკვლელობისთვის;

 ზ) ძალადობის ამსახველ სცენებს ახლო ხედით ან 15 წამზე მეტი ხნით (გარდა შემეცნებით-საგანმანათლებლო, ისტორიული, ფანტასტიკური ან კომედიური ჟანრის პროგრამებისა).

2. 15 წლამდე არასრულწლოვნებისთვის შეუფერებლად ჩაითვლება პროგრამა, თუ ის შეიცავს:

ა) ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ სიუჟეტებსა და სცენებს;

ბ) სიშიშვლეს სექსუალურ კონტექსტში, სექსუალურ სცენებს ან მათ გრაფიკულ ასახვას;

გ) შეურაცხმყოფელ ლექსიკას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ეს გამართლებულია კონტექსტით;

დ) ნარკოტიკული საშუალებებისა და მათ მოხმარებასთან დაკავშირებულ ტერმინოლოგიას.

3. 12 წლამდე არასრულწლოვნებისთვის შეუფერებლად ჩაითვლება პროგრამა, რომელიც შეიცავს:

ა) ამ მუხლის მეორე პუნქტით განსაზღვრულ სიუჟეტებსა და სცენებს;

ბ) შეურაცხმყოფელ ლექსიკას.

4. 7 წლამდე არასრულწლოვნებისთვის შეუფერებლად ჩაითვლება პროგრამა, რომელიც შეიცავს ამ მუხლის მესამე პუნქტით განსაზღვრულ სიუჟეტებსა და სცენებს, აგრეთვე მხატვრული, დოკუმენტური ან მულტიპლიკაციური ფილმი, რომელიც შეიცავს ამ ასაკობრივ ჯგუფზე ძლიერი ემოციური (ნეგატიური) ზეგავლენის მომხდენი შინაარსის ამსახველ სიუჟეტებსა და სცენებს.

    მუხლი 46. შეუზღუდავი პროგრამა

შეუზღუდავი პროგრამა არ უნდა შეიცავდეს ამ კოდექსის 45-ე მუხლის პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე პუნქტებით განსაზღვრულ სიუჟეტებს, უნდა იყოს შესაფერისი ოჯახური აუდიტორიისთვის და არ უნდა შეიცავდეს ძლიერი ნეგატიური ემოციების გამომწვევ სიუჟეტებს, სცენებსა ან თემატიკას.

    მუხლი 47. სახელმძღვანელო რეკომენდაციები მაუწყებლის მიერ არასრულწლოვანთა დაცვის უზრუნველყოფის შესახებ

1. სამაუწყებლო ბადის დაგეგმვისას მაუწყებელმა უნდა გაითვალისწინოს:

ა) პროგრამის ხასიათი;

ბ) აუდიტორიის სავარაუდო სიდიდე და ასაკი, სასკოლო დრო, დასვენებისა და უქმე დღეები;

გ) პროგრამის დაწყებისა და დასრულების დრო;

დ) მაუწყებლისა და კონკრეტული პროგრამის ხასიათი;

ე) სავარაუდო აუდიტორიის მოლოდინი მაუწყებლის მიმართ კონკრეტულ დღესა და დროს.

2. სახიფათო ქმედების გაშუქებას თან უნდა ერთვოდეს გაფრთხილება იმის შესახებ, რომ მისი გამეორება სახიფათოა ექსპერტების ზედამხედველობის გარეშე.

3. ფასიან სამაუწყებლო არხს შეუძლია განათავსოს პროგრამა, რომლის ჩვენება შეუფერებელია 18 წლამდე არასრულწლოვანთათვის დღის ნებისმიერ მონაკვეთში, თუ მოქმედებს სავალდებულო PIN-კოდით დაცული ან სხვა დამბლოკავი სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს, რომ პროგრამები ხელმისაწვდომია მხოლოდ უფლებამოსილი ზრდასრული აბონენტისთვის.

4. 06:00 საათიდან 20.00 საათამდე, წყალგამყოფის მოქმედების პერიოდში გადაცემული პროგრამები უნდა იყოს შესაფერისი საოჯახო, მათ შორის, საბავშვო ჩვენებისთვის. რაც უფრო ადრეა საღამოს პროგრამა დაგეგმილი, მით უფრო შესაფერისი უნდა იყოს ის არასრულწლოვნებისთვის. მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში, საზოგადოებრივი ინტერესის ან მნიშვნელოვანი სარედაქციო დასაბუთების არსებობისას შეიძლება ამ წესიდან გადახვევა და ასეთ დროს აუდიტორიას წინასწარ უნდა მიეწოდოს ზუსტი ინფორმაცია პროგრამის შინაარსის შესახებ.

5. რადიოპროგრამების განრიგის შედგენისას მაუწყებელმა სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს 23 საათამდე არასრულწლოვანთა მავნე ზეგავლენისაგან დაცვის თვალსაზრისით. რადიოთი დღის განმავლობაში შეიძლება გადაიცეს ისეთი სიმღერები, რომლებიც შესაფერისია ყველა ასაკობრივი ჯგუფისთვის.

6. არასრულწლოვნებისთვის განკუთვნილი მაუწყებლის ვებგვერდი არ უნდა იყოს მიბმული ზრდასრულთათვის განკუთვნილ მასალასთან და უნდა შეესაბამებოდეს არასრულწლოვანთა მავნე ზეგავლენისგან დაცვის მოთხოვნებს. მაუწყებელმა თავიდან უნდა აიცილოს ბმულები მესამე პირთა ვებგვერდებთან, რომლებიც ზრდასრულთათვის განკუთვნილ მასალას შეიცავს. ვებგვერდი არ უნდა შეიცავდეს მასალას, რომელიც შეუფერებელია ეთერში გასვლისათვის. პროგრამასთან დაკავშირებული ინტერაქტიული მომსახურება და ვებმასალა ასევე უნდა შეესაბამებოდეს ამ კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს.

7. მაუწყებელმა უნდა გამოიყენოს სხვადასხვა საშუალება პროგრამის ხასიათის შესახებ აუდიტორიის ინფორმირების მიზნით. ეს შეიძლება მოხდეს პროგრამის მოკლე ანოტაციის გამოქვეყნებით, საეთერო ან ონლაინ განცხადებებით, ან სპეციალური ნიშნის მინიჭებით. ის არ უნდა იქნეს გამოყენებული არასრულწლოვნების წახალისებისათვის, უყურონ ან მოუსმინონ პროგრამას.

8. ისეთი პროგრამის დაწყებამდე, რომელმაც შეიძლება აუდიტორიაში გამოიწვიოს ძლიერი ნეგატიური ემოციები, უნდა გაკეთდეს გამაფრთხილებელი განცხადება. იმ პროგრამის ანონსები, რომლის ჩვენება უნდა მოხდეს წყალგამყოფის მოქმედების პერიოდში, უნდა იყოს შესაფერისი საოჯახო ჩვენებისთვის. გამაფრთხილებელი განცხადება უნდა იყოს ფაქტობრივი ხასიათის და შეიცავდეს საკმარის ინფორმაციას, რათა აუდიტორიამ ინფორმირებულად გადაწყვიტოს არის თუ არა პროგრამა მათთვის შესაფერისი. ის არ უნდა იქნეს გამოყენებული არასრულწლოვნების წახალისებისათვის, უყურონ ან მოუსმინონ პროგრამას.

9. მშობლის, მეურვის ან მზრუნველის თანხმობის გარეშე, მაუწყებელმა არ უნდა სთხოვოს არასრულწლოვანს ისეთ საკითხზე მოსაზრების გამოთქმა (ინტერვიუ ან/და სამაუწყებლო პროგრამაში მონაწილეობა), რომლზეც სათანადო პასუხის გაცემა მის შესაძლებლობებს აღემატება. ინფორმირებული თანხმობის მიღების მიზნით მაუწყებელმა გასაგებად უნდა აუხსნას არასრულწლოვანს და მის მშობელს, მეურვეს ან მზრუნველს პროგრამის ხასიათი. სასურველია ნათესავის, ოჯახის მეგობრის, ფსიქოლოგის, სოციალური მუშაკის ან მასწავლებლის დასწრება ბავშვთან დელიკატურ ან რთულ საკითხებზე საუბრისას, როგორიცაა მაგალითად, ანტისოციალური (დევიაციური ან დელიკვენტური) ქმედება, ნარკოტიკები და სხვა. მაუწყებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ბავშვები ხშირად აზვიადებენ საკითხებს ან ამბობენ იმას, რისი გაგონებაც, მათი აზრით, სურთ ზრდასრულებს.

10. მშობლის, მეურვის ან მზრუნველისაგან თანხმობაზე უარის მიღების შემთხვევაში, ბავშვის პროგრამაში მონაწილეობა დასაშვებია, თუ არსებობს მნიშვენლოვანი საზოგადოებრივი ინტერესი და თუ ასეთი გადაწყვეტილება ეფუძნება არასრულწლოვანის თავისუფალ ნებას და ინფორმირებულ თანხმობას. რაც უფრო ახალგაზრდაა არასრულწლოვანი მით უფრო მნიშვნელოვანია მშობლის, მეურვის ან მზრუნველისაგან თანხმობის მიღება. დაუშვებელია არასრულწლოვნის ან მშობლის მეურვის ან მზრუნველის ფინანსური დაინტერესება თანხმობის მისაღებად. დასაშვებია მხოლოდ დასაბუთებული და კანონიერი ხარჯების დაფარვა.

11. აკრძალულია მაუწყებლის მიერ ისეთი პროგრამის გადაცემა ან პროგრამაში მასალის განთავსება, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს არსრულწლოვანთა სოციალიზაციის პროცესს.

    თავი XII. დანაშაული და ანტისოციალური ქმედება

    მუხლი 48. დანაშაულისა და ანტისოციალური ქმედების გაშუქების პრინციპი

მაუწყებელმა არ უნდა გადასცეს ისეთი მასალა, რომელმაც შესაძლოა წააქეზოს ან წაახალისოს დანაშაული ან გამოიწვიოს საზოგადოებრივი არეულობა და ანტისოციალური ქმედება. დანაშაულისა და ანტისოციალური ქმედების გაშუქებისას, მაუწყებელმა უნდა დაიცვას ბალანსი, ერთი მხრივ, გამოხატვის თავისუფლებასა, ხოლო, მეორე მხრივ, უდანაშაულობის პრეზუმფციასა და ეჭვმიტანილთა, ბრალდებულთა, განსასჯელთა, მსჯავრდებულთა, მოწმეთა და დაზარალებულთა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას შორის.

    მუხლი 49. მაუწყებლის მიერ დანაშაულისა და ანტისოციალური ქმედების გაშუქებისადმი წაყენებული მოთხოვნები (წესები)

1. მაუწყებლმა არ უნდა გადასცეს ისეთი მასალა, რომელმაც შესაძლოა წააქეზოს ან წაახალისოს დანაშაულის ჩადენა ან გამოიწვიოს ანტისოციალური ქმედება, ან რომელიც ამართლებს ან იწონებს უკანონო, ძალადობრივ, სახიფათო ან ანტისოციალურ ქმედებას.

2. დანაშაულისა და ანტისოციალური ქმედების გაშუქებისას მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს ეჭვმიტანილთა, ბრალდებულთა, განსასჯელთა, მსჯავრდებულთა, მოწმეთა, დაზარალებულთა და მათი ოჯახის წევრების კანონიერი ინტერესების დაცვა.

3. დანაშაულისა და ანტისოციალური ქმედების გაშუქებისას, მაუწყებელმა არ უნდა მოახდინოს ეჭვმიტანილის იდენტიფიცირება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მისი სახელი საზოგადოებისთვის ცნობილია ან საქმე საზოგადოებრივი ინტერესის მქონეა.

4. დაუშვებელია თანხის გადახდა, თანხის გადახდის დაპირება ან ნატურით გადახდა ეჭვმიტანილთა, ბრალდებულთა, განსასჯელთა, მსჯავრდებულთა, მოწმეთა და დაზარალებულთა ან სხვა პირისთვის დანაშაულთან დაკავშირებით ინფორმაციის მოპოვების მიზნით.

5. დაუშვებელია გამოძიების მიმდინარეობისას მოწმის, მისი ნათესავების ან ოჯახის წევრებისთვის პირდაპირ ან ირიბად თანხის გადახდა, ან თანხის გადახდის დაპირება, გარდა პროგრამის ან ინტერვიუს მომზადებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურებისა.

6. დანაშაულის ან ანტისოციალური ქმედების შესახებ ინფორმაციის შეგროვებისას, თანხის გადახდა გამართლებულია მხოლოდ ისეთი მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოპოვების მიზნით, რომელიც საზოგადოებრივ ინტერესის მქონეა და თუ მისი მიღება თანხის გადახდის გარეშე შეუძლებელია.

7. მაუწყებელმა არ უნდა გადასცეს ისეთი ინფორმაცია ნაფიც მსაჯულთა შესახებ, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს სასამართლო პროცესს ან გავლენა მოახდინოს მის შედეგზე.

8. დაუშვებელია დანაშაულის ჩადენის ხერხის ისეთი აღწერა ან დემონსტრირება, რამაც შეიძლება ხელი შეუწყოს დანაშაულის ჩადენას, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა არსებობს სარედაქციო დასაბუთება.

    მუხლი 50. სახელმძღვანელო რეკომენდაციები მაუწყებლის მიერ დანაშაულის და ანტისოციალური ქმედების გაშუქების შესახებ

1. დანაშაულის ან ანტისოციალური ქმედების გაშუქებისას მაუწყებელმა:

ა) არ უნდა დაუშვას უსაფუძვლო პანიკის შექმნა საზოგადოებაში, ჭორების ან უსაფუძვლო ვარაუდების გავრცელება, რამაც შეიძლება გაუმართლებელი ზიანი მიაყენოს პირის რეპუტაციას ან კანონიერ ინტერესებს;

ბ) მაუწყებელი უნდა დაეყრდნოს საგამოძიებო ორგანოებისა და ექსპერტების დასკვნებს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მაუწყებელი საკუთარ ჟურნალისტურ გამოძიებას ატარებს, რომელიც გამოავლენს ოფიციალური გამოძიების უზუსტობას, წინააღმდეგობრიობას ან ინერტულობას და ფლობს საკმარის ინფორმაციას სანდო ჟურნალისტური შეფასების გაკეთებისათვის.

2. სამართალდამცავი ორგანოების ან სხვა სახელმწიფო სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად, რაიმე ოპერაციაზე დასწრება, გამართლებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ოპერაცია საზოგადოებრივი ინტერესის მქონეა. კერძო საკუთრებაზე განხორციელებულ ოპერაციებზე დასწრებისას, მაუწყებელი ვალდებულია მიიღოს თანხმობა მესაკუთრისგან, ხოლო ნებართვაზე უარის შემთხვევაში დატოვოს ტერიტორია, გარდა იმ შემთხვევისა, როცა არსებობს საზოგადოებრივი ინტერესი.

3. ეჭვმიტანილთა, ბრალდებულთა, განსასჯელთა, მსჯავრდებულთა, მოწმეთა და დაზარალებულთა ინტერვიუს ჩაწერისას მაუწყებელმა თავი უნდა შეიკავოს დანაშაულის მოწონების ან გამართლებისგან და დაიცვას პატიმართან ინტერვიუს ჩაწერის წესები.

4. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების ან სასამართლო პროცესის გაშუქებისას, მაუწყებელმა უნდა გააშუქოს საბოლოო განაჩენი და მიიღოს ყველა გონივრული ზომა ადამიანის რეპუტაციისათვის გაუმართლებელი ზიანის მიყენების თავიდან აცილების მიზნით.

5. მაუწყებელმა თავიდან უნდა აიცილოს სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის დაზარალებულის ვინაობის გამჟღავნება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა დაზარალებული თანახმაა და არსებობს საზოდოებრივი ინტერესი.

6. მაუწყებელმა, როგორც წესი, არ უნდა ჩამოართვას მოწმეს ინტერვიუ სასამართლო განაჩენის გამოტანამდე, გარდა იმ შემთხვევისა, თუ არსებობს საზოგადოებრივი ინტერესი.

7. უკანონო ქმედების ჩადენაზე დასწრებისას მისი ჩაწერა დასაშვებია, თუ ეს არ უწყობს ხელს დანაშაულებრივ ქმედებას.

8. მტკიცებულებების შეგროვების მიზნით, დანაშაულის რეკონსტრუქციის გადაცემისას, მაუწყებელმა მკაფიოდ უნდა მიუთითოს, სად იწყება და მთავრდება რეკონსტრუქცია.

9. დანაშაულის ან ანტისოციალური ქმედების გაშუქებისას მაუწყებელმა არ უნდა მოახდინოს პიროვნების იდენტიფიცირება, როცა:

ა) ადამიანი გამოიყენება ქმედების ილუსტრირებისათვის ან არ არის სრულად პასუხისმგებელი საკუთარ ქმედებაზე;

ბ) რთულია ინფორმირებული თანხმობის მიღება, მაგალითად ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო;

გ) არსებობს მაყურებლის მიერ გონივრული ვარაუდის საფუძველზე კადრში შემთხვევით მოხვედრილი პიროვნებების დანაშაულთან დაკავშირების შესაძლებლობა, მიუხედავად იმისა, მასალა საჯარო ადგილას არის გადაღებული, თუ კერძო ტერიტორიაზე.

10. საარქივო მასალის ჩვენებისას მაუწყებელმა უნდა გამოიჩინოს სიფრთხილე და თავიდან აიცილოს მაყურებლის შეცდომაში შეყვანა ერთი დანაშაულის ამსახველი კადრების გამოყენებისას მეორე დანაშაულის ილუსტრირების ან გამოძიების ან სასამართლო პროცესის ანონსისთვის. მაუწყებელმა, როგორც წესი, უნდა გაიაროს იურიდიული კონსულტაცია დანაშაულის ამსახველი საარქივო მასალის გამოყენებისას, თუ საქმე სასამართლო განხილვის პროცესშია.

    თავი XIII. შეიარაღებული დაპირისპირება, უბედური შემთხვევები, საგანგებო ვითარება

    მუხლი 51. შეიარაღებული დაპირისპირების, უბედური შემთხვევისა და საგანგებო ვითარების გაშუქების პრინციპი

მაუწყებელმა განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა გააშუქოს შეიარაღებული დაპირისპირება, უბედური შემთხვევები, საგანგებო ვითარება, პატივი უნდა სცეს აუდიტორიის ემოციებს და დაიცვას ბალანსი საზოგადოებისთვის საინტერესო ინფორმაციის მიწოდებასა და პიროვნების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის ლეგიტიმურ მოლოდინს შორის.

    მუხლი 52. მაუწყებლის მიერ შეიარაღებული დაპირისპირების, უბედური შემთხვევების, საგანგებო ვითარების გაშუქებისადმი წაყენებული მოთხოვნები (წესები)

1. შეიარაღებული კონფლიქტის, ადგილობრივი ან საერთაშორისო საგანგებო ვითარების გაშუქებისას უნდა დასახელდეს ინფორმაციის წყარო და მესამე პირისგან მიღებული მასალა, აგრეთვე აღინიშნოს ექვემდებარება თუ არა რეპორტაჟი კანონით დადგენილ შეზღუდვებს.

2. მაუწყებელმა უნდა მიიღოს ყველა გონივრული ზომა, რომ საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი არ გახდეს ისეთი ინფორმაცია, რომელმაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას გატაცებული, მძევლად აყვანილი, ალყაში მყოფი პირის სიცოცხლეს ან მის გათავისუფლებაზე მიმართულ ღონისძიებებს.

    მუხლი 53. სახელმძღვანელო რეკომენდაციები მაუწყებლის მიერ შეიარაღებული დაპირისპირების, უბედური შემთხვევების, საგანგებო ვითარების გაშუქების შესახებ

1. შეიარაღებული დაპირისპირების, მძევლების აყვანის და საგანგებო ვითარების დროს, მაუწყებელმა აუდიტორიას უნდა მიაწოდოს ზუსტი და სარწმუნო ინფორმაცია.

2. მაუწყებელმა თავი უნდა შეიკავოს ისეთი ქმედებისგან, რომელმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას ადამიანის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას.

3. ტერორისტის, გამტაცებლის ან მძევლის განცხადება ან მასთან ინტერვიუ არ უნდა გადაიცეს მაუწყებლის სარედაქციო ხელმძღვანელობის თანხმობის გარეშე. ინტერვიუს გადაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას უნდა მოხდეს ინფორმაციის გადაცემით მიღებული სარგებლისა და ზიანის შეფასება.

4. ტერორისტის ან გამტაცებლის მოთხოვნა ან განცხადება ეთერში უნდა გადაიცეს რედაქტირებული სახით, რათა თავიდან იქნეს აცილებული მის მიერ საზოგადოებრივი აზრით მანიპულირება.

5. მძევლებთან ან ტერორისტებთან/მძევლების ამყვანებთან სატელეფონო ან სხვაგვარმა პირდაპირმა კავშირმა ხელი არ უნდა შეუშალოს სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლებს კანონით გათვალისწინებული ზომების გატარებაში და საფრთხე არ უნდა შეუქმნას მძევლების სიცოცხლეს.

6. მაუწყებელმა უნდა გაითვალისწინოს პოლიციისა და სხვა უფლებამოსილი სახელმწიფო უწყებების რჩევები იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლის გაშუქებამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას ადამიანის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას. მოთხოვნა ინფორმაციის გაშვების ან გაშვებისგან თავის შეკავების შესახებ, როგორც წესი, უნდა დაკმაყოფილდეს მაუწყებლის მიერ.

7. საზოგადოებრივი არეულობის გაშუქებისას, მაუწყებელმა:

ა) სრულად და ობიექტურად უნდა ასახოს მოვლენების განვითარება;

ბ) განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა გადასცეს არეულობაში მონაწილეთა სავარაუდო რაოდენობა და მიუთითოს ინფორმაციის წყარო, როდესაც მოვლენების გაშუქებისას დაპირისპირების ერთ მხარეს აღმოჩნდება;

გ) განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მოეკიდოს რეაქციას, რაც შეიძლება კამერების გამოჩენას მოყვეს არეულობის მონაწილეთა მხრიდან.

8. თუ ძალადობა ან არეულობა ზედმეტად გამომსახველობით ფორმებს იღებს, მაუწყებელმა უნდა შეწყვიტოს მოვლენების პირდაპირი ტრანსლირება და ჩაწერილი მასალა შემდგომში დამონტაჟებული სახით გადასცეს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, აუცილებელია აუდიტორიის დროული ინფორმირება მნიშვნელოვანი მოვლენის შესახებ.

    თავი XIV. ზიანისა და შეურაცხყოფისაგან დაცვა

    მუხლი 54. მავნე და შეურაცხმყოფელი მასალისგან დაცვის პრინციპი

მაუწყებელმა უნდა დაიცას საყოველთაოდ აღიარებული სტანდარტები, რათა უზრუნველყოს საზოგადოების წარმომადგენელთა დაცვა მავნე და შეურაცხმყოფელი მასალისგან.

    მუხლი 55. მაუწყებლის მიერ მავნე და შეურაცხმყოფელი მასალისგან დაცვის უზრუნველყოფისათვის წაყენებული მოთხოვნები (წესები)

1. მაუწყებელის მიერ პოტენციურად შეურაცხმყოფელი მასალის გადაცემა გამართლებული უნდა იყოს სარედაქციო კონტექსტით და ემსახურებოდეს საზოგადოებრივ ინტერესს. მაუწყებელმა უნდა უზრუნველყოს ბალანსი გამოხატვისა და ინფორმაციის თავისუფლებასა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ან არასრულწლოვან პირთა დაცვის პასუხისმგებლობას შორის. პოტენციური ზიანის შემცირების მიზნით მაუწყებელმა უნდა უზრუნველყოს შესაბამისი ინფორმაციის ან გაფრთხილების გავრცელება.

2. მაუწყებელმა არ უნდა გადასცეს ისეთი მასალა, რომელიც ამართლებს ან იწონებს ძალადობრივ, სახიფათო ან ანტისოციალურ ქმედებას და შეიძლება წაახალისოს სხვები მსგავსი ქმედებისკენ.

3. მაუწყებელმა არ უნდა გადასცეს თვითმკვლელობის ან საკუთარი თავისთვის ზიანის მიყენების მეთოდები. აღნიშნული მეთოდების გადაცემა იმ შემთხვევებშიც კი, როცა ეს რედაქციულად დასაბუთებულია ან გამართლებულია კონტექსტით, უნდა მოხდეს მხოლოდ ვერბალური სახით.

4. ეგზორციზმის, ოკულტიზმის, პარანორმალური მოვლენების ან ჰიპნოზის ამსახველი მასალის ჩვენება უნდა მოხდეს ჯეროვანი ობიექტურობით, გარდა იმ შემთხვევისა, როცა პროგრამა აშკარად გასართობი ხასიათისაა. მაუწყებელმა არ უნდა გადასცეს ისეთი რჩევა ჯანმრთელობის, ფინანსური მდგომარეობის, დასაქმების ან ურთიერთობების შესახებ, რომელმაც შეიძლება ადამიანს ზიანი მიაყენოს.

    მუხლი 56. სახელმძღვანელო რეკომენდაციები მაუწყებლის მიერ პოტენციური ზიანისა და შეურაცხყოფისაგან დაცვის შესახებ

1. აუდიტორიის შეურაცხყოფის თავიდან აცილების მიზნით მაუწყებელი განსაკუთრებული ყურადღებით უნდა მოეკიდოს შეურაცხმყოფელი ლექსიკის გამოყენებას.

2. შეურაცხმყოფელი ლექსიკის გამოყენებაზე გადაწყვეტილების მიღებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ტონალობა და სარედაქციო კონტექსტი. შეიძლება ზოგჯერ აუცილებელი გახდეს შეურაცხმყოფელი ლექსიკის გამოყენება ინფორმაციის მთლიანობის უზრუნველსაყოფად ან თავზარდამცემი მოვლენის რეალური შინაარსის წარმოჩენის მიზნით.

3. ახალ ამბებში ძალადობის ამსახველი კადრების გამოყენებაზე გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს მათი ინფორმაციული ღირებულებისა და გასაშუქებელი მოვლენისადმი მათი მნიშვნელობის, აგრეთვე აუდიტორიის სავარაუდო რეაქციის გათვალისწინებით.

4. რეპორტაჟი არ უნდა შეიცავდეს გვამების ან დაჭრილთა ტანჯვის ამსახველ 15 წამზე მეტი ხანგრძლივობის კადრებს. ამბის გადმოსაცემად შეიძლება საჭირო გახდეს გარდაცვლილთა შორი ხედით ჩვენება, ახლო ხედების გამოყენება თავიდან უნდა იქნეს აცილებული, გარდა საზოგადოების ინტერესის არსებობის შემთხვევისა.

5. დაუშვებელია ძალადობის სენსაციად გადაქცევა. შესაძლებელია საჭირო იყოს შოკისმომგვრელი მასალის გამოყენება, მაგრამ ეს გადაწყვეტილება ძალზე ფრთხილი ანალიზის შემდეგ უნდა იქნეს მიღებული.

6. ძალადობის გაშუქებაზე გადაწყვეტილების მიღებისას გათვალისწინებული უნდა იყოს ფაქტორები, რომელთა ერთობლიობამაც შეიძლება აუდიტორიაზე ძალადობის ემოციური ზემოქმედების ხარისხი გაზარდოს:

ა) საყოფაცხოვრებო ნიადაგზე ჩადენილი ძალადობა: ოჯახური ძალადობა, გასართობ დაწესებულებებსა და კვების ობიექტებში მომხდარი ძალადობა, ხულიგნობა, საგზაო შემთხვევების შედეგად დაპირისპირება და ყაჩაღობა;

ბ) ძალადობა უსაფრთხოდ მიჩნეულ ადგილებში: სახლში, საავადმყოფოსა და სკოლებში;

გ) ტკივილის, ზიანის მიყენების ან მკვლელობის უჩვეულო ან სადისტური მეთოდები;

დ) შემთხვევები, სადაც დაზარალებულნი მოხუცები, შეზღუდული შესაძლებლობების პირები, ქალები ან ბავშვები არიან;

ე) ვერბალური და არავერბალური აგრესია;

ვ) ძალადობაზე, განსაკუთრებით ბავშვების ძალადობაზე სხვების რეაქციის ასახვა.

7. დაუშვებელია სექსუალური და ნებისმიერი სხვა ძალადობის მისაღებად წარმოჩენა.

    თავი XV. რეკლამა

    მუხლი 57. რეკლამის ეთერში განთავსების პრინციპი

აუდიტორიის შეცდომაში შეყვანის თავიდან აცილების მიზნით მაუწყებელმა უნდა შეინარჩუნოს პროგრამის შინაარსზე სარედაქციო კონტროლის დამოუკიდებლობა და არ დაუშვას პროგრამების დამახინჯება მიღებული სარგებლის სანაცვლოდ. რეკლამა მკაფიოდ უნდა გაიმიჯნოს პროგრამის ელემენტებისგან.

    მუხლი 58. მაუწყებლის მიერ რეკლამის განთავსების წესები

1. მაუწყებლის მიერ რეკლამის განთავსებისას დაცულ უნდა იქნეს „რეკლამის შესახებ“ და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონების მოთხოვნები.

2. დაუშვებელია მაუწყებლის მიერ ახალი ამბების გამოშვებებში რაიმე პროდუქციის ან მომსახურების რეკლამირება. რეკლამირებად არ ჩაითვლება ინფორმაციის გადაცემა ახალი პროდუქციის ან მომსახურების ბაზარზე განთავსების თაობაზე.

3. თუ აღმოჩნდება, რომ პიროვნების ნებართვის გარეშე მისი გამოსახულება ან სახელი სარეკლამო სახით იქნა გამოყენებული რომელიმე პროგრამაში, პროგრამაში გამოყენებული შესაბამისი სიუჟეტი დაუყოვნებლივ ამოღებულ უნდა იქნეს პროგრამიდან.

4. მაუწყებელს შეუძლია გადასცეს მატერიალური შემოწირულობის გაღების მოწოდება პროგრამის მომზადების ან მომსახურების დაფინანსების მიზნით. აუდიტორიას უნდა ეცნობოს შემოწირულობის მიზანი და აქციის დასრულებისთვის შეგროვილი თანხის ოდენობა. მაუწყებელი ვალდებულია ცალკე აღრიცხოს შემოწირული თანხა და განკარგოს იგი.

5. მაუწყებელმა არ უნდა გაუწიოს პოპულარიზაცია ან გამოხატოს მხარდაჭერა რაიმე პროდუქციის, ორგანიზაციის ან მომსახურების მიმართ. რაიმე პროდუქციის, ორგანიზაციის ან მომსახურების შესახებ პროგრამაში მითითება რედაქციულად უნდა იყოს დასაბუთებული. სახელწოდების, ლოგოს ან ფასის შესახებ მითითება დაყვანილი უნდა იყოს მინიმუმამდე. დაუშვებელია მაუწყებელის ან მისი თანამშრომლის მიერ ფულადი თანხის ან სხვა მატერიალური ფასეულობის მიღება პროდუქციის ან მომსახურების პოპულარიზაციის სანაცვლოდ.

6. დაუშვებელია მაუწყებლის მიერ რაიმე პროდუქციის ან მომსახურების ისეთი პოპულარიზაცია, რამაც შესაძლოა შეცდომაში შეიყვანოს აუდიტორია.

7. პროგრამასთან დაკავშირებული მასალის მხარდაჭერა დასაშვებია მხოლოდ სარედაქციო დასაბუთების არსებობისას. მაუწყებელი პასუხისმგებელი უნდა იყოს პროგრამასთან დაკავშირებულ მასალაზე, თუმცა შეიძლება სპონსორის ყოლა, რომლის შესახებ მითითება უნდა მოხდეს მოკლედ, როდესაც საუბარია მასალის მოპოვების გზებზე.

    მუხლი 59. სახელმძღვანელო რეკომენდაციები მაუწყებლის მიერ რეკლამის განთავსების შესახებ

1. რეკლამისა და პროგრამის შინაარსის მკაფიო გამიჯვნა არის გადამწყვეტი სარედაქციო დამოუკიდებლობისა და აუდიტორიის მიმართ ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფისათვის.

2. მაუწყებელმა თავიდან უნდა აიცილოს პროდუქციის ან მომსახურების ისეთი პოპულარიზაცია, რამაც შესაძლოა შეცდომაში შეიყვანოს აუდიტორია ან მათი პროგრამაში ხსენება ისე, რომ შეიქმნას მათი მხარდაჭერის შთაბეჭდილება.

3. კომერციული რეკლამის ეთერში განთავსება უნდა მოხდეს მაუწყებლის მიმართ საფასურის ან სხვა ეკონომიკური სარგებლის სანაცვლოდ, რომელიც ემსახურება მეწარმის, საქონლის, მომსახურების, სამუშაოს, კომერციული იდეისა და წამოწყებისადმი ინტერესის ფორმირებასა და შენარჩუნებას, აგრეთვე საქონლის, მომსახურების, სამუშაოს, კომერციული იდეისა და წამოწყების რეალიზაციის ხელშეწყობას დადგენილი სარეკლამო ტარიფების მიხედვით.

    თავი XVI. სპონსორობა

    მუხლი 60. სპონსორობის პრინციპი

მაუწყებელმა უნდა უზრუნველყოს, რომ სპონსორთან ურთიერთობა იყოს გამჭვირვალე, სპონსორის გზავნილები გაიმიჯნოს პროგრამისგან, შენარჩუნდეს სარედაქციო კონტროლი სპონსირებულ პროგრამებზე და არ მოხდეს პროგრამების დამახინჯება სპონსორისაგან მიღებული სარგებლის სანაცვლოდ.

    მუხლი 61. მაუწყებლის სპონსორობისადმი წაყენებული მოთხოვნები (წესები)

1. სპონსორობის საკითხები მოწესრიგებულია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით.

2. სპონსორი შეიძლება იყოს ნებისმიერი საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული ან ფიზიკური პირი, გარდა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 67-ე მუხლით განსაზღვრული პირებისა.

3. დაუშვებელია სათამაშო ბიზნესში ჩართულმა კომპანიამ სპონსორობა გაუწიოს არასრულწლოვნებისთვის განკუთვნილ პროგრამებს.

4. პროგრამის მიმდინარეობისას სპონსორის შესახებ უნდა აღინიშნოს აუცილებელი გამჭვირვალობის უზრუნველყოფის პროპორციულად. დასაშვებია ბრენდინგული განცხადების გაკეთება, რომელიც შეიცავს რეკლამას (გამონაკლისია სათამაში ბიზნესში ჩართული კომპანიები). პროგრამის ანონსზე ვრცელდება პროგრამის სპონსორობისთვის დაწესებული ყველა წესი.

5. პროგრამაში სპონსორის შესახებ მითითება მკაფიოდ უნდა გაიმიჯნოს პროგრამებისგან დროითი ან სივრცითი ხერხის გამოყენებით. პროგრამის ანონსში სპონსორის შესახებ მითითება უნდა იყოს მოკლე და უნდა განხორციელდეს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

    თავი XVII. საავტორო და მომიჯნავე უფლებები

    მუხლი 62. საავტორო და მომიჯნავე უფლებების დაცვის პრინციპი

მაუწყებელი ვალდებულია დაიცვას „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები.

    მუხლი 63. მაუწყებლის მიერ საავტორო და მომიჯნავე უფლებების დაცვისადმი წაყენებული მოთხოვნები (წესები)

მაუწყებელი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამავე სფეროში მოქმედი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით.

    თავი XVIII. კონკურსები და პრიზები

    მუხლი 64. კონკურსების ჩატარების და პრიზების გადაცემის პრინციპი

მაუწყებელმა უნდა უზრუნველყოს კონკურსების სამართლიანად ჩატარება და არ დაუშვას, რომ პრიზები იყოს შეუფერებელი.

    მუხლი 65. მაუწყებლის მიერ კონკურსების ჩატარების და პრიზების გათამაშებისადმი წაყენებული მოთხოვნები (წესები)

1. მაუწყებელმა უნდა უზრუნველყოს, რომ პრიზები ზუსტად იქნეს აღწერილი, ხოლო კონკურსის წესები იყოს მკაფიო და საზოგადოებისთვის ჯეროვნად იყოს მათ შესახებ ცნობილი.

2. არასრულწლოვანთათვის განკუთვნილი პრიზები უნდა იყოს მათი ასაკის შესაფერისი.

3. ბრენდების შესახებ მითითება შეიძლება გაკეთდეს მოკლედ და არასარეკლამო მიზნებისთვის.

    მუხლი 66. სახელმძღვანელო რეკომენდაციები მაუწყებლის მიერ კონკურსების ჩატარების და პრიზების გათამაშების შესახებ

1. სამართლიანობის უზრუნველსაყოფად მაუწყებელმა პროგრამის დასაწყისშივე უნდა გახადოს ცნობილი კონკურსის წესები და დასვას ისეთი შეკითხვები, რომლებიც შეესაბამება სავარაუდო აუდიტორიის ცოდნასა და შესაძლებლობებს.

2. ფულადი პრიზების დაწესება დაუშვებელია არასრულწლოვნებისთვის განკუთვნილ კონკურსებში.

    თავი XIX. გარდამავალი დებულებები

    მუხლი 67. თვითრეგულირების სისტემის ჩამოყალიბება

1. ამ კოდექსის მე-2 თავით განსაზღვრული თვითრეგულირების სისტემის შექმნა და საჩივრის განხილვის მიუკერძოებელი და სამართლიანი პროცედურების დადგენა და ამოქმედება საზოგადოებრივმა მაუწყებელმა და კერძო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელებმა, რომლებიც ახორციელებენ საერთო მაუწყებლობას და მაუწყებლობენ „ადგილობრივი მაუწყებლობის ზონალური დაყოფის შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 5 დეკემბრის №10 დადგენილებით განსაზღვრულ ყველა სამაუწყებლო ზონაში, უზრუნველყონ ამ კოდექსის მიღებიდან 6 თვის განმავლობაში, ხოლო ყველა სხვა სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელმა ამ კოდექსის მიღებიდან 1 წლის განმავლობაში.

2. სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელებმა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას წარუდგინონ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული თვითრეგულირების სისტემისა და საჩივრების განხილვის დადგენილი პროცედურის შესახებ ინფორმაცია ამავე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადებში.