დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 87/ნ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი |
მიღების თარიღი | 20/02/2009 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 20, 20/02/2009 |
სარეგისტრაციო კოდი | 470.230.000.22.035.012.810 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (20/02/2009 - 28/09/2009)
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.22.035.012.810
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის
ბრძანება №87/ნ
2009 წლის 20 თებერვალი
ქ. თბილისი
დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე
„საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-9 პუნქტის და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის თანახმად, დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების დანიშვნისა და გაცემის მოწესრიგების მიზნით, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების დანიშვნისა და გაცემის თანდართული წესი (დანართი №1).
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 10 მარტის №66/ნ ბრძანება (სსმ III, 13.03.2008 წ., №39, მუხ. 440).
3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2009 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.
ა. კვიტაშვილი
დანართი №1
დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესი
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1. რეგულირების საგანი
ეს წესი აწესრიგებს საქართველოს შრომის კოდექსით განსაზღვრულ დასაქმებულთათვის (შემდგომში – დასაქმებულები) და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ საჯარო მოსამსახურეთათვის (შემდგომში – მოსამსახურეები) დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების დანიშვნის, გაანგარიშებისა და გაცემის საკითხებს.
მუხლი 2. დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების დანიშვნის, გაანგარიშებისა და გაცემის ორგანიზაცია და პასუხისმგებლობა მის სისწორეზე
1. დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარება ენიშნება ყოველ დასაქმებულს/მოსამსახურეს დროებითი შრომისუუნარობის შემთხვევაში.
2. დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების დანიშვნას, გაანგარიშებას და გაცემას ახდენს დასაქმებულის შემთხვევაში შესაბამისი დამსაქმებელი, ხოლო მოსამსახურის შემთხვევაში – შესაბამისი საბიუჯეტო (სახაზინო) დაწესებულება (შემდგომში – დაწესებულება).
3. დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების დანიშვნის, გაანგარიშებისა და გაცემის სისწორეზე პასუხისმგებლობა ეკისრება შესაბამის დამსაქმებელს/დაწესებულებას.
მუხლი 3. დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების დანიშვნის, გაანგარიშებისა და გაცემის საფუძველი
დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების დანიშვნა, გაანგარიშება და გაცემა წარმოებს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დროებითი შრომისუუნარობის დამადასტურებელი საბუთის (საავადმყოფო ფურცლის), ხოლო მისი დაკარგვის შემთხვევაში – დუბლიკატის, შესაბამის დამსაქმებელთან/დაწესებულებაში წარდგენის საფუძველზე, წინამდებარე წესის შესაბამისად.
თავი II
დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების დანიშვნის, გაანგარიშებისა და გაცემის პირობები
მუხლი 4. დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების დანიშვნის პირობები და ოდენობა
1. დასაქმებულს/მოსამსახურეს დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარება ენიშნება:
ა) დაავადებით ან დასახიჩრებით გამოწვეული შრომის უნარის დაკარგვის შემთხვევაში;
ბ) ოჯახის ავადმყოფი წევრის მოვლის გამო;
გ) კარანტინის გამო;
დ) პროთეზირების გამო.
2. მოსამსახურეს დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარება ენიშნება ასევე „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 46-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში.
3. დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარება გაიცემა დამსაქმებლის/დაწესებულების მიერ დროებითი შრომისუუნარობის მთელ პერიოდზე ამ წესით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.
4. დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარება ინიშნება საავადმყოფო ფურცლის გაცემის პირველი დღიდან.
5. დამსაქმებელი იურიდიული პირის ლიკვიდაციის გამო დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევაში, ასევე დაწესებულების ლიკვიდაციის ან შტატების შემცირების გამო მოსამსახურის სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევაში, თუ გახსნილია საავადმყოფო ფურცელი, დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარება გაიცემა გათავისუფლების დღემდე პერიოდზე.
6. შვებულებაში ყოფნის დროს დროებითი შრომისუუნარობის დაწყების შემთხვევაში დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარება გაიცემა დროებითი შრომისუუნარობის მთელ პერიოდზე. ამ შემთხვევაში შვებულების დღეები გადაიწევს საავადმყოფო ფურცელში მითითებული დღეების რაოდენობით.
7. თუ დროებითი შრომისუუნარობა სამუშაოდან გათავისუფლებაზე დავის დროს დადგა, სამუშაოზე აღდგენის შემთხვევაში დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების ანაზღაურების ათვლა იწყება სამსახურში აღდგენის დღიდან.
8. ვადიანი ხელშეკრულების შემთხვევაში დამსაქმებელი/დაწესებულება დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარებას ანაზღაურებს მხოლოდ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში.
მუხლი 5. დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების დანიშვნაზე უარის თქმის საფუძველი
დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარება არ მიეცემათ:
ა) პირებს, რომლებმაც ტრავმა მიიღეს დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის დროს ან განზრახ აყენებენ ზიანს თავიანთ ჯანმრთელობას;
ბ) მკურნალი ექიმის მიერ დაწესებული რეჟიმის დარღვევისას;
გ) თუ დროებითი შრომისუუნარობა გამოწვეულია დაავადებით ან ტრავმით, რომლის უშუალო მიზეზია არაფხიზელი მდგომარეობა (ალკოჰოლური, ნარკოტიკული და სხვა ფსიქოაქტიური ნივთიერებით თრობა);
დ) კანონით დადგენილი წესით სამსახურიდან ჩამოშორების ან სასამართლოს გადაწყვეტილებით არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარების და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზაზე ყოფნის დროს.
მუხლი 6. დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების ოდენობის გაანგარიშება
1. მოსამსახურისათვის გასაცემი დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების ოდენობის გაანგარიშების ბაზას წარმოადგენს მისი თანამდებობრივი სარგო.
2. დროებითი შრომისუუნარობის პერიოდში მოსამსახურის თანამდებობრივი სარგოს შეცვლის შემთხვევაში, დახმარების ოდენობის გაანგარიშება თანამდებობრივი სარგოს შეცვლამდე პერიოდზე ხდება ძველი თანამდებობრივი სარგოს მიხედვით, ხოლო თანამდებობრივი სარგოს შეცვლის დღიდან ახალი თანამდებობრივი სარგოს მიხედვით.
3. დასაქმებულისთვის გასაცემი დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების ოდენობის გაანგარიშების ბაზას წარმოადგენს შრომითი ხელშეკრულებით განსაზღვრული შრომის ანაზღაურება.
4. თუ შრომითი ხელშეკრულებით არ არის განსაზღვრული შრომის ანაზღაურების ოდენობა, ამ შემთხვევაში დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების ოდენობის გაანგარიშების ბაზას წარმოადგენს დროებითი შრომისუუნარობის დადგომამდე უკანასკნელი 3 თვის განმავლობაში დარიცხული შრომის ანაზღაურების მიხედვით გაანგარიშებული საშუალო თვიური შრომის ანაზღაურება.
5. გამომუშავებაზე დამოკიდებული შრომის ანაზღაურების შემთხვევაში დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების ოდენობის გაანგარიშების ბაზას წარმოადგენს დროებითი შრომისუუნარობის დადგომამდე უკანასკნელი 3 თვის განმავლობაში დარიცხული შრომის ანაზღაურების მიხედვით გაანგარიშებული საშუალო თვიური შრომის ანაზღაურება.
6. ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებში მითითებულ შემთხვევებში, თუ დასაქმებულს არ გააჩნია მოცემულ დამსაქმებელთან 3 თვის მუშაობის სტაჟი, ან უკანასკნელი 3 თვის განმავლობაში არ მომხდარა შრომის ანაზღაურების დარიცხვა, საშუალო თვიური შრომის ანაზღაურება გამოითვლება მოცემულ დამსაქმებელთან შესაბამისი პროფესიისა და კვალიფიკაციის დასაქმებულისათვის გადახდილი საშუალო თვიური შრომის ანაზღაურებიდან.
7. დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების ოდენობის გამოანგარიშებისას მხედველობაში არ მიიღება:
ა) ერთდროული სახის დახმარებები, პრემიები და მატერიალური ჯილდოები;
ბ) ზეგანაკვეთური ანაზღაურება და დანამატები;
გ) ერთჯერადი სამუშაოს ანაზღაურება, რომელიც არ წარმოადგენს ძირითადი სამუშაოსათვის მიღებულ გასამრჯელოს.
8. დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების საერთო თანხა განისაზღვრება შეჯამებულად საავადმყოფო ფურცელში მითითებულ თვეში (ყველა თვეზე ცალ-ცალკე) საშუალო დღიური ხელფასის (თანამდებობრივი სარგოს/შრომის ანაზღაურების) გამრავლებით მოცემულ თვეში შრომისუუნარობის გამო გაცდენილ სამუშაო დღეთა რიცხვზე.
9. საშუალო დღიური ხელფასის (თანამდებობრივი სარგოს/შრომის ანაზღაურების) გამოთვლა ხდება საშუალო თვიური შრომის ანაზღაურების (თანამდებობრივი სარგოს/შრომის ანაზღაურების) გაყოფით შრომისუუნარობის თვის (ყოველ თვეზე ცალ-ცალკე) სამუშაო დღეთა რიცხვზე.
10. ერთდროულად რამდენიმე დამსაქმებელთან მუშაობის შემთხვევაში დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარება გაიცემა ყველა დამსაქმებელთან ცალ-ცალკე.
მუხლი 7. დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების გაცემა
1. დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების მისაღებად დასაქმებული/მოსამსახურე წარუდგენს დამსაქმებელს/დაწესებულებას დროებითი შრომისუუნარობის დამადასტურებელ საბუთს (საავადმყოფო ფურცელს).
2. დამსაქმებელი/დაწესებულება ვალდებულია სავადმყოფო ფურცლის წარდგენიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში ან აანაზღაუროს დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარება ან წერილობითი შეტყობინება გაუგზავნოს დასაქმებულს/მოსამსახურეს დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების გაცემაზე უარის თქმის შესახებ.
3. დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარება არ გაიცემა დამსაქმებლისათვის/დაწესებულებისათვის დროებითი შრომისუუნარობის დამადასტურებელი საბუთის (საავადმყოფო ფურცლის) დახურვიდან 3 თვის შემდეგ წარდგენის შემთხვევაში.
დოკუმენტის კომენტარები