დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
,,მიზნობრივი სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 254 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 27/12/2006 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 176, 29/12/2006 |
სარეგისტრაციო კოდი | 280.120.000.10.003.000.638 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №254
2006 წლის 27 დეკემბერი
ქ. თბილისი
„მიზნობრივი სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე:
მუხლი 1. „მიზნობრივი სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებასა (სსმ III, 2006 წ., №101, მუხლი 1375) და დადგენილებით დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:
„სოციალური დახმარების შესახებ“.
2. დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული სოციალური დახმარების მაძიებელი ოჯახებისათვის მისამართული სოციალური დახმარების დანიშვნა-გაცემისა და უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახებისათვის დანიშნული სოციალური დახმარების გაცემის უზრუნველსაყოფად ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე:“.
3. მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სოციალური დახმარებისა და დასაქმების სახელმწიფო სააგენტომ უზრუნველყოს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახებისათვის სოციალური დახმარების დანიშვნა-გაცემა და უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახებისათვის დანიშნული სოციალური დახმარების გაცემა დადგენილი წესით და ამ პროცესის ადმინისტრირებისას წარმოშობილ ურთიერთობათა რეგულირება.“.
4. დადგენილებით დამტკიცებული წესის პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. რეგულირების სფერო და მიზანი
ეს წესი ადგენს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ღატაკი ოჯახებისა და უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახებისათვის სოციალური დახმარების ოდენობას, ღონისძიებათა დაფინანსებისა და ანგარიშსწორების წესს და ძირითად პრინციპებს, განსაზღვრავს სოციალური დახმარების ადმინისტრირების კომპეტენტურ ორგანოსა და პროგრამის ფარგლებში სოციალური დახმარების გაცემის ძირითად პრინციპებს.“.
5. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2. სოციალური დახმარებები
1. ამ წესის მიზნებისათვის მიზნობრივი სოციალური დახმარება არის ფულადი სახის გასაცემელი (შემდგომში – საარსებო შემწეობა), რომლის მიზანია შეფასების სისტემით იდენტიფიცირებული ღატაკი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირება ან/და მისი პრევენცია.
2. ამ წესის მიზნებისათვის უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახებისათვის სოციალური დახმარება (შემდგომში – საოჯახო დახმარება) არის ფულადი სახის გასაცემელი, რომლის მიზანია 2007 წლის 1 იანვრამდე დანიშნული საოჯახო დახმარების გაცემის გაგრძელება.
3. საარსებო შემწეობისა და საოჯახო დახმარების დაფინანსების წყაროა შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი სახსრები.“.
6. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3. სოციალური დახმარების ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანო
1. საარსებო შემწეობის ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სოციალური დახმარებისა და დასაქმების სახელმწიფო სააგენტო (შემდგომში – სააგენტო), რომელიც ამ წესისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს საარსებო შემწეობის მაძიებელი ოჯახებისათვის საარსებო შემწეობის დანიშვნას, გაცემას, შეწყვეტას, გაანგარიშებას, შეჩერებას, აღდგენასა და საარსებო შემწეობის მიღებასთან დაკავშირებული სხვა საკითხების გადაწყვეტას.
2. საოჯახო დახმარების ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოა სააგენტო, ხოლო აფხაზეთიდან დევნილი ოჯახებისათვის – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, რომლებიც ამ წესისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფენ საოჯახო დახმარების შეწყვეტას, გადაანგარიშებას, შეჩერებას, აღდგენასა და საოჯახო დახმარების ადმინისტრირებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხთა გადაწყვეტას.
3. საოჯახო დახმარების გაცემას უზრუნველყოფს სააგენტო შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებებიდან.“.
7. წესს დაემატოს შემდეგი შინაარსის II1 თავი (81-83 მუხლები):
„თავი II1
საოჯახო დახმარების ოდენობა და მისი გაცემის პრინციპები
მუხლი 81. საოჯახო დახმარების გაცემის საფუძვლები და პრინციპები
1. საოჯახო დახმარება მიეცემათ იმ ოჯახებს, რომელთაც დახმარება დანიშნული აქვთ 2007 წლის 1 იანვრამდე.
2. საოჯახო დახმარების გაცემას უზრუნველყოფს სააგენტო.
მუხლი 82. საოჯახო დახმარების ოდენობა
„საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საოჯახო დახმარება ყოველთვიურად მიეცემათ უმწეო მდგომარეობაში მყოფ ოჯახთა (მათ შორის, დევნილთა ოჯახების) კატეგორიებს შემდეგი ოდენობით:
ა) მარტოხელა, არამომუშავე პენსიონერთა ერთსულიანი ოჯახები – 22 ლარი, ხოლო არამომუშავე პენსიონერთა ორ- და მეტსულიანი ოჯახები – 35 ლარი;
ბ) დედ-მამით ობოლი ბავშვები, მეურვის შრომისუნარიანობის მიუხედავად, ერთ პირზე – 22 ლარი;
გ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე არამომუშავე, პირველი ჯგუფის უსინათლოები, ერთ პირზე – 22 ლარი;
დ) 18 წლამდე ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები, ერთ პირზე – 22 ლარი;
ე) მრავალშვილიანი ოჯახები, რომელთაც ჰყავს 7 ან მეტი 18 წლამდე ასაკის ბავშვები – 35 ლარი.
მუხლი 83. საოჯახო დახმარების გაცემა
1. საოჯახო დახმარება გაიცემა საბანკო დაწესებულების მეშვეობით.
2. საოჯახო დახმარების გაცემა წარმოებს ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სააგენტოსა და მომსახურე კომერციულ ბანკთან გაფორმებული ხელშეკრულების პირობით.
3. საოჯახო დახმარება მიეცემა დახმარების მიმღებს ან მის კანონიერ წარმომადგენელს.
4. საოჯახო დახმარების გაცემა დახმარების მიმღების თხოვნის გათვალისწინებით შეიძლება განხორციელდეს ბინაზე მიტანით.“.
8. წესს დაემატოს შემდეგი შინაარსის III1 თავი (101-102 მუხლები):
„თავი III1
საოჯახო დახმარების მიმღებთა და ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოს უფლება-მოვალეობანი
მუხლი 101. საოჯახო დახმარების ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოს ფუნქციები და უფლება-მოვალეობანი
1. საოჯახო დახმარების ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანო უზრუნველყოფს:
ა) დანიშნული დახმარების გადაანგარიშებას, შეჩერებას, შეწყვეტას, აღდგენას ან/და გაცემის ორგანიზებას;
ბ) საოჯახო დახმარების მიმღებ პირთა აღრიცხვას;
გ) სტატისტიკის წარმოებას.
2. საოჯახო დახმარების ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანო უფლებამოსილია:
ა) შეამოწმოს საოჯახო დახმარების მიმღები ოჯახი, დახმარების მიღების საუძვლ(ებ)ის არსებობის დასადგენად;
ბ) არსებული/გამოვლენილი ფაქტების გათვალისწინებით მიიღოს გადაწყვეტილება დახმარების შეჩერების, შეწყვეტის, აღდგენის ან/და დახმარების ოდენობის გადაანგარიშების შესახებ;
გ) ოჯახის მიერ საოჯახო დახმარების ადმინისტრირებასთან დაკავშირებით წარმოშობილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის შემთხვევაში შეუჩეროს ან შეუწყვიტოს დახმარება;
დ) შესაბამისი დაწესებულებებისა და ორგანიზაციებიდან გამოითხოვოს ინფორმაცია, რომელიც საჭიროა საოჯახო დახმარების გადაანგარიშების, შეჩერების, განახლების ან/და შეწყვეტის საკითხის გადასაწყვეტად.
3. საოჯახო დახმარების ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანო უზრუნველყოფს ამ წესითა და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციათა და უფლება-მოვალეობათა შესრულებას.
მუხლი 102. საოჯახო დახმარების მიმღები ოჯახის უფლება-მოვალეობანი
1. საოჯახო დახმარების მიმღებ ოჯახს უფლება აქვს:
ა) მიიღოს საოჯახო დახმარება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი პირობებითა და ოდენობით;
ბ) მოითხოვოს საოჯახო დახმარების ადგილზე მიტანა, თუ ოჯახის ყველა სრულწლოვან, ქმედუნარიან წევრს შეზღუდული აქვს გადაადგილების უნარი;
გ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საოჯახო დახმარებასთან ერთად მიიღოს სახელმწიფო პენსია, სახელმწიფო კომპენსაცია/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდია და სხვა სოციალური დახმარება, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. საოჯახო დახმარების მიმღები ოჯახი ვალდებულია:
ა) დაუყოვნებლივ აცნობოს საოჯახო დახმარების ადმინისტრირების პასუხისმგებელ ორგანოს დახმარების მიღების საფუძვლებში მომხდარი ცვლილებების შესახებ;
ბ) შეასრულოს დახმარების ადმინისტრირების პასუხისმგებელი ორგანოს მიერ განსაზღვრული და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოვალეობანი.“.
9. მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 12. სოციალური დახმარების მიღების შეზღუდვა
1. საარსებო შემწეობის მიღება გამორიცხავს საოჯახო დახმარების მიღებას.
2. ოჯახს, რომელსაც 2007 წლის 1 იანვრამდე დანიშნული აქვს საოჯახო დახმარება, უფლება აქვს აირჩიოს რომელიმე ზემოაღნიშნული სოციალური დახმარებიდან ერთ-ერთი, გახდეს საარსებო შემწეობის მიმღები ან დაიტოვოს საოჯახო დახმარება.
3. იმ შემთხვევაში, თუ ოჯახი აირჩევს საარსებო შემწეობის მიღებას, რის საფუძველზეც შეუწყდა საოჯახო დახმარების მიღება, 2007 წლის 1 იანვრიდან საოჯახო დახმარების ხელახალი დანიშვნა არ განხორციელდება.“.
მუხლი 2
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ (ლ. ჭიპაშვილი) ერთ თვეში უზრუნველყოს უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახებისათვის დანიშნული საოჯახო დახმარების გაცემისა და ადმინისტრირების წესის დამტკიცება.
მუხლი 3
ქ. თბილისის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა 2007 წლის 1 იანვრიდან 1 აპრილამდე ყოველთვიურად უზრუნველყონ ქ. თბილისში მცხოვრები უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახებისათვის საოჯახო დახმარების ადმინისტრირება (შეწყვეტა, გადაანგარიშება, შეჩერება, აღდგენა) და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური დახმარებისა და დასაქმების სახელმწიფო სააგენტოსათვის საოჯახო დახმარების გასაცემად საჭირო ინფორმაციის მიწოდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად.
მუხლი 4
ქ. თბილისის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა 2007 წლის 1 აპრილამდე უზრუნველყონ იმ პირთა პირადი საქმეების საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური დახმარებისა და დასაქმების სახელმწიფო სააგენტოსათვის გადაცემა (გადაბარება), რომლებიც იღებენ საოჯახო დახმარებას და რომელთაც შეჩერებული აქვთ საოჯახო დახმარების მიღება.
მუხლი 5
საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სოციალური დახმარებისა და დასაქმების სახელმწიფო სააგენტომ უზრუნველყოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიდან საოჯახო დახმარების მიმღებ პირთა დოკუმენტაციის მიღება, შესწავლა და დახმარების გაცემა კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ოდენობით.
მუხლი 6
დადგენილება ამოქმედდეს 2007 წლის 1 იანვრიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
დოკუმენტის კომენტარები