ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორში საქმიანობის კონტროლისა და ლიცენზირების წესების დამტკიცების შესახებ

  • Word
ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორში საქმიანობის კონტროლისა და ლიცენზირების წესების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 23
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია
მიღების თარიღი 18/09/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 142, 26/09/2008
სარეგისტრაციო კოდი 300.310.000.16.009.012.214
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
23
18/09/2008
სსმ, 142, 26/09/2008
300.310.000.16.009.012.214
ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორში საქმიანობის კონტროლისა და ლიცენზირების წესების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

პირველადი სახე (26/09/2008 - 27/12/2012)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.310.000.16.009.012.214

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი

ეროვნული კომისიის

დადგენილება №23

2008 წლის 18 სექტემბერი

ქ. ქუთაისი

ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორში საქმიანობის კონტროლისა და ლიცენზირების წესების დამტკიცების შესახებ

„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტისა და მე-5 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, კომისიამ დაადგინა:

1. დამტკიცდეს „ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორში საქმიანობის კონტროლის წესები“ (დანართი №1).

2. დამტკიცდეს „ლიცენზირების წესები“ (დანართი №2).

3. დამტკიცდეს „საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ, ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორში გასაცემი სალიცენზიო მოწმობის ფორმა და მისი აღწერილობა“ (დანართი №3).

4. დამტკიცდეს „გამოსაყენებლად უვარგისი მკაცრი აღრიცხვის ფორმის ჩამოწერის შესახებ“ (დანართი №4).

5. ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ლიცენზირების წესები ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორში“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) 1999 წლის 23 აგვისტოს №3 დადგენილება (სსმ III, 31.08.1999წ., №41 (48), მუხლი 737).

6. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

თავმჯდომარე    გ. ჩალაგაშვილი

დანართი №1

ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორში საქმიანობის კონტროლის წესები

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. „ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორში საქმიანობის კონტროლის წესები“ (შემდგომში – წესები) ადგენს იმ აუცილებელ მოთხოვნებს, რომელთა შესრულებაც სავალდებულოა ყველა იმ პირისათვის (შემდგომში – მეწარმე), მიუხედავად მისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა, რომელიც ახორციელებს ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორში „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ისეთ საქმიანობას, რომელიც შესაბამისი კანონის საფუძველზე არ წარმოადგენს ლიცენზირებად საქმიანობას, და განსაზღვრავს აღნიშნულ საქმიანობაზე კონტროლის განხორციელების პირობებსა და პროცედურებს.

2. მეწარმე ვალდებულია უზრუნველყოს ამ წესებითა და მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული პირობების სათანადოდ შესრულება.

3. ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორში „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საქმიანობის კონტროლს ახორციელებს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (შემდგომში – კომისია), თავისი უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს მეწარმის საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობისა და მასზე დაკისრებული მოვალეობების შესრულების შემოწმებას, ასევე მეწარმის საქმიანობის კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენას, მის საქმიანობაში სამართალდარღვევების გამოვლენასა და კანონმდებლობით დადგენილი ზომების გამოყენებას.

4. კომისია, ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორში საქმიანობის რეგულირების მიზნებისა და ძირითადი პრინციპების შესრულების უზრუნველსაყოფად, საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების შესაბამისად გამოსცემს სამართლებრივ აქტებს; კომისიის მოთხოვნები, ასევე მის მიერ მიღებული (გამოცემული) სამართლებრივი აქტები სავალდებულოა შესასრულებლად ყველა იმ პირისათვის, რომელიც ახორციელებს ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორში „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ საქმიანობას.

5. ამ წესებში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ იგივე მნიშვნელობა, როგორც ეს განსაზღვრულია „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ და „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონებით.

    მუხლი 2. მოთხოვნები და პირობები

1. მეწარმე ვალდებულია დაიცვას „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნები, აღნიშნული კანონის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტები, ასევე ეს წესები და კომისიის სხვა მოთხოვნები. მათი დარღვევა გამოიწვევს კანონით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.

2. მეწარმე ვალდებულია ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორში საქმიანობა წარმართოს „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის, მის შესაბამისად გამოცემული სამართლებრივი აქტების, მათ შორის, კომისიის მიერ მიღებული დადგენილებების, გადაწყვეტილებებისა და სხვა სახის მოთხოვნების შესაბამისად. მეწარმე ასევე ვალდებულია:

ა) მის მლობელობაში არსებული წარმოების საშუალებები იქონიოს სათანადო მდგომარეობაში და დაიცვას მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი ტექნიკური ნორმები და პირობები;

ბ) აღრიცხოს თავის საშუალებებში გატარებული ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის ან სასმელი წყლის რაოდენობა;

გ) დროულად გადაიხადოს კომისიის მიერ დადგენილი რეგულირების საფასური;

დ) უზრუნველყოს კომისიის მოთხოვნების სათანადოდ შესრულება.

3. თუ პირი ეწევა სხვა სამეწარმეო საქმიანობას, იგი ვალდებულია ამ საქმიანობასთან დაკავშირებული ურთიერთობა, მათ შორის, შემოსავლების, ხარჯებისა და საფინანსო შედეგების აღრიცხვა აწარმოოს განცალკევებულად და კომისიას ინფორმაცია წარუდგინოს განცალკევებულად, თითოეული საქმიანობის მიხედვით – ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრული შესაბამისი საქმიანობის მიხედვით.

    მუხლი 3. ანგარიშგება

1. მეწარმე ვალდებულია ყოველწლიურად, 1 აპრილიდან 1 მაისამდე, კომისიის გადაწყვეტილებით დამტკიცებული ფორმით, კომისიას წარუდგინოს საქმიანობის-მომსახურების პირობების დაცვის შესახებ ანგარიშგება, რომელიც უნდა შეიცავდეს:

ა) გასული წლის საქმიანობის ანგარიშს, სადაც:

ა.ა) ფინანსური ანგარიში დამოწმებული უნდა იყოს აუდიტორის მიერ;

ა.ბ) ტექნიკური ანგარიში (მათ შორის, წარმოების საშუალებების ტექნიკური მდგომარეობის შესახებ) დამოწმებული უნდა იყოს სათანადო კომპეტენციისა და უფლებამოსილიების მქონე პირის მიერ (წარმოების საშუალების ფლობის შემთხვევაში);

ბ) მომავალი წლის სამუშაო გეგმას;

გ) მომსახურების ხარისხის, ასევე მომსახურების პირობების გაუმჯობესების კუთხით შესრულებული და მომავალი პერიოდისთვის დაგეგმილი ღონისძიებების თაობაზე ინფორმაციას;

დ) წარმოების საშუალების ფლობის შემთხვევაში:

დ.ა)   ავარიების და მათ აღმოსაფხვრელად გატარებული ღონისძიებების შესახებ ანგარიშს;

დ.ბ)  გარემოზე ზემოქმედებასთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შერჩევითი შემოწმების შესაბამისი აქტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

ე) მის მიერ გაფორმებულ ხელშეკრულებებს (კომისიის მიერ ასეთის მოთხოვნის შემთხვევაში);

ვ) სხვა ინფორმაციას, რომელსაც კომისია საჭიროდ მიიჩნევს.

2. მეწარმის მიერ კომისიისათვის წარსადგენი ანგარიშგება, ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ ინფორმაციასთან ერთად, შესაბამისი საქმიანობიდან გამომდინარე, დამატებით უნდა შეიცავდეს:

ა) მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურისთვის – საინვესტიციო პროგრამას და მისი შესრულების მდგომარეობის შესახებ ანგარიშს, ასევე ინფორმაციას წყლის რესურსების საპროექტო და ფაქტობრივი ხვედრითი ხარჯის (მ3 /კვტ.სთ) შესახებ;

ბ) ბუნებრივი გაზის მიმწოდებლებისთვის – ბუნებრივი გაზის ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულებებით (მათ შორის, მიმწოდებლის მიერ ბუნებრივი გაზის შესყიდვაზე და მის მიერ სხვა მიმწოდებელსა თუ მომხმარებელზე ბუნებრივი გაზის გაყიდვაზე გაფორმებული ხელშეკრულებები) გათვალისწინებული მოცულობების, ფასების, ვადების, ბუნებრივი გაზის კალორიულობისა და ამ ხელშეკრულებების შესრულების შესახებ ინფორმაციას;

გ) სასმელი წყლის მიმწოდებლისთვის – საინვესტიციო პროგრამას და ანგარიშს მისი შესრულების მდგომარეობის შესახებ; წყალმომარაგების სისტემაში სასმელი წყლის მიღების ობიექტებისა და წყაროების, სასმელი წყლის ხარისხის კონტროლის, წყალმომარაგების ობიექტების დაცვისა და სასმელი წლის დაბინძურებისაგან თავის არიდების ღონისძიებებისა თუ დაცვის საშუალებების შესახებ ინფორმაციას, ასევე წყალარინების სისტემის (ჩამდინარე წყლის გატარება და გამწმენდი ნაგებობების) მდგომარეობისა და ჩამდინარე წყლის გამწმენდი საშუალებების შესახებ ინფორმაციას; ასევე სასმელი წყლის მომარაგების აღრიცხვაში გამოყენებული მრიცხველების ინსპექტირების შესახებ.

    მუხლი 4. კონტროლი განსაზღვრული პირობების შესრულებაზე

1. მეწარმის მიერ „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის და მის საფუძველზე გამოცემული აქტების სათანადოდ შესრულებაზე კონტროლს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ახორციელებს კომისია.

2. ამ წესების მიზნებისათვის, „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის და მის საფუძველზე გამოცემული აქტების სათანადოდ შესრულებაზე კონტროლი ხორციელდება:

ა) საქმიანობის – მომსახურების პირობების დაცვის შესახებ ანგარიშგებით;

ბ) შერჩევითი შემოწმებით.

3. შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, მეწარმის საქმიანობის შემოწმების წინადადებით კომისიას შეიძლება მიმართოს სხვა სახელმწიფო ორგანომ.

4. მეწარმის მიერ მომსახურების პირობების დაცვის შესახებ ანგარიშგების კომისიისათვის დროულად წარდგენაზე კონტროლს ახორციელებს კომისიის აპარატის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული.

5. კომისია უფლებამოსილია მოითხოვოს მომსახურების პირობების დაცვის შესახებ ანგარიშგების წარდგენა ან გასწორება (შევსება), ასევე დამატებითი ინფორმაციის მიწოდება. თუ მეწარმე სათანადოდ არ შეასრულებს კომისიის მოთხოვნას ან/და კომისიას არ წარუდგენს მოთხოვნილ ინფორმაციას დადგენილ ვადაში, კომისია უფლებამოსილია მიიღოს კანონით გათვალისწინებული ზომები.

6. კომისიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული ვალდებულია ყოველი წლის 1 ივლისამდე კომისიას წარუდგინოს იმ მეწარმეთა ნუსხა, რომელთაც მომსახურების პირობების დაცვის შესახებ სრულყოფილი ანგარიშგება კომისიაში წარადგინეს დროულად ან არ წარადგინეს ან/და წარადგინეს იგი არასრულყოფილად (ინფორმაციის წარმოუდგენლობის მიზეზის მითითებით).

7. მეწარმის შემოწმება შეიძლება განხორციელდეს კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე და მის შესაბამისად. კომისია უფლებამოსილია, მომსახურების პირობების შემოწმება ხელშეკრულების საფუძველზე, განახორციელოს კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული შესაბამისი უფლებამოსილი პირის (ან პირთა ჯგუფის) მიერ, მათ შორის, აუდიტორული საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილების მქონე პირის მიერ.

8. შერჩევითი შემოწმების შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით უნდა განისაზღვროს:

ა) შემოწმების მიზანი, თარიღი და შემოწმების პერიოდი;

ბ) შემმოწმებელი ან შემმოწმებელთა ჯგუფი (ჯგუფის ხელმძღვანელის მითითებით), რომელმაც უნდა განახორციელოს შემოწმება;

გ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შემდგენი უფლებამოსილი პირი (ან პირთა ჯგუფი);

დ) სხვა პირობები, რომელსაც კომისია საჭიროდ მიიჩნევს.

9. მეწარმეს შემოწმებისას უნდა წარედგინოს შემოწმების შესახებ კომისიის გადაწყვეტილება და თანდართული მეწარმის უფლებებისა და მოვალეობების წერილობითი ჩამონათვალი.

10. შემმოწმებელი ან შემმოწმებელთა ჯგუფი ვალდებულია:

ა) შემოწმება განახორციელოს შემოწმების შესახებ კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად;

ბ) შემოწმების დასრულების შემდეგ კომისიას წარუდგინოს შემოწმების აქტი (ცნობა);

გ) შემოწმებაში ხელის შეშლის, ინფორმაციის მიუწოდებლობის ან/და სხვა სახის დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ შეადგინოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი;

დ) კომისიას მიაწოდოს წერილობითი ინფორმაცია განსაზღვრულ ვადაში დარღვევის გამოსწორების ან გამოუსწორებლობის შესახებ;

ე) დაიცვას და უზრუნველყოს ადმინისტრაციული წარმოება, ასევე განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ქმედებები, ვიდრე არ იქნება მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც იწვევს ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტას მოცემულ საკითხზე.

11. კომისიის მიერ შემოწმების აქტში (ცნობაში) მოცემული ინფორმაციის შესწავლისა და გამოვლენილი გარემოებების კომისიის მიერ დადასტურების შემთხვევაში აღნიშნული ინფორმაცია შეიტანება რეესტრში მომსახურების პირობების შემოწმების შესახებ.

12. დაუშვებელია მეწარმის საქმიანობის განმეორებით შემოწმება იმავე საკითხთან დაკავშირებით.

    მუხლი 5. პასუხისმგებლობა პირობების დარღვევისათვის

მეწარმის მიერ ამ წესებით განსაზღვრული პირობების დარღვევა იწვევს კანონმდებლობით დადგენილ პასუხისმგებლობას ჯარიმის სახით, რომლის ოდენობაც განსაზღვრულია შესაბამისი საკანონმდებლო აქტებით. დამრღვევს კომისიის მიერ უნდა განესაზღვროს გონივრული ვადა დარღვევის აღმოსაფხვრელად.

 

დანართი №2

ლიცენზირების წესები

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორში ლიცენზირების წესები“ (შემდგომში –„ლიცენზირების წესები“) ადგენს იმ აუცილებელ მოთხოვნებს, რომელთა შესრულებაც სავალდებულოა ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორში ლიცენზიის მაძიებელი და ლიცენზიის მფლობელი მეწარმე სუბიექტისათვის, მიუხედავად მისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა.

2. ლიცენზირების წესები განსაზღვრავს ლიცენზიის გაცემის, მასში ცვლილების შეტანის ან გაუქმების, ასევე მისი შესრულების უზრუნველყოფის წესებს, პირობებსა და პროცედურებს.

3. ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორში ლიცენზიების გაცემას, მასში ცვლილების შეტანასა და გაუქმებას, ასევე სალიცენზიო პირობების განსაზღვრასა და მათი შესრულების კონტროლს ახორციელებს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (შემდგომში – კომისია).

4. ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორში იკრძალება ლიცენზირებას დაქვემდებარე-ბული სამეწარმეო საქმიანობის განხორციელება კომისიის მიერ გაცემული შესაბამისი ლიცენზიის გარეშე. დაუშვებელია კომისიის მიერ გაცემული ლიცენზიის მემკვიდრეობით ან სხვა სახით გადაცემა.

5. კომისიის მიერ გაცემული ლიცენზიით რეგულირების მიზანი და ძირითადი პრინციპებია:

ა) ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და დაცვა;

ბ) ადამიანის საცხოვრებელი და კულტურული გარემოს უსაფრთხოების უზრუნველყოფა და დაცვა;

გ) სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესების დაცვა.

6. კომისია, ლიცენზიით გათვალისწინებული საქ-მიანობის რეგულირების მიზნებისა და ძირითადი პრინციპების შესრულების უზრუნველსაყოფად, „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონებისა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად გამოსცემს სამართლებრივ აქტებს; კომისიის მოთხოვნები, ასევე მის მიერ მიღებული (გამოცემული) სამართლებრივი აქტები ლიცენზიატისთვის სავალდებულოა შესასრულებლად – მათი შეუსრულებლობა განიხილება როგორც სალიცენზიო პირობების დარღვევა.

7. ამ წესებში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ იგივე მნიშვნელობა, როგორც ეს განსაზღვრულია „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონებით.

8. წინასწარი ლიცენზიის გაცემა წარმოებს „ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონისა და მის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული წესითა და პირობებით.

    მუხლი 2. ლიცენზიის სახეები

1. ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორში კომისიის მიერ გაიცემა შემდეგი სახის საქმიანობის ლიცენზიები (შემდგომში – ლიცენზია):

ა) ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზია;

ბ) ელექტროენერგიის გადაცემის ლიცენზია;

გ) ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზია;

დ) ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზია;

ე) ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ლიცენზია;

ვ) ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზია.

2. ლიცენზია გაიცემა განუსაზღვრელი ვადით (უვადოდ).

3. ამ მუხლით გათვალისწინებული საქმიანობა არ საჭიროებს ლიცენზირებას „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ შემდეგ შემთხვევებში:

ა) აღნიშნული კანონის მე-2 მუხლის „ჯ“ და „ჯ1 “ ქვეპუნქტების საფუძველზე გამოცემულია შესაბამისი სამართლებრივი აქტი;

ბ) აღნიშნული კანონის 24-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში.

    მუხლი 3. სალიცენზიო მოწმობა, მისი გამოყენება და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი

1. კომისიის მიერ გაცემული სალიცენზიო მოწმობა წარმოადგენს სპეციალური ხარისხის სახელმწიფო ნიშნის ქაღალდს, რომელსაც გააჩნია მისი ყალბად დამზადებისაგან დაცვის უზრუნველყოფის სათანადო ნიშნები, მათ შორის, აღრიცხვის სერია და სარეგისტრაციო ნომერი.

2. სალიცენზიო მოწმობა ივსება ქართულ ენაზე.

3. სალიცენზიო მოწმობით განისაზღვრება:

ა) ლიცენზიის მფლობელის ვინაობა;

ბ) იმ საქმიანობის დასახელება, რაზედაც გაიცემა ლიცენზია, მომსახურების გაწევისათვის საჭირო საშუალებების ადგილმდებარეობა და საჭიროების შემთხვევაში – ტერიტორია;

გ) ლიცენზიის გაცემის თარიღი და მოქმედების ვადა, ლიცენზიაში ცვლილებების შეტანის და მისი გაუქმების პირობები.

4. სალიცენზიო მოწმობის განუყოფელი ნაწილია ლიცენზიის დანართი, რომელშიც მოცემულია სალიცენზიო პირობების ნუსხა და რომლის გარეშეც ლიცენზიას იურიდიული ძალა არა აქვს.

5. სალიცენზიო მოწმობის გამოყენებასა და აღრიცხვა-ანგარიშგებას ახორციელებს კომისია „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ წესების შესაბამისად.

6. სალიცენზიო მოწმობის შესყიდვას კომისია ახორციელებს დამოუკიდებლად.

7. სალიცენზიო მოწმობა ინახება მის მფლობელთან.

8. სალიცენზიო მოწმობის შევსება ხორციელდება კომისიის შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე, ხოლო გაიცემა ლიცენზიის მფლობელზე ან მის წარმომადგენელზე – რწმუნებულება რჩება კომისიაში.

9. ლიცენზიის მიმღები ხელმოწერით ადასტურებს სალიცენზიო მოწმობის მიღების ფაქტს.

10. სალიცენზიო მოწმობისა და ლიცენზიის დანართის ასლი ინახება კომისიაში.

    მუხლი 4. სალიცენზიო მოწმობის დაკარგვა ან დაზიანება

1. სალიცენზიო მოწმობის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელი (მისი წარმომადგენელი) კომისიას მიმართავს წერილობითი განცხადებით, სალიცენზიო მოწმობის დუბლიკატის გაცემის თაობაზე.

2. განცხადების მიღებიდან 2 დღის ვადაში კომისია გასცემს სალიცენზიო მოწმობის დუბლიკატს და შესაბამისი ინფორმაცია შეაქვს უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში.

3. სალიცენზიო მოწმობის დუბლიკატს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორც მის დედანს.

4. ლიცენზიის მფლობელი უფლებამოსილია, სალიცენზიო მოწმობის დაკარგვის ან დაზიანების შემ-თხვევაში, სალიცენზიო მოწმობის აღდგენამდე განახორციელოს სალიცენზიო საქმიანობა იმ ადმინის-ტრაციული აქტის საფუძველზე, რომლითაც აღნიშნული ლიცენზიის მფლობელზე გაცემულ იქნა შესაბამისი საქმიანობის ლიცენზია.

    მუხლი 5. ლიცენზიის მიღების საფუძველი

1. ლიცენზიის მისაღებად ლიცენზიის მაძიებელი უფლებამოსილია კომისიას წარუდგინოს წერილო-ბითი განცხადება კომისიის მიერ შემუშავებული ფორმის შესაბამისად. ამასთან, იგი ვალდებულია განაცხადში სრულად ასახოს კომისიის მიერ შემუშავებული განაცხადის ფორმაში მოცემული საკითხები. განცხადების წარდგენა ლიცენზიის მიღების თაობაზე ხორციელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით დადგენილი წესით.

2. განცხადება უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. იგი ასევე უნდა შეიცავდეს მითითებებს, თუ რომელი სახის საქმიანობის ლიცენზიის მიღებას მოითხოვს ლიცენზიის მაძიებელი და თანდართული საბუთების ნუსხას.

3. განცხადებას თან უნდა ერთვოდეს:

ა) იურიდიული პირისთვის ან ინდივიდუალური მეწარმისათვის სახელმწიფო რეესტრიდან ამონაწერი;

ბ) საწარმოს ძირითად საშუალებათა (აქტივების) ჩამონათვალი და შეფასების (აუდიტის) დასკვნა;

გ) წარმოების საშუალებების ფლობის ან/და სარგებლობის დამადასტურებელი საბუთი, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, საკადასტრო რუკა (ლიცენზიის მაძიებლის სამოქმედო არეალის განსაზღვრის მიზნით);

დ) შესაბამისად , ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის ან/და არქიტექტურულ-სამშენებლო ინსპექციის დასკვნა, რომელიც ადასტურებს ამ წარმოების საშუალებების ტექნიკური მდგომარეობის მოქმედ სახელმწიფო სტანდარტებთან და ნორმებ-თან შესაბამისობას;

ე) ქსელში ჩართვის ტექნიკური პირობა:

ე.ა) საქართველოს ელექტროენერგიის გადაცემის ქსელში ჩართვისათვის, გადაცემის ლიცენზიის მფლობელის მიერ გაცემული ტექნიკური პირობა (გარდა ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიისა); ხოლო ელექტროენერგიის წარმოების საშუალებების გამანაწილებელ ქსელთან მიერთების შემთხვევაში, ასევე შესაბამისი გამანაწილებელი კომპანიის მიერ გაცემული ქსელში ჩართვის ტექნიკური პირობა;

ე.ბ) ბუნებრივი გაზის ქსელში ჩართვისათვის ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ან განაწილების ლიცენზიის მფლობელის მიერ გაცემული ქსელში ჩართვის ტექნიკური პირობა;

ვ) ელექტრული ან ბუნებრივი გაზის ქსელის სქემა (გარდა ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიისა).

4. თუ მოქმედი კანონმდებლობა ამ მუხლის მე-3 პუნქტის დ“ ქვეპუნქით განსაზღვრული შინაარსის დასკვნის გაცემას არ ითვალისწინებს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის ან არქიტექტურულ-სამშენებლო ინსპექციის მიერ, მაშინ ლიცენზიის მაძიებელმა განაცხადს თან უნდა დაურთოს სათანადო კომპეტენციისა და უფლებამოსილიების მქონე სხვა პირის დასკვნა წარმოების საშუალებების ტექნიკური მდგომარეობის სტანდარტებთან შესაბამი-სობის შესახებ.

5. სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მეშვეობით სალიცენზიო პირობების დამაკმაყოფილებელი ფაქტობრივი გარემოებების დადგენის შემთხვევაში გამოიყენება ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლით დადგენილი წესები.

    მუხლი 6. ლიცენზიის გაცემის წესი

1. კომისიის მიერ ლიცენზიის გაცემასთან, ცვლილების შეტანასთან ან/და გაუქმებასთან დაკავშირებით საქმისწარმოება მიმდინარეობს ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონისა და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრული მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით, ხოლო გადაწყვეტილება მიიღება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავით განსაზღვრული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით.

2. საჯაროდ გამოცხადება-გამოქვეყნების მიზნით, ცნობა ან/და სხვა სახის საჯარო ინფორმაცია უნდა განთავსდეს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე ან/და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე.

3. ლიცენზიის გაცემის, მასში ცვლილებების შეტანის, მის გაცემაზე უარის თქმის ან მისი გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება წარმოადგენს ადმინისტრაციულ აქტს და იგი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IV თავით ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტისთვის დადგენილ მოთხოვნებს.

4. კომისია 3 დღის ვადაში ამოწმებს ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარდგენილი განცხადებისა და თანდართული საბუთების შესაბამისობას ამ წესების მე-5 მუხლის მოთხოვნებთან.

5. განცხადების წარმოებაში მიღებისთანავე კომისია აქვეყნებს ცნობას საჯარო გაცნობისთვის დოკუმენტების წარდგენის შესახებ.

6. საჯარო გაცნობისთვის განცხადების წარდგენიდან 20 დღის განმავლობაში ნებისმიერი პირი უფლებამოსილია წერილობით წარადგინოს თავისი მოსაზრებები.

7. კომისია წერილობითი მოსაზრების წარდგენის ვადის გასვლიდან არა უგვიანეს 7 კალენდარული დღისა მართავს ზეპირ მოსმენას.

8. კომისია იღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაცემის ან ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ. ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შემთხვევაში კომისია ვალდებულია დაუყოვნებლივ წერილობით აცნობოს დასაბუთებული უარი ლიცენზიის მაძიებელს.

9. ლიცენზიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ლიცენზიის მაძიებელი უფლებამოსილია სალიცენზიო მოწმობის მიღებამდე, აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე, განახორციელოს ლიცენზიით გათვალისწინებული საქმიანობა.

10. კომისია ვალდებულია ლიცენზიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილება მიიღოს განცხადების წარდგენიდან 30 დღის ვადაში. თუ აღნიშნულ ვადაში არ იქნება მიღებული გადაწყვეტილება ლიცენზიის გაცემის ან ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ, ლიცენზია ჩაითვლება გაცემულად.

11. კომისიის მიერ კანონით განსაზღვრულ ვადაში ლიცენზიის გაცემის ან ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიუღებლობის შემთხვევაში ლიცენზიის მაძიებელი უფლებამოსილია განახორციელოს ლიცენზიით გათვალისწინებული საქმიანობა, მხოლოდ სალიცენზიო მოწმობის მიღების შემდეგ.

12. ლიცენზიის მაძიებელი უფლებამოსილია, ლიცენზიის გაცემისთვის დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, მოითხოვოს სალიცენზიო მოწმობა. კომისია ვალდებულია დაუყოვნებლივ გასცეს სალიცენზიო მოწმობა.

    მუხლი 7. სალიცენზიო მოთხოვნები და პირობები

1. ლიცენზიატი ვალდებულია, სალიცენზიო პირობებიდან გამომდინარე და ამ პირობების შესრულების მიზნით, საქმიანობა წარმართოს ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის, მის შესაბამისად გამოცემული სამართლებრივი აქტების, მათ შორის, კომისიის მიერ მიღებული დადგენილებებისა და გადაწყვეტილებების შესაბამისად. სალიცენზიო პირობებიდან გამომდინარე, ლიცენზიატი ასევე ვალდებულია:

ა) წარმოების საშუალებები იქონიოს სათანადო მდგომარეობაში და დაიცვას მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი ტექნიკური ნორმები და პირობები; ასევე დაიცვას (არ გააუარესოს) მასზე გაცემული ლიცენზიის მისაღებად საჭირო სხვა პირობები და მოთხოვნები;

ბ) აღრიცხოს თავის საშუალებებში გატარებული ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის რაოდენობა შესაბამისი აღრიცხვის საშუალებების გამოყენებით;

გ) დროულად გადაიხადოს კომისიის მიერ დადგენილი რეგულირების საფასური;

დ) უზრუნველყოს კომისიის მოთხოვნების სათანადოდ შესრულება.

2. ლიცენზიატი ვალდებულია დაიცვას ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის VI თავით გათვალისწინებული მოთხოვნები და პირობები, ასევე აღნიშნული კანონის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტები, მათ შორის, ლიცენზირების წესები და სალიცენზიო პირობები. მათი დარღვევა გამოიწვევს ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით, ამ წესების მე-9 მუხლით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.

3. ლიცენზიატი ვალდებულია მომსახურება განახორციელოს მინიმალური ღირებულების პრინციპიდან გამომდინარე და დაიცვას შემდეგი ლიცენზიის პირობები შესაბამისი ლიცენზირებადი საქმიანობიდან გამომდინარე:

ა) ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატისთვის – უზრუნველყოს მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურების გამანაწილებელ ქსელში დაშვება, შესაბამისად, უზრუნველყოს გატარების ხელშეკრულებების გაფორმება მოთხოვნისთანავე და მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურსა და საცალო მოხმარებელს შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესრულება კანონმდებლობით განსაზღვრული პირობების შესაბამისად;

ბ) ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიატისთვის – უზრუნველყოს ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი ქსელის მეშვეობით ბუნებრივი გაზის მიწოდების საქმიანობაზე კონკურენტული გარემოს შექმნა, შესაბამისად, ბუნებრივი გაზის მიმწოდებლების დაშვება მის მფლობელობაში არსებულ გამანაწილებელ ქსელში და მიმწოდებელსა და საცალო მომხმარებელს შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესრულება მოქმედი კანონმდებლობის პირობების შესაბამისად. ხოლო, ბუნებრივი გაზის განაწილების ის ლიცენზიატი რომელიც ასევე ეწევა ბუნებრივი გაზის მიწოდების საქმიანობას და ახორციელებს მის მფლობელობაში არსებულ გამანაწილებელ ქსელზე მიერთებული მომხმარებლებისათვის ბუნებრივი გაზის რეალიზაციას, სრულად არის პასუხისმგებელი აღნიშნული მომხმარებლების ბუნებრივი გაზით უწყვეტ მომარაგებაზე, რაც გულისხმობს მის ვალდებულებას მიიღოს ყველა შესაძლო, გონივრული ზომა მომხმარებლების საუკეთესო პირობებით ბუნებრივი გაზით მომარაგებისათვის.

4. თუ პირი ფლობს ერთზე მეტ ლიცენზიას ან სალიცენზიო საქმიანობასთან ერთად ეწევა სხვა სამეწარმეო საქმიანობას, იგი ვალდებულია ამ საქმიანობასთან დაკავშირებული შემოსავლების, ხარჯებისა და საფინანსო შედეგების აღრიცხვა აწარმოოს განცალკევებულად და ინფორმაცია კომისიას წარუდგინოს განცალკევებულად თითოეული სალიცენზიო საქმიანობის მიხედვით.

5. ლიცენზიატი ვალდებულია ყოველწლიურად, 1 აპრილიდან 1 მაისამდე, კომისიის გადაწყვეტილებით დამტკიცებული ფორმით, კომისიას წარუდგინოს სალიცენზიო პირობების დაცვის შესახებ ანგარიშგება, რომელიც უნდა შეიცავდეს:

 ა) გასული წლის საქმიანობის ანგარიშს, სადაც:

ა.ა) ფინანსური ანგარიში დამოწმებული უნდა იყოს აუდიტორის მიერ;

ა.ბ) ტექნიკური ანგარიში (მათ შორის წარმოების საშუალებების ტექნიკური მდგომარეობის შესახებ) დამოწმებული უნდა იყოს სათანადო კომპეტენციისა და უფლებამოსილების მქონე პირის მიერ.

ბ) მომავალი წლის სამუშაო გეგმას;

გ) საინვესტიციო პროგრამას და მისი შესრულების მდგომარეობის შესახებ ანგარიშს;

დ) მომსახურების ხარისხის, ასევე მომსახურების პირობების გაუმჯობესების კუთხით შესრულებული და მომავალი პერიოდისთვის დაგეგმილი ღონისძიებების თაობაზე ინფორმაციას;

ე) ავარიების და მათ აღმოსაფხრველად გატარებული ღონისძიებების შესახებ ანგარიშს;

ვ) გარემოზე ზემოქმედებასთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შერჩევითი შემოწმების შესაბამისი აქტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ზ) მათ მიერ გაფორმებულ ხელშეკრულებებს (კომისიის მიერ ასეთის მოთხოვნის შემთხვევაში);

თ) სხვა ინფორმაციას, რომელსაც კომისია საჭიროდ მიიჩნევს.

6.  ლიცენზიატის მიერ კომისიისათვის წარსადგენი ანგარიშგება, ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვ-რულ ინფორმაციასთან ერთად, შესაბამისი სალიცენზიო საქმიანობიდან გამომდინარე, დამატებით უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

ა) წარმოების ლიცენზიატისთვის – წყლის რესურსების საპროექტო და ფაქტობრივი ხვედრითი ხარჯის (მ3 /კვტ.სთ) შესახებ; თბოელექტროსადგურებისთვის ლიცენზიატმა უნდა წარმოადგინოს პირობითი სათბობის საპროექტო ხვედრითი ხარჯი ელექტროენერგიის წარმოებაზე (გ.პ.ს./კვტ.სთ), პირობითი სათბობის ფაქტობრივი ხვედრითი ხარჯი ელექტროენერგიის წარმოებაზე (გ.პ.ს./კვტ.სთ) და ხელშეკრულებები სათბობის ნასყიდობაზე (შეასაბამისი სათბობის თბოუნარიანობის მითითებით (კკალ/მ3 ; კჯ/კგ);

ბ) გადაცემის ლიცენზიატისთვის – ელექტროენერგიის საბითუმო აღრიცხვაში გამოყენებული მრიცხველების ინსპექტირების შესახებ;

გ) დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატისთვის – მის მიერ დარეგისტრირებულ პირდაპირ ხელშეკრულებებში, ასევე იმპორტის, ექსპორტის და სიმძლავრის სასისტემო რეზერვის უზრუნველყოფის შესახებ ხელშეკრულებებში გათვალისწინებული მოცულობების, ფასების, ვადებისა და ამ ხელშეკრულებების შესრულების შესახებ; მზადყოფნაში არსებული და გამო-ყენებული (დატვირთული) სიმძლავრის სასისტემო რეზერვის მოცულობების შესახებ (შესაბამისი წყა-როების მითითებით); ნორმალურ და ავარიულ პირობებში ელექტრომომარაგების რეჟიმების დაცვის შესახებ;

დ) ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატისთვის – ენერგოეფექტიანობის გაზრდასთან დაკავშირებით განხორციელებული ღონისძიებების, გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლების მიერთებით შექმნილი აქტივების და მათი საბალანსო ღირებუ-ლებების შესახებ;

ე) ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიატისთვის – ბუნებრივი გაზის მომხმარებლების გაზის მოწყობილობების საექსპლუატაციო, საპასპორტო მონაცემებთან და უსაფრთხოების ნორმებთან შესაბამისობის შემოწმების შესახებ; მის ხელთ არსებული ბუნებრივი გაზის განაწილებისთვის გაფორმებული ხელშეკრულებებით, ასევე ბუნებრივი გაზის ნასყიდო-ბაზე გაფორმებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული მოცულობების, ფასების, ვადების, ბუნებ-რივი გაზის კალორიულობისა და ამ ხელშეკრულებების შესრულების შესახებ;

ვ) ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ლიცენზიატისთვის – ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირებისთვის გაფორმებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული მოცულობების, ფასების, ვადების, ბუნებრივი გაზის კალორიულობისა და ამ ხელშეკრულებების შესრულების შესახებ.

7. მეწარმე სუბიექტი, რომელზეც ლიცენზია გაიცა საანგარიშგებო პერიოდის დაწყებამდე ექვსი თვის განმავლობაში, უფლებამოსილია არ წარადგინოს ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებში აღნიშნული ინფორმაცია მომდევნო საანგარიშგებო პერიოდამდე.

8. ლიცენზიატს არა აქვს უფლება, კომისიის წინასწარი თანხმობის გარეშე შეწყვიტოს, შეამციროს ან გაზარდოს ლიცენზიით გათვალისწინებული მომსახურება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც შეწყვეტა ან შემცირება ხდება მომხმარებლის მიერ მომსახურების საფასურის გადაუხდელობის გამო ან/და ტექნიკური ან უსაფრთხოების მიზეზით. აღნიშნული გამონაკლისების გარდა, მომსახურების შეწყვეტის ან შემცირების შემთხვევაში, ლიცენზიატი ვალდებულია, კომისიას წარუდგინოს განაცხადი მომსახურების შეწყვეტის ან შემცირების თაობაზე. კომისიისაგან მომსახურების შეწყვეტაზე ან შემცირებაზე თანხმობის მიღების შემდეგ, ლიცენზიატი აბარებს სალიცენზიო მოწმობას. ასეთ შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილია ცვლილება შეიტანოს ლიცენზიაში ან გააუქმოს იგი.

9. სალიცენზიო და სატარიფო პირობების თანახმად, არც ერთ ლიცენზიატს არ შეიძლება დაეკისროს ვალდებულება, გააგრძელოს ლიცენზიით გათვალისწინებული მომსახურების გაწევა, თუ მომსახურების მიმღები სხვა ლიცენზიატი, პირდაპირი მომხმარებელი ან სხვა იურიდიული თუ ფიზიკური პირი არ ასრულებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს.

10. ლიცენზირების წესები, ასევე ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის VI თავით გათვალისწინებული მოთხოვნები, წარმოადგენს ლიცენზიის დანართის შემადგენელ ნაწილს, მათში მოცემული ძირითადი პირობები უნდა აისახოს ლიცენზიის დანართში. სალიცენზიო საქმიანობიდან გამომდინარე ლიცენზიის დანართში მოცემული ზოგიერთი მოთხოვნა შეიძლება განსხვავდებოდეს.

    მუხლი 8. კონტროლი სალიცენზიო პირობების შესრულებაზე

1. ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების შესრულებაზე კონტროლს, კანონმდებლო-ბით დადგენილი წესით, ახორციელებს კომისია.

2. სალიცენზიო პირობების შესრულებაზე კონტროლი ხორციელდება:

ა) სალიცენზიო პირობების დაცვის შესახებ ანგარიშგებით;

ბ) სალიცენზიო პირობების შესრულების შერჩევითი შემოწმებით.

3. ლიცენზიატების მიერ სალიცენზიო პირობების დაცვის შესახებ ანგარიშგების კომისიისათვის დროუ-ლად წარდგენაზე კონტროლს ახორციელებს კომისიის აპარატის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული.

4. კომისია უფლებამოსილია, ლიცენზიის მფლობელს მოსთხოვოს სალიცენზიო პირობების დაცვის შესახებ ანგარიშგების წარმოდგენა ან გასწორება (შევსება), ასევე დამატებითი ინფორმაციის მიწოდება. თუ ლიცენზიატი არ შეასრულებს კომისიის მოთხოვნას ან/და კომისიას არ წარუდგენს მოთხოვნილ ინფორმაციას დადგენილ ვადაში, კომისია უფლებამო-სილია მიიღოს კანონით გათვალისწინებული ზომები.

5. კომისიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული ვალდებულია ყოველი წლის 1 ივლისამდე კომისიას წარუდგინოს იმ ლიცენზიატთა ნუსხა, რომელთაც სალიცენზიო პირობების დაცვის შესახებ სრულყოფილი ანგარიშგება კომისიაში წარადგინეს დროულად ან არ წარადგინეს ან/და წარადგინეს იგი არასრულყოფილად (ინფორმაციის წარმოუდგენლობის მიზეზის მითითებით).

6. ლიცენზიატის შერჩევითი შემოწმება შეიძლება განხორციელდეს კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე და მის შესაბამისად. კომისია უფლებამოსილია, ლიცენზიის პირობების შემოწმება ხელშეკრულების საფუძველზე განახორციელოს კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული შესაბამისი უფლებამოსილი პირის (ან პირთა ჯგუფის) მიერ, მათ შორის აუდიტორული საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილების მქონე პირის მიერ.

7. ლიცენზიატის შერჩევითი შემოწმების შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით უნდა განისაზღვროს:

ა) შემოწმების მიზანი, თარიღი და შემოწმების პერიოდი;

ბ) შემმოწმებელი ან შემმოწმებელთა ჯგუფი (ჯგუ-ფის ხელმძღვანელის მითითებით), რომელმაც უნდა განახორციელოს შემოწმება;

გ) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმის შემდგენი უფლებამოსილი პირი (ან პირთა ჯგუფი);

დ) სხვა პირობები, რომელსაც კომისია მიიჩნევს საჭიროდ.

8. ლიცენზიატს შემოწმებისას უნდა წარედგინოს შემოწმების შესახებ კომისიის გადაწყვეტილება.

9. შემმოწმებელი ან შემმოწმებელთა ჯგუფი ვალ-დებულია:

ა) შემოწმება განახორციელოს შემოწმების შესახებ კომისიის გადაწყვეტილებისა და ლიცენზირების წესე-ბის შესაბამისად;

ბ) შემოწმების დასრულების შემდეგ კომისიას წარუდგინოს შემოწმების აქტი (ცნობა);

გ) შემოწმებაში ხელის შეშლის, ინფორმაციის მიუწოდებლობის ან/და სხვა სახის დარღვევის გამოვ-ლენის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ შეადგინოს ადმი-ნისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმი;

დ) კომისიას მიაწოდოს წერილობითი ინფორმაცია განსაზღვრულ ვადაში ლიცენზიატის მიერ დარღვევის გამოსწორების ან გამოუსწორებლობის შესახებ;

ე) დაიცვას და უზრუნველყოს ადმინისტრაციული წარმოება, ასევე განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ქმედებები, ვიდრე არ იქნება მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც იწვევს ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტას მოცემულ საკითხზე.

10. კომისიის მიერ შემოწმების აქტში (ცნობაში) მოცემული ინფორმაციის შესწავლისა და გამოვლენილი გარემოებების კომისიის მიერ დადასტურების შემთხვევაში, აღნიშნული ინფორმაცია შეიტანება რეესტრში ლიცენზიატის შემოწმების შესახებ.

    მუხლი 9. პასუხისმგებლობა სალიცენზიო პირობების დარღვევისათვის

1. ლიცენზიატის მიერ ლიცენზიის პირობების დარღვევა იწვევს კანონმდებლობით დადგენილ პასუხისმგებლობას ჯარიმის სახით, რომლის ოდენობაც განსაზღვრულია შესაბამისი საკანონმდებლო აქტებით. ლიცენზიატს კომისიის მიერ უნდა განესაზღვროს გონივრული ვადა დარღვევის აღმოსაფხვრელად.

2. კომისიის მიერ განსაზღვრულ ვადაში ლიცენზიატის მიერ კომისიის მოთხოვნების შეუსრულებლობა გამოიწვევს დაკისრებული ჯარიმის გასამმაგებას და ლიცენზიატს კვლავ განესაზღვრება ვადა და პირობები მოთხოვნების შესასრულებლად.

3. გასამმაგებული ჯარიმის დაკისრებიდან დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, თუ ლიცენზიატის მიერ სალიცენზიო პირობები არ იქნება დაკმაყოფილებული, დაკისრებული ჯარიმა გასამმაგდება.

4. ამ მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების მიუხედავად, თუ ლიცენზიატის მიერ არ იქნა უზრუნველყოფილი სალიცენზიო პირობების შესრულება (შესაბამის ვადაში), კომისია იღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაუქმების შესახებ.

5. ლიცენზიის გაუქმების მიუხედავად, ლიცენზიატს კომისიამ შეიძლება მიანიჭოს ლიცენზიით გათვალისწინულბული საქმიანობის გაგრძელების უფლება. ეს წესი გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ ლიცენზიის გაუქმებამ უფრო მეტი ზიანი შეიძლება გამოიწვიოს ვიდრე ლიცენზიის მოქმედების გაგრძელებამ.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, საქმიანობის გაგრძელების უფლების მოპოვების შემთხვევაში, ლიცენზიატი ვალდებულია კომისიის მიერ დადგენილ გონივრულ ვადაში უზრუნველყოს დამატებითი სალიცენზიო პირობების შესრულება.

7. თუ კომისიის მიერ, ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებით გათვალიწინებული პირობებისა და პროცედურების გამოყენების მიუხედავად, ლიცენზიატის მიერ კვლავ არ იქნება უზრუნველყოფილი კომისიის მიერ მოთხოვნილი პირობების შესრულება, კომისია უფლებამოსილია თვითონ ან მესამე პირის, მათ შორის სპეციალური მმართველის მეშვეობით, ლიცენზიატის სახელითა და ხარჯით, უზრუნველყოს სალიცენზიო პირობების შესრულება.

8. შესაძლებელია ამ მუხლის მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით დადგენილი წესი გამოყენებულ იქნეს ლიცენზიის მფლობელის დაჯარიმების მიუხედავად, თუ კომისიისთვის წინასწარ ცნობილია, რომ ლიცენზიის მფლობელის მიმართ ჯარიმის გამოყენება ვერ უზრუნველყოფს სალიცენზიო პირობების შესრულებას. კომისია ვალდებულია დაასაბუთოს აღნიშნული გადაწყვეტილება.

9. კონკრეტული ვითარებიდან გამომდინარე, პასუხისმგებლობა სალიცენზიო პირობების დარღვევისათვის, ლიცენზიის გაუქმება, სპეციალური მმართველის დანიშვნა ან/და სხვა სახის ლიცენზირებულ საქმიანობასთან დაკავშირებული პირობების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებები ხორციელდება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესისა და საქართველოს-კანონმდებლობის შესაბამისად.

10. სპეციალური მმართველის უფლება-მოვალეობები განისაზღვრება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. სპეციალური მმართველის უფლებამოსილების, საქმიანობისა და ანაზღაურების საკითხები შესაძლებელია ასევე დარეგულირდეს კომისიის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

    მუხლი 10. ლიცენზიის გაცემის, გაცემაზე უარის და გაუქმების ზოგადი პირობები

1. კომისია ლიცენზიას გასცემს მხოლოდ იმ მეწარმე სუბიექტზე, რომელიც აკმაყოფილებს მოქმედი კანონმდებლობითა და ლიცენზირების წესებით გათვალისწინებულ პირობებს.

2. კომისია არ გასცემს ლიცენზიას, თუ:

ა) ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარდგენილი განცხადება და თანდართული საბუთები არ აკმაყოფილებს ლიცენზირების წესებითა და კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს და კომისიის მიერ დადგენილ ვადაში ისინი არ იქნა გამოსწორებული ლიცენზიის მაძიებლის მიერ;

ბ) ლიცენზიის მაძიებელი ვერ აკმაყოფილებს კანონით დადგენილ სალიცენზიო პირობებს;

გ) ლიცენზიის მაძიებელს, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენით, ჩამორთმეული აქვს შესაბამის ლიცენზირებად სფეროში საქმიანობის უფლება.

3. ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შემთხვევაში, კომისია დაუყოვნებლივ წერილობით აცნობებს დასაბუთებულ უარს ლიცენზიის მაძიებელს.

4. ლიცენზიის გაუქმების პირობას წარმოადგენს ლიცენზიის მისაღებად გათვალისწინებული პირობებისა და მოთხოვნების შეუსრულებლობა, ისევე როგორც ლიცენზირების წესებით განსაზღვრული სხვა პირობების დარღვევა.

    მუხლი 11. ლიცენზიაში ცვლილებების შეტანა, ლიცენზიის გაუქმება

1. ლიცენზიაში ცვლილებების შეტანა ხდება მისი პირობების შესაბამისად, ხოლო გაუქმება – აღნიშნული პირობების დარღვევისთვის. სხვა შემთხვევებში ლიცენზიაში ცვლილების შეტანის ან ლიცენზიის გაუქმების უფლება კომისიას აქვს მხოლოდ ლიცენზიატთან წინასწარი შეთანხმებით; კომისიას უფლება აქვს ლიცენზიაში ცვლილებების შეტანისას, ლიცენ-ზიატს მოსთხოვოს პირველად ლიცენზიაში აღნიშნული პირობებისგან განსხვავებული, მათ შორის, უფრო მკაცრი მოთხოვნების შესრულება.

2. კომისია ლიცენზიაში ცვლილების ან მისი გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლისა და ლიცენზირების წესების მოთხოვნათა შესაბამისად.

3. ადმინისტრაციული საჩივრის ან სარჩელის წარდგენის შემთხვევაში, ლიცენზიის გაცემის, გაცემაზე უარის თქმის ან მისი გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების მოქმედება არ შეჩერდება, თუ კომისია ან/და სასამართლო არ მიიღებს სხვა გადაწყვეტილებას.

    მუხლი 12. სალიცენზიო რეესტრი

1. კომისია აწარმოებს უწყებრივ სალიცენზიო რეესტრს, რომელშიც გადაწყვეტილების მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში შეიტანება მონაცემთა ერთობლიობა ლიცენზიის გაცემის, მასში ცვლილებების შეტანისა ან გაუქმების შესახებ.

2. კომისია გადაწყვეტილების მიღებიდან 10 დღის ვადაში აქვეყნებს ინფორმაციას ლიცენზიის გაცემის, მასში ცვლილების შეტანის ან მისი გაუქმების შესახებ საქართველოს ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში – „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“.

3. უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში შეიტანება:

ა) მონაცემები ლიცენზიის მფლობელის შესახებ (საფირმო სახელწოდება, ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა, სახელმწიფო რეგისტრაციის მონაცემები, ადგილსამყოფელი);

ბ) ლიცენზიის სახე;

გ) ლიცენზიის ნომერი და გაცემის თარიღი.

    მუხლი 13. გამოსაყენებლად უვარგისი სალიცენზიო მოწმობის ჩამოწერა

1. გამოსაყენებლად უვარგისი სალიცენზიო მოწმობის ჩამოწერა შეიძლება:

ა) შევსების დროს დაშვებული შეცდომის გამო;

ბ) სალიცენზიო მოწმობის ფიზიკური დაზიანების გამო.

2. გამოსაყენებლად უვარგისი სალიცენზიო მოწმობის ჩამოწერა ხდება ჩამოწერის აქტების მიხედვით.

3. გამოსაყენებლად უვარგისი სალიცენზიო მოწმობის უტილიზაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

დანართი №3

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ, ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორში გასაცემი სალიცენზიო მოწმობის ფორმა და მისი აღწერილობა

1. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორში გასაცემი სალიცენზიო მოწმობის (ტექსტში შემდგომ – მოწმობა) ფორმა წარმოადგენს ცარცის ქაღალდის გამოყენებით ორმხრივი ბეჭდვით შესრულებულ ღია ფერის A4 ფორმატის ერთფურცლიან მოწმობას.

2. მოწმობის წინა გვერდზე გამოსახულია საქართველოს მცირე სახელმწიფო გერბი, წარწერა „საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია“ და ჩანაწერი გაცემული ლიცენზიის თაობაზე შემდეგი მონაცემების შესატანად: სალიცენზიო მოწმობის რეგისტრაციის ნომერი და სერია, ლიცენზიის გაცემის თარიღი, ლიცენზიის მფლობელის დასახელება, ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობა, ლიცენზიის გაცემის სამართლებრივი საფუძველი, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარის და წევრების ხელმოწერა, ბეჭდის ადგილი (გამოსახულება თან ერთვის დანართის სახით). მის ბოლო მარჯვენა კუთხეში დაიტანება მოწმობის ბლანკის დამამზადებელი პოლიგრაფიული საწარმოს, დამკვეთის, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალ-მომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის სახელწოდება, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ მინიჭებული რეგისტრაციის ნომერი და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინიციალები – სფს.

3. მოწმობის უკანა გვერდზე არ სრულდება არანაირი ჩანაწერი,

4. მოწმობა შეიცავს შემდეგ დამცავ ნიშნებს: ა) რელიეფურ დამცავ ბადეს; ბ) ექსკლუზიურ წყლის ნიშნებს, ხილული და უხილავი ფაბრებით; გ) მოწმობის ბლანკის შუაში უხილავი ფორმით შესრულებულ წარწერას „საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია, სალიცენზიო მოწმობა“, რომელიც ულტრაიისფერი გამოსხივების ქვეშ ანათებს; დ) ჭვირნიშანს – სტამბური წესით დამზადებულ პენეტრირებულ წყლის ნიშანს;

 

 

საქართველოს მცირე სახელმწიფო

გერბი

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი

ეროვნული კომისია

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

ლიცენზია

სერია -------------- სარეგისტრაციო № ----------------

____________________________________________________________________________________ (მფლობელის დასახელება)

“ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად ეძლევა უფლება განახორციელოს

____________________________________________________________________________________

____________________________________________________________________________________

 

 

ლიცენზიის პირობები მოცემულია დანართში.

ლიცენზიას დანართის გარეშე ძალა არა აქვს.

ლიცენზია გაიცემა უვადოდ.

გადაწყვეტილება № ------------------- ----------- წლის -------- ---------------------------

 

 თავმჯდომარე ---------------------------------

 

 კომისიის წევრი --------------------------------

 

 კომისიის წევრი --------------------------------

 

 

 

                                   ლიცენზიის გაცემის თარიღი ---------

 

დამკვეთი: საქართველოს ენერგეტიკისა

და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია დამზადებულია შპს სი-ჯი-ესის მიერ სფს რეგისტრ ციის №--

 

 

                     დანართი №4

მკაცრი აღრიცხვის ფორმის ჩამოწერის აქტი №

 

      “-----“ ------------------------------------ 200 წელი

 

     გამოსაყენებლად უვარგისი მკაცრი აღრიცხვის ფორმის ჩამოწერის შესახებ

 

მკაცრი აღრიცხვის ფორმის სახე

რაოდენობა

მკაცრი აღრიცხვის

ფორმის სტამბური ნომერი

მკაცრი აღრიცხვის

ფორმის სარეგისტრაციო ნომერი

1

 

 

 

 

2

 

 

 

 

3

 

 

 

 

 

 

კომისია ხელმოწერით ვადასტურებთ აქტის მიხედვით წარმოდგენილი უვარგისი მკაცრი აღრიცხვის ფორმის ნიმუშების ჩამოწერის სისწორეს.

 

საექსპერტო კომისიის თავმჯდომარე:

წევრები:

მდივანი:

მკაცრი აღრიცხვის ფორმების შენახვა-გაცემაზე პასუხისმგებელი პირი:

 

10. 24/06/2021 - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება - 17 - ვებგვერდი, 29/06/2021 9. 30/03/2021 - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება - 7 - ვებგვერდი, 07/04/2021 8. 27/05/2020 - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება - 22 - ვებგვერდი, 04/06/2020 7. 31/07/2019 - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება - 18 - ვებგვერდი, 08/08/2019 6. 15/04/2019 - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება - 7 - ვებგვერდი, 18/04/2019 5. 06/12/2018 - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება - 27 - ვებგვერდი, 17/12/2018 4. 26/08/2016 - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება - 18 - ვებგვერდი, 30/08/2016 3. 17/03/2016 - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება - 3 - ვებგვერდი, 21/03/2016 2. 22/05/2013 - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება - 5 - ვებგვერდი, 27/05/2013 1. 27/12/2012 - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება - 24 - ვებგვერდი, 28/12/2012