,„წინასწარი ლიცენზიის/ნებართვის გაცემის ვადებისა და წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“

  • Word
,„წინასწარი ლიცენზიის/ნებართვის გაცემის ვადებისა და წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 232
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 17/10/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 145, 18/10/2007
სარეგისტრაციო კოდი 300.310.000.10.003.000.873
  • Word
232
17/10/2007
სსმ, 145, 18/10/2007
300.310.000.10.003.000.873
,„წინასწარი ლიცენზიის/ნებართვის გაცემის ვადებისა და წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №232

2007 წლის 17 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„წინასწარი ლიცენზიის/ნებართვის გაცემის ვადებისა და წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე

1. „ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს „წინასწარი ლიცენზიის/ნებართვის გაცემის ვადებისა და წესის შესახებ“ თანდართული დებულება.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი

დებულება

„წინასწარი ლიცენზიის/ნებართვის გაცემის ვადებისა და წესის შესახებ“

თავი I

ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

ეს დებულება შემუშავებულია „ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე და განსაზღვრავს წინასწარი ლიცენზიის/ნებართვის გაცემის ვადებსა და წესს.

    მუხლი 2. წინასწარი ლიცენზიის/ნებართვის გამცემი ორგანო

წინასწარი ლიცენზიის/ნებართვის გამცემი ორგანოა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანო.

თავი II

წინასწარი ლიცენზიის/ნებართვის გაცემის წესი

    მუხლი 3. წინასწარი ლიცენზიის/ნებართვის გაცემის წესი

1. წინასწარი ლიცენზია/ნებართვა გაიცემა „ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონებისა და ამ დებულებით დადგენილი წესითა და ვადების დაცვით.

2. წინასწარი ლიცენზია/ნებართვა არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე პირისათვის მინიჭებული განსაზღვრული საქმიანობის/მოქმედების განხორციელების უფლება შესაბამისი ლიცენზიის/ნებართვის მისაღებად კანონით დადგენილი მოთხოვნების დაკმაყოფილების პირობით. პირობის დაკმაყოფილებისათვის შეიძლება დადგინდეს ვადა. წინასწარ შეიძლება გაიცეს ნებისმიერი ლიცენზია ან/და ნებართვა, გარდა:

ა) სარგებლობის ლიცენზიისა;

ბ) მშენებლობის ნებართვისა;

გ) იარაღისა და საბრძოლო მასალის ბრუნვის სფეროში არსებული ლიცენზიისა (ნებართვისა).

3. წინასწარი ლიცენზიის/ნებართვის მოთხოვნის უფლება აქვს ნებისმიერ პირს (ინვესტორს).

4. „ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 და მე-4 მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად, ინვესტორს წინასწარი ლიცენზიის/ნებართვის გაცემა შეუძლია მოითხოვოს საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს მეშვეობით.

    მუხლი 4. წინასწარი ლიცენზიის/ნებართვის მისაღებად წარსადგენი საბუთები

1. წინასწარი ლიცენზიის/ნებართვის მისაღებად განმცხადებელმა შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა წარუდგინოს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული წერილობითი განცხადება და საბუთები და იმ საქმიანობის ტექნიკური პროექტი, რომლის განსახორციელებლადაც იგი ითხოვს ლიცენზიას/ნებართვას.

2. ტექნიკური პროექტი უნდა იყოს შეძლებისდაგვარად დეტალური, რათა შესაძლებელი გახდეს პირობების მკაფიოდ განსაზღვრა (საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით იგი შეიძლება მოიცავდეს საქმიანობის სახეს, ინვესტიციების რაოდენობას, განრიგსა და ტიპებს, ადგილმდებარეობას, ტექნოლოგიურ პროცესებს, გამოყენებული მანქანა-დანადგარების აღწერასა და ტიპებს, განხორციელების გრაფიკს, აგრეთვე ინვესტორის გადაწყვეტილების შესაბამისად სხვა მონაცემებს).

3. წინასწარი ლიცენზიის/ნებართვის გამცემს უფლება აქვს მოითხოვოს ტექნიკური პროექტის დაზუსტება პირობების დადგენის მიზნით. ეს მოთხოვნა უნდა იყოს გონივრული და შესაძლებელი უნდა იყოს მისი დაკმაყოფილება. ტექნიკური პროექტის დაზუსტებისათვის დადგენილი ვადა არ შეიძლება იყოს 15 დღეზე ნაკლები.

4. წინასწარი ლიცენზიის/ნებართვის მაძიებელს უფლება აქვს ამ მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია წარადგინოს მე-3 პუნქტში მითითებულ ვადაზე ადრე.

    მუხლი 5. წინასწარი ლიცენზიის/ნებართვის გამცემის უფლება-მოვალეობები

1. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია წინასწარი ლიცენზიის/ნებართვის მოთხოვნიდან „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 და 26-ე მუხლებით განსაზღვრულ ვადებში გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელშიც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლით გათვალისწინებული რეკვიზიტების გარდა მითითებული უნდა იყოს კონკრეტული სალიცენზიო/სანებართვო პირობები და საჭიროების შემთხვევაში – მათი დაკმაყოფილების ვადები.

2. სალიცენზიო/სანებართვო პირობები ჩამოყალიბებული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და შესაძლებელი უნდა იყოს მათი დაკმაყოფილების შეფასება და მონიტორინგი.

    მუხლი 6. წინასწარი ლიცენზიის/ნებართვის ძალაში შესვლა და გაუქმება

1. წინასწარი ლიცენზია/ნებართვა ძალაში შედის მას შემდეგ, რაც წინასწარი ლიცენზიის/ნებართვის მფლობელი წარადგენს დადგენილი სალიცენზიო/სანებართვო პირობების დაკმაყოფილების ფაქტობრივი გარემოებების დამადასტურებელ დოკუმენტებს.

2. დადასტურებას ახდენს წინასწარი ლიცენზიის/ნებართვის გამცემი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემით.

3. წინასწარი ლიცენზიის/ნებართვის გაუქმება ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 7. სალიცენზიო/სანებართვო პირობების დაცვის გარანტიები

1. წინასწარი ლიცენზიის/ნებართვის გაცემის შემდეგ დაუშვებელია ამ დებულებით გათვალისწინებული სალიცენზიო/სანებართვო პირობების შეცვლა წინასწარი ლიცენზიის/ნებართვის მფლობელის წინასწარი თანხმობის გარეშე, თუ შეცვლილი პირობები აუარესებს ინვესტორის მდგომარეობას.

2. დებულებით გათვალისწინებულ სალიცენზიო/სანებართვო პირობებში ცვლილების შეტანის თაობაზე შეტყობინება უნდა გაეგზავნოს ინვესტორს გონივრულ ვადაში. პირობების შეცვლა უნდა გადაწყდეს ინვესტორთან ურთიერთშეთანხმების საფუძველზე. თუ ინვესტორი არ დაეთანხმება შემოთავაზებულ ცვლილებას, მაშინ მის საქმიანობაზე ვრცელდება ამ დებულებით გათვალისწინებული ძველი პირობები, ხოლო ახალი შემოთავაზებული ცვლილებები შეიძლება გავრცელდეს მხოლოდ ახალი ლიცენზიის/ნებართვის აღების შემთხვევაში.

3. იმ შემთხევაში, თუ ამ დებულებით გათვალისწინებული აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შემდეგ შეიცვალა კანონმდებლობით გათვალისწინებული სალიცენზიო/სანებართვო პირობები, რომლებიც აუარესებს ინვესტორის მდგომარეობას, იგი არ ვრცელდება წინასწარი ლიცენზიის/ნებართვის მფლობელზე მისი თანხმობის გარეშე წინასწარი ლიცენზიის/ნებართვის გაცემიდან 5 წლის განმავლობაში.

4. განსაკუთრებული მნიშვნელობის ინვესტიციის სტატუსის გაუქმება არ იწვევს უკვე გაცემული წინასწარი ლიცენზიის/ნებართვის გაუქმებას.

    მუხლი 8. სალიცენზიო/სანებართვო პირობების შესრულების მონიტორინგი

სალიცენზიო/სანებართვო პირობების შესრულების მონიტორინგს ახორციელებს წინასწარი ლიცენზიის/ნებართვის გამცემი ორგანო.

თავი III

დასკვნითი ნაწილი

    მუხლი 9. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი

დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.