საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის წესდების დამტკიცების შესახებ

  • Word
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის წესდების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 957
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 11/10/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 146, 19/10/2007
ძალის დაკარგვის თარიღი 30/05/2011
სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.010.975
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
957
11/10/2007
სსმ, 146, 19/10/2007
040.030.000.22.022.010.975
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის წესდების დამტკიცების შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (19/10/2007 - 19/05/2011)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.010.975

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების

     მინისტრის  ბრძანება №957

2007 წლის 11 ოქტომბერი

 ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის წესდების დამტკიცების შესახებ

„მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის, „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის თანდართული წესდება.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 31 მაისის №574 ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის დროებითი წესდების დამტკიცების შესახებ“.

3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ლომაია

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის წესდება

თავი I. ზოგადი დებულებები

    მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი (შემდგომში – ინსტიტუტი) ახორციელებს სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას.

2. ინსტიტუტის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო).

3. ინსტიტუტი შექმნილია „სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებათა საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 16 მარტის №58 დადგენილებით, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ბაზაზე.

4. ინსტიტუტი დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში. იგი ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით და შეთანხმებებით, „მეცნიერების, ტექნოლოგიისა და მათი განვითარების შესახებ“ და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონებით, სხვა ნორმატიული აქტებით და ამ წესდებით.

5. ინსტიტუტს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, საბანკო ანგარიში, ბეჭედი და იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.

    მუხლი 2. ინსტიტუტის მიზნები და ამოცანები

1. ინსტიტუტის მიზანია:

ა) სამეცნიერო-კვლევითი, საკონსულტაციო და საექსპერტო საქმიანობის განხორციელება;

ბ) ქვეყნის სამეცნიერო-ტექნოლოგიური პროგრესის ხელშეწყობა;

გ) სამეცნიერო საქმიანობისათვის ყოველმხრივი ხელშეწყობა;

დ) საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის განვითარება;

ე) ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალის მობილობის წახალისება;

ვ) ახალი სამეცნიერო პერსონალის მომზადებაში და გადამზადებაში მონაწილეობის მიღება.

2. ინსტიტუტი უფლებამოსილია კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელოს სამეცნიერო-კვლევით საქმიანობასთან დაკავშირებული დამხმარე ეკონომიკური საქმიანობა, მათ შორის, საგამომცემლო და პედაგოგიური საქმიანობა.

თავი II. ინსტიტუტის მართვა

    მუხლი 3. ინსტიტუტის მართვის ორგანოები და ინსტიტუტის სტრუქტურა

1. ინსტიტუტის სამეცნიერო საქმიანობას ხელმძღვანელობს ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო, ხოლო საორგანიზაციო-ადმინისტრაციულ საქმიანობას ხელმძღვანელობს ინსტიტუტის დირექტორი.

2. ინსტიტუტის სტრუქტურული ერთეულია სამეცნიერო განყოფილება, ცენტრი ან სექტორი.

    მუხლი 4. ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო

1. ინსტიტუტის სამეცნიერო საქმიანობას ხელმძღვანელობს ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო, რომელიც შედგება 7 წევრისაგან.

2. სამეცნიერო საბჭო:

ა) სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ღია კონკურსის წესით ირჩევს ინსტიტუტის დირექტორს;

ბ) ინსტიტუტის დირექტორის წარდგინებით ისმენს ანგარიშს ინსტიტუტის ბიუჯეტის შესრულებაზე;

გ) უფლებამოსილია კანონმდებლობითა და ამ წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევებში და წესით ხელშეკრულება შეუწყვიტოს ინსტიტუტის დირექტორს;

დ) სამეცნიერო კვლევაში ჩაურევლად განიხილავს და განსაზღვრავს ინსტიტუტის სამეცნიერო საქმიანობის ძირითად მიმართულებებსა და უზრუნველყოფს ამ მიმართულებათა სწორად განხორციელებას;

ე) ღია კონკურსის საფუძველზე ფარული კენჭისყრით ირჩევს ინსტიტუტის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს, რომელსაც ამტკიცებს დირექტორი;

ვ) ითანხმებს დირექტორის მიერ შემუშავებული ინსტიტუტის სტრუქტურისა და საშტატო განრიგის პროექტს;

ზ) სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს საშტატო განრიგს;

თ) ითანხმებს ინსტიტუტის დირექტორის მიერ შემუშავებული წესდების ცვლილებებისა ან/და დამატებების პროექტს;

ი) მოისმენს და განიხილავს სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების, ცალკეულ მეცნიერთა საქმიანობის შედეგებს/ანგარიშებს, პრობლემატურ სამეცნიერო საკითხებს, თანამშრომლების სამეცნიერო მოხსენებებს;

კ) საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას განსახილველად წარუდგენს ინსტიტუტის საქმიანობის წლიურ სამეცნიერო ანგარიშს;

ლ) განიხილავს სხვა საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებებთან სამეცნიერო თანამშრომლობის საკითხებს;

მ) იღებს გადაწყვეტილებებს სამეცნიერო ჟურნალების გამოცემის თაობაზე, უფლებამოსილია შეარჩიოს სამეცნიერო ჟურნალების სარედაქციო კოლეგიები და პერიოდულად მოისმინოს მათი მუშაობის ანგარიშები;

ნ) ამ წესდებით დადგენილი წესით ქმნის კონკურსის სამდივნოს დირექტორისა და სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის კონკურსისა და არჩევნების ორგანიზების მიზნით.

ო) დირექტორისა და სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის კონკურსის და არჩევნების ორგანიზების მიზნით გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს – გადაწყვეტილებას.

    მუხლი 5. სამეცნიერო საბჭოსა და მის წევრთა უფლებამოსილება

1. სამეცნიერო საბჭოს უფლებამოსილება წარმოიშობა ამ წესდებით დადგენილი წესით სამეცნიერო საბჭოს წევრების არჩევის, მაგრამ არანაკლებ წევრთა საერთო რაოდენობის 2/3-ის არჩევის შემდეგ, წევრების პირველ სხდომაზე.

2. სამეცნიერო საბჭოს უფლებამოსილება წარმოიშობა ამ წესდებით დადგენილი წესით სამეცნიერო საბჭოს ყველა წევრის არჩევის შემდეგ, წევრების პირველ სხდომაზე.

3. სამეცნიერო საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა ნახევარი მაინც.

4. სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას ხმა მისცა სხდომაზე დამსწრე სამეცნიერო საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტმა, კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა. ხმათა თანაბარი განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის ხმა.

5. სამეცნიერო საბჭო გადაწყვეტილებას იღებს ღია კენჭისყრის საფუძველზე. კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, სამეცნიერო საბჭომ შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება საკითხის ფარული კენჭისყრით მიღების თაობაზე.

6. სამეცნიერო საბჭოს სხდომა მოიწვევა საჭიროებისამებრ, მაგრამ არანაკლებ ყოველ სამ თვეში ერთხელ, სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის მიერ. სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე იწვევს რიგგარეშე სხდომას საკუთარი ინიციატივით, სამეცნიერო საბჭოს წევრთა მესამედის ან/და ინსტიტუტის დირექტორის მოთხოვნის საფუძველზე.

7. სამეცნიერო საბჭო თავისი შემადგენლობიდან ან ინსტიტუტის პერსონალიდან ირჩევს სამეცნიერო საბჭოს მდივანს.

8. სამეცნიერო საბჭოს წევრს შეიძლება ვადაზე ადრე შეუწყდეს უფლებამოსილება შემდეგ შემთხვევებში:

ა) პირადი სურვილით;

ბ) სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილებით, თუ სამეცნიერო საბჭოს წევრი, არასაპატიო მიზეზით, სისტემატურად არ ესწრება სამეცნიერო საბჭოს სხდომებს;

გ) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის ძალაში შესვლისას;

დ) სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ან შეზღუდულქმედუნარიანად აღიარებისას;

ე) გარდაცვალებისას;

ვ) ინსტიტუტის სამეცნიერო თანამდებობიდან გათავისუფლებისას.

    მუხლი 6. სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე

1. სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელობს სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე, რომელიც აირჩევა სამეცნიერო საბჭოს წევრთა მიერ სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. იგი უფლებამოსილია მოიწვიოს და წარმართოს საბჭოს სხდომები.

2. სამეცნიერო საჭოს თავმჯდომარე აირჩევა ფარული კენჭისყრით 5 წლის ვადით. სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარეს უნდა ჰქონდეს დოქტორის აკადემიური ხარისხი.

3. სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე:

ა) იწვევს სამეცნიერო საბჭოს სხდომებს;

ბ) ორგანიზებას უწევს სამეცნიერო საბჭოს მუშაობას;

გ) ხმის უფლებით მონაწილეობს საბჭოს გადაწყვეტილებებში;

დ) მეთვალყურეობას უწევს საბჭოს გადაწყვეტილებების შესრულებას;

ე) სამეცნიერო საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს თავისი მოადგილის კანდიდატურას.

4. სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარეს შეიძლება ვადაზე ადრე შეუწყდეს უფლებამოსილება შემდეგ შემთხვევებში:

ა) პირადი სურვილით;

ბ) სამეცნიერო საბჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, თუ სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე არ ასრულებს დაკისრებულ მოვალეობებს;

გ) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის ძალაში შესვლისას;

დ) სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ან შეზღუდულქმედუნარიანად აღიარებისას;

ე) გარდაცვალებისას;

ვ) ინსტიტუტის სამეცნიერო თანამდებობიდან გათავისუფლებისას.

5. სამეცნიერო საბჭო სიითი შემადგენლობის უმრავლესობით თავისი შემადგენლობიდან ირჩევს სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს, რომელიც თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში ახორციელებს მის უფლებამოსილებებს.

6. მოადგილის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარეს.

    მუხლი 7. ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს არჩევა

1. სამეცნიერო საბჭო აირჩევა ინსტიტუტის მეცნიერთა საერთო კრების სრული შემადგენლობის უმრავლესობით 5 წლის ვადით პირდაპირი, თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით.

2. ინსტიტუტის მეცნიერთა საერთო კრება შედგება ინსტიტუტში მომუშავე სამეცნიერო პერსონალისაგან. ინსტიტუტის მეცნიერთა საერთო კრება მოიწვევა დირექტორის მიერ სამეცნიერო საბჭოს უფლებამოსილების ვადის გასვლამდე დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილ ვადაში.

3. ინსტიტუტის საერთო კრებას უფლება აქვს სამეცნიერო საბჭოს წევრად პირის/პირების არჩევამდე 2 კვირის ვადით ადრე განსაზღვროს სამეცნიერო საბჭოს წევრის საკვალიფიკაციო პირობები. სამეცნიერო საბჭოს წევრის კანდიდატის სტატუსი შეუთავსებელია საარჩევნო კომისიის წევრის სტატუსთან და დირექტორის/დირექტორის მოადგილის თანამდებობასთან.

4. არჩევნებში კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს ინსტიტუტის სამეცნიერო თანამდებობის მქონე ყველა პირს.

5. სამეცნიერო საბჭოს წევრობის კანდიდატების რეგისტრაციისა და არჩევნების დღეს ნიშნავს ინსტიტუტის დირექტორი.

6. სამეცნიერო საბჭოს არჩევნებში ყოველ ამომრჩეველს აქვს ერთი ხმის უფლება. თითოეული მეცნიერი ხმას აძლევს პირადად. არჩეულად ითვლებიან კანდიდატები, რომლებიც არჩენებში მოიპოვებენ ყველაზე მეტ ხმას.

7. იმ შემთხვევაში, თუ სამეცნიერო საბჭოს წევრობის ორი ან მეტი ყველაზე ნაკლები ხმების მქონე კანდიდატი დააგროვებს ხმათა თანაბარ რაოდენობას, დირექტორის მიერ მათთვის ინიშნება არჩევნების მეორე ტური. არჩევნების მეორე ტური ტარდება არა უგვიანეს 3 კალენდარული დღისა. მეორე ტურში გამარჯვებულად ითვლება უმეტესი ხმების მქონე კანდიდატი.

8. იმ შემთხვევაში, თუ არჩევნების დროს ვერ იქნა არჩეული საკმარისი რაოდენობის სამეცნიერო საბჭოს წევრი, დირექტორის მიერ დარჩენილ ადგილებზე ინიშნება ხელახალი არჩევნები.

9. სამეცნიერო საბჭოს წევრის ვადამადე უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში დირექტორი ნიშნავს სამეცნიერო საბჭოს წევრის დამატებით/რიგგარეშე არჩევნებს. სამეცნიერო საბჭოს წევრი აირჩევა მხოლოდ უფლებამოსილებაშეწყვეტილი წევრის დარჩენილი ვადით.

    მუხლი 8. ინსტიტუტის საარჩევნო კომისია

1. ინსტიტუტში სამეცნიერო საბჭოს არჩევნების მიზნით, ინსტიტუტის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით იქმნება სამეცნიერო საბჭოს საარჩევნო კომისია, რომელიც შედგება დაწესებულების თანამშრომლებისაგან.

2. საარჩევნო კომისიის წევრი არ შეიძლება იყოს:

ა) სამეცნიერო საბჭოს წევრობის კანდიდატი;

ბ) ინსტიტუტის დირექტორი ან მისი ნათესავი;

გ) დირექტორის მოადგილე ან მისი ნათესავი.

3. ამ წესდების მიზნებისათვის „ნათესავი“ გულისხმობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 92-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ პირს.

4. საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატების რეგისტრაციას უზრუნველყოფს ინსტიტუტის დირექტორი.

5. საარჩევნო კომისიის წევრების რაოდენობა და საარჩევნო კომისიის წევრების რეგისტრაციის ვადები განისაზღვრება დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

6. იმ შემთხვევაში, თუ საარჩევნო კომისიის წევრობის რეგისტრირებულ კანდიდატთა რიცხვი ნაკლებია დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ რაოდენობაზე, კომისიის წევრად შეიძლება დაინიშნოს საზოგადოების წარმომადგენელი.

7. იმ შემთხვევაში, თუ საარჩევნო კომისიის წევრობის რეგისტრირებულ კანდიდატთა რიცხვი აღემატება დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ რაოდენობას, საარჩევნო კომისიის წევრების გამოსავლენად დირექტორის მიერ საჯაროდ ტარდება წილისყრა.

8. კომისია პირველ სხდომაზე თავისი შემადგენლობიდან ირჩევს კომისიის თავმჯდომარესა და მდივანს ხმათა უბრალო უმრავლესობით.

    მუხლი 9. ინსტიტუტის დირექტორის უფლებამოსილება

1. ინსტიტუტის მართვას ახორციელებს დირექტორი.

2. ინსტიტუტის დირექტორი:

ა) შეიმუშავებს ინსტიტუტის სტრუქტურისა და საშტატო განრიგის პროექტს და წარუდგენს სამეცნიერო საბჭოს შესათანხმებლად;

ბ) სამეცნიერო საბჭოსთან შეთანხმებულ ინსტიტუტის სტრუქტურისა და საშტატო განრიგის პროექტს ათანხმებს სამინისტროსთან;

გ) კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად აცხადებს ღია კონკურსებსა და ქმნის საკონკურსო კომისიებს სამეცნიერო თანამდებობებზე თანამშრომელთა შერჩევის მიზნით, ადგენს სამეცნიერო თანამდებობების დაკავების კონკურსის წესსა და დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს;

დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით სამეცნიერო საბჭოს არჩევის მიზნით ქმნის საარჩევნო კომისიას, ადგენს სამეცნიერო საბჭოს არჩევნებთან დაკავშირებულ, ამ წესდებით გათვალისწინებულ ვადებს;

ე) ითანხმებს ინსტიტუტის სტრუქტურული ერთეულების დებულებებს და დასამტკიცებლად წარუდგენს სამეცნიერო საბჭოს;

ვ) საშტატო განრიგით გათვალისწინებულ თანამდებობებზე ნიშნავს და ათავისუფლებს ინსტიტუტის თანამშრომლებს, უზრუნველყოფს მათთან შრომითი ხელშეკრულებების გაფორმებას, უფლებამოსილია კონკრეტული სამუშაოს შესრულების მიზნით შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე აიყვანოს შტატგარეშე პირი;

ზ) ამტკიცებს სამეცნიერო საბჭოს მიერ არჩეულ პირს ინსტიტუტის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობაზე;

თ) ხელს უწყობს კონტაქტების განვითარებას საქართველოსა და უცხო ქვეყნების სამეცნიერო და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან;

ი) ინსტიტუტის სახელით დებს ხელშეკრულებებს, მათ შორის, ხელშეკრულებებს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების პროცესში თანამშრომლობასთან დაკავშირებით;

კ) სათათბირო ხმის უფლებით ესწრება სამეცნიერო საბჭოს სხდომებს;

ლ) უფლებამოსილია არა უმეტეს საკუთარი უფლებამოსილების ვადით დანიშნოს და გაათავისუფლოს დირექტორის მოადგილე/მოადგილეები;

მ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრავს იმ მოადგილეს, რომელიც დროებით განახორციელებს დირექტორისათვის მინიჭებულ უფლებამოსილებებს დირექტორის არყოფნისას, თუ დირექტორის მიერ არ იქნება დანიშნული დირექტორის დროებით მოვალეობის შემსრულებელი;

ნ) ხელს უწყობს მეცნიერ თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებას;

ო) ინსტიტუტის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების წარდგინებით ამტკიცებს ინსტიტუტის ბიუჯეტს;

პ) სამეცნიერო საბჭოს წარუდგენს ინსტიტუტის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს;

ჟ) კანონმდებლობის შესაბამისად განკარგავს ინსტიტუტის ფინანსურ სახსრებს და მასვე ეკისრება პერსონალური პასუხისმგებლობა ინსტიტუტის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე და ფულადი სახსრების მიზნობრივად და სწორად ხარჯვაზე;

რ) ამტკიცებს ინსტიტუტის შინაგანაწესს, რომელიც ამომწურავად განსაზღვრავს დისციპლინური გადაცდომების ნუსხას, მათთვის გათვალისწინებულ დისციპლინურ სახდელებს, წახალისების სახესა და გამოყენების წესს;

ს) უფლებამოსილია კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამშრომელთა მიმართ გამოიყენოს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები;

ტ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს – ბრძანებას;

უ) სამეცნიერო საბჭოსთან შეთანხმებით ამზადებს წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების პროექტს და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინიტროს;

ფ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

3. ინსტიტუტის დირექტორს შეიძლება ჰყავდეს მოადგილე/მოადგილეები.

4. დირექტორს შეიძლება ვადაზე ადრე შეუწყდეს უფლებამოსილება შემდეგ შემთხვევებში:

ა) პირადი სურვილით;

ბ) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის ძალაში შესვლისას;

გ) სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ან შეზღუდულქმედუნარიანად აღიარებისას;

დ) გარდაცვალებისას;

ე) 65 წლის ასაკის მიღწევისას.

5. დირექტორის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს სამეცნიერო საბჭო სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.

    მუხლი 10. ინსტიტუტის დირექტორის არჩევის წესი

1. ინსტიტუტის დირექტორის თანამდებობა შეიძლება დაიკავოს უმაღლესი განათლების მქონე პირმა, რომელსაც აქვს მუშაობის არანაკლებ 5 წლის მუშაობის სტაჟი.

2. ინსტიტუტის დირექტორის არჩევა ხდება 4 წლის ვადით. ერთი და იმავე პირის ზედიზედ არჩევა შესაძლებელია მხოლოდ ორჯერ.

3. ინსტიტუტის დირექტორს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, ღია კონკურსის წესით თანამდებობაზე ირჩევს ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო.

4. დირექტორის არჩევნების მიზნით სამეცნიერო საბჭო ადგენს დირექტორის საკონკურსო საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, კონკურსის პირობებს და განსაზღვრავს არჩევნების ჩატარების თარიღს.

5. დირექტორის კონკურსისა და არჩევნების ორგანიზების მიზნით, სამეცნიერო საბჭო ქმნის სამდივნოს და ადგენს კანდიდატების რეგისტრაციის ვადებს.

6. სამეცნიერო საბჭოს მიერ შექმნილი სამდივნო განიხილავს კანდიდატთა განცხადებებს და წარმოდგენილ საბუთებს. კონკურსის სამდივნო შედგება ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს წევრების, ინსტიტუტის სხვა მეცნიერების ან/და დამხმარე პერსონალისაგან, რომლებიც სამდივნოს ფუნქციების განხორციელებისას ექვემდებარებიან სამეცნიერო საბჭოს თავმჯ-დომარეს. კონკურსის სამდივნო უზრუნველყოფს კონკურსის ორგანიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებს.

7. სამდივნო დირექტორის კანდიდატურებს წარუდგენს სამეცნიერო საბჭოს, რომელიც კანდიდატის მიერ წარმოდგენილი პროგრამის საფუძველზე ირჩევს დირექტორს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

8. დირექტორების კანდიდატებისათვის ხმის მიცემა ხდება ფარული კენჭისყრით. გაიმარჯვებს ის კანდიდატი, რომელიც მოიპოვებს ყველაზე მეტ ხმას, მაგრამ არანაკლებ სამეცნიერო საბჭოს წევრთა 1/3-ისა.

9. იმ შემთხვევაში, თუ არჩევნებში მონაწილეობას იღებდა ერთი ან ერთზე მეტი კანდიდატი და ვერც ერთმა ვერ მიიღო საკმარისი ხმები, სამეცნიერო საბჭოს მიერ ინიშნება ახალი კონკურსი, რომელიც უნდა ჩატარდეს სამეცნიერო საბჭოს მიერ დადგენილ ვადაში.

    მუხლი 11. ინსტიტუტის სტრუქტურული ერთეული და მისი ხელმძღვანელი

1. ინსტიტუტის სტრუქტურულ ერთეულთა რაოდენობა (ლაბორატორია, განყოფილება, ცენტრი და სხვა) განისაზღვრება საშტატო განრიგით.

2. ინსტიტუტის სტრუქტურული ერთეული:

ა) შეიმუშავებს და ინსტიტუტის დირექტორს წარუდგენს სტრუქტურული ერთეულის ბიუჯეტისა და დებულების პროექტებს;

ბ) სტრუქტურული ერთეულის კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშავებს სამეცნიერო-კვლევით საგრანტო პროექტებს;

გ) ითანხმებს სტრუქტურული ერთეულის სამეცნიერო თანამდებობის კონკურსის ჩატარების წესს და დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.

3. ინსტიტუტის სტრუქტურულ ერთეულს მართავს სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი.

ხელმძღვანელი:

ა) ხელმძღვანელობს სტრუქტურულ ერთეულს შესაბამისი დარგის მიხედვით;

ბ) შეიმუშავებს სტრუქტურულ ერთეულში განსახორციელებელი პერსპექტიული საქმიანობის გეგმებს და წარუდგენს სამეცნიერო საბჭოს დასამტკიცებლად;

გ) დირექტორის წინაშე აყენებს სამეცნიერო თანამდებობიდან პირის გათავისუფლების ან პირის დაწინაურების საკითხს;

დ) ახორციელებს სტრუქტურული ერთეულის დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

4. ინსტიტუტის სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი არ არის ადმინისტრაციული თანამდებობის პირი.

    მუხლი 12. ინსტიტუტის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობის დაკავების წესი

1. სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობის დაკავება შეიძლება ღია კონკურსის წესით, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპებს.

2. ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო ღია კონკურსის წესით ირჩევს სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს 4 წლის ვადით და დასამტკიცებლად წარუდგენს დირექტორს.

3. სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის კონკურსის ჩატარების წესსა და დამატებით პირობებს განსაზღვრავს ინსტიტუტის დირექტორი.

თავი III. ინსტიტუტის პერსონალი

    მუხლი 13. ინსტიტუტის პერსონალი

1. ინსტიტუტის პერსონალი შედგება სამეცნიერო, ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალისგან.

2. ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალის შემადგენლობაში შედიან სამეცნიერო თანამდებობის მქონე პირები – მეცნიერები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობენ ან/და წარმართავენ სამეცნიერო კვლევებს.

3. ინსტიტუტის სამეცნიერო თანამდებობებს მიეკუთვნებიან შემდეგი მეცნიერები:

ა) მეცნიერითანამშრომელი;

ბ) უფროსი მეცნიერი თანამშრომელი;

გ) მთავარი მეცნიერი თანამშრომელი.

4. ინსტიტუტის ადმინისტრაციულ პერსონალს მიეკუთვნებიან:

ა) ინსტიტუტის დირექტორი;

ბ) დირექტორის მოადგილე/მოადგილეები.

5. ადმინისტრაციულ პერსონალს არ შეიძლება ამავე ინსტიტუტში ეკავოს სხვა ადმინისტრაციული თანამდებობა ან იყოს სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი.

6. ინსტიტუტის სამეცნიერო, ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალის ჩამონათვალი განისაზღვრება ინსტიტუტის საშტატო განრიგით.

    მუხლი 14. სამეცნიერო თანამდებობის დაკავების წესი

1. სამეცნიერო თანამდებობის დაკავება შეიძლება მხოლოდ ღია კონკურსის წესით, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპებს.

2. სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად აუცილებელია შემდეგი პირობის დაკმაყოფილება:

ა) მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, თუ მას აქვს მაგისტრის აკადემიური ხარისხი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;

ბ) უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, თუ იგი არის დოქტორანტი ან აქვს დოქტორის აკადემიური ხარისხი/მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი;

გ) მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, თუ მას აქვს დოქტორის აკადემიური ხარისხი ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი.

3. სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებელი კონკურსის ჩატარების წესსა და დამატებით პირობებს დაწესებულების სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელთან შეთანხმებით განსაზღვრავს დაწესებულების დირექტორი.

    მუხლი 15. მეცნიერთა უფლებები და მოვალეობები

1. მეცნიერს უფლება აქვს:

ა) დამოუკიდებლად განახორციელოს სამეცნიერო კვლევა და შეუზღუდავად გამოაქვეყნოს კვლევის შედეგები, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მათი შეზღუდვა ხელშეკრულებით არის გათვალისწინებული ან ისინი შეიცავენ სახელმწიფო საიდუმლოებას;

ბ) დამოუკიდებლად განსაზღვროს სამეცნიერო კვლევის შინაარსი, კვლევის მეთოდები და საშუალებები;

გ) თანამდებობრივი სარგოს მიღების გარდა, დამატებით მონაწილეობა მიიღოს საგრანტო დაფინანსების მოსაპოვებელ კონკურსებში; აგრეთვე ისარგებლოს ინდივიდუალური გრანტის დაფინანსებით, მიუხედავად სამუშაო ადგილის შეცვლისა;

დ) ისარგებლოს ინსტიტუტის ბიბლიოთეკით და ინსტიტუტის სხვა ქონებით;

ე) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ წესდებით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილებანი.

2. მეცნიერი ვალდებულია:

ა) დაიცვას ინსტიტუტის წესდებითა და შინაგანაწესით დადგენილი მოთხოვნები;

ბ) შეასრულოს შრომითი ხელშეკრულებით ნაკისრი მოვალეობები;

გ) გაუფრთხილდეს ინსტიტუტის ქონებას;

დ) სამეცნიერო საბჭოს ყოველწლიურად წარუდგინოს შესრულებული სამუშაოს ანგარიში.

თავი IV. ინსტიტუტის ქონება და დაფინანსების წყაროები. ინსტიტუტის სახელმწიფო კონტროლი

    მუხლი 16. ინსტიტუტის სახელმწიფო კონტროლი

ინსტიტუტის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, რომელიც ახორციელებს ინსტიტუტის საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონიმიკური საქმიანობის ზედამხედველობას. სამინისტრო უფლებამოსილია მოსთხოვოს ინსტიტუტს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო ნებისმიერი მასალისა და ინფორმაციის წარმოდგენა.

    მუხლი 17. ინსტიტუტის ქონება

1. ინსტიტუტს დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად სახელმწიფოსაგან უსასყიდლო სარგებლობის უფლებით გადაცემული აქვს შესაბამისი ქონება, რომელიც ინსტიტუტის სხვა ქონებასთან ერთად შესაძლოა გამოყენებულ იქნეს მხოლოდ ამ წესდებით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად დადგენილი წესის თანახმად.

2. ინსტიტუტის დირექტორი საქართველოს კანონმდელობის შესაბამისად განკარგავს დაწესებულების ფინანსებსა და ქონებას, მასვე ეკისრება პერსონალური პასუხისმგებლობა ინსტიტუტის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე და ფულადი სახსრების მიზნობრივად და სწორად ხარჯვაზე.

3. სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს თანხმობით ინსტიტუტს შეუძლია განახორციელოს შემდეგი ქმედებები:

ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;

ბ) სესხის აღება;

გ) თავდებობა;

დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;

ე) სხვა გადაწყვეტილებები ინსტიტუტის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.

4. სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს უარი ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ქმედებების განხორციელებაზე შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.

5. ამ მუხლის მესამე პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად საჭიროა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.

6. ინსტიტუტს უფლება არა აქვს მიღებული სახელმწიფო ქონება ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში სარგებლობის უფლებით გადასცეს (კერძოდ, გააქირაოს, იჯარის, თხოვების ფორმით გადასცეს), დააგირაოს, იპოთეკით ან სხვაგვარად დატვირთოს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ან მის ტერიტორიულ ორგანოსთან (მესაკუთრესთან) შეუთანხმებლად. ამასთან, იგი პასუხისმგებელია მიღებული ქონების მოვლა-პატრონობასა და დაცვაზე.

    მუხლი 18. ინსტიტუტის დაფინანსება

1. ინსტიტუტის დაფინანსების წყარო შეიძლება იყოს:

ა) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;

ბ) სამეცნიერო გრანტებით მიღებული შემოსავალი;

გ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი;

დ) შემოწირულობები;

ე) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.

2. ინსტიტუტის ყველა შემოსავალი და ხარჯი აისახება მის ბიუჯეტში.

3. ინსტიტუტში შემოსული სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება ინსტიტუტის მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას და მათი სხვა მიზნით გამოყენება აკრძალულია.

    მუხლი 19. ინსტიტუტის ბალანსის შედგენა და შემოწმება

ინსტიტუტი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს შესაბამის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელე-ბელ ორგანოს. ინსტიტუტის წლიურ ბალანსს ამოწმებს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.

    მუხლი 20. ინსტიტუტის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

1. ინსტიტუტის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. ინსტიტუტის საქმიანობის შეწყვეტის აქტი არ შეიძლება იყოს დაფუძნების აქტზე ნაკლები იურიდიული ძალის მქონე.

3. ინსტიტუტის ლიკვიდაციას ახორციელებენ ლიკვიდატორები, რომლებსაც ნიშნავს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანო. ლიკვიდატორი შეიძლება იყოს ინსტიტუტის დირექტორი. ლიკვიდატორის საქმიანობა შეზღუდულია ლიკვიდაციის მიზნით.

4. ლიკვიდატორი:

ა) დანიშვნისთანავე ადგენს ბალანსს;

ბ) ინსტიტუტის ცნობილ კრედიტორებს სპეციალური შეტყობინებით აცნობენ ინსტიტუტის ლიკვიდაციის შესახებ, თუ კრედიტორების მისამართი უცნობია, შეტყობინება ლიკვიდაციის თაობაზე ხდება საჯარო განცხადებით;

გ) ამთავრებს მიმდინარე საქმეებს, ასრულებს ინსტიტუტის ვალდებულებებს;

დ) უფლებამოსილია დაამთავროს სასამართლო პროცესი ან მორიგებით დაასრულოს დავები;

ე) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს.

5. ინსტიტუტის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფო საკუთრებაში.

თავი V. წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი

    მუხლი 21. წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი

ინსტიტუტის წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

თავი VI. გარდამავალი დებულებები

    მუხლი 22. გარდამავალი დებულება

1. ინსტიტუტის პირველი სამეცნიერო საბჭოს შექმნამდე მის უფლებამოსილებებს ახორციელებს ინსტიტუტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი.

2. ინსტიტუტის პირველი სამეცნიერო საბჭოს არჩევნების ჩატარება ინსტიტუტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა უზრუნველყოს ამ წესდების დამტკიცებიდან ერთ თვის ვადაში.

3. სამეცნიერო საბჭომ დირექტორის არჩევა უზრუნველყოს არა უგვიანეს ერთი თვისა.