სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გირავნობის რეგისტრაციის, ნასამართლობის შესახებ ცნობისა და მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

  • Word
სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გირავნობის რეგისტრაციის, ნასამართლობის შესახებ ცნობისა და მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 892
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 25/06/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 94, 02/07/2007
სარეგისტრაციო კოდი 010.240.060.22.034.010.501
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
892
25/06/2007
სსმ, 94, 02/07/2007
010.240.060.22.034.010.501
სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გირავნობის რეგისტრაციის, ნასამართლობის შესახებ ცნობისა და მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (02/07/2007 - 11/01/2008)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.060.22.034.010.501

საქართველოს შინაგან საქმეთა

მინისტრის ბრძანება №892

2007 წლის 25 ივნისი

ქ. თბილისი

სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გირავნობის რეგისტრაციის, ნასამართლობის შესახებ ცნობისა და მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, საქართველოს ზოგად ადმინისტრაციული კოდექსის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურებისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონისა და ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების მე-11 პუნქტის ,,ა“ და ,,ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს თანდართული ,,სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გირავნობის რეგისტრაციის, ნასამართლობის შესახებ ცნობისა და მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემის წესი“.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ი. მერაბიშვილი

სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გირავნობის რეგისტრაციის, ნასამართლობის შესახებ ცნობისა და მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემის წესი

თავი I

ზოგადი დებულებები

    მუხლი 1

ეს ინსტრუქცია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, საქართველოს ზოგად ადმინისტრაციული კოდექსის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურებისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონის, აგრეთვე საქართველოს სხვა კანონმდებლობის შესაბამისად, ადგენს სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებზე გირავნობის (გარდა საგადასახადო გირავნობისა) რეგისტრაციის, დაგირავებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების გასხვისების, ნასამართლეობის შესახებ ცნობის გაცემის, მექანიკურ სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემის წესსა და პირობებს.

    მუხლი 2

ინსტრუქციაში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება:

ა) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო) – კანონით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შედის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში;

ბ) საფასური – ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურებისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სავალდებულო გადასახდელი, დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლით, რომელიც გადაიხდება სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის;

გ) მომსახურება – სააგენტოს მიერ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებზე გირავნობის რეგისტრაციის, მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობისა და ნასამართლობის შესახებ ცნობის გაცემის, აგრეთვე ამ ინსტრუქციითა და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ქმედებების განხორციელება;

დ) დაჩქარებული მომსახურება – დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე მომსახურების განხორციელება კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაზე უფრო შემჭიდროებულ დროში;

ე) დაინტერესებული პირი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც ამ ინსტრუქციით დადგენილი წესით გააჩნია სამართლებრივი უფლება, მოსთხოვოს სააგენტოს მომსახურების გაწევა.

თავი II

მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე გირავნობის რეგისტრაციის წესი

    მუხლი 3

მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე გირავნობის რეგისტრაციისას დაინტერესებული პირი შეიძლება იყოს მოგირავნე ან დამგირავებელი.

    მუხლი 4

1. მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე გირავნობის რეგისტრაციისათვის დაინტერესებულმა პირმა სააგენტოში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე გირავნობის რეგისტრაციის შესახებ;

ბ) სანოტარო წესით დამოწმებული დოკუმენტი;

გ) გირავნობის რეგისტრაციისათვის დადგენილი საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;

დ) პირადობის მოწმობა ან/ და რწმუნება.

2. სააგენტოს მიერ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე გირავნობა რეგისტრირდება ხუთი სამუშაო დღის განმავლობაში.

3. დაინტერესებული პირის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე სააგენტო გასცემს გირავნობის რეგისტრაციაში გატარების წერილობით დასტურს.

4. გირავნობის რეგისტრაციის საფასური გადაიხდევინება დასაგირავებელი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობის შესაბამისად.

    მუხლი 5 

სანოტარო წესით დამოწმებული დოკუმენტი უნდა შეიცავდეს:

ა) მისი შედგენის თარიღს;

ბ) მონაცემებს მოგირავნის, დამგირავებლის, შესაძლო მოვალე მესამე პირის შესახებ;

გ) გირავნობის საგნის ზოგად ან სპეციფიკურ აღწერას ისე, რომ შესაძლებელი იყოს მისი განსაზღვრა;

დ) უზრუნველყოფილი ძირითადი მოთხოვნის ზოგად ან კონკრეტულ აღწერას და მაქსიმალურ თანხას, რომლის ფარგლებშიც უნდა დაკმაყოფილდეს უზრუნველყოფილი მოთხოვნა.

    მუხლი 6

1. სააგენტოს უფლება აქვს უარი განაცხადოს გირავნობის რეგისტრაციაზე, თუ:

ა) წარმოდგენილი დოკუმენტები არ აკმაყოფილებენ ამ ბრძანების მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს;

ბ) წარმოდგენილი დოკუმენტები არ აკმაყოფილებენ ამ ბრძანების მე-5 მუხლის მოთხოვნებს;

გ) წარმოდგენილი დოკუმენტებით არ შეიძლება დაგირავებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების იდენტიფიცირება;

დ) რეგისტრაციის მომენტისათვის დასაგირავებელ ობიექტზე აღრიცხულია სამართლებრივი შეზღუდვა (უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილება სამართლებრივი შეზღუდვის შესახებ, ყადაღა, ძებნა და ა.შ);

ე) რეგისტრაციის მომენტისათვის რეგისტრირებულია გირავნობა, რომლის ხელშეკრულების პირობები არ ითვალისწინებს მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ხელახალ დაგირავებას.

შენიშვნა: ამ მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული გარემოებების არსებობისას, გირავნობის დასარეგისტრირებლად დამატებით წარმოდგენილ უნდა იქნეს შემზღუდავი მოგირავნის წერილობითი თანხმობა.

2. გირავნობის რეგისტრაციაში გაუტარებლობის შემთხვევაში, სააგენტო ხუთი სამუშაო დღის განმავლობაში უგზავნის განმცახადებელს წერილობით უარს.

    მუხლი 7

გარდა ამ ინსტრუქციის მე-6 მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ერთსა და იმავე მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე შეიძლება გირავნობის რამდენიმეჯერ დარეგისტრირება. გირავნობის უფლებათა რიგითობა განისაზღვრება მათი რეგისტრაციის მომენტის შესაბამისად.

    მუხლი 8

დაგირავებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციაში ცვლილებები საჭიროებს მოგირავნის წერილობით თანხმობას, თუ მესაკუთრე ახორციელებს:

ა) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ნომრიანი აგრეგატების შეცვლას;

ბ) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის გაუქმებას (ჩამოწერას).

    მუხლი 9

1. რეგისტრირებული გირავნობისას, დამგირავებლის მიერ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეალიზაციის შემთხვევაში, დამგირავებელს და შემძენს ერთობლივად ეკისრებათ სააგენტოში შემძენის დამგირავებლად რეგისტრაციის ვალდებულება, რომლის შეუსრულებლობის შემთხვევაში სოლიდარულად აგებენ პასუხს ამ ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეული ნებისმიერ ზიანისათვის.

2. დამგირავებლის მიერ დაგირავებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გასხვისების შემთხვევაში, სააგენტოში გირავნობის შემძენზე რეგისტრაცია განხორციელდება დამგირავებლისა და შემძენის მიერ სანოტარო საბუთის, განცხადებისა და გირავნობის რეგისტრაციისათვის დადგენილი საფასურის გადახდის შემდეგ.

3. დამგირავებლის მიერ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 266-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეთანხმების დარღვევის შემთხვევაში, სააგენტოს მიერ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გასხვისებაზე შეზღუდვა და მოგირავნესათვის ინფორმაციის მიწოდება განხორციელდება მხოლოდ ,,ინფორმაციის შეტყობინების ვალდებულების“ არსებობისას, კანონით გათვალისწინებული წესით.

    მუხლი 10

1. დამგირავებლის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მოგირავნე უფლებამოსილია უშუალოდ ან სპეციალური სავაჭრო დაწესებულების მეშვეობით მოახდინოს დაგირავებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეალიზაცია, თუ გირავნობის ხელშეკრულება ითვალისწინებს აღნიშნულის თაობაზე მხარეების შეთანხმებას.

2. გირავნობის საგნის რეალიზაციის უფლების მქონე მოგირავნე ვალდებულია მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეალიზაციის თაობაზე შეტყობინება სააგენტოში წარმოადგინოს დამგირავებლისათვის და სხვა მოგირავნეებისათვის გირავნობის საგნის რეალიზაციის თაობაზე წერილობითი გაფრთხილების ჩაბარებიდან არანაკლებ ერთი კვირის ვადაში, ხოლო რეალიზაცია მოახდინოს სააგენტოში შეტყობინების ჩაბარებიდან არანაკლებ ერთი კვირის ვადაში.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ მოგირავნემ, მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გასხვისებისათვის კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტების გარდა, სააგენტოში დამატებით უნდა წარმოადგინოს:

ა) კანონით დადგენილი წესით, დამგირავებლისათვის და სხვა მოგირავნეებისათვის გირავნობის საგნის რეალიზაციის თაობაზე, წერილობითი გაფრთხილების ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი;

ბ) გირავნობის ხელშეკრულება.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების წარმოდგენა სავალდებულო არ არის, თუ მოგირავნემ წარმოადგინა ნოტარიუსი მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცელი.    

5. მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეალიზაცია შეიძლება განხორციელდეს დამგირავებლისა და სხვა მოგირავნეების წინასწარი წერილობითი გაფრთხილების გარეშეც, თუ არსებობს გირავნობის საგნის საბაზრო ან საბირჟო ფასის დაცემის რეალური საფრთხე.

6. მოგირავნის მიერ დაგირავებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეალიზაციის შედეგად შემძენზე გადადის დაუტვირთავი საკუთრება.

7. მოგირავნის მიერ სააგენტოში მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სარეალიზაციოდ წარმოდგენილი დოკუმენტების სისწორეზე პასუხისმგებლობა ეკისრება მოგირავნეს.

    მუხლი 11

რამდენჯერმე დაგირავებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეალიზაციისას, უფლების მქონე მოგირავნემ კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა სააგენტოში დამატებით უნდა წარმოადგინოს:

ა) იმ მოგირავნის წერილობითი თანხმობა, რომლის გირავნობაც წინ უსწრებს რეალიზაციის განმახორციელებელ მოგირავნის უფლებას;

ბ) კანონით დადგენილი წესით დამგირავებლისათვის და სხვა მოგირავნეებისათვის გირავნობის საგნის რეალიზაციის თაობაზე წერილობითი გაფრთხილების ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი;

გ) გირავნობის ხელშეკრულება.

შენიშვნა: იმ შემთხვევაში, თუ რეალიზაციის განმახორციელებელი მოგირავნის წინა მოგირავნე არ იყენებს თავის უფლებას ამონაგები თანხიდან დაიკმაყოფილოს გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნა, მექანიკური სატრანსპორტო საშუალების შემძენზე გადადის გირავნობის უფლებით დატვირთული ქონება, რომლის დადგენილი წესით რეგისტრაციაც ევალებათ გამსხვისებელსა და შემძენს ამ ბრძანებით განსაზღვრული წესით.

    მუხლი 12

დაუშვებელია მოგირავნის საკუთრებაში დაგირავებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების პირდაპირი გზით გადასვლა.   

    მუხლი 13

სააგენტოს უფლება აქვს არ დააკმაყოფილოს მოგირავნის განცხადება გირავნობის საგნის რეალიზაციის თაობაზე, თუ:

ა) მოგირავნის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ აკმაყოფილებს ამ ბრძანების მე-10 ან მე-11 მუხლების მოთხოვნებს;

ბ) რეგისტრირებული გირავნობის ხელშეკრულება არ ითვალისწინებს მოგირავნის მიერ გირავნობის საგნის რეალიზაციის უფლებას;

გ) მოგირავნეს განცხადების წარმოდგენის მომენტში არ წარმოეშვა რეალიზაციის უფლება;

დ) სარეალიზაციოდ განკუთვნილ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე არსებობს სამართლებრივი შეზღუდვა;

ე) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

    მუხლი 14

1. გირავნობის უფლების რეგისტრაცია შეწყდება:

ა) მოგირავნეზე გირავნობის გადასვლის გამო;

ბ) მოგირავნის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე;

გ) მოგირავნის მიერ გირავნობის რეალიზაციის შედეგად;

დ) გირავნობის გაუქმების რეგისტრაციის გამო;

ე) კანონმდებლობით გთვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.  

2. გირავნობის უფლების შეწყვეტა შესაძლებელია დამგირავებლის მოთხოვნის საფუძველზეც, ამ შემთხვევაში განცხადებას გირავნობის უფლების შეწყვეტის შესახებ თან უნდა ერთვოდეს მოგირავნის წერილობითი დასტური.

თავი III

ნასამართლობის შესახებ ცნობის გაცემის წესი

    მუხლი 15

ნასამართლობის შესახებ ცნობა წარმოადგენს სააგენტოს მიერ გაცემულ დოკუმენტს, რომელშიც აისახება ინფორმაცია ფიზიკური პირის ნასამართლობისა და ძებნის შესახებ.

    მუხლი 16

1. ნასამართლობის შესახებ ცნობის მისაღებად პირმა უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება ნასამართლობის შესახებ ცნობის მიღების თაობაზე;

ბ) პირის პირადობის მოწმობის ასლი.

2. ნასამართლობის შესახებ ცნობა გაიცემა განცხადების შემოტანიდან ხუთი დღის შემდეგ და მოქმედებს მომდევნო თხუთმეტი დღის განმავლობაში.

შენიშვნა: 1. ნასამართლობის შესახებ ცნობის მისაღებად დაჩქარებული მომსახურების მოთხოვნის შემთხვევაში, დაინტერესებულმა პირმა დამატებით უნდა წარმოადგინოს დაჩქარებული მომსახურებისათვის კანონით დადგენილი საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

2. პირზე ნასამართლობის ცნობა შეიძლება გაიცეს მის მიერ გაცემული მინდობილობის საფუძვლზე. ამ შემთხვევაში მისმა მარწმუნებელმა დამატებით უნდა წარმოადგინოს საკუთარი პირადობის მოწმობის ასლი და მინდობილობა, ან მისი ნოტარიულად დამოწმებული ასლი.

    მუხლი 17

ნასამართლობის შესახებ ცნობა შეიძლება არ გაიცეს, თუ ცნობის მისაღებად წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ აკმაყოფილებს ამ ბრძანების მე-16 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

თავი IV

მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემის წესი

    მუხლი 18

მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობა ასახავს მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე ცნობის გაცემის დღისათვის სააგენტოში არსებული სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას, კერძოდ:

ა) ინფორმაციას ყადაღის შესახებ;

ბ) ინფორმაციას გირავნობის შესახებ;

გ) საგადასახადო გირავნობის შესახებ;

დ) ინფორმაციას ძებნის შესახებ.

    მუხლი 19

მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის მისაღებად დაინტერესებული პირი შეიძლება იყოს ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი.

    მუხლი 20

1. მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის მისაღებად დაინტერესებულმა პირმა უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება;

ბ) დაინტერესებული პირის პირადობის მოწმობის ასლი ან/და რწმუნება;

გ) საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი;

დ) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მაიდენტიფიცირებელი მონაცემები:

დ.ა) მექნიკური სატრანსპორტო საშუალების მესკუთრის სახელი, გვარი ან სახელწოდება;

დ.ბ) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომერი ან ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობის ნომერი ან საიდენტიფიკაციო (VIN) ნომერი.

2. იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული პირის მიერ ამ მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტით წარმოდგენილი ინფორმაციის საშუალებით ვერ ხერხდება მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე არსებული სამართლებრივი მდგომარეობის ზუსტი დადგენა, სააგენტოს თანამშრომელს უფლება აქვს ინფორმაციის დაზუსტების მიზნით მოითხოვოს დამატებითი დოკუმენტაცია.

    მუხლი 21

მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობა არ გაიცემა, თუ:

ა) დაინტერესებული პირი ვერ აკმაყოფილებს ამ ბრძანების მე-20 მუხლის მოთხოვნებს;

ბ) არსებობს შეზღუდვა, რომელიც კრძალავს აღნიშნულ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე ინფორმაციის გაცემას.

თავი V

დასკვნითი დებულებები

    მუხლი 22

ინსტრუქციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

29. 26/03/2024 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 16 - ვებგვერდი, 27/03/2024 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 28. 12/09/2023 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 71 - ვებგვერდი, 13/09/2023 27. 06/06/2023 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 36 - ვებგვერდი, 07/06/2023 26. 15/07/2022 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 73 - ვებგვერდი, 18/07/2022 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 25. 04/12/2021 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 71 - ვებგვერდი, 06/12/2021 24. 06/08/2021 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 47 - ვებგვერდი, 06/08/2021 23. 11/12/2020 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 173 - ვებგვერდი, 14/12/2020 22. 10/12/2020 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 170 - ვებგვერდი, 14/12/2020 21. 30/09/2020 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 138 - ვებგვერდი, 30/09/2020 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 20. 21/09/2020 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 137 - ვებგვერდი, 22/09/2020 19. 18/09/2020 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 136 - ვებგვერდი, 21/09/2020 18. 20/08/2020 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 121 - ვებგვერდი, 24/08/2020 17. 30/08/2019 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 76 - ვებგვერდი, 30/08/2019 16. 25/04/2019 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 37 - ვებგვერდი, 30/04/2019 15. 18/02/2019 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 15 - ვებგვერდი, 19/02/2019 14. 21/02/2018 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 19 - ვებგვერდი, 22/02/2018 13. 29/12/2017 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 634 - ვებგვერდი, 29/12/2017 12. 31/10/2017 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 532 - ვებგვერდი, 31/10/2017 11. 25/09/2017 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 486 - ვებგვერდი, 25/09/2017 10. 03/05/2017 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 236 - ვებგვერდი, 03/05/2017 9. 01/03/2016 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 77 - ვებგვერდი, 04/03/2016 8. 20/09/2014 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 728 - ვებგვერდი, 23/09/2014 7. 28/11/2013 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 902 - ვებგვერდი, 03/12/2013 6. 29/03/2013 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 226 - ვებგვერდი, 29/03/2013 5. 06/10/2010 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 855 - სსმ, 128, 06/10/2010 4. 10/09/2009 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 1115 - სსმ, 111, 10/09/2009 3. 23/12/2008 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 1380 - სსმ, 185, 29/12/2008 2. 17/07/2008 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 795 - სსმ, 104, 23/07/2008 1. 11/01/2008 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 14 - სსმ, 6, 16/01/2008